ორი ბილეთი წალკოტამდე ნაწილი (XIII) - გზაპრესი

ორი ბილეთი წალკოტამდე ნაწილი (XIII)

ამ ამბავმა ძალიან იმოქმედა ჩვენზე. ამასობაში შუადღე გადავიდა და სახლისკენ დავიძარით. გზად კოკიმ მაღაზიაში შეიარა და ისე უცებ მოხიბლა მსუქანი გამყიდველი ქალი, რომ რამდენიმე წუთის შემდეგ მან მთელი თავისი სასიყვარულო ისტორია გადმოულაგა:

- ოფიცერი იყო. ისეთი ლამაზი, ისეთი მოხდენილი... თქვენ გგავდათ, იცით? ჩემი `პაკლონიკები~ შურით სკდებოდნენ, მაგრამ იცოდნენ, რომ შანსი არ ჰქონდათ. მე მარტო ის მიყვარდა, სხვას ვერავის ვამჩნევდი გარშემო. ეჰ, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. სამჯერ გავთხოვდი. ორი ქმარი მომიკვდა, მესამეს კიდევ გავშორდი. ვარ ახლა მარტო და ვზრდი შვილიშვილებს.

თან მეცინებოდა, თან გული მიკვდებოდა, ისე მისტიროდა ქალი თავის პირველ სიყვარულს. როცა დავემშვიდობეთ, გამყიდველმა მოულოდნელად ხელი დამიჭირა, ტუჩები ყურთან მომიტანა და ჩამჩურჩულა:

- ხელიდან არ გაუშვა, საყვარელო. თუ ეს მოხდა, იცოდე, ძალიან ინანებ. ეს ზუსტად ვიცი. არ დაუშვა ასეთი რამ, ჩემსავით არ მოიქცე, შვილო.

გული ლამის გამიჩერდა. ნაძალადევად გავუღიმე ქალს და მე და კოკიმ გზა გავაგრძელეთ.

- რა გითხრა? - ცნობისმოყვარე მზერით შემომხედა კოკიმ.

- განსაკუთრებული არაფერი. ძალიან მენატრებაო.

- ამდენი წლის შემდეგაც, კაცო? - გაეცინა.

- ასეთებიც ხდება, - ამოვიოხრე და ირიბად გავხედე.

ისეთი კარგი იყო, მის შემხედვარეს გონება მერეოდა. ლოსიონს დავაბრალე, წვერის გაპარსვის შემდეგ რომ დაისხა. მართლა კარგი სურნელი ჰქონდა, იმდენად კარგი, რომ მინდოდა, დამმახსოვრებოდა, რათა მთელი ცხოვრების მანძილზე გამყოლოდა. არა, ასე არა. მინდოდა, ეს წამი ჩამებეჭდა გონებაში - არაჩვეულებრვი სურნელი, ბრიალა მზე და დიდებული მამაკაცი ჩემ გვერდით.

გული შეშლილივით აწყდებოდა საგულეს და ისე გმინავდა, მისი ბაგაბუგი მესმოდა. არა, ძალიან შორს შევტოპე. ის, რაც მასთან მაკავშირებს, მოწონებაზე მეტია. თუმცა სიყვარული არ არის. ისეთ აურას მიქმნიდა მისი სიახლოვე, ვეღარ ვუძლებდი. მისი მკვრივი, დაკუნთული სხეული თითქოს პირობას მაძლევდა, რომ სიამოვნებასაც მომანიჭებდა და ცხოვრების ყველა შემოტევისგანაც დამიცავდა... ჰმ... ილუზიები მომეძალა. ახლა ერთი სული აქვს, დარწყულდეს ჩემით, ხვალ კი სახელსაც ვეღარ გაიხსენებს ჩემსას. ის, რაც მას უნდა, მხოლოდ მსუბუქი ინტრიგაა, მე კი ესეც არ მინდა.

ბაბი კნავილით შემოგვეგება. ისეთი გამწარებით კნაოდა, თითქოს გვსაყვედურობდა, რატომ მიმატოვეთო. ვინმეს რომ მოესმინა, იფიქრებდა, ამ კატას სამი დღეა, არაფერი უჭამიაო. ბაბის გადავაბიჯე და ოთახში შევედი.

- კარტოფილი ხომ არ შევწვა ღორის ხორცთან ერთად? - კოკის მივუბრუნდი.

- უჰ, რა გემრიელად გაიჟღერა შენმა იდეამ, - გაღიმებულმა ტუჩები გაილოკა.

- მაშინ ახლავე შევუდგები საქმეს.

- ღვინოც გვაქვს რომას წყალობით. აუჰ, რა პურის ჭამა გველის!

- ღვინოც არის და ღვინოც, თეთრი გინდა, წითელი, შავი თუ...

- ვარდისფერი, - დამეხმარა კოკი.

სიცილი ამიტყდა.

- ვარდისფერი ღვინოც არსებობს?

- როგორ არა, არსებობს.

- არ ვიცი, მე არასდროს მინახავს.

- საზღვარგარეთ უნდა იარო ხშირად და შეძლებ დაჭაშნიკებას.

- ჩვენ ბოდიში, ბატონო კონსტანტინე, ვერ დავდივართ საზღვარგარეთ, - ვუკბინე.

არ ესიამოვნა. ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაიწყო და ამოიხვნეშა.

- ტრაბახით არ მითქვამს.

- კარგი, ჰო, უბრალოდ, ვიხუმრე, - ავილეწე. სულაც არ მინდოდა მისი განაწყენება. მივხვდი, რომ ცუდად გამომივიდა.

ამჯერად სასტუმრო ოთახში ვივახშმეთ. მე ვისურვე ასე, სამზარეულო ძალზე ინტიმურ გარემოს ქმნიდა. გამახსენდა, დილით, სამზარეულოში რომ ვისხედით, ისე ახლოს იჯდა ჩემთან, მხრით მეხებოდა, რაც ძალიან მძაბავდა და მაბნევდა.

- ხორცს რატომ არ ჭამ? უმადობას უჩივი? - კოკიმ ერთი ნაჭერი შემწვარი ხორცი ჩანგალზე წამოაცვა და ჩემს თვალებთან საათის ქანქარასავით გააქნ-გამოაქნია.

- ღამე არ მიყვარს ძნელად მოსანელებელი რამეების ჭამა, - ავხსენი ჩემი `უმადობის~ მიზეზი.

- ღამე ჯერ არ დამდგარა. დაწოლამდე თავისუფლად შეიძლება მისი მონელება, - ირონიანარევი ტონით მითხრა და ორაზროვანი მზერა მესროლა.

ისეთი სახე მივიღე, ვითომ ვერ მივუხვდი.

- ბევრის ჭამას არც შენ გირჩევ, სხვათა შორის, - დამცინავად შევნიშნე და თეფშზე მივუთითე.

- ისე, ბაღში უნდა გავსულიყავით და იქ გვევახშმა, უკეთესი იქნებოდა, - თქვა და კვლავ მოწრუპა ღვინო.

- სადღეგრძელოს გარეშე რატომ სვამ, ამერიკაში გასწავლეს? - ისევ გამოვაჩინე ბრჭყალები.

- არა, საფრანგეთში, - ნიშნის მოგებით მომიგო.

- ახ, როგორ ვერ მივხვდი, - დავცინე.

- დაცინვას კაცი არ მოუკლავს, ბაბი. მგონი, დროა, პატარა ბაბისაც ვაჭამოთ, თორემ ლამისაა, ფეხი მომაკვნიტოს.

ბაბიმ მართლაც აგვიკლო კნავილით. ავდექი და თავის ჯამში საჭმელი ჩავუყარე. პირი არ დააკარა. ისევ კოკისთან მივიდა და მუხლებზე შეახტა.

- მგონი, ხორცი უნდა.

- ღორის არ შეიძლება, - კატეგორიულად გავაქნიე თავი.

- ცოტა რომ მივცე?

- არა, არავითარ შემთხვევაში.

- აბა, რა დააწყნარებს ახლა ამას?

- რძეს დავუსხამ.

აი, რძე კი მოეწონა ბაბის, სვლიპა და სვლიპა.

- ბაღში ხომ არ გადავინაცვლოთ?

- რისთვის? - შიში გამერია ხმაში.

- ჩაი დავლიოთ ან ყავა.

- ან ღვინო ვწრუპოთ, - უნებურად წამოცდა.

- შენ თუ მაგ სიკეთეს იზამ, მე თანახმა ვარ, - ხელები ისე გაშალა, თითქოს მეუბნებოდა, მოდი ჩემთანო.

ვაზა ხილით გავავსე და ეზოში გავიტანე, სადაც მრგვალი მაგიდა იდგა. კოკი ღვინის ჭიქით მომადგა და წინ ჩამოშლილი თმა უკან გადამიწია. ავირიე. სიამოვნებისგან შემაკანკალა.

- მაცივარში თეფშით ნამცხვარია, იქნებ მოიტანო? - ხმა წამერთვა. ხმასთან ერთად, მუხლებიც. როცა ასე ახლოს იყო ჩემთან, გონს ვკარგავდი. თითქოს გაორება მემართებოდა. არ მინდოდა, მასთან შეხვედრები გამეგრძელებინა, მეორე მხრივ, მიკვირდა, აქამდე როგორ ვცხოვრობდი მის გარეშე. ეს კი მაშინებდა.

- როგორ, როგორ? - ჩამესმა ყურში მისი ხმა.

- რა როგორ? - გაოცებული მივუტრიალდი, რადგან არ ვიცოდი, რა შემეკითხა.

- გკითხე, თავს როგორ გრძნობ-მეთქი.

რა სიკვდილი მემართება, წარამარა რომ ვწითლდები? როგორ უხერხულობას მიქმნის.

- კარგად... მშვენივრად.

- რაღაც ვერ გამოიყურები ყოჩაღად. მოდი, დაჯექი და მე მოვიტან ყველაფერს. შენ ეს დამიჭირე, - მითხრა და ღვინიანი ჭიქა გამომიწოდა, თან დააყოლა, - გასინჯე, ვარდისფერია.

- ვარდისფერი? - ჭიქას გავხედე, მასში მართლაც ვარდისფერი ღვინო ესხმა.

- თეთრი და წითელი ერთმანეთში გავურიე, - სიცილით აღიარა თავისი პატარა ეშმაკობა.

- აი, თურმე რა ყოფილა, - მეც გამეცინა, მაგრამ ვიგრძენი, როგორ მიცახცახებდა ხელი, რომლითაც ჭიქა მეჭირა.

- ეცადე, არ დაღვარო, - ღიმილით გამაფრთხილა.

რამდენიმე წუთის განმავლობაში გაოცებული ვადევნებდი თვალს, როგორ გადი-გამოდიოდა სამზარეულოსა და ბაღს შორის. თვალის დახამხამებაში ისეთი ლამაზი, რომანტიკული სუფრა გაშალა, მეტყველების უნარი დამეკარგა. თეფშები ხომ დაალაგა მაგიდაზე, ნამცხვარიც გამოიტანა, სანთლებიც მოუძებნია და საშანდლეში ჩარჭობილი მაგიდაზე შემოდგა, მერე მაკრატლით ხელში ბაღში გავარდა, ვარდები დაკრიფა და ლუის საყვარელ ლარნაკში ჩადებული მოიტანა.

ესეც ასე. სუფრა ორი ადამიანისთვის იყო გაშლილი, თანაც ერთობ ინტიმურად. ღამის ცა კიდევ უფრო ამძაფრებდა რომანტიკულ გარემოს. ჰორიზონტზე მეწამულისფერი და იისფერი ღრუბლები ზანტად მიცურავდნენ დასავლეთისკენ. ასე მეგონა, ჯადოსნურ ზღაპარში ამოვყავი თავი, გარხევის მეშინოდა.

როგორც იქნა, კოკიმ სუფრის მორთვა დაამთავრა, დაჯდა, ჭიქები ღვინით აავსო და სადღეგრძელო წამოიწყო:

- ყველაზე ლამაზ ადვოკატს გაუმარჯოს და ჩვენს გაცნობასაც, - მომიჭახუნა.

შეცბუნება ვერ დავმალე. ამით ისარგებლა და მიჩურჩულა:

- ფლირტის უფლება მაინც არ წამართვა.

ღვინომ ცოტათი მომადუნა, ნელ-ნელა დავმშვიდდი. გულითადად ვსაუბრობდით, თითქოს წლების ნაცნობობა გვაკავშირებდა ერთმანეთთან. ამასობაში მთვარეც ამოცურდა ჰორიზონტიდან. ცაზე ათასობით ვარსკვლავი აკიაფდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მთელი სამყარო ღამეში ჩაიძირა და მხოლოდ ჩვენ ორნი დავრჩით მაგიდასთან, სანთლის შუქით განათებულ გარემოში.

მერე კოკიმ ყავა მოიტანა.

- ფორთოხლის ლიქიორი ვიპოვე და გავურიე, მგონი, კარგი გამოვიდა, - თქვა და ფინჯანი წინ დამიდგა.

მოვსვი. მართლა გემრიელი იყო.

- ღვთიურ სითხეს ჰგავს, - აღფრთოვანება ვერ დავმალე, - ვინ გასწავლა ასეთი ყავის მოდუღება?

- არ მახსოვს, - მომიგო და ზურგს უკან დამიდგა, ხელებით კი ჩემს სკამს დაეყრდნო.

გულმა მიგრძნო, რომ იტყუებოდა. მას ყველაფერი მშვენივრად ახსოვდა.

- იმ ქალმა, არა? წუხელ რომ მიყვებოდი, შენი დაწვა რომ მოახერხა, - თავხედურად ვკითხე.

- ჰო, მან.

- აბა რატომ მომატყუე?

- იმიტომ, რომ ჩემი ქალების სხვებთან განსჯა არ მიყვარს.

- არ გინდა, მასზე მელაპარაკო?

კოკიმ სკამს ხელები მოაშორა, თავის ადგილს დაუბრუნდა და დაჯდა თუ არა, თვალი თვალში გამიყარა.

- ჩემი პასუხია: არა. ახლა მასზე ლაპარაკი არ მსურს.

ვიცოდი, რომ ცუდად ვიქცეოდი. არ მქონდა უფლება, ასეთი რამეები მეკითხა. მეც ხომ მიჭირდა მასთან გოლაზე საუბარი, მაგრამ თავი ვერ შევიკავე.

- რა მოხდა თქვენ შორის?

- ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი, ან მეგონა, რომ გვიყვარდა. მარი ერქვა. ბოლოს აღმოჩნდა, რომ მისთვის ერთადერთი სულაც არ ვყოფილვარ. იაფფასიან სამკაულებზე გიჟდებოდა. ღარიბი იყო ძალიან, უდედოდ გაზრდილი და ამ ყველაფერს დანატრებული. გაგიკვირდა, არა?

- არა, - ვიცრუე, - სულაც არა.

- მე კიდევ შოკში ჩავვარდი, რომ გავიგე.

- და ამიტომ გაშორდი? - ფრთხილად დავსვი შეკითხვა.

- არა, მთლად ეგრე არ ყოფილა. უკვე დაქორწინებას ვაპირებდით, დავნიშნე, მისიანები გავიცანი, ჩემებიც გავაცანი და... ქორწილამდე სხვასთან გაიქცა. ერთი ბიჭი იყო, სასტუმროს მფლობელის შვილი, მდიდარი. მაშინ მე ამდენი ფული არ მქონდა. ჰოდა, მის ნაჩუქარ ძვირად ღირებულ სამკაულებს დახარბდა, - მწარე ღიმილმა გადაურბინა სახეზე, - არა უშავს, რაც ხდება, მხოლოდ იმიტომ, რომ უკეთესი მოხდეს შენს ცხოვრებაში. სწორედ ამ ამბავმა მაიძულა, ყველაფერი გამეკეთებინა გასამდიდრებლად, რასაც მივაღწიე. ეს კარგი გაკვეთილი იყო ჩემთვის. რაც მთავარია, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ გავიგე: ქალებს ყველაზე კარგად ტყუილი მაშინ გამოსდით, როცა გულაღმა წვანან.

მისგან ასეთ უხეშ სიტყვებს არ მოველოდი.

- ყველა ქალი არ იტყუება.

- ხომ გაგაფრთხილე, მასზე საუბარი არ მსურს-მეთქი.

- მას კი არ ვგულისხმობ, ზოგადად ქალებს. მის გარდა რამდენიმე მილიონი ქალია დედამიწის ზურგზე, - წამოვენთე, - ყველას ერთი საზომით ნუ ზომავ.

- შენც ასე არ ექცევი კაცებს? - დამცინავად მკითხა.

არ შევკამათებივარ, რადგან რაღაცნაირი შიში ვიგრძენი და პატარა გოგოსავით დამფრთხალმა წავიჩურჩულე:

- მართალი ხარ. არც მე ვენდობი მამაკაცებს, მაგრამ მე ნამდვილად მაქვს საამისოდ სერიოზული მიზეზი.

სახე შეეცვალა. ისე მოიღუშა, გეგონებოდა, შუბლი ნაოჭებით დაეღარაო. არ უნდა წამომეწყო ეს საუბარი. სასიამოვნო საღამო გავაფუჭე. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, სიტუაცია როგორ გამომესწორებინა.

- მესმის შენი, - უმწეო ხმით მომიგო.

ვიჯექი და არ ვინძრეოდი. ემოციები მომეძალა. მოულოდნელად გულწრფელობის ხასიათზე დავდექი, ღრმად ამოვიოხრე და ჩუმი ხმით დავიწყე:

- დედაჩემი თავისი ავადმყოფობით არ მომკვდარა.

- დედაშენი? - ისეთი ტონით იკითხა, თითქოს მეუბნებოდა, დედაშენი ამ სიტუაციაში რა შუაშიაო.

- იმ ღამეს, როცა მამა შინ მთვრალი დაბრუნდა, მე კიბის თავზე ვიდექი... - და თავიდან ბოლომდე მოვუყევი, რაც მოხდა. არასდროს არავისთან არ ვსაუბრობდი ამ თემაზე, არასდროს არავისთან კრინტი არ დამიძრავს. ახლა კი... ახლა თავი ვერ შევიკავე და ამდენი ხნის შენახული საიდუმლო კოკის გავანდე.

როცა მოყოლა დავამთავრე, თავი ავწიე და შევხედე. მოსმენილისგან თავზარდაცემული ჩანდა. მგონი, დავშოკე. არ უნდა მომეყოლა მისთვის დედაჩემის ამბავი, შევცდი.

- ჯანდაბას! - აღმოხდა ბოლოს, ადგა და მომიახლოვდა, - არც კი ვიცი, რა გითხრა, ბაბი, - ამ სიტყვებით ამაყენა, ხელები მომხვია და გულში ჩამიკრა, - არც ერთმა ბავშვმა არ უნდა გადაიტანოს ასეთი საშინელება.

ისეთი შვება ვიგრძენი, უნებლიეთ მივენდე. მსიამოვნებდა მისი თანაგრძნობა... მსიამოვნებდა მისი სხეულის შეხებაც. მათბობდა მისი სითბო.

მერე კვლავ სკამზე დამსვა.

- შენი ყავა გაცივდა. ახალს მოგიტან, ერთი წუთით დამიცადე, კარგი?

მიმავალს გავხედე. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის ცხელი ღამე იყო, ციებიანივით მაკანკალებდა. მართლაც ყველაზე საოცარი ადამიანი იყო მათ შორის, ვისაც ოდესმე შევხვედროდი ცხოვრებაში. თუმცა საჩემო არ იყო. ის ჩემს ცოლად მოყვანას არასდროს მოისურვებდა. ამწუთას კი მხოლოდ ვეცოდებოდი. მე კი...

უმწეოდ შევიცურე ხელები თმაში. ამწუთას მეც ის მინდოდა, რაც მას სურდა. ახლა მის წინადადებაზეც თანახმა ვიყავი.

მხოლოდ შეშლილი თუ შეტოპავდა ასე შორს. ალბათ მეც შევიშალე. მოვუყევი ის, რაც არავისთვის არასდროს მომიყოლია. გოლამაც კი არ იცოდა სიმართლე დედაჩემის გარდაცვალების შესახებ. არც ჩემები საუბრობდნენ ამ თემაზე ჩემთან. თითქოს ტაბუ დაედო ამ ამბავს. წლების განმავლობაში ჩემს თავს ვადანაშაულებდი მომხდარში. მე რომ მეყვირა, იქნებ ასე არ გაემეტებინა მამას დედა. იქნებ შემეძლო მისი შეჩერება. მე კი ისე შემეშინდა, რომ დავმუნჯდი. ხმის ამოღება ვერ შევძელი დედაჩემის დასაცავად.

წარსულის გახსენებამ გული მატკინა. ქვედა ტუჩზე ვიკბინე და თვალები ისე ძლიერად დავხუჭე, რომ ამეწვა. წესით, არ უნდა დამედანაშაულებინა ჩემი თავი. მამა საშინლად ეჭვიანი იყო, გაწამებული ჰყავდა დედა. როცა ხმაური შემომესმა, თითქმის დამთავრებული იყო ყველაფერი. ჩემი კივილი ვერაფერს შეცვლიდა, მაგრამ მაინც მქენჯნიდა სინდისი. იქნებ შემეძლო შველა და ვერ ვუშველე?

- ყავა მოვიდა, - მსუბუქი ხმა გაისმა ჩემს ყურთან.

- მადლობა, - მადლიერების ნიშნად გავუღიმე, მაგრამ ეგრევე დავიძაბე. დადგა თუ არა ფინჯანი, კოკი დაიხარა და ტუჩები ყელზე მომადო. სითბო მთელ სხეულში ჩამეღვარა. წარსულის მოგონებები სადღაც გაიფანტა.

თვალები დავხუჭე და ღამის წყვდიადში ჩავიძირე, სურვილის ტალღები კი თავის ნებაზე მივუშვი. კოკი ჩემს ყელს ნელ-ნელა ამოჰყვა და ტუჩებზე გადავიდა. ჩემთვისაც კი მოულოდნელად, კოცნაზე მწველი კოცნით ვუპასუხე. როცა იგი ჩემს ტუჩებს მოსწყდა, მე უკვე სურვილით ვიწვოდი.

- ყავა დალიე, - ჩახრინწული ხმით და დანისლული თვალებით მიმანიშნა ფინჯანზე და თავის სკამზე ისე გადაჯდა, მზერა არ მოუცილებია ჩემთვის.

შეუძლებელია, ვერ ხვდებოდეს, როგორ აღმაგზნებს, მაგრამ რატომ გაჩერდა? რატომ შეიკავა თავი? იქნებ ეს კოცნა მისი ძალების დემონსტრირება იყო? იქნებ ამით მიმანიშნა, რომ ყველაფერი შეუძლია გამაკეთებინოს?

ფინჯანს ხელი დავტაცე და ყავა მოვსვი. მოვსვი ისე, რომ არც მიგრძნია, იყო თუ არა გემრიელი. ცხელმა სითხემ ჯერ ყელი ჩამიწვა, მერე გულის კოვზი. სუნთქვა შემეკრა. შეწყვეტილმა კოცნამ იმედი გამიცრუა და დაუკმაყოფილებელი დამტოვა. ჩემი სხეულის ყოველი უჯრედი გაგრძელებას ითხოვდა. რომანტიკული ატმოსფერო სადღაც გაქრა. კოკი გაუნძრევლად იდგა, ჰაერში კი ისეთი დაძაბულობა იგრძნობოდა, როგორც ჭექა-ქუხილის წინ.

ნელ-ნელა ვსვამდი ყავას და ვიაზრებდი მომხდარს. ნუთუ ეს პირველი ნაბიჯი იყო ჩემს საცდუნებლად? კოცნა ხომ ადუნებს სხეულს და რომანტიკულ განწყობაზე აყენებს ადამიანს? მე რა მემართება? რატომ განვიხიბლე ასე? იმიტომ, რომ... იმიტომ, რომ ასე იყო საჭირო. ეს კიდევ ერთი განგაშის სიგნალია, რომელიც მაფრთხილებს, არ წამოვეგო მის ანკესზე. არ უნდა დავუწვე ადამიანს, რომელსაც არ ვუყვარვარ და მხოლოდ ჩემი დაუფლება სურს, დაუფლება გართობის მიზნით, ყოველგვარი მოვალეობის გარეშე. მიუხედავად ამისა, სადღაც შიგნით, შიში ჩამისახლდა. შევძლებ კი უარის თქმას, თავისას რომ შეეცადოს?

- არ გინდა, სახლში შეხვიდე, სანამ მე აქაურობას ავალაგებ? - სრულიად მშვიდი ხმით შემეკითხა.

დამფრთხალმა შევხედე. მისი სახის გამომეტყველებას ღამეული ჩრდილები ფარავდა. უკვე დალეული, მბჟუტავი სანთლები არ მაძლევდა საშუალებას, მის თვალებში ჩამეხედა.

- არა, მეც მოგეხმარები.

- რატომ? ამის საჭიროებას ვერ ვხედავ. ბევრი არაფერია ასალაგებელი.

ანუ ცდუნების არანაირი გეგმა არ არსებობს? დავუჯერო?

ისევ იმედგაცრუება დამეუფლა, მაგრამ არ შევიმჩნიე, მხრები ავიჩეჩე და გულგრილად ვკითხე:

- დარწმუნებული ხარ?

- რა თქმა უნდა, ამის ალაგებას ორი კაცი რად უნდა? წუთის ამბავია, - გამიღიმა, - სანამ კოჭლობით დადიხარ, მე მოგემსახურები და ვიზრუნებ შენზე. მერე კი შენ იზრუნებ ჩემზე.

- არც იოცნებო! - ამრეზით ვუთხარი.

ნუთუ ჰგონია, რომ მასთან შეხვედრებს გავაგრძელებ და ეს საღამო ამის დასაწყისია? ამ აზრმა თან ამაღელვა, თან აღმაგზნო. საფიქრელად ახალი პრობლემა გამიჩნდა.

ავდექი, მაგრამ ვგრძნობდი, ფეხები აღარ მემორჩილებოდა. ნაბიჯი გადავდგი თუ არა, წავიბორძიკე. კოკი მაშინვე მომვარდა და იღლიებში ამომდო ხელები, მაგრამ მთლად არ მომწებებია, მანძილი დაიჭირა და შემომხედა. მერე ღიმილით თქვა:

- იდუმალებით სავსე ქალი ხარ. მაგრამ არა უშავს. სამაგიეროდ, მოსაწყენი არ ხარ.

- ეს კომპლიმენტია? - კვლავ შემეფაკლა ღაწვები.

თვითონ საერთოდ არ ნერვიულობს და მე რაღა მჭირს?

- შენ როგორ ფიქრობ? - შემომიბრუნა კითხვა, სანამ საძინებლამდე მიმაცილებდა.

გაგრძელება ""გზის 50-1 ნომერში