ორი ბილეთი წალკოტამდე (თავიX) - გზაპრესი

ორი ბილეთი წალკოტამდე (თავიX)

გადამრევს როგორც ჩანს. როგორ მოაჯადოვა მამიდაჩემი, თვალსა და ხელს შუა გააცურა. ის კი არ იცის, წყალში რომ ჩავუყრი ამ "ბრწყინვალე" შრომას, მსახიობურს, რა თქმა უნდა.

პირველ რიგში, უნდა დავმშვიდდე, ასე აგზნებულს არაფერი გამომივა. რა სისულელეა შაბათ-კვირის კოკის გვერდით გატარება? თანაც სად? მამიდაჩემთან? წარმოუდგენელია! არარეალურია! გამომიჩნდა ეს ლუიც დიდი თანამედროვე! რა კოკი, ვინ კოკი! მიხედოს თავის "გალიის ჩიტს". მეც რას ავიჩემე ეს გალიის ჩიტი? გოლას ბრალია. რაც თავი მახსოვს, "კანარეიკას" მეძახდა, რადგან მის არყოფნაში სულ სახლში ვიჯექი და გალიაში გამომწყვდეულივით ველოდი. ამიტომაც შემარქვა. მე კიდევ იმდენად მირევს გულს ეს "კანარეიკა", რომ გალიის ჩიტით შევცვალე.

ხელისგულები აბრიალებულ ლოყებზე დავიფინე. ცივი მესიამოვნა, მაგრამ ჩემს აბობოქრებულ სხეულს ეს დააწყნარებდა? საშინლად ვნერვიულობდი. ყველაფერი ერთად მაღიზიანებდა - იმ უცხო გოგოს გამოჩენაც, კოკის მოულოდნელი გამოცხადებაც და, ბოლოს, ასე თავხედურად თავის დაპატიჟებაც. როგორი მიამიტია ლუი. ყველაფერი მისი ჩვილი გულის ბრალია. რადგან ობლად გავიზარდე, უნდა, რომ ძალიან ბედნიერი ვიყო, ამიტომ ჩემი გულისთვის ყველაფერზეა წამსვლელი. ის კი არ უფიქრია, რას ეტყვის ქმარი, უცხო კაცს რომ მიაყენებს სახლში. მერე რა, რომ მეცნიერია, ზედმეტად ტრადიციულია და ხშირად საყვედურობს ხოლმე მამიდას, დროს შენი ასაკის შეუფერებლად უსწრებ ხანდახან წინო. აი, ახლა ისევ მოუწევს ცოლისთვის ამის შეხსენება. არა, არ უნდა დავუშვა, რომ კოკი ჩვენთან წამოვიდეს.

გული მთელი ძალით აწყდებოდა ოთხივე კედელს, თითქოს მათი განგრევა და საგულიდან ამოხტომა სურსო. პირი გამიშრა, წარამარა ვისველებდი ტუჩებს და ღრმა სუნთქვით ვარჯიშებს ვიტარებდი, რომ დავწყნარებულიყავი. რის ვაი-ვაგლახით დავალაგე ჩემი ცხოვრება და არავის მივცემ უფლებას, ისევ ამინგრიოს. კოკი ვერ მომერევა, მე ადვოკატი ვარ, ათას გამოცდაგამოვლილი და გამოწრთობილი. იმდენი ვერაგობა მინახავს, შევხებივარ და შემხებია, ასე ადვილად ვერავინ გამაცურებს.

ნერვიული მოძრაობით თმა ხელზე დავიხვიე, ავიწიე და სარჭით კეფაზე დავიკოსე. ხელები მიკანკალებდა, რასაც, სამწუხაროდ, ვერაფერს ვუხერხებდი.

"ხელები და ხმა ერთნაირად გიკანკალებს", - დამცინოდა ხოლმე გოლა, როცა წონასწორობიდან გამომიყვანდა, მე კი ხმას ვერ ვიღებდი.

სწორედ ამგვარ მდგომარეობაში ვიყავი მაშინ, როცა...

ყველას ცოლ-ქმარი ვეგონეთ, არადა, ხელის მოწერაზე არასდროს გვილაპარაკია, ჯვრისწერაზე ხომ საერთოდ... არ მაღელვებდა ეს საკითხი. არ ჰქონდა მნიშვნელობა, ოფიციალურად რა გვერქმეოდა. მთავარი იყო, მის გვერდით ვიყავი, მიყვარდა და ვუყვარდი. ყოველ შემთხვევაში, ასე მეგონა.

როცა მარტოობა მომბეზრდა, რის გამოც ხშირად დამცინოდა კიდეც, გადავწყვიტე, სამსახური მეშოვა. დავიწყე ვაკანსიების ძებნა და სივების გადაგზავნა. როგორც იქნა, მართლა გამომიჩნდა სამუშაო. საადვოკატო ფირმაში თანაშემწე სჭირდებოდათ. სიამოვნებით დავიწყე მუშაობა. მართალია, ხელფასი დიდი არ იყო, მაგრამ მე მაკმაყოფილებდა. გოლა იმ პერიოდში არ იყო თბილისში, ამიტომ არ იცოდა ჩემი ახალი სამსახურის შესახებ. თუმცა, როგორც ჩანს, ეს მე მეგონა, რომ არ იცოდა, თორემ თვითონ ალბათ დედამიწის გულში რა იდო, ისიც იცოდა.

ერთ საღამოს, როცა შინ დავბრუნდი, სახლში დამხვდა. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მინდოდა, მოვხვეოდი, მაგრამ ისე ცივად შემხვდა, ადგილზე გავშეშდი.

- რამე ცუდი შეგემთხვა? - არც კი მიფიქრია, ჩემზე თუ იქნებოდა გაბრაზებული.

- რატომ გადაწყვიტე მუშაობის დაწყება, რამე გაკლია? - კბილებშუა გამოცრა.

ეს პირველი შემთხვევა იყო, ასე თავშეკავებული რისხვით რომ მელაპარაკებოდა. ისეთი სუსხი მოდიოდა მისგან, ტანში გამცრა.

დავიბენი. მეგონა, გაუხარდებოდა, პირიქით კი მოხდა.

- არა, რა უნდა მაკლდეს... - როგორც იქნა, დავალაგე წინადადება, - უბრალოდ, ვიფიქრე, მუშაობა არ მაწყენდა-მეთქი.

- პოლიციაში, არა? - დაიღრინა.

შუბლი შევიკარი.

- რომელ პოლიციაში? საადვოკატო ფირმაა, - გაოცებული მივაჩერდი.

- ეგეც პოლიციაა, ეგენიც ძაღლები არიან. ხომ იცი, არ მიყვარს ორგანოსთან შეხება, სულ მცირეოდენიც კი.

- გოლა, ადვოკატს ორგანოებთან მხოლოდ ირიბი შეხება აქვს...

- ვიცი! - დამიღრიალა და მუშტებმოკუმული მამალივით აიფხორა.

იმის მაგივრად, რომ შემშინებოდა, უეცრად გული მომეცა. ჩემთვის არასდროს არავის უყვირია, ამას არ ვიყავი დაჩვეული, ამიტომ მისი ტონის უეცარმა შეცვლამ მოულოდნელად აგრესიული გამხადა.

- სხვათა შორის, ეს ჩემი პროფესიაა და არავის გამო მასზე უარს არ ვიტყვი! - ჯიბრიანად მივუგე და ისე ალმაცერად შევხედე, ვაგრძნობინე, შენი არ მეშინია-მეთქი.

- მოგიწევს პროფესიის შეცვლა, თუ ჩემთან გინდა ცხოვრების გატარება.

სისხლი ყელში მომაწვა. ისე გავმწარდი, სიამოვნებით დავუკაწრავდი სიფათს, მაგრამ თავშეკავება ვამჯობინე.

- აბა, რა ვქნა, მართლა "კანარეიკასავით" ვიჯდე გალიაში და ველოდო, შენ როდის მოგესურვება სახლში დაბრუნება? ეს გინდა?

- გოგო! ნუ უწევ ხმას. შენ ვინმეში ხომ არ გეშლები, ა? კარგად შემომხედე ერთი! ხვალიდან დაეგდები სახლში და გარეთ ცხვირს არ გაყოფ! თუ საჭიროა, უნდა დამელოდო, აბა, როგორ გინდა? თუ ჩემი ცოლი ხარ, ცოლი იყავი, თუ არადა, წადი აქედან, სანამ ეგ შენი ლამაზი სახე დამისერავს!

აი, სწორედ მაგ მომენტში ვიგრძენი შიში. იყო ამის გამკეთებელი, განა არ იყო. იმდენი რამე გამეგონა მისი წრის ადამიანებზე, რომ კანი მეხორკლებოდა ხოლმე. ნელ-ნელა ჩემთვის რაღაც-რაღაცები ნათელი ხდებოდა. არც ისეთი თბილი ყოფილა, როგორიც მეგონა, როგორადაც თავს მაჩვენებდა. ისევ დათმობა ვამჯობინე. იმდენად მიყვარდა, არ მინდოდა ჩემი სამსახურის გამო მასთან ურთიერთობა გამეფუჭებინა. ვიფიქრე, ჯერ ახალგაზრდა ვარ, რა მეჩქარება, გავა დრო და უფრო შევეწყობით ერთმანეთს, ნელ-ნელა შევაჩვევ ამ აზრს და როგორმე დავითანხმებ, რომ ჩემი პროფესიით მამუშაოს-მეთქი.

იმ დღეს დავთმე. როგორც იქნა, ისევ შემირიგდა, კვლავ ძველი გოლა გახდა. მეორე დღეს მითხრა, დეიდაჩემი და მისი ქმარი მოდიან სტუმრად და აბა, შენ იცი, არ შევრცხვეთო. წავედით ბაზარში, უამრავი რამ ვიყიდეთ, მთელი დღე ვამზადე კერძები და საღამოს სტუმრებს ღირსეულად დავხვდით.

დეიდამისს ძალიან მოვეწონე. როცა სამზარეულოში ვფუსფუსებდით, ყურში საიდუმლოდ მიჩურჩულა, მთელ ნათესაობას შენი იმედი გვაქვს, იქნებ ეს ბიჭი შენ მაინც მოარჯულოო. ნაღვლიანად გავუღიმე. ამის იმედი არ მქონდა, მაგრამ ხომ ვერ ვეტყოდი?

ხანდახან გგონია, რომ შენს ბედნიერებას არაფერი ემუქრება. ადამიანის ბუნება ასეა მოწყობილი. შეყვარებული ბრმა ხარ, მხოლოდ კარგს ხედავ და ცუდს ან ვერ ხედავ, ან თვალს ხუჭავ. ჩვენ იმდენად ცოტა ხანს ვიყავით ერთად, სანამ თანაცხოვრებას დავიწყებდით, რომ მართლა ვერ მოვასწარი მისი კარგად გაცნობა. თითქოს არაფერს მიმალავდა, მაგრამ, როგორც ჩანს, შევცდი. იყო რაღაც-რაღაცები, რასაც ჩემთან არ აჩენდა. თურმე ბოლომდე არ იხსნებოდა. განა მარტო მე დამემართა ასე. ცხოვრება ხომ სიურპრიზებითაა სავსე. შეიძლება ძალიან დიდხანს ცხოვრობდე ადამიანთან და ერთ მშვენიერ დღეს ისეთი თვისებები აღმოაჩინო მასში, რომელზეც წლების განმავლობაში წარმოდგენა არ გქონდა.

იმ საღამოს, როცა პირველად გავუწიე წინააღმდეგობა, ჩვენ შორის ბზარი გაჩნდა. იმედგაცრუების პირველმა ტალღამ მსუბუქად გადამიარა, თბილმა ტალღამ. და მივხვდი, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო და უარესი წინ მელოდა. მიუხედავად ამისა, ვცდილობდი, ყველაფერი დამებალანსებინა და ბევრ რამეზე თვალს ვხუჭავდი. რომანტიკაც ნელ-ნელა გაქრა, მინავლდა. მაინც ვცდილობდი, უსიამოვნო რეალობისთვის თვალი გამესწორებინა და როგორმე შემენარჩუნებინა ოჯახი. ვნატრობდი, ნეტავ დავორსულდე-მეთქი. მეგონა, ბავშვის გაჩენა შეცვლიდა და სულ სხვა კუთხით შემხედავდა მეც და ამ ცხოვრებასაც. ვხედავდი, თანდათან როგორ უცივდებოდა გული ჩემ მიმართ. მაგრამ ამასაც ვეგუებოდი. მიყვარდა, უაზროდ მიყვარდა და ჩემთვის მთავარი მხოლოდ მასთან ცხოვრება იყო, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვნად მიმაჩნდა. ამიტომ ვუგებდი მის ცივ ხასიათს და ყველანაირად ვცდილობდი, სამაგალითო ცოლი ვყოფილიყავი, მისთვის მესიამოვნებინა და არ მოვბეზრებოდი. ამისთვის ათასგვარ ხერხს ვიგონებდი.

მყუდრო იყო ჩვენი ბინა. პატარა ეზო ჰქონდა, შავი ყურძნის პატარა ტალავერით. ყოველ დილით ჩიტების ჭიკჭიკი გვაღვიძებდა. მზე პირდაპირ საწოლში გვაჭყიტებდა, როგორც კი ამოიწვერებოდა. მერე ვდგებოდით, ვსაუზმობდით, ინტერნეტში "ვძრომიალობდით", შემდეგ სადილს ვამზადებდი, მერე ყავას ვსვამდით ან ვკითხულობდით. მასაც უყვარდა კითხვა. ერთმანეთის პირისპირ ვსხდებოდით და ვკითხულობდით ორივენი. სასეირნოდ იშვიათად გავდიოდით. არ უყვარდა გარეთ გასვლა, როცა თბილისში ჩამოდიოდა. სულ ეჭვი მქონდა, რომ მართლმსაჯულებას ემალებოდა, მაგრამ ამაზე როგორ ჩამოვუგდებდი სიტყვას? ჭკვიანურად იქცევა-მეთქი, ვფიქრობდი. თუ აღრიცხვაზეა, შეიძლება სადმე დაუდარაჯდნენ, ჯიბეში მოსაწევი ჩაუდონ და დაიჭირონ-მეთქი. ბევრი გამიგია ასეთი შემთხვევა.

სამაგიეროდ, მისი ძმაკაცები მოდიოდნენ ჩვენთან სტუმრად ლამის ყოველდღე. ამასაც შევეჩვიე. თავიდან მიხაროდა, ვიღაც რომ მოდიოდა და თავზე მტვერს ვიყრიდი, სულ სამზარეულოში ვტრიალებდი, მაგრამ მერე და მერე ცოტა მოსაბეზრებელიც კი გახდა ყოველდღე სტუმარი. ხშირად ქეიფში ღამეებს ათენებდნენ. მე "პატარა ქალბატონს" მეძახდნენ, პატივისცემით მექცეოდნენ, მაგრამ თანდათან ისე გამითამამდნენ, რომ უშვერ გინებასაც არ ერიდებოდნენ ჩემი თანდასწრებით. უცხო და უსიამოვნო საუბრებმაც იმატა, ერთმანეთის ლანძღვამაც. ხანდახან ისეთი "თემა" წამოიჭრებოდა განსახილველად, მოგუდულ ხმაზე გადადიოდნენ მე რომ არ გამეგო. საშინლად უსიამოვნო იყო ჩემთვის ეს საუბრები... საუბრები "მაყუთზე", "ჩალიჩზე", "ბაითზე"...

ბოლო პერიოდში საღამოობით გასვლას მოუხშირა, რასაც ადრე ერიდებოდა. მერე გათხლეშილი მოდიოდა ხოლმე სახლში. ყურადღებასაც არ მომაქცევდა, ისე მიეგდებოდა საწოლზე და იძინებდა. ხან საერთოდ აღარ მოდიოდა, მე კი შიშისგან გულგახეთქილი მთელი ღამე გაუხდელად მიწოლილი ველოდებოდი. ამაზე სულ ვეჩხუბებოდი, დამირეკე მაინც, თუ ვერ მოდიხარ, რომ არ გელოდო-მეთქი. ცოტა წავკინკლავდებოდით, მერე კი ისე მომეფერებოდა, ჩემი ბრაზი სადღაც ქრებოდა. ის ყოველთვის ახერხებდა ჩემი გულის მოგებას. პატარა ბავშვივით იცოდა ხანდახან ჩემი განებივრება.

მერე ისევ დაიკარგა. სამი თვე ამაოდ ველოდი. ერთხელაც არ დაურეკავს. როგორც იქნა, მეოთხე თვეს გამოჩნდა და ვითომ არაფერი, თითქოს ორი დღის გასული ყოფილიყო შინიდან.

ვუძლებდი, ოღონდ არ მივეტოვებინე და ყველაფერს ვუძლებდი. ჩემს დაორსულებას კი არა და არ დაადგა საშველი. მეგონა, ეს ერთადერთი იყო, რაც მიშველიდა, რაც გულს არ ააყრევინებდა ჩემზე. ამჯერად სრულიად შეცვლილი დაბრუნდა. საშინელი უხასიათობა დასჩემდა. უხეშად მელაპარაკებოდა, მბრძანებლობდა ჩემზე. ისე მექცეოდა, თითქოს ცოლი კი არა, მოსამსახურე ვყოფილიყავი.

მაინც ვიტანდი და ალბათ კიდევ დიდხანს ავიტანდი, რომ არა ერთი შემთხვევა.

ივლისი დადგა. როგორც იქნა, დავორსულდი და როცა ეს ამბავი გავიგე, სიხარულისგან კინაღამ გავაფრინე. თან ჩემი დაბადების დღე იყო და დაქალები დავპატიჟე, საღამოსკენ გამოიარეთ, ახალი ამბავი მაქვს თქვენთვის-მეთქი. მოვიდნენ. დიდი ხანი იყო, ერთად არ გვექეიფა და კარგი დრო ვატარეთ. გაიგეს, რომ ორსულად ვიყავი, რაც დიდად არ გაუხარდათ. გოლას დანახვაც არ უნდოდათ, მხოლოდ ჩემი ხათრით იტანდნენ. სულ მეჩიჩინებოდნენ, ეგ ბიჭი დაგღუპავს შენ, ცხოვრებაში წინ ვერ წაიწევო.

ეჰ, მაშინ არავის ვუჯერებდი. არაფრის გაგონება არ მინდოდა, მაგრამ მათ ამას აღარ ვაგრძნობინებდი, რადგან ერთხელ კინაღამ დავკარგე მეგობრები კაცის გულისთვის და ამის გამეორება არ მინდოდა. ცხოვრება მაინც მშვენიერი იყო, თითქმის ასატანი.

რამდენჯერმე დავურეკე გოლას, დროზე მოდი-მეთქი, მაგრამ არ დააყენა საშველი.

გოგოები გვიან დაიშალნენ, ის კი არ მოვიდა. ძალიან მეწყინა. შუაღამეს მობრძანდა, რა თქმა უნდა, გალეშილი და არც მოულოცავს, ისე მებდღვნა. უხეშად მოვიცილე.

- რა იყო, ჩემთან სექსი არ გინდა? უნდა დაგასაჩუქრო ამაღამ, დაბადების დღეზე.

- ეგ საჩუქარი ისედაც არ მაკლია შენგან, კარგა ხანია, - ცივად მივუგე.

- რაო, "დაგტენეს" შენმა დაქალებმა? გითხრეს, ასე მოექეცი, ეგრე მოუხდებაო?

- რა სისულელეა, არავის არაფერი არ უთქვამს, - ზიზღით მოვბრიცე ტუჩები.

- ეგენი მეორედ არ დავინახო აქ, გაიგე?

ამრეზით გავხედე.

- ეგრე ნუ მიყურებ, თორემ დაგთხრი მაგ თვალებს, გესმის შენ? - მუშტები ცხვირწინ დამიტრიალა, - ახლა კი გაიხადე და შეწექი ლოგინში!

როგორ მინდოდა, რომანტიკული საღამო გვქონოდა. მეთქვა, რომ ორსულად ვიყავი, რომ მუცლით მის შვილს დავატარებდი და გამეხარებინა. არ დამაცალა, არ მომცა ამის საშუალება, ამიტომ ავდექი და ყოველგვარი რომანტიკული შესავლის გარეშე ვუთხარი:

- ორსულად ვარ.

მოულოდნელად სახე გაუფითრდა.

- რა თქვი?

ასეთ რეაქციას არ ველოდი. აშკარად ნირი წაუხდა.

- ჩვენ შვილი გვეყოლება, - ხმაწართმეულმა გავიმეორე.

კარგა ხანს მიყურა, ხმას არ იღებდა. არც პოზა შეუცვლია. გვერდულად იდგა, ოდნავ მოხრილი და ირიბად გამომცქეროდა. მერე წელში გასწორდა, დოინჯი შემოიყარა, ძალიან ახლოს მოვიდა ჩემთან და კბილებში გამოცრა:

- მე გითხარი შენ, შვილი მინდა-მეთქი?

ელდა მეცა ამის გამგონეს. შეშინებულმა შევხედე. ისე აქშინდა, რომ დუჟი მოადგა ტუჩის კუთხეებში.

- ვინ გთხოვა, დაორსულდი და შვილი გამიჩინეო?

- მეგონა...

- არაფერიც არ გეგონა! მე შენ ვერ დამისაკუთრებ, გესმის? მე შენ ვერ დამაბამ! გაიგე ეს! - ბოლო ხმაზე ბღაოდა.

სიმწრისგან ცრემლები წამსკდა. შვილზე თუ უარს იტყოდა, როგორ ვიფიქრებდი?

- გავიგე... - დავიჩურჩულე. წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა, მთვრალი იყო და მაინც ვერაფერს შევაგნებინებდი. ვიფიქრე, დილით რომ გამოფხიზლდება, მერე დაველაპარაკები-მეთქი.

- ეს დიდი მკერდი შენი გენეტიკური ტვირთია და მომწონს, "კანერეიკა", - მითხრა და საჩვენებელი თითი ძუძუზე მატაკა, - მაგრამ აი, ეს არ არის შენი გენეტიკური ტვირთი და არ მომწონს, - ახლა მუცელში მატაკა თითი, - შენ გულის განმგმირავად ლამაზი ხარ, ამიტომ მხოლოდ შენ უნდა იყო ჩემი, სიყვარულში მოზიარე არ მჭირდება! - ტუჩები უსიამოვნო ღიმილმა გაუწელა. უეცრად, თითქოს რაღაცამ წამოუარაო, ხელი თმაში მტაცა და საწოლზე მიმაგდო. ძალით შემომახია ტანსაცმელი, ახალთახალი კაბა, საგანგებოდ რომ ვიყიდე დაბადების დღისთვის. მიუხედავად იმისა, რომ წინააღმდეგობას ვუწევდი, მაინც შეძლო ჩემი გაშიშვლება და მთელ სხეულზე კბენა დამიწყო.

როგორ გავმწარდი. თავდაცვის ინსტინქტმა ამოქმედება დაიწყო. შემეშინდა, ჯერ დაუბადებელი ბავშვისთვის რამე არ ევნო. თითქოს მხეცმა გაიღვიძა ჩემში. ბურთივით შევიკუმშე, შეტყუპებული ფეხები მთელი ძალით ამოვარტყი მუცელში და საწოლიდან გადავისროლე. ამას არ ელოდა. გამხეცებული მომვარდა და სახეში მთხლიშა მთელი ძალით მოქნეული მუშტი. მახსოვს, რომ ვიკივლე. ისტერიკულად ვკიოდი, ის კი დაუზოგავად მირტყამდა. ფეხქვეშ ამომიდო და მუცელში დამიშინა მუშტები...

მერე არაფერი არ მახსოვს. როცა თვალი გავახილე, უკვე საავადმყოფოში ვიყავი...

როცა სარკე მომიტანეს და შიგ ჩავიხედე, ჩემი თავი ვერ ვიცანი. მკერდი ერთიანად დაკბენილი მქონდა, სახე და თვალები - ჩალურჯებული, ლოყებზე წითელი ზოლები გამდევდა. მუცელს საერთოდ ვერ ვგრძნობდი...

იმ დღეს დამთავრდა ჩემი ცხოვრების ოცდაერთწლიანი ქრონიკა... მისგან წამოვედი. წყენა შემრჩა, ბავშვი არა. მე დათრგუნვილი დავრჩი, ჩემმა დამთრგუნველმა კი სხვა ქალი გაიჩინა.

თუმცა, სანამ ამას გავიგებდი, მაინც შევურიგდი. ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი ცხოვრებაში მომსვლია.

გავიდა რამდენიმე დღე და მისი ძმაკაცები გააქტიურდნენ. ხან ერთი მირეკავდა, ხან - მეორე. არავის ზარს არ ვპასუხობდი, არ მინდოდა მასთან დაბრუნება. ფიქრებში შვილის მკვლელს ვეძახდი.

მდგომარეობიდან მამიდაჩემმა გამომიყვანა. როცა მან ყველაფერი გაიგო, გულამოსკვნით ატირდა, მასთან ერთად მეც ვტიროდი. ნუ შეაჭმევინებ თავს იმ არაკაცს, დაივიწყე და ახალ ცხოვრებას შეუდექიო. არადა, ყველაფერი სუფთა ფურცლიდან უნდა დამეწყო. ამისი კი მეშინოდა. ცვლილებების ყოველთვის მეშინოდა.

დაქალებიც არ მომშორებიან, სულ ჩემთან იყვნენ. აგვისტოში ზღვაზე წამიყვანეს და დამასვენეს. ცოტა კი გადავაყოლე გული, შვება ვიგრძენი, მაგრამ დავბრუნდი თუ არა, ისევ განახლდა რეკვები. მერე თვითონაც დამირეკა. როგორც სჩვეოდა, ისე მელაპარაკა, თითქოს არაფერიც არ მომხდარიყოს. მე სულელმა ვიგრძენი, რომ მაინც მიმიწევდა მისკენ გული.

მერე შემხვდა, ბოდიში მომიხადა, მითხრა, ვნანობ, რაც მოხდა, მაგრამ მთვრალი ვიყავი და ვერ მოვზომე, თან შენც ჭკუიდან გადამიყვანეო. მოდი, გამიჩინე შვილი, არ ვარ ამის წინააღმდეგიო. არ ვიცოდი, რა მექნა. ღმერთს ვევედრებოდი, გზა ეჩვენებინა ჩემთვის, ისე გამეკეთინა, როგორც ჩემთვის ჯობდა და...

ისევ შევრიგდით.

ამჯერად ჩვენი ვითომ ოჯახური იდილია ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა. დაქალები ხომ ისევ მოვიმდურე, მამიდაჩემიც... ესეც არ მაკმარა ღმერთმა და ახალი გამოცდის წინაშე დამაყენა.

გამომიცხადა, ერთი კვირით ბათუმში მივდივარ საქმეზეო. მესამე დღეს კი, "ფეისბუკზე" რომ შევედი და მის გვერდს ვათვალიერებდი, შოკში ჩავვარდი. საცურაო კოსტიუმში გამოწყობილ ვიღაც გოგოსთან ერთად ედო ფოტოები. გადავედი ამ გოგოს პროფილზე და რას ვხედავ! სიყვარულით სავსე სტატუსებით არა აქვს კედელი სავსე? დავურეკე გოლას უახლოეს მეგობარს, ვასკას და ვკითხე, გამაგებინე, რა ხდება-მეთქი. დამნაშავის ტონით მითხრა, ბათუმშია ვიღაც გოგოსთან ერთად, წესიერად ჩვენც არ ვიცით, ვინაა და მასთან რა აკავშირებსო. გავშრი. ვასკამ დამშვიდება დამიწყო, ეგ საერთოდ ეგეთია, მისთვის ქალი უცხო არ არის, სულ ახალ-ახალი ვიღაც ჰყავს, მაგრამ ვიცით, რომ შენ უყვარხარ და ამის გამო არ ეჩხუბო, ცხელ გულზე ნურაფერს მოიმოქმედებ, დამშვიდდიო.

განადგურებული დავრჩი. მთელი ღამე არ მიძინია. მეორე დილით ვასკამ დამირეკა და მითხრა, ველაპარაკე, სერიოზული არაფერია, იმ გოგოსთან მხოლოდ ერთობა და რამდენიმე დღეში დაბრუნდებაო. უკვე აღარაფრის გაგონება არ მინდოდა. გაცოფებულმა დავურეკე გოლას და ყველაფერი მივახალე, რასაც მასზე ვფიქრობდი. სულ გარეწარი ვუძახე, არშემდგარი კაცი ხარ-მეთქი. ჩემს სიახლოვეს გავლაც არ გაბედო, არათუ მოახლოება-მეთქი. ისე ვკიოდი ტელეფონში, მგონი, მთელ უბანს ესმოდა ჩემი ხმა.

როცა ტელეფონი გავთიშე, ჩემდა გასაოცრად მივხვდი, რომ ძალიან მშვიდად ვიყავი. სათქმელი ითქვა, გასაკეთებელი გაკეთდა. საბედისწერო შეცდომა საბედისწეროდ თამამი ნაბიჯით გამოვასწორე.

იმ დღეს საბოლოოდ დავსვი წერტილი. ინტერნეტშიც დავბლოკე, მობილურშიც, რომ ვერანაირად ვერ დამკავშირებოდა. მისი ბინა დავტოვე და ჩემსაში გადავედი.

კარგა ხანს გამიჭირდა, მაგრამ გადავლახე. გადავლახე იმიტომ, რომ დამარცხებულად სულაც არ მიმაჩნდა ჩემი თავი. არ მიმაჩნდა იმიტომ, რომ მე წამოვედი მისგან და არა ის - ჩემგან. ეს ყველაზე დიდი პლუსი იყო ჩემთვის.

და ჩემი ცხოვრების ქრონიკამ წლების თავიდან ათვლა დაიწყო... მის გარეშე, მაგრამ მის მიერ დატოვებული ტკივილით...

გაგრძელება ჟურნალ "გზის" 46-ე ნომერში