ორი ბილეთი წალკოტამდე (თავი XVI ) - გზაპრესი

ორი ბილეთი წალკოტამდე (თავი XVI )

ექვსი დღე გავიდა, კოკისგან კი არაფერი ისმოდა. არც მიკვირდა. მას შემდეგ, რაც იმ დღეს მოხდა, ვიცოდი, რომ ყველაფერი დამთავრდა. სამსახურში ჩვეულებრივად დავდიოდი, მაგრამ ზაფხული იყო და ბევრი საქმე არ მქონდა. ამასობაში შვებულებამაც მიწია. გადავწყვიტე, ზღვაზე დამესვენა.

ზღვა ჩემთვის ყველაფერია. თუ მას ვხედავ და ტალღების ხმა მესმის, ამქვეყნად ყველა პრობლემა და ტკივილი მავიწყდება. ზღვის სანაპიროზე ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს ღია ცის ქვეშ ჯადოსნურ მელოდიას ვუსმენდე.

როგორც იქნა, მოვაგვარე შვებულების ამბავი და ბარგის ჩალაგებაც დავიწყე. სწორედ ამ დროს მამიდაჩემი დამადგა თავს. საყიდლებზე ჩამოვედიო. როგორ არა, დავუჯერე! მას მხოლოდ კოკი ეკერა პირზე და სხვა არავინ. როგორც ჩანს, ზედმეტად მოიხიბლა მისით.

- როდის უნდა ნახო? - მესამე შეკითხვა სწორედ მას შეეხო, პირველი ორი კი ჩემს შვებულებას და მოკითხვას `შეალია~.

- არ ვიცი, მამიდა, - მოგუდულად მივუგე.

- როგორ არ იცი, არ დაგირეკა?

- ხომ გითხარი, არ ვიცი-მეთქი. არა, არ დაურეკავს და ალბათ არც დარეკავს.

- რატომ, რა მოხდა? - წარბები შეიკრა.

- არაფერი. მისი საქმე ბოლომდე მივიყვანე და მორჩა, მას თავისი ცხოვრება აქვს, ჩემთვის სად სცალია?

ამასობაში მაგიდა გაშალა და თან მოტანილი ცხელი ხაჭაპური ექვს ნაწილად დაჭრა, მერე ყავა მოადუღა და მაგიდას მივუსხედით. რომას ნაჩუქარი წითელი ღვინოც მქონდა ცოტა დარჩენილი და ჩამოვასხი, ისე, ყოველი შემთხვევისთვის.

- შენ რა, დალევა დაიწყე? - ირიბად გამომხედა ლუიმ.

- რაზე შემატყვე?

- რა ვიცი, ღვინო კი გამოაცუნცულე და... - გაიღიმა.

- ვიფიქრე, თითო ჭიქას დავლევთ-მეთქი. თუ არ გინდა, ნუ დალევ, დიდად არც მე მინდა, რომ იცოდე.

- მაიტა, დავლიოთ, ბოლოს და ბოლოს, ჩემი დაყენებული ღვინოა.

- შენი ქმრის, - ნიშნის მოგებით შევუსწორე.

- რა მნიშვნელობა აქვს, ხომ ვეხმარებოდი? - ტუჩის აბზუებით მომიგო და ისევ ძველ თემას მიუბრუნდა, - კი მაგრამ, თქვენ ხომ ხვდებოდით ერთმანეთს? იმედია, ის საშინელი ურთიერთობა არ გაქვთ, დღეს რომაა მოდაში - ერთი რომ ცალკე `გულაობს~ და მეორე ცალკე. ასე ვთქვათ, თავისუფალი ურთიერთობა.

- ლუი!

- მითხარი, რომ ასე არ არის, თორემ ცოტა შევშინდი.

მისი შეკითხვები იმდენად მღლიდა, რომ მოშვების საშუალებას არ მაძლევდა.

- სიტყვას არ მაგდებინებ, სულ შენ ლაპარაკობ და რა გითხრა? - უკვე მოთმინებას ვკარგავდი, თუმცა, წესიერად მეც არ ვიცოდი, გვქონდა კი ოდესმე რამე ურთიერთობისმაგვარი? ერქვა კი იმ დამოკიდებულებას ურთიერთობა? მერე რა, თუ ორ-სამჯერ მაკოცა? ვისთვის არ უკოცნიათ? ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ვუყვარვარ ან მიყვარს, - ხომ მოგიყევი, მასთან რაც მაკავშირებდა და როგორც გავიცანი? ჰოდა, დამთავრდა მისი საქმის განხილვა, პროცესი მოვიგეთ და მორჩა.

- და დარწმუნებული ხარ, რომ არავინ არ ჰყავს? იქნებ...

- მშვენიერი შეკითხვაა. არ ვიცი, შეიძლება ჰყავს, შეიძლება არა.

- შენ როგორ ფიქრობ?

ვაიმეეე! ლამის ყვირილი დავიწყე. ვცდილობდი, სიმშვიდე შემენარჩუნებინა. მამიდას რას ვერჩოდი, ჩემზე ზრუნავდა.

- არ ვიცი, ლუი. ჩემი აზრით, არ უნდა ჰყავდეს არავინ.

უკმაყოფილო სახე მიიღო. როგორც ჩანს, ჩემმა პასუხმა არ დააკმაყოფილა.

- ბაბი, ის ძალიან მაგარი კაცია. ყველაზე მაგარი, ვინც კი ოდესმე მინახავს. სიტყვებიც კი არ მყოფნის, რომ დავახასიათო. შენ კი პასუხის გაცემაც არ შეგიძლია ჩემს უმარტივეს შეკითხვებზე. არ შეგიძლია დაურეკო და მოიკითხო?

- არა, არ შემიძლია, - ამოოხვრით ვთქვი.

- რატომ?

- იმიტომ, რომ არ ვარ დარწმუნებული, მასთან სერიოზული ურთიერთობა მინდა თუ არა, - როგორც იქნა, ამოვთქვი, რისი თქმაც მინდოდა და ლუის ბობოქარ რეაქციას დაველოდე.

ჩემდა გასაკვირად, მამიდამ ჯერ ყავა მოსვა, მერე ღვინო და სრულიად მოულოდნელად თქვა:

- საქმე კოკის კი არა, იმ არამზადას ეხება. შენ ისევ ფიქრობ მასზე, არა? ვერ დაივიწყე, ხომ?

- ლუი, დრო იარებს კურნავს, თუმცა მოგონებები რჩება. მაგრამ ამას არანაირი შეხება არა აქვს კოკისთან, დამიჯერე.

- იმედია, წარსული არ შეგიშლის ხელს სხვა მამაკაცთან იპოვო ბედნიერება. ყველა ისეთი ნაძირალა როდია, როგორიც ის შენი ვაჟბატონი იყო, - ლუის გოლას სახელის ხსენებაც არ უნდოდა.

გამეცინა.

- რა წიგნის ენით მელაპარაკები, ლუი? გაფიცებ ყველაფერს, მითხარი, ახლა რას კითხულობ?

- არაფერსაც არ ვკითხულობ. ეს ჩემი სიტყვებია და არა წიგნიდან ამოკრეფილი ფრაზები! არც ისეთი სულელი ვარ, შენ რომ გგონია. ეგ შენი... რა ერქვა, სულ დამავიწყდა, რომ არა, დღეს ბედნიერი იქნებოდი.

- ჩვენი დაოჯახება ღამის კოშმარს ჰგავდა, მამიდა, ეს შენც კარგად იცი, მაგრამ არის ისეთი რაღაცებიც, რაც არავინ არ იცის ჩემ გარდა.

- და მერე რა? კიდევ კარგი, არ ვიცი, თორემ გულიც გამისკდებოდა. დაოჯახებაო... იყავით კი დაოჯახებულნი?

- ამიტომაც არ გიყვები ბოლომდე არაფერს. ისედაც, ჩვენს ოჯახში არ მოსულა ოჯახის სხვა წევრებზე ლაპარაკი. თქვენც ხომ არ მიყვებით დედაჩემსა და მამაჩემზე, თითქოს...

- ბაბი, რას ამბობ, რას? იმიტომ არ ვახსენებთ მაგ ამბავს, რომ გული არ გეტკინოს. შენ ერთადერთი იყავი, ვინც იმ საღამოს ტრაგედიას შეესწრო. არ გვინდოდა ამის გახსენებით ძველ ჭრილობას შევხებოდით. ისედაც, არც შენ გიკითხავს არასდროს...

- იმიტომ, რომ ამ თემას ჩვენს სანათესავოში ყოველთვის ტაბუ ედო. ყველას გვრცხვენოდა იმის, რაც მოხდა.

- სულაც არა. უბრალოდ, არც ვიცოდით, რა ნახე იმ ღამეს. ისეთი პატარა იყავი, ვფიქრობდით, იქნებ დაავიწყდა კიდევაც და რატომ გავახსენოთო.

- ოჰ, - ხელი და თავი ერთად გავაქნიე, - აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი. ამას ისევ კოკიზე საუბარი მირჩევნია, - გავიცინე.

- მამაშენი ეჭვიანი იყო, ავადმყოფურად ეჭვიანი, მაგრამ შენც უყვარდი და დედაშენიც.

- მოვრჩეთ, კარგი? - ხელის აწევით გავაჩერე.

- კოკიმ იცის ეს ამბავი?

- იცის.

- და გინდა დამაჯერო, რომ ისეთ კაცს მოუყევი შენს გულში ჩამარხული საიდუმლო, რომელთანაც სერიოზულ ურთიერთობას არ აპირებ? - ეჭვი გაუკრთა თვალებში.

ის იყო, პასუხი უნდა გამეცა, რომ კარზე ზარის ხმა გაისმა. შიშისგან შევხტი. რატომღაც, წამდაუწუმ გოლას მოლოდინში ვიყავი. ვიცოდი, რომ ადვილად თავს აღარ დამანებებდა და რა შეუშლიდა ხელს, შინ მოეკითხა?

ფეხები უკან მრჩებოდა, სანამ კართან მივიდოდი. სათვალთვალოში რომ გავიხედე, სუნთქვა შემეკრა. გარეთ სადარბაზოში, მხოლოდ უზარმაზარი ვარდების თაიგული ჩანდა. როგორც ჩანს, უსწავლია გოლას ქალთან მოქცევის წესები. ცხოვრებაში პირველად დამადგა თავზე ყვავილებით ხელში.

კარის გაღების არ შემშინებია. მამიდა ჩემთან იყო, მასთან კი გოლა ვერაფერს გამიბედავდა. ის კი არა, ლუი კინწისკვრით გააგდებდა გარეთ. მისი იმედი მქონდა.

თუმცა, შევცდი. თაიგული კოკის გამოგზავნილი აღმოჩნდა. ამან უარესად ამიფორიაქა სული და გული. შუაგულში ჩადებულ ბარათს თვალი შევავლე, მაგრამ ისე მქონდა გონება და თვალები დაბინდული, ვეღარაფრის წაკითხვა ვერ შევძელი.

სამზარეულოში დავბრუნდი გაბადრულ-გაფითრებული.

- არ მითხრა ახლა, თაყვანისმცემლებმა გამომიგზავნესო, - ხელები გაშალა მამიდამ.

- დიახაც. რატომ გგონია, რომ მან გამომიგზავნა?

- იმიტომ, რომ მისნაირი თაყვანისმცემელი არ გეყოლება, ეს ზუსტად ვიცი და ნუ მაცინებ.

- წაიკითხე ერთი, რა წერია ამ ბარათზე? - ბარათი ამოვაძვრინე თაიგულიდან და მამიდას გავუწოდე.

- `ვფიქრობ შენზე, კ~. აიიიი, ესეც მე ვარ? - აღტაცებულმა მამიდამ ტაში შემოჰკრა.

ნუთუ მართლა ასეა? ესე იგი, არ მიწყრება? თუ უკვე მოინელა სიბრაზე? ნაწერზეც ეტყობა საკუთარი სტილი. არავითარი `მენატრები~ ან `გაკოცე~. შენზე ვფიქრობო. ფიქრობს კი? ჩვენ ძალიან განსხვავებული ადამიანები ვართ, ჩვენ-ჩვენი ცხოვრება გვაქვს. მაგრამ ასე უბრალოდ გამოგზავნოს ყვავილები, მას არ სჩვევია. ამაში ნამდვილად არ ჰგავს გოლას.

ყოფილის გახსენებაზე ჩემს თავს გავუბრაზდი. როგორ ვერ მოვიშორე მასზე ფიქრი თავიდან? სასიამოვნო შეგრძნება, რომელიც კოკის გამოგზავნილმა თაიგულმა მომანიჭა, მოულოდნელად გაქრა. გოლას გახსენებამ სიამოვნება ჩამიშხამა.

ძალიან ლამაზი თაიგული იყო, ზღაპრული. დავსუნე. თითქოს ედემის ბაღში ამოვყავი თავი.

მამიდა საღამომდე დარჩა და რომ შეღამდა, მხოლოდ მაშინ წავიდა. მისი წასვლის შემდეგ გადავწყვიტე, ჩემთვის პატარა დღესასწაული მომეწყო და ორივე მამაკაცი დროებით დამევიწყებინა. აბაზანა ცხელი წყლით ავავსე, არომატული თხევადი საპონი ჩავასხი, რომელიც ვანდიმ პარიზიდან ჩამომიტანა, ერთი ბოკალი ღვინო მოვიმარჯვე, ცხელ წყალში ჩავწექი და თვალები მივლულე. აი, ეს იყო ღვთაებრივი სიამოვნება.

არ გასულა ხუთი წუთიც, რომ ჩემი მობილური ამღერდა. ვიფიქრე, არ ვუპასუხებ-მეთქი, რომელიც, ყოველი შემთხვევისთვის, სააბაზანოში მქონდა შემოტანილი, მაგრამ მელოდია არა და არ ჩერდებოდა. საპნიანი ხელი გადავყავი სკამზე გადაკიდებული ხალათისკენ და ტელეფონი ჯიბიდან ამოვაძვრინე.

- ალო! - როგორც ყოველთვის, ხმა გავინაზე.

- ბაბი, შენ ხარ? - გაისმა ტკივილამდე ნაცნობი ხმა.

- კოკი? - შევეცადე, მღელვარებას გავმკლავებოდი, - მეგონა, თბილისში არ იყავი.

- ასეცაა, შტატებში ვარ.

ისე გამიკვირდა, რომ გაოცებული უკან გადავიზნიქე, აბაზანის კედლისკენ და წყალი ადგაფუნდა.

- სად ხარ? რა ხმები ისმის? - წყვეტილად მესმოდა კოკის ხმა.

- აბაზანაში, - სიცილი ვერ შევიკავე.

ვგრძნობდი, რომ ჩემმა ნათქვამმა ღიმილი მოჰგვარა.

- რას იღიმი? - გაპრანჭული ტონით ვკითხე.

- აჰა... ესე იგი, რომ ვიღიმი, ხედავ, არა?

- მე ყველაფერს ვხედავ.

- ყვავილები მოგიტანეს?

- მომიტანეს. ძალიან ლამაზია. მადლობა. იქ რა დროა ახლა?

- რა მნიშვნელობა აქვს? - ხმა ჩაეხრინწა, - დღემ როგორ ჩაიარა?

მივხვდი, რაც აინტერესებდა. ანუ მარტო გავატარე დღე თუ იმ ადამიანთან, ვინც წინა დღეებში სრულიად მოულოდნელად გამომეცხადა, თუმცა მასზე კრინტს არ ძრავდა.

- მშვენივრად, მამიდა იყო მთელი დღე ჩემთან, ეს წუთია, წავიდა. შენ როგორი დღე გქონდა?

- ისე რა. გინდა დაიჯერე, გინდა არა, მაგრამ სულ შენზე ვფიქრობ, სიზმარშიც კი გხედავ. როგორ ფიქრობ, რას უნდა ნიშნავდეს ეს?

- რა ვიცი, იქნებ ამერიკული ჩისბურგერების ჭამა მოგივიდა ზედმეტი? - გახუმრება ვცადე, სიხარულისგან გული ლამის ამომვარდნოდა ბუდიდან.

ხმამაღლა, გულიანად გაიცინა.

- შენი ხმის გაგონება მინდოდა. სწორედ ახლა, ამწუთას. ეს რაღაც სიგიჟეა. რა მიქენი ამისთანა, ა?

უზარმაზარი ნერწყვი გადავაგორე. აღგზნებისგან ერთიანად ვცახცახებდი.

- წარმომიდგენია, რა ფორმაში ხარ მაგ შენს აბაზანაში, - ხმადაბლა, დასერიოზულებული ხმით წარმოთქვა.

შევკრთი. ამ თემის განვრცობა არ მსურდა, თითქოს ვიღაც ვირტუალურ სექსს მთავაზობდა, ამიტომ სასწრაფოდ სხვა რამეზე დავიწყე საუბარი.

- ლუი აღფრთოვანებულია შენით, მთელი დღე სხვა არაფერზე ულაპარაკია.

- მართლა? კიდევ კარგი, ვიღაცას მაინც მოვწონვარ. იცი, რომ მასაც გავუგზავნე თაიგული?

- რას ამბობ, მართლა?

- ჰო, აბა ტყუილად? როდის მითქვამს ტყუილი შენთვის?

- როგორი საყვარელი ხარ, - ვერ მოვითმინე და შორიდან მივეფერე.

- რა სასიამოვნოა, როცა ამ სიტყვებს შენგან ვიგებ. ჩვენი ნაცნობობის მანძილზე პირველად წამოგცდა მსგავსი რაღაც. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ახლა რომ შენთან ახლოს ვიყო, საომრად წამოიმართებოდი მაგ ქაფიანი წყლიდან ვენერასავით და შემებმებოდი, ოღონდ სიტყვებით.

პასუხი არ გავეცი, მაგრამ ღიმილი არ მომშორებია ტუჩებიდან.

- ისე, მე და მამიდაშენმა თითქოს შეთქმულება გავითამაშეთ. ვიცი, რომ ის ყოველთვის დამიცავს შენი იერიშებისგან.

- მისი სახით კარგი საშუალება კი გამონახე, აი! - გამეცინა.

- სიყვარულსა და ომში ყველა საშუალება კარგია, რომელსაც გამოიყენებ. ამიტომაც უკან არასდროს დავიხევ, როცა საქმე შენ გეხება.

მისგან ასეთ სიტყვებს საერთოდ არ ველოდი. იდიოტივით ისევ ვიღიმოდი, მაგრამ მაინც ცივად წარმოვთქვი:

- მამიდა რას ფიქრობს, ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. მე თვითონ ვწყვეტ ხოლმე, ჩემთვის რა ჯობია.

უფრო სწორად, ვწყვეტდი, სანამ კოკი გამოჩნდებოდა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ეს ხმამაღლა არ მითქვამს.

- ნუ იქნები ასეთი მკაცრი, ხომ ხედავ, როგორ ვიტანჯები.

- მე ვარ მკაცრი და შენ იტანჯები? კი, როგორ არა, სიცილზე გეტყობა, როგორც იტანჯები, - არ დავუთმე.

- არა, შენ მომაჯადოებელი ხარ. ნამდვილი სრულყოფილება. მთავარია, არავინ წამართვას შენი თავი სანამ ჩამოვალ და მერე მე ვიცი, - ხრინწიანი ხმით ჩაიჩურჩულა.

მისი ამ დაბალი, მგრძნობიარე ხრინწიანი ხმის გაგონებაზე ყოველთვის ჭკუას ვკარგავდი.

- ბაბი, მისმენ?

- ჰო.

- ახლა უნდა გავთიშო, საქმე მაქვს. რაღაც პრობლემებია და უნდა მივხედო. მალე ჩამოვალ, არ მოიწყინო.

- კარგი, გასაგებია.

- ჰო, მართლა, გედი ისეა შენით აღტაცებული, მითხრა, ჩვენი ფირმის ადვოკატად ავიყვანოთო. შეგიძლია ჩვენი საქმეები გადაიბარო?

- რა, ადვოკატი არ გყავთ?

- კი, მაგრამ ახალბედაა, გედის ნათესავი და ბევრი რამე ჯერ არ იცის. ჩვენ კი შენ გვინდიხარ. უფრო სწორად, გედის უნდიხარ, ოღონდ საქმისთვის, მე კი საქმისთვის იმდენად არა, რამდენადაც ჩემთვის.

- აბა, აბა! - ხმა გავიმკაცრე.

- რა იყო, რატომ ასეთი ტონი? ახლა ყველაზე მეტად შენთან ყოფნა მინდა. მინდა, მოგეფერო, გაკოცო და ასე შემდეგ.

- ნახვამდის, კოკი, საქმეს მიხედე, - ისევ ცივად მივუგე.

- ღამე მშვიდობისა, ბაბი. როგორც ჩანს, გადავამლაშე.

ალბათ ნასვამია-მეთქი, ვიფიქრე, ასე რომ გამითამამდა. აქამდე მსგავსი რამეები არასდროს დასცდენია.

როცა კვლავ ჩავწექი წყალში, მივხვდი, რომ ვეღარ მოვეშვებოდი, განტვირთვა უკან დამრჩა. კოკის ხმამ წონასწორობა დამაკარგვინა და ჩემში ემოციების ქარიშხალი დაატრიალა.

კვლავ დავხუჭე თვალები და ფიქრებს მივეცი. მე საქმიანი ქალი ვარ, ჩემთვის მთავარი კარიერაა. ცხრა წლის განმავლობაში ძალიან ბევრს მივაღწიე, კარგი ადვოკატის სახელი დავიმკვიდრე. რაც შეეხება სასიყვარულო ურთიერთობას, ასე ადვილი არ არის. იგი საპასუხო ურთიერთობას მოითხოვს, რასაც გარკვეული დრო სჭირდება და უზარმაზარ ენერგიასაც მოითხოვს. ამ დროს ადამიანი საქმის მიმართ გულგრილი ხდება, დუნდება, ინერტულობისკენ მიდრეკილება უჩნდება. კოკი კი იმ მამაკაცების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც სხვებს აკონტროლებენ. მან თავისი იმპერია სხვისი გრძნობების თამაშით შექმნა. მისი კონტროლის ქვეშ ისევ ისეთივე უსუსური და მორჩილი გავხდები, როგორიც გოლასთან ვიყავი. მინდა ეს? არა, რა თქმა უნდა. მე ეს არ მინდა!

მაგრამ გული სულ სხვას მიმტკიცებდა. ამ კაცმა ჩემი სულის სიმების შერხევა შეძლო. მამიდას სახლში გატარებულმა დღეებმა ეს ყველაზე მეტად დაამტკიცა. მასთან თავს ზედმეტად კარგად ვგრძნობ, მომწონს ეს კაცი, ძალიან მომწონს. შეიძლება მიყვარს კიდევაც და ჯერ ვერ ვაცნობიერებ.

ეს ის არ არის, რასაც გოლასთან განვიცდიდი. კი, მომხიბლა, თავბრუ დამახვია და მოტყუებით ისე შემოაღწია ჩემს სამყაროში, რომ თავისი ნამდვილი სახე არ მიჩვენა, მაგრამ თავიდანვე მექაჩებოდა უკან რაღაც, სრულიად გამოუცნობი გრძნობა, რომელიც გამუდმებით შიშში მამყოფებდა. ახლა ამას არ ვგრძნობ, ახლა ლაღად ვარ, შიში სადღაც უკან მოვიტოვე და ეს კოკის აშკარა დამსახურებაა. თანაც, მას არ დაუმალავს, რა უნდოდა ჩემგან. პირდაპირ მითხრა სათქმელი, ყოველგვარი შელამაზებისა და მიკიბ-მოკიბვის გარეშე.

აბაზანიდან ამოვედი და სარკეში ჩავიხედე. რატომ არ შეიძლება, უბრალოდ, გრძნობები არ მომაწვეს? სულაც არ ვარ მზად ისეთი ურთიერთობისთვის, როგორსაც კოკი მთავაზობს. მით უფრო, რომ არასდროს აღარ მივცემ არც ერთ მამაკაცს უფლებას, მმართოს, მომექცეს როგორც არარაობას, დასცინოს ჩემს სიყვარულს. მართალია, გოლამ უდიდესი ტკივილი მომაყენა, მაგრამ რა გარანტია მაქვს, რომ კოკი უარესს არ მიზამს? მაშინ პატარა და სულელი ვიყავი, მიამიტი გოგო, რომელიც ადვილად მონუსხეს. მაგრამ ახლა თუ მივეცი ჩემს თავს უფლება, კოკი შევიყვარო და მერე სანანებელი გამიხდეს, ეს უკვე შეგნებულად გადადგმული ნაბიჯი იქნება. ასეთ შემთხვევაში მხოლოდ ჩემი შეგნებით ვიქნები დამნაშავე ყველაფერში და ჩემი ასაკი და მიამიტობა არაფერ შუაში იქნება.

ლოგინში ჩავწექი და დაძინება ვცადე. არა, კოკისთან ურთიერთობას არ გავაღრმავებ. თვითონაც ხომ მითხრა, ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე მომესურვებაო. ამიტომაც ისე გავწელავ დროს, რომ მან მოთმინება დაკარგოს და იძულებული გახდეს, სხვაზე გადაერთოს. მანამდე კი ვიმუშავებ ძველებურად, ვივლი ჩემს მეგობრებთან, მამიდასთან. ხვალ კი ზღვაზე გავადენ ტყაპანს. ალბათ აუცილებელი იყო, ერთმანეთი გაგვეცნო, რომ საბოლოოდ გავრკვეულიყავი ჩემს თავში, რა მსურს ცხოვრებისგან.

ამ ფიქრებით კედლისკენ გადავბრუნდი, რომ დამეძინა, მაგრამ მოულოდნელად კარზე გაბმული ზარი დაირეკა.

ცივმა ოფლმა დამასხა. გული მეუბნებოდა, რომ არ ავმდგარიყავი და არ გამეღო. გოლა რომ შემრჩენოდა ხელში, გულიც გამისკდებოდა. იქნებ კოკია? იქნებ მომატყუა და სულაც არ არის ამერიკაში? ნომრისთვის არც დამიხედავს, როცა დამირეკა. ფეხის წვერებზე გადმოვედი საწოლიდან და ხალათი მოვიძიე, რომ მენახა ნომერი, რომლითაც კოკიმ დამირეკა. ამოვიოხრე. ის მართლა ამერიკაში იყო და იქაური ნომრით მირეკავდა.

ვინ იდგა კართან? ეს ძნელი მისახვედრი არ იყო. არც ის იყო ძნელი მისახვედრი, რომ კარი უნდა გამეღო...

გაგრძელება იქნება