ორი ბილეთი წალკოტამდე (თავი XV ) - გზაპრესი

ორი ბილეთი წალკოტამდე (თავი XV )

- კიდევ რა ქონება წაართვეს თქვენს კლიენტს? - მისი შეკითხვა უპასუხოდ დავტოვე.

- რა და... სტომატოლოგიური კლინიკები, სტამბა, ქაღალდის მწარმოებელი ფაბრიკა... - მცირეოდენი დაფიქრების შემდეგ ჩამომითვალა.

- და მერე? ისინი დაიბრუნა?

- ჯერ არა... - უარესად დაიბნა, - ჯერ ამ ტერიტორიით ვიწყებთ.

- აჰა... ამ ტერიტორიით... რატომ? არ მითხრათ, რომ ეს უფრო მომგებიანია, მაინც არ დაგიჯერებთ. სად მოქმედი ფაბრიკა და კლინიკები, სად სტამბა და სად ეკალ-ბარდებიანი ნაკვეთი?

- მაგრამ იქ უკვე...

- აი, ეგაა... - უხეშად გავაწყვეტინე, - იქ უკვე კორპუსებია აშენებული, არა?

- მაგრამ ჩვენ ხომ კორპუსებიან ტერიტ...

- არ ითხოვთ, გინდოდათ გეთქვათ, ხომ? რა თქმა უნდა, იმას ვერ მოითხოვთ, იმიტომ, რომ მათ მშენებლობაზე უამრავი თანხა დაიხარჯა, მაგრამ მის გვერდით თუნდაც შიშველი ადგილი მაინც მომგებიანია, რადგან მალე დასახლებული უბანი იქნება. იქ ხომ მინიქალაქი შენდება.

- თქვენ ვერ გამიგეთ...

- გადასარევად გაგიგეთ, ბატონო ცოტნე, იმაზე უკეთესად, ვიდრე თქვენ გგონიათ. ამიტომ, მოდით, ასე შევთანხმდეთ. ორივე მხარე შევახვედროთ ერთმანეთს, იქნებ მოილაპარაკონ და მოსალოდნელი გართულებები და საქმის გაწელვა თავიდან ავირიდოთ. ვნახოთ, რა გამოვა.

ერთი სიტყვით, ამაზე შევჯერდით. ცოტნე შემპირდა, რომ თავის დამქირავებლებს გადასცემდა მეორე მხარის მოთხოვნას და რამდენიმე დღეში პასუხსაც მეტყოდა.

სამი დღე ველოდით ცოტნესგან პასუხს, მაგრამ ამაოდ. მოწინააღმდეგე მხარე დუმდა, მაგრამ მეოთხე დღეს უცნაური რამ მოხდა. დილით, თორმეტი საათი იქნებოდა ალბათ, როცა ჩემს კლიენტებს მათივე თხოვნით ვეწვიე. კოკი და გედი ვერანდაზე ისხდნენ და მელოდნენ.

- რა ვქნათ? - ვიკითხე მისალმების შემდეგ და ალუბლის წვენი მოვსვი, რომელიც იმწუთას გედის მდივანმა შემოიტანა და წინ დამიდგა.

- ამას მალე გავიგებთ, წუთი-წუთზე აქ იქნებიან, - ამოიხვნეშა გედიმ და კოკის ირიბად გახედა.

- აქ იქნებიან? დარეკეს?

- ჰო, დარეკეს, თორმეტისთვის მოვალთო... ველოდებით.

- ეს კარგია, ესე იგი, მოლაპარაკება შეიძლება შედგეს. როგორც ჩანს, მათაც აწყობთ ასე.

- ვერაფრით ვხვდები, რატომ ველოლიავებით ამ ხალხს. რა ჩვენი ბრალია, თუ ტერიტორია ადრე მათ ეკუთვნოდათ? ჩვენ ხომ არ მოგვიპარავს, არც საჩუქრად გადმოუცია არავის ჩვენთვის. შევისყიდეთ, ბატონო, თანაც - სახელმწიფოსგან! - ბრაზისგან ხმას აუმაღლა გედიმ.

კოკი ისევ ჩუმად იყო.

ამ დროს მდივანი შემოვიდა და გკითხულობენო, გედის მიმართა...

რამდენიმე წამში კიბის თავში ოთხი ადამიანი გამოჩნდა, მათგან ორი სოლიდურად იყო ჩაცმული, ხოლო ორი აშკარად დაუდევრად, ჯინსის შარვლებითა და სპორტული მაისურებით.

მოულოდნელად სუნთქვა შემეკრა. გულმა ისეთი ბაგაბუგი ამიტეხა, თითქოს ვიღაცამ ყელში ხელი წამიჭირაო. მოსულთა შორის ერთ-ერთი გოლა იყო...

სად შევმძვრალიყავი, არ ვიცოდი. ერთიანად ავკანკალდი, ლამის კბილს კბილზე ვაცემინებდი. ვიგრძენი, რომ სახეზეც გავფითრდი.

ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა. როგორც ჩანს, უცებ ვერ მიცნო, მაგრამ ისეთი გამომეტყველება აღებეჭდა, ნაცნობ სახეს რომ ნახავ და ცდილობ აღიდგინო, საიდან გეცნობა. თვალი ავარიდე.

კოკი და გედი ფეხზე წამოდგნენ და არასასიამოვნო სტუმრებს ხელი ჩამოართვეს. გამიკვირდა, თან ცოტნე რომ არ ახლდათ. წესით, ადვოკატთან ერთად უნდა მოსულიყვნენ. ისიც გამიკვირდა, მათ ამალაში გოლა რომ ერია. რა შუაში იყო გოლა? რომელი ბიზნესმენი ეგ მყავდა? ეჰ, ნეტავ ახლა აქ არ ვყოფილიყავი და რას არ გავიღებდი ამისთვის. ვინანე, რომ მოვედი, მაგრამ ჩემი პროფესიული მოვალეობა არ მაძლევდა უფლებას, ქუდი დამეხურა და წავსულიყავი.

მოულოდნელად თითქოს რაღაცას მივხვდი. იქნებ ეს რაღაც ქურდული გარჩევის ვარიანტია? ძველმა მეპატრონეებმა ქურდები მოიყვანეს საქმის გასარჩევად? საქმეს სწორედ ასეთი პირი უჩანდა. ჩემები ამას, რა თქმა უნდა, ვერ ხვდებოდნენ.

- რას დალევთ? - მიმართა გედიმ სტუმრებს.

- გმადლობთ, არაფერს. ჩვენ სალაპარაკოდ ვართ მოსული და არა დასალევად! - სუსხიანი ტონით მიუგო ყველაზე მაღალმა, ჰალსტუხიანმა მამაკაცმა.

- იქნებ ჯერ გაგვეცნო ერთმანეთი.

- არაა პრობლემა. მე პაატა მქვია, ეს ჩემი კომპანიონია, ზაური. ეს ბიჭები კიდევ... - თქვა და ჩაახველა, პაუზა მოიშველია, სანამ მათ შესახებ რამეს იტყოდა.

ახლა უკვე აშკარა გახდა, რომ საქმე ქურდულ გარჩევასთან გვქონდა. მივხვდი, რომ ჩემი ჩარევის დროც დადგა, მით უფრო, რომ გოლამ უკვე მიცნო, ეს სახეზე შეეტყო, თუმცა გამოლაპარაკება არ უცდია.

- შიუკაშვილი სად არის? - ცივად ვიკითხე და პაატას თვალი თვალში გავუყარე.

- შიუკაშვილი ვინაა? - აგდებით შემომიბრუნა კითხვა.

- როგორ? საკუთარი ადვოკატის გვარი არ იცით? - დამცინავად შევღიმე.

- ჩვენ ადვოკატის გარეშე მოვედით, ქალბატონო და... უკაცრავად, მაგრამ თქვენ თვითონ ვინ ხართ?

გედი პასუხის გასაცემად და, თავისთავად, ჩემს დასაცავად მოემზადა, მაგრამ არ ვაცალე:

- მეც ერთ-ერთი მეწილე ვარ... უფრო სწორად, ერთ-ერთის მეუღლე. ასე რომ, ავტომატურად მეწილე გამოვდივარ. ჩემი მეუღლის ინტერესები ჩემს ინტერესებში შედის. თქვენთვის ეს პრობლემას წარმოადგენს?

გედის პირი ღია დარჩა. არანაკლებ გაოცებული მომაშტერდა კოკიც. მე კი ეშმაკურ-თავხედური ღიმილი დამთამაშებდა თვალ-ტუჩზე.

- კი, არის პრობლემა, ქალბატონო, - გასაღებების აცმა აათამაშა თითზე მეორე ჰალსტუხიანმა, ზაური რომელსაც ერქვა და თავისიანებს ორჭოფულად გადახედა, - ჩვენ კაცებთან მოვედით სალაპარაკოდ და არა ქალებთან.

- რა თქმა უნდა, მართალი ხართ, - საზეიმო ტონით წამოვიძახე, ზეზე წამოვიჭერი და მსუბუქი ტაში შემოვკარი, - ქურდულ გარჩევებს ქალები როდი ესწრებიან.

უნდა გენახათ, რა სახეები გაუხდათ. ვერ მიხვდნენ, საიდან ვიცოდი მათი განზრახვის შესახებ. რას მოიფიქრებდნენ, თუ მე გოლასთან რამე მაკავშირებდა. მე მხოლოდ გუმანმა მიგრძნო, რომ ასე იყო და მიზანშიც მოვარტყი.

- იქნებ ჯობდეს, კაცებმა მოვილაპარკოთ? - ხელების შლით მიუბრუნდა პაატა გედის, - ქალებთან ჩვენ საქმე არ გვაქვს.

- და ქალი რომ ყოფილიყო ჩვენი მხარის წარმომადგენელი, მაშინ ვის დაელაპარაკებოდით, საინტერესოა! - უფრო გავიმკაცრე ხმა და წარბებიც შევყარე, - სანამ თქვენს კაცურ ლაპარაკს შეუდგებოდეთ, მე, როგორც ადვოკატი, ერთ რჩევას მოგცემდით. ვერც ერთი ქურდი ამ საქმეში გვერდში ვერ დაგიდგებათ, რადგან სიმართლე თქვენს მხარეს არ არის. გაინტერესებთ, რატომ? ახლავე მოგახსენებთ...

- ადვოკატი რატომ დაგვახვედრეთ, ბატონო გედი, რა საქციელია ეს? ჩვენ ასეთი მოლაპარაკება არ გვქონია! - აღშფოთებული ზაური ფეხზე წამოდგა.

- არც იმაზე გვქონია მოლაპარაკება, ბატონო ზაურ და ბატონო პაატა, რომ სრულიად უცხო ხალხს დაგვაყენებდით თავზე! - სიტყვა `ქურდების~ გამოყენებას მოერიდა გედი.

ამაზე მეორე მხარეს პასუხი არ ჰქონდა, ამიტომ პაუზით ვისარგებლე და გავაგრძელე:

- ეს ტერიტორია ჩემმა კლიენტმა სახელმწიფოსგან შეისყიდა, - ამ სიტყვებით პირდაპირ გოლას გავუყარე თვალი თვალში, თითქოს მხოლოდ მას მივმართავდი, - და საკმაოდ სოლიდური თანხაც გადაიხადა. თუ თქვენ პრეტენზია გაქვთ ვინმეს მიმართ, პირველ რიგში, მერიას უნდა მოსთხოვოთ. შეიტანეთ სასამართლოში საჩივარი, რომ თქვენს კუთვნილ ქონებას ითხოვთ, - ჩქარ-ჩქარა და ლაკონიურად ვლაპარაკობდი, რომ არ შეეწყვეტინებინათ და ჩემი სათქმელი ბოლომდე მეთქვა, - სასამართლო განიხილავს თქვენს სარჩელს, ნახავს, რომ მართალი ხართ და პასუხისმგებლობას დააკისრებს არა ჩემს კლიენტს, არამედ მერიას, რომელსაც ამ ტერიტორიაში დიდძალი თანხა აქვს აღებული. მერია შემდეგ ამ თანხას ან თქვენ მოგცემთ, ან ჩვენ დაგვიბრუნებს უკან. მათი ქმედების მიხედვით გამოჩნდება, ვის დარჩება სადავო ტერიტორია - თქვენ თუ ჩვენ.

ხანგრძლივი დუმილი ჩამოვარდა. არც ერთი მხარე ხმას არ იღებდა. გული ამოვარდნაზე მქონდა. ვიცოდი, რომ ზედმეტი ავიღე ჩემს თავზე, მაგრამ იმწუთას სხვანაირად მოქცევა არ შემეძლო. ჩემები ისე ვერ დაიცავდნენ თავიანთ სიმართლეს, როგორც ეს მე შევძელი.

უეცრად გოლა შეირხა, თავი მძიმედ ასწია, დანისლული მზერით ამომხედა და, როგორც ჩვეოდა, ტუჩების გაურხევლად მომმართა:

- ერთი წუთით შეიძლება მე და თქვენ დაბლა ჩავიდეთ, ქალბატონო?

ხმის ამოღება ვერ შევძელი, ამიტომ უხმოდ დავუქნიე თავი.

კოკიმ პირველად სცადა ხმის ამოღება:

- არავითარ შემთხვევაში!

- ყველაფერი რიგზეა, კოკი, - ხელის აწევით შევაჩერე, - ჩვენ ძველი ნაცნობები ვართ, - ვთქვი და კოკის თვალი ავარიდე.

კიბეზე დავეშვით თუ არა, გოლამ მკლავში წამავლო ხელი და რაც შეიძლებოდა, შორს, ეზოს კიდეში გამიყვანა.

- მართლა შენ ხარ თუ თვალი მატყუებს?

- მე ვარ, - ამოვიკნავლე. ერთიანად ვცახცახებდი, ამ მოულოდნელი შეხვედრისთვის მზად არ ვიყავი.

- როგორ ხარ?

- კარგად, ცუდად რატომ უნდა ვიყო? - ის უფრო და უფრო არბილებდა ტონს, რაც მეტ მხნეობას მმატებდა, თანდათან ძალას ვიკრებდი.

- არ გენატრებოდი?

შეკითხვა პასუხგაუცემელი დავტოვე, ამ შეკითხვისთვის ისევე არ ვიყავი მზად, როგორც მასთან შეხვედრისთვის.

- მიპასუხე, - ისეთი ხმით მითხრა, თითქოს მიყვარხარო, მეუბნებოდა.

- იყო დრო, როცა მენატრებოდი, ახლა აღარ.

- და რა შეიცვალა? - თვალებმოჭუტულმა შემომხედა.

- დრო.

- ოჰო... როგორი მოკლე პასუხი იყო. იმათგან რომელია შენი ქმარი?

- არც ერთი.

- არ გათხოვილხარ?

- არა.

- რატომ, მე მელოდებოდი?

- არა.

- აბა? რამ შეგიშალა ხელი? ისე გამოიყურები, როგორც არასდროს. ჩემ დროს ასეთი არ იყავი.

- ასაკი მომემატა, - უფრო და უფრო მედიდურად ვპასუხობდი, ვგრძნობდი, რომ მისი უკვე აღარ მეშინოდა.

- ხოოო. შენ ხომ იმ ქალების რიცხვს მიეკუთვნები, ნელ-ნელა რომ ბერდებიან.

ზიზღით სავსე მზერა ვესროლე.

- რატომ მიყურებ ასე? რა არ გესიამოვნა?

- შენი გამოჩენა. - მივახალე.

- და რატომ? რა ნახე ცუდი ჩემს გამოჩენაში? დავაშავე რამე?

- იმ ყალბ მონეტას მაგონებ, მოულოდნელად რომ გამოჩნდება სადმე და ირგვლივ მყოფთ ააფორიაქებს.

- ბაბი, არ გინდა ჩემთან ასე საუბარი. რაც იყო, იყო. მხოლოდ ერთი რამ შემიძლია გითხრა, რომ შენსავით არავინ მომნატრებია. არასდროს არც ერთ ქალთან არ მიცხოვრია ისე დიდხანს, როგორც შენთან. ამიტომ ჩემთვის დღემდე ძვირფასი ხარ, სულ მახსოვდი.

- დიდი მადლობა, გოლა, მაგრამ მე ახლა სულ სხვა გეგმები მაქვს და ამ გეგმებში შენ აღარ მოიაზრები.

გულიანად გაიცინა.

- მაგასაც ვნახავთ. რა იცი, რა ხდება, ხანდახან მიძინებული გრძნობებიც იწყებენ გაღვიძებას.

- ჩემს გრძნობებს არასდროს მიუძინიათ, ჩემი გრძნობები დიდი ხანია, ჩაკვდა.

- კარგი, ეგრე იყოს. დაძალება არ მიყვარს, ხომ იცი, თუმცა მომავალი გვიჩვენებს, რა როგორ იქნება. ახლა, რაც შეეხება ამ საქმეს, რაც წეღან ილაპარაკე, მართალია?

- ყველაფერი სიმართლეა.

- და შენ რას ურჩევ ამ ხალხს?

- მოლაპარაკებას. კონკრეტულ თანხაზე შეთანხმებას და ნოტარიულად გაფორმებას. სხვანაირად ეგენი ვერაფერს მოიგებენ. სახელმწიფო თავის ფულს არ დათმობს, პროცესი გაიწელება, ამასობაში ბევრი ფულიც დაიხარჯება და ბოლოს შეიძლება ხელში საერთოდ აღარაფერი შერჩეთ.

- გასაგებია. კარგი, ავბრუნდეთ, მაგათ მე მივხედავ.

ავედით თუ არა, კოკიმ მაშინვე შეამჩნია ჩემი მიტკლისფერი სახე და შემეგება.

- კარგად ხარ?

- კარგად ვარ, - ძლივს გავუღიმე და დავჯექი თუ არა, ალუბლის წვენს ვეცი, თითქოს მთელი თვე მწყურვალი ვყოფილიყავი. როცა კოქტეილის ჭიქა ბოლომდე გამოვცალე, მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე.

გოლამ ბოდიში მოიხადა და პაატა და ზაური განზე გაიხმო. ისინი იმდენად ხმადაბლა საუბრობდნენ, ჩვენამდე მათი სიტყვები ვერ აღწევდა. ის მეოთხე, რომელიც დღესაც არ ვიცი, ვინ იყო, კვლავ თავჩაქინდრული იჯდა და თითებით ქარვის კრიალოსანს ოსტატურად ათამაშებდა. გეგონებოდათ, მთელი ცხოვრება ამის მეტი არაფერი უკეთებიაო. სავარაუდოდ, გოლას რომელიღაც `წონიანი~ დამქაში უნდა ყოფილიყო.

რამდენიმე წუთის შემდეგ პაატა მოგვიახლოვდა, გედის წინ დაუდგა, წელში მოიხარა, ხელები მუხლებს დააყრდნო და უეცრად სრულიად მოულოდნელი შეკითხვა დასვა:

- რამდენს გვთავაზობ?

ეს ის მომენტი იყო, რომელსაც არავინ ელოდა. ამასობაში ზაური და გოლაც დაბრუნდნენ და შორიახლოს დადგნენ. კოკი და გედი ფეხზე წამოდგნენ. გადამწყვეტი წამები დადგა. საოცრად დაძაბული ატმოსფერო შეიქმნა.

- საუბარია იმ თანხაზე, რომელიც თქვენ ამ ადგილში თავის დროზე გადაიხადეთ, - წარბშეუხრელად მიუგო გედიმ.

- ჰაჰ! - წელში გასწორდა პაატა და ხელები გაშალა, - მაგრამ ახლა ის თანხა კაპიკებია, რას მელაპარაკებით! - გააპროტესტა.

- დოლარი მაშინაც დოლარი იყო და ახლაც დოლარია, - ჩაერია კოკი, - თუ არადა, დაიწყეთ სასამართლო პროცესი, ჩვენ არაფერს ვკარგავთ. ბოლოს და ბოლოს, ჩვენს კუთვნილ თანხას უკან დაგვიბრუნებენ და ეგ იქნება. რაც დაგვრჩა ასაშენებელი, მაგისთვის როგორმე სხვა ტერიტორიასაც გამოვნახავთ.

ის იყო, პაატას რაღაც კიდევ უნდა გაეპროტესტებინა, რომ გოლამ დაასწრო:

- მოიფიქრებენ... ორ დღეში დარეკავენ და პასუხს გეტყვიან. წავედით, პატი, დამთავრდა შეხვედრა! - ამ სიტყვებით პაატას ხელი გამოსდო და კიბისკენ წაიყვანა.

დანარჩენებიც უკან მიჰყვნენ.

როცა სტუმრები თვალთახედვის არედან გაქრნენ, სამივემ ერთმანეთს გადავხედეთ.

- რა იყო ეს, ა? - სიმწრით გაიცინა გედიმ.

- ცუდი სიზმარი, - ჩაილაპარაკა კოკიმ და დაძაბულობის მოსახსნელად ალუბლის წვენი მოიშველია.

- რა უთხარი ამისთანა? - ბოლოს ჩემკენ გამოიხედა, ფეხი ფეხზე გადაიდო და მოსასმენად მოემზადა.

- სიმართლე. როგორც არის, ყველაფერი ისე ვუთხარი.

- და საიდან იცნობ ამ ტიპს?

პაუზა გავწელე. კარგა ხანს თვალებით ვებრძოდით ერთმანეთს. საპასუხო სიტყვას ვეძებდი, ამიტომაც დაფიქრება დამჭირდა. ბოლოს, როგორც ყოველთვის, ვეღარ გავუძელი მისი ჯადოსნური თვალების მზერას, წამწამები დავხარე და ხმადაბლა წარმოვთქვი:

- წარსულიდან.

წესით, უნდა მიმხვდარიყო, რისი თქმაც მინდოდა. ამ ერთ სიტყვაში ყველაფერი იყო ნათქვამი. კოკი ჩემს ფიქრებს ხვდებოდა და ამის გაგება გაუჭირდებოდა?

- ეს ის არის, ყველაზე დიდი ტვირთი ვინც აგკიდა ცხოვრებაში? - ირონია მოიშველია.

- რა ტვირთი? - ვერ მივხვდი.

- მოგონებები...

მივხვდი, რომ მიხვდა. სხვას არც ველოდი მისგან.

- ეს ის არის... - მივუგე და ჯიქურ შევხედე... ნეტავ არ შემეხედა...

მის თვალებში საოცარი ზიზღნარევი მრისხანება ბობოქრობდა...

იმ დღეს ისე დავშორდით ერთმანეთს, კოკის სიტყვაც არ უთქვამს ჩემთვის, არც კი დამემშვიდობა. ორი დღის შემდეგ გედიმ დამირეკა და მადლობა გადამიხადა, ყველაფერში შევთანხმდით, ოცი ათასის დამატება გვთხოვეს, რაზეც უარი არ გვითქვამს და ხვალ იქნებ გამოგვყე, რომ ნოტარიულად დავამოწმოთ და თანხა გადავცეთო.

შეხვედრამ ჩვეულებრივად ჩაიარა. ამჯერად პაატა და ზაური მარტონი იყვნენ, ქურდების გარეშე, მხოლოდ ცოტნე ახლდათ. გედიც კოკის გარეშე მოვიდა, რამაც ძალიან იმოქმედა ჩემზე. ვიგრძენი, რომ ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა. გოლას გამოჩენამ ერთი საქმე გააკეთა, მაგრამ მეორე გააფუჭა. როგორც პროფესიონალი, ავმაღლდი კოკის თვალში, მაგრამ როგორც ქალი, არარაობად ვიქეცი. მისთვის მე უკვე აღარ ვიყავი საინტერესო.

დამოწმების პროცედურა ცოტა გაიწელა, რადგან ნოტარიუსთან რიგი იდგა, თუმცა, დღის მეორე ნახევარში უკვე ყველაფერი მოგვარებული იყო.

- ახლა კი აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ეს ამბავი, - გედი გვერდით ამომიდგა, როგორც კი შენობიდან გამოვედით.

- მაპატიეთ, ბატონო გედი, მაგრამ არ შემიძლია, ცოტა შეუძლოდ ვარ, ამიტომ...

- არავითარი ამიტომ და იმიტომ... საღამოს მე და კოკი გამოგივლით და გულიანად შევუბეროთ. ერთი კარგი რესტორანი ვიცი და...

კოკის ხსენება გულზე სალბუნივით მომეცხო, მაგრამ მისი წინადადება მაინც შორს დავიჭირე.

- უჩემოდ... ძალიან გთხოვთ, ოღონდ ახლა არა, ეს ფეხი ჯერ ისევ მაწუხებს, ცოტა უნდა დავასვენო.

როგორც იქნა, დავიყოლიე და შინ დავბრუნდი.

ჩემი ფიქრები კვლავ გოლას მიუბრუნდა. არა იმიტომ, რომ ძველმა სიყვარულმა თავიდან ამოხეთქა. უბრალოდ, ვიცოდი გოლას ხასიათი. რადგან ამდენი წლის მერე მიპოვა, თანაც არცთუ ცუდ ფორმაში, ადვილად თავს არ დამანებებდა. მისთვის ეს სულაც არ ნიშნავდა სიყვარულს. მისი სამყაროს ადამიანი ადვოკატს გვერდით არ გამიკარებდა. მხოლოდ სპორტული აზარტის ამბავი იყო. ის მე მივატოვე, ამას ვერ ივიწყებდა. ახლა მისი ჯერი დადგა. თავიდან შეეცდებოდა ჩემთან დაახლოებას, ჩემში ძველი სიყვარულის გაღვიძებას და ბოლოს თვითონ გამაძევებდა თავისი ცხოვრებიდან, რომ მიტოვებული მე აღმოვჩენილიყავი. ეს მისთვის იდეალური შურისძიება იქნებოდა.

გული მიგრძნობდა, წინ ომი მელოდა, ომი წარსულთან, რომელმაც ერთხელ უკვე დამამარცხა. თუმცა, ახლა აღარ მეშინოდა. ახლა მე ძლიერი ქალი ვიყავი, ქალი, რომელიც სწორედ წარსულთან გადატანილმა ომმა გააძლიერა. ამიტომაც ორთაბრძოლაში ჩასაბმელად მზად ვიყავი, არა მარტო სულიერად, არამედ მორალურადაც. ამჯერად დამარცხებას არ ვაპირებდი...