ორი ბილეთი წალკოტამდე - გზაპრესი

ორი ბილეთი წალკოტამდე

- მესმის, - თქვა ბოლოს, - მაგრამ ყველაფრის გამოსწორება შეიძლება.

მისმა ორაზროვანმა ნათქვამმა გამაოცა.

- რას გულისხმობ? - შეშინებულმა ვკითხე.

- გავაგრძელოთ შეხვედრები, - ღიმილით გამომიცხადა, - და თანდათან გამიცნობ.

- მე არ მაქვს შენთან შეხვედრის უფლება, შენ ჩემი კლიენტი ხარ.

- მე არ ვარ შენი კლიენტი, - ცალწარბაწეულმა იუარა.

- სამაგიეროდ, შენი მეგობარია.

- მგონი, ამაში არის განსხვავება და სწორედ ეს არ უშლის ხელს ჩვენს შემდგომ შეხვედრებს. თუ შენი ლოგიკით მივუდგებით ამ საქმეს, მაშინ არც ის უნდა მომხდარიყო, რაც ჩვენ შორის აქამდე მოხდა.

ალმური წამეკიდა. მართალს ამბობდა, მისთვის ასე დაახლოების ნება არ უნდა მიმეცა, მით უფრო - კოცნის. ამის უფლება მართლა არ მქონდა.

- მე მგონი... - ჩახველებით დავიწყე.

- ეს შემოთავაზება არ არის, ბაბი, - პირქუშად გამაწყვეტინა, - ეს შანტაჟია. ან დამთანხმდები, ან შენს კოცნას და მოფერებას გავაგრძელებ, სანამ საწოლში არ აღმოვჩნდებით. მე კი ყველაფერი ადვილად გამომდის, სულაც არ გამიჭირდება.

თვითკმაყოფილი იდიოტი! სიბრაზისგან წამოვენთე. ყველაზე მეტად ის მაცოფებდა, რომ მართალს ამბობდა. მის მომნუსხველობას ვეღარ ვუძლებდი. თავდაცვის მიზნით ჩავიცინე, მერე ჩავახველე და ირონიული მზერით ვკითხე:

- შეხვედრებში რას გულისხმობ? დამშვიდობებისას ერთმანეთს გადავკოცნით და ასე შემდეგ? თუ შენ ფიქრობ, რომ...

- მე გითხარი, რომ ყველაფერი თანდათან განვითარდება და განვითარდება ისე, როგორც შენ გინდა, - კოკიმ ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა.

ბოლო სიტყვებმა სიამოვნება მომგვარა, მაგრამ არ შევიმჩნიე. მაცდუნებელი შანტაჟი იყო, უარის თქმა მიჭირდა. როცა მის ტუჩებს შევცქეროდი, აღელვებისგან პირი მიშრებოდა.

- ვიცი, ძნელია ამის დაჯერება, მაგრამ შემიძლია ქალი რესტორანში დავპატიჟო და არ მქონდეს იმის მოლოდინი, რომ რესტორნის მერე ჯილდოდ მასთან სექსს მივიღებ.

`ალბათ ასეთ ჯილდოებს რესტორნამდე იღებ. წარმომიდგენია, რამდენი ქალი ცდილობს შენს გამოჭერას~.

- იცი? გოლას მერე მე... მე მამაკაცი არ მყოლია, - ამის თქმა გამიჭირდა, მაგრამ, როგორც იქნა, მოვახერხე, - ამას ალბათ ყველა ქალი ამბობს, რომ თავი პატიოსნების განსახიერებად წარმოადგინოს, მაგრამ ეს სიმართლეა და გინდ დაიჯერე, გინდა არა. მართლა არავინ მყოლია და არც ახლა მინდა მყავდეს. არავისთან არ მსურს პაემანზე სიარული. მე მაქვს სამსახური, სახლი და...

- და კმაყოფილი ხარ შენი ცხოვრებით. არავითარი ნერვიულობა და შიში, მხოლოდ სიმშვიდე და ერთფეროვნება. დაგუბებულ თბილ წყალს მაგონებ, ბაბი. ეს შენ არ გჭირდება, დამიჯერე. ამისთვის ნუ გაწირავ თავს.

- შენ რა იცი, მე რა მჭირდება? - ცოტა არ იყოს, დამცირებულად ვიგრძენი თავი, - მე ხომ არ მიცნობ, რატომ გამოგაქვს ასეთი დასკვნები? - თვალები დავაკვესე, მაგრამ ხმისთვის არ ამიწევია.

- აი, დავუბრუნდით იმ თემას, რომლითაც დავიწყეთ, - მან ჩემი მზერა დაიჭირა, თითქოს ყველა ჩემი საიდუმლოს ერთად წაკითხვა სურდა ჩემი თვალების სიღრმეში. - ჩვენი ყოველი წაკამათება და ჩხუბი ერთნაირად მთავრდება. ამიტომ მეტად აღარ მინდა შენთან კამათი. ჩვენ შევხვდებით ხოლმე ერთმანეთს და მორჩა, წერტილი. - ამ სიტყვებით გატრიალდა და მისთვის გამოყოფილი ოთახისკენ წავიდა. კიდევ ცოტაც და მის ზურგს უკან კარი უხმაუროდ მიიხურა.

დაუჯერებელი იყო. კარგა ხანს ვიდექი კიბის მოაჯირთან სრულ სიჩუმეში, რომელსაც მთელი სახლი მოეცვა. კოკი ლაცაბიძე - მამაკაცი ტვინიდან ძვლებამდე! აგრესიული, უმოწყალო, ძლიერი, ყოველისშემძლე და სექსუალურად განუმეორებელი. თავისი სათქმელი თქვა და დაამთავრა. არც კი მაცალა შეწინააღმდეგება. ალბათ ასე აღწევს ხოლმე თავისას.

არა უშავს. ამ ღამით არ მთავრდება ყველაფერი. როცა კიდევ გამიმეორებს, ერთმანეთს შევხვდეთო, უარს მივახლი. არც ერთ მის წინადადებას არ დავთანხმდები. ჩემი უარი თანდათან გულს გაუცივებს, ბოლოს მოჰბეზრდება და თავსაც დამანებებს. მასთან კარგი არაფერი მელის. მეყოფა, რაც გადავიტანე. კიდევ ერთი გოლასნაირი მომთხოვნი მამაკაცი არაფერში მჭირდება. კიდევ ერთხელ ცხოვრებას ვერ გავიმრუდებ. ძლივს ჩემი თავი ვიპოვე, ძლივს თავისუფლების გემო გავიგე. ძლივს დავალაგე ჩემი ცხოვრება.

აშკარად სუსტი მცდელობაა თავის დასამშვიდებლად. ამან შვება ვერ მომგვარა. იქნებ იმიტომ, რომ კოკი ვირივით ჯიუტია? სად ველოდო, როდის მოჰბეზრდება ჩემი უარი? ან მისი ვირთან შედარება რაღა უბედურებაა? მეც არანაკლები ვირი ვარ, სიჯიუტეში ეგ ვერ მაჯობებს. ყოველ შემთხვევაში, ვცდი მაინც. ვნახოთ, რა გამოვა.

მხრებში გავიმართე და ჩემს საძინებელს მივაშურე. ჩვენს ოთახებს ერთი კედელი ყოფდა. საინტერესოა, რას აკეთებს ამწუთას? იხდის? უკვე დაწვა? ფიქრობს ჩემზე? წარმოვიდგინე, რა პოზაში იწვა. გულაღმა, ხელები თავქვეშ ამოდებული, ჭერს მიშეტერებული ლურჯი თვალები და თვალწინ მე.

თავი გავაქნიე, აბეზარი ფიქრების მოშორება მინდოდა. გოლასთან დაშორებამ გამანადგურა. ის ყველაფერი არა მარტო გადავიტანე, არამედ ახალი ცხოვრებაც დავიწყე, ჩემი საკუთარი ცხოვრება. ეს შევძელი. და რადგან ეს შევძელი, ყველაფერს შევძლებ. ის მიყვარდა, ეს მომწონს. უკვე აღარ ვარ თვრამეტი წლის გოგონა, რომელსაც მოულოდნელად ყველაზე მიმზიდველმა მამაკაცმა მიაქცია ყურადღება და ხელი და გული შესთავაზა... ხელი და გული...

მერედა, შემომთავაზა? არა, რა თქმა უნდა. არც ხელი უთხოვია და არც გულის კარი გაუხსნია ჩემთვის, მხოლოდ თავისი ლოგინის მისამართი მიკარნახა.

მოცელილივით დავეხეთქე საწოლზე. დიდი ხნით ფეხზე დგომამ მოტეხილი კოჭი შემახსენა. ისე მიფეთქავდა მტკივანი ადგილი, რომ მივხვდი, დაძინება გამიჭირდებოდა.

გოლამ ნერვული აშლილობა დამმართა, გოლამ გამტეხა და დამამცირა... მაგრამ ის წარსულში დარჩა. ამაში კოკი მართალია. მაგრამ თუკი იგი ფიქრობს, რომ მისი მეგობრების საქმეზე მუშაობის პარალელურად მასთან ვიჟიმავებ, ძალიან ცდება. თვალები დავხუჭე... ძალიან ცდება...

დილის ექვსი საათი იყო, ლუის შეშფოთებულმა ხმამ რომ გამაღვიძა. თავი ძლივს ავწიე, რადგან გვიანობამდე არ ჩამეძინა.

- რომას ერთ მეგობარს, ვისთანაც ყველაზე ახლოსაა კათედრაზე და წლებია, ერთად მოდიან, მენინგიტი შეჰყრია. ორივენი საავადმყოფოში მივდივართ. სტუმრის გაღვიძება არ მინდა. ჩვენ მაგივრად ბოდიში მოუხადე, არ ვიცი, რა დროს დავბრუნდებით. ძალიან გთხოვ, ყურადღება არ მოაკლო ამ ბიჭს, ძალიან კარგი ბიჭია. გაგიმართლა, რომ იცოდე. იმედია, მარტო არ მოიწყენთ. გთხოვ, კატას აჭამე, სამზარეულოში, ფანჯრის რაფაზე დევს პაკეტით მისი საჭმელი.

ჯერაც არ ვიყავი გამოფხიზლებული, ამიტომ უაზროდ ვუქნევდი თავს.

- გემრიელად ისაუზმეთ, ყველაფერი მაცივარშია, მარტო გაცხელება უნდა, გესმის? რა შტერივით მომჩერებიხარ! - ქაქანებდა მამიდა.

- გავიგე, ხო, ყრუ კი არ ვარ! რომ დამადექი ამ დილაუთენია, რა გეგონა? ჯერ კიდევ მძინავს.

- ადექი, რა დროს ძილია, აშენდა ქვეყანა! - ამ სიტყვებით ლუიზა ოთახიდან გავიდა და კარი გაიხურა.

მამიდას ძალიან უყვარს ცხოველები. ადრე ძაღლიც ჰყავდა, მაგრამ მანქანამ გაიტანა და ისე განიცადა, მას მერე ძაღლის ყოლა გადაიფიქრა. სამაგიეროდ, კატა ჰყავს, ბრიტანული ცისფერი, ყვითელთვალება პატარა მტაცებელი, რომელსაც ჩემი სახელი, ბაბი ჰქვია. მგონი, ჩემზე ნაკლებად არ უნდა უყვარდეს ლუის, თავზე ევლება.

ძლივს ავდექი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დალეწილი ვიყავი. ერთიანად მტკიოდა ძვლები. როცა ლუის მანქანის ხმა მიწყდა, სააბაზანოს მივაშურე და წყალი გადავივლე. ცხელმა წყალმა მიშველა, დაღლილობა მომეხსნა.

პიჟამაზე ხალათი მოვიცვი და სამზარეულოს მივაშურე. პირველ რიგში, ბაბის დავუყარე საჭმელი, მერე კი ჩაიდანი ავავსე წყლით და გაზქურაზე შემოვდგი. ამ დროს ვიგრძენი, რომ ვიღაც მიყურებდა. უცნაურია ეს შინაგანი კავშირი ადამიანებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ხედავ, გრძნობ, რომ მოგჩერებია.

შემოვტრიალდი. არ შევმცდარვარ. კოკი კარის ძგიდეს მიჰყრდნობოდა მკერდზე ხელებგადაჯვარედინებული და ჩემი ცქერით `ტკბებოდა~. იმდენად ავირიე, ფეხი მეტლახზე ამისხლტა და ლამის გავიშხლართე.

- დილა მშვიდობისა! - მომესალმა კოკი.

- მშვიდობის დილა, სტუმარო! - შევეცადე, მღელვარება დამეფარა, მაგრამ სველ თმაზე ხელი რომ გადავისვი, გავიყიდე. არ ველოდი, ასე ადრე თუ ადგებოდა, თორემ ხეირიანად ჩავიცვამდი და თმასაც დავივარცხნიდი. ალბათ სასაცილო სანახავი ვიყავი პიჟამასა და დილის ხალათში.

კოკისაც სველი ჰქონდა თმა. ალბათ მანაც მოასწრო წყლის გადავლება. თმა უკან გადაევარცხნა და ჯერ კიდევ სველი საოცრად უბზინავდა. ისეთი ლამაზი იყო, სუნთქვა შემეკრა. ალბათ თვითონაც იცის, როგორი კარგიცაა.

- ჩაის დალევ? - ჩახრინწული ხმით ვკითხე და შევბრუნდი, რომ მისი მზერა ამერიდებინა.

- ყავა მირჩევნია, თუ არის ამის შესაძლებლობა.

არც მიკითხავს, ნალექიანი უნდოდა თუ უნალექო, პირდაპირ ჯეზვეს დავავლე ხელი.

- უნალექოს საშუალება არის? - მომესმა მისი ხმა.

- რა თქმა უნდა, - ზურგშექცეულმა მივუგე, - როგორი გიყვარს?

- ცხელი და მაგარი, ერთი კოვზი შაქრით. დილით მხოლოდ ეს მინდა.

`და ცხელი ქალი არ გინდა?~ - გავიფიქრე ღიმმორეულმა.

- მადლს მარილს ყველა როდი აყრის... - თითქოს ჩემს ფიქრს გაეპასუხაო, ორაზროვნად ჩაილაპარაკა.

- რა თქვი?

- არაფერი, ჩემთვის ხმამაღლა გავიფიქრე რაღაც, - ჩაიცინა.

მამიდაჩემის სამზარეულო დიდი იყო, მაგრამ კოკი თავისი არსებობით ისე ავსებდა მას, რომ აშკარად მავიწროებდა.

ყავის გამზადება დავიწყე, თან სხაპასხუპით ვუყვებოდი, რა მოხდა ცოტა ხნის წინ, რამ ააფორიაქა ჩემები და აიძულა, სისხამ დილით სახლიდან გასულიყვნენ.

ამ დროს ბაბი გამოხტა საიდანღაც და კუდაპრეხილი კოკის ფეხებზე მიეგლისა.

- ვა, რა ლამაზია! გოგოა?

- გოგოა, - თავი დავუქნიე.

- რა ჰქვია?

- აბა, თუ გამოიცნობ.

- წარმოდგენა არ მაქვს, - კოკი მუხლებზე ჩაჯდა და კატას მიეფერა.

- როგორი ერთი ზომის ბეწვი აქვს.

- მაგასაც ბაბი ჰქვია.

- რას ამბობ! - კოკის გულიანი სიცილი აუტყდა, - შენგან განსხვავებით, როგორი მოფერება სცოდნია.

- ნაჭამია და იმიტომ. მშიერი ისეთი აგრესიულია, ახლოს არ იკარებს არავის.

- მართლა? ესე იგი, შენ მშიერი ხარ ხოლმე, როცა თავს მესხმი? რითი ხარ მშიერი, არ მეტყვი?

მისი გადაკრული წინადადებები გონებას მირევდა და მაღიზიანებდა. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს დამცინოდა.

- ყოველ შემთხვევაში, შენით არა, - სუსხიანად მივუგე და როცა მისკენ შემოვბრუნდი, კვლავ გამისრიალდა მეტლახზე ფეხი.

- ოხ! ჯანდაბა! - მტკივანი კოჭი ისევ ამეწვა და დავიჭყანე.

- მოდი, დაჯექი, მე მივხედავ მაგ ყველაფერს, - კოკიმ მაგიდასთან მიმაცილა და მომეხმარა, რომ სკამზე დავმჯდარიყავი, თვითონ კი საქმეს შეუდგა.

მორჩილად დავჯექი და თვალი მივადევნე, როგორ თავდაჯერებულად მოძრაობდა, თითქოს სამზარეულოს საქმიანობა ძვალსა და რბილში ჰქონდა გამჯდარი.

- შენც ყავა გინდა თუ ჩაი გირჩევნია?

- მე სანამ არ ვისაუზმებ, სითხეს არ დავლევ.

- მართლა? - გაოცებულმა მომხედა.

- ჰო. დილით ერთი ჭიქა წყალი უკვე დავლიე. ყოველ დილით ვსვამ, სანამ საწოლიდან ავდგები.

- ჯანსაღი ცხოვრების წესი, - თავი დააქნია მოწონების ნიშნად.

- დიახაც.

- ეს კარგია. მაშინ მითხარი, საუზმედ რას ინებებთ? ალბათ ჰერკულესის ფაფას, არა? თუ ჯანსაღად ვცხოვრობთ, ბოლომდე ჯანსაღად ვიცხოვროთ. იქნებ შემწვარი კვერცხი გირჩევნია ჩემი რეცეპტით?

- ეგ როგორია? - ცნობისმოყვარეობამ მძლია.

- განსაკუთრებული არაფერი. შენი ცხოვრების ჯანსაღ წესს ხელს არ შეუშლის. ხახვთან და ლორთან ერთად შემწვარი ერბოკვერცხი, სულ ესაა. მე ძალიან მომწონს.

- კულინარობა გეხერხება? - დავინტერესდი, თან მარჯვენა ხელის თითებით კოჭს ვიზელდი, რომ წვა ჩამეცხრო.

- მეხერხება, თუკი ერბოკვერცხს კერძად ჩავთვლით.

`ვინ იცის, ჩემ გარდა რამდენ ქალსა აქვს გასინჯული შენი მომზადებული ერბოკვერცხი~, - შურით და ბოღმით ავივსე.

- წესით, უნდა ჩაითვალოს კერძად. რატომაც არა? სიამოვნებით გავსინჯავდი, მაგრამ დილით შემწვარ-მოხრაკულს ვერიდები.

- აი, ხომ ვამბობდი?! - მის ლურჯ თვალებში დამცინავმა ნაპერწკლებმა გაიელვა. ღმერთო, რატომაა ასეთი ლამაზი? ერბოკვერცხის რა გითხრათ, მაგრამ თვითონ მას სიამოვნებით მივირთმევდი საუზმედ. როცა წარმოვიდგინე, როგორი ცხელი სხეული ექნებოდა, ჟრუანტელმა დამიარა. ცხადად ვიგრძენი მისი შიშველი, ბალნიანი მკერდის შეხება.

რა ცუდ დროს შემომისწრო, თავის მოწესრიგება მაინც მომესწრო. თუმცა, წამითაც არ უგრძნობინებია, რომ კარგად არ გამოვიყურებოდი.

იმისთვის, რომ ცოტათი მაინც გამომესწორებინა ჩემი `შეცდომა~, თმა ჩამოვიშალე. თავი გავარხიე, რომ კულულები ლამაზად დამყროდა მხრებზე. კოკის გაეღიმა. მოულოდნელად ჩემკენ დაიძრა, ახლოს მოვიდა და ჩემს თმას შეეხო.

- სუფთა აბრეშუმია. იღებავ?

- არა, ბუნებრივი ფერია. - ამაყად განვაცხადე.

- ასეთი უჩვეულო სპილენძისფერი თმა საიდან? მზეზე ისე ბრწყინავს ხოლმე, თავბრუ მესხმის.

- მამაჩემისგან. თვალის ფერიც მისი გამომყვა.

- ლამაზი მამა გყოლია, - ეშმაკურად შენიშნა.

- მყავდა, კი... - სევდა გამერია ხმაში.

- შეგიწვავ კვერცხს, არ ინანებ. არის კი მაცივარში?

წამით დავფიქრდი. არაფერიც არ მოხდებოდა, ერთი დღე თუ დავარღვევდი ჭამის რეჟიმს და მის მომზადებულ ერბოკვერცხს გავსინჯავდი.

- რაც არის, არის. შემიწვი, - დავყარე ფარ-ხმალი.

- რამდენი?

- ორი ცალი საკმარისია. მაცივარში იქნება. აქ კვერცხი ყოველთვის აქვთ.

ღიმილით ვაკვირდებოდი, როგორ აკურატულად არჩევდა ხახვს, როგორ ასველებდა პერიოდულად დანას და თანაბრად ჭრიდა ხის დაფაზე. ბაბი გვერდიდან არ სცილდებოდა, გაუსვ-გამოუსვამდა კუდს და კნაოდა.

- ამასაც შია? - მომიბრუნდა კოკი.

- არა, მაგან ჭამა უკვე.

- მგონი, არ ეყო. მე ვიცი, რაც უნდა. - ამ სიტყვებით მაცივარი გამოაღო, დაიხარა და რაღაცას გუდმოდგინედ დაუწყო ძებნა, - აი, ეს გვინდა ჩვენ, - მხიარულად გამოაცხადა და რძიანი პაკეტი მაღლა ასწია.

- სრული ბედნიერებისთვის მეტი არაფერია საჭირო, - ხელები გავშალე.

კოკიმ თვალებით მოძებნა ბაბის საჭმლის ჯამი და რძე ფრთხილად დაასხა ზედ. ბაბი მივარდა ჯამს და ხარბად შეუდგა ხვრეპას. ისე მარჯვედ იქნევდა ენას, ღიმილი მომერია.

- ყველა ქალს უყვარს სასმუსნავი. ცდუნებას ვერც ერთი ვერ უძლებს, - თვალებით კატაზე მიმანიშნა.

- ოოო, ამაში შენ ექსპერტი ხარ, - დაუნდობლად მივახალე.

ისე გაიღიმა, მიმანიშნა, დაცინვას კაცი არ მოუკლავსო, თქმით არაფერი უთქვამს. წუხელ მორჩენილი ლორი გამოიღო მაცივრიდან და მის თხლად დაჭრას შეუდგა. ერთი ნაჭერი კი პირისკენ გააქანა და სიამოვნებამოგვრილმა თვალები მილულა.

- მაგარია! კარგს ადვილად ეჩვევი ადამიანი, - თქვა და თითები გაილოკა.

მაინტერესებდა, ახლა რას იზამდა. გალოკილი თითებით გააგრძელებდა საქმიანობას, თუ დაიბანდა. ჩემდა გასაკვირად, წყალი მოუშვა და თითები მიუშვირა. თვალებს არ ვუჯერებდი. გაოცებული დიდხანს ვაფახულებდი წამწამებს. ბიზნესმენი, საქმოსანი და ასეთი მოწესრიგებული? სულ სხვა თვალით შევხედე. განა ბედნიერება არ არის, რომ კაცი, რომელმაც ჩემში სექსუალური ფანტაზიების აღძვრა შეძლო, საუზმეს მიმზადებს? თანაც ასე აკურატულად, დახვეწილად, თითქოს მზარეულობა სისხლში ჰქონოდეს გამჯდარი?

ბოლოს, როცა გამზადებული ერბოკვერცხი თეფშით წინ დამიდგა, ვიგრძენი, როგორ მომშივებოდა.

- გადასარევია! - შექება ტუჩების მოპრუწვითაც გამოვხატე.

- მადლობა, - უხერხულად შეიშმუშნა.

- არა, მართლა გემრიელია.

- არ არის საჭირო არაფრის ახსნა. შენ ხომ არ მიეკუთვნები იმ ქალების რიცხვს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ მხოლოდ მათ შეუძლიათ გემრიელი კერძების მომზადება და სახლის დალაგება.

ხელზე ხელი დავარტყი ირონიის გამოყენებისთვის. მანაც იმავეთი მიპასუხა.

- და შურით მწვანდებიან, როცა ხედავენ, რომ მამაკაცები ამას მასზე უკეთ ახერხებენ. პირადად მე სახლის დალაგება მირჩევნია.

- იოცნებე, იოცნებე, - დავცინე.

- მე მიყვარს, როცა ვოცნებობ, ბაბი. ვერასდროს გამოიცნობ, რაზე ვოცნებობ, როცა შენ გიყურებ. - მის თვალებში კვლავ გაკრთა ნაპერწკლები, ამჯერად სრულიად განსხვავებული და შეცბუნებულმა მსწრაფლ ავარიდე მზერა. რამდენიმე წამის შემდეგ, როცა გავბედე და კვლავ შევხედე, შევამჩნიე, რომ კოკის ძალიან ართობდა ჩემი შეცბუნება.

საუზმე ჯადოსნური დღის კარგი სტარტი აღმოჩნდა. ამდენი წლის შემდეგ პირველად ვიგრძენი, რომ ვიღაც ჩემზე ზრუნავდა. დილა ბაღში გავატარეთ, კოკის მომზადებული ყავით და ჩიტების გაუთავებელი ჟივჟივის მოსმენით. შემდეგ გავისეირნეთ, კარგა გვარიანად ვიარეთ ფეხით, სანამ თავი ფიჭვნარში არ ამოვყავით.

- რამდენი ხანია, აქ დავდივარ და წარმოდგენა არ მქონდა, წიწვოვანი ტყე თუ იყო. ეს როგორ გამომეპარა? - გაკვირვებას ვერ ვმალავდი.

- ნუ, მთლად ტყე არ ეთქმის, მაგრამ მაინც... - შემისწორა კოკიმ.

- რატომ არ ეთქმის? რა, მაინცდამაინც გაუვალი უნდა იყოს, რომ ტყე ერქვას?

- კარგი, გნებდები. იყოს ტყე.

- საძაგელო! - მხარზე მუშტი მსუბუქად დავკარი.

კარგა ხანს იცინა. უხაროდა, ჩემი დაბნევა რომ შეძლო. ამ დროს პატარა ბავშვივით იყო, ვიღაცას რაღაცაში რომ აჯობა. მომწონდა მისი ხასიათის ეს მხარე, ძალიან გულწრფელი და ბუნებრივი ჩანდა.

ფიჭვნარი დამთავრდა თუ არა, მდინარე გამოჩნდა, რომლის ნაპირას პატარა ლუდის ჯიხური იდგა.

- ლუდი ხომ არ დაგველია? - მოულოდნელად იდეა გაუჩნდა.

- ახლა არ მითხრა, ტარანიც მივაყოლოთო, - შორს დავიჭირე.

- რატომაც არა? ლუდი თევზით ცუდია? - ხელები მოიფშვნიტა და წინ გავარდა.

მერე ვისხედით მდინარის სანაპიროზე, ხელში ლუდის კათხებით და მდინარის მოლაპლაპე ზედაპირის ცქერით ვტკბებოდით. დღის განმავლობაში ლუიმ რამდენჯერმე დარეკა. ბოლოს მაცნობა, რომ რომას მეგობრის მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდებოდა და იმ ღამეს საავადმყოფოში დარჩებოდნენ. ეს იმას ნიშნავდა, რომ კიდევ ერთი ღამის ერთად გატარება მოგვიწევდა მე და კოკის, ამჯერად მარტონი ვიქნებოდით.

გაგრძელება ჟურნალ "გზის" 49-ე ნომერში