ჯეინ ეარი (თავი XXXVI) - გზაპრესი

ჯეინ ეარი (თავი XXXVI)

- სად არის? ახლა სად ცხოვრობს?

- ფერნდენში, აქედან დაახლოებით 30 მილის დაშორებით. იქ სათავადო სახლი უდგას, მაგრამ ადგილი უკაცრიელია.

- ვინ არის მასთან?

- მოხუცი ჯონი და მისი ცოლი. მეტი არავინ ისურვა. ძალიან გაუბედურებულია.

- გაქვთ თქვენ რამე ეტლის მაგვარი?

- გვაქვს მხოლოდ საფოსტო ეტლი, ქალბატონო, ძალიან კოხტა.

- უთხარით ახლავე მოამზადონ და, თუ თქვენი მეეტლე მიმიყვანს ფერნდენში დღეს, დაღამებამდე, თქვენც და ისიც ორმაგ გასამრჯელოს მიიღებთ.

თავი ოცდამეჩვიდმეტე

სათავადო სახლი ფერნდენში შუაგულ ტყეში იდგა. ეს იყო საშუალო ზომის საკმაოდ ძველი შენობა და არქიტექტურული თვალსაზრისით დიდს არაფერს წარმოადგენდა. ამ სახლზე წინათაც მსმენოდა. მისტერ როჩესტერი ხშირად ახსენებდა მას და ზოგჯერ მიდიოდა კიდეც იქ. ეს ადგილი მისტერ როჩესტერის მამას უყიდია სანადიროდ და გარეული ფრინველის მოსაშენებლად. შენობას, ალბათ, გააქირავებდა კიდეც, მაგრამ მოიჯარე ვერ იშოვა. სახლი მეტად მოუხერხებელ და ჯანმრთელობისთვის უვარგის ადგილას იდგა. ამიტომაც ფერნდენის სახლში არავინ ცხოვრობდა და ოთახებიც მოუწყობელი იყო. ალაგებდნენ მხოლოდ ორ თუ სამ ოთახს, სადაც პატრონი ნადირობის დროს ათევდა ღამეს.

უკვე ბნელდებოდა, შენობას რომ მივაღწიე. ცა მოღუშულიყო; ცივი ქარი ქროდა და წვრილი წვიმა ძვალ-რბილში ატანდა. დარჩენილი ერთი მილი ფეხით გავიარე; ეტლი გავუშვი, მეეტლეს შეპირებული ორმაგი გასამრჯელო მივეცი. ამ მცირე მანძილიდანაც კი შეუძლებელი იყო შენობის დანახვა, იმდენად ხშირი და უღრანი ტყე ეკრა გარშემო. გრანიტის ბოძებზე დამაგრებულმა ჭიშკარმა მიმახვედრა, სად უნდა შევსულიყავი. ჭიშკარი გავიარე და ხშირი ხეებისგან ჩაბნელებულ ადგილას აღმოვჩნდი. ტყეში, დაბლა, ბალახით დაფარული და ერთმანეთზე მიჯრილი ხეებისა და ტოტების ჩრდილით დაფარული ბილიკი მიიკლაკნებოდა. მეც მას გავყევი. იმედი მქონდა საცხოვრებელ ადგილს მალე მივაღწევდი. მაგრამ გზა არ ილეოდა. მიხვეულ-მოხვეულ ბილიკს ბოლო არ უჩანდა. არც მოსახლე ჩანდა ახლომახლო და არც არავითარი ბაღი.

ვიფიქრე, არასწორად მივდივარ და გზა დავკარგე-მეთქი. ტყეში ჩამომდგარ სიბნელეს საღამოს ბინდიც დაემატა. მიმოვიხედე, ეგებ მეორე გზა ვიპოვო-მეთქი, მაგრამ ამაოდ. მეორე ბილიკი ვერ ვნახე; მოჩანდა მხოლოდ ერთმანეთში გადახლართული ტოტები, ზაფხულის ხშირი ფოთლებით ჩაბურული აშოლტილი ხეები; არსად ტაფობი.

მაინც წინ მივდიოდი. როგორც იქნა, გზა გავიკვლიე. ხეები შეთხელდა. მალე ღობესაც მოვკარი თვალი; შემდეგ სახლსაც, რომელიც სიბნელეში ძლივს გავარჩიე ხეებისგან; მისი ძველთაძველი კედლები ხავსს დაეფარა და მწვანე სამოსით შეებურა. ურდული გამოვწიე, კარში შევედი და შემოღობილ ბაღჩაში შევჩერდი. ტყე წრესავით გარს ევლებოდა ბაღს; არსად ყვავილი ან ყვავილნარი; მხოლოდ განიერი, ხრეშით მოფენილი ბილიკი კვეთდა მოლს. ყოველივე ტყის მძიმე ჩარჩოში იყო ჩასმული. სახლს წინ ორი წაწვეტებული შუბლანა ჰქონდა, ფანჯრები - ვიწრო და გისოსიანი. შესასვლელი კარიც ვიწრო იყო, კიბე ერთსაფეხურიანი. შენობა მართლაც ძალიან "მიყრუებულ ადგილას იდგა", როგორც ეს "როჩესტერთა გერბის" პატრონმა თქვა. იქ გამოკეტილი ეკლესიის მდუმარება გამეფებულიყო. მხოლოდ წვიმა ხმაურობდა ტყეში, ფოთლებზე.

- ნუთუ აქ ცხოვრობენ? - ვეკითხებოდი ჩემს თავს.

დიახ, აქაც შემოეღწია სიცოცხლეს. ხმაური შემომესმა. ვიწრო შესასვლელი კარი გაიღო. ვიღაც გამოვიდა და კიბეზე შეჩერდა. მამაკაცი იყო, უქუდოდ. მან ხელი წინ გაიშვირა, თითქოს უნდოდა გაეგო, თუ წვიმდა. ბინდბუნდში მაინც ვიცანი ის - ჩემი პატრონი, ედვარდ ფეიერფექს როჩესტერი.

ნაბიჯი შევანელე; სუნთქვა შემეკრა; შევჩერდი; მინდოდა მეცქირა, დავკვირვებოდი და, ღმერთო ჩემო! ის ხომ ვერც დამინახავდა?! მოულოდნელად მოხდა ჩვენი შეხვედრა, ნეტარებას ტკივილიც ერთვოდა. კივილისგან თავი ძლივს შევიკავე.

გარეგნულად კვლავ ღონიერი და ჯანმრთელი ჩანდა; სიარულიც გამართული ჰქონდა, თმა ყორანივით შავი. სახის ნაკვთები არც შესცვლოდა, არც ჩასცვენოდა. რა გინდ დიდი უნდა ყოფილიყო მისი მწუხარება ერთი წლის განმავლობაში, მას არ შეეძლო დაეუძლურებინა ეს ჩინებული სპორტსმენი და მოესპო მისი ჯანმრთელობა. გამომეტყველება კი შესცვლოდა. სასოწარკვეთილება და ზრუნვა აღბეჭდოდა სახეზე. გალიაში გამომწყვდეულ გააფთრებულ მხეცსა და გარეულ ფრინველს ჰგავდა, დარდისგან გულჩათხრობილს, ახლოს რომ ვერ გაეკარები. დატყვევებულ არწივს მივამსგავსე, რომლის ელვარე თვალები ბოროტ ძალას შთაენთქა და სამსონივით დაებრმავებინა.

მკითხველო, იქნებ ფიქრობთ, რომ ამ ბრმა, გაავებული ადამიანის მეშინოდა. თუ ასეა, ვერ გიცნივართ. დარდი იმედმა გამიქარწყლა, თბილმა იმედმა, რომ მალე გავბედავდი და ვემთხვეოდი მის შემართულ შუბლს, ჯიუტად მოკუმულ ტუჩებს. თუმცა, ჯერ არა. გადავწყვიტე, ერთხანს არ დავლაპარაკებოდი.

კიბე ჩამოიარა; ნელ-ნელა და ხელის ფათურით გაემართა მდელოსკენ. სადღა იყო მისი მტკიცე ნაბიჯები? მალე შეჩერდა, თითქოს არ იცოდა, რომელი გზით წასულიყო. ხელით ქუთუთოები აიწია, უხილავი მზერა დაძაბა, ცას მიაპყრო, მერე სახე მიაბრუნა ხეების მწკრივისკენ, რომელიც თანდათან მაღლდებოდა. მისთვის ყველაფერი უკუნეთ სიბნელეს მოეცვა. მარჯვენა ხელი გაიწოდა (დასახიჩრებული მარცხენა ხელი მკერდში ჰქონდა ჩამალული), თითქოს სურდა მხოლოდ ხელის შეხებით გაეგო, რა იყო მის გარშემო. მაგრამ ხელს მხოლოდ სიცარიელე შერჩა; მისგან ხეები რამდენიმე იარდით იყო დაშორებული. მეტი აღარ უცდია, ხელები მკერდზე დაიწყო და უდრტვინველად იდგა წვიმაში. წვიმა უსველებდა შიშველ თავს. ამ დროს საიდანღაც ჯონი გამოჩნდა და მიუახლოვდა.

- ხომ არ დამეყრდნობით ხელზე, ბატონო, - უთხრა მან, - თავსხმაა. უმჯობესი არ იქნება, შინ შევიდეთ?

- მარტო დამტოვე, - გაისმა პასუხად.

ჯონი წავიდა. მე ვერ შემნიშნა. მისტერ როჩესტერი შეეცადა მარტო გაევლო, მაგრამ ამაოდ; ფეხები არ ემორჩილებოდა. ხელის ფათურით კვლავ უკან, შენობისკენ გაბრუნდა. შევიდა და კარი მოხურა.

ახლა უკვე ახლოს მივედი სახლთან და დავაკაკუნე; ჯონის მეუღლემ გამომხედა.

- მერი, - წარმოვთქვი, - გამარჯობა, როგორ ხართ?

ისე შეკრთა, თითქოს მის წინ აჩრდილი იდგა. დავამშვიდე. "ეს მართლა თქვენ ხართ, მის, ასე გვიან და თანაც ამ მიყრუებულ ადგილას?~ - მეუბნებოდა სულმოუთქმელად. პასუხად ხელი ჩამოვართვი და სამზარეულოში შევედით. ჯონი აგუზგუზებული ბუხრის წინ იჯდა. რამდენიმე სიტყვით განვუმარტე, რომ ყველაფერი გავიგე, რაც მოხდა თორნფილდში ჩემი წასვლის შემდეგ. ახლა მისტერ როჩესტერის სანახავად მოვედი-მეთქი, დავძინე. ვთხოვე ჯონს, წასულიყო გზის პირას მდგარ სადარაჯო სახლში, საიდანაც ეტლი გავუშვი, და იქ დატოვებული ბარგი მოეტანა. ქუდი მოვიხადე, შარფი შევიხსენი და მერის ვკითხე, შეიძლება ღამე აქ გავათიო-მეთქი. როცა გავიგე, დარჩენა ძნელი იყო, მაგრამ შესაძლებელი, დავრჩები-მეთქი, - ვუთხარი.

სწორედ ამ დროს სასტუმროდან ზარის ხმა გაისმა.

- როდესაც შეხვალთ, თქვენს ბატონს უთხარით, ვიღაცას თქვენთან ლაპარაკი უნდა-თქო, მაგრამ არ უთხრათ, რომ მე ვარ.

- ვფიქრობ, არ მიგიღებთ, - მიპასუხა მან, - რადგანაც არავის იღებს.

როცა მერი დაბრუნდა, ვკითხე, რა თქვა-მეთქი.

- უნდა შეატყობინოთ თქვენი გვარი და საქმე, რისთვისაც მოსულხართ.

შემდეგ ჭიქა წყლით აავსო და სანთლებთან ერთად სინზე დადო.

- ამისთვის გეძახდათ?

- დიახ. ყოველთვის, როგორც კი დაბნელდება, სანთლებს მანთებინებს, თუმცა ბრმაა.

- მომეცით სინი, მე შევიტან.

სინი გამოვართვი. მერიმ სასტუმროს კართან მიმიყვანა. სინი თრთოდა, ჭიქიდან წყალი მეღვრებოდა, გულს ბაგაბუგი გაჰქონდა. მან კარი გამიღო და როცა ოთახში შევედი, კარი მომიხურა.

სასტუმრო ოთახში ბნელოდა. ბუხარში ცეცხლი უღიმღამოდ ენთო. ამ ოთახის ბრმა პატრონი ძველებურ მაღალ ბუხარს თავით მიყრდნობოდა. მისი ბებერი ძაღლი, პაილოტი, მისგან მოშორებით მოკუნტული იწვა, თითქოს ეშინოდა, შემთხვევით არ დაედგათ ფეხი. პაილოტმა ჩემი შესვლისას ყურები ცქვიტა, შემდეგ ყეფითა და წკმუტუნით წამოხტა და ჩემკენ გამოექანა. კინაღამ სინი გამაგდებინა ხელიდან. როგორც იქნა, ის მაგიდაზე დავდე. ძაღლს მივეფერე და წყნარად ვუთხარი: "დაწექი". მისტერ როჩესტერი მისდა უნებურად მობრუნდა, რომ დაენახა, რაში იყო საქმე; მაგრამ, რადგანაც ვერაფერი დაინახა, მიბრუნდა და ამოიოხრა.

- მომაწოდე წყალი, მერი, - თქვა მან.

მივუახლოვდი ნახევრად სავსე ჭიქით. პაილოტი გამომყვა, ჯერ კიდევ შფოთავდა.

- რაშია საქმე? - იკითხა მან.

- დაწექი, პაილოტ! - კვლავ გავიმეორე.

ტუჩებთან მიტანილი ჭიქა ხელში გაუშეშდა და სმენად იქცა. შემდეგ დალია და ჭიქა დადგა.

- ეს შენ ხარ, არა, მერი?

- მერი სამზარეულოშია, - ვუპასუხე.

სწრაფად გამოიწოდა ხელი, მაგრამ ვერ მხედავდა, სად ვიდექი და ამიტომ ვერ მომწვდა, "ვინ არის? ვინ არის?" კითხულობდა და თან, როგორც ჩანს, ცდილობდა, დავენახე თავისი უსინათლო თვალებით. რა ამაო და გულის მომკვლელი მცდელობა იყო! "მიპასუხეთ, კიდევ თქვით რამე!~ - მიბრძანა ხმამაღლა.

- კიდევ ხომ არ ინებებთ წყალს, ბატონო? წყალი თითქმის სანახევროდ დავღვარე.

- ვინ არის? რა არის? ვინ ლაპარაკობს?

- პაილოტმა მიცნო; ჯონიმ და მერიმაც იციან, რომ აქ ვარ. მხოლოდ ამ საღამოს ჩამოვედი, - ვუპასუხე.

- ღმერთო ძლიერო! რა მემართება? რა მეჩვენება? რა ტკბილმა სიგიჟემ შემიპყრო!

- არავითარი მოჩვენება, არც სიგიჟე. თქვენს გონებას მოჩვენება ვერაფერს დააკლებს; თქვენს სიმტკიცეს ვერას უზამს უგუნურება.

- სად არის ის, ვინც ლაპარაკობს? თუ ეს მხოლოდ ხმაა? ოჰ, ვერ ვხედავ, მაგრამ უნდა ვიგრძნო, თორემ გული დაიმსხვრევა და გონს დავკარგავ. ვინა ხართ? რა ხართ? შემახეთ ხელი, თორემ მოვკვდები.

ის ხელის ფათურით გამოემართა. ხელი ვტაცე მის ხელს, რომელიც მეძებდა, და ორივე ხელი მოვუჭირე.

- სწორედ მისი თითებია! - წამოიძახა მან. - პატარა, ნაზი თითები! თუ ეს ასეა, მაშ, თვითონაც აქ უნდა იყოს.

კუნთმაგარი ხელით ხელი გამომტაცა. მკლავზე მომკიდა, შემდეგ მხარზე, კისერზე, წელზე მომხვია და მიმიზიდა.

- ნუთუ ჯეინია? რა ხდება? ეს ხომ მისი სხეულია, ეს ხომ თვითონ არის.

- და, აი, მისი ხმაც, - დავუმატე. - თვითონაც აქ არის და მისი გულიც. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, ბატონო. როგორ მიხარია, რომ კვლავ თქვენს ახლოს ვარ.

- ჯეინ ეარ! ჯეინ ეარ! - მხოლოდ ამასღა ახერხებდა.

- ჩემო ძვირფასო ბატონო, - ვუპასუხე, - ჯეინ ეარი ვარ. გიპოვეთ. დაგიბრუნდით.

- მართლა? ცოცხალი ჯეინი დამიბრუნდა თუ აჩრდილი მისი?

- ხომ გრძნობთ შეხებას, ბატონო. აკი, გულში მიკრავთ ასე მაგრად. განა, მკვდარივით ცივი ვარ, ჰაერივით უხორცო?

- ჩემი სიცოცხლე ჩემთანაა! ცოცხალია! ეს მართლაც მისი ხელებია. მისი ნაკვთები. მაგრამ, ნუთუ შეიძლება ასეთი ნეტარება ამდენი უბედურების შემდეგ? არა, ეს სიზმარია. არაერთხელ დამსიზმრებია, როგორ ვიკრავდი გულში, აი, როგორც ახლა; ვკოცნიდი, აი, ასე, ვგრძნობდი, რომ ვუყვარვარ და მჯეროდა, რომ არ მიმატოვებს.

- მართლაც არ მიგატოვებთ ამიერიდან, ბატონო.

- არასოდეს მიგატოვებო, მოჩვენება ამბობს? მაგრამ მე ყოველთვის ვიღვიძებდი და ვგრძნობდი, რომ ეს მხოლოდ დაცინვა იყო. ისევ მარტო ვიყავი, მიტოვებული. ჩემი ცხოვრება წყვდიადია, უკაცრიელი და უიმედო; ჩემი სული მწყურვალია და წყალი აკრძალული აქვს; ჩემი გული მაშვრალია და ვერასოდეს მოიკლავს შიმშილს. ნაზი, ჰაეროვანი არსება, ახლა ჩემს მკლავებში ჩახვეული, გამიფრინდება, ისევე როგორც მისი ზმანებები გამიფრინდნენ ადრე. მაგრამ ვიდრე წახვალ, მომეხვიე, ჯეინ, მაკოცე.

- აი, ბატონო, აი.

ტუჩებით დავეკონე მის ერთ დროს ელვარე, მაგრამ ახლა უკვე ჩამქრალ თვალებს, თმა გადავუწიე და შუბლზე ვაკოცე. უცებ თითქოს გამოფხიზლდა, დარწმუნდა, რომ ყველაფერი ნამდვილი იყო.

- ნუთუ ეს შენა ხარ, ჯეინ? ნუთუ დამიბრუნდი?

- მე ვარ.

- მაშ, თხრილში ან წყალში არ გდიხარ მკვდარი? უცხოთა შორის არ დაეხეტები, როგორც გაძევებული?

- არა, ბატონი, დამოუკიდებელი ადამიანი ვარ ახლა.

- დამოუკიდებელი? რას ნიშნავს ეს, ჯეინ?

- ბიძაჩემი, რომელიც მადეირაზე ცხოვრობდა, გარდაიცვალა და ხუთი ათასი გირვანქა დამიტოვა.

- აი, ეს უკვე სინამდვილეა, ეს ცხადია, - წამოიძახა მან. - ეს ვერ დამესიზმრებოდა. გარდა ამისა, ეს მისი ხმაა, ასე მხნე და ამაღელვებელი, თანაც ნაზი, ჩემს დაფერფლილ გულს მალამოდ რომ ედება, სიცოცხლეს უბრუნებს. მაშ, ჯენეტ, დამოუკიდებელი ქალი ხართ? მდიდარი?

- საკმაოდ მდიდარი, ბატონო. თუ ნებას არ მომცემთ თქვენთან ერთად ვიყო, მაშინ ავიშენებ სახლს თქვენთან სულ ახლოს და საღამოობით, როდესაც მარტოობა მოგწყინდებათ, მოხვალთ და ჩემთან იქნებით.

- მაგრამ მდიდარი ხართ, ჯეინ და, უდავოა, მეგობრებიც გყავთ, რომლებიც თქვენზე ზრუნავენ და არ დაუშვებენ, რომ თავი შესწიროთ ჩემსავით ბრმასა და ხეიბარს.

- ხომ გითხარით, არავისზე ვარ დამოკიდებული-მეთქი, ბატონო, თანაც მდიდარი გახლავართ და საკუთარი თავის ბატონ-პატრონი.

- და ჩემთან დარჩებით?

- დიახ. თუ თქვენ წინააღმდეგი არ იქნებით. თქვენი მეზობელი მინდა ვიყო, თქვენი მომვლელი, თქვენი მნე. ვხედავ, რომ მარტო ხართ. მინდა, თქვენი მეგობარი ვიყო - წაგიკითხოთ, ვისეირნოთ ერთად, ერთად ვისხდეთ, მოგიაროთ, ვიყო თქვენი თვალი და ხელი. ასე სევდიანი ნუ ხართ, ჩემო ძვირფასო ბატონო. ვიდრე პირში სული მიდგას, მარტო არ დაგტოვებთ.

არაფერი მიპასუხა, როგორც ჩანს, რაღაც სერიოზულმა, შავმა ფიქრებმა გაიტაცეს. შემდეგ ამოიოხრა. ოდნავ გახსნა ბაგე, თითქოს რაღაც უნდა ეთქვა; მაგრამ კვლავ მოკუმა. მღელვარება ვიგრძენი. იქნებ სიჩქარისგან წესიერად ვერ მოვიქეცი და მასაც სენტ-ჯონივით არ მოეწონა ჩემი ასეთი დაუფიქრებელი ლაპარაკი. იმიტომ ვთავაზობდი ყოველივე ამას, რომ მას გასჩენოდა სურვილი და თავისი ნებით ეთხოვა ჩემთვის ცოლად გავყოლოდი. მიუხედავად მისი მდგომარეობისა, მაინც დარწმუნებული ვიყავი და რაღაც იმედი მამხნევებდა, რომ ის თავის უფლებებს წამომიყენებდა, მისი ვყოფილიყავი. მაგრამ რადგან ერთი გადაკრული სიტყვაც კი არ დასცდენია ამის შესახებ და გამომეტყველებაც უფრო სევდიანი გაუხდა, გავიფიქრე, ხომ არ შევცდი და ჩემდა უნებურად სულელურ მდგომარეობაში ჩავვარდი-მეთქი. ნაზად შევეცადე თავი გამეთავისუფლებინა მისი მკლავებისგან, მაგრამ მან უფრო მაგრად მიმიკრა.

- არა, არა, ჯეინ, არ უნდა წახვიდეთ. ძლივს გიგრძენით. ძლივს მესმის თქვენი ხმა; თქვენმა აქ ყოფნამ შვება მაგრძნობინა; თქვენგან ვიგემე ნუგეშის სიტკბოება. ვერ დავთმობ ამ სიხარულს. ჩემს გულში აღარაფერი დარჩა, თქვენ გარდა. თქვენ უნდა იყოთ ჩემთან. დაე, ყველამ დამცინოს, მიწოდოს სულელი, ეგოისტი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამას ჩემთვის. ჩემი სული გიხმობთ და უნდა დაკმაყოფილდეს კიდეც, თორემ საშინლად იძიებს შურს თავის საბუდარზე.

- კარგი, ბატონო, დავრჩები თქვენთან. ხომ გითხარით კიდეც.

- მაგრამ ამ დარჩენაში თქვენ ერთს გულისხმობთ და მე - მეორეს. თქვენ, როგორც ჩანს, გადაწყვიტეთ, იყოთ ჩემი თვალი და ხელი, პატარა, კეთილი მომვლელი (თქვენ ხომ მოსიყვარულე გულისა და მაღალი სულის პატრონი ხართ) და ამან მე, ცხადია, შვება უნდა მაგრძნობინოს. ჩემი აზრით, ახლა მე თქვენდამი მამობრივი გრძნობები უნდა მქონდეს მხოლოდ. ასე ფიქრობთ, არა? აბა, მითხარით.

- როგორც თქვენ გსურთ, ისე ვიფიქრებ, ბატონო, სიამოვნებით ვიქნები თქვენი მომვლელი, თუ ასე გნებავთ.

- მაგრამ მთელი თქვენი სიცოცხლე ხომ არ იქნებით ჩემი მომვლელი. ახალგაზრდა ხართ და ოდესმე ხომ უნდა გათხოვდეთ.

- გათხოვება არ მადარდებს.

- მაგრამ უნდა იფიქროთ, ჯენიტ. მე რომ ისეთივე ვყოფილიყავი, როგორც ერთ დროს, გაიძულებდით, რომ გეფიქრათ ამაზე. მაგრამ ახლა უსინათლო კუნძი ვარ!

კვლავ სევდამ დაუღარა სახე. მე კი, პირიქით, გულზე მომეშვა და მხნეობა შემმატა. ამ ბოლო სიტყვებით მივხვდი, რაშიც იყო სიძნელე და, რადგანაც ამას სრულებით არ ჰქონდა არავითარი მნიშვნელობა ჩემთვის, წინანდელი ჩემი აღელვება გაქრა. საუბარი უფრო მხიარულად განვაგრძე.

- ახლა კი დროა, ვინმემ იზრუნოს და ადამიანის იერი დაგიბრუნოთ, - ვთქვი მე და თან გრძლად ჩამოზრდილი თმა შუბლზე გადავუყავი, - როგორც ვხედავ, ლომად ქცეულხართ. ამ ადგილებში ნაბუქოდონოსორს მაგონებთ. თმა არწივის ფრთებივით გაგიშლიათ და, ვგონებ, ფრჩხილებიც ფრინველთა ბრჭყალებს მიგიგავთ. ვნახო...

- ამ მკლავზე არც ხელის მტევანი მაქვს და არც ფრჩხილები, - თქვა მან. დამახინჯებული ხელი ხალათიდან გამოიღო და მიჩვენა, - მხოლოდ ხელის მონარჩენი. საშინელი სანახავია, არა, ჯეინ?

- როგორ მტკივა გული, თქვენს მკლავს რომ ვხედავ, თქვენს თვალებს რომ ვუყურებ. სახიფათოა, ამის გამო მეტისმეტად არ შეუყვარდეთ ადამიანს და გაგანებივროთ.

- მე კი მეგონა, ზიზღს იგრძნობდით, ჯეინ, ჩემი მკლავისა და სახის ნაიარევის დანახვაზე.

- მართლა? ასე ნუ მეტყვით, თორემ თქვენზე ცუდი აზრი შემექმნება. ახლა კი ნება მომეცით, ცოტა ხნით დაგტოვოთ, ბუხარი გავაწმენდინო და ავაგუზგუზო. გამოიცნობთ, სად ენთება ცეცხლი?

- დიახ. მარჯვენა თვალით ვამჩნევ სინათლეს - ბუნდოვან წითელ ლაქას.

- ხედავთ სანთლებს?

- ძალიან ბუნდოვნად. თითოეული თითქოს ნათელი ღრუბელიაო.

- მხედავთ მე?

- ვერა, ჩემო ფერია. მაგრამ როგორი მადლობელი ვარ, რომ მესმის თქვენი ხმა და გეხებით.

- რა დროს ვახშმობთ ხოლმე?

- არ ვვახშმობ.

- ამ საღამოს კი ივახშმებთ. მეც მშია და დარწმუნებული ვარ, თქვენც. მაგრამ, ალბათ, დაგავიწყდათ.

მერის დავუძახე და ოთახს მალე უფრო მხიარული იერი მივეცით. მისტერ როჩესტერსაც მოვუმზადე გემრიელი საჭმელი. სულ სიხარულით თრთოდა. თავისუფლად და გულახდილად ვსაუბრობდით და თან ვახშამს შევექცეოდით. ვახშმის შემდეგაც კარგა ხანს ვიბაასეთ. ან რატომ უნდა ვყოფილიყავი გულჩახვეული, რად უნდა დამეფარა სიხარული და ბედნიერება? თავს კარგად ვგრძნობდი; ვიცოდი, მოვწონდი; რაც უნდა მეთქვა, რაც უნდა გამეკეთებინა, ამშვიდებდა და სიცოცხლეს მატებდა მას. რა სასიამოვნო შეგრძნებაა! ამან მთელი ჩემი არსება ხალისითა და სინათლით აავსო. ერთმანეთის სიახლოვით გავიმშვენიერეთ სიცოცხლე. მიუხედავად იმისა, რომ ბრმა იყო, ღიმილი დასთამაშებდა სახეზე; სიხარული გამოსჭვიოდა მისი შუბლიდან; რბილი და თბილი გაუხდა სახის ნაკვთები.

ვახშმის შემდეგ უამრავი რამ მკითხა: სად ვიყავი, რას ვაკეთებდი, როგორ ვიპოვე ის. კითხვებზე მოკლედ ვპასუხობდი. უკვე გვიანი იყო და დაწვრილებით ვერ მოვუყვებოდი. გარდა ამისა, არ მინდოდა შევხებოდი მგრძნობიარე, მტკივნეულ თემას, ვშიშობდი, ხელმეორედ არ ამეფორიაქებინა მისი სული. ახლა ჩემი ერთადერთი მიზანი მისი გამხნევება იყო. შევძელი კიდეც. მისტერ როჩესტერი ჩინებულად გრძნობდა თავს, მაგრამ დროდადრო, როგორც კი გავჩუმდებოდი, აწრიალდებოდა, ხელს შემახებდა, "ჯეინ!" - მეძახდა.

- მოჩვენება ხომ არ ხართ? ხომ ნამდვილად აქ ხართ?

- ნამდვილად, მისტერ როჩესტერ.

- ასე უეცრად როგორ აღმოჩნდით ამ ჩემს განმარტოებულ ბინაში ასეთ ბნელსა და პირქუშ საღამოს? როგორ მოხდა, რომ ხელი მოსამსახურისკენ გავიშვირე ჭიქის გამოსართმევად და ეს ჭიქა თქვენ მომაწოდეთ? ჩემს კითხვაზე ჯონის მეუღლის პასუხს ველოდი და ჩემს ყურთან თქვენი ხმა გაისმა.

- იმიტომ, რომ მერის ნაცვლად მე შემოვედი სინით ხელში.

- რამდენი სიამეა ამ საათებში, როდესაც თქვენთან ერთად ვარ. როგორი შავბნელი, მწუხარე და უიმედო იყო ჩემი ცხოვრება გასულ თვეებში. არაფერს ვაკეთებდი, არაფერს ველოდი; ღამეს დღისგან ვერ ვარჩევდი. ვგრძნობდი მხოლოდ სიცივეს, როდესაც ცეცხლი გაქრებოდა ბუხარში; შიმშილს, როდესაც მავიწყდებოდა ჭამა; სევდა არ მცილდებოდა, დროდადრო კი ვბობოქრობდი, გაშმაგებით მსურდა კვლავ შევხებოდი ჩემს ჯეინს. დიახ, მისი დაბრუნება უფრო მენატრებოდა, ვიდრე მხედველობისა. ახლა კი როგორ მოხდა, რომ ჯეინი ჩემთანაა და ამბობს, რომ ვუყვარვარ? მპირდება, რომ ისევე უეცრად არ მიმატოვებს, როგორც მოვიდა? შიში მიპყრობს, ვაითუ ჩემი ჯეინი ხვალ ვეღარ ვიპოვო-მეთქი?

დარწმუნებული ვიყავი, ასეთ დროს ყველაფერზე მეტად უბრალო, ჩვეული პასუხები დაარწმუნებდა მას, ეჭვებს გაუფანტავდა და მდგომარეობიდან გამოიყვანდა. ხელი გადავუსვი წარბებზე და შევნიშნე, რომ შეტრუსული ჰქონდა. საჭიროა რამე ვიღონო, - გავიფიქრე, - რომ გაიზარდონ და კვლავ დაიბრუნონ შავი ფერი.

- რატომ ცდილობთ ჩემთვის კარგის გაკეთებას, ჩემო მფარველო კეთილო სულო, თუკი საბედისწერო ჟამს კვლავ მიმატოვებთ, აჩრდილივით გაუჩინარდებით? ვერც გავიგებ, სად წახვედით, ან ისევ მიუწვდომელი იქნებით.

- ჯიბის სავარცხელი ხომ არ გაქვთ თან, ბატონო?

- რად გინდათ, ჯეინ?

- ეს აწეწილი შავი ფაფარი რომ დაგივარცხნოთ. ახლოს მოსულ ადამიანს შეაშინებთ. თქვენი სიტყვებით, მე ფერია ვარ. მაშ, თქვენ ტყის მეფე იქნებით.

- ასე საშიში ვარ, ჯეინ?

- ძალიან, ბატონო. ყოველთვისაც ასეთი იყავით. თვითონ არ იცით?

- ჰმ! არ ვიცი, სად ცხოვრობდით, მაგრამ ვხედავ, ეშმაკობა არ დაგიკარგავთ.

- მე კი ძალიან კარგ ხალხთან ვცხოვრობდი, თქვენზე გაცილებით უფრო კარგ ადამიანებთან, ასჯერ უფრო კარგებთან. ცხოვრებაში არასოდეს გქონიათ მათსავით დახვეწილი და ამაღელვებელი აზრები.

- ეშმაკმა დალახვროს ისინი. ვისთან ცხოვრობდით?

- თუ არ გაჩერდებით, თმას დაგაწიწკნით და მაშინ ხომ დარწმუნდებით, რომ ნამდვილი ადამიანი ვარ.

- ვისთან ცხოვრობდით, ჯეინ?

- ამ საღამოს ამას ვერ გაიგებთ, ბატონო. ხვალამდე უნდა მოითმინოთ. იცით, დაუმთავრებელი მოთხრობა იმის გარანტიას მოგცემთ, რომ ხვალ საუზმეზე გამოვჩნდები და დავამთავრებ. მართლა, უნდა ვიზრუნო, თქვენს ოთახში მხოლოდ წყალი კი არ შემოვიტანო, არამედ კვერცხებიც, რომ არაფერი ვთქვა შემწვარ ლორზე.

- დამცინავო არსებავ, ფერიად დაბადებულო და ადამიანურად აღზრდილო. უკვე თორმეტი თვე გავიდა, გული ასე არ ამძგერებია. მეფე საულს თქვენ რომ ჰყოლოდით დავითის ნაცვლად, ქნარის დაუხმარებლადაც განდევნიდა ბოროტ სულს.

- აბა, სერ, უკვე სუფთად და კოხტად ხართ გამოწყობილი და დაგტოვებთ. ეს სამი დღეა გზაში ვარ და, ვგონებ, ძალიან დავიღალე. ღამე მშვიდობისა.

- მხოლოდ ერთი სიტყვა, ჯეინ. მხოლოდ ქალები იყვნენ იქ, სადაც თქვენ ცხოვრობდით?

გამეცინა და გავიქეცი. კიბეზე რომ ავდიოდი, მაშინაც მეცინებოდა. "კარგი აზრია~, - ვფიქრობდი მხიარულად. "როგორც ჩანს, ამ ეჭვიანობით შევძლებ, გამოვიყვანო ის თავისი მელანქოლიური მდგომარეობიდან, ყოველ შემთხვევაში, ცოტა ხნით მაინც".

დილით ადრე გავიგონე, რომ ადგა და ოთახებში დაბორიალობდა. ჩავიდა თუ არა მერი დაბლა, მისტერ როჩესტერმა ჰკითხა, მის ეარი სად არისო? და შემდეგ დაუმატა: რომელ ოთახში დააბინავეთ? ნესტიანი ხომ არ არის? ადგა? წადით და ჰკითხეთ, ხომ არაფერი სურს? და როდის ჩამოვა?

ჩამოვედი, როდესაც ვიფიქრე, საუზმის დრო არის-მეთქი. ოთახში შევედი და, ვიდრე გაიგებდა ჩემს შესვლას, შევათვალიერე. მართლაც, სავალალო სანახავი იყო, როგორ დაემორჩილებინა ეს ძლიერი სული ფიზიკურ უძლურებას. თავის სავარძელში წყნარად იჯდა, მაგრამ ეტყობოდა, ვერ ისვენებდა; ვიღაცას ელოდა. სევდა კიდევ უფრო ნათელს ხდიდა მის ძლიერ ნაკვთებს. ეს გამომეტყველება მაგონებდა ჩამქრალ სანთელს, რომელიც კვლავ ელოდა ანთებას. მაგრამ, ვაი რომ, აღარ შესწევდა ძალა, აეგიზგიზებინა ეს ცხოველმყოფელი ცეცხლი; სხვაზე იყო დამოკიდებული. მინდოდა მხიარული და უზრუნველი სახე მქონოდა, მაგრამ ამ ძლიერი ადამიანის უმწეობამ გული მომიკლა. მაინც შეძლებისდაგვარად მხიარულად მივმართე:

- ნათელი, მზიანი დილაა, ბატონო. წვიმამ გადაიღო და მშვენიერი დღეა. მალე უნდა გაისეირნოთ.

მასში თითქოს სიცოცხლემ იელვა, სახე გაუნათა.

- ოჰ, თქვენ მართლაც აქ ყოფილხართ, ჩემო ტოროლა. მოდით ჩემთან. მაშ, არ წახვედით? არ გამიფრინდით? ამ ერთი საათის წინ გავიგონე, თქვენსავით როგორ გალობდა ტოროლა ტყეში. მაგრამ არც ის იყო საამო ჩემთვის და არც ამომავალი მზის სხივები. ამქვეყნად სასიამოვნო მელოდიას მხოლოდ ჯეინის ბაგეთაგან თუ გავიგონებ (როგორ მიხარია, რომ ბუნებით ის ჩუმი არ არის); მზე ჩემთვის მაშინ ანათებს, როცა ის ჩემთანაა.

ცრემლით ამევსო თვალები, როდესაც გავიგონე მისი აღსარება, როდესაც მივხვდი, რაოდენ იყო ის ჩემზე დამოკიდებული. კლდეზე მიჯაჭვულ მედიდურ არწივს ჰგავდა, რომელიც იძულებულია ბეღურას სთხოვოს მეურვეობა. მაგრამ მტირალა არ უნდა ვიყო. ცრემლები მოვიწმინდე და ფუსფუსი დავიწყე. თითქმის მთელი დილა გარეთ დავყავით. ნოტიო და დაბურული ტყიდან ნათელ მინდორზე გავედით. ავუწერე, როგორი დიდებული მწვანე სამოსი ჩაეცვათ მინდვრებს; ყვავილები და ცოცხალი ღობეები აყვავებულიყვნენ; ლაჟვარდოვანი ცა დაგვყურებდა. მოვუძებნე მყუდრო და მშვენიერი ადგილი, მშრალ მორზე დავსვი. უარი არ მითქვამს მის მუხლებზე ვმჯდარიყავი. ან რატომ უნდა მეთქვა, როდესაც თავს ერთად უფრო ბედნიერად ვგრძნობდით, ვიდრე ცალ-ცალკე. პაილოტიც იქვე იყო. ირგვლივ ყველაფერი დუმდა. მისტერ როჩესტერმა ეს სიჩუმე დაარღვია და თან გულში ჩამიკრა.

- გულქვა, გულქვა მოღალატევ! ოჰ, ჯეინ. ვერ გადმოგცემთ, რა დამემართა, როდესაც გავიგე, რომ თორნფილდი მიატოვეთ და ვეღარსად გიპოვიდით. თქვენი ოთახის დათვალიერების შემდეგ დავრწმუნდი, თან არც ფული წაგეღოთ და არც რამე ძვირფასი ნივთი, რომელიც გამოგადგებოდათ. მარგალიტების მანიაკი, მე რომ მოგეცით, ხელუხლებლად იდო ბუდეში. დაკეტილი და თასმაგადაჭერილი ჩემოდნები ხელუხლებლად ეწყო. რა ეშველება ჩემს სიყვარულს, - ვეკითხებოდი ჩემს თავს, - ასე მარტო რომ არის და თან უგროშოდ? რას აკეთებს ნეტა? აბა, მითხარი, რას აკეთებდი?

თხოვნაზე უარი არ მითქვამს და ვუამბე, რა გადამხდა თავს ამ ერთი წლის განმავლობაში. შედარებით რბილად მოვუყევი პირველი სამი დღის ხეტიალსა და შიმშილზე. რა საჭირო იყო ზედმეტი ტკივილი გამომეწვია მასში? მაგრამ ის ცოტაც საკმარისი აღმოჩნდა ამ წრფელი გულის ასაფორიაქებლად.

- ასე როგორ მიმატოვე, - მითხრა მან: - ასე უსახსროდ როგორ წახვედი. უნდა გეთქვა, რას აპირებდი; უნდა გქონოდა ჩემი ნდობა. არასოდეს გაიძულებდი ჩემი მეუღლე გამხდარიყავი. მწარე ნაღველი მაგიჟებდა. ნამდვილად იმდენად მიყვარდი და ისე ფაქიზად, რომ არასოდეს ძალას არ დაგატანდი, არ გაგაწამებდი, მთელი ჩემი ქონების ნახევარს მოგცემდი და ერთ კოცნასაც არ მოგთხოვდი სანაცვლოდ, ოღონდ ამ ვრცელ ქვეყანაზე ასე უმეგობროდ არ დაგეტოვებინე. ალბათ, უფრო მეტი გადაიტანე, ვიდრე მითხარი.

- ჰოდა, როგორიც უნდა ყოფილიყო ჩემი ტანჯვა, ის მეტად ხანმოკლე იყო, - ვუპასუხე. შემდეგ კი მოვუყევი, როგორ მიმიღეს მურ-ჰაუსში და როგორ დავიწყე სოფლის მასწავლებლად მუშაობა; როგორ ბედზე მომისწრო, რომ მემკვიდრეობით ქონება დამიტოვეს; როგორ ვიპოვე ნათესავები. რასაკვირველია, თხრობის დროს ხშირად ვახსენებდი სენტ-ჯონის სახელს. როგორც კი ამბავი დავამთავრე, მისტერ როჩესტერი კვლავ დაუბრუნდა ამ სახელს.

- მაშ, ეს სენტ-ჯონი შენი ბიძაშვილია?

- დიახ.

- შენ მას ხშირად ახსენებ, ხომ არ მოგწონდა?

- ის შესანიშნავი ადამიანია, ბატონო. აბა, როგორ არ უნდა მომწონდეს.

- კარგი ადამიანი! ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ეს ზრდილი და ღირსეული კაცი ორმოცდაათამდე წლისაა. ამიხსენით, რას ნიშნავს?

- სენტ-ჯონი მხოლოდ ოცდაცხრა წლისაა, ბატონო.

- გეუნე ენცორე, როგორც ფრანგები ამბობენ. ალბათ, დაბალი, ფლეგმატური და ულამაზო კაცია? მისი სიკარგე, ალბათ, იმაში გამოიხატება, რომ ცოდვები არ მიუძღვის, და არა ღვთით მონიჭებულ დახვეწილობაში.

- ის დაუშრეტელი ენერგიის ადამიანია; დიადსა და ამაღლებულ საქმეებს ესწრაფვის.

- მაგრამ ჭკუა? ალბათ, ამ მხრივ ვერ გამოირჩევა, არა? კარგი აზრები აქვს, მაგრამ იმდენად უაზროდ გამოთქვამს, რომ ვერაფერს გაიგებთ.

- ბევრს არ ლაპარაკობს, ბატონო, მაგრამ, რასაც ამბობს, ზუსტად ამბობს. შესანიშნავი ჭკუა-გონება აქვს. იქნებ, ბრწყინვალე არა, მაგრამ უდავოდ ღრმა.

- მაშ, ის ნიჭიერი ადამიანია?

- ნამდვილად.

- მეტად განვითარებული?

- სენტ-ჯონი დიდად ნასწავლი და განათლებული ადამიანია.

- მაგრამ, ვგონებ თქვი, რომ საქციელი არ მოგწონდა? ნამდვილი მღვდელია და პედანტი.

- არაფერი მითქვამს მის საქციელზე. მაგრამ თუ არ მომეწონა, მაშ, ცუდი გემოვნება მქონია. ქცევა მეტად დახვეწილი, მშვიდი და ჯენტლმენის შესაფერისი აქვს.

- გარეგნობა? დამავიწყდა, როგორ ამიწერე. ვგონებ, საბრალო დიაკონია, არა? მაგრად მოჭერილ თეთრ ჰალსტუხში და სქელძირიან, მაღალყელიან ფეხსაცმელში, არა?

- სენტ-ჯონი კოხტად იცვამს. ლამაზი მამაკაცია: მაღალი, ქერა, ცისფერი თვალებითა და ბერძნული პროფილით.

- (გვერდზე) ეშმაკმა დალახვროს. - (შემდეგ მე მომიბრუნდა) მოგწონდა, ჯეინ?

- დიახ, მისტერ როჩესტერ. მომწონდა. მეორედ მეკითხებით უკვე.

რასაკვირველია, მივხვდი, რაზე ფიქრობდა. ეჭვიანობამ იმძლავრა მასში. ეს გრძნობა უსერავდა გულს. მაგრამ, ერთი მხრივ, კარგიც იყო, რადგან ამით ჭიასავით მღრღნელ სევდის ბორკილებს დროებით მაინც აღწევდა თავს. ამიტომაც არ მინდოდა მაშინვე მომეთოკა ეჭვიანობის გველი.

- ვფიქრობ, ჩემი კალთიდან ჩახვალთ, მის ეარ? - გავიგონე სრულიად მოულოდნელი კითხვა.

- რატომ, მისტერ როჩესტერ?

- ეს-ეს არის ამიწერეთ ადამიანი, რომელიც სრულიად განსხვავდება ჩემგან, და ძალიან კარგად დამიხატეთ მშვენიერი აპოლონი. თქვენი გონება მას დაუპყრია: მაღალი, ქერა, ცისფერთვალება, ბერძნული პროფილით. აქ კი თქვენ უყურებთ ვულკანს, ამ ნამდვილ მჭედელს, შავგვრემანს, ფართომხრებიანს და, ამასთანავე, ბრმასა და კოჭლს.

- არასოდეს მიფიქრია წინათ ამაზე. მართლაც ვულკანს ჰგავხართ, ბატონო.

- ჰოდა, შეგიძლიათ წახვიდეთ, მადამ. მაგრამ, ვიდრე დამტოვებთ (აქ მან უფრო მძლავრად მომხვია ხელები), ხომ არ მიპასუხებდით ერთ-ორ კითხვაზე? - აქ ის შეჩერდა.

- რა კითხვაზე, მისტერ როჩესტერ?

ამჯერად მან მომიწყო დაკითხვა:

- ვიდრე სენტ-ჯონი გაიგებდა, რომ მისი მამიდაშვილი ხართ, მანამდე შემოგთავაზათ სკოლაში მასწავლებლობა?

- დიახ.

- ალბათ, ხშირად ხვდებოდით მას. იქნებ ზოგჯერ მოდიოდა კიდეც თქვენთან სკოლაში?

- ყოველდღე.

- ალბათ, იზიარებდა თქვენს გეგმებს, ჯეინ? დარწმუნებული ვარ, ჭკვიანური გეგმები გქონდათ; თქვენ ხომ ნიჭიერი ადამიანი ხართ.

- დიახ, იზიარებდა.

- და აღმოაჩინა ბევრი რამ თქვენში, რასაც არ მოელოდა? თქვენ ხომ არაჩვეულებრივი თვისებები გაქვთ.

- რა მოგახსენოთ.

- თქვენ ამბობთ, რომ სკოლასთან ახლოს იყო თქვენი კოტეჯი. მოსულა სენტ-ჯონი თქვენთან სახლში?

- დროდადრო.

- საღამოობით?

- ერთხელ თუ ორჯერ.

სიჩუმე ჩამოვარდა.

- რამდენ ხანს დარჩით მის დებთან და მასთან, როდესაც გაიგეთ, რომ ნათესავები ხართ?

- ხუთი თვე.

- რივერსი ბევრ დროს ატარებდა თქვენთან?

- დიახ. უკანა ოთახი მისი სამეცადინო ოთახი იყო და, აგრეთვე, ჩვენიც. ის ფანჯარასთან იჯდა ხოლმე, ჩვენ - მაგიდასთან.

- ბევრს სწავლობდა?

- ძალიან.

- რას?

- ურდუს.

- თქვენ რას აკეთებდით ამ დროს?

- პირველად გერმანულს ვსწავლობდი.

- მან გასწავლათ?

- არა, მან გერმანული არ იცის.

- არაფერი უსწავლებია?

- ცოტა ურდუ მასწავლა.

- მისტერ რივერსი გასწავლიდათ ურდუს?

- დიახ, ბატონო.

- თავის დებსაც?

- არა.

- მხოლოდ თქვენ?

- მხოლოდ მე.

- თქვენ სთხოვეთ?

- არა.

- მას უნდოდა, რომ ესწავლებინა?

- დიახ.

კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა.

- რატომ მოინდომა? რაში გამოადგებოდა ურდუ?

- მას სურდა ინდოეთში წავყოლოდი.

- აა! აი, ახლა მივაგენი საქმის ვითარებას. მას თქვენი ცოლად შერთვა უნდოდა?

- მთხოვა, ცოლად გავყოლოდი.

- ეს სიცრუეა. უსირცხვილოდ იგონებთ რაღაცას, რომ გამაბრაზოთ.

- მომიტევეთ, ბატონო, მაგრამ ეს სრული ჭეშმარიტებაა. არაერთხელ მთხოვა ცოლად გავყოლოდი და ისე მტკიცედ ცდილობდა თავის მიზნის მიღწევას, როგორც ეს თქვენ გჩვევიათ.

- მის ეარ, კვლავ გიმეორებთ: შეგიძლიათ დამტოვოთ. რამდენჯერ უნდა გითხრათ ერთი და იგივე? რატომ მოკალათებულხართ ჩემს მუხლებზე ასე ჯიუტად, როდესაც გითხარით დამტოვეთ-მეთქი.

- იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვგრძნობ თავს აქ.

- არა, ჯეინ, არ გრძნობთ თავს კარგად, რადგან თქვენი გული აქ არ არის; ის თქვენს ბიძაშვილთანაა, იმ სენტ-ჯონთან. აქამდე მეგონა, რომ ჩემი პატარა ჯეინი მხოლოდ მე მეკუთვნოდა! მჯეროდა, მას ვუყვარდი, მიუხედავად იმისა, რომ მიმატოვა. ეს იყო ნეტარების წვეთი ტანჯვის ზღვაში. ვიდრე შორს იყავით, ვიდრე მწარედ დავტიროდი ჩვენს სიშორეს, ერთი წუთითაც არ მიფიქრია, რომ ის, ვისაც მე ვიგლოვდი, სხვას შეიყვარებდა! მაგრამ ახლა ამაოა გლოვა. ჯეინ, დამტოვეთ, წადით და გაჰყევით რივერსს.

- გადმომაგდეთ, გამაგდეთ, რადგან ჩემი ნებით არსად წავალ.

- ჯეინ, როგორ მიყვარს თქვენი ხმა. ის ისე ნამდვილია, რომ კვლავ იმედს მაძლევს. ამ ხმას ერთი წლით უკან გადავყავარ. მავიწყდება, რომ სხვა მოვალეობანი გაკისრიათ. მაგრამ არა, სულელი არ ვარ. წადით.

- სად უნდა წავიდე, ბატონო?

- თქვენი გზით, წადით თქვენს ამორჩეულ მეუღლესთან.

- ვინ არის ჩემი მეუღლე?

- თვითონაც იცით. სენტ-ჯონ რივერსი.

- ის ჩემი მეუღლე არ არის, არც არასოდეს იქნება. მას არ ვუყვარვარ, არც მე მიყვარს. მას უყვარს (თუკი მას შეუძლია სიყვარული და ეს სიყვარული თქვენი სიყვარულისგან მთლიანად განსხვავდება) მშვენიერი ახალგაზრდა ლედი, სახელად როზამონდი. სენტ-ჯონს ჩემი ცოლად შერთვა უნდოდა მხოლოდ იმიტომ, რომ, მისი აზრით, მისიონერის ცოლად მე გამოვდგებოდი და არა როზამონდი. ის კეთილი და დიადია, მაგრამ მკაცრი, ჩემთვის აისბერგივით ცივი. თქვენგან სრულიად განსხვავდება, ბატონო. მე არ ვიქნები ბედნიერი მის გვერდით, არც მის ახლოს, არც მასთან. მას ჩემთვის არც სითბო აქვს, არც სიყვარული. ვერაფერს ხედავს ჩემში მიმზიდველს, თვით ახალგაზრდობასაც კი. ის ჩემში ხედავს მხოლოდ გონებას. მაშ, უნდა დაგტოვოთ, ბატონო, და წავიდე მასთან?

უნებურად გამაჟრჟოლა და ინსტინქტურად უფრო ჩავეკარი ჩემს ბრმასა და მაინც მეტად საყვარელ პატრონს. მან გამიღიმა.

- როგორ, ჯეინ! ეს მართალია? მართლა ასეა საქმე თქვენსა და რივერსს შორის?

- ნამდვილად. ოჰ, ბატონო, რაში გჭირდებათ ეჭვიანობა! მინდოდა ოდნავ გამეწვალებინეთ, რომ სევდა დაგეძლიათ. მეგონა, ნაღველზე უფრო სასარგებლო სიბრაზე იქნებოდა თქვენთვის. თუ ასე გსურთ, რომ მიყვარდეთ, ნუთუ არ შეგიძლიათ დაინახოთ, მართლაც როგორ მიყვარხართ?! მაშ, უნდა იამაყოთ და დამშვიდდეთ, ჩემი გული თქვენია, მთლიანად თქვენ გეკუთვნით. ის თქვენთანვე დარჩება, თუნდაც ბედმა სამუდამოდ თქვენს თავს მომაშოროს.

მაკოცა, მაგრამ მწარე ფიქრებმა კვლავ მოუღრუბლა სახე.

- საცოდავ ბრმასთან! ხეიბართან, - ბუტბუტებდა მწარედ.

მოვეფერე, რომ დამემშვიდებინა. ვიცოდი, რაზეც ფიქრობდა, და მინდოდა დავლაპარაკებოდი. მაგრამ ვერ ვბედავდი. ერთი წუთით თავი გვერდზე მიიბრუნა და დავინახე, დახშული თვალიდან როგორ ჩამოუგორდა ცრემლი ლოყაზე.

- აბა, რით განვსხვავდები თორნფილდის ბაღის დამეხილი წაბლის კუნძისგან, - რამდენიმე ხნის შემდეგ თქვა მან. - რა უფლება აქვს ამ კუნძს ყვავილობა აუკრძალოს მშვენიერ ვაშლის ხეს.

- სულაც არ ხართ კუნძი, არც ელვისგან დანაცრული ხე. ისევ მწვანით ხართ დაფარული, ისევ ძლიერი ხართ. თქვენი ფესვები ყლორტებს თქვენივე ნების გარეშე ამოიყრიან. მათთვის სიხარულის წყარო იქნება თქვენი უხვი ჩრდილი. გაიზრდებიან და თქვენკენ გამოიწვდიან ტოტებს, შემოგეტმასნებიან, რადგან თქვენი ძლიერება მათი საიმედო თავშესაფარია.

კვლავ გაიღიმა. დავამშვიდე.

- ჯეინ, მეგობრებს გულისხმობთ? - მკითხა.

- დიახ, მეგობრებს, - ყოყმანით ვუპასუხე. მეგობრებზე მეტს ვგულისხმობდი, მაგრამ ვერ ვუთხარი. თვითონ მიშველა.

- ეჰ, ჯეინ, მე ცოლი მჭირდება.

- მართლა, ბატონო?

- დიახ. ეს ახალი ამბავია თქვენთვის?

- რასაკვირველია. არაფერი გითქვამთ ამის შესახებ წინათ.

- სასიამოვნო ახალი ამბავია?

- ეს დამოკიდებულია გარემოებაზე, ბატონო, თქვენს არჩევანზე.

- რომელიც თქვენ უნდა მოგანდოთ, ჯეინ. თქვენს გადაწყვეტილებას შევასრულებ.

- მაშ, ამოირჩიეთ, ბატონო, ის, ვისაც ყველაზე მეტად უყვარხართ.

- ამოვირჩევ მას, ვინც ყველაზე მეტად მიყვარს. ჯეინ, გამომყვებით ცოლად?

გაგრძელება შემდეგ ნომერში