ორი ბილეთი წალკოტამდე (თავი XI) - გზაპრესი

ორი ბილეთი წალკოტამდე (თავი XI)

ბულდოზერივით გადაუარა ჩემს ცხოვრებას. ზედმეტად ახალგაზრდა ვიყავი და ზედმეტად მიამიტი, ამიტომაც იოლად წამოვეგე მის ანკესზე. საბოლოოდ ისეთ ზღვრამდე მიმიყვანა, რომ ძალაგამოცლილს შავზე შემეძლო თეთრიაო, მეთქვა. ახლაღა ვაცნობიერებ, რომ მის გვერდით კი არ ვცხოვრობდი, უბრალოდ, ვარსებობდი.

გამუდმებით მეშინოდა, არ განხიბლულიყო ჩემით, მისი სიყვარული არ დამეკარგა. თურმე სულ ტყუილად, მწარედ შევცდი არჩევანში. არ აღმოჩნდა ის, ვინც მეგონა. სამწუხაროდ, დიდი ხანი დამჭირდა ამის მისახვედრად. შეცდომებზე ბევრი რამ ვისწავლე. ახლა იმ ასაკში ვარ და იმხელა გამოცდილებით, რომ თავს ადვილად არავის დავაჩაგვრინებ. რაც მთავარია, ახლა ვიცი ჩემი თავის ფასი. კარგა ხანია, თავაწეული დავდივარ, მხრებში გამართული და აღარ ვგავარ იმ დაბეჩავებულ ბარბარეს, წლების წინ რომ ვიყავი.

კოკისნაირი მამაკაცების გამკლავება ძნელი არ არის, მთავარია, სრული გულგრილობა ავიფარო ნიღბად. ასეთებთან მხოლოდ ეგ გადის. არანაირი სურვილი არ მაქვს, მისი მორიგი გართობის ობიექტი გავხდე. ამისთვის არ შემინახავს ცხრა წელი ჩემი სხეული.

მხოლოდ თხუთმეტი წუთის შემდეგ გამოვედი კაბინეტიდან. ახლა ისევ ძველი ბაბი ვიყავი - ბედისწერის გამოწვევისთვის შემზადებული.

კოკი ვანდის მაგიდასთან დამჯდარიყო და მოდის ჟურნალს ათვალიერებდა. ხმაურზე თავი ასწია და შემფასებლური მზერა მესროლა.

- ასე შუბლშეკრული თუ იქნები, ნაოჭები დაგასხდება მაგ ლამაზ სახეზე.

- არა უშავს, მაინც გავრისკავ, - ნიშნის მოგებით მივუგე.

- ასამდე დათვლასაც ვერ მოასწრებ, რომ ეგ ატამივით პრიალა კანი ხორკლიან კვახს დაემსგავსება, - გაიხუმრა და თავისი საფირმო ღიმილი მოიმარჯვა. როგორ მიყვარდა ეს ღიმილი. მისი ცივი თვალები წამით გაცისკროვნდა და მზერა დაუთბა.

მოულოდნელად თავისი ძლიერი მკლავები ჩამავლო, ახლოს მიმიზიდა და მთელი სერიოზულობით მკითხა:

- რა ჰქვია მას?

- რა? - იმდენად გავოცდი, რომ თავის გათავისუფლებაც არ მიცდია. ერთი ეგღა მოვახერხე, რომ ხელისგულები მის მკერდს მივაბჯინე, რათა არ ჩამხუტებოდა.

- რა ჰქვია იმ კაცს, რომლის გამოც სახეზე გაწერია `ხელები შორს ჩემგან~.

- წარმოდგენა არა მაქვს, რაზე მელაპარაკები, - ვითომ ვერ მივხვდი, რას მეკითხებოდა. არადა, გულმა გამალებით დამიწყო ცემა.

- მატყუარა, - ჩემი აწითლებული სახე გულდასმით შეათვალიერა, - ვიღაცამ მწარედ გაწყენინა, ძალიან, ძალიან მწარედ. მითხარი, ვინ არის?

- კოკი! ხელი გამიშვი, თუ შეიძლება!

- თუ მოვისურვე, მთელი ღამე შემიძლია ასე ვიდგე, შენც დაგაყენო და მაინც გათქმევინებ მის სახელს, - გამომიცხადა, - რაც უფრო მეტად ვუახლოვდებით ერთმანეთს, მით უფრო დიდ თავსატეხს მიჩენს შენი იდუმალება. ეს კი არ მომწონს, - მისი ლურჯი თვალები ყინულის ნატეხს დაემსგავსა.

ყელი მოვიღერე და დამცინავი ტონით მივუგე:

- მეგონა, უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გქონდა, ვიდრე...

- ვიდრე რა?

- ვიდრე ჩემზე ფიქრია.

დიდხანს მიყურა, თითქოს რაღაცას აანალიზებს და დასკვნები გამოაქვსო.

- ერთი მეორეს ხელს არ უშლის, გააჩნია, საქმეებში რას გულისხმობ. შენი ორაზროვანი შენიშვნა გასაგებია, საითკენაც მიდის.

- არ მესმის, რას გულისხმობ.

- გესმის, შესანიშნავად გესმის. ვიცი, ამით რისი თქმაც გსურს.

უეცრად თავი დახარა და მაკოცა. ასეთი მშიერი და ხარბი ტუჩები პირველად ვიგრძენი. ეს კოცნა წინას არ ჰგავდა. თითქოს ალი წამეკიდა ტუჩებზე.

მინდოდა, ეგრევე გავრიდებოდი, მაგრამ უფრო ძლიერად ჩამიჭირა ხელში და უფრო ხარბად გააგრძელა კოცნა. დავნებდი. იმდენად მსიამოვნებდა მისი კოცნა, რომ ყველაფერი დამავიწყა ამქვეყნად. ის ერთადერთი მამაკაცი იყო ჩემს ცხოვრებაში, რომელმაც ჩემში ქალური საწყისების გაღვიძება შეძლო. ვგრძნობდი მისი სხეულის სითბოს, მისი მკლავების სიძლიერეს, ასე რომ დასრიალებდნენ ჩემს ზურგზე და სხვა აღარაფერი მინდოდა დედამიწის ზურგზე. ოღონდ კი ეს წუთები არ დამთავრებულიყო, ოღონდ კი ასე გაგრძელებულიყო მუდამ. თუ ოდესმე ჩემს აღგზნებას ვინმე შეძლებდა, ვერ წარმოვიდგენდი.

მოულოდნელად ჩემი მობილური ამღერდა და ორივენი გონს მოვეგეთ. ისე სწრაფად შემიშვა ხელები, თითქოს ვინმეს კარი შემოეღოს.

მამიდა იყო, სად ხართ, არ მოდიხართო? ვუთხარი, ორ წუთში გამოვალთ-მეთქი.

- ამ ეტაპზე სხვა ვინმე რომ მყავდეს, ასე არ გაკოცებდი, ბაბი. - ჩურჩულით მითხრა, როგორც კი ტელეფონი გავთიშე, - შემიძლია სადმე დაგპატიჟო ხოლმე, რესტორანში, კაფეში, კინოში, თეატრში, მაგრამ შენს ლოგინში ჩაწვენას არ შევეცდები. ამას არ გავაკეთებ.

- ანუ მხოლოდ პლატონურ ურთიერთობას მთავაზობ? - ჩემს შეკითხვაში აშკარა უნდობლობა იგრძნობოდა.

- მხოლოდ.

განა მისი ნდობა შეიძლება? შევყურებდი ლურჯ თვალებში და მინდოდა, პასუხი იქ წამეკითხა. თუმცა მის მზერაში ვერაფერი ამოვიკითხე. ერთხელ უკვე დავუჯერე ერთ მამაკაცს და რა მოვიგე ამით? არაფერი.

გოლას გახსენებამ კვლავ შიში მომგვარა. საშინლად ვიყავი წარსულისგან დაკომპლექსებული. ცვლილებების, როგორც ყოველთვის, ახლაც მეშინოდა, იმ ცვლილებების, რომელიც კოკისთან ურთიერთობის დალაგების შემდეგ მელოდა. დალაგდებოდა კი?

- ადრე თუ გვიან ისევ მოგიწევს წყალში შესვლა, შენც ხომ იცი?

- მე? რა ვიცი? - შორს დავიჭირე მისი ორაზროვნება.

- ზედმეტად ლამაზი და სასურველი ხარ იმისთვის, რომ ცხოვრების ბოლომდე მარტო დარჩე. ვინც უნდა იყოს იგი და რაც უნდა დაეშავებინა შენთვის, მომავალი შენს ხელშია და ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. გჯერა ჩემი?

პასუხი არ გამიცია. ეიფორია, რომელიც მისმა კოცნამ განმაცდევინა, ნელ-ნელა განელდა. ცხვირით ცხვირზე გამეხახუნა, რამე თქვიო.

უნებლიეთ, არ ვიცი, რა დამემართა, ჩურჩულით წარმოვთქვი:

- მას გოლა ერქვა.

უცებ სახე გაუქვავდა, თვალებში კი წამით წაპერწკალი გაუკრთა, მრისხანების ნაპერწკალი.

- და? - თვითონაც ჩურჩულზე გადავიდა.

- ეს დიდი ხნის წინ იყო... მაშინ ბავშვი ვიყავი, ცოლად გავყევი, მაგრამ... მალევე გავშორდით ერთმანეთს. - ტკივილიანი ღიმილით გავუღიმე.

- სტუდენტობის დროს მოხდა ეგ?

- თითქმის, - მივუგე და გადავწყვიტე, მეტი აღარაფერი მეთქვა. ესეც ზედმეტი იყო, ამდენიც არ უნდა გამენდო მისთვის.

- ტკივილი მოგაყენა?

- ამაზე საუბარი არ მინდა.

- ვიცოდი, ამას რომ მიპასუხებდი... კარგი, არ გვინდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ იცოდე, რაც გითხარი, სრული სიმართლეა. ის წარსულშია უკვე, შენ კი უნდა იცხოვრო ჯერ აწმყოში, ხვალ მომავალში.

- სათქმელად ადვილია, - ქვედა ტუჩი სიმწრით კბილებშუა მოვიქციე.

- ფსიქოთერაპევტთან დადიოდი?

სიცილი ვერ შევიკავე.

- არა, რა ფსიქოთერაპევტთან. ეს საქართველოა, ამერიკა ხომ არ გგონია? ვინ დადის დღეს ფსიქოთერაპევტთან?

- მე დავდიოდი. რატომ გგონია, რომ არ დადიან? ვისაც პრობლემა აქვს, დადის.

გაოცებულმა ავხედე. ვერ წარმომედგინა, მისნაირ კაცებს ოდესმე ფსიქოთერაპევტის დახმარება თუ დასჭირდებოდა.

- შეიძლება ასეცაა, მაგრამ მე არ მივლია. მაინც ვერაფერს მიშველიდა. ვერავინ ვერ მიშველიდა მაშინ.

ჩემი გულის ბაგაბუგი ყურებში მესმოდა. მასთან გოლას გახსენება სულ არ მსიამოვნებდა. ისედაც, როცა წარსულის კადრები ამომიტივტივდებოდა, ცუდად ვხდებოდი. ახლაც კი, ამდენი წლის შემდეგ, ისევ ისე მტკივა გული გოლას გახსენებაზე, როგორც ადრე. არ უნდა წამომეწყო ამაზე ლაპარაკი. არის ისეთი რამეები, რაზე საუბარიც სხვა ადამიანთან არ შეიძლება.

- ცოლად არ უნდა გავყოლოდი, ესაა ჩემი შეცდომა, მორჩა და გათავდა. სხვა რაღაცებზე აღარაფერს ვამბობ.

კიდევ ერთხელ ვიგრძენი, რომ უბედური ვიყავი, მაგრამ არა ისე, როგორც რომანებში ხდება, არც ისე, როგორც ფილმებში უჩვენებენ... სხვანაირად ვიყავი უბედური. ამის გაფიქრებამ გული ამიჩუყა და ჩემი თავი ძალიან შემეცოდა.

- როგორც იტყვი, - დამნებდა უცებ კოკი, - ვხედავ, რომ გეშინია შენი წარსულის, მაგრამ თუ ჩვენზე ვისაუბრებთ...

- ჩვენზე?

- ჰო, ჩვენზე, ბაბი. მოგწონს ეს შენ თუ არ მოგწონს, მოგვიწევს ჩვენზე საუბარი. ეს `ჩვენ~ კი მაშინ გაჩნდა, როცა პირველად შევხვდით ერთმანეთს. გახსოვს, დაბადების დღეზე რომ გნახე პირველად? რაც გინდა ის დაარქვი ჩვენს ურთიერთობას, თუ გინდა, გატაცება, თუ გინდა, აჟიტირება, მაგრამ შენმა სხეულმა იცის, რომ ჩემთან უნდა, თუმცა, გონება ჯერ ვერ დაუთანხმებია.

- შენ ჩემი სექსუალური გატაცება არ ხარ, კოკი, მაპატიე, მაგრამ ასეა.

კვლავ გაუკრთა თვალებში ნაპერწკლები.

- არ ხარ მართალი, ბაბი. აბა, კიდევ ერთხელ გაიმეორე?

- არა.

- აი, ხომ ხედავ. ერთი წინადადების გამეორება გიჭირს, იმიტომ, რომ იტყუები. სწორედაც რომ სექსუალური გატაცება ვარ, ბარ-ბი, - გადააკეთა ჩემი სახელი.

- ასე ნუ მეძახი. ყველა ბაბის მეძახის ან ბარბარეს.

- მაგრამ მე ხომ ყველა არა ვარ? - ჩურჩულით მომიგო.

თავბრუ დამახვია მისმა ჩურჩულმა. შემკრთალმა ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე.

ის მართლა არ ჰგავდა სხვებს. სხვებს კი არა, არავის არ ჰგავდა, ვისაც აქამდე ვიცნობდი.

- გარდა ამისა, ბარბი გაცვეთილი, არაფრის მთქმელი სახელია, თოჯინური. ბაბი კი თბილი, ნაზი და სიგიჟემდე სექსუალური. ხომ ასეა? კარგი, ბარბის აღარ დაგიძახებ. მეც მივხვდი, რომ ცუდად გამომივიდა. დღეისთვის გვეყოფა აღიარებითი ჩვენების მიცემა, თანაც მამიდაშენი გველოდება.

- ვერ ვიჯერებ, რომ იქ წამოსვლას აპირებ. - ცივად გავხედე, თან ვცდილობდი, დაკარგული წონასწორობა აღმედგინა.

- დაიჯერებ, - თავდაჯერებული კაცის ტონით მიპასუხა, ხელი ჩამკიდა და კარისკენ გამიძღვა.

კართან მოულოდნელად შედგა, თავი ჩემკენ მოაბრუნა, კარგა ხანს დაჟინებით მიყურა და ბოლოს წარმოთქვა:

- შენ ჯერ არაფერი არ იცი, ბაბი. ამიტომ მენდე, ყველაფერში მენდე, გესმის?

მზერა ავარიდე და მორჩილი კრავივით მივყევი უკან...

ივნისის თაკარა მზე ჯერ კიდევ აცხუნებდა, მიუხედავად იმისა, რომ კარგა ხანია, მოსაღამოვდა. დაძრა თუ არა კოკიმ მანქანა, ჩემი წარსულის ყველა ტკივილი სათითაოდ გავურიე შუბლზე ჩამომსხდარ ოფლის წვეთებს, თავი გადავყავი შავი ჯიპიდან და შუბლი შემხვედრ ქარს მივუშვირე, რომ ოფლის გაშრობასთან ერთად ჩემი ტკივილებიც გამქრალიყო. მთელი სისწრაფით მივქროდით. თვალის შევლებას ვერ ვასწრებდი, ისე სწრაფად გარბოდნენ ხეები და სახლები.

როგორც კი ლუის კოხტა სახლს მივუახლოვდით, კოკის სახეზე გაოცება გამოეხატა. არ გამკვირვებია. ყველას, ვინც პირველად დაინახავდა ამ სახლს, ასე ემართებოდა. ხის კოხტა სახლი სულ ვარდებში იყო ჩაფლული.

- ვაუ, რა სილამაზეა! - აღტაცებით წამოიძახა კოკიმ.

- მართლა ლამაზია, არა? შენ ბაღი უნდა ნახო. ეს წალკოტია დედამიწაზე. ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ამ სახლთან მოახლოებისას სრულდება ხოლმე.

- და რა არის შენი ყველაზე დიდი ოცნება?

- სახლი ზღვის პირას, წალკოტში ჩაფლული პატარა სახლი. ყვავილებში რომ არ ჩანს ისეთი.

- მართლა? მერედა, სად გინდა ეგეთი სახლი გქონდეს, საქართველოში?

- რატომაც არა? განა საქართველოში ზღვა არა გვაქვს?

- ზღვაც გვაქვს და წალკოტში ჩაფლული უამრავი სახლიც.

- მე არ მაქვს.

- მერე რა? შენც გექნება. მთავარია, მოინდომო. ერთ მშვენიერ დღეს შენი მანქანით მიგრიალდები სადგურში, მოლარეს სარკმლიდან გახედავ, ფულს გადააწოდებ და ეტყვი: `თუ შეიძლება, ერთი ბილეთი წალკოტამდე~.

- ორი ბილეთი, - შევუსწორე ოცნებაში წასულმა.

- ორი? - უნდობლად გამომხედა და მანქანა ჭიშკართან მოხერხებულად დააყენა, რომ სხვა მანქანებს გავლა არ გასჭირვებოდათ.

- ჰო. მარტო თუ ვიქნები, წალკოტს რა თავში ვიხლი, - თავი ვიმართლე და ისე გავწითლდი, რომ სასწრაფოდ გადავედი მანქანიდან, თავი არ გავყიდო-მეთქი.

- შენი ლოყებივით აელვარებული ყვავილები უნდა ყვაოდეს შენს წალკოტში? - ეშმაკური ღიმილით მკითხა, როცა დისტანციური საკეტის ღილაკს თითი მიაჭირა და ჯიპმა დაიჭყვიტინა.

ლოყებზე ხელისგულები ავიფარე. ისე მიხურდა სახე, თითქოს თონეში პური ჩამეკრას.

- ჩემს ლოყებს თავი დაანებე, - ბავშვივით დავტუქსე და ჭიშკარი შევაღე.

- ნაძლევს ჩამოვალ, რომ საკაიფო საქეიფო ადგილი იქნება ეზოში თავისი მოწნული მაგიდითა და სკამებით. შეიძლება დეკორატიული დოქები და ქვევრებიც კი ვიხილო სადმე, წყაროს პირას.

სიცილი ამიტყდა.

- იმედი უნდა გაგიცრუო, რადგან წყაროს აქ ვერ ნახავ. ბიძაჩემი მეცნიერია, მოქეიფე და მოთამადე კი არა.

- მერე რა? ბევრი მეცნიერი მინახავს, თამადადაც მდგარა და ბოლომდეც დამთვრალა.

- ჰო, მაგრამ რომა ბიძია ეგეთი არაა. სამაგიეროდ, ირგვლივ ყვავილები, ხეები და ბევრი ჟანგბადია.

- მაგარია! როგორც ჩანს, ბიძაშენი ბევრ ფულს შოულობს. არ მეგონა, დღეს მეცნიერებს ამხელა შემოსავალი თუ ჰქონდათ.

- არა, ბიძაჩემს ამდენი მართლა არა აქვს. ეს მამამისის დამსახურებაა. სახლიც მისი აშენებულია და ბაღიც მისი გაკეთებული. მეღვინე იყო მამამისი. აცხონოს ღმერთმა, აღარ არის ცოცხალი. ისე, ქვევრები და საწნახელი მართლა აქვთ, ოღონდ მარანში და არა ეზოში. თუ ასეთი რამეები გიყვარს, დაგათვალიერებინებთ, არაა პრობლემა. ბიძაჩემს რაც შეეხება, ნამდვილი მეცნიერია. რომ ჰკითხო, დღეს რა დღეა ან რომელი რიცხვიაო, შეიძლება ვერ გიპასუხოს, ისეა ხოლმე ჩაფლული თავის შრომებში. სულ წერს, წერს და წერს.

- აუ, რამხელა ატმები ასხია! და როგორი სურნელი ტრიალებს ეზოშიიი, - გადაირია კოკი, - აქედან წასვლა დაგენანება ადამიანს.

- აი, ზუსტად ეგ მემართება, როცა აქ ვარ.

- იცი, რა? ფული არ მაკლია, აგარაკიც მაქვს, მაგრამ აი, ეზო-კარის ასეთ მოწყობაზე არასდროს მიფიქრია. კარგი იდეა კი ჩამაწოდა მამიდაშენის სახლმა, - ხელები მოიფშვნიტა კმაყოფილმა, - ნეტავ რისი ბრალია ეს, ა? ცოლი რომ არ მყავს, ალბათ, იმისი, არა? შენ რას იტყვი? - ორაზროვნება ჩააქსოვა შეკითხვაში.

არც პასუხი გავეცი და არც შევხედე. შემეშინდა, საკუთარი თავი არ გამეცა, ისე ავღელდი.

- და შენი მშობლები? - მოულოდნელად ჩემებს გადასწვდა.

- დედა ტვინში სისხლის ჩაქცევით გარდაიცვალა, მამამ კი დედას გარეშე ცხოვრების გაგრძელება ვერ შეძლო, - სევდიანი გამიხდა ხმა.

- თავი მოიკლა? - ჩურჩულით მკითხა.

პასუხად თავი დავუქნიე. არასდროს ასე არ გამძნელებია ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა. საბედნიეროდ, სწორედ ამ დროს კარი გაიღო და პარმაღზე ლუი გამოჩნდა.

- აი, ისევ შეიკარი შუბლი. ახლა მაინც გაიღიმე, მამიდაშენის დასანახავად, - ხელზე ხელი მომიჭირა კოკიმ და ასე, ხელიხელჩაკიდებულები ავუყევით ექვსსაფეხურიან კიბეს.

ყველაზე მეტად იმის მეშინოდა, ვაითუ, ბიძაჩემმა და კოკიმ საერთო ენა ვერ გამონახონ-მეთქი. რომას სჩვეოდა ასე. თუ სტუმარი არ მოეწონებოდა, მიესალმებოდა, ცოტა ხანს დაჯდებოდა ოთახში, მერე მოიბოდიშებდა და თავის კაბინეტს მიაშურებდა. ბევრი გაუწბილებია ასეთი საქციელით. ჩემდა გასაოცრად, ახლა პირიქით მოხდა. ისე მოეწონა კოკი, რომ გვერდიდან არ მოსცილებია. ჯერ ხომ მთელი სახლი და ეზო დაათვალიერებინა, მერე მარანშიც ჩაიყვანა, თან დაწვრილებით უყვებოდა, რა როდის, როგორ და სად იშოვეს, აქამდე რა წვალებით მოიტანეს, როგორ გაისარჯა მამამისი და რამდენი ოფლი ჩაღვარა ამ სახლის მშენებლობაში.

კოკი აღფრთოვანებას ვერ მალავდა. ქვევრებს ისე უსვამდა ხელებს, თითქოს ეფერებაო. თიხის ჭურჭლით გამოტენილი იყო მარანი - დოქები, ჭურები, ქვევრები, წვრილყელიანი, ფართოყელიანი, მაღალყელიანი... თასები - დიდი, პატარა, საშუალო, განსხვავებული სასმისების მთელი პარტია, ჭინჭილა თუ აკვანი, შადრევანი თუ ყანწი...

- ცოლს რომ შევირთავ, თქვენს მარანში გადავიხდი ქორწილს, - შესძახა აზარტში შესულმა კოკიმ, როცა მარნიდან გამოვედით.

- სიამოვნებით, ოღონდ თამადად მე უნდა დამაყენო, - სიცილით წაუყენა პირობები ბიძაჩემმა.

ამაზე მე და ლუიმ ბევრი ვიცინეთ, რადგან ბიძაჩემი, დიდი-დიდი, ორ-სამ ჭიქას თუ დალევდა ხოლმე სუფრასთან. იგი მთვრალი არასდროს არავის გვინახავს.

- ნეტავ რისი დამლევი ხარ, რომ ბაქიბუქობ, - ხუთი თითი მიაშვირა მამიდამ ქმარს და ქოქოლა მიაყარა, - ამ ბიჭს მართალი ეგონება.

- შენ რა იცი, მე რა შემიძლია? რომ არ ვსვამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ შემიძლია. აგერ, ვნახოთ, ბატონო, დავსხდეთ ახლა და შევეჯიბროთ ერთმანეთს, ვინ ვის დაათრობს - მე კოკის თუ კოკი - მე.

საკუთარ ყურებს არ ვუჯერებდი. რომა და დათრობა? ასეთი რამ ისტორიას ჯერ არ ახსოვდა.

- ხედავ, ლუი? თურმე არც კი იცი, როგორი მსმელი ქმარი გყავს. რომა, აბა, აღიარე ერთი, კიდევ რა არ იცის შენმა ცოლმა? ბარემ ბოლომდე გახსენი კარტები! - ძალიან გავმხიარულდი.

- თქვენ მე მხოლოდ წიგნის ჭია გგონივართ, მაგრამ ეგრეც არაა, ჩემო კარგებო! - დასჭექა რომამ, - მთავარია, იცოდე, ვისთან დალიო. ეგაა, რა!

ლუიზა ისე გააოცა ქმრის საქციელმა, რომ დაბნეული და დამუნჯებული იდგა ერთ ადგილას და ხელებს შლიდა, ეს რაები მესმისო.

ასე სიცილ-სიცილში გავშალეთ სუფრა და გაჩაღდა ქეიფი. რა თქმა უნდა, არ დამთვრალან, რადგან ბიძაჩემმა მხოლოდ იხუმრა, მაგრამ სასიამოვნოდ კი გავატარეთ საღამო. გვიან, როცა დაძინების დრო მოვიდა და ბავშვები თავ-თავიანთ ოთახებში შეიკეტნენ, რომამაც ბოდიში მოიხადა, დაგტოვებთ, სამუშაო მაქვს, თქვენ კი ბაღში გაისეირნეთ, ახალგაზრდებმა სუფთა ჰაერი ჩაყლაპეთო და თავის კაბინეტს მიაშურა. ლუიზამ არაფრით არ დამანება, რომ სუფრის ალაგებაში მივხმარებოდი, სტუმარს მიხედეო, თვალით მანიშნა და მუჯლუგუნი მკრა.

სხვა რა დამრჩენოდა, ეზოში გავიდეთ-მეთქი, კოკის ვუთხარი და ბაღს მივაშურეთ.

ჩუმად გავიარეთ ეზო, სახლს შემოვუარეთ და გრძელ მერხზე ჩამოვსხედით, კაკლის ძირში. ღრმად ჩავისუნთქე ივნისის ცხელი, მაგრამ ჟანგბადით გაჯერებული ჰაერი...

გაგრძელება ჟურნალ "გზის" 47-ე ნომერში