ორი ბილეთი წალკოტამდე (თავი XVII) - გზაპრესი

ორი ბილეთი წალკოტამდე (თავი XVII)

მარჯვენა ხელი, როგორც ჩანს, ზარის ღილაკზე ედო, რადგან ზრიალი არ ცხრებოდა, თან კარს მოსჩერებოდა. ასე მეგონა, დამინახა, რადგან მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა. გული ამოვარდნაზე მქონდა. კარის გაღებას არ ვჩქარობდი, იქნებ მოჰბეზრდეს რეკვა და წავიდეს-მეთქი, თავს ვიიმედებდი. თქვენც არ მომიკვდეთ. ასე უსიამოვნოდ ჩემი ბინის ზარის ხმა არასდროს მომჩვენებია.

ყოველი შემთხვევისთვის, ხმადაბლა და უსიამოვნო ხმით ვიკითხე:

- ვინ არის?

- მე! - მიპასუხა და, როგორც იქნა, რეკვა შეწყვიტა, მაგრამ ეს "მე" ისე მხიარულად წამოიძახა, თითქოს დიდი სიურპრიზი გაეკეთებინოს ჩემთვის.

- უკვე გვიანაა, იქნებ წასულიყავი, ა? - ვაგრძნობინე, რომ სულაც არ მესიამოვნა მისი გამოჩენა.

- მოგიწევს გაღება, თუ არადა, ჩამოვიღებ! - მუქარა გაურია ხმაში.

- გოლა, იქნებ ხვალისთვის გადაგვედო შეხვე...

- მარტო არ ხარ? თუ ასეა, მითხარი, არ მოგერიდოს, - დამცინავი ტონით წარმოთქვა და ფეხი მოინაცვლა.

უნდა გამეღო, ახლა სიჯიუტე კარგს არაფერს მომიტანდა.

გასაღები გადავატრიალე და ჯაჭვიც ჩავხსენი. ნერვიულობისგან ისე შემცივდა ამ გაგანია აგვისტოში, თითქოს შუა ზამთარი ყოფილიყოს, მთელი სხეულით ვცახცახებდი.

- ოჰოო, - აღმოხდა გაოცებულს და როცა ფეხებამდე ჩამათვალიერა, ჩაიცინა:

- რამდენი წელია, ასეთ ფორმაში არ მინახავხარ. - თვალები ისე ჰქონდა აწყლიანებული, მივხვდი, კაიფში იყო, ლუღლუღებდა.

- როგორ ფორმაში? - ატლასის ხალათი ხელებში ლამის მოვიჭმუჭნე, ისე შემოვიხვიე ტანზე.

- საშინაო ფორმაში, ბავშვო! - როგორც სჩვეოდა, კბილებში გამოცრა და დაუპატიჟებლად შემოაბიჯა ოთახში.

- რისთვის მოხვედი? თან ამ დროს?

- თან დაუპატიჟებლად, არა? - დაასრულა ჩემი შეკითხვების სერია.

- ჰო, - უკან არ დავიხიე.

- მომენატრე და იმისთვის. მონატრებამ კი უდროობა არ იცის.

- ავადმყოფი ხარ! - თავი ვერ შევიკავე.

- ჰო და ამიტომ მინდა შენი პაციენტი ვიყო.

- პაციენტობასაც ნიჭი უნდა. შენ ამის ნიჭი არ გაგაჩნია, ამიტომ ძალიან გთხოვ, წახვიდე, თითქმის შუაღამეა.

- ჯერ ერთი, შუაღამე არ არის და მეორეც, თუ არ გინდოდა ჩემი შემოშვება, კარი რატომ გამიღე?

- იმიტომ, რომ ვიცოდი, რაც თქვი, გააკეთებდი კიდეც, - ბრაზი მომერია.

- ჰოდა, მაშინ ნუღარ მეუბნები, წადიო. ხომ იცი, უარესის გაკეთებაც შემიძლია. მე წესების მოყვარული ჰალსტუხიანი ბიჭი არ ვარ, ცუდად გამზარდეს. - და ისევ ჩაიცინა.

კარი მივხურე, აღარ ჩამიკეტავს. ვიფიქრე, თუ რამეა და ძალადობას ექნება ადგილი, იქნებ გაქცევა ასე მაინც მოვახერხო-მეთქი.

შუა ოთახში დადგა, დოინჯი შემოიყარა და ირგვლივ მიმოიხედა.

- რამდენი წელია, აქ არ ვყოფილვარ. ბევრი რამ შეგიცვლია.

- დიდი დრო გავიდა მას შემდეგ.

- რას მელაპარაკები? - დამცინავად გამომხედა, - მაინც რამდენი?

- ცხრა წელი.

- ჰო-ო? წლებს ითვლიდი?

პასუხი არ გავეცი.

- ითვლიდი, - თავად უპასუხა ჩემთვის განკუთვნილ შეკითხვას, - წლებსაც, თვეებსაც, დღეებსაც, საათებსაც და წუთ-წამებსაც. ხომ ასეა?

- ცდები.

- არ მოგენატრე? - ჩემი პასუხი არად ჩააგდო.

არც ახლა ვუპასუხე.

- მოგენატრე, - კვლავ თვითონ უპასუხა თავისსავე შეკითხვას, - თანაც ძალიან.

- თუ ამის გასარკვევად მოხვედი, იმედი უნდა გაგიცრუო. არ მომნატრებიხარ, - ცივად მივუგე და კბილი კბილს დავაჭირე, რომ ყბის კანკალი შემეჩერებინა.

წარბები აზიდა და თვალები მოჭუტა, ისევ გვერდულად გამომხედა. წარამარა ისველებდა ტუჩებს, ალბათ პირი უშრებოდა.

- შენ შეპასუხებაც გისწავლია. როგორც ჩანს, კარგი მასწავლებელი გყავდა ჩემ შემდეგ. აბა, მითხარი, ვინ იყო ის ბედნიერი? - ამ სიტყვებით სკამი ფეხით გამოსწია, უდარდელად დაჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო, ხელები კი მკერდზე გადაიჯვარედინა.

არც ამჯერად ჩავთვალე პასუხის ღირსად.

- მე ვის ვეკითხები? - მშვიდი, მაგრამ ფარული აგრესიით სავსე ტონით მომმართა.

- შენ შემდეგ არავინ მყოლია, - მეც იმავე ტონით მივუგე, თუმცა შიშისგან ადამიანს აღარ ვგავდი.

არ ვიცი, რისი შიში იყო ეს. მისი თითქოს არ მეშინოდა, არც იმის, რომ მისი გამოჩენა ძველ სიყვარულს გამიღვიძებდა. ეს უფრო სხვა შიში იყო, შიში იმის, რომ ძალას თუ იხმარდა, ვერ მოვერეოდი და საბოლოოდ დამცირებულს დამტოვებდა. მხოლოდ ამით იყო გამოწვეული ჩემი შიში.

- კარგი ერთი, - ხელი აიქნია, ხოლო თავი გვერდზე გადააგდო, - ხომ იცი, რომ ასეთ ზღაპრებს არ დავიჯერებ.

- ეგ შენი პრობლემაა და არა ჩემი. ტყუილი არ მიყვარს, ყველა შენნაირი როდია, - გავთამამდი, მეორე სკამი გამოვწიე და საზურგეს ორივე ხელით დავეყრდენი. მუხლებში, რატომღაც, ძალა დამიბრუნდა. თანდათან ვმშვიდდებოდი.

მიკვირდა, ასეთი ნაძირალა როგორ მიყვარდა. რატომ თავის დროზე ვერ შევამჩნიე, რა არარაობასთან მქონდა საქმე?

- ხო, მივხვდი. შენი პროფესიის ადამიანს გრძელი ენა უნდა ჰქონდეს და უხეში ლაპარაკი უნდა შეეძლოს. გამოვიცანი?

ზიზღით სავსე მზერა ვესროლე. იყო კი ამისთანა ადამიანი პასუხის ღირსი? რა თქმა უნდა, არა.

- ლამაზი ხარ... უფრო ლამაზი, ვიდრე ადრე იყავი. დაქალება მოგხდომია. და შენ გინდა თქვა, რომ ამისთანა ქალს ცხრა წელი სექსი არ გქონია?

ამრეზით შევყურებდი, არც მიცდია, რამე მეთქვა, თავი მემართლებინა. ის ამას არ იმსახურებდა, მაგრამ ჩემი მზერა ყველაფერს ამბობდა, რასაც მასზე ვფიქრობდი.

- მდააა. თუ ამას დავიჯერებ, ძალიან უნდა გავოცდე. ცხრა წელი... რატომ? განა არავინ გამოჩნდა ისეთი, შენი სხეული დაეპყრო? უკაცრავად, გული უნდა მეთქვა. იქნებ მე მელოდებოდი? გინდოდა, ბოლომდე ჩემი ერთგული დარჩენილიყავი?

მისი სულელური ლაპარაკი ვეღარ მოვითმინე და მკვახედ შევეკითხე:

- რისთვის მოხვედი, გოლა? რას ელი ჩემგან? რა გსურს, რა გიპასუხო მაგ უაზრო შეკითხვებზე?

- სიმართლე, რა თქმა უნდა. მე მხოლოდ ეს მსურს. როგორ გგონია, რისთვის მოვედი? რომ დაგინახე, ძველი ვნებები გამიახლდა და ვეღარ გავძელი. მინდა, ისევ დამიბრუნდე, შევრიგდეთ და გავგარძელოთ ერთად ცხოვრება. ბოლოს და ბოლოს, ცოლ-ქმარი ვიყავით.

- გვერქვა, - შევუსწორე.

- რას ნიშნავს, გვერქვა? - წინ გადმოიხარა და მარჯვენა ხელისგულით მუხლს დაეყრდნო, მარცხენა კი მეორე მუხლზე დაიდო, ზუსტად ისე, ძველმა ბიჭებმა რომ იციან.

- იმას, რომ ჩვენ ოფიციალურად ცოლ-ქმარი არასდროს ვყოფილვართ, ხელი არ გვქონია მოწერილი.

- მე უნდა მომეწერა ხელი რამეზე? - უტიფრად ჩაიცინა, - მე და ხელის მოწერა? - ამით ხაზი გაუსვა, ჩემნაირები ხელს არაფერზე აწერენო.

- არც ჯვარი დაგვიწერია, სხვას რომ თავი დავანებოთ. თქვენს წრეში ჯვრისწერაც არ მოსულა? - ახლა მე შევხედე უტიფრად, - მაგრამ შენ მე სრულფასოვან ცოლად არასდროს მიგაჩნდი. შენთვის ერთი რიგითი დროებითი ქალი ვიყავი, რომელთანაც იმდენ ხანს ცხოვრობდი, სანამ მოგბეზრდებოდა.

- სამაგიეროდ, ყველაზე დიდხანს შენთან გავძელი. ხომ გითხარი უკვე? კიდევ ერთხელ გაგიმეორე. არ გჯერა?

- არ მაინტერესებს.

- აბა, რა გაინტერესებს?

- მხოლოდ ერთი რამ... - თვალი თვალში გავუყარე და ცალი წარბი ავზიდე, - როდის წახვალ აქედან.

- მაგდებ? - წელში გასწორდა და კვლავ გადაიდო ფეხი ფეხზე.

- არ გაგდებ, უბრალოდ, გთხოვ. ჩვენ სალაპარაკო აღარაფერი გვაქვს. - თან გულში გავიფიქრე, კიდევ კარგი, კოკიმ ადრე დარეკა, თორემ ახლა რომ დაერეკა, ალბათ საშინელება მოხდებოდა-მეთქი.

- ესე იგი, სათადარიგო სკამზე მსვამ, - დასვა "დიაგნოზი".

- არა.

- აბა?

- სათადარიგო სკამზე დიდი ხანია, აღარ ზიხარ.

- ოჰო! იქიდანაც გამაძევე? რატომ, ცუდად ვთამაშობდი?

- პირიქით, ბრწყინვალედ თამაშობდი, მაგრამ სულ სხვა თამაშს.

- ჰმ, მაგრამ მე რომ მიყვარხარ?

- არა უშავს, ამ ღამის შემდეგ გაგივლის. - ვუთხარი და მზერა ავარიდე.

ჯერ თავი გაიქნია, მერე რისხვით სავსე თვალებით ამომხედა და კბილებში გამოცრა:

- ნუ მელაპარაკები ასე. გინდა დამიმტკიცო, რომ ჩემი არ გეშინია? მერედა, როგორ გეშინია. მე ყველაფერს ვხედავ, ყველაფერს ვგრძნობ, შენ მე ვიღაცა ხომ არ გგონივარ. როგორც ჩანს, მიეჩვიე სხვების მართვას. ალბათ მარიონეტებივით კაცები გახვევია გარს. ჩემთან ეგეთები არ გაგივა, შენც კარგად იცი. რამ შეგცვალა ასე? სტუმრად მოვედი და როგორ მხვდები? ვიცი, რომ ცუდად მოგექეცი, გული გატკინე, დაუმსახურებლადაც-მეთქი, შემიძლია გითხრა, მაგრამ ეს ცხოვრებაა. ცხოვრებამ მოიტანა ასე, თორემ სულაც არ მინდოდა, ერთმანეთს დავშორებოდით. შენთან ყოველთვის კომფორტულად ვგრძნობდი თავს. შენ კი დაადე თავი და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე წახვედი. გგონია, სწორად მოიქეცი? არა, არ მოიქეცი. სულ მენატრებოდი, თითქოს სიცარიელეს ვგრძნობდი შენ გარეშე. ბევრთან ვცადე ახალი რომანის წამოწყება, მაგრამ ის არ იყო, რაც შენთან მქონდა. სიმართლე გითხრა, ქალები ვერ მიძლებენ. ჩემი ცხოვრების წესი მათთვის, როგორ გითხრა...

- მიუღებელია, - შევაწიე სიტყვა.

- ჰო მიუღებელია, ან ძალიან რთული შესაჩვევი. მხოლოდ შენ შეძელი ჩემი ატანა. სიმართლე გითხრა, უკვე შევეგუე იმ აზრს, რომ უშენობას ვერ ვეგუები. ალბათ ამიტომაც ვარ აქ, ან შეიძლება იმიტომ, რომ ბოდიში მინდა მოგიხადო, ოღონდ არ ვიცი, როგორ, რა ფორმით.

- არ არის საჭირო. ყველაზე კარგი საბოდიშო ფორმა ის იქნება, თუ ადგები და წახვალ. ძალიან გთხოვ, არ მსიამოვნებს ეს საუბარი. არაფრის თქმა არაა საჭირო, არც ახსნა. შენგან განსხვავებით, მე იმ აზრს შევეგუე, რომ უშენობა აღარ მაწუხებს.

- შეცდომას ყველა უშვებს, აღიარებით კი მხოლოდ ჭკვიანი აღიარებს. აი, მე ვაღიარე. პატიებას ძლიერი ადამიანი ითხოვს. მეც გთხოვ და ამით მინდა, ჩემი სიძლიერე დაგიმტკიცო. ურთიერთობის აღდგენას მხოლოდ შეყვარებული ადამიანი ითხოვს. და რადგან გთხოვ, უნდა დამიჯერო, რომ შეყვარებული ვარ... ჩემი შავგვრემანი მზეთუნახავი, - სინანულით სავსე მზერა მესროლა, - თუ ხორბლისფერი? აი, ხომ ხედავ, დამავიწყდა, როგორი ხარ.

- კარგია, რომ დაგავიწყდა.

- ხოო? საინტერესოა... და კიდევ უფრო საინტერესო იცი, რა არის? როდის მიხვდი, რომ აღარ გიყვარდი?

- მაშინ და იქ, როცა შენგან წამოვედი. იმ დღესვე დამთავრდა ყველაფერი. რაც შეეხება ურთიერთობის აღდგენას, ეს მხოლოდ შეყვარებულ ადამიანს შეუძლია, მაგრამ მე არა, იმიტომ, რომ აღარ ვარ შენზე შეყვარებული, - ისე მტკიცედ წარმოვთქვი, რომ თვითონაც გამიკვირდა. მხოლოდ ახლა გავაცნობიერე, რომ სიმართლეს ვამბობდი. წლების განმავლობაში თუ მასზე ვფიქრობდი, მხოლოდ იმიტომ, რომ დათრგუნვილი ვიყავი, შეურაცხყოფილი, თორემ მისი სიყვარული სულაც არ მტანჯავდა.

ეჭვიანად ამომხედა, თითქოს არ უნდოდა ამის დაჯერება, მერე თავი ჩაკიდა და იატაკს ჩაშტერებულმა გააგრძელა:

- თავიდან მეც ჩავიქნიე ხელი. ვიფიქრე, წავიდა და წავიდა, კარგად იყოს-მეთქი. არ იცი, რამდენჯერ დაგთმე ფიქრში და მერე ისევ დაგაბრუნე, დაგთმე, დაგაბრუნე... ახლა კიდევ... მოდი, გინდა, ერთხელ კიდევ ვცადოთ? - არ მეშვებოდა.

- არა, არ მინდა, ამის იოტისოდენა სურვილიც არ მაქვს. მე შევიცვალე, ჩემი ცხოვრებაც შეიცვალა. გთხოვ, შენი გზით წახვიდე და აღარასდროს გამოიხედო ჩემკენ. ძალას ვერ დამატან. ამით არაფერი გამოვა. ის სიყვარული აღარასდროს დაბრუნდება, რადგან მორჩა, აღარ არსებობს. იყო და გათავდა, ამოიწურა. ვიცი, რომ იდეალური ადამიანები არ არსებობენ. არც შენ მიმაჩნდი იდეალურად, მაგრამ მაინც მიყვარდი, მიყვარდი, რადგან შენი ნაკლიც კი მომწონდა და მეგონა, რომ სწორედ ამის გამო შემიყვარებდი. შევცდი, ილუზია გამოდგა ჩემი შეხედულება. ახლა სხვა ვარ. ახლა რაც უნდა მოიმოქმედო, გიმეორებ, ძალას ვერ დამატან.

- ძალას ვერ დამატან... ჰმ, - გაიმეორა ჩემი სიტყვები, - არც ვაპირებ. ამისთვის არ მოვსულვარ. არც მჭირდები ასეთი. მე ისევ ისეთ ბაბის ველოდი, როგორიც მყავდა. აქ კი სულ სხვა ქალი დამხვდა - პროფესიაშეცვლილი, ხასიათშეცვლილი, გარეგნობაშეცვლილი... ვინ ხარ, რა ხარ... - ისევ დაისველა ტუჩები და თითქოს ბოდავსო, გააგრძელა, - რატომ ვარ აქ? ვისთან ვარ? - თითები ერთმანეთში გადახლართა და ერთხელ მიმოიხედა ირგვლივ, - სხვაგან ვარ, აქ არ უნდა ვიყო...

მოულოდნელად კი არ წამოდგა, წამოხტა და დოინჯშემოყრილი წინ დამიდგა:

- მართალი ხარ... შენ სხვა ხარ, მე - სხვა. გგონია, მართლა მიყვარხარ? არააა და არც არასდროს მყვარებიხარ. უბრალოდ, სპორტული აზარტის გამო მინდოდა დამბრუნებოდი.

- ვიცი! - ნიშნის მოგებით მივუგე და მრავალმნიშვნელოვნად შევხედე ჩემ წინ ასვეტილს, - ამას დიდი მიხვედრა არ სჭირდება.

- ჰო, რა თქმა უნდა, შენი პროფესიის ადამიანს რას გამოაპარებს კაცი, სხვა ძაღლებივით შენც დაგეშილი ხარ, - ისე ზიზღით წარმოთქვა "ძაღლი", თითქოს ძაღლებზე მეტად არაფერი ეჯავრებოდა ცხოვრებაში, თუმცა ვიცოდი, რა სახის ძაღლებსაც გულისხმობდა.

გამეცინა. იურისტის პოლიციელთან შედარება სულაც არ მეჩვენებოდა ლოგიკურად, მაგრამ მისნაირებისთვის ყველა იურიდიულდამთავრებული ჩვეულებრივი პოლიციელის რანგში გადიოდა.

- კარგი, წავედი. როგორც მოვედი, ისე წავალ. ბოდიში, რომ ხელცარიელი გესტუმრე, მაგრამ არც შენ გამოგიჩენია გულუხვობა შენი მასპინძლობით, ყავაზეც კი არ დამპატიჟე.

ღმერთო, როგორი იდიოტია, თანაც, ქართული ჩამოსხმის იდიოტი!

ერთი სული მქონდა, ოღონდ წასულიყო, წასულიყო მშვიდობიანად, ჩხუბისა და აყალმაყალის გარეშე. იმის უფრო მეშინოდა, არ მეცეს და გაუპატიურება არ მომინდომოს-მეთქი, თუმცა ეტყობოდა, არაფრის თავი არ ჰქონდა, ისე იყო წამლით გაბრუებული. გულში ვლოცულობდი, ოღონდ მალე წავიდეს-მეთქი.

- წავედი, წავედი... - ხელი აიქნია და კარისკენ გაემართა. სახელურს ხელი რომ ჩასჭიდა, უეცრად მოტრიალდა:

- ისე, მართლა ძალიან გალამაზებულხარ, კი არ ბრწყინავ, კიაფობ.

- ზოგი კიაფობს, ზოგი კაიფობს, - გადავუკარი.

- კაიფობს? - შემობრუნდა და მზერა ჩემს მკერდზე შეაჩერა, - ჩემზე ამბობ მაგას?

კვლავ ამიტანა შიშმა, აგრესია არ გაუახლდეს-მეთქი და მიამიტი ღიმილით მივუგე:

- უბრალოდ, სიტყვათა თამაშია - კიაფობ, კაიფობ, მეტი არაფერი.

- ააა, - თავი უკან გადახარა და რაღაც უცნაურად გაიცინა, არასრულფასოვანმა მამაკაცებმა რომ იციან, ისე, ვითომ მედიდურად. როცა სიცილი დაამთავრა, გამოცარიელებული, უსიცოცხლო თვალები მომაპყრო და შემპარავი ხმით მკითხა:

- ერთხელ არ მაკოცებ დამშვიდობების წინ? უკანასკნელად?

გამჭოლი მზერა ვესროლე და თავი ცივად გავაქნიე.

- მაშინ წავედი. მაპატიე, რომ მყუდროება დაგირღვიე. იმედია, არაფერი გაწყენინე... ამჯერად... ამას მაინც ხომ დაიმახსოვრებ?

ახლა თანხმობის ნიშნად დავუქნიე თავი, სახის გამომეტყველება არ შემცვლია.

- ალბათ კიდევ მოვალ, - თავისთვის ჩაიდუდუნა, - ოღონდ უფრო საღ გონებაზე და უფრო დასვენებული. აი, მაშინ ვილაპარაკოთ, - მუქარით სავსე ტონით დაასრულა და კარი ისე გაიხურა, აღარ მოუხედავს.

შვებით ამოვისუნთქე და კარი სასწრაფოდ ჩავკეტე, არ მობრუნდეს-მეთქი. ზურგით მივეყრდენი კედელს და სახეზე ხელები ავიფარე. ღმერთო, რას გადავრჩი! კიდევ კარგი, ფორმაში არ იყო, თორემ ასე მშვიდობიანად არ დასრულდებოდა ეს ვიზიტი.

მორჩა, ხვალიდან მარტო აღარ დავრჩები. ვანდის ვთხოვ და დროებით ჩემთან გადმოვიყვან. თუმცა, ხვალ ზღვაზე მივდივარ. როცა ჩამოვალ, მერე მივხედავ ამ საქმეს. ამიერიდან ჩემი მარტო დარჩენა დიდ საფრთხესთან იქნება დაკავშირებული. ეს იგივეა, ასაფეთქებლები აისხა სხეულზე და ისე იარო...

ზღვა... ზღვა ადამიანივითაა. ის იძინებს, იღვიძებს, დადის, დარბის, ისვენებს, დგას, ფიქრობს, დუდუნებს, ლიცლიცებს, შიშინებს, ბრაზობს, ბობოქრობს, იცინის... ჩემთვის ზღვა ის ჯიშიანი მამაკაცია, რომელიც დანახვისთანავე აღგაფრთოვნებს და თვალს ვერ აშორებ, სული ყელში რომ მოგებჯინება და სუნთქვას გიკრავს. ტალღა რომ მელამუნება, თითქოს ოცნების მამაკაცი მეხვევა, მეფერება, შიშველი მკერდით მეხება... მისი სურნელი კი იმ სუნთქვის სურნელს მაგონებს, შენს ყელთან რომ შეიგრძნობ სასურველი ტუჩების შეხებისას...

როცა ნაპირს ვუახლოვდები, ერთადერთი სურვილი მიჩნდება - მინდა, ტალღებს შევასკდე და სასიყვარულო დუელში გამოვიწვიო...

მე და ვანდი უკვე მესამე დღეა, ურეკში ვართ. მაგნიტურ მბზინავ ქვიშაზე ვიშხლართებით დილა-საღამოს და გონის დაკარგვამდე ვირუჯებით.

ახლაც პლაჟზე ვწევარ და ნებივრად მაქვს სხეული მზისთვის მიშვერილი. ასეთ წუთებში ყველაზე ბედნიერ მოკვდავად მიმაჩნია ჩემი თავი - აქეთ მზე, იქით ზღვა... ამ დროს სხვა არაფერი მინდა... არადა, ახლა მინდა... ჩემს სრულყოფილ ბედნიერებას ამწუთას მხოლოდ ერთი ინგრედიენტი აკლია - კოკი.

ოჰ, როგორი სიამოვნებით ვეტყოდი კოკის, ჩემი ზღვა ხარ-მეთქი...

მოულოდნელად სიგრილე ვიგრძენი, ნივმა დაქროლა და მზის შუქიც "მეცოტავა". თვალები გავახილე, შლაპა კეფისკენ გადავაცურე და ცას ავხედე. მოქუფრულიყო. ღრუბლები თავისთვის ხატავდნენ ფიგურებს, რომლებიც უფრო და უფრო მრავლდებოდნენ და მუქდებოდნენ. ვანდის გავხედე. ჩაცმა დაეწყო.

- წვიმა მოგვისწრებს, ბაბი, აჯობებს, კოტეჯში დავბრუნდეთ, თან მომშივდა.

უხმოდ დავეთანხმე, ავდექი და პარეო მოვიხვიე. ისე ვიყავი მოთენთილი, ჩაცმის თავი არ მქონდა. სხული მიხურდა.

- ვაიმე, რა შავი ხარ! - აღტაცება ვერ დამალა ვანდიმ, - აფრიკიდან ჩამოსულს დაემსგავსე უკვე. რა კარგად გეკიდება მზე, როგორ მშურს. მე კიდევ კიბორჩხალას ვგავარ, ვწითლდები და მორჩა, არანაირი გარუჯვა.

- ახლა წვიმა თუ დაიწყო, შეიძლება მთელი კვირა არ გადაიღოს.

- შენ ეგა თქვი, - დანანებით დამეთანხმა ვანდი და ჩანთას დაავლო ხელი.

ამ დროს წვიმის რამდენიმე წვეთი ხელზე დამეცა.

- უნდა გავიქცეთ, სანამ გავილუმპეთ. - ავჩქარდი. სასწრაფოდ მოვხიკე ჩემი ტანსაცმელი, ვანდის ჩანთაში ჩავუძახე და სირბილით გადავიარეთ ცხელი ქვიშა.

ჩვენი კოტეჯი სულ რამდენიმე ნაბიჯში იყო, ამიტომ ორიოდე წუთში უკვე ნომერში ვიყავით. ოთახში შევედით თუ არა, ისე საშინლად დასცხო წვიმამ, რომ ფანჯრის რაფებს ზრიალი გაუვიდა. ვანდიმ ფანჯარა გამოაღო, რომელსაც დღისით სულ დაკეტილს ვტოვებდით, რათა სიცხეს არ შემოეღწია. წვიმის გამაყრუებელი ხმაური უფრო მძლავრად შემოიჭრა ოთახში, რასაც სულ რამდენიმე წამის შემდეგ ჩემი მობილურის ზარიც შეუერთდა.

მოციმციმე ეკრანს დავხედე და ლამის ვიკივლე... კოკი მირეკავდა...

გაგრძელება იქნება