ორი ბილეთი წალკოტამდე (თავი IV) - გზაპრესი

ორი ბილეთი წალკოტამდე (თავი IV)

მონიტორის ბრტყელ ეკრანს მივაჩერდი. კოკის სიტყვები გავიხსენე, გაეცანით ყველაფერს, თუ საჭიროა, გააცანით თქვენს კოლეგებსაც და დამირეკეთო. მამუკასთან საუბრის შემდეგ ჯიუტად გადავწყვიტე, საქმისთვის ხელი მომეკიდა. ჯერ ერთი, სარისკო საქმეები მიზიდავდა და მეორეც, კოკისთან ურთიერთობაც მხიბლავდა. ამ საქმეში კი იყო რაღაც დამაინტრიგებელი, თუნდაც ის, რომ `მძლეთამძლეებთან~ მომიწევდა შეჯახება. სურვილი მკლავდა გამეგო, რომელი `მფარველი ანგელოზი~ იმალებოდა მოდავეების ზურგს უკან, ვისი სახელი და გვარი ამოტივტივდებოდა საქმის მსვლელობისას. თითქოს აზარტში შევდიოდი. წარმოვიდგინე, როგორ დამიბარებდნენ ვიღაცები იქ, ზემოთ, მომცემდნენ მითითებებს, გამაფრთხილებდნენ შემპარავად, ტკბილად, ვითომ კონკრეტულად არაფერს მოითხოვდნენ ჩემგან და, თუ კერკეტი კაკალი გამოვდგებოდი, როგორ წამოვიდოდა ჩემი მისამართით მუქარის ზარები, შეშინებები, შეიძლება ჩასაფრებები და ბოლოს თავდასხმებიც. გამეღიმა. რატომღაც, ზაფრა არ მომგვარა ყოველივეს წარმოდგენამ. თითქოს თამაშში ვებმებოდი, სახიფათო, სიკვდილ-სიცოცხლეზე დამოკიდებულ თამაშში.

კოკიმ ისიც მითხრა, თუ საქართველოში არ ვიქნები, კავშირი ჩემს მდივანთან იქონიეო. ამიტომაც ჯერ ლაცაბიძესთან მოვსინჯე, იქნებ აქ არის და მდივანთან დალაპარაკება სულაც არ დამჭირდეს-მეთქი.

დილის ცხრა საათი იყო, ამიტომ ვიფიქრე, სავარაუდოდ, ავტომოპასუხე ჩაირთვება-მეთქი. შევცდი. როგორც კი ნომერი ავკრიფე, ნაცნობი დაბალი ხმა გავიგონე.

- გისმენთ.

ტელეფონი კინაღამ ხელიდან გამივარდა. გულმა მოღალატურად გამოტოვა დარტყმა და სუნთქვა შემიჩერდა. მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ შევძელი ხმის ამოღება:

- კოკი, თქვენ ხართ? ბაბი ვარ, ადვოკატი... - აღარ გავაგრძელე.

- გისმენთ, ბარბარე, - ჩემდა გასაკვირად, ოფიციალური ტონით მომმართა კოკიმ. მომეჩვენა, რომ მთლად კარგ ხასიათზე ვერ იყო.

- მაპატიეთ, ასე ადრე რომ გირეკავთ, - რაც შეიძლებოდა, ჩქარ-ჩქარა მივაყარე, - მინდოდა, შეტყობინება ავტომოპასუხეზე დამეტოვებინა... მზად ვარ, თქვენთან ვითანამშრომლო, ამიტომ შეხვედრა მოგვიწევს.

- კარგ დროს კი დამირეკეთ... წუხელ ჩამოვფრინდი შტატებიდან. საღამოს რომ შეგხვდეთ, გაწყობთ?

- ს-საღამოს? - რა ჯანდაბა მემართება, ენა რომ მებმება? აზრები გონებაში ერთმანეთში გადაიხლართა. ახლა ასე მემართება და ახლოს რომ ვნახავ, რაღა მომივა? რაც არის, არის, სამსახური სამსახურია.

- მშვენიერი იდეაა, თანახმა ვარ, - რაც შეიძლებოდა მშვიდად ვთქვი.

კოკი შეიძლება მიხვდა კიდევაც, რომ შევყოყმანდი, მაგრამ არაფერი მაგრძნობინა.

- ძალიან კარგი. მაშინ ხუთისთვის სამსახურთან დაგელოდებით... თუ უფრო გვიან გირჩევნიათ?

- ექვსის ნახევრისთვის, თუ თქვენთვის პრობლემა არ იქნება, - დრო გადავწიე, რადგან ხუთზე ერთ კლიენტთან შეხვედრა მქონდა.

- არ იქნება. მაშინ საღამომდე, ოკეი? - შტატების გავლენა ბოლო შეკითხვით გამოხატა ლაცაბიძემ და გამითიშა.

ძალიან ლაკონიური გამოდგა ჩვენი საუბარი. აშკარა იყო, მამაკაცი სიტყვების უაზროდ ხარჯვას არ იყო შეჩვეული.

ტანსაცმელზე დავიხედე. სამსახურში წასასვლელად ვიყავი გამზადებული, სწორი, ვიწრო შარვალი და თეთრი კოფთა მეცვა, გარედან კი ნაცრისფერი გრძელი ჟაკეტი მქონდა შემოცმული. ჩემს ოფისამდე სულ რაღაც ნახევარი კილომეტრი იქნებოდა, ამიტომ ხშირად ფეხით მივდიოდი და მოვდიოდი. დილით სუფთა ჰაერით ვტკბებოდი, საღამოს - გაჩახჩახებული ქალაქის ცქერით. მანქანით მხოლოდ მაშინ გავდიოდი გარეთ, როცა საქმეს ტელეფონით ვერ ვაგვარებდი და ბევრი სარბენი გამომიჩნდებოდა.

მოვიღუშე. ლაცაბიძე ალბათ მდიდრულად და მოდურად ჩაცმულ ქალებთან ურთიერთობასაა შეჩვეული. ხომ არ გამომეცვალა ტანსაცმელი? ერთი მაგისიც! რაში მეკითხება, როგორ ქალებს ხვდება? რა ჩემი საქმეა? მე მხოლოდ საქმიანი ვახშამი მაქვს კლიენტთან, მეტი არაფერი. თავს მშვენივრად ვგრძნობ ამ ფორმაში და ასევე წავალ. არც კი ვაფიქრებინებ, რომ მის გამო გამოვიპრანჭე. სავარაუდოდ, მაინც ვერ შეამჩნევს, როგორ მაცვია.

მაგრამ კოკიმ შეამჩნია. ექვსის ნახევარზე, გამოვედი თუ არა ოფისიდან, მანქანას მიყრდნობილმა ხანგრძლივი, შემსწავლელი მზერა მომაპყრო. ისეთი სახე მივიღე, თითქოს მისმა დანახვამ ვერავითარი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა ჩემზე. მისალმების ნიშნად გავუღიმე და ხელი გავუწოდე.

- მიხარია თქვენი დანახვა, კოკი, - ვუთხარი და მივხვდი, არ დაიჯერა. ეს ზანტ ღიმილზეც შეეტყო და ნაპერწკლებით სავსე თვალებზეც.

- მეც ასევე, - გაჭიანურებული ტონით მომიგო.

- გეგმა ჩამოვწერე, საიდან უნდა დავიწყო საქმის მოკვლევა და მინდა გაგაცნოთ, - ვთქვი და ხელი ჩამოვართვი თუ არა, ელდამ დამიარა სხეულში. თავს ვერაფერს ვუხერხებდი.

- თუ შეიძლება, ცოტა მოგვიანებით, ახლა ძალიან მშია, - მისი ლურჯი თვალები თითქოს მბურღავდნენ, ისე ღრმად იჭრებოდნენ ჩემს სულში.

სასწაული თვალები ჰქონდა. რომ არ მცოდნოდა, ვინ იყო, ვიფიქრებდი, რომ კონტაქტურ ლინზებს ხმარობდა.

- იმედია, დღეს სასწრაფო საქმე არაფერი გექნებათ. ლანჩის შემდეგ მშენებლობაზე მინდა გავიარო, სადაც არქიტექტორს უნდა შევხვდე. მინდოდა, თქვენც გენახათ იქაურობა, რომ წარმოდგენა გქონდეთ.

- თუ ეს საქმეს წაადგება, მთლიანად თქვენს განკარგულებაში ვარ, - საქმიანი დავიჭირე.

- როგორი გულუხვი ხართ, - მისი ტუჩები მგრძნობიარე ღიმილმა შეარხია.

დიახაც! მას წარმოდგენაც არა აქვს, რამდენად ახლოსაა მისი ნათქვამი ჭეშმარიტებასთან.

- წავედით? - შევეკითხე და სწორედ ამ დროს ოფისიდან ვანდი გამოვიდა. არასდროს დამავიწყდება მისი აღფრთოვანებული მზერა, როცა კოკისთან ერთად დამინახა. თვალი შეუმჩნევლად ჩავუკარი და გავიფიქრე, ამწუთას სიამოვნებით გაგიცვლიდი ადგილს-მეთქი. ამ კაცის სიახლოვე მთრგუნავდა.

კოკი ვერცხლისფერი სპორტული მანქანით იყო. ასეთი მანქანა ჯეიმს ბონდს უფრო მოუხდებოდა. ახლა უკვე მიხაროდა, შარვალი რომ მეცვა. მანქანას ისეთი დაბალი სავარძელი ჰქონდა, წარმოვიდგინე, როგორ გადამეხსნებოდა ქვედაბოლო, როცა დავჯდებოდი. ალბათ მუხლები ყელთან მომებჯინებოდა. ეს კი ნამდვილად არ მინდოდა. ასე კი, შარვლით, კომფორტულად მოვკალათდი სალონში და არავითარი უხერხულობა არ მიგრძნია. მაგრამ კომფორტის შეგრძნება იმწამსვე გამიქრა, როგორც კი კოკი გვერდით მომიჯდა. ის ზედმეტად ახლოს აღმოჩნდა ჩემთან. მისი სუნამოს არომატი ცხვირთან მომელამუნა და მსუბუქმა თრთოლამ დამიარა.

- შორს მივდივართ? - როგორც ჩანს, ხმამ მიღალატა. ასე მეგონა, ჩემ ნაცვლად სხვა ლაპარაკობდა.

- არც ისე, - კოკიმ მანქანა დაქოქა, - ჩემს მეგობარს აქვე, ახლოს პატარა რესტორანი აქვს, იქ ვსადილობ ხოლმე. თქვენ ხომ არ იქნებით წინააღმდეგი?

არა-მეთქი, თავი გავაქნიე. რამდენიმე წამი დამჭირდა, რომ წონასწორობა აღმედგინა და ავლაპარაკდი.

- მე მიყვარს ჩემი სამუშაო. სიზარმაცე არ მახასიათებს. შეიძლება გკითხოთ, თქვენთან ვინ გამიწია რეკომენდაცია?

სწორედ ამ დროს ლაცაბიძემ წესრიგი დაარღვია, წითელ შუქზე გაიარა და რამდენიმე მანქანის სიგნალით შეგინებაც დაიმსახურა.

- რა? ა, არ მახსოვს. ეს ასე მნიშვნელოვანია?

პასუხი არ გავეცი, მხოლოდ ირიბად გავხედე და დავტკბი მისი ცქერით. ღმერთო, როგორი სექსუალურია. ისე მომწონდა, მინდოდა, სულ მეყურებინა და როცა ჩემი თავი ამაში გამოვიჭირე, სასწრაფოდ მოვარიდე მზერა.

დარჩენილი გზა სრულ მდუმარებაში გავიარეთ. როცა მანქანა პატარა, ლამაზ რესტორათან გაჩერდა, უკვე დამშვიდებული ვიყავი და ცოტათი დაძაბულობაც მომეხსნა. რა თქმა უნდა, `მისტერ ამერიკა~ ძალიან მიმზიდველია. სიმდიდრე ყველაზე მეტად უწყობს ხელს, რომ თავდაჯერებული და საკუთარ ძალებში დარწმუნებული იყოს. მაგრამ ცივი გამოხედვა იმაზე მიუთითებს, რომ შეიძლება სასტიკიც იყოს და უკომპრომისოც. საქმოსანი ადამიანების უმრავლესობა ხომ ასეთია. რაც შეეხება მისი ქცევის მანერას, აშკარად იმაზე მეტყველებს, რომ ეგოისტი და პატივმოყვარეა. როგორც ჟურნალ-გაზეთებიდან წამეკითხა, ქალებს ხელთათმანებივით იცვლიდა. მას რომ ვუყურებდი, უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი, რომ პრესა არ ტყუოდა. ასეთ მამაკაცებს ვერ ვიტანდი. მეზიზღებოდა ეგოისტები, რომლებიც მხოლოდ იღებენ და არაფერს გასცემენ, რომლებიც მიჩვეულნი არიან, დაითრიონ ყველაფერი, რაც სურთ, თან ჩათვალონ, რომ ამის სრული უფლება აქვთ.

- არ მოგწონთ?

- რა?.. - დავაფიქსირე, რომ ჩემ წინ აღმართულ შენობას უაზროდ მივშტერებოდი, - უი, მაპატიეთ, ჩავფიქრდი, - სასწრაფოდ მოვუბოდიშე, - არაჩვეულებრივი ადგილია.

- შეინარჩუნეთ უბრალოება, ჩემს მეგობარს არ უყვარს `ელიტა~ ქალები, რომლებიც აქაურობას ხშირად ეძალებიან. მის რესტორანში მაგიდის დასაკავებლად ნამდვილი ომი ჩაღდება ხოლმე.

- ალბათ კარგი კერძები აქვთ.

- დიდებული.

კოკი საოცარი სილამაზით გადავიდა მანქანიდან, ჩემ მხარეს შემოუარა და კარი გამიღო. შურით ვადევნებდი თვალს. თვითონ ვერასდროს შევძლებდი, ასე ელეგანტურად გადავსულიყავი ასეთი დაბალი მანქანიდან. მან ხელი გამომიწოდა და აი, უკვე მის წინაშე ვიდექი ღაწვებშეფაკლული და ზედმეტად აღგზნებული.

კოკი წინ წავიდა, მე კი უკან მივყევი. არ შემეძლო გულგრილად მეყურებინა მისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ზურგით იყო ჩემკენ. ასედაც არაჩვეულებრივი შესახედავი იყო. სექსუალური, სექსუალური და კიდევ ერთხელ სექსუალური. სიამოვნებით ვიურთიერთებდი ასეთი გარეგნობის მამაკაცთან, უბრალო მოკვდავი რომ ყოფილიყო. მაგრამ რაწამსაც გამახსენდებოდა, რომ საქმე ცნობილ, თანაც უცოლო ბიზნესმენთან მქონდა, კანკალი ამიტანდა. იგი ჩემნაირ ქალს ერთი ღამითაც კი არ ინდომებდა. ერთ საათს თუ დამითმობდა, ალბათ ამისთვისაც მადლობელი უნდა დავრჩენილიყავი. არადა, სულაც არ ვარ ურიგო ქალი. დათო `საშინლად მოხდენილს~ მეძახის. თუმცა რაღაც საგანგაშო მაინც შეინიშნება ჩემში, თითქოს დაუცველობის სინდრომით ვიყო დაავადებული. იქნებ ეს შიშია? შიში მორიგი მამაკაცის შეყვარებისა? ასე როგორ გამიტეხა გული მაგ დამპალმა გოლამ! ქალურობა ჩაკლა ჩემში. რამდენი წელი გავიდა და ვერა და ვერ მომიშუშდა მისგან მოყენებული ჭრილობები. კიდევ ერთხელ გაირბინა წარსულმა თვალწინ, მაგრამ ფიქრში აშლილ კადრებს არანაირი ემოცია არ მოჰყვებოდა. კიდევ კარგი, ისევ ისე ძლიერად არ განვიცდი იმ წლების ამბავს, თორემ ალბათ მეტად ვეღარ გავუძლებდი...

ნეტავ ამას თუ ვაინტერესებ, როგორც ქალი? ჯერჯერობით ვერაფერს ვატყობ. იქნებ სურს, ჯერ კარგად შემისწავლოს და ნიადაგი მერე მომისინჯოს? იქნებ სწორედ ამიტომ ამირჩია თავისი ძმაკაცების საქმის გასაძღოლად? გამორიცხული არაფერია. შეიძლება მონადირის როლს თამაშობს და ჯერ ჩასაფრებულია.

- კოკი, შე ბებერო! - გაისმა ბოხი შეძახილი. ვიღაც იტალიელივით წარმოსადეგი გარუჯული მამაკაცი ხელებგაშლილი წამოვიდა მისკენ და გადაეხვია. მერე ზურგებზე დიდხანს უტყაპუნეს ერთმანეთს ხელები და იცინეს. მოულოდნელად ზურგით მდგარი უცნობი ლაცაბიძეს მოსცილდა და ჩემკენ შემობრუნდა:

- თბილისის ყველაზე ლამაზი ქალი ჩემს ღარიბულ რესტორანს ეწვია და პატივი დამდო. ეს ლამაზმანი კი შენ მოიყვანე ჩემთან, მეგობარო! რით გადაგიხადო მადლობა?

- გეყოფა, გივი. ამ ლამაზმანზე ეგეთები არ მოქმედებს, - მშრალად შენიშნა კოკიმ, - გაიცანი, ბარბარე ქებაძე, ადვოკატი და ჩემი მეგობარი. ასე რომ, რომანტიკულ ილუზიებს ტყუილად ნუ შეიქმნი.

- მე მგონი, რაღაც შანსი მაინც მრჩება, მთლად წყალს ნუ გადამიწურავ, - გაიხუმრა გივიმ და თვალი ჩამიკრა.

მეც გამეცინა.

- თუ კერძებიც ისეთი ბრწყინვალეა ამ რესტორანში, როგორიც დახვედრა, მაშინ ადვილი მისახვედრია, რატომაც სარგებლობთ პოპულარობით, ბატონო გივი, - ეგრევე გავუშინაურდი მასპინძელს.

- ბაბი, შენ წინაშეა საქართველოში ყველაზე საშიში დონჟუანი, დედით იტალიელი და მამით მეგრელი.

ახლა ამაზე აგვიტყდა სიცილი.

- ბაბი ხუტას საქმეზე მუშაობს, სხვათა შორის, - მოულოდნელად ჩაურთო კოკიმ.

- მართლა? - გულწრფელი გაოცება გამოეხატა გივის სახეზე, - თქვენ ზედმეტად ლამაზი ხართ იმისთვის, რომ ასეთი საქმის ადვოკატობა იკისროთ. არ მჯერა.

- მაშინ ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ, - გაიხუმრა კოკიმ და მეგობარს მხარზე ხელი დაჰკრა, - ჩემი მაგიდა თავისუფალია?

- როგორც ყოველთვის. შენი ერთი ზარი საკმარისია, რომ მაგიდა სასწრაფოდ გათავისუფლდეს.

გივიმ ჩვენთვის განკუთვნილ მაგიდამდე მიგვაცილა და დროებით დაგვემშვიდობა. იმავ წამს ოფიციანტი მოგვიახლოვდა და მოგვესალმა თუ არა, მაგიდაზე ორი მენიუ დაგვიდო.

ამასობაში დარბაზი მოვათვალიერე. ხალხი ბლომად ირეოდა, მაგრამ ყაყანი არ ისმოდა, პირიქით, ერთობ ინტიმურიც კი მომეჩვენა გარემო. წყნარი მუსიკა უკრავდა, არავითარი სოლო შემსრულებლები აქაურ სცენას არ ამშვენებდა.

- არ გეწყინოს გივის ნათქვამი. უბრალოდ, გაცნობის ასეთი მანერა ახასიათებს. იტალიური ტემპერამენტი მაინც თავისას შვრება. მისი მეუღლეც იურისტია, ასე რომ, საქმიანი ქალების საწინააღმდეგო არაფერი აქვს. მხოლოდ და მხოლოდ გადაპრანჭული ქალბატონები არ მოსწონს.

თავი დავუქნიე. მისი ნათქვამი ჩემს პროფესიაზე დიდად არ მომეფონა გულზე, მაგრამ მიჩვეული ვიყავი, რადგან არაერთხელ შევჯახებივარ მსგავს რეაქციებს, როცა გაიგებდნენ, რომ ადვოკატი ვარ. ქალ-ადვოკატებს მაინცდამაინც არ სწყალობენ მამაკაცები. იმისთვის, რომ მათი პატივისცემა დამემსახურებინა, გულისყურით ვაკეთებდი ჩემს საქმეს, რათა დამემტკიცებინა, რომ არც ერთ კაც-ადვოკატზე ნაკლები არ ვიყავი.

- რადგან კარიერაზე ჩამოვარდა ლაპარაკი, - გააგრძელა კოკიმ, - შეიძლება გავიგო, რატომ აირჩიეთ ასეთი უჩვეულო პროფესია?

- რატომ უჩვეულო, კარგი ადვოკატი ქალები ასეთი იშვიათობაა?

- რა თქმა უნდა. აი, წამით დავფიქრდი და ერთი ცნობილი ქალი-ადვოკატი ვერ გავიხსენე.

უკმაყოფილო ღიმილი გამოვისახე. ესეც ისეთია, როგორიც ყველა კაცი.

- მე მიყვარს ჩემი საქმე.

- თან საკუთარი საადვოკატო ფირმა გაქვთ, არა?

- ჰო, საკუთარი. ორნი ვართ წილში.

- ესეც ბიზნესია, ხომ მეთანხმებით? ბიზნესი კი მძიმე სამუშაოა. კაცები არ არიან მიჩვეული, ქალებისგან მიიღონ მითითებები, მით უფრო ისეთი მზეთუნახავისგან, როგორიც თქვენ ხართ.

მხრები ავიჩეჩე.

- ხანდახან გარეგნობა ძალიან მატყუარაა, - სერიოზული ტონით წარმოვთქვი.

- და თქვენ ვინ ხართ? იდუმალი ლედი?

- მე ვარ ლედი იდუმალების გარეშე, - ნიშნის მოგებით გავუღიმე.

უცნაური მზერით გამომხედა, სავარძლის საზურგეს მიაწვა და დაჟინებული მზერა მესროლა.

ოფიციანტმა ერთი ბოთლი ღვინო და მინერალური წყალი მოიტანა.

- ეს ჩემი საყვარელი ღვინოა, - თქვა კოკიმ, - ოცდათხუთმეტი წლის განვლილმა ცხოვრებამ რაღაც-რაღაცები მასწავლა. პირველ რიგში ის, რომ ფული არასდროს უნდა დაინანო კარგი ღვინისთვის. იგი თითოეული დახარჯული ლარის ფასად ღირს. მეორე: აზარტული თამაშები მხოლოდ სულელებისთვისაა გამოგონილი და მესამე: ქალს არასდროს უნდა ენდო, განსაკუთრებით ლამაზებს, რომლებსაც აბრეშუმივით რბილი ჟღალი თმა აქვთ და შავი თვალები, ჩვენს აბობოქრებულ ზღვასავით, რომლის დამალული სიღრმეები უამრავ საიდუმლოს ინახავს. თქმა არ უნდა, მათი გაგება ისეთივე ადვილი იქნება, როგორც იმ საღებავის დასახელებისა, რომლითაც თმა აქვს შეღებილი. თუმცა თქვენი თმა სრულიად ბუნებრივს ჰგავს. მგონი, არ იღებავთ...

- არა, არ ვიღებავ, - გამჭოლი მზერა ვესროლე.

ამას ჰგონია, თუ დამითრია, მალე მოვბეზრდები... ჰმ...

- ეს კარგია. ახლა კი მენიუს გადავხედოთ... პირადად მე, ჩვენთვის კარგად ცნობილი კერძებიდან რეკომენდაციას მწვადს, ხინკალს და ქაბაბს გავუწევ. უცხო კერძებიდან კი სალათას ლიმონითა და პიტნით. ასევე...

- თუ შეიძლება, მე თვითონ ავარჩევ, - გაღიზიანებულმა გავაწყვეტინე. მისმა მონოლოგმა გუნება მომიშხამა. თუ არ მენდობა, რისთვის დამიქირავა?

ვახშამმა, რომელიც კოკიმ ლანჩად მონათლა (ალბათ უნდა შესტყობოდა, რომ შტატებიდან ეს-ესაა, ჩამოვიდა), წმინდა საქმიან ვითარებაში ჩაიარა. მე მხოლოდ ყავა დავლიე და ორი ნაჭერი ნამცხვარი მივაყოლე. კოკის გულით უნდოდა, ყველაზე ეგზოტიკური და ძვირად ღირებული კერძები დაეყარა მაგიდაზე, მაგრამ ქვა ავაგდე და თავი შევუშვირე, საღამოს ბევრს არ მივირთმევ და ტყუილად ნუ დაიხარჯებით-მეთქი.

- თითო ჭიქა ღვინო მაინც დაგველია... - შემომთავაზა.

- ღვინოს არ ვსვამ.

- მაშინ...

- არც შამპანურს, - გამოვიცანი, რაც უნდა ეთქვა და დავასწარი, - გარდა ამისა, გაზიან სასმელებსაც არ ვეკარები.

ეშმაკური ღიმილი გამოესახა ლამაზ ტუჩებზე.

- წყალს მაინც თუ სვამთ?

- წყალს კი, - სიცილი ამიტყდა, - წყალს და ყავას.

- გასაგებია. პირველად ვხედავ ქალს, რომელიც ალკოჰოლიან სასმელს არ ეტანება.

- რატომ გგონიათ? კონიაკს ვსვამ... არაყსაც ხანდახან.

- რას მელაპარაკებით! - გაიოცა და კვლავ უკან, სავარძელზე გადაიხარა, რომ უკეთ შევეთვალიერებინე, - აი, ამას კი ნამდვილად არ ვიფიქრებდი. ახლავე მოვატანინებ.

- არა, არა, ახლა ნამდვილად ვერ დავლევ. ცოფის საწინააღმდეგო აცრა მაქვს გაკეთებული და... - არადა, არასდროს ისე არ დამჭირვებია ალკოჰოლი, როგორც ახლა მჭირდებოდა.

- ექვსი თვე წვეთი არ უნდა დალიოთ.

- მართალია.

- ძაღლმა გიკბინათ?

- არა, სამი თვის წინ ჟანგიანი ლურსმანი შემერჭო ფეხში.

- ოუჰ! - შუბლი შეკრა და ისე შეიცხადა, თითქოს თვითონაც გამოეცადოს მსგავსი ტკივილი.

- მოდი, ამას თავი დავანებოთ და საქმეს მივხედოთ, - სწრაფად მოვისხიპე ღიმილი, თმა ყურს უკან გადავიწიე, ბლოკნოტი გადავშალე და ჩავახველე.

- არ შეიძლება სხვა დროისთვის გადავდოთ?

- რომელი სხვა დროისთვის? - გაოცებულმა შევხედე.

- რა ვიცი, ხვალისთვის, ზეგისთვის... - ხელები ისე გაშალა, თითქოს ბოდიშს მიხდიდა, რომ საქმეების განხილვის ხასიათზე არ იყო.

გაგრძელება ჟურნალ გზის მე-40 ნომერში