ორი ბილეთი წალკოტამდე (თავი II) - გზაპრესი

ორი ბილეთი წალკოტამდე (თავი II)

- დიდი ხანია, ასეთ ბუნებრივ სილამაზეს არ გადავყრივარ. ოღონდ არ იფიქროთ, რომ გეპირფერებით. ეს ჩემი სტილი არ არის. რასაც ვამბობ, ყოველთვის გულწრფელად, დამიჯერეთ. ძალიან, ძალიან ლამაზი ხართ. ისე, როგორც მითხრეს, მამაკაცებს დიდად არ სწყალობსო. ვიფიქრე, ალბათ კარიერას არის გადაყოლილი და ამიტომ მთლიანად სამუშაოზეა გადართული-მეთქი, მაგრამ გიყურებთ და უკვე ეჭვი შემაქვს ჩემს ნაფიქრში. ასეთი მგრძნობიარე და ნაზი ტუჩების პატრონი კარიერისტი ვერ იქნება, - ენად გაიკრიფა მოსული.

- იმედია, აქ მხოლოდ ამის სათქმელად არ მოხვედით, ბატონო კოკი! - ჩემს ოფიციალურ ტონს არც ამჯერად ვუღალატე.

მამაკაცმა გაიღიმა, ჩემ პირდაპირ მდგარ სავარძელში ჩაჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო.

- ჩვენი ნაცნობობა ნელის დაბადების დღეზე ძალიან წარუმატებლად წარიმართა. რას იტყვით, თავიდან ხომ არ დაგვეწყო ერთმანეთის გაცნობა?

- მაპატიეთ... მგონი, ბოლომდე ვერ გავიგე, რას გულისხმობთ.

ისეთი გამჭოლი მზერა მესროლა, ისარივით გაიარა ჩემს თვალებში და პირდაპირ გულს ჩაერჭო, რის გამოც ღაწვები გამიხურდა. მან კი, თითქოს არაფერიაო, თან მოტანილი ტყავის საქაღალდე გახსნა და რაღაც დოკუმენტები ამოალაგა. ჩემი ყურადღება კი მხოლოდ საქაღალდემ მიიქცია, ასეთ უცხო ნივთს პირველად ვხედავდი. ნეტავ სად იშოვება ეგეთები? - გავიფიქრე შურით, რადგან მეც სიამოვნებით შევიძენდი.

- "ქოლორთაუერი" გაგიგიათ?

- რა თქმა უნდა, მე რა, სხვა პლანეტაზე ვცხოვრობ? - ვიწყინე, - რამე პრობლემა აქვს?

- ჰო. ჩემი ძმაკაცების კომპანიაა. კარგა ხანია, სამშენებლო ბაზარზე პირველობას არავის უთმობენ. ცოტა ხნის წინ ახალი ტერიტორია შეისყიდეს მინიქალაქის ასაშენებლად. ალბათ მინიქალაქიც იცით, რასაც ნიშნავს.

ისეთი მზერა ვესროლე, მიხვდა, რომ შეურაცხყოფას მაყენებდა და მომიბოდიშა.

- მაპატიეთ. იცით, რამდენ ადვოკატთან ვართ თქვენამდე ნამყოფი? "გაგნებაში" არ არიან.

მისი სიტყვების თამაშის სტილი მომეწონა. "გაგნებაში" ამ შემთხვევაში მიგნებული სიტყვა იყო უდავოდ.

- რამხელა ტერიტორიაა? - "გაგნებაში" არმყოფ ადვოკატებზე გავაწყვეტინე საუბარი, სულაც არ მსიამოვნებდა, ჩემს კოლეგებს ასე რომ მოიხსენიებდა.

- ცხრა ათასი კვადრატია. უკვე აშენებულია სამი კორპუსი, ექვსსადარბაზოიანი, ცამეტსართულიანები. ასაშენებელი დარჩა სასტუმრო, კლუბი და გოლფის მოედანი. აი, პროექტები ყველასი აქ არის, - საჩვენებელი თითი დოკუმენტებზე დააკაკუნა, - მაგრამ მოხდა სასწაული და ვიღაცები გამოჩნდნენ, რომლებსაც პრეტენზია აქვთ, რომ ეს ტერიტორია მათია და აშენების უფლებას არ გვაძლევენ.

- გვაძლევენ? ანუ თქვენც ხართ წილში?

- არა, მე არ ვარ წილში... უფრო სწორად, ოფიციალურად არ ვარ. უბრალოდ, თანხით ვეხმარები. მერე ვნახოთ.

- და ვინ არიან ეს ვიღაცები?

- ტიპები, უბრალოდ, ვიღაც ტიპები. არ ვიცი, ვინ მფარველობს, მაგრამ უკვე მაღალი ეშელონებიდანაც დაიწყეს დარეკვები, შეპარვით ჭკუის დარიგებები, აჯობებს, დათმოთ და ასე შემდეგ. არადა, ოფიციალურად ტერიტორია არავის სახელზე არ არის გაფორმებული. რეალური მფლობელი არ ჰყოლია. სხვანაირად ესენი როგორ გაიფორმებდნენ? მერიას რა, ორი თავი ჰქონდა, რომ უკანონოდ ვინმესთვის რამე მიეყიდა?

- აბა, რატომ გედავებიან?

- იმიტომ, რომ ნახეს, პერსპექტიული უბანი გამოდის, ბევრი ჟანგბადი, მოდური გარემო... ტბა ახლოს... ასეთი კორპუსები აქამდე არავის აუშენებია თბილისში.

- ანუ, კორპუსებიანად ითხოვენ ტერიტორიას?

- არა, იმას არა, რომელიც უკვე აშენებულია. სადაც სასტუმრო და მოედანი უნდა აშენდეს, იმაზე გამოთქვამენ პრეტენზიას.

- გასაგებია. საქმე სასამართლოშია უკვე?

- ჯერ არა, მაგრამ აპირებენ საჩივრის შეტანას. ვფიქრობთ, ხომ არ დავასწროთ და ჩვენ ხომ არ ვუჩივლოთ?

- ასე ზეპირად და ხელაღებით ვერაფერს გეტყვით, ბატონო კოკი. საბუთებს უნდა გავეცნო. დამიტოვეთ ეს ყველაფერი და, საერთოდ, აჯობებს, თვითონ თქვენი მეგობრები მოვიდნენ და დამელაპარაკონ.

- საქმე ისაა, რომ არც ერთია ახლა საქართველოში და არც მეორე. მთხოვეს, მათ მაგივრად მე მიმეხედა ამისთვის.

ეჭვით სავსე მზერა მივაპყარი. არ ვენდე. ისეთი პირი უჩანდა საქმეს, თვითონაც უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი მეწილე, თორემ რა რჯიდა, მარტოს ერბინა ასეთ საჩოთირო საქმეზე?

- შეიძლება გადავხედო? - ხელი საბუთებისკენ გავიწვდინე.

- რა თქმა უნდა, თქვენთვის წამოვიღე.

თაბახს თაბახზე ვფურცლავდი, მაგრამ ერთი წინადადებაც ვერ წავიკითხე წესიერად, თითქოს დნებოდნენ ასოები ჩემ თვალწინ. საფეთქლებს სისხლი ხმაურით აწყდებოდა. არა, ასეთი მდგომარეობა აუტანელია. რა მეტაკა? ამ დროს კოკიც წამოდგა, მაგიდას შემოუარა და ჩემთან ერთად ჩააჩერდა დოკუმენტებს. მისი სხეულის სითბო ვიგრძენი.

რამდენიმე წუთი დამჭირდა, რომ ჩემი პროფესიული მოვალეობა გამხსენებოდა და გულდასმით შევუდექი თაბახების კითხვას. ერთი შეხედვით ყველაფერი წესრიგში იყო. ფანტასტიკური პროექტი მოუფიქრებიათ, თანაც ურთულესი შესასრულებელი. ფირმის მთავარი მფლობელი ორმოცდაცხრა წლის კაცი იყო, ვინმე გედი გედევანიშვილი, რომლის სახელი და გვარი არაფერს მეუბნებოდა, არასდროს გამიგია. მეორე მეწილე ხუტა წილოსანი აღმოჩნდა, რომლის შესახებ ბევრი რამ მსმენოდა. ის ცნობილი არქიტექტორი იყო და "ფეისბუკზე" საკუთარი გვერდიც კი ჰქონდა გახსნილი.

თავი ავწიე და ლაცაბიძეს ავხედე.

- ბატონო კოკა...

- კოკი, - ხმადაბლა შემისწორა.

თავი დავუქნიე და ისევ შევხურდი. ვერასდროს ვიტანდი, ასე გაწითლება რომ მჩვევია და ამ თვისებას დღემდე ვერაფერი მოვუხერხე.

- კოკი... - ძლივძლივობით ამოვღერღე, - ბრწყინვალე პროექტია, როგორც ვატყობ. შესყიდვის საბუთიც რეალურია, ვერავინ მოგედავებათ, მაგრამ...

- მაგრამ?

- ვფიქრობ, საქმისთვის საჭირო ადამიანი ვერ შეარჩიეთ. უნდა ვაღიარო, რომ ჩემი კოლეგები უკეთ გაართმევენ ამ ყველაფერს თავს. - შევეცადე, თავიდან ამერიდებინა მასთან მომავალი ურთიერთობა.

- და თქვენ რა, არ გსურთ მოსინჯოთ თქვენი ძალები?

- რატომაც არა, მაგრამ...

- მაშინ გადაწყვეტილია, - ისევ არ მაცალა წინადადების დამთავრება, - ნება მომეცით, ერთი რამ გითხრათ, ბაბი. მე იდიოტი არ ვარ და თქვენ არ შემოგთავაზებდით ამ საქმეს, წამით მაინც რომ შემპაროდა ეჭვი თქვენს პროფესიონალიზმში.

- მეპირფერებით, კოკი?

- არავითარ შემთხვევაში. რატომ გგონიათ ქალებს, რომ თუ კაცმა შეგაქოთ, აუცილებლად თქვენი გულის მოგებას ცდილობს და გეპირფერებათ? რაში მჭირდება? თქვენ ხომ უფასოდ არ მემსახურებით? მე საქმეს გაძლევთ, გიხდით საჭირო თანხას. თქვენ კი მუშაობთ ჩემზე. ასე არ არის? მე მოვიძიე თქვენზე ინფორმაციები სხვადასხვა წყაროდან, ამ წყაროებს კი ვენდობი. უნდა დამეხმაროთ ამ საქმის მოგებაში.

- მაგრამ საქმე ჯერ აღძრულიც არ არის და არც ის ვიცით, აღიძვრება თუ არა.

- მაშინ იმაში დამეხმარეთ, რომ არ აღიძრას. რა ვიცი, გაეცანით, ნახეთ და მერე მითხარით, როგორ აჯობებს, - ისეთი ტონით მომიგო, თითქოს ვერაფერში გავერკვიე და ამან გააღიზიანა.

მისი თვალების შემხედვარეს ჟრუანტელმა დამიარა და ხმა რომ ვერ ამოვიღე, თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დავუქნიე. როგორ ადვილად დამიყოლია, შეწინააღმდეგებაც არ მაცალა.

- მაშინ ყველაფერი გადაწყვეტილია. - მტკიცედ განაცხადა.

პანიკა დამეუფლა. ისე შემეშინდა, ხველა ამიტყდა.

- იცით, რა? - ამოვღერღე, - პრობლემა ისაა, რომ გადაწყვეტილება მთლად ჩემზე არ არის დამოკიდებული.

- მართალია... თქვენზე არა, ჩემზეა დამოკიდებული, - თქვა და წამოდგა, - გაეცანით ყველაფერს, თუ საჭიროა, გააცანით თქვენს კოლეგებსაც და დამირეკეთ. აი, ჩემი სავიზიტო ბარათი.

- თუ ამ საქმეს ხელს მოვკიდებ, მოგიწევთ, ფირმის მფლობელებს შემახვედროთ.

- თუ საჭირო გახდება, აუცილებლად. ორივეს ყურებით დავიჭერ და ისე ჩამოვიყვან შტატებიდან, - გაიღიმა, - თუ რამეა, როგორ გგონიათ, გაართმევთ თავს? ხომ იცით, სურვილი და შესაძლებლობები ერთ მინდორზე არ ძოვენ ბალახს, - ისევ გამიღიმა.

შინაგანად ერთიანად ავკანკალდი, მაგრამ მაინც უემოციო სახით და ამაყი ტონით მივუგე:

- მე ბევრი რამ შემიძლია. ვნახოთ, წინასწარ არ მიყვარს ასეთ რამეებზე ლაპარაკი.

- გასაგებია. ჩემი მდივანი იქონიებს თქვენთან კავშირს, თუ საქართველოში არ ვიქენი. რა თქმა უნდა, მირჩევნია, მე თვითონ მივადევნო ყველაფერს თვალი, სანამ ჩემები ჩამოვლენ, მაგრამ ისეც ხდება, რომ ზოგჯერ მეც გავდივარ თბილისიდან. ვფიქრობ, დღეიდან ხშირად მოგვიწევს შეხვედრები.

თითქოს ჩვეულებრივი წინადადება წარმოთქვა, მაგრამ რაღაცამ მაინც მაიძულა, სიფრთხილე გამომეჩინა. მაშინვე შევახსენე ჩემს თავს, რომ კოკი ლაცაბიძე საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა, ბიზნესმენი, ქალების მოტრფიალე და ასე შემდეგ. ხოლო მისი გარეგნობის, ქარიზმისა და ფულის პატრონთან დაახლოებას ჩემს თავს არ ვურჩევდი, ვნახე იმ საღამოს, რა დღეში იყვნენ მის გარშემო ქალები.

- და ალბათ ბევრ რამეზე მოგვიწევს საუბარი, - გავაგრძელე მისი აზრი, - ჩვენ არც იმაზე გვილაპარაკია, რა ღირს ჩემი დაქირავება.

ლურჯმა თვალებმა ცივად გაიელვა.

- ბარემ ახლავე მითხარით, რამდენი ღირხართ, ბაბი? - ორაზროვნად მკითხა.

ნებისმიერ სხვას ამ შეკითხვას ხუმრობაში გავუტარებდი, მაგრამ კოკი ნებისმიერი სხვა არ იყო, ამიტომ სერიოზულად მივუგე:

- ასეთი სამუშაოსთვის მაღალ ჰონორარს ვითხოვთ, როგორც წესი, თუმცა ვნახოთ, იქნებ იქამდე არც მივიდეს საქმე.

- ცდილობთ მითხრათ, რომ ძვირი ღირხართ?

ცხოვრებაში პირველად ვხედავდი მამაკაცს, რომელსაც ასეთი სერიოზული საუბრის სექსუალურ ჭრილში გადატანა შეეძლო. ან იქნებ ეს მხოლოდ ჩემი წარმოსახვაა და სულაც არ იყო შეკითხვა "უკუღმართად" დასმული? როგორ ვერ ვიტან უხერხულ სიტუაციებს!

- ჩვენი შრომა ღირს ამად.

- ვიმედოვნებ, - გაწელა სიტყვა, - გამიხარდება, თუ მორიგი შეხვედრისას კარგ ამბავს შემატყობინებთ. შევთანხმდით, არა?

თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. კოკი კაბინეტიდან ისე გავიდა, არ დამმშვიდობებია.

ერთი კვირა სხვა საქმის დამთავრებას მოვუნდი, რომლის სასამართლო პროცესი ექვსი თვის განმავლობაში გაიწელა. ბინის დავაზე იყო საჩივარი. მდგმურებმა ერთ მოხუც ქალს ბინა თავიანთ სახელზე გააფორმებინეს და შვილებმა მდგმურებს უჩივლეს. საქმე მოვიგეთ. გამიხარდა. ეს ჩემი მეცამეტე საქმე იყო და მეცხრე - მოგებული. მხოლოდ ამის შემდეგ ჩავუჯექი კოკის მოცემულ მასალებს. ჩახლართული ამბავი გახლდათ. ტერიტორიას ადრე ჰყოლია მფლობელი, რომელმაც მერე სახელმწიფოს ერთ ლარად მიჰყიდა. გასაგები იყო, რაც მოხდა. შეიცვალა მთავრობა და შეიცვალა კანონები. ჩემი ყველა კოლეგა მაფრთხილებდა, ამ საქმისთვის ხელი არ მომეკიდა. დათო განსაკუთრებით აქტიურობდა.

- გადაიკიდებ ვიღაც-ვიღაცებს, რაც ძალიან არ გვაძლევს ხელს, რად გინდა? გადაამისამართე სხვაგან, უთხარი, ამისთვის დრო არ მაქვს, ბევრი სარბენია-თქო.

ყველა სკეპტიკურად იყო განწყობილი. ჩემს თანაპარტნიორთან, მამუკასთან გადავწყვიტე მოლაპარაკება. მთავარი იყო, ის რას მირჩევდა. ბატონი მამუკა ჩემი დაქალის, ვანდის მამაა. მე და ვანდიმ ერთად დავამთავრეთ ჯერ სკოლა, მერე - უნივერსიტეტი. სწორედ მან მირჩია, თანაპარტნიორად მამამისი ამეყვანა, როგორც უმაღლესი დონის სპეციალისტი და მართლაც ასე იყო. არასდროს მინანია, რომ მასთან ერთად ვუძღვებოდი საადვოკატო ფირმას. ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდში სწორედ ეს ორი ადამიანი იდგა ჩემ გვერდით. ამიტომაც ჩემთვის მამუკას სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. როცა საქმის ვითარება ავუხსენი, მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ მირჩია:

- ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, თუ საქმე სასამართლომდე არ მივა. თუ ფულის პრობლემა არ არის, იქნებ მორიგდნენ.

- მაშინ გამოვა, რომ ორმაგი დაუჯდათ ტერიტორიის შეძენა, ეს კი მათ ბიზნესს დააზარალებს.

- თუ გონებით მიუდგები, გამოსავალი ყოველთვის გამოჩნდება. შენ სცადე. იქნებ ცოტაზეც კი არიან თანახმა? ახლა ისინი არაფერს წარმოადგენენ, ჯიბეგაფხეკილები არიან. უბრალოდ, ფაფხურობენ, იმიტომ, რომ ვიღაც ზემოდან მფარველობს.

- მაგრამ ასეთი საქმეები ხომ იცით, ამ ეტაპზე, ძირითადად, ყოფილი მფლობელის სასარგებლოდ წყდება.

- ძირითადად, მაგრამ არა ყოველთვის. იქნება მანდ სხვა ნიუანსებიც, გამოიკვლიე. შენ შეგიძლია, უკან არ დაიხიო.

- არ ვიცი, როგორ მოვიქცე. ისიც კი არ ვიცი, რამდენად სანდო კლიენტია. ფაქტობრივად, შუამავლის როლს თამაშობს, რეალური მფლობელები კი, როგორც ამბობს, უცხოეთში არიან.

მამუკამ ჩაიცინა.

- შენ მართლა არ იცი მასზე არაფერი. იცი მხოლოდ ის, რომ ფულიანია. ხომ ასეა? მე კიდევ მამამისს ვიცნობდი, აცხონოს ღმერთმა, კარგი კაცი იყო. ესეც კარგი ბიჭია, წესიერი და საქმეში სუფთა. თუ თვითონ არ ეხება და მართლა ძმაკაცებს ეხმარება, არც ეგაა პრობლემა. მას ცუდი სამეგობრო წრე არასდროს ჰყოლია და არც ახლა ეყოლება. ერთადერთი ნაკლი ის აქვს, რომ ქალების მოყვარულია, თანაც საშინლად, - მამუკამ გამჭოლი მზერა მესროლა, - მთლად ტრადიციების მიმდევარი არ არის, თავისუფალი აზროვნების კაცია. ასე რომ, მთავარია, თავბრუ არ დაგახვიოს.

სიცილი ამიტყდა.

- ბატონო მამუკა, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ასეთი ცნობილი ლოველასის მისამართით მსუბუქი გამოთქმები მოიშველიოთ. ესე იგი, ქალი უყვარს, ხომ?

- ქალი კი არა, ქალები. მას ძალიან ბევრი ქალი ჰყოლია, ბაბი.

- მიკვირს, თქვენ რატომ არ მოგმართათ დახმარებისთვის? თუკი დიდი ხანია, იცნობთ და თან მამამისთან მეგობრობდით...

- იმიტომ, რომ თავის დროზე მთხოვა და უარით გავისტუმრე. იწყინა და მას მერე აღარ გამკარებია.

- ანუ დიდი ხანია, ეს დავა გრძელდება?

- არა, მაშინ სხვა საქმე იყო. მამამისის გარდაცვალების შემდეგ მოხდა რაღაც, ეს სულ სხვა თემაა, შენთვის უინტერესო. ამიტომ კიდევ ერთხელ გაგიმეორებ, რომ არ დაუახლოვდე.

- ვაიმე, რას მეუბნებით, ბატონო მამაუკა? თქვენ გგონიათ, ჩემნაირ ვირთხას იგი ქალად აღიქვამს და ტანსაცმელს შემოიხევს? ალბათ მოდელებს და მსახიობებს დასდევს ან კიდევ... რა ვიცი...

- და ვინ გითხრა, რომ ვირთხას ჰგავხარ? როგორც ჩანს, სარკეში რომ იყურები, იმას ვერ ხედავ, რასაც სხვები ხედავენ. ამაში კი შენი ყოფილი ვაჟბატონია დამნაშავე. რაც უნდა იყოს, მაინც გამოიჩინე სიფრთხილე. იმავეს ვურჩევდი ვანდის, შენს ადგილზე რომ აღმოჩენილიყო.

- ვიცი და მადლობა ამისთვის, - ხელზე შევეხე, - და საერთოდ, ყველაფრისთვის მადლობა, თუმცა, ვფიქრობ, არანაირი საშიშროება არ მემუქრება. ბოლოს და ბოლოს, ადვოკატი ვარ და სხვისას თუ არა, ჩემი თავის დაცვას მაინც შევძლებ.

თავაუღებლად დავიწყე მუშაობა. ჯერაც არ ვიყავი გარკვეული, საიდან უნდა დამეწყო მასალების მოძიება, ამიტომ რაც მქონდა, იმას ჩავუჯექი, რომ საფუძვლიანად შემესწავლა. კი ვინანე, გარკვეული თანხა წინასწარ რომ არ გამოვართვი, მაგრამ ალბათ შემრცხვა, ან სიამაყემ არ მომცა ამის უფლება. თან მაშინ ისიც არ ვიცოდი, დასჭირდებოდა თუ არა ჩემი დაქირავება.

თუმცა მთავარი სხვა რამ იყო. გამუდმებით მასზე ვფიქრობდი. ისე მომწონდა, მისი თვალები გონებიდან არ მშორდებოდა. არადა, მამუკას გაფრთხილებაც არ მავიწყდებოდა. მიუხედავად ამისა, ვერ მოვითმინე და ვანდის გავანდე ჩემი გულისნადები.

- ბაბი, ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ ჩვენი პროფესიის მთავარი წესი არ დაივიწყო, - კლიენტთან სასიყვარულო ურთიერთობა გამორიცხულია.

- ის არ არის ჩემი კლიენტი.

- ოფიციალურად არ არის, მაგრამ არაოფიციალურად ხომ არის?

- ჯერ ხელშეკრულებაც არ დაგვიდვია.

- ესე იგი, რამე რომ იყოს, უარს იტყვი საქმის აღებაზე?

- არა, რა უარს ვიტყვი. განა რამე ხდება ჩვენ შორის, სრულიად არაფერი. უბრალოდ, მომწონს და ამ მოწონებას ვერაფერს ვუხერხებ, თუმცა კი, ძალიან ცივად მიჭირავს თავი.

- მოწონებიდან სიყვარულამდე ნეტავ რამდენი ნაბიჯია? - გადაიკისკისა ვანდიმ.

- გააჩნია, როგორ მადაზე ხარ... - მეც ავყევი, - არა, რა სისულელეა, რაც მე დღეები გამოვიარე გოლას ხელში, ისევ ყულფში თავის გაყოფაზე ვიფიქრებ? უბრალოდ, ისე, ჩემს გულში ერთ პატარა ჭიას ვახარებ.

- გოლა არ მიხსენო! მაჟრიალებს, მისი სახელი რომ მესმის, რა გაგიკეთა მაგ დამპალმა!

- ჰო, - თვალებზე ცრემლი მომადგა ჩემი ყოფილის გახსენებაზე.

- ისე, იმდენი ჭორ-მართალი გამიგია მაგ კოკიზე, ვერ წარმოიდგენ, - მაშინვე ძველ თემას მიუბრუნდა ვანდი, როგორც კი ჩემი აწყლიანებული თვალები შეამჩნია, - მაგრამ შენ სხვებს რას დაეძებ? თუ მოგწონს, მიაწექი, არ დანებდე, ვითომ ეგეც სასამართლო პროცესია და მისი გული უნდა მოიგო.

ორივეს ისტერიკული სიცილი აგვიტყდა.

- ნეტავ ეგრე ადვილი იყოს. მაგ პროცესს კი მოვიგებდი ნამდვილად. შევაკვდებოდი და შანსს ხელიდან არ გავუშვებდი.

- მე არ ვიცნობ. მამამისი კი არის ჩვენთან რამდენჯერმე ნამყოფი, მაგრამ ეგ არა. ჩვენზე კარგა გვარიანად არის უფროსი, ექვსი თუ შვიდი წლით მგონი.

- ჰო, ეგრე იქნება, მაგრამ ისეთი სიმპათიურია, ისეთი, ისეთი, ვერ გადარჩები!

- ვიცი, ფოტოები მინახავს ჟურნალებში, მაგარი თვალები აქვს.

- მხოლოდ თვალები? - ეშმაკურად ავწკიპე წარბები და კვლავ სიცილი წაგვსკდა.

- ახლა მე და შენ ისეთ ტალღაზე ვართ, თითი რომ დავანახვოთ ერთმანეთს, იმაზეც გაგვეცინება, - ვანდი გვერდით მომიჯდა და თავი მხარზე დამადო, - რა კარგია, რომ ერთად ვართ და არავინ გვიშლის ურთიერთობას. გახსოვს? ერთი პერიოდი ჩემთან არ გიშვებდა...

- მახსოვს, - ჩურჩულით ამოვიკვნესე და ფიქრებით წარსულში გადავიბარგე, იქ, სადაც ცხრა წლის წინ გოლა დავტოვე...

იგი სრულიად შემთხვევით გავიცანი. მაშინ ისეთ ხასიათზე ვიყავი, კაცისკენ გახედვაც არ მინდოდა. პაატას მერე ჩავთვალე, რომ სიყვარული მხოლოდ ნებისყოფის გამოცდა იყო და სხვა არაფერი, სისუსტე, რომელიც საღად აზროვნების უნარს გაკარგვინებს. ამიტომაც მიხაროდა, რომ ამ სისუსტისგან გავთავისუფლდი...

გაგრძელება შემდეგ ნომერში