ორი ბილეთი წალკოტამდე (თავი XII) - გზაპრესი

ორი ბილეთი წალკოტამდე (თავი XII)

- ღამე ყველაზე დიდი საიდუმლოებით მოცული მოვლენაა, არა? - ხმადაბლა წარმოთქვა კოკიმ და თვალი ბაღის ბოლოში დასადგურებულ სიბნელეს მიაშტერა.

- არ ვიცი, ალბათ, - მეც ხმადაბლა გავეცი პასუხი. ორივე ჩვენგანის ხმაში საოცარი ინტიმურობა იგრძნობოდა. შიშისა თუ სიამოვნებისგან შემაჟრჟოლა. ამ კაცის სიახლოვე ჩემს მიძინებულ ქვეცნობიერს საშიშროებას უქადდა.

- გალაკტიონს ტყუილად კი არ ჰყავდა მესაიდუმლედ ღამე, - თქვა და ირიბად გამომხედა.

- "ჩვენ ორნი ვარ"...

- ახლა უკვე სამნი, - აღარ დამამთავრებინა გენიალური სტრიქონები, - ყველაზე კარგი დრო დასვენებისთვის სწორედ ეს პერიოდია... როცა შუაღამე იწყება.

- მართლა? - გულწრფელად გავიოცე, ასეთი რამ პირველად მესმოდა.

- მართლა, მართლა. ხედავ, რამდენი რამე ვიცი? მომებარე და კიდევ ბევრს გასწავლი. დასვენებასაც თავისი დრო აქვს, შენ ესეც უნდა ისწავლო.

- რა ესეც? - ვერ მივუხვდი.

- დასვენება, - მომიგო და თავისი თავბრუდამხვევი ღიმილით გამიღიმა.

ნეტავ, თუ ესმის, რას ლაპარაკობს? წარბები შევიჭმუხნე.

- მოუსმინე ღამეულ ხმებს და მოეშვი, ზედმეტად დაძაბული ხარ.

მერედა, ვისი ბრალია? არაჩვეულებრივად დავისვენებდი ამ ორ დღეს, ეს რომ არ წამოსულიყო. ახლა მართლაც, თითქოს ნემსებზე ვზივარ.

უეცრად ზურგზე ხელი მომხვია და იდუმალი ხმით დაიჩურჩულა:

- ზღაპრული ეზოა, - ამ სიტყვებით ფეხები წინ გასწია და განზე გაშალა, - ისეთი სიმშვიდეა, თითქოს დანარჩენი სამყარო არც არსებობს.

- არ მეგონა, სიწყნარე და სიმშვიდე თუ გიყვარდა.

- რატომ არ გეგონა?

ირონიის მოსაშველიებლად ჩავიფხუკუნე.

- ისეთი რეპუტაცია გაქვს...

- როგორი ისეთი? - ჩემკენ შემობრუნდა და დაჟინებით მომაშტერდა.

- ნუ... როგორ გითხრა... ინტენსიური სამუშაო და აქტიური დასვენება.

- ა, მაგას გულისხმობ? მე ხომ რობოტი არ ვარ, ბაბი, მეც ვიღლები ხანდახან. ავადაც ვხდები. აი, მიჩხვლიტე თუ გინდა, ნემსი და ნახავ, რომ სისხლი მეც წამომივა. ისეთივე ვარ, როგორიც სხვა ადამიანები.

თვალები დავხარე, მისი მზერის გასაძლებად ძალა უკვე აღარ შემწევდა.

- ვიცი, - ჩავიბურტყუნე, - რა თქმა უნდა, ვიცი... მესმის.

- რატომღაც, ასე არ მეჩვენება, - ამოხვნეშით თქვა და ისევ სიბნელეს მიაპყრო თვალი.

ვისხედით უხმოდ, ვყლაპავდით საამურ ჰაერს და ფოთლების შრიალს ვუგდებდით ყურს. გოლა აქ არასდროს მომიყვანია. რატომ? იმიტომ, რომ ბიძა-მამიდას არ მოსდიოდათ თვალში? ან იქნებ იმიტომ, რომ მეშინოდა? რისი? თვითონაც არ ვიცოდი, რისი, მაგრამ მას შემდეგ, რაც მასთან თანაცხოვრება დავიწყე, შიში ჩემი მუდმივი თანამგზავრი გახდა. ლუი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ გოლაში ისეთივე ტირანს ხედავდა, როგორიც მამაჩემი იყო. ძმაზე უდიერად ლაპარაკს არ ერიდებოდა. იცოდა, როგორი ცუდი ხასიათიც ჰქონდა მამაჩემს, როცა უგონოდ დათვრებოდა. მით უფრო, რომ წლების მატებასთან ერთად, სიმთვრალე პათოლოგიაში გადაუვიდა.

ხელები ჩამოვუშვი და მერხს დავეყრდენი. მამა ეჭვიანი იყო, მაგრამ დედა სიგიჟემდე უყვარდა. ალბათ ამიტომაც ეჭვიანობდა გამუდმებით. უცნაური სახე ჰქონდა მის სიყვარულს, საშიში და გამანადგურებელი. შეეძლო, ნებისმიერზე ეეჭვიანა, ვინც კი დედაჩემზე სიტყვას ჩამოაგდებდა, ან დაელაპარაკებოდა. გოლა მას არ ჰგავდა, ის საშიში მხოლოდ თავისი ეგოიზმით იყო.

- ჯერაც ვერ შეძელი მისი დავიწყება? - კოკის ხმამ გამომაფხიზლა. მისი თბილი ხელისგული ჩემი ხელის ზურგს დაეფარა, - ის აქ არის, ჩვენთან, არა? ახლა, ამწამს, საკუთარი ჩრდილივით ჩვენს ზურგს უკან დგას.

შემკრთალმა თვალები დავხუჭე. ტუჩებმოკუმულმა თავი დავხარე და უხმოდ ამოვიკვნესე. ვერ შევეჩვიე იმას, რომ კოკის ჩემი აზრების წაკითხვა შეეძლო.

- ისევ გიყვარს?

- მიყვარს? - ისეთი ზიზღით წარმოვთქვი ეს სიტყვა, რომ გაოცებულმა თავი გვერდზე გადახარა. იგი კვლავ შეეხო ჩემთვის მტკივნეულ თემას, კვლავ იარაზე დამადგა ფეხი.

- მაშინ ამდენს რატომ ფიქრობ მასზე?

- უკვე გითხარი, რომ მასზე საუბარი არ მსურს, - აკანკალებული ხმით მივუგე, ვერაფრით ვახერხებდი დამშვიდებას, - მგონი, ცოტა შემცივდა. მოდი, შევბრუნდეთ სახლში.

- არა, არ შეგცივდა, - ხელზე ხელი მომიჭირა, - მე, უბრალოდ, ვცდილობ გავიგო, რა გემართება. სულაც არ მსურს, შენში მტკივნეული მოგონებები გავაცოცხლო, მაგრამ ჩვენი შეხვედრის პირველივე მომენტიდან აშკარად ვგრძნობ ჩვენ გვერდით სხვა ადამიანის არსებობას. ეს ადამიანი ის არის? ყოფილი ქმარი, შენი მოუშუშებელი იარების ულევი წყარო?

არ გავნძრეულვარ. როგორც ჩანს, მართალია. მაგრამ ეს რას ცვლის? რა უნდა გავაკეთო, რომ ასეა? ან თვითონ რა შეუძლია?

- იცი, ძალიან კარგად მესმის შენი. იყო დრო, როცა მეც უგონოდ მიყვარდა, რომ იტყვიან, დამწვარი ვიყავი. ამიტომ ვიცი, რასაც ნიშნავს სასტიკი შეცდომის დაშვება.

გული შემეკუმშა. ამ თემაზე საუბრის გაგრძელება აღარ მსურდა, ხასიათს მიფუჭებდა.

- არა გაქვს უფლება, ჩემს პირადულზე კითხვები დამაყარო, - ხმა გამიცივდა.

- პირიქით, მაქვს, - პირქუშად შემეწინააღმდეგა, - ახლა შენ ჩემთან ხარ და არა მასთან, მე კი არ მომწონს სიყვარულის სამეული. ასეთ შემთხვევაში მესამე ყოველთვის ზედმეტია.

ამ სიტყვებმა ისე უხეშად გაიჟღერა, რომ ძლივს შევიკავე თავი, მეც უხეშად არ მეპასუხა.

ყველანი ერთნაირები არიან ეს მამაკაცები, ამაყი "მამაკაცური რასის" წარმომადგენლები. მხოლოდ დათოა გამონაკლისი, რომელიც აშკარად სხვა პლანეტას ეკუთვნის. ცოლის დასაბრუნებლად ყველანაირ დამცირებაზე რომ თანახმაა.

- მე არ მომიწვევიხარ აქ, - შევახსენე გაგულისებულმა.

- გინდა, წავიდე?

ისე მომხვდა გულზე მისი სიტყვები, რომ მივხვდი, სულაც არ მინდოდა მისი წასვლა. ამ მიხვედრამ კი თავზარი დამცა და გრძნობები ტალღასავით ისე მომასკდა, რომ უნებლიეთ წამომცდა:

- ჰო, სწორედ ეს მინდა.

და სამყარომ არსებობა შეწყვიტა, დედამიწამ კი ბრუნვა. ირგვლივ ყველაფერი ისე გაშეშდა, როგორც ზღაპარში, ჯადოსნური ჯოხის მოქნევაზე. შემეშინდა, მართლა არ წასულიყო და დაფეთებულმა შევხედე. ჩემი მზერა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ხელები ძლიერად მოეხვია, მკერდზე მივეკარი და კოცნით სული ამოეხადა ჩემთვის... მისმა ცხელმა ტუჩებმა ჩემი უმწეო პროტესტი ეგრევე ჩაახშო, სიამოვნების მორევმა ხახა დააღო და უფრო და უფრო ღრმად ჩამითრია. ვერც გავიაზრე, როგორ აღმოვჩნდი მის მუხლებზე, ან როგორ მოხდა, რომ ყელზე ხელს ვხვევდი და მჭიდროდ ვეკვროდი. იმდენად ამიტანა ვნებათაღელვამ, მინდოდა, მის სხეულში შემეღწია, მასში გარდავქმნილიყავი და იქ დავრჩენილიყავი.

ამ დროს ლუიმ დაგვიძახა და ძალაუნებურად მოვწყდით ერთმანეთს. ჩემს გულს ბაგაბუგი გაჰქონდა.

- შენ არ გინდა, რომ წავიდე. მითხარი, რომ არ გინდა, - ამ სიტყვებით ცხვირის წვერზე მაკოცა, - მითხარი, ბაბი.

- არ მინდა, რომ წახვიდე, - ვაღიარე.

- ჰოდა, ძალიანაც კარგი, - კოკი ადგა და მეც წამომაყენა, - ეს კარგია, რადგან წასვლას არ ვაპირებ, - გაიღიმა, - და იცი, რას გავაკეთებთ? უბრალოდ, დავტკბებით ამ გამოსასვლელი დღეებით, გავერთობით და დავისვენებთ. მე გასწავლი, როგორ უნდა დასვენება. არანაირი დაკითხვები ან უხეში სიტყვების გადასროლ-გადმოსროლა, - და როცა შეამჩნია, რომ შუბლი შევიკარი, დაამატა:

- კიდევ... არ გირჩევ, ჩემი გეშინოდეს. არ ღირს. ჩვენ ზრდასრული ადამიანები ვართ. მხოლოდ, უკეთ უნდა გავიცნოთ ერთმანეთი. ახლა კი წავიდეთ, თორემ ლუის ეწყინება.

ორივენი სახლისკენ გავემართეთ.

- როგორც ვატყობ, ამ შაბათ-კვირას იმაზე მეტად ვისიამოვნებ, ვიდრე წარმომედგინა. გემრიელი კერძები, ჭარბი ჟანგბადი, კარგი ღვინო და ქალი.

- როგორ არის იმ სიმღერაში? "ღვინო, დუდუკი, ქალები". ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს? - თავი გავაქნიე გაღიმებულმა და სახეზე ჩამოფენილი თმის ღერები ყურს უკან გადავიწიე.

უეცრად შედგა, თავისკენ შემომაბრუნა და მზერა ჩემს მკერდზე შეაჩერა, რომელიც ბედნიერი მღელვარებისგან ღრმად ადი-ჩადიოდა. მერე ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და ტანი და ფეხები შემითვალიერა, ბოლოს თვალებში ჩამხედა... მრავალმნიშვნელოვნად, გამომცდელად.

- მე ერთი ქალიც მეყოფა, - უბრალოდ, ყოველგვარი ქვენა აზრების გარეშე თქვა.

- სად დაიკარგეთ? ჩაი მოვადუღე, არაჩვეულებრივი ცეილონის ჩაი მაქვს, ნამდვილი. ძილის წინ ჩაის არაფერი სჯობს, - ლუის თვალები გაბრწყინებოდა. აშკარად ჩანდა, რომ კოკი ძალიან მოსწონდა და სურდა, ბოლომდე ესიამოვნებინა სტუმრისთვის.

- სიამოვნებით დავლევ ჩაის, ქალბატონო ლუიზა, - შაქარივით დადნა ჩემი თაყვანისმცემელი და მამიდაჩემს ხელზე ეამბორა. ოხ, როგორი მომთაფლველია. იცის, ქალებთან თავი როგორ უნდა დაიჭიროს.

ჩაი მართლაც არაჩვეულებრივი გამოდგა.

- ლუი, ეს ჩაი მე არასდროს გამისინჯავს, საიდან?

- რომას აჩუქეს კათედრაზე, თავისმა სტუდენტმა ჩამოუტანა ინგლისიდან. მეც ვინახავ კოკისნაირი განსაკუთრებული სტუმრებისთვის, - გადაიკისკისა მამიდამ, რომელიც ყოველთვის პატარა გოგოსავით კეკლუცად იცინოდა.

ქალებს გვახასიათებს ასე. ზოგი ღიმილით, ზოგი გულუბრყვილო ფრაზებით, ზოგი კი სიცილით ცდილობს, უფრო პატარა ასაკის გამოჩნდეს, ვიდრე სინამდვილეშია. მამიდა ამას თავისი საყვარელი სიცილით ახერხებდა.

კოკიმ თავისი ენამოსწრებულობით ძალზე გაამხიარულა კოკი. მამიდა ისე ხმამაღლა იცინოდა, რომ რომაც კი გამოახედა. ბიძაჩემმა ვეღარ გაძლო თავის კაბინეტში და კვლავ შემოგვიერთდა. ჩაის სმას ისევ სუფრის გაშლა და ქეიფის განახლება მოჰყვა. ჭიქას ჭიქაზე ცლიდნენ რომა და კოკი, თან საჭირბოროტო თემებზე საუბრობდნენ. როცა მათ ვუყურებდი, გული სიხარულით მევსებოდა. მომწონდა, რომ გაუგეს ერთმანეთს. ბიძაჩემი იშვიათად, ასე გაშინაურებოდა სტუმარს. ასე ადვილად მის კეთილგანწყობას ვერავინ დაიმსახურებდა. ისე გაერთო კოკისთან ერთად, რომ სხვა განზომილებებს გამოეთიშა და დედამიწას დაუბრუნდა.

არადა, ადამიანების მოხიბვლა გოლასაც კარგად ეხერხებოდა. მოგონებებმა კვლავ გააღვიძა ჩემში მიძინებული ტკივილი. გავუბრაზდი ჩემს თავს, უდროო დროს რომ მახსენდებოდა ყოფილი ქმარი თუ საყვარელი. ისეთ კარგ ხასიათზე ვიყავი, არ მინდოდა მის აჩრდილს ჩემი გუნება-განწყობილება გაეფუჭებინა. კოკის გაცნობამდე იშვიათად ვფიქრობდი მასზე, იშვიათად ვიხსენებდი. ამ ბოლო დროს კი ისევ ამეკვიატა ფიქრი. ეს ალბათ იმის ბრალია, რომ ის ყოველთვის არსებობდა ჩემი სულის სიღრმეებში და, როგორც კოკიმ თქვა, საკუთარი ჩრდილივით მუდამ ზურგს უკან მედგა. ვაითუ, კოკიც ისეთია, როგორიც გოლა აღმოჩნდა?

მალულად ვაკვირდებოდი, როგორ ხიბლავდა რომას და ლუის. სასაცილო ამბებს უყვებოდა თავისი ცხოვრებიდან. დარწმუნებული ვიყავი, ასეთ რამეებს სხვებთან იშვიათად თუ გაამხელდა. ახლა მხოლოდ იმიტომ გამოიდო თავი, რომ ჩემებისთვის თავი მოეწონებინა.

გოლას საკუთარი შეცდომები სააშკარაოზე არასდროს გამოჰქონდა. კრინტს არ დაძრავდა, თუ რამეს მიჰქარავდა, არც ჩემთან და არც არავისთან. მაგრამ კოკი სრულიად საპირისპიროდ იქცეოდა. როგორც ჩანს, კარგად აქვს დამუღამებული, რომ საკუთარი შეცდომების გამოაშკარავება და მასზე "ღადავი" ადამიანებში ნდობას ჰბადებს.

სულაც არ მინდოდა, მაგრამ ძალაუნებურად ორივე მამაკაცს ერთმანეთს ვადარებდი. მართალი ყოფილა, როცა ამბობენ, ყოფილი ცოლები და ქმრები მეორე მეუღლეს წინას ადარებენო. აი, სწორედ ეს მომენტი ახლა მქონდა. გოლა სიმპათიური იყო, მაღალი, გამხდარი, შავთვალება, მოხდენილი, მაგრამ არა მდიდარი. კოკი კი... კოკი უფრო მომნუსხველი იყო, უფრო მხიარულიც, უფრო გულწრფელიც და... უფრო მდიდარიც. უფრო კი არა, ძალიან მდიდარიც. მასზე, როგორც წარმატებულ ბიზნესმენზე, ბევრი სტატია წამიკითხავს.

ქალები ჩემს ყოფილ ქმარსაც არ აკლდა. მასაც ზედ ახტებოდნენ, როგორც კოკის, მაგრამ მის შემთხვევაში სიმდიდრე არაფერ შუაში იყო. მართალია, გოლა უფულობას არ უჩიოდა და, სავარაუდოდ, რასაც იშოვიდა, უმეტესობას გართობაში ფლანგავდა, ვიდრე ოჯახისთვის, მაგრამ ბევრი მაინც არ ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში, მე არ მიგრძნია. მას სხვანაირი აურა ჰქონდა და სხვა პრინციპებით ხელმძღვანელობდა ქალების მოსახიბლად. აი, ისე, როგორც ჩემი მოხიბვლა შეძლო. რამდენადაც ყურადღებიანი და თბილი იყო გარეთ, იმდენად ცივი და უხეში ხდებოდა შინ. თითქოს ნიღაბს ირგებდა, როცა მარტონი ვრჩებოდით და ამ ნიღბის შიგნით იფარებოდა გარეთ მხიარული და თბილი მამაკაცის ჭეშმარიტი, სადისტური ბუნება. როგორ ვიფიქრებდი, რომ ბოლოს ხელში სულ სხვა ადამიანი შემრჩებოდა? ოთახი, რომელსაც ვქირაობდით, ჩემთვის ნამდვილ საწამებელ საკნად აქცია. თავს უსაფრთხოდ, ფაქტობრივად, არასდროს ვგრძნობდი.

რატომ ვითმენდი ამდენს და ამდენ ხანს? ალბათ იმიტომ, რომ რწმენა მქონდა ასეთი - თუ გათხოვდები, სამუდამოდ ქმართან უნდა დარჩე. ოჯახური თანაცხოვრება მთელი სიცოცხლე უნდა გაგრძელდეს. ყველანაირად ვეცადე, დამელაგებინა მასთან ურთიერთობა, რომ დედაჩემის ბედი არ გამეზიარებინა, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ყოველი ჩხუბის მერე ვცდილობდი, უფრო სამაგალითო ცოლი ვყოფილიყავი. თავისი წრე ხომ მას იდეალურ მამაკაცად მიიჩნევდა. ნუთუ ვერც ისინი ხედავდნენ გოლას ნამდვილ სახეს?

- რაზე ფიქრობ, ბაბი? - შეშფოთებული ლუი ჩემკენ გადმოიხარა.

მოგონებების ტყვეობას თავი დავაღწიე და შევამჩნიე, რომ ყველა მე მომჩერებოდა.

- მაპატიეთ, - ნაძალადევი ღიმილი ავიფარე, - სამსახური გამახსენდა, რაღაც პრობლემებია და...

- ჩემს საქმეზე ხომ არ ფიქრობდი, პატივცემულო ადვოკატო? - ირონიანარევი ხმით მკითხა კოკიმ და თვალებით გამბურღა, მაგრძნობინა, ყველაფერს ვხვდებიო.

- არა, არა, შენი საქმე ჯერ ადგილიდანაც არ დაძრულა, სხვა რამეა, - და დაბნეული მამიდას მივუბრუნდი, - ლუი, რას მეუბნებოდი წეღან?

როგორც იქნა, ისევ გაიბა საუბარი და ჩემი შეფიქრიანებული მზერა ყველას გადაავიწყდა, მაგრამ არა კოკის, რადგან ხშირად გამომხედავდა თავისი გამჭოლი და ორაზროვანი მზერით. ის განაგრძნობდა ხუმრობას, თვითონაც იცინოდა და სხვებსაც აცინებდა, მაგრამ თან მე მაკვირდებოდა.

შუაღამე გადასული იყო, როცა ავიშალეთ. ერთი სული მქონდა, ლოგინს როდის მივაშურებდი, დღევანდელმა დღემ ემოციურად ძალიან დამღალა.

მასპინძლებმა ღამე მშვიდობისა გვისურვეს და მარტონი დაგვტოვეს. როცა ბიძა-მამიდამ საკუთარ საძინებელს მიაშურა, მე და კოკი შიდა კიბის მოაჯირთან ვიდექით, რომელსაც მეორე სართულზე ავყავდით.

- ძილი ნებისა, ბაბი, - ჩუმი ხმით მითხრა კოკიმ და ნაზად მაკოცა. წინააღმდეგობის გაწევა არც მიცდია ან კი რატომ უნდა მეცადა, როცა მსგავსი წუთები რამდენიმე საათის წინ მქონდა. ახლაც ღვთაებრივმა სითბომ დამრია ხელი, რომელიც უფრო და უფრო მატულობდა და საგანგაშო ტემპერატურას აღწევდა. თითქოს ყველაფერი მეწვოდა შიგნით. მეგონა, სანთელივით ჩავიღვენთე მის მკლავებში.

მოულოდნელად გამერიდა და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია. თავბრუდახვეული რომ არ წავქცეულიყავი, ხის მოაჯირს ჩავეჭიდე, მაგრამ მივხვდი, რომ თავს ვეღარ შევიკავებდი და კოკის მხრებში ჩავაფრინდი. მის სახეზე დაუმალავი სურვილი იგრძნობოდა... ჩემთან ყოფნის სურვილი და კიდევ... რაღაც სხვა, ჩემთვის გაუგებარი.

- როცა ოცი წლის ვიყავი, ერთ ქალს შევხვდი, - თითქოს კითხვაზე პასუხს მცემსო, ისეთი ტონით დაიწყო, - და ისეთი ხანძარი გააჩინა ჩემს გულში, დავნახშირდი. მას შემდეგ მხოლოდ ერთ წესს ვცნობ: რასაც უნდა ვგრძნობდე, არასდროს ვიძლევი პირობას, რომ მოვალეობებს ვიტვირთავ ან რამეს ვინანებ. ერთადერთი, რასაც ვითხოვ, ერთგულებაა მანამ, სანამ ერთად ვიქნებით. ერთგულება და გულწრფელობა ორივე მხრიდან. აი, ეს არის ჩემი ფილოსოფია.

გავშრი. რაზე მელაპარაკება ეს კაცი? რა უნდა, მისი საყვარელი გავხდე და მეტი არაფერი? რამდენიმე წუთი დამჭირდა, რომ მისი ნათქვამი გამეაზრებინა.

- და ქალებს ეს აწყობთ? - სარკასტულად ვიკითხე.

- რა თქმა უნდა, - ჩემმა შეკითხვამ აშკარად გააკვირვა, - სინამდვილეში ქალების უმრავლესობა ხვდება, რომ სიყვარული ლამაზი გრძნობაა, რომლის ადგილი, სამწუხაროდ, არ მოიძებნება რეალურ სამყაროში. ადრე თუ გვიან უნდობლობა და ეჭვები აუცილებლად გამოაჩენენ თავიანთ კლანჭებს. და თუ მართლა აღმოაჩენ, რომ გღალატობენ? - კოკიმ მხრები აიჩეჩა, - ყოველთვის ასე ხდება. დღეს თუ არა, ხვალ, ან ერთი უღალატებს, ან მეორე. განქორწინებების რაოდენობა ამის საუკეთესო მაჩვენებელია. სექსუალური შეთავსებადობა კი სულ სხვა საქმეა. იგი რეალურია და უტყუარი. ასეთ შემთხვევაში პარტნიორებს შეუძლიათ ერთმანეთის ნდობა.

- შენ რა, სექსუალურ ურთიერთობას მთავაზობ?

- შენ გინდა ჩემთან, ბაბი. მეც მინდა შენთან, დანახვის პირველივე წუთებიდან ამ სურვილით ვიწვი. შენ არავინ გყავს, არც მე... სექსი ყველაზე ნაღდი და ნამდვილი რამეა ამქვეყნად, ყველაზე რეალური.

ისეთი თავზარი დამცა მისმა წინადადებამ, რომ ვერ ვხვდებოდი, იმ მომენტში რას განვიცდიდი. სილა ხომ არ გავაწნა? მაგრამ რატომ? ის ხომ გულწრფელია, მთავაზობს იმას, რაც მას სურს, არ მატყუებს. ასე მტკივნეულად რატომ ვრეაგირებ მის სიტყვებზე?

- მაპატიე, მაგრამ მე საყვარელი არ მჭირდება, - სულშეგუბებულმა ვუთხარი.

- ვიცი, - თქვა და კვლავ მიმიზიდა, ხელები წელზე მომხვია, - და მე პატივს ვცემ შენს გრძნობებს.

გაპროტესტება არც მაცალა, ისე მიმიმწყვდია კედელთან და ტუჩებზე დამაცხრა. მისი სხეული ასე ძლიერი და ასეთი ცხელი ჯერ არ მომჩვენებია.

ყველა საღი აზრი გამიქრა გონებიდან, უკვალოდ გამიქრა. მთელ ჩემს სხეულს მხოლოდ სურვილი იპყრობდა და იმორჩილებდა, მასთან სექსის სურვილი. მის გულისცემას ვგრძნობდი. იმდენად უძლური აღმოვჩნდი საკუთარი სურვილის წინაშე, რომ უკვე მზად ვიყავი, ჩემი საძინებლის კარი გამეღო მისთვის. თავისი ჟინიანობით მას უპრობლემოდ შეეძლო ამ ზღუდის გადალახვა.

უზარმაზარი სიმამაცე დამჭირდა, რომ ხელი მეკრა. არ ვიცი, როგორ მოვახერხე, რომელმა ქვენა გრძნობამ მიბიძგა ამისკენ. ერთიანად ათრთოლებულმა ძლივს ამოვთქვი:

- არ გინდა. მე ეს არ მინდა, კოკი. ხელი გამიშვი.

- შენს ხმაში შიში იგრძნობა, რამაც დამთრგუნა, - ეგრევე შემიშვა ხელი და უკან დაიხია, - ამის დედაც ვატირე, რა გიქნა იმ არაკაცმა ასეთი? - მრისხანედ იკითხა, თან თვალს არ მაშორებდა, - კარგი, კარგი, ვიცი, რომ ამაზე ლაპარაკი არ გსიამოვნებს.

- არ შემიძლია, - დავიჩურჩულე, - არ შემიძლია ამაზე ლაპარაკი.

- შენ არ მენდობი...

- მე შენ არ გიცნობ, - მივუგე, მაგრამ სინამდვილეში მეჩვენებოდა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ვიცნობდი და სწორედ ეს მაშინებდა.

გაგრძელება ჟურნალ გზის 48-ე ნომერში