ორი ბილეთი წალკოტამდე (თავიVIII) - გზაპრესი

ორი ბილეთი წალკოტამდე (თავიVIII)

აქ საიდან გაჩნდა-მეთქი. როცა გოლაზე მოგონებები შემომაწვებოდა, ყოველთვის ვწყდებოდი რეალობას და ირგვლივ ყველა და ყველაფერი მავიწყდებოდა.

- რომელ ვირტუალურ სამყაროში მოგზაურობდი, ადვოკატო? - დაჯღანული სახით მკითხა, - თუმცა, პასუხის გაცემა საჭირო არ არის. საინტერესოა, მე შენ ვინ გგონივარ? აქ მხოლოდ იმისთვის ვარ, რომ დავრწმუნდე, გაქვს თუ არა საჭმელი. როცა მე წავალ, ვინღა მოგხედავს? საითკენაა სამზარეულო?

საჩვენებლის ნაცვლად ცერა თითი ავპრიხე და სამზარეულოსკენ მივმართე, თან ღიმილი ვერ შევიკავე, მსიამოვნებდა, ასეთ გავლენიან მამაკაცს მითითებებს რომ ვაძლევდი. ამასთან, გონებიდან არ ამომდიოდა მისი კოცნის გახსენება. ნეტავ, რატომ მაკოცა? მხოლოდ სპორტული ინტერესის გამო? როგორ მინდოდა მეკითხა, მაგრამ ენა არ მიბრუნდებოდა მსგავსი შეკითხვის დასასმელად. თუმცა, იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებდი, როგორც იქცეოდა, მხოლოდ ერთ დასკვნას გამოვიტანდი - მისთვის ეს კოცნა საერთოდ არაფერს ნიშნავდა. მას კი არა, მეც არარეალურად მეჩვენებოდა, ის, რაც წეღან სადარბაზოში მოხდა. რომ არა უჩვეულო შეგრძნება ჩემს ტუჩებზე, ჩავთვლიდი, რომ სადარბაზოს სცენა მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო, მომეჩვენა და მეტი არაფერი. საკმარისი იყო ამის გაფიქრება და გული კვლავ ამიჩქარდა.

- არ ღირს შეწუხება, - თავი მოვიქაჩლე, - მე თვითონაც შემიძლია რამე მოვიმზადო, თუმცა ამწუთას ჭამის ხასიათზე სულაც არ ვარ. მით უმეტეს, რომ ახლახან რესტორანში ვიყავით.

- ახლახან? სამი თუ ოთხი საათის წინანდელ ამბავს შენ `ახლახანს~ ეძახი? მაშინ სრულიად გასაგებია, რატომ ხარ წარსულზე ჩაციკლული. გგონია, რომ ყველაფერი სულ რაღაც წუთების წინ მოხდა. მართალი ვარ? - თანაგრძნობის გამომხატველი ღიმილი შემომაფრქვია.

არადა, მშიოდა. არ ვიცი, რისი ბრალი იყო, ასე ძალიან რამ მომაშივა. იქნებ სტრესის? ან იქნებ ამ კაცზე ფიქრში დავხარჯე მთელი ძალა და ენერგია? თუ გოლას გახსენებამ გამიმძაფრა შიმშილის გრძნობა? რომელიც უნდა ყოფილიყო ამ სამიდან, ორგანიზმი თავისას ითხოვდა.

- ნუ დამცინი. რა პრობლემაა? ბოლოს და ბოლოს, კარაქიან პურს ყველის ნაჭერს დავადებ და იმას შევჭამ.

- ბუტერბროდს? ხომ არ გაგიჟდი? - სკეპტიკური მზერა მესროლა, - უკვე ღამეა, რამე უფრო ნოყიერი გჭირდება და არა მარტო შენ, მეც. ვკვდები, ისე მშია.

- ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ითქვას, რომ მაცივარი თითქმის ცარიელი მაქვს. ვშიშობ, ვერაფერ დამაიმედებელს იქ ვერ ნახავ. ფეხი რომ არ მომეტეხა, ვაპირებდი სუპერმარკეტში გამოვლას.

- მაშინ ჩავალ და რამეს ამოვიტან. ან, იქნებ, პიცა შევუკვეთოთ? გიყვარს პიცა?

- კი, როგორ არა.

- მშვენიერია. ამაში მაინც ემთხვევა ჩვენი გემოვნება ერთმანეთს. როგორი პიცა უფრო გიყვარს?

- რას ჰქვია, როგორი?

- რა ვიცი, იქნებ სოკოთი არ მოგწონს, ან ბეკონით, ან კიდევ... ბევრს აქვს ასეთ რამეებზე გართულება.

- ჩემთვის ყველანაირი პიცა სასიამოვნოა.

- აი, კიდევ ერთი საერთო. მეც შენსავით მიმაჩნია, - ფართოდ გამიღიმა და ხელები მოიფშვნიტა. - მაშინ დავრეკავ და ნახევარ საათში პიცით ვისიამოვნოთ.

დარეკვამ და შეკვეთის მიცემამ სულ რაღაც ხუთი წუთი წაიღო. სანამ პიცას მოიტანდნენ, კოკიმ ტელევიზორი ჩართო და პულტი ხელის მსუბუქი მოძრაობით წინ დამიგდო:

- სახლი შენია და არჩევანიც შენზეა, რასაც გინდა, იმას უყურე. მე დიდად არ მხიბლავს ტელევიზორის ყურება.

სადაც გადავრთე, ან სერიალი გადიოდა, ან პოლიტიკური გადაცემა. უცხოური არხები არ მქონდა, ვერა და ვერ მოვიცალე, რომ სატელიტური თეფში შემეძინა და სპეციალური პაკეტი მეყიდა, ამიტომ მხოლოდ ქართულ ტელესამაუწყებლო სივრცეში ვიყავი ჩაკეტილი. სიამოვნებით გამოვრთავდი ახლა ტელევიზორს, მაგრამ მასთან სიჩუმეში დარჩენა უხერხულ სიტუაციაში ჩამაგდებდა, მერჩივნა, ტელევიზორის ხმაურის ფონზე ვყოფილიყავით ერთად.

ამ დროს ტელეფონმა დარეკა და პიცის `მობრძანება~ გვაუწყა. კოკიმ გასაღები გამომართვა და დაბლა ჩავიდა.

მისი გასვლა და ჩემი შვებით ამოსუნთქვა ერთი იყო. კოშმარული დღე მქონდა. ასე უმწეოდ კარგა ხანია, თავი არ მიგრძნია. ალბათ რა საშინლად გამოვიყურები. ამის გაფიქრებამ საგონებელში ჩამაგდო. ძლივძლივობით ავდექი და კოჭლობით გავემართე სააბაზანოსკენ, სარკეში რომ ჩამეხედა. ფეხი ისევ მტკიოდა, მიუხედავად იმისა, რომ გამაყუჩებლებით ვიყავი გაბრუებული.

სარკეში რომ ჩავიხედე, ელდა მეცა. სახეზე ნაცრისფერი დამდებოდა. არა, ნაცრისფერი კი არა, ფერფლისფერი. ჩემი საგულდაგულო მაკიაჟი სადღაც გამქრალიყო, ხოლო ტუში წამწამებიდან ჩამომსვლოდა და თვალის გარშემო `მოკალათებულიყო~. ისეთი სანახავი ვიყავი დადღაბნილი უპეებით, ლამის გული წამივიდა. პანდას ვგავდი. გაბმულად წავიყმუვლე. ამისთანა საფრთხობელასთან ვახშმობა რატომ გადაწყვიტა ნეტავ ამ ანგელოზივით კაცმა?

იმწუთასვე შევუდექი თავის მოწესრიგებას. საპნით პირი ცხოვრებაში არ დამიბანია, რადგან ალერგიას მაძლევს, მაგრამ ახლა სხვა გზა არ მქონდა. კოსმეტიკური რძე ან ლოსიონი რომ გამომეტანა, საძინებელში უნდა გავსულიყავი, ამას კი ვერც მოვახერხებდი და ვერც მოვასწრებდი, კოკი წუთი-წუთზე ამოვიდოდა. მხოლოდ უპეების გარშემო წავისვი საპონი და თბილი წყლით ამოვიბანე, სახეზე კი მხოლოდ წყალი შევისხი. მერე თმაც დავივარცხნე, კოხტად დავიხვიე კეფაზე და როცა ცოტა გამოვაკეთე საკუთარი სიფათი, კვლავ დივანს მივაშურე. ახლა გაცილებით უკეთ გამოვიყურებოდი.

არ ვიცი, ვერტიკალურმა მდგომარეობამ განაპირობა თუ მოძრაობამ, მაგრამ კოჭი უარესად ამტკივდა. ისე მიფეთქავდა თაბაშირიანი ფეხი, თითქოს საწნეხ აპარატში ყოფილიყო გაკვეხებული. თაბაშირიც სასტიკად მიჭერდა.

კოკის შეაგვიანდა. ცოტა არ იყოს, შევშფოთდი, რამე ხომ არ დაემართა-მეთქი, ამ დროს კარი გაიღო და ისეთი დატვირთული შემოვიდა, რომ კარის მიხურვამ წიხლის კვრით მოუწია. როგორც ჩანს, მარკეტშიც შეიარა, რადგან ცალ ხელში უზარმაზარი პიცის ყუთი ეჭირა, მეორეში კი ვეებერთელა თეთრი პარკი, რომელიც რაღაცებით აშკარად გატენილი იყო.

- კოკი, ქართული არმიის დაპურებას ხომ არ აპირებ? რა ამბავია ამდენი? - წამოვიძახე, როცა ჩემ წინ, მაგიდაზე პროდუქტის ამოლაგებას შეუდგა, - მეტი არაფერი დარჩა იმ მაღაზიიდან ამოსაზიდი? - გავეხუმრე.

პასუხი არ გამცა, უხმოდ გაშალა სუფრა, თეფშებთან ერთად სამზარულოდან ჭიქები გამოიტანა და მანგოს წვენით გაავსო.

- `კონიაკს დალევ? - მანგოს წვენს. - უნდა გაკოცო. - მაკოცე~... იცი, ეს ლექსი? - ეშმაკურად თვალებმოწკურულმა გამომხედა.

- ვიცი, - ვუთხარი და მზერა ავარიდე, ემანდ ისევ კოცნა არ მოუნდეს-მეთქი.

- რაც შეიძლებოდა, მრავალფეროვანი ასორტიმენტი წამოვიღე, - სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი, - არ ვიცოდი, რა გიყვარდა, ამიტომ რაც მე მიყვარდა, ის წამოვიღე, - თან ყოველ ახალ შეფუთვას საზეიმოდ სწევდა ხელით მაღლა, რომ ჩემთვის დაენახვებინა.

- არ იყო საჭირო ამდენი ფულის დახარჯვა, - შევნიშნე.

- შენ ის მითხარი, აქედან რა არ მოგწონს.

- მე ყველაფერი მომწონს, რაც გემრიელია.

- აგაშენა ღმერთმა! მეც მანდ ვარ! მაშინ მოვულხინოთ. - ამ სიტყვებით მაგიდა ჩემთან რაც შეიძლებოდა ახლოს მოაჩოჩა, - მერე ისევ თავის ადგილას დავაბრუნებ. სამზარეულოში რომ გვევახშმა, უკეთესი იყო, მაგრამ არ მინდა გაწვალდე. ხელში რომ აგიყვანო, შეიძლება გააპროტესტო, შენით სიარული კიდევ ჯერჯერობით გაგიჭირდება. მოიცა, მოიცა! - შესძახა უეცრად, თვალები მოჭუტა და ყურადღებით დამაცქერდა, - შენ რა, უკვე ადექი და პირიც დაიბანე? ოხ, რა პრანჭია იურისტი გვყოლია!

ისე შემრცხვა, გავწითლდი. ალბათ იფიქრა, რომ მის გამო მოვწესრიგდი. არადა, იყო ამაში სიმართლის ბევრი მარცვალი.

როცა შეატყო, რომ უხერხულად შევიშმუშნე და ალმური მომეკიდა, სასწრაფოდ შეცვალა საუბრის თემა.

- მე ძალიან მომშივდა. ალბათ შენც, არა?

თავი უსიტყვოდ დავუქნიე და შევეცადე, მოხერხებულად დავმჯდარიყავი მაგიდასთან. ცოტა გამიჭირდა, მაგრამ მაინც მოვახერხე ისე, რომ კოკის დახმარება არ დამჭირვებია.

როცა თეფშები მოვასუფთავეთ, მივხვდი, რომ სუნთქვა აღარ შემეძლო. ძალიან ბევრი ვჭამე. ისე მშიოდა, კი არ ვღეჭავდი, ერთიანად ვნთქავდი ლუკმებს და როცა გავიაზრე, რას ვაკეთებდი, უკვე გვიან იყო. ამასობაში მუცელი ორსული ქალივით გამომებერა.

ჭამას როგორც კი მოვრჩით, კოკიმ მაგიდა აალაგა, ჭურჭელი კვლავ სამზარეულოში გაიტანა და ჭიქით წყალი შემოიტანა. მერე წამლის კოლოფიც გახსნა და ტკივილგამაყუჩებელი წყალთან ერთად მომაწოდა. მას ყველაფერზე ჰქონდა ნაფიქრი, რამაც გული ამიჩუყა.

- მადლობა, - ძლივს გასაგონად ჩავიჩურჩულე, რადგან ცრემლები ყელთან მქონდა მომდგარი. სულაც არ მინდოდა, ვინმეს ჩემზე ეზრუნა, მით უფრო - კოკის. კი მსიამოვნებდა, ჩემზე რომ ზრუნავდა, მაგრამ ამასთან, ზედმეტად მაფორიაქებდა და მაწუხებდა ეს მზრუნველობა.

- საწოლამდე მისვლაში ხომ არ მოგეხმარო? - თავაზიანად შემეკითხა.

ისე დავიძაბე, რომ რაც შეიძლებოდა სწრაფად მივუგე:

- არა, არა, აქვე დავიძინებ ამაღამ.

- ყავა ან ჩაი ხომ არ გინდა? არ მეზარება, ოღონდ კი ისურვე.

- არა, მადლობა.

- რძე, მაწონი?

- არაფერი არ მინდა, კოკი, დიდი მადლობა ყველაფრისთვის. - მოუთმენლად მივუგე, რადგან ერთი სული მქონდა, ჩემი ეს ტანჯვა როდის დასრულდებოდა.

- თუ ვცდები, შემისწორე, მაგრამ მგონია, რომ ჩემი აქ ყოფნა ძალიან გაიწელა. აჯობებს, წავიდე. იმედია, აწი მარტოც გაართმევ თავს ყველაფერს, - ოდნავ ირონიული ტონით წარმოთქვა, ჩემს ხელს დასწვდა და მაკოცა.

ეს კოცნაც ისეთივე ორწამიანი იყო, როგორიც წინამდებარე.

- ღამე მშვიდობისა, ბაბი, ტკბილ სიზმრებს გისურვებ. არ მოიწყინო და წარსულზე ფიქრებს შეეშვი, ოკეი?

- ოკეი, - ღიმილით მივუგე და კიდევ ერთხელ გადავუხადე მადლობა იმისთვის, რაც მთელი საღამოს განმავლობაში ჩემთვის გააკეთა.

როცა კარისკენ დაიძრა, მზერა გავაყოლე. როცა კარი გაიხურა და მარტო დავრჩი, საშინელი სიცივე და უარესი სიჩუმე ვიგრძენი, მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზორი ხმაურობდა, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის მზით გაცხელებული კედლები ოთახში სიმხურვალეს ჯერ კიდევ ინარჩუნებდა... ხელი კი, რომელზეც მაკოცა, ისევე მიელავდა, როგორც კოჭი, რომელიც საგრძნობლად გამსივებოდა...

კარგა ხანს ვიჯექი ჩაფიქრებული და ღამის სიბნელეს ფანჯრიდან ვაკვირდებოდი, ვუსმენდი ფოთლების შრიალს და მათ შორის გამომკრთალ ვარსკვლავებს ვაცქერდებოდი... მერე კი მოხერხებულად მოვკალათდი დივანზე, თხელი პლედი მხოლოდ ფეხებზე გადავიფარე და თვალები დავხუჭე... არ ვიცი, რამდენ ხანში ჩამეძინა, მაგრამ ღრმა, ტკბილი ძილით კი მეძინა...

დილით მობილურის მელოდიამ გამაღვიძა. კოკი იყო, მომიკითხა. აშკარად უკეთ ვგრძნობდი თავს, გასივებაც ჩამცხრალიყო და კოჭის ტკივილიც. როცა მკითხა, რამე ხომ არ გჭირდებაო, ცოტა ცივად მივუგე, არაფერი არ მინდა, ჩემი თანამშრომელი გოგოები მომაკითხავენ და მომივლიან-მეთქი. ალბათ არ ესიამოვნა, ასე რომ მოვიშორე თავიდან, დამემშვიდობა და მორჩა. მის ზარს სამკვირიანი დუმილი მოჰყვა. სამი კვირის განმავლობაში ერთხელაც არ შემხმიანებია. მე კი ადგილს ვერ ვპოულობდი. წარამარა კოკი მახსენდებოდა, მისი ყოველი სიტყვა, გამოხედვა, ღიმილი, სიცილი... ნერვები დაწყვეტაზე მქონდა. არც ოფისში ყოფნისას მადგებოდა უკეთესი დღე, ყოველი ზარი მობილურსა თუ ქალაქის ტელეფონზე მისი მეგონა და გული მიჩერდებოდა.

ჩემდა გასაკვირად, კოჭი მალევე შემიხორცდა. ორ კვირაში თავისუფლად შემეძლო გადაადგილება, თაბაშირი სულაც არ მიშლიდა ხელს სიარულში. მართალია, ყავარჯენს ვხმარობდი, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ფეხი ზედმეტად არ დამეტვირთა. როცა შინ ვიყავი, უყავარჯნოდ გადავაადგილდებოდი, მსუბუქად ვადგამდი ტერფს, როცა ერთი ოთახიდან მეორეში გავდიოდი და ეს დისკომფორტს არ მიქმნიდა. კოკიზე ფიქრიც ნელ-ნელა `შევანელე~. ალბათ როგორც ქალი, არ წარმოვადგენდი მისთვის ინტერესის საგანს, ამიტომ ზედმეტი ტვინის ჭყლეტა და ოხვრა-ვაება არას მარგებდა.

სამსახურში ვანდის დავყავდი. ყოველ დილით მომაკითხავდა მანქანით და საღამოსაც მანქანით მომაცილებდა შინ. ხანდახან რჩებოდა კიდევაც, განსაკუთრებით პირველ დღეებში, როცა ასე ადვილად არ შემეძლო მოძრაობა და სიარული. ყავარჯენიც მან მიშოვა. სასაცილო ვიყავი, ყავარჯენს იღლიაში რომ ამოვიდებდი. ჩემი თავი ომგადახდილი ჯარისკაცი მეგონა, ფეხი ბრძოლის ველზე რომ დატოვა. ერთხელაც არ შემითვალიერებია ჩემი თავი სარკეში, როგორ გამოვიყურებოდი ყავარჯნით. ამის შეხედვის სურვილი არ მქონდა.

ჩემი ტრავმის გამო სამი სასამართლო პროცესი გადაიდო, რამაც ძალიან შემაწუხა. ყოველთვის მეთანაღრებოდა გული, როცა ადამიანებს იმედებს ვუცრუებდი. მართალია, ჩემი ავად ყოფნა დროებითი იყო, მაგრამ სხვებისთვის ამის გაგება არც ისე იოლი აღმოჩნდა. ერთმა კლიენტმა, იმის გამო, რომ ბინას ედავებოდნენ და პროცესის მოგების იმედი ჰქონდა, ლამის გამომლანძღა, რაღა ჩემს ხარჯზე მოგინდა ფეხის მოტეხა, როცა ასე მეჩქარება ამ საქმის დამთავრებაო.

მიუხედავად ამისა, თანდათან ყველაფერი დალაგდა. მესამე კვირის ბოლოს თაბაშირიც მომხსნეს და როცა რენტგენის სურათი გადამიღეს, მომილოცეს, არაჩვეულებრივად არის ძვალი შეხორცებულიო. თუმცა, გამართულად სიარული ჯერ კიდევ მიჭირდა. კარგი ის იყო, რომ მანქანის მართვა შემეძლო და ფეხით სეირნობას დროებით დავემშვიდობე. ახლა მხოლოდ მანქანით მივდიოდი სამსახურამდე. არც სასამართლო პროცესებზე ვდგებოდი ფეხზე, რადგან მოსამართლემ გაითვალისწინა ჩემი პრობლემა და ნება დამრთო, დამჯდარს წარმემართა დაკითხვები.

ერთი სასამართლო პროცესი მოვიგეთ, სწორედ იმ ქალის, ბინას რომ ედავებოდა მდგმურებს, რომლებმაც მოხუც დედამისს მოტყუებით გადააფორმებინეს სამოთახიანი, რადგან ქალიშვილი ამ დროს თურქეთში სამუშაოდ იმყოფებოდა. ორი პროცესი გადაიდო, რადგან მოწინააღმდეგე მხრიდან მომჩივანები არ გამოცხადდნენ. კიდევ მქონდა ორი პროცესი, რომელიც შუა თვეში უნდა გამართულიყო და ახლა სწორედ ამ საქმეებზე ვმუშაობდი.

კვირა დღე იყო. დათომ დამირეკა, შენი ნახვა მინდა, რჩევა უნდა გკითხო, უშენოდ ვერაფერს გავაწყობო. არ დაუკონკრეტებია, რა საკითხზე საჭიროებდა ჩემს რჩევას, მაგრამ მივხვდი, სერიოზული რაღაც უნდა ყოფილიყო, რადგან ძალიან აღელვებული ჩანდა.

საშინლად გაფითრებული მოვიდა, შუბლზე ოფლი ასხამდა. ხელში თავისი განუყრელი პორტფელი ეჭირა, რომელიც მონაცვლეობით, ყოველ წუთ-ნახევარში, ხელიდან მეორეში გადაჰქონდა.

- ხომ კარგად ხარ, დათო? - შევშფოთდი.

- არ ვიცი, ჰქვია თუ არა ამას კარგად ყოფნა, მაგრამ... მოკლედ, მარინა გამოჩნდა.

იმდენად მოულოდნელი იყო ამის მოსმენა, რომ გაკვირვებულმა შუბლი შევჭმუხნე.

- რაო, ქონება გამიყავიო?

- არა, შემირიგდიო.

- რაო, რაო? - დამცეცხლა.

- შერიგება უნდა. არ ვიცი, რა მეტაკა, შეცდომა დავუშვი და თუ შეგიძლია, მაპატიეო.

კარგა ხანს ხმა ვერ ამოვიღე. ვატყობდი, არ იყო შერიგების წინააღმდეგი, მაგრამ იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ცოლმა გაუკეთა, როგორ შეეძლო მისი უკან მიღება? წარმოუდგენლად მიმაჩნდა მსგავსი რამ.

- მერე? - გულგრილად ვკითხე და მის წინ მჯდარმა საჩვენებელი თითი ნიკაპზე ჩამოვისვი.

ძალიან ირონიულად კი გამომივიდა ეს `მერე~. დათო დაიბნა. ჩემგან ასეთ რეაქციას არ ელოდა და დღესაც ვერ ვხვდები, რატომ. მის ცოლს სულ ვლანძღავდი თავისი საქციელის გამო და რატომ გაუკვირდა ჩემი გულგრილობა, ვერ მივხვდი.

- მერე რა ვიცი... შენთან მოვედი რჩევის საკითხავად... შენზე ახლო მეგობარი მე არ მყავს, არც შენზე ჭკვიანი... - მორიდებით ამარიდა თვალი.

- და რა გინდა, რომ გირჩიო? შენთვის როგორც ჯობია, ისე მოიქეცი, - შემეცოდა, ისეთი სახე ჰქონდა.

- მაგრამ რას იტყვის ხალხი? დამცინებენ.

გამეცინა.

- მაგდენი თუ გესმის, მე რაღას მეკითხები? - თავი ვერ შევიკავე, - თუ გიყვარს, სხვების აზრი დიდად არ უნდა გაინტერესებდეს. თუ ბავშვების გამო აპირებ შერიგებას, მით უფრო და თუ სხვა, ამათზე მნიშვნელოვანი მიზეზი გაქვს შესარიგებლად, მთლად მოგწყობია საქმე და ეგ არის. ჩემი რჩევა რაღაში გჭირდება?

- შენ რას იზამდი ჩემს ადგილას?

- მე? იქ შევაძვრენდი, საიდანაც გამოძვრა! - ლამის ვიყვირე.

- მიყვარს, ბაბი, გესმის?

- მაშინ შეურიგდი და აქედანვე მოემზადე, კიდევ როდის მიგატოვებს, - არ დავინდე მეგობარი და განერვიულებულმა სკამზე ქანაობა დავიწყე.

- შემპირდა, რომ...

- და გჯერა, არა? - გავაწყვეტინე, - როგორი მიამიტი ხარ, დათო, რა!

- იცი, როგორი შეცვლილია? - ცოლის გამართლებას ისევ შეეცადა.

- ჰოდა, შეურიგდი, წადი, რას ელოდები? გაიქეცი, მიდი!

ნირი წაუხდა. ხმა არ ამოუღია, მხრებჩამოყრილი წამოდგა და კარისკენ გაემართა.

- ოღონდ ისე ნუ გააკეთებ, რომ კიდევ ერთხელ გახდე ხალხის სალაპარაკო და დასაცინი. გასაგებია?

შედგა, უკან მოიხედა და თავი დამიქნია, მერე კი ჩუმი ხმით თქვა:

- რომ ნახო, შეგეცოდება. არ გინდა, ნახო? - შემაპარა.

სიცილი ამიტყდა.

- რომელი მოძღვარი მე მნახეთ შენ და მარინამ? წავიდეს ეკლესიაში, ილოცოს და მოინანიოს თავისი საქციელი. მე რატომ უნდა ვნახო? რა ვუთხრა? მოვუწონო, რომ მიგატოვა? შენ კარგი, მაგრამ შვილები როგორ გაწირა? ასეთ დედებს არ ვცნობ. არ გეწყინოს, მაგრამ შენი ცოლი დიდი ნაგვის გროვაა, თუ ჩემი აზრი გაინტერესებს.

თავი დააკანტურა და გასასვლელისკენ გააგრძელა გზა. რაღაც მომენტში შემეცოდა. გული დამწყდა, ასეთი სუსტი მამაკაცი რომ აღმოჩნდა. უფრო ძლიერი მეგონა. მისი პროფესიის ადამიანი უნდა ყოფილიყო უფრო ძლიერი.

- ხო, მართლა, ეს ჟურნალი მარინამ გამომატანა, მიუტანე, გაუხარდებაო, - მოულოდნელად უკან დაბრუნდა, პორტფელი მაგიდაზე შემოდო, გახსნა და იქიდან პრიალა, სქელფურცლებიანი ჟურნალი ამოიღო.

- რა ყურადღებიანი ცოლი გყავს, - ზედმეტად ხაზგასმით ვუთხარი და ორაზროვანი მზერა ვესროლე.

როცა დათო გავიდა, ჟურნალს ისე, სხვათა შორის დავხედე და ადგილზე გავქვავდი. ყდაზე კოკი ლაცაბიძე პოზირებდა... მის გვერდით კი მშვენიერი შავგვრემანი გოგო იდგა, რომლისთვისაც ხელი ჩაეჭიდა...

გაგრძელება ჟურნალ "გზის"  44-ე ნომერში