ჯეინ ეარი (თავი XXXVII) - გზაპრესი

ჯეინ ეარი (თავი XXXVII)

_ დიახ, ბატონო.

_ საბრალო ბრმას, რომელიც ხელით უნდა ატაროთ?

_ დიახ, ბატონო.

_ ხეიბარს, ოცი წლით თქვენზე უფროსს, რომელსაც უნდა მოუაროთ...

_ დიახ, ბატონო.

_ ნამდვილად, ჯეინ?

_ ოჰ, ჩემო საყვარელო! ღმერთმა დაგლოცოთ და მოგიზღოთ სამაგიერო.

მისტერ როჩესტერ, თუკი ოდესმე სიკეთე გამიკეთებია ან კეთილი განზრახვა მქონია, თუკი ოდესმე გულწრფელად და უმანკოდ შევვედრებივარ ღმერთს, თუკი ოდესმე ალალმართლად რამე მითხოვია, ღმერთმა ახლა დამაჯილდოვა: ამქვეყნად თქვენს ცოლობაზე დიდი ბედნიერება ჩემთვის არ არსებობს.

_ მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენთვის ბედნიერებაა, როცა მსხვერპლად ეწირებით.

_ მსხვერპლად ვეწირები! რას ვწირავ? შიმშილს ვწირავ და საკვებს ვიღებ; ლოდინს ვწირავ იმისთვის, რომ დადგეს დრო და მოვეხვიო ჩემთვის ყველაზე ძვირფას ადამიანს; ვეამბორო, ვინც მიყვარს: დავეყრდნო, ვისიც მჯერა. ეს მსხვერპლის შეწირვაა? თუ ეს ასეა, მაშ მსხვერპლად შეწირვა სასიამოვნოა ჩემთვის.

_ მერე შეძლებთ შეეგუოთ ჩემს უძლურებას, ჯეინ? უყუროთ ჩემს ნაკლს?

_ ჩემთვის ისინი არ არსებობს, ბატონო. ახლა უფრო მიყვარხართ, როდესაც შემიძლია მეტად გამოგადგეთ, ვიდრე მაშინ, როდესაც ამაყი და დამოუკიდებელი, ყველას მფარველი და დამხმარე თავად იყავით.

_ აქამდე მძულდა, როდესაც მეხმარებოდნენ და ხელით დავყავდი. ამიერიდან ვგრძნობ, ასე აღარ იქნება. მეჯავრებოდა, დავყრდნობოდი დაქირავებული ადამიანის მხარს, მაგრამ რა სიამოვნებაა, ვიგრძნო ჯეინის პატარა თითები. სრული მარტოობა მერჩია გამუდმებით მოსამსახურეების აქ ყოფნას. მაგრამ ჯეინის ნაზი ზრუნვა ჩემთვის სიამოვნების უშრეტი წყაროა. ჯეინ, ეს ჩემთვის ძალიან კარგია, მაგრამ ვაითუ თქვენ ხელს არ გაძლევთ? მე მიყვარს ჯეინი, მას თუ ვუყვარვარ?

_ მთელი არსებით, ბატონო.

_ რადგან საქმე ასეა, რაღას უნდა ველოდოთ. ახლავე დავიწერით ჯვარი.

ლაპარაკობდა გაცხოველებით და ეს სახეზეც ემჩნეოდა. მასში კვლავ იფეთქა ძველებურმა ცხოველმყოფელობამ.

_ ყოველგვარი დაყოვნების გარეშე ერთნი უნდა გავხდეთ, ჯეინ. უნდა მივიღოთ ნებართვა და ჯვარი დავიწეროთ.

_ მისტერ როჩესტერ, ახლაღა შევნიშნე, მზე საკმაოდ გადაიწვერა და პაილოტი, ალბათ, შინ წავიდა საჭმელად. მიჩვენეთ საათი.

_ ქამარზე დაიმაგრე, ჯენიტ, და შენ გქონდეს. მე არაფერში მჭირდება.

_ თითქმის ნაშუადღევის ოთხი საათია, ბატონო. გშიათ?

_ ორი დღის შემდეგ ჩვენი ქორწილი იქნება, ჯეინ. ძვირფასი ტანსაცმელი და სამკაულები ნუ გაფიქრებს. ამას არავითარი ფასი არა აქვს.

_ მზემ ამოაშრო წვიმის წვეთები, ბატონო. ნიავიც არ იძვრის. ჩამოცხა.

_ იცი, ჯეინ, შენი მარგალიტების პატარა მანიაკი მაქვს ამ ჩემს ბრინჯაოსფერ კისერზე, ჰალსტუხის ქვეშ. ჩემი ერთადერთი საუნჯის დაკარგვის დღიდან სამახსოვროდ დამაქვს, არ მომიშორებია.

_ ტყით წავიდეთ. ასე ჩრდილში ვივლით.

მისტერ როჩესტერი თავის ფიქრებს მიჰყვებოდა და ყურადღებას არ მაქცევდა.

_ ჯეინ, გავბედავ და გეტყვი, რომ, ალბათ, ურწმუნო ძაღლს მიწოდებ, მაგრამ ჩემი გული მადლიერების გრძნობითაა სავსე. მისი მზერა განსხვავდება ჩვეულებრივი მზერისგან. ის უფრო შორსმჭვრეტელია, ადამიანივით არ მსჯელობს, გაცილებით გონივრულად სჯის. ვცდებოდი. კინაღამ შევბღალე ჩემი უმწიკვლო ყვავილი, კინაღამ ცოდვა დავწამე მის უმანკოებას. ყოვლად ძლიერმა გამომტაცა ის ხელიდან. მე კი ჯიუტად ვბობოქრობდი და თითქმის ვწყევლიდი კიდეც ამ მოწყალებას. იმის მაგივრად, რომ ამ მსჯავრს დავმორჩილებოდი, ურჩობა გამოვიჩინე. ღვთიურმა სამართალმა თავისი გაიტანა. უბედურება უხვად დამატყდა თავს. იძულებული ვიყავი, გადამევლო სიკვდილის ველი. მისი სასჯელი მეტად დიდი იყო. ერთ-ერთმა სასჯელმა სამუდამოდ მომარჯულა. იცით, როგორ ვამაყობდი ჩემი სიძლიერით. ახლა კი რაღაა? როგორც ბავშვს არ შეუძლია სხვისი დახმარება თავისი უმწეობის გამო, ასევე მე ვერავის ვერაფერს ვარგებ. მხოლოდ გვიან, ჩემო ჯეინ, ძალიან გვიან შევიცანი ჩემს ბედში ღმერთის ხელი. სინდისის ქენჯნამ და სინანულმა შემიპყრო; შევთხოვდი ყოვლისშემქმნელს, ეპატიებინა ჩემი ცოდვები, ზოგჯერ ვლოცულობდი კიდეც. ცოტა ხანს, მაგრამ გულწრფელად. რამდენიმე დღის წინ, არა, შემიძლია გითხრა, ეს მოხდა ოთხი დღის წინ, გასულ ორშაბათს, ღამით, საოცარ განწყობილებაზე ვიყავი. გაშმაგება ნაღველმა შეცვალა და სიბრაზე _ სევდამ. დიდი ხანია ვფიქრობდი, რომ რადგან ვერსად გიპოვეთ, ალბათ, მკვდარი იყავით. იმ ღამით გვიან, თერთმეტ-თორმეტ საათზე, ვიდრე ჩემს ცივ საწოლს მივაშურებდი, ღმერთს შევთხოვე, წავეყვანე ამქვეყნიდან იმ სამყაროში, სადაც ჯეინთან შეხვედრის იმედი მექნებოდა.

ჩემს ოთახში ღია ფანჯარასთან ვიჯექი. მშვიდი ღამის ჰაერი მსიამოვნებდა. ვარსკვლავებს ვერ ვხედავდი, მაგრამ ბუნდოვანი, ჩემი თვალისთვის ოდნავ შესამჩნევი სინათლით ვიცოდი, რომ ბადრი მთვარე ამოსულიყო. მენატრებოდი, ჯენიტ! მთელი სულითა და გულით გნატრობდი! მორჩილად და სევდით მივმართე ღმერთს, ნუთუ არ კმარა-მეთქი ჩემთვის ასეთი სიმარტოვე, ტანჯვა, წამება. ნუთუ ვეღარ ვეღირსები სიამესა და მშვიდობას. ვგრძნობდი, რომ საკმარისად დავისაჯე, რომ მეტის ატანა აღარ შემეძლო. ვემუდარებოდი მას და, აი, ჩემი ნატვრის მთელი ალფა და ომეგა უნებურად მოსწყდა ბაგეებს და გამოიხატა სიტყვებში: `ჯეინ! ჯეინ! ჯეინ!~

_ ეს სიტყვები ხმამაღლა წარმოთქვით?

_ დიახ, ჯეინ. ვინმეს რომ გაეგონა, აუცილებლად გიჟად ჩამთვლიდა, ისეთი ფანტასტიკური სიძლიერით წარმოვთქვი.

_ და ეს მოხდა გასულ ორშაბათს, ღამით, დაახლოებით შუაღამისას?

_ დიახ. მაგრამ დროს არა აქვს მნიშვნელობა. რაც შემდეგ მოხდა, ის არის უცნაური. ალბათ, ცრუმორწმუნედ ჩამთვლი. რაღაც რწმენისადმი მიდრეკილება ყოველთვის მქონდა და ახლაც მაქვს სისხლში. ასეა თუ ისე, ეს სიმართლეა, ყოველ შემთხვევაში, მართალია ის, რაც გავიგონე და რასაც ახლა გეტყვი:

როდესაც წამოვიძახე "ჯეინ! ჯეინ! ჯეინ!" რაღაც ხმამ, ვერ გეტყვი, საიდან, მაგრამ ხმა კი ვიცანი, მიპასუხა: "მოვდივარ, დამიცადეთ~. ერთი წუთის შემდეგ კი ქარმა ჩურჩულით წარმოთქმული სიტყვები მომიტანა: "სად ხართ?"

თუკი შევძლებ, მინდა გადმოგცე ის ფიქრი, ის სურათი, რაც ამ ხმამ ჩემში გამოიწვია. მაგრამ ძნელია გადმოგცე ის, რაც მინდა. ფერნდენი, როგორც ხედავ, უღრან ტყეშია ჩაფლული, სადაც ყოველი ხმა ყრუდ ისმის და უკვალოდ იკარგება. "სად ხართ?" თითქოს მთებს შორის გაისმა, რადგან გავიგონე, მთებმა ბანი მისცეს მას. თითქოს ამ წუთს უფრო გრილი და მაცოცხლებელი ნიავი შეეხო ჩემს შუბლს. მომეჩვენა, თითქოს ჯეინს სადღაც უკაცრიელ, მიყრუებულ ადგილას ვხვდები. ალბათ, სულიერად კიდეც შევხვდით ერთმანეთს. შენ, უეჭველია, ამ დროს ღრმად გეძინა, ჯეინ. ალბათ, შენმა სულმა მიატოვა თავისი სამყოფელი და მოევლინა ჩემსას, რათა დაემშვიდებინა. ეს შენი ხმა იყო და ისე ვარ ამაში დარწმუნებული, როგორც ახლა სული მიდგას: კი, შენი ხმა იყო!

მკითხველო, სწორედ ორშაბათ ღამით, დაახლოებით შუაღამისას, მეც მომესმა საიდუმლო ძახილი. სიტყვებით "სად ხართ?" ვუპასუხე იმ ძახილს. ყურს ვუგდებდი მისტერ როჩესტერის თხრობას. მაგრამ ჩემი ზმანება არ გამიმჟღავნებია. ამ დამთხვევამ იმდენად გამაოცა და გამაოგნა, რომ მსჯელობის კი არა, ლაპარაკის უნარიც წამართვა.

_ ამიტომ აღარ გაგიკვირდება, _ განაგრძობდა ჩემი პატრონი, _ როდესაც წუხელ ისე მოულოდნელად მომევლინე, რატომ არ მჯეროდა, რომ ეს შენ ხარ და არა შენი ხმა, რომელიც ისევე წყდება, როგორც შუაღამის ჩურჩული და მთების გამოძახილი მიწყდა იმ ღამით. მაგრამ მადლობა ღმერთს! ვიცი, რომ ეს სულ სხვაა. დიახ, მადლობას ვწირავ უფალს.

მუხლიდან ჩამომსვა, წამოდგა, ქუდი მოწიწებით მოიხადა, უსინათლო თვალები დახარა და ასე, უსიტყვო მორჩილებით იდგა. მხოლოდ მადლიერების გამომხატველი სიტყვები მესმოდა:

_ მადლობას ვწირავ ყოვლისშემქმნელს, რომ განკითხვის დღეს მოიღო მოწყალება. მოკრძალებით ვთხოვ მაცხოვარს, მომცეს ძალა, მშვიდად და უცოდველად ვიცხოვრო.

შემდეგ ხელი გამომიწოდა. ძვირფას ხელს ხელი მოვკიდე, ერთხანს ტუჩებზე მივიკარი და შემდეგ მხრებზე შემოვიხვიე. მასზე გაცილებით დაბალი ვიყავი და, ამგვარად, მის საყრდენსაც წარმოვადგენდი და მეგზურსაც. ტყეში შევედით და შინისკენ გავეშურეთ.

თავი ოცდამეთვრამეტე

მკითხველო, მე მისი მეუღლე გავხდი. უხმაუროდ გადავიხადეთ ქორწილი. ქორწილზე მხოლოდ მისტერ როჩესტერი, მე, მღვდელი და კიდევ ერთი სასულიერო პირი ვიყავით. ეკლესიიდან დავბრუნდით თუ არა, სამზარეულოს მივაშურე, სადაც მერი სადილს ამზადებდა, ხოლო ჯონი დანებს წმენდდა. ვუთხარი:

_ მერი, ამ დილით მისტერ როჩესტერმა და მე ჯვარი დავიწერეთ.

ამ სახლის მნე და მისი მეუღლე ისეთი წესიერი, ფლეგმატური ადამიანები იყვნენ, რომ უშიშრად შეგეძლოთ მნიშვნელოვანი ახალი ამბავი, რა დროსაც გინდოდათ, გეთქვათ. ვერ გაიგებდით ყურისწამღებ წამოძახილებს და არც გაკვირვების გამომხატველი სიტყვებით დაგახვევდნენ თავბრუს. მაგრამ ამჯერად მერიმ შემომხედა და დამაკვირდა: ციცხვი, რომლითაც აშიშხინებულ წიწილებს ცხიმს უსვამდა, რამდენიმე წამს ჰაერში გაუშეშდა. რამდენიმე წამს ჯონმაც თავი ანება დანების გაპრიალებას. შემდეგ მერი კვლავ საქმეს მიუბრუნდა და მხოლოდ ეს წარმოთქვა:

_ მართლა, მის? ცხადია ასე იქნებოდა!

რამდენიმე ხნის შემდეგ განაგრძო: _ დაგინახეთ დილით ბატონთან ერთად რომ წახვედით, მაგრამ არ ვიცოდი, რომ ეკლესიაში მიდიოდით ჯვრის დასაწერად, _ და წიწილებს წვენი დაასხა. ჯონს შევხედე, ყურებამდე იღიმებოდა.

_ მერის ვუთხარი, ეს საქმე ასე დამთავრდება-მეთქი. ვიცოდი, ედვარდი (ჯონი მათი დიდი ხნის მსახური იყო. პატრონი მის ხელში გაიზარდა და ამიტომ ხშირად მას ნათლობის სახელს ეძახდა) როგორ მოიქცეოდა. დარწმუნებული ვიყავი, დიდხანს არ დაიცდიდა. სწორადაც მოიქცა, ჩემი აზრით. ბედნიერებას გისურვებთ, მის! _ და ზრდილობიანად დამიკრა თავი.

_ გმადლობთ, ჯონ. მისტერ როჩესტერმა დამავალა, ეს თქვენ და მერის გადმოგცეთ. _ ხელში ხუთგირვანქიანი ბანკნოტი ჩავუდე, პასუხს არ დავუცადე და სამზარეულოდან გამოვედი. როდესაც რამდენიმე ხნის შემდეგ ამ ოთახს ჩავუარე, ყური მოვკარი შემდეგ სიტყვებს:

_ შესაძლებელია, ეს უფრო გამოადგება, ვიდრე რომელიმე დიდებული ლედი, _ და შემდეგ: _ ლამაზი არაა, მაგრამ არც ამაყია. გულკეთილი ჩანს. ყველა ამჩნევს, რომ მისტერ როჩესტერისთვის ლამაზიცაა.

დაუყოვნებლივ შევატყობინე ყველაფერი მურ-ჰაუსსა და კემბრიჯში. ავუხსენი, რატომ მოვიქეცი ასე. დიანამ და მერიმ მაშინვე მოიწონეს ჩემი ნაბიჯი. დიანამ შემატყობინა: მოვიცდი, ვიდრე თაფლობის თვე გაქვთ და შემდეგ კი სიამოვნებით გინახულებთო.

_ უმჯობესია, ნუ დაუცდის ჩვენი თაფლობის თვის გასვლას, ჯეინ, _ მითხრა მისტერ როჩესტერმა, წერილი რომ წავუკითხე, _ თორემ დიდხანს მოუხდება ლოდინი. ჩვენი თაფლობის თვე მთელი ცხოვრება გაგვინათებს გზას და მისი სხივები მხოლოდ ჩვენს საფლავებზე ჩაქრება.

სენტ-ჯონი როგორ შეხვდა ამ ამბავს, არ ვიცი; წერილზე არ მიპასუხა. მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ მომწერა; არ უხსენებია მისტერ როჩესტერის სახელი და არც ჩემს ქორწინებას შეხებია. წერილი მეტად თავშეკავებული, სერიოზული იყო, მაგრამ თბილი. ამის შემდეგ თუმცა იშვიათად, მაგრამ მწერს ხოლმე წერილებს. იმედს გამოთქვამს, რომ ბედნიერი ვარ, და სჯერა, რომ იმ ურწმუნოთა რიცხვს არ ვეკუთვნი, რომელთაც მხოლოდ მიწიერი საქმეები აინტერესებთ.

ადელი ხომ არ დაგავიწყდა, მკითხველო? მე არ დამვიწყებია. ვთხოვე მისტერ როჩესტერს და მისი თანხმობით წავედი და ვინახულე სკოლაში. სიხარულისგან გადაირია, როცა დამინახა. მეც ავღელდი. გამხდარი და გაფითრებული ჩანდა. აქ ყოფნა მიჭირსო, მითხრა. გავიგე, რომ სასწავლებლის წესები და მეცადინეობა მეტისმეტად მკაცრი იყო ამ ასაკის ბავშვისთვის და შინ წამოვიყვანე. მინდოდა, ისევ მე მეთავა მისი აღზრდა. მაგრამ მალე მივხვდი, ეს შეუძლებელი იყო. მთელი ჩემი დრო და ზრუნვა მეორე ადამიანს _ ჩემს მეუღლეს სჭირდებოდა. ასე რომ, მოვძებნე უფრო შესაფერისი სასწავლებელი იქვე, ახლოს, სადაც მისი ნახვა ხშირად შემეძლებოდა. ისე გავაკეთე, რომ არაფერი მოჰკლებოდა. მალე თავის ახალ ბინას შეეჩვია და თავს ბედნიერად გრძნობდა. სწავლაშიც წინ მიდიოდა. ჯანსაღმა ინგლისურმა აღზრდა-განათლებამ აღმოფხვრა მისი ფრანგული აღზრდით შეძენილი ნაკლოვანებანი. ასე რომ, სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მისი სახით შინ სასიამოვნო და ზრდილი ადამიანი დაგვიბრუნდა: დამჯერი, კარგი ბუნების და კეთილშობილური აზრების მქონე. თავისი კეთილი დამოკიდებულებით ჩემდამი და ჩემი ახლობლებისადმი მან ჩემი უმცირესი სიკეთეც კი უხვად გადამიხადა.

ჩემი ამბავი დასასრულს უახლოვდება. კიდევ ორიოდე სიტყვა ჩემს ოჯახურ ცხოვრებასა და მათ ბედზე, ვის სახელებსაც ხშირად ვახსენებდი, და ვამთავრებ.

უკვე ათი წელია, რაც გავთხოვდი. ვიცი, რას ნიშნავს ცოცხლობდე მხოლოდ მისთვის, ვინც ამქვეყნად ყველაზე მეტად გიყვარს. თავს უბედნიერეს ადამიანად მივიჩნევ და სიტყვებიც არ მყოფნის ჩემი ბედნიერების ასაწერად. მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთის სიცოცხლით ვცოცხლობთ. არც ერთი ქალი არ ყოფილა ჩემზე უფრო ახლოს თავის მეუღლესთან. სულით და ხორცით ერთნი ვართ. ყოველთვის ბედნიერი ვარ მის ახლოს და ისიც ბედნიერია. არ ვბეზრდებით ერთმანეთს, ერთმანეთს არ ვღლით, ისევე როგორც საკუთარი გულის ფეთქვა არ გვღლის არც ერთს. ამიტომაც სულ ერთად ვართ. ჩვენთვის ერთად ყოფნა ნიშნავს მარტო ყოფნის თავისუფლებასა და ერთად ყოფნის მხიარულებას. მგონი, მთელი დღე ვლაპარაკობთ: სინამდვილეში, ეს არის მხიარული და ხმამაღალი ფიქრი. ვენდობი მას, ისევე როგორც ის მე. შესანიშნავად ვეწყობით ერთმანეთს და ამიტომაც ჩვენ შორის სრული თანხმობაა.

ჩვენი ქორწინებიდან ორი წლის განმავლობაში მისტერ როჩესტერს მხედველობა არ დაბრუნებია. შესაძლებელია, ამ გარემოებამაც დაგვაახლოვა ასე ერთმანეთთან! მე ხომ მაშინ მისი თვალი ვიყავი, როგორც ახლა მისი მარჯვენა. ერთი სიტყვით, მე ვიყავი (როგორც ის ხშირად მიწოდებდა) მისი თვალისჩინი. ბუნებას ჩემი თვალით უყურებდა, წიგნებს ჩემი თვალით კითხულობდა; არასოდეს ვიღლებოდი მის მაგივრად დამენახა ყველაფერი, ამეწერა მინდორი, ხე, ქალაქი, მდინარე, ღრუბელი ან მზის სხივი _ რაც ჩვენ თვალწინ იშლებოდა. ხმით მეგრძნობინებინა მისთვის ის, რისი შეგრძნებაც მის თვალებს არ შეეძლო. არ ვიღლებოდი. ვუკითხავდი წიგნებს, მიმყავდა მისთვის სასურველ ადგილებში, ვაკეთებდი, რაც უნდოდა. ეს საქმიანობა სრულყოფილ, საამო, თუმცა ოდნავ სევდიან ნეტარებას მაგრძნობინებდა, რადგან მას აწუხებდა ეს სამსახური, თუმცა ტკივილსა და დამცირებას არ განიცდიდა მისგან. იმდენად ვუყვარდი, რომ იცოდა, არ მიმძიმდა მისი სამსახური. გრძნობდა, იმდენად მიყვარდა, რომ ამ ზრუნვის გამოჩენა ჩემთვის სურვილის შესრულება იყო.

ორი წლის მერე, ერთ დილით, როდესაც მისი კარნახით წერილს ვწერდი, მოვიდა, დაიხარა ჩემს თავთან და მკითხა:

_ ჯეინ, რამე მოციმციმე სამკაული ხომ არ გიკეთია ყელზე?

ოქროს საათი მქონდა ძეწკვზე და ვუპასუხე: _ კი.

_ ბაცი ცისფერი კაბა გაცვია?

ასეც იყო. აქ მან მითხრა: _ რამდენიმე ხანია მეჩვენება, რომ თვალზე ბინდი თითქოს შემითხელდა, ახლა კი დავრწმუნდი, რომ მართლაც ასეა.

ლონდონში წავედით. რჩევისთვის გამოჩენილ თვალის ექიმს მივმართეთ და მალე მისტერ როჩესტერს ცალ თვალში მხედველობა დაუბრუნდა. გარკვევით ვერ ხედავს, არც წერა-კითხვა შეუძლია, მაგრამ დაუხმარებლად დადის. ცა აღარ არის ცარიელი მისთვის. აღარც დედამიწაა წყვდიადით მოცული. როდესაც თავისი პირველი შვილი მიაწოდეს, დაინახა, რომ ბიჭს მისი თვალები გამოჰყოლოდა, ისეთივე დიდრონი, შავი და მოელვარე, ერთ დროს მას რომ ჰქონდა. ამიტომ მთელი გულით ერთხელ კიდევ აღიარა, რომ ღმერთმა მოწყალე თვალით გადმოხედა.

ჩემი ედვარდი და მე ბედნიერები ვართ. ჩვენს ბედნიერებას ისიც აძლიერებს, რომ ჩვენთვის საყვარელი ადამიანებიც თავს ბედნიერად გრძნობენ. დიანა და მერი გათხოვდნენ. რიგრიგობით, ყოველ წელს, გვესტუმრებიან ხოლმე და ჩვენც მივდივართ მათ სანახავად. დიანას მეუღლე საზღვაო კაპიტანია, მამაცი ოფიცერი და კარგი ადამიანი. მერის მეუღლე კი სასულიერო პირია: სენტ-ჯონთან ერთად სწავლობდა კოლეჯში. თავისი ცოდნითა და შეხედულებებით თავისი გულის რჩეულის ღირსია. კაპიტან ფიცჯემსსა და მისტერ უორტონს ძალიან უყვართ ცოლები და ისინიც ასევე პასუხობენ მათ სიყვარულს.

რაც შეეხება სენტ-ჯონ რივერსს, მან დატოვა ინგლისი, ინდოეთში წავიდა და თავის არჩეულ გზას მიჰყვა. უყოყმანოდ, ერთგულად, თავდადებულად, ენერგიულად, მონდომებითა და წრფელი გულით შრომობს თავისი მოდგმის საკეთილდღეოდ და ცოდვებს უმსუბუქებს მათ, გოლიათური ხელით ანადგურებს მათში დაბუდებულ დამაბრკოლებელ აზრებსა და გვაროვნული უპირატესობის რწმენას. ის, შეიძლება, შეუბრალებელია; შეიძლება, მომთხოვნია, პატივმოყვარეც, მაგრამ მისი სიმკაცრე იმ ჯარისკაცის სიმკაცრეს ჰგავს, რომელიც პილიგრიმის ქარავანს აპოლიონის თავდასხმისგან იცავს; მისი მომთხოვნელობა _ იმ მოციქულისას, რომელიც ქრისტესთვის ღაღადებს, როცა ამბობს: "ვინც გაჩნდება ჩემ შემდეგ, უარი თქვას თავის თავზე, აიღოს ჯვარი და გამომყვეს~. პატივმოყვარეობა იმ მაღალი სულის ადამიანებისა აქვს, რომლებიც მიზნად ისახავენ პირველობას მიწიდან ამაღლებულთა შორის; რომლებიც იზიარებენ წამებულთა გამარჯვებებს; რომლებიც არიან მოწოდებულნი, რჩეულნი და ერთგულნი.

სენტ-ჯონი უცოლოა. არც შეირთავს ცოლს. თავისი თავი ამ საქმეს შესწირა. და ეს საქმეც დასასრულს უახლოვდება. მისი დიდებულების მზე უკვე ჩადის, მისმა უკანასკნელმა წერილმა ამატირა, მაგრამ მაინც ნეტარებით ამავსო. ის ელის თავის ჯილდოს, გვირგვინს, რომელსაც ვერავითარი ფულით ვერ იყიდი. ვიცი, შემდეგი წერილი უცნობისგან მომივა და მაცნობებს, რომ ეს ქველი და ერთგული მსახური საბოლოოდ თავისთან მიიხმო უფალმა. მაშ, რატომ ვტირი? სიკვდილის შიში ვერ დააბნელებს სენტ-ჯონის უკანასკნელ საათს: მისი გონება ნათელი იქნება, გული _ უშიშარი, იმედი _ ნამდვილი, რწმენა _ შეუდრეკელი. ამის საბუთია მისი სიტყვები:

_ ჩემმა პატრონმა, _ მწერდა ის, _ წინასწარ გამაფრთხილა. ყოველდღე უფრო და უფრო გარკვევით მესმის: მალე მოგევლინები! და ყოველ საათს მეტი მონდომებით ვუპასუხებ: "ამინ, აღსრულდეს ნება შენი, იესო მაცხოვარო!~

დასასრული