ორი ბილეთი წალკოტამდე (თავიVI) - გზაპრესი

ორი ბილეთი წალკოტამდე (თავიVI)

- მგონი, გასაგებად გითხარით, რომ აქ ჩემი დაზღვევა არ მოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიურად არ მიჭირს, ფულის გადაყრას არ ვაპირებ!

- შესანიშნავია! - დამცინავად გააწკლაპუნა ტუჩები, - ოღონდ საქმე ისაა, რომ ნამდვილად არ მაქვს იმის დრო, რიგში დავდგე და ველოდო, როდის გათავისუფლდება თქვენი ოჯახის ექიმი, მერე მიგიღებთ, მერე გაგსინჯავთ და ბოლოს, ვინ იცის, იქნებ არც ჩათვალოს საჭიროდ თქვენი ტრავმატოლოგთან გაგზავნა. კარგად ვიცი, როგორც მუშაობენ ეგ სადაზღვევო კომპანიები.

- ცუდი წარმოდგენა გქონიათ სადაზღვევო კომპანიებზე. ვატყობ, არც კი იცით, არსებობს თუ არა დაზღვევა.

- ახლა ამის გარჩევის დრო არ გვაქვს, ბაბი. მაპატიეთ, მაგრამ უამრავი საქმე მაქვს, დრო კი არ ითმენს.

- და იმისთვის, რომ აქ მომიყვანეთ, მადლობა უნდა გადაგიხადოთ? - კბილებში გამოვცერი და ჯიბრიანი მზერა მივაპყარი.

- მადლობა არა, მაგრამ ბოდიში მაინც უნდა მომიხადოთ, უსამართლოდ რომ მდებთ ბრალს.

- ბოდიში, ბატონო, - ირონიულად მივუგე.

- თქვენი ბოდიში მიღებულია, - მის ლამაზ ტუჩებზე თბილი ღიმილი გამოისახა, ჩემმა გაღიზიანებამ, როგორც ჩანს, გაამხიარულა, - ახლა კი მშვიდად იჯექით. მე დაგეხმარებით, ნუ გეშინიათ.

- თქვენი ფული არაფერში მჭირდება! - ავფეთქდი.

- ფული რა შუაშია? დაწყნარდით, ნუ ღელავთ, ერთი თეთრის გადახდაც არ მოგიწევთ. მე სიარულში დაგეხმარებით.

ვერასდროს ვიტანდი, ასეთ იდიოტურ ბრძანებებს დავმორჩილებოდი, მაგრამ ვხედავდი, სხვა გზა არ მქონდა. მას შემდეგ, რაც გოლას დავშორდი, სხვისი გავლენის ქვეშ ერთხელაც არ მოვქცეულვარ. აი, ახლა მომიწია, ამწუთას და საკუთარი თავი შემზიზღდა. ასეთი ტრავმით ერთ ნაბიჯსაც ვერ გადავდგამდი. რა უნდა მექნა, ცალი ფეხით ხტუნვა-ხტუნვით ხომ არ შევიდოდი შენობაში? ოღონდ კი ისევ ხელში არ ავეყვანე. ვიცოდი, რაც დამემართებოდა, თუ ისევ მის მკლავებში ამოვყოფდი თავს.

კოკიმ მანქანის კარი გამოაღო, უცერემონიოდ ამომდო მარჯვენა ხელი მუხლებქვეშ, მარცხენა ზურგზე მომხვია და ისე მსუბუქად ამიტაცა, თითქოს ცამეტკილოგრამიანი შაქრის ტომარა აეღო. მისი სხეულის სითბო შეხებისთანავე გავარვარებულ ფოლადად იქცა, მისი აბრეშუმის პერანგის შეხება კი - ვნების აღმძვრელ ალერსად. დავდნი, რომ იტყვიან, ნეტარების მეცხრე ცაზე ავფრინდი.

- ხელები კისერზე შემომხვიეთ, - ხმადაბლა მომმართა, - და ნუ გეშინიათ, ძირს არ დაგაგდებთ, არც ისეთი მძიმე ხართ.

თვალებში ჩავხედე. მისი გუგების საოცარი სილურჯე ჭკუაზე მშლიდა. თავიდან გაუკვირდა, ასე რომ მივშტერებოდი, მერე კი გაკვირვება მის თვალებში სხვა რამემ შეცვალა. სუნთქვა ლამის გამიჩერდა.

სწორედ ამ დროს სხვა მანქანა მოადგა ჩვენს მანქანას და ჯადოსნური იდილია მისი ძრავის თუხთუხმა დაარღვია. თვალები დავხუჭე, რადგან ვგრძნობდი, როგორ მიხურდა ღაწვები, მაგრამ სანამ კოკის ხელში აყვანილი დერეფანში მივყავდი, სახეზე კვლავ სიფითრემ გადამკრა. ტკივილმა თავი შემახსენა.

საავადმყოფოში გატარებული დრო ნამდვილი კოშმარი გამოდგა. რენტგენის სურათმა მოტეხილობა აჩვენა. სასოწარკვეთილმა ტუჩები დავიკვნიტე. ახლა რამდენიმე კვირა თაბაშირით მომიწევს ცხოვრება და ალბათ საწოლში უნდა ვიგორაო. ნერვული აფეთქების ზღვარზე ვიყავი მისული, როცა გამახსენდებოდა, რამდენი საქმე მრჩებოდა მოუგვარებელი. ღმერთო, რამდენი საქმიანი შეხვედრა, სასამართლო პროცესი და კლიენტურა დამრჩა ოხრად! წამში ჩაიფუშა ჩემი გეგმები. საქმეების მოგვარება ტელეფონის მეშვეობით მომიწევს. რაც შეეხება ადგილებზე მისვლას, ბოლოს და ბოლოს, ტკივილი რომ გამივლის, ყავარჯენს ვითხოვ ვინმესგან და ტაქსით ვივლი, ან... ან რამე სხვას მოვიფიქრებ. თანაშემწე რისთვის მყავს? დამეხმარება. ნამდვილად არ მინდა ჩემი საქმეები სხვას გადავაბარო, იმდენი შრომა მაქვს ჩადებული თითოეულ მათგანში.

- როგორ ხართ?

- ბატონო?

ისე ვიყავი ჩაფიქრებული, მისი შეკითხვა ვერ გავიგონე. როცა შევხედე, კიდევ ერთხელ დავასკვენი, რომ ძალიან მზრუნველი ადამიანი იყო.

ფულის გადახდამ მაინც მომიწია, მაგრამ ვინ მაცალა? თვითონ გადაიხადა ყველა დანახარჯი. მერე მშვიდად დაელოდა დიაგნოზს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემ გამო საქმეები გადადო. ვერც კი წარმოვიდგენდი, ასეთი რამეები თუ შეეძლო. რატომღაც, ძალიან მედიდური და ამპარტავანი მეგონა. ან კი რატომ უნდა შეეწუხებინა თავი ერთი ჩვეულებრივი ადვოკატის გამო? სხვა რომ ყოფილიყო მის ადგილას, გაიფიქრებდა, თავშიც ქვა უხლიაო და მთხოვდა, იქნებ ახლობელს დაურეკოთ, რომ მოგხედოთ, მე კი ჩემს საქმეზე წავალო.

- კოჭი... გტკივათ? - გამიმეორა შეკითხვა, მაგრამ ამჯერად უხეშად და მიმახვედრა, ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარიო. არადა, წუთის წინ მისი ამ მოთმინებით აღფრთოვანებული ვიყავი.

- არა მიშავს, ტკივილმა ოდნავ გამიარა. ვიმედოვნებ, ძალიან არ დაგაყოვნეთ, თქვენ ხომ საქმეები გქონდათ.

- დღეს მხოლოდ ვახშამი, - ცივად მომიგო.

სანაძლეოს ჩამოვიდოდი, რომ ეს ვახშამი პაემანი იყო და არანაირი საქმიანი შეხვედრა. თითებს ისე ათამაშებს, აშკარად ნერვიულობს, რომ არ დააგვიანდეს, ფულის დახარჯვასაც ამიტომ არ მოერიდა. უნდა, რომ დროზე გათავისუფლდეს და არაფერს დაეძებს. იმედგაცრუებისა და წყენის ნაზავმა, რომელშიც არ მსურდა ჩემს თავს გამოვტყდომოდი, გაჩუმება მაიძულა. ასეთ კაცს, რა გასაკვირია, სასურველი ქალი ჰყავდეს. ქალი კი არა, ქალების მთელი პოლკი ეყოლება. მისი პირადი ცხოვრება კი რა ჩემი საქმეა, რა უფლება მაქვს, რამე ვუთხრა.

თვალები დავხარე და მალულად ქვემოდან ავხედე.

უკვე თითქმის მივეჩვიე მისი სხეულის სიახლოვეს. მთელი ორი საათის განმავლობაში, რომელიც კლინიკაში გავატარეთ, ჩემ გვერდით იჯდა და მხრით მეხებოდა. მიუხედავად ამისა, როგორც კი თვალი თვალს მოხვდებოდა, ჩემი ყველა ეროგენული ზონა თრთოლას იწყებდა. ხმის გამოცემა რომ შესძლებოდათ ამ ზონებს, ისეთი ხმაური დადგებოდა, ყველა მე დამიწყებდა ყურებას. თავს ვერ ვიკავებდი, ისე ვიწევდი ამ კაცისკენ. ცოტა ხანში ნემსმა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ექიმმა გამიკეთა, იმოქმედა და ისე მოვითენთე, მთქნარება ამიტყდა.

კოკიმ შეამჩნია ჩემი მოდუნება, მაგრამ იმწუთას არაფერი არ მითხრა, კვლავ ხელში ამიყვანა, ფრთხილად გამომიყვანა კლინიკის ეზოში და მანქანაში ჩამსვა.

- გინდათ, სავარძელი უკან დავწიო? ცოტა წაუძინეთ, - შემომთავაზა.

ჩემთვის მიუღებელი იყო მისი თანდასწრებით აქ, მანქანაში ძილის გამოცხობა. ეგ როგორ, მე დავიძინო და ამან მიყუროს? ვაითუ, ძილში პირი ღია დამრჩეს ან ხვრინვა ამოვუშვა? არამც და არამც!

- ყველაფერი რიგზეა, - მის დარწმუნებას შევეცადე, - ახლა რომ წავუძინო, მერე ღამით გამოძინებას ვეღარ მოვახერხებ. ეს კი არ მინდა. უძილობა საშინლად უსიამოვნო პროცესია.

- მართლა? ხშირად გაწუხებთ უძილობა? - გაკვირვებული მზერა მესროლა, - რატომ? რამდენი ხანია?

`მას შემდეგ, რაც გოლას დავშორდი~, - გავიფიქრე, ხმამაღლა კი ესღა ვთქვი:

- ბოლო წლებია. საერთოდ, უძილობა ჩვეულებრივი მოვლენაა.

- და სტრესის პირველი ნიშანი, - დასვა დიაგნოზი და მანქანა დაძრა.

გავჩუმდი. მისი ტონით თუ ვიმსჯელებდი, თითქოს ბრალს მდებდა იმაში, რომ ამდენი წელი სტრესულ მდგომარეობაში ვცხოვრობდი.

- სულაც არა, სტრესი არაფერ შუაშია. მე მიყვარს ჩემი სამსახური, იგი არავითარ პრობლემას არ მიქმნის.

- არა მგონია, უძილობა თქვენს სამსახურთან იყოს კავშირში, - გააგრძელა კოკიმ, - ცხოვრების აზრი მხოლოდ სამსახური როდია.

- მერწმუნეთ, ისე ვცხოვრობ, რომ ჩემს ცხოვრებაში სტრესისთვის ადგილი არ რჩება, ამის საბაბი არ გამაჩნია.

- ბაბი, ჩვენს დროში ბევრია სტრესულ მდგომარეობაში. ირგვლივ ყოველი მეორე ამ სენითაა დაავადებული. რატომ გწყინთ ჩემი შენიშვნა?

- სულაც არ მწყინს, უბრალოდ, მე არ მეხება თქვენი შენიშვნა. სულ ეგაა.

- ჰმ, ისე, საინტერესოა, როგორ ახერხებთ ბალანსის შენარჩუნებას სამსახურსა და ამქვეყნიურ სიამოვნებებს შორის?

შეკითხვამ ირონიულად გაიჟღერა და იმდენად ულმობლადაც, რომ საშინლად მეწყინა. ისედაც რამდენი სიმწარე გამოვიარე დღეს, კიდევ მისი დაცინვა მინდოდა? მაგრამ თავი ვერ შეიკავა. გასაგებია, რომ პრობლემები შევუქმენი, მაგრამ რა ჩემი ბრალია? თვითონ არ მთხოვა, გამომყევიო? რა ჯანდაბა მინდოდა იმ სასტუმროს მშენებლობაზე? რა მრჯიდა, ვინ მაძალებდა? საშინლად დაუცველად ვიგრძენი თავი... რატომღაც, მომეჩვენა, რომ მეტი სურდა ჩემზე გაეგო და ახლა ყველაზე ხელსაყრელი მომენტი შეარჩია. ჩემზე იყო დამოკიდებული, მის შეკითხვას რა პასუხს გავცემდი. როგორც ჩანს, ცნობისმოყვარეობა გავუღვიძე ან გავუღვივე, არ ვიცი, რომელი უფრო მართებული იქნებოდა ამ შემთხვევაში, მაგრამ ფაქტი იყო, რომ ჩემი გულგრილობა მასში ინტერესს აცხოველებდა.

- ეს ძალიან პირადული კითხვაა და მასზე პასუხს არ გაგცემთ. ჩემი ცხოვრება მხოლოდ ჩემია. ასე არ არის? - ყინულივით ცივი ხმით მივუგე.

- სხვა პასუხს თქვენგან არც ველოდი, - სარკასტულად ჩაიცინა, - რა თქმა უნდა, ასეც არის. ვხვდები, რომ თქვენს ჭრილობას შევეხე.

- სულაც არა, - გავწიწმატდი, - რა სისულელეა!

მისი მუქი წარბები მშვილდივით მოიზიდა, ხოლო სახის გამომეტყველებამ გინების ისეთი კორიანტელი დააყენება, რომ მომესმინა, ალბათ სიკვდილს ვინატრებდი. `იმდენი შენი ასე და ისე~... დაახლოებით ეს სიტყვები ეწერა სახეზე.

ავპილპილდი. კოკი მე რას გამომაპარებდა? ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ზედმეტად კარგად გამომდიოდა სხვისი აზრების წაკითხვა სახის გამომეტყველების მიხედვით. არა, ამ ადამიანთან ნორმალური საუბარი სრულიად მიუღებლად მეჩვენებოდა!

- ჩემს ჭრილობას ვერავინ შეეხება, იმიტომ, რომ ცხოვრებისგან არანაირი ჭრილობა არ მიმიღია! - ჯიუტად ვიდექი ჩემსაზე.

- მეჩვენება, რომ მშვენიერ ქალბატონს გულთან ზედმეტად ახლოს მიაქვს ჩემი სიტყვები, - თქვა და პაუზა გაწელა, შემდეგ კი ვითომ ისე, უინტერესო ხმით მკითხა, თითქოს წინასწარ იცოდა, რას ვუპასუხებდი:

- მეგობარი მამაკაცი გყავთ?

ლამის კვლავ რჩევის მიცემა დავაპირე, სხვის საქმეებში ცხვირს ნუ ყოფთ-მეთქი, მაგრამ შემეშინდა, მორიგი ირონიისთვის კიდევ ერთი საბაბი არ მიმეცა.

- არა, - ეს ისეთი ტონით ვთქვი, ნებისმიერ მამაკაცს დააკარგვინებდა ჩემდამი ინტერესს, მაგრამ არა კოკის.

- ბოლოს როდის იყავით პაემანზე?

- იქნებ ისიც გაინტერესებთ, სექსი როდის მქონდა ბოლოს და რამდენ ხანს?

- რატომაც არა, თუკი ღირსად ჩამთვლით, რომ ასეთი პიკანტური დეტალები გამიმხილოთ, - კმაყოფილი ღიმილით გამომხედა.

განრისხებისგან ავდუღდი. რა დაკითხვას მიწყობს, თანაც როგორი ირონიით მელაპარაკება! აუტანელი კაცია!

- მიუხედავად იმისა, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ვცხოვრობთ და ადამიანებმა მოიპოვეს თავისუფლება, როცა უნდათ, სადაც უნდათ და როგორც უნდათ, ისე მიეცნენ ვნებათაღელვას, ჩემი აზრი არ შეცვლილა - მე რაოდენობას ხარისხი მირჩევნია! - ერთი ამოსუნთქვით ისე მივახალე ამსიგრძე წინადადება, წამითაც არ შემისვენია.

მეგონა, გაიცინებდა, ან გაუკვირდებოდა, ან შეცბუნდებოდა. თქვენც არ მომიკვდეთ, წარბიც არ შეუხრია, ისე გააგრძელა დაკითხვა:

- გასაგებია... და როდის იყოო ეგაო?

ჩემდა გასაკვირად, რისხვა უეცრად ჩამიცხრა და ამჯერად ტირილი მომინდა.

ცხრა წელი... ზუსტად ცხრა წელი გავიდა მას შემდეგ, სასტიკი ტკივილი რომ მომაყენეს, შეურაცხმყვეს და ფეხქვეშ გამთელეს. იმდენად ხმაურიანად გუგუნებდა ეს სიტყვები ჩემს გონებაში, უცებ შემეშინდა, ხმამაღლა ხომ არ წამომცდა ნაფიქრი-მეთქი. მაგრამ გადავრჩი, რადგან კოკის სახის ნაკვთები არ შერხევია, ის ჯერ კიდევ ელოდა ჩემს პასუხს. არასდროს არავისთვის მომიყოლია გოლასთან თავს გადახდენილი ამბები ვანდის გარდა. არავინ იცოდა, რატომ დავშორდით მე და გოლა, არც ერთმა ჩემმა სხვა მეგობარმა, უახლოესმაც კი. მხოლოდ ვანდის გავენდე, რადგან ვინმესთვის რომ არ მეთქვა, გული გამისკდებოდა. ისე, დიდად არც არავინ დაინტერესებულა, რადგან ყველას გაუხარდა, როცა ჩვენი ურთიერთობის გაწყვეტის ამბავი გაიგეს. გოლა ჩემს მეგობრებს არ უყვარდათ.

ღრმად ამოვიოხრე, თან ვცდილობდი, ნერვიული კანკალი როგორმე შემეკავებინა. ნამდვილად არ მსურდა, მის თვალწინ ავტირებულიყავი.

- არ მახსოვს, თუ ასე ძალიან გაინტერესებთ. ზოგიერთებივით საწოლის თავზე ხაზებს არ ვავლებ სექსუალური აქტის და პარტნიორების დასათვლელად, - მრავალმნიშვნელოვნად შევხედე ჩემს თანამგზავრს.

ღიმილი ზანტად წაიშალა მის ტუჩებზე, აშკარა იყო, ჩემი ნათქვამი არ მოეწონა.

- მე გყავართ მხედველობაში? - კოპებშეკრულმა მკითხა.

- რატომ, ასე იქცევით ხოლმე? - ღიმილი ვერ შევიკავე.

- არა! - ისე სწრაფად მომიგო, სიცილი ძლივს შევიკავე.

- ძალიანაც კარგი, - უდარდელად მივუგე და კმაყოფილი დავრჩი, რომ ირონიისთვის საბაბი აღარ დავუტოვე.

- რა თქმა უნდა, ნაკლი ბევრი მაქვს, ბარბარე, მაგრამ სექსუალური გარყვნილება და აღვირახსნილობა მათ რიცხვში არ მოიაზრება, - სრული სერიოზულობით მითხრა.

- მეჩვენება, რომ მშვენიერ ჯენტლმენს გულთან ზედმეტად ახლოს მიაქვს ჩემი სიტყვები, - ხურდად თავისივე რეპლიკა დავუბრუნე და გულიც მოვიფხანე, თუმცა წამით მომეჩვენა, რომ ჩვენი სიტყვების პინგ-პონგი ზღვარს გადასცდა, რასაც, არ იყო გამორცხული, მისი გაგულისება გამოეწვია.

მალულად გავხედე და მოულოდნელობისგან დავიბენი. ისეთი თბილი ღიმილი გამოესახა ტუჩებზე და ისე გულიანად გაიცინა, თვალები გამიფართოვდა. პირველი შემთხვევა იყო, როცა ტუჩებთან ერთად თვალებიც უცინოდა.

- ჩაგეთვალათ, ბაბი, მე ეს დავიმსახურე.

ო, არა, ოღონდ ეგ არა! ჩემ გვერდით თითქოს ახალი კოკი იჯდა, რომელიც სრულიად არ ჰგავდა იმ მამაკაცს, ჩემს წარმოსახვაში რომ გამოვძერწე. კოკი ლაცაბიძე, რომელსაც მე ვიცნობ, არასდროს გაიცინებს თავის შეცდომებზე. ის იმ ეგოისტი საქმოსნების რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც მხოლოდ სხვებს დასცინიან და ეს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებთ.

- მაშ ასე, - გაჭიანურებულად წარმოთქვა, - თქვენ თვლით, რომ მე გარყვნილი ვარ? - და ყურადღებით შემომხედა, მე კი თვალი ავარიდე, - გადასარევია.

- მომისმინეთ, კოკი. მე ეს არ მითქვამს, - სინანულნარევი ხმით მივუგე და შემეშინდა, საუკეთესო კლიენტი ჩემი ახირების გამო არ დავკარგო-მეთქი, - მე თქვენ საერთოდ არ გიცნობთ, ამიტომ ასეთ დასკვნას ვერ გავაკეთებდი. უბრალოდ, ზოგადად აღვნიშნე, ხომ არსებობენ ასეთი ადამიანებიც?

- თქვენ იცნობთ ასეთ ადამიანებს? ერთს მაინც? - და მანქანა დაამუხრუჭა, რადგან შუქნიშანზე წითელი აინთო.

- როგორს? - შემკრთალმა კითხვა შევუბრუნე, - გარყვნილებს გულისხმობთ?

- ადამიანებს, ვინც ხაზებს ავლებს საწოლის დაფაზე და ქალების კოლექციას ასე ითვლის.

წამით გულმა დარტყმები შეწყვიტა. `ვიცნობ, როგორ არ ვიცნობ, განა გოლა ასე არ აკეთებდა? თავდაპირველად ვერ მივხვდი, რას ნიშნავდა ის ხაზები, როცა ვკითხე, არ ვიციო, მიპასუხა და მხრები აიჩეჩა. როცა დავშორდით, მხოლოდ მერე გავიგე, ისიც მისი ძმაკაცისგან~, - გავიფიქრე გულმოკლულმა და ამოოხვრის ნაცვლად ამოვიკვნესე.

- იცით, რა? არ გეწყინოთ, მაგრამ სისულელეს მეკითხებით. უბრალოდ, სიტყვას მოჰყვა და ვთქვი, კონკრეტულად არავინ მიგულისხმია, თქვენ - მით უმეტეს. წესიერად არც გიცნობთ.

- აი, ეს კი სიმართლეა. მაგრამ მაინც რატომ გამოიტანეთ ასეთი დასკვნა? - არ მომეშვა.

ნერვები მომეშალა და ცივად მივახალე:

- როგორი დასკვნებიც უნდა გამოვიტანო, განა ეს რამეს შეცვლის? რატომ ჩამაცივდით ასე?

- იქნებ ჩვენ სათანადოდ ვერ ვუგებთ ერთმანეთს, ბაბი, ა? უფრო ხშირი შეხვედრები ხომ არ არის ამისთვის საჭირო? - ამის წარმოთქმისას ხმა ჩაეხრინწა და ისეთი სექსუალური ღიმილით დამაჯილდოვა, რომ სუნთქვა შემეკრა.

მგონი, მეფლირტავება! პირდაღებულმა შევხედე. სწორედ ამ დროს მწვანე შუქი აინთო და მანქანა დაიძრა.

ბევრ მამაკაცს უცდია ჩემი შებმა, მაგრამ ყოველთვის ვახერხებდი მათ ერთ ადგილზე მოსმას ისე, რომ მეორედ ვეღარ გაებედა ზედმეტის თქმა. ფლირტშიც კი არ ვყვებოდი არასდროს, ისე ვიყავი დათრგუნვილი. ზოგს მსუბუქად ვიცილებდი თავიდან, ზოგსაც უხეშად, იმის მიხედვით, ვინ როგორ მაბეზრებდა თავს. ყოფილან ისეთებიც, რომელთა თავიდან მოშორება გამჭირვებია. ხომ არიან მამაკაცები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ნებისმიერი ქალის შებმა შესაძლებელია. ასეთებთან მხოლოდ უხეშობა გადიოდა, სხვა არაფერი. ახალბედა რომანტიკოსების მოშორება გაცილებით ადვილი იყო ხოლმე, ვიდრე გამოცდილი, ქალების შებმაში ჭიპმომწვარი თაყვანისმცემლებისა. ზოგიერთის მცდელობა მახალისებდა, ზოგიერთის კი, პირიქით, მაგულისებდა, თან იმდენად, რომ მოთმინებიდან გამოვყავდი. რა ჩემი ბრალი იყო, თუ ვერც ერთმა ვერ შეძლო ჩემში ინტერესის გამოწვევა? მაგრამ კოკი სულ სხვა შემთხვევაა, მისი გაცნობისთანავე რაღაც მოხდა ჩემში, ამიტომ უნდა ვერიდო. ორჯერ უკვე დავუშვი ერთი და იგივე შეცდომა, როცა ყურებამდე შევიყვარე. ერთსა და იმავე ლურსმანზე კი სამჯერ აღარ უნდა დაადგა ფეხი, სირცხვილია. გარდა ამისა, სექსი სიყვარულის გარეშე ჩემთვის მიუღებელია. ზუსტად ვიცი, რომ, რაც უნდა ძლიერად მომინდეს მამაკაცი, თუ არ მეყვარება, მერე აუცილებლად ვინანებ მასთან გატარებულ ერთ ღამეს. ამიტომაც გავურბოდი ეს წლები მამაკაცების სიახლოვეს, გულთან ახლოს არავის ვუშვებდი და მხოლოდ კარიერაზე ვიყავი ორიენტირებული. ისე, ზოგი ჭირი მარგებელიაო, ასე რომ არ მოვქცეულიყავი, ეკონომიურად წელში ვერ გავიმართებოდი. ახლა კი სწორედ რომ სასურველი საცოლე ვარ - ბინიანი, შემოსავლიანი, მანქანიანი და სამსახურიანი. და თვითკმაყოფილებას ვეძლევი, რომ მამაკაცებისთვის ასეთი მიუწვდომელი ვარ. თუმცა... ბოლო მომენტამდე იყო ასე. ახლა კი, მგონი, მაგრად დამერხა. ჩემს ცხოვრებაში ლაცაბიძე გამოჩნდა და ყველაფერი უკუღმა დატრიალდა. ვატყობ ჩემს თავს, რომ საკუთარ ემოციებს ძველებურად ვეღარ ვაკონტროლებ.

- ხელში აყვანილს რომ გადაგიყვანთ მანქანიდან, თქვენი მეზობლები რას იტყვიან? - მისმა ხმამ ჩემამდე მოაღწია და ფიქრის ძაფი გამიწყვიტა.

- რა მითხარით?

დაჟინებით შემომაცქერდა, მერე კი ყრუ ხმით მითხრა:

- ჯერ კიდევ იმ საღამოს, დაბადების დღეზე მივხვდი, რომ რაღაც სერიოზული პირადი ტრაგედია გადაიტანეთ. თქვენი არაჩვეულებრივი სხეული პირველივე ნახვისას აფრთხილებს კაცებს, არ მომეკაროთო, ხოლო გამოხედვა ყოველთვის ყინულივით ცივი გაქვთ.

- თუ შეიძლება, ოფისთან ჩამომსვით. აუცილებელი საქმე მაქვს მოსაგვარებელი. კარგად ვიქნები, არაფერი გამირთულდება. მერე თანამშრომლები გამაცილებენ. - აგდებული და მკაცრი ტონით წარმოვთქვი.

გაგრძელება ჟურნალ "გზის" 42-ე ნომერში