ორი ბილეთი წალკოტამდე (თავიVII) - გზაპრესი

ორი ბილეთი წალკოტამდე (თავიVII)

- გააკეთეთ, რაც გითხარით! - გაღიზიანებულმა ხმა ავუწიე.

სიჩქარეს მოუკლო და თვალებმოჭუტულმა შემომხედა.

- იცით, რა? ბოლო რამდენიმე დღეა, გონებიდან არ მშორდებით. არ ვიცი, რა მომწონს თქვენში, მართლა არ ვიცი. თქვენც ისეთივე ქალი ხართ, როგორიც სხვები, თქვენც იმავე თამაშს თამაშობთ, რასაც დანარჩენი ქალები, მაგრამ მაინც მოახერხეთ ჩემი სისხლის ადუღება, რამაც ჩემი განებივრებული მამაკაცური ეგო მოჭარბებულად ააღელვა.

თქვა და უცებ თმაში შეიცურა მარჯვენა ხელი. მომეჩვენა, რომ ნანობდა, რაც წამოსცდა. მე კი ვერ ვწყვეტდი, ღირდა თუ არა პასუხის გაცემა...

უეცრად ღრმად ამოიხვნეშა, თითქოს გულიც თან ამოაყოლაო და მობოდიშების ტონით გააგრძელა:

- ძალიან გამოცდილი ვარ ქალებში, ამასთან, გამოუსწორებელი ცინიკოსი და არ მჯერა, რომ ქალსა და მამაკაცს შორის არსებობს რაღაც მეტი, ვიდრე, უბრალოდ, ფიზიკური სიახლოვეა. იქნებ თქვენშია პრობლემა? თქვენს სიცივეში? მე ხომ მიჩვეული ვარ, ქალები ყელზე რომ მეკიდებიან, თითქოს ჩემზე უკეთესი არასდროს არავინ ენახოთ ცხოვრებაში? გარდა ამისა, მოსვენებას არ მაძლევს ერთი კითხვა: ასეთი მზეთუნახავი მარტო რატომ ხართ?

- რას ნიშნავს მარტო? - კითხვა შევუბრუნე.

- უმამაკაცოდ.

- სწორედ იმიტომ, რომ შენისთანა გამოცდილებმა და ცინიკოსებმა არ იფიქრონ, ყელზე მეკიდებაო, - ნიშნის მოგებით მივუგე.

პასუხით აშკარად უკმაყოფილომ ტუჩები გააწკლაპუნა და თავიც გააქნია, მერე კი მოღლილი ხმით მკითხა:

- ბოლოს და ბოლოს, დამთანხმდებით, რომ სახლამდე მიგიყვანოთ? - შუბლშეკრულმა გამომხედა.

- კარგი, რადგან არ იშლით, ასე იყოს, - ჩავილაპარაკე და ფეხი ოდნავ გავანძრიე, რომ შემემოწმებინა, ისევ მტკიოდა თუ არა. იმწამსვე თითქოს დენმა დამარტყა, საშინელი ჩხვლეტა ვიგრძენი და სახე დამეღრიჯა, რაც კოკის შეუმჩნეველი არ დარჩენია.

- აი, ხომ გეუბნებოდით... თქვენ კი საქმეო... უღრმესი მადლობა, პატივცემულო ადვოკატო, რომ სახლამდე მიყვანის ნება დამრთეთ, თორემ მომიწევდა თბილისის გარშემო წრეზე ტრიალი.

იმდენად სარკასტულად წარმოთქვა, გულში უარესი ჩხვლეტა ვიგრძენი. ნეტავ რატომ მოსწონს, რომ დამცინის? დავიჯერო, ეს სიამოვნებას ანიჭებს? აკი მომწონხარო? ააა, გასაგებია. რადგან ჩემგან საპასუხო მოწონება ვერ იგრძნო, შურს ასე იძიებს. გამეღიმა. ნებისმიერი ჩვენი დიალოგი ორმხრივ ეკლიან ჩხვლეტას ჰგავდა.

ამჯერად თავიდან ავირიდე საპასუხო ჩხვლეტა. არც მას გამოუდია თავი და ისე მივუახლოვდით ჩემს კორპუსს, არც ერთს კრინტი არ დაგვიძრავს. საშინლად ნაწყენი ვიყავი, ოღონდ არ ვიცოდი, კონკრეტულად ვისზე. საკუთარ თავზე, რომელმაც წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და წამაქცია; კოკიზე, რომელიც გვერდიდან არ მომცილდა და ჩემი დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, ექიმთან გამაქცია, თუ ექიმზე, რომელმაც ფეხი თაბაშირში ჩამისვა.

ჩემი ბინა ოთხსართულიანი კორპუსი იყო, ძველებური, აგურით ნაგები შენობა. იგი ისტორიული ძეგლების ნუსხაში შედიოდა. სამი მხრიდან პატარა ეზო ჰქონდა კორპუსს, რომელიც ყველა მცხოვრებს თანაბრად ეკუთვნოდა. რადგან თითო სართულზე თითო ვცხოვრობდით, ეზოც ოთხად გვქონდა გაყოფილი და თითოეული მათგანი ჩვენ-ჩვენს `წილს~ ვუვლიდით. მიუხედავად იმისა, რომ მეოთხე სართულზე მე ვცხოვრობდი, არასდროს მეზარებოდა ეზოში ჩასვლა და ყვავილების მორწყვა, მიყვარდა ბაღში ტრიალი. კორპუსს ლიფტი არ ჰქონდა, ამიტომ მეოთხეზე ფეხით მიწევდა ხოლმე ასვლა-ჩამოსვლა. ამჯერად რა მეშველებოდა, არ ვიცოდი. თუმცა, ვიცოდი... კოკი ამიყვანდა.

მან სკეპტიკურად ახედა შენობას. ღიმილი ვერ დავმალე.

- ვიცი, ასეთ შემთხვევებში კიბე საუკეთესო გამოსავალი ნამდვილად არ არის, ამიტომ აქვე გადაგიხდით მადლობას ყველაფრისთვის და როგორმე ჩემით შევეცდები სახლში ასვლას, - თავი გამოვიდე.

- რაღაც არა მგონია, რასაც ამბობთ, გასაკეთებლად ადვილი იყოს, - მშვიდად შემეწინააღმდეგა.

როცა მანქანიდან გადადიოდა და რაღაც მომენტში ჩემკენ ზურგით მოხვდა, პატარა ბავშვივით ენა გამოვუყავი. მართალია, სასიამოვნო ჟესტი არ იყო, მაგრამ თვითონ მაიძულა, ასე მოვქცეოდი. მან კი მანქანას შემოუარა, კარი გააღო და სანამ ხელში ამიყვანდა, თავი გვერდზე გადახარა და ეშმაკური გამოხედვით მაჯახა:

- ბავშვური `ზამაშკები~ ნოსტალგიას გგვრით, ბაბი?

გავწითლდი. რა უცნაურია, საიდან მიხვდა, ენა რომ გამოვუყავი? მაგრამ უკან არ დავიხიე და თავის მართლება არ დამიწყია.

- თქვენ ეს დაიმსახურეთ, - ჯიქურ მივუგე, - მე ვცდილობ, დელიკატურად აგარიდოთ მოსალოდნელ უხერხულ სიტუაციას, თქვენ კი დაჟინებით თქვენსას აწვებით.

- მართალი ხართ. ბოდიშს ვიხდი, რომ ჩემსას ვაწვები, - ღიმილის ნასახი არ გამოხატვია სახეზე.

- თქვენი ბოდიში მიღებულია. - როგორც იქნა, მეც `ჩავაკვეხე~ ირონია.

- მადლობა მომიხსენებია იმისთვის, რომ ასეთი გულისხმიერება გამოიჩინეთ და ჩემი ბოდიში მიღებულია, - წამითაც არ დაახანა, ისე დააჯახა ჩემს ირონიას თავისი. ამ სიტყვებით ბუმბულივით ამიტაცა ხელში, თითქოს ინდაურის წონა ვყოფილიყავი. ვიგრძენი, როგორ მოინაცვლა თითები ჩემს სხეულზე, თითქოს სურდა, უფრო კომფორტულად დავეჭირე ხელში.

- ოღონდ არ მითხრათ, რომ მეოთხე სართულზე ცხოვრობთ, - ტუჩები მოკუმა და ცალწარბაწეულმა დამხედა.

- სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ასეა, - ისე მინდოდა გულიანად გაცინება, ვერ წარმოიდგენთ, მაგრამ თავი შევიკავე, გულში კი ვხარხარებდი.

- ამას ჰქვია `გავიჩალიჩე~, - საყვარლად ჩაიცინა. როგორ უხდებოდა გაცინება, ეგრევე დაურბილდებოდა ხოლმე ნაკვთები, ხოლო მისი ლურჯი თვალები პირდაპირ ნათებას იწყებდნენ.

შევედით თუ არა სადარბაზოში, კოკი შედგა და კიდევ ერთხელ დამხედა. ლურჯმა და მწვანე თვალებმა ერთმანეთს ღრმად ჩახედეს. ახლა ხელს არავინ გვიშლიდა. მას შეეძლო სრულიად თავისუფლად ეკოცნა ჩემთვის. წინააღმდეგობასაც კი ვერ გავუწევდი. მინდოდა კი? მან თავი დახარა და დაელოდა... დაელოდა ჩემს რეაქციას. მე სუნთქვა შევიკარი და დაველოდე... დაველოდე მის რეაქციას. ამჯერად მისი ლურჯი თვალების სილაჟვარდეში ჩავიძირე და იმდენად გამაბრუა სიამოვნებამ, იქ დარჩენა მომინდა. თითქოს ჩავიკარგე მათ უძირო სილურჯეში...

ოდნავ შემეხო ტუჩებზე, მაკოცა და არც მაკოცა. ალბათ მხოლოდ წამი გაგრძელდა ეს კოცნა, არც მეტი, არც ნაკლები. მერე თავი ასწია, წელში გაიმართა, მკლავებში შემათამაშა, რომ უფრო მოხერხებულად დავეჭირე და საფეხურებს აუყვა.

- თქვენ დღეს მძიმე დღე გქონდათ, მე კი ახლა დამიდგა მძიმე წუთები, - გაიხუმრა და შევნიშნე, როგორ ჩახრინწვოდა ხმა.

სანამ კიბეზე ავდიოდით, მხარზე გადაკიდებული ჩანთა ჩემკენ მოვქაჩე და რის ვაივაგლახით მოვიძიე ბინის გასაღები. როცა მეოთხეზე ავედით, აღმოვაჩინე, რომ ხელი, რომელშიც გასაღების აცმა მეჭირა, მიკანკალებდა. ოღონდ არ შეამჩნიოს!

მოსაკლავი ვარ, როგორ მივეცი კოცნის უფლება? მაგრამ განა ეს კოცნა იყო? უბრალოდ, ბაგეებზე შემეხო და ეგ იყო. არა, ნეტავ რაზე ვფიქრობდი, ამას რომ ვაკეთებდი? ყოველ წამში ერთმანეთის საპირისპირო ფიქრები მიტრიალებდა თავში. ამას ახლა რა ჰგონია? რადგან კოცნაზე არაფერი ვუთხარი, შინ შევიპატიჟებ?

- შეძლებთ კარის გაღებას? - მამაკაცი უკვე ქშინავდა. ხუმრობა ხომ არ იყო 56-კილოგრამიანი ტვირთის მეოთხე სართულზე ატანა?

- აჯობებს, ჩამომსვათ, აწი არაფერი მიჭირს, მოვერევი ჩემს თავს. - მისი მკლავებიდან თავის დაღწევა ვცადე.

- აჯობებს, გააღოთ.

გასაღები გადავატრიალე და სახელური ჩამოვწიე. კოკიმ ფეხიც დაიხმარა და კარი ფართოდ გააღო.

- საითაა სასტუმრო ოთახი?

- იქით, - ხელი მარცხნივ გავიშვირე, - მაგრამ ამის საჭიროებას ვერ ვხედავ. ორ ნაბიჯს როგორმე გავივლი, თქვენ კი შეხვედრაზე გაგვიანდებათ. გმადლობთ, რომ აქამდე მომიყვანეთ.

- მშვენიერია, - მან სასტუმრო ოთახში შემიყვანა და ირგვლივ მიმოიხედა.

ოთახი დიდი იყო და ნათელი, მაღალჭერიანი და მაღალფანჯრებიანი, როგორიც ძველი სახლების უმრავლესობას აქვს. კრემისფერი ფარდები და ფიჭვის ავეჯი ძალიან მშვიდ ატმოსფეროს ქმნიდა.

როგორმე უნდა დავსხლტომოდი ხელიდან, თორემ წასული იყო ჩემი საქმე. კიდევ რომ ეკოცნა, ხელში ჩავადნებოდი.

- აქ ჩამომსვით, დივანზე, უფრო კომფორტულად ვიქნები, - ისეთი ტონით წამოვიძახე, თითქოს სადღაც მივიჩქაროდი და მაგვიანდებოდა.

- ნუ გეშინიათ, თქვენზე თავდასხმას არ ვაპირებ, ბაბი, - ეგრევე გაშიფრა ჩემი ფიქრები და დივანზე ფრთხილად დამსვა. გული დამწყდა, რომ მის თბილ სხეულთან განშორებამ მომიწია, თითქოს ცივ ზამთარში მანქანიდან გადმომსვეს.

- ეგ არ მიფიქრია, - ალმურმა ტალღასავით გადამიარა სახეზე.

- გიფიქრიათ, გიფიქრიათ, - იქედნურად ჩაიცინა.

- უბრალოდ, ვიცი, რომ შეხვედრა გაქვთ დანიშნული და ამიტომ...

- მქონდა დანიშნული, - შემისწორა, - და გადავდე, როცა გავიგე, რომ მოტეხილობა გქონდათ.

- არ უნდა გადაგედოთ...

- მაგრამ გადავდე. ამის მოსმენამ შვება მოგგვარათ?

- მაგრამ მე...

- პასუხის გაცემა საჭირო არ არის, - ხელი აიქნია, - მე სხვანაირად მოქცევა არ შემეძლო. მომისმინეთ, ვინ გგონივართ? ვიგინდარა? ვხედავ, რომ ცუდად ხართ და მსურს, დაგეხმაროთ. რას ხედავთ ამაში მიუღებელს? ერთადერთი, მინდა დავრწმუნდე, რომ ყველაფერი რიგზე იქნება, როცა აქედან წავალ. სულაც არ მიფიქრია თქვენი შეწუხება ჩემი აქ დიდხანს დარჩენით. გასაგებია?

გაოგნებულმა ხმა ვერ ამოვიღე და მხოლოდ თავი დავუქნიე.

- ასე ძალიან რატომ ვერ იტანთ მამაკაცებს?

ტუჩი ავიბზუე და უდარდელად მივუგე:

- საპირისპირო სქესს დიდი ხანია, ომი გამოვუცხადე, - და ეს ისეთი ნიშნის მოგებით განვაცხადე, რომ მე თვითონ მესიამოვნა.

- ესე იგი, ახლა მე და შენ ხელჩართულ ბრძოლაში ვართ? - გულიანად გაიცინა და სრულიად შეუმჩნევლად გადავიდა `შენობით~-ზე.

- ფაქტობრივად ასეა.

- ვერ ყოფილხარ ძლიერი მოწინააღმდეგე, ნწ, ნწ, ნწ... - საათის ქანქარასავით გააქნია თავი იქეთ-აქით.

- ვითომ რატომ?

- იმიტომ, რომ მოძველებული ილეთებით იბრძვი, მე კი ადვილად გშიფრავ და ვიგერიებ შენს დარტყმებს.

გამეღიმა.

- და რაში მდგომარეობს ჩვენი ბრძოლის პრინციპი? იმაში, რომ ერთმანეთს ნერვები ვუშალოთ? - გააგრძელა.

- მე ნერვებს უმიზეზოდ არავის ვუშლი, თავად მაიძულე, - მეც შენობით მივმართე და გამიკვირდა, რომ სულაც არ გამჭირვებია. ამასობაში დივანზე მიყრილი პატარა ბალიშები მოვაქუჩე და ზედ მოხერხებულად მივწექი, მტკივანი ფეხი კი პლუშის წითელ დათუნიაზე ფრთხილად შემოვდე. ახლა ნახევრად დამჯდარ და ნახევრად მწოლიარე მდგომარეობაში ვიმყოფებოდი.

- იცი რა? თვითგანადგურების უკიდეგანო პოტენციალი გაქვს, ვატყობ. რაღაცას ვერ ივიწყებ და ამ რაღაცას თავს აჭმევინებ. რატომ? წარსულს შეებრძოლე, არ ჯობია? მე რატომ მებრძვი? ერთხელ და სამუდამოდ მიუხურე მაგ წარსულს კარი და მორჩა. - ამ სიტყვებით სკამზე ჩამოჯდა, ჯიბიდან სანთებელა ამოიღო და ჩამოკრა. ალი აინთო და ჩაქრა. კვლავ ჩამოკრა, კიდევ, კიდევ... რამდენჯერმე გაიმეორა. ჩხაკ! ჩხაკ! ჩხაკ! ეს ხმა ნერვებს მიშლიდა ისევე, როგორც მისი კითხვები.

- ეს ერთადერთი კარია, რომელშიც შეხედვა მიყვარს, მტკივნეულია თუ სასიამოვნო, მაინც მიზიდავს, - ვაღიარე.

- მოიცა, რა. გაიგე ბოლოს და ბოლოს, რომ წარსული გახუნებულია, ის ადამიანს მხოლოდ იმისთვის სჭირდება, რომ თვითგვემას მიეცეს. გინდა ახლა შენ თვითგვემა? ისედაც იტანჯები ტკივილისგან, - საჩვენებელი თითი ჩემი კოჭისკენ გამოიშვირა.

- შენ ამას ვერ გაიგებ. ყველას შენსავით ფერადი წარსული კი არ ჰქონია, - სინანული გამოვხატე თვალებითაც და ტუჩებითაც, ლამის ცრემლები მომადგა, იმწუთას ისე ამიჩუყდა გული.

ისე შემომხედა, თითქოს უნდა ეთქვა, დაცინვას კაცი არ მოუკლავსო.

- გაიხედე გარეთ, ოქროსფერზე ოქროსფერი დღე დგას, წითელზე წითელი მზე ანათებს, შენ კი განუმეორებლად არაჩვეულებრივი ქალი ხარ, ნებისმიერს რომ წამოაგებ მაგ შენი საუცხოო ფერის თვალების მზერაზე, წყვილი შუბივით რომ მომჩერებია ამწუთას. რა დროს წარსულია?

იმისთვის, რომ არ გამცინებოდა, საკუთარ ლოყებს შიგნიდან ვუკბინე. ასეთი რომანტიკოსი თუ იქნებოდა, ვერ წარმომედგინა.

- სულაც არ ვარ რომანტიკოსი, - მაშინვე მიმიხვდა და კიდევ ერთხელ გამაოცა, სანთებელა კიდევ ერთხელ გაატკაცუნა და ისევ ჯიბეში ჩაიდო, - მაგრამ შემიძლია რაღაც მომენტებში ვითამაშო ეს სასწაულად ადვილად სათამაშო როლი. იმპროვიზაციას ხშირად მივმართავ, საქმეს სჭირდება ხანდახან, - ხმამაღლა გაიცინა და თვალი ჩამიკრა.

- ახლაც იმპროვიზაციას მიმართე?

- არა, მაგრამ ეგეც შემიძლია. გინდა გაჩვენო?

- მინდა, - პატარა ბავშვივით მივუგე.

- გარეთ ისეთი ამინდია, მინდა ხელები გავშალო და მთელი ეს მზიან-მთიან-მდელოიანი პეიზაჟი გულში ჩავიხუტო, - ხელები გაშალა, თავი მაღლა ასწია და პათეტიკურად წარმოთქვა, მერე პაუზა გააკეთა და ასევე დარჩა, თავი კი ჩემკენ მოაბრუნა და მკითხა, - აბა, როგორია? ვგავარ გამოუსწორებელ რომანტიკოსს?

- კიიი, - ისეთი სიცილი ამიტყდა, ვეღარ გავჩერდი, მიუხედავად იმისა, რომ სიცილზე გარხეული ფეხი საშინლად მეტკინა.

- აი, ხომ ხედავ, რა ადვილია? ყველაფერი ადვილია ამქვეყნად, სუყველაფერი. მთავარია, მოინდომო.

- ტყუილების დაჯერებაც?

- რა თქმა უნდა, ეგ ყველაზე ადვილია. ჩვენ, განსაკუთრებით ქართველები, ჩვენი მთავრობის გადამკიდე, ყოველი არჩევნების წინ ტყუილის მორიგ აბს ვყლაპავთ, რომელიც ჩვენს ორგანიზმს არავითარ ზიანს არ აყენებს, არც ავნებს და არც არგებს, თავის ტკივილის იაფფასიანი წამალივით. ვიცით, რომ ასეა, მაგრამ მაინც ვყლაპავთ. რატომ? იმიტომ, რომ ადვილია მისი გადაყლაპვა. სულ ეგ არის.

გამამხიარულა. რაც უფრო მეტს ვუსმენდი, მით უფრო მსიამოვნებდა მის გვერდით ყოფნა. მინდოდა, ჩემს გემოზე წამოვწოლილიყავი, თვალები დამეხუჭა და მისთვის მესმინა, ან თვალები დამეხუჭა, არ წამოვწოლილიყავი და ისე მესმინა, ან კიდევ მესმინა, წამოვწოლილიყავი და თვალები არ დამეხუჭა. ვერც ერთი ეს მდგომარეობა ვერ გამოვიყენე. ისევ ისე ვიყავი ნახევრად დამჯდარ-დაწოლილი, თვალებგახელილი და ისე ვუსმენდი... ასედაც არანაკლებ მსიამოვნებდა.

ვუყურებდი კოკის და ჩემდა უნებურად, გონებაში გოლას სახე ამომიტივტივდა. ის არასდროს მაცინებდა, ზედმეტად სერიოზული პიროვნება იყო, მაგრამ მის გვერდით ყოფნა ძალიან მსიამოვნებდა. როცა ერთად ვიყავით, სხვა არაფერი მაინტერესებდა ქვეყანაზე. ის ყველაფერი იყო ჩემთვის, განსაკუთრებით მას შემდეგ, ერთად ცხოვრება რომ შემომთავაზა. როცა ვუთხარი, ჩემთან ვიცხოვროთ-მეთქი, ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. მე შენ ვინ გგონივარ, ზედსიძედ შევუსახლდე შენს ნათესავებსო? და ბინა იქირავა. ვერ ვხვდებოდი, რატომ უნდა გვეცხოვრა ნაქირავებში, როცა ამხელა ბინა მქონდა? რა იყო ამაში გასატყდომი? ალბათ თავისი შავი სამყაროსთვის იქნებოდა ეს ფაქტი მიუღებელი. კანონიერი ქურდი და ქალის სახლში ცხოვრობდეს? ეს ხომ წარმოუდგენელი რამეა? როგორც ჩანს, არ ეკადრებოდა. არც ბინის გაქირავების უფლება მომცა, სამაგისო რა გვჭირსო. იყოს დაკეტილი, ხელს არავის შეუშლისო. კიდევ კარგი, რომ ასე მოხდა, თორემ როცა მისგან გამოვიქეცი, თავშესაფარი არ მექნებოდა.

თავიდან რა კარგად აეწყო ყველაფერი. მართალია, არც ჯვარი დაგვიწერია და არც ოფიციალურად გაგვიფორმებია ჩვენი ქორწინება, მაგრამ ცოლ-ქმარივით ვცხოვრობდით. ამისთვის განსაკუთრებული ყურადღება არც არასდროს მიმიქცევია. ყველამ იცოდა, რომ გავთხოვდი, მორჩა და გათავდა. კითხვის დასმის უფლებასაც არ ვაძლევდი არავის. დაბრმავებული ვიყავი მისი სიყვარულით. სამწუხაროდ, მე იმ ქალების რიცხვს მივეკუთვნები, საკუთარ თავზე მეტად სხვა ადამიანის შეყვარება რომ შეუძლიათ. მისი გამოჩენა ჩემს ცხოვრებაში ერთგვარი სასწაული იყო. მშობლებისგან დატოვებული სტრესისგან მისმა სიყვარულმა მიხსნა. მივხვდი, რომ მისი სახით საყრდენი გამიჩნდა ცხოვრებაში.

რამდენიმე თვე ჩვენი ურთიერთობა ზღაპარს ჰგავდა. თავს პრინცესად ვგრძნობდი. სრულიად მოვწყდი რეალობას, ყველა ჩემიანს ზურგი ვაქციე და მხოლოდ მას მივენდე. არავის, დედამიწის ზურგზე არც ერთ ჩემს ნათესავს, არც ერთ ჩემს მეგობარს გოლა არ მოსწონდა, მე კი მიკვირდა, რატომ მოხდა ასე და რადგან არჩევანის წინაშე დავდექი, რა თქმა უნდა, იმ ყველას ეს ერთი ვარჩიე - ისინი მივატოვე და ამასთან დავრჩი. მეგონა, მასთან თანაცხოვრებით ახალი ეტაპი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში, თითქოს ახალ სამყაროში გადავსახლდი, სადაც მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით, ჩვენ ორნი და სხვა არავინ...

როცა არსად ეჩქარებოდა და კვირების განმავლობაში არ იკარგებოდა, იდეალურ დროს ვატარებდით. იყო ძალიან თბილი, ყურადღებიანი და რომანტიკოსი. მასთან სრულიად სხვა შეგრძნება მეუფლებოდა. როცა ვეხებოდი, თითქოს ერთნაირი ენერგეტიკა გვქონდა, თითქოს ჩემი სულის და სხეულის ნაწილი იყო, განუყოფელი, ნაწილი, რომელსაც ადამიანები მთელი ცხოვრება დაეძებენ და ვერ პოულობენ. მე კი ვიპოვე, მეგონა, რომ ვიპოვე და ეს მაბედნიერებდა.

ნელ-ნელა მისი სამყაროც შევიცანი, გამაცნო თავისი ძმაკაცები, ახლო და არც ისე ახლო ნაცნობებიც. მიხაროდა, რომ ყველამ კარგად მიმიღო, ყველას შევუყვარდი. იმდენად კომფორტულად ვგრძნობდი თავს, ვცდილობდი, ის ხანმოკლე განშორებებიც მსუბუქად ამეტანა, მოთმენით დავლოდებოდი და მერე ისევ დავმტკბარიყავი მასთან ყოფნით. მარტო დარჩენილი თავს ვირთობდი. ხან ვწერდი, ხან ვხატავდი, იშვიათად გავდიოდი გარეთ, რომ მოულოდნელად არ მოსულიყო და ბინა ცარიელი არ დახვედროდა. მიუხედავად იმისა, რომ შინ ვიყავი გამოკეტილი, თავს მაინც ვუვლიდი. სტილი დავხვეწე, ვარცხნილობა შევიცვალე, ყოველკვირა ახალ-ახალ სამოსს ვყიდულობდი, უფრო მოდურს და უფრო თანამედროვეს, რომ მის გვერდით გავლილს სირცხვილი არ მეჭამა. მინდოდა, ეამაყა ჩემით, ასეთი ლამაზი და მოხდენილი ცოლი რომ ჰყავდა. ჩემთვის უდიდესი პატივი იყო, რომ ასეთმა დინჯმა, სიმპათიურმა და განათლებულმა ბიჭმა მაინცდამაინც მე ამირჩია, ობოლი და მიუსაფარი. ახლობლები ვერ მცნობდნენ. ყველა მიხვდა, რომ სიგიჟის წლებმა გაიარა და `დავქალდი~, რომ სტრესული მდგომარეობიდან გამოვედი და ამაში გოლას მიუძღოდა წვლილი. თუმცა ამის გამო მასზე წარმოდგენა არ შეცვლიათ, ძველებურად ვერ იტანდნენ.

- მგონი, აქ აღარ ხარ... - კოკის მოულოდნელმა შეკითხვამ და კიდევ უფრო მოულოდნელმა შეხებამ წარსულის კარი უცებ მომიხურა.

მამაკაცი მკლავში ჩამფრენოდა და მაჯანჯღარებდა.

გაგრძელება ჟურნალ "გზის" 43-ე ნომერში