ორი ბილეთი წალკოტამდე (ნაწილი XVIII) - გზაპრესი

ორი ბილეთი წალკოტამდე (ნაწილი XVIII)

ცუდი ის, რომ გოლა მესტუმრა და გვარიანად შემაშინა, ხოლო კარგი ახლა ხდებოდა - მე ზღვაზე ვისვენებდი და კოკი მირეკავდა.

- როგორ ხარ? - თითქოს დაღლილი ხმა ჰქონდა.

- კარგად. შენ?

- ცოტა დავიღალე, მგზავრობამ დამქანცა, სხვა მხრივ არა მიშავს.

- ჩამოხვედი? - საწოლიდან გადმოვხტი და კინაღამ მეორეჯერ მოვიტეხე ფეხი. ტკივილისგან დავიჭყანე, მაგრამ ხმა არ გამიღია.

- კი, ამ დილით. საით ხარ? მინდა გნახო.

- მე... მე თბილისში არ ვარ.

- აბა, სად ხარ? - აშკარად ძალიან გაუკვირდა.

- ურეკში, შვებულება ავიღე და ზღვაზე წამოვედით მე და ჩემი მეგობარი.

- მეგობარი ქალი თუ მეგობარი კაცი? - დაკონკრეტება მოითხოვა.

- ქალთან, ქალთან, - დამამშვიდებელი ტონით მივუგე ყურებამდე გაცინებულმა.

- აჰა... და როდის ჩამოდიხარ?

- სავარაუდოდ, ერთი კვირა დავრჩებით, თუ ამინდი არ გაფუჭდა. ამწუთას წვიმს, - სიამოვნებამოგვრილმა ქვედა ტუჩს დავუწყე კბენა, თან ვანდის ვუყურებდი, ცნობისმოყვარე მზერით რომ მომჩერებოდა.

- მართლა? მერამდენე დღეა, რაც წვიმს?

- ამწუთას დაუშინა, არადა, დილიდან ისეთი კარგი ამინდი იყო...

- აქ კიდევ იწვის ყველაფერი, ისე ცხელა... სასტუმროში ხართ? - შემპარავი ხმით მკითხა.

- კოტეჯში. მყუდროდ მოვეწყვეთ და მაგრად გვიხარია.

რამდენიმე წამს ხმა არ გაუღია.

- ალო, აქ ხარ?

პასუხი არ გამცა.

- კოკი, სად წახვედი?

- აქ ვარ, აქ, ერთი წუთით... - როგორც ჩანს, ტელეფონს ხელი დააფარა ან დაბლა დასწია, რადგან არაფერი ისმოდა.

- ჰო, კარგი, დაისვენე და ძალიან არ დაიწვა. გაგანია ზაფხულია, ხომ იცი.

- რას ამბობ! მე ისე მიყვარს მზე, რომ სიცხეს საერთოდ ვერ ვგრძნობ.

- მე კიდევ ვერ ვიტან სიცხეს, გული მიწუხს. ფეხი მოგირჩა?

- უკვე აღარ მაწუხებს, თან ზღვის წყალიც მომიხდა.

- არ გაუთამამდე, იცოდე. ფრთხილად იყავი, ხო?

- ხო, - პატარა ბავშვივით მივუგე და ვანდის ვანიშნე, ახლა გავგიჟდები სიხარულისგან-მეთქი.

ვანდიმ ჩაიცინა და ახლოს მომიჩოჩდა, რომ მისი ხმა მოესმინა.

- რომ ჩამოხვალ, შენ და შენს დაქალს ორივეს გეპატიჟებით. ხომ უნდა აღვნიშნოთ კარგი ამბავი.

- რომელი კარგი ამბავი? - ტელეფონი ოდნავ განზე გავწიე, რომ ვანდისაც გაეგონა.

- ფეხი რომ მოგირჩა.

- ააა, რატომაც არა, აღვნიშნოთ.

- ესე იგი, მარტონი ხართ, არა?

- ტყუილი რაში მჭირდება?

- რა ვიცი. ვიფიქრე, ჩემს ჩამოსვლამდე ვინმემ ხომ არ მომტაცა-მეთქი შენი თავი.

- ნეტავ ვის რაში ვჭირდები, - გავიცინე.

- მაგას გავარკვევ, როცა დრო მოვა.

შუბლი შევიჭმუხნე, თითქოს მუქარა გაერია ხმაში.

- ეგ რას ნიშნავს?

- ვიხუმრე, - გაიცინა, - ესე იგი, სანიმუშო გოგონა იყავი ჩემს არყოფნაში?

- სანიმუშო? კაცს კაცზე ვიცვლიდი, თუ ეს გაინტერესებს, - მხიარული ტონით წამოვიძახე.

- აჰა... - ხმა ჩაეხრინწა, - ვერ გამოგივიდა მთლად კარგი ხუმრობა.

- ვერც შენ... წეღან.

- სამაგიეროს მიხდი?

- არა, რას ამბობ, უბრალოდ, ვიხუმრე. შენ როგორ ხარ?

- ჩვეულებრივად, ვმუშაობ ყოველგვარი გართობის გარეშე. არაფერი საინტერესო.

უზარმაზარი ნერწყვი გადავაგორე, აღელვებულს პირი გამიშრა, ხოლო გული ამოვარდნაზე მქონდა. სხვა სიკეთესთან ერთად, ხელებიც ამიკანკალდა.

ორივენი გავჩუმდით, თითქოს სალაპარაკო გამოგველია. არ ვიცოდი, რა მეთქვა. ვანდიმ ხელით მანიშნა, უთხარი, ჩამოვიდესო. წარბები ავწკიპე პროტესტის ნიშნად, ეს რამ მოგაფიქრა-მეთქი.

- კარგი მაშინ ხელს აღარ შეგიშლით ქალებს. რომ ჩამოხვალ, დამირეკე, - ცოტა არ იყოს, ცივად გამოუვიდა.

- კარგი, - მივუგე ნირწამხდარმა და როცა მეგონა, დამემშვიდობება-მეთქი, სწორედ იმ დროს გამითიშა.

რამდენიმე წამს გაშეშებული ვიჯექი და ვანდის მივჩერებოდი. თვალები ნელ-ნელა ამევსო ცრემლით.

- გოგო, რა გატირებს? - გაოცდა ვანდი.

- არ დამემშვიდობა, - ჩავიჩურჩულე.

- მერე რა? ხომ გითხრა, ჩამოსვლისთანავე დამირეკეო?

- და რა, იქამდე არ უნდა დამეკონტაქტოს? გგონია, დავურეკავ? მეტი საქმე არა მაქვს! - სიბრაზე ყელში მომაწვა.

- ვაიმეე, შენ ვინა ხარ! მეტი რაღა გინდოდა მოგესმინა? გადამრევ პირდაპირ!

პირი მოვკუმე, რომ ხმამაღლა არ მეტირა. სამაგიეროდ, წვიმა იკლავდა თავს ტირილით, თითქოს ტკივილში მეჯიბრებოდა.

რატომ მელაპარაკა ბოლოს ასე ცივად? რა დაემართა? ცნობისწადილი მკლავდა. ხასიათი გამიფუჭდა, მთელი დღე არაფერი მიჭამია, ისეთ ცუდ გუნებაზე ვიყავი. აღარც გამოიდარა, რომ სანაპიროზე მაინც გავსულიყავი. დავრჩით შინ გამოკეტილები. არადა, წვიმის მიუხედავად, გავიდოდით სადმე, კაფეში დავსხდებოდით, გემრიელად ვივახშმებდით... ჩემ გამო ვანდიც შინ დარჩა, მარტო წასვლა არ ისურვა...

შუაღამისას საკუთარმა ყვირილმა გამომაღვიძა. კოშმარი მესიზმრა, კარგა ხანია, ცუდი სიზმარი არ მინახავს. ერთიანად ვცახცახებდი, ოფლად ვიყავი გაღვრილი, თვალები კი ცრემლით ამვსებოდა. კოკიც იყო ამ სიზმარში, მაგრამ არა ლურჯი, არამედ ყვითელი თვალები ჰქონდა. საშინლად განრისხებული ყვიროდა, მცემდა, ხელს მკრავდა... გოლა იქვე იდგა და გულზე ხელებდაკრეფილი დამცინავად მომჩერებოდა. თითქოს კმაყოფილი იყო, რაც ხდებოდა...

კიდევ კარგი, ვანდის არ გაეღვიძა. ლაპარაკის თავი არ მქონდა. საწოლზე წამოვჯექი და ოფლისგან დასველებული თმა უკან გადავიყარე. გაოფლილი მაისური სხეულზე მომკრობოდა. რატომ მესიზმრა ასეთი საშინელება?

გოლას ბრალია ყველაფერი, მისმა გამოჩენამ ჩემი ცხოვრება კვლავ თავდაყირა დააყენა. რატომ დროზე არ გავეცალე მაშინ? რატომ გავაჭიანურე წამოსვლა? ეს კითხვა დღემდე მაწვალებდა. ნუთუ ისე მიყვარდა, რომ ვერ ველეოდი? არა, მაშინ უბრალოდ, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და შეშინებული. მიმაჩვია ცხოვრების იმ წესს, რომლითაც თვითონ ცხოვრობდა.

დღემდე მახსოვდა ის შეგრძნებები, მისგან წამოსვლის შემდეგ რომ დამეუფლა. ვიგრძენი, რომ თავისუფალი ვიყავი და შემეძლო მეკეთებინა ის, რაც მინდოდა. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად და ემოციურად გამოვიფიტე, აშკარად შევმსუბუქდი, თითქოს მხრებიდან უზარმაზარი ტვირთი მომეხსნა და ნებისმიერ დროს შემეძლო ჩიტივით ცაში ავფრენილიყავი. თუმცა, ეს შეგრძნება ხანმოკლე აღმოჩნდა. მერე ძალიან დიდხანს ცუდად ვიყავი. გოლას ყოველი გახსენება ტკივილს ტკივილზე მიმატებდა. დრომ ვერ შეძლო იმ ძალადობის კვალის წაშლა, რომელიც გოლამ ჩემს სულს დაამჩნია. თვალწინ გამუდმებით მისი გამხეცებული სახე და საქციელი მედგა.

ამოვიკვნესე. არა უშავს, ჩემზე უარესი ამბებიც გადახდენიათ სხვებს. შეიძლებოდა, ავარიაში მოვყოლილიყავი, ინვალიდი გავმხდარიყავი, ან ქუჩაში ამომეყო თავი და სულაც მეძაობისთვის გავეწირე ღმერთს. მადლობის მეტი რა მეთქმის? მადლობა უფალს, რომ მაქვს სახლი, კარგი სამსახური და მყავს არაჩვეულებრივი მეგობრები. ეს ნორმალური ცხოვრებაა. უფრო სწორად, იყო ნორმალური, სანამ კოკი გამოჩნდებოდა. ახლა კიდევ უარესად არანორმალური გახდა, რადგან გოლაც გამომეცხადა. ბედის ირონიაც ამას ჰქვია.

კოკის ზარმა წონასწორობა დამაკარგვინა, ააღელვა ჩემი გრძნობები და დამძაბა. ეგ არაფერი, როგორმე მოვერევი ჩემს თავს, მღელვარებასაც და დაძაბულობასაც. აჯობებს, კოკის ახლოს არ გავეკარო. თუ ამას მოვახერხებ, ჩემი სხეულიც დამშვიდდება. ხოლო როცა ის ჩემი ცხოვრებიდან გაქრება, ყველაფერი ძველებურად იქნება. ასე აჯობებს ჩემთვისაც და მისთვისაც, მით უფრო, როცა გოლამ ისევ მიპოვა. ის ისეთი ნაძირალაა, ორივეს გაგვიმწარებს სიცოცხლეს. სულაც არ მინდა, კოკი შარში გავხვიო. მე თვითონ უნდა გავუმკლავდე ჩემს წარსულს, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავწყვიტო მასთან დამაკავშირებელი უკანასკნელი რგოლი. რაც შეეხება კოკის, ისე ძალიანაც არ ვუყვარვარ, რომ ვენები გადაიხსნას. ნელ-ნელა გადამივიწყებს და სხვას იპოვის, არ გაუჭირდება.

იმის გაფიქრებამაც კი, რომ შეიძლებოდა ლაცაბიძე წასულიყო ჩემი ცხოვრებიდან, გული შემიწუხა...

ჩემდა გასაკვირად, საოცრად მზიანი დილა გათენდა. მეგონა, წვიმა აღარ გადაიღებდა. მე და ვანდი სიხარულით არ ვიყავით. როგორც კი თავი მოვიწესრიგეთ, საბანაო კოსტიუმები ჩავიცვით, პირსახოცი მხრებზე გადავიკიდეთ და პლაჟისკენ გავქანდით. გზად ფენოვანი ხაჭაპური და წყალი ვიყიდეთ, რომ შიმშილით სული არ გაგვძრობოდა.

დილით ცოტათი მომეხსნა დაძაბულობა. როგორც ჩანს, ღამის ფიქრებში საკმარისად ვანუგეშე თუ გავამხნევე ჩემი თავი. აღარ ვდარდობდი, კოკი რომ არ დამემშვიდობა. ის კი არა, მადლობელიც დავრჩებოდი, თუკი საერთოდ არ შემაწუხებდა და არ დამირეკავდა.

ქვიშა ჯერაც სველი იყო, წყალი კი ცივი. დიდხანს ვერ გავჩერდით, დაწოლა ვერ მოვახერხეთ. სანაპიროზე ვისაუზმეთ და ცოტა ხნის შემდეგ კოტეჯში ავბრუნდით.

- ქვიშა მალე გაშრება, ოთხისთვის ისევ გავიდეთ, კარგი? - ვანდიმ საცურაო კოსტიუმი გაიძრო და აბრეშუმის ხალათი მოიცვა.

- ჰო, ეგრე ვქნათ, - უხალისოდ მივუგე და წამოვწექი, ხელები თავქვეშ ამოვიდე და თეთრად შეღებილ ჭერს უაზროდ მივაჩერდი.

- კიდევ არ გადაგიარა სიბრაზემ? - ვანდი გვერდით მომიწვა.

- გადამიარა.

- აბა, რატომ ხარ ასეთ მჟავე ხასიათზე?

- რა ვიცი... - მხრები ავიჩეჩე, ჭერისთვის მზერა არ მომიშორებია.

- მაგ კაცის ხელიდან გაშვება არ შეიძლება, გესმის? - მმოძღვრავდა მეგობარი.

- თორემ ეგეც კაბის კალთებს მახევს, აი! - გაღიზიანებული ტონით მივუგე.

- ნუ იცი შენ ასეთი ლაპარაკი. რა შუაშია ეგ? კაცმა მოგიკითხა, დაგპატიჟა, ყურადღება გამოიჩინა, შენ კიდევ...

- რა მე კიდევ? - ალმაცერად გავხედე.

- რა და ძალად ქმნი პრობლემას.

- მე ვქმნი პრობლემას? არ გესმოდა, ბოლოს როგორ მელაპარაკა?

- როგორ გელაპარაკა, ადამიანო, როგორ? ძალიან ჩვეულებრივად. მეტი რა უნდა ექნა? ხომ არ გამოძვრებოდა ტელეფონში?

- ოჰ, ვანდი, კარგი რა, - დაქალს უკმაყოფილოდ შევაქციე ზურგი და თვალები დავხუჭე, მასთან კამათი არ მინდოდა.

- ხანდახან შინაბერასავით იქცევი, ვერ ვხვდები, რა გინდა.

- საერთოდ გაქრეს ჩემი ცხოვრებიდან, მარტო ეს მინდა! - არ ვიცი, რამ წამომიარა, მოულოდნელად ვიყვირე და წამოვხტი.

ვანდი სახტად დარჩა.

- რა მოგდის, ბაბი? ასეთი რა გითხარი?

- შენ არაფერი. მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს. აღარ მინდა მისი ხსენება, გასაგებია? ძალიან გთხოვ, არაფერი მითხრა. არ მინდა, რომ მის გამო ვიჩხუბოთ.

- რა არის აქ საჩხუბარი? რაც ის გოლა გამოჩნდა, ვერ გცნობ. დავიჯერო, ისევ მისკენ გაგიწია გულმა?

- არა, არა და არა! გოლა არაფერ შუაშია. უბრალოდ... უბრალოდ... აღარ ვიცი, რა მინდა. სიმშვიდე დამერღვა და ეს მაფორიაქებს. რა კარგად ვიყავი, სანამ...

- კარგი, დაწყნარდი, აჯობებს, დავისვენოთ, საღამოს კი, ზღვიდან რომ დავბრუნდებით, სადმე გავისეირნოთ.

ვანდი ჩემი საწოლიდან ადგომას არ აპირებდა. ხომ არ ვეტყოდი, ადექი-მეთქი, ეწყინებოდა, ამიტომ მის საწოლს მივაშურე და გავიშხლართე. როგორც ჩანს, ემოციურად ძალიან გადავიღალე, რადგან რამდენიმე წუთიც და მკვდარივით ჩამეძინა...

მზე მწარედ იკბინებოდა, პლაჟზე რომ გავედით. წყალში ჩასვლა არ მინდოდა, ამიტომ პირსახოცი გავშალე და გულაღმა დავწექი. მზის მწველი სხივები მესიამოვნა. ვგრძნობდი, როგორ მიხურებდა კანს. ვანდის ხელები მუხლებზე შემოეწყო და ზღვას გაჰყურებდა.

- სიამოვნებით დავლევდი ახლა რამეს, - თითქოს თავის თავს დაელაპარაკა.

- მეც. - ვუთხარი და ღიმილით გავხედე.

თვალები აუციმციმდა.

- გინდა, დავთვრეთ საღამოს?

- არა, რა უნდა დავთვრეთ, ხვალ მერე თავს ვერ ავწევ, მთელი დღე ღებინება მექნება, ხომ იცი.

- ღვინო დავლიოთ და არ გვაწყენს.

- ღვინოს არ ვსვამ.

- მაშინ კონიაკი, მაგრამ ცოტა, - ეშმაკური ღიმილით მომჩერებოდა.

ამ დროს ჩემი მობილურის ზარი გაისმა.

შევკრთი. რა თქმა უნდა, ან კოკი დამირეკავდა, ან გოლა. ამწუთას ორივეს ზარი ერთნაირად უსიამოვნო იყო ჩემთვის.

ჩანთიდან ტელეფონი ამოვიღე და ეკრანს დავხედე. კოკი იყო. შვებით ამოვისუნთქე. გოლას ზარს უფრო ვუფრთხოდი.

- გისმენთ! - პირველი შემთხვევა იყო, რომ ხმა არ გავინაზე.

- აბა, სად ხართ? - კოკი კარგ ხასიათზე ჩანდა.

- პლაჟზე.

- ნუ, აბა, სად იქნებით, ასეთ სიცხეში.

- შენ რა იცი? - გამეცინა.

- როგორ არ ვიცი, როცა მეც აქ ვარ... სად გიპოვოთ?

გაოცებულს ტელეფონი კინაღამ გამივარდა ხელიდან.

- აქ ხარ? სად აქ?

- აი, რა ვიცი, მთავარ ქუჩას მოვუყვები და...

როგორ ახმაურდა ჩემი გული, ისე დავიძაბე, მკლავებზე ერთიანად დამბურძგლა.

- ბოლომდე ჩამოუყევი ქუჩას და მარჯვნივ ჩამოუხვიე, კოტეჯებისკენ.

- ოკეი, - ინგლისური ინტონაციით მომიგო და გამითიშა.

- ვინაა? არ მითხრა ახლა, რომ ჩამოვიდა.

- ჰო, აქ არის.

- ვაუ! აი, კაცი! შენ კიდევ, ესა და ისაო. ხედავ, როგორი ჯენტლმენია?

პასუხი არ გავეცი. ჯერ კიდევ ვცახცახებდი. კოკის საქციელმა ამაფორიაქა.

- კარგი, რა გჭირს? რატომ ნერვიულობ?

- კიდევ კარგი, გარუჯული ვარ, თორემ ალბათ ფერი აღარ მედებოდა სახეზე, - ამოოხვრით ჩავიჩურჩულე.

- მე ხომ არ წავიდე? მარტონი უფრო თავისუფლად დაილაპარაკებთ.

- გაგიჟდი? რა სისულელეა! ფეხი არ გაადგა აქედან!

ვანდი გაიყურსა. მერე უცებ წამოდგა და ზღვისკენ გაეშურა.

- ვანდი!

- დამცხა, ბანაობა მინდა! - უკანმოუხედავად წამოიძახა და გზა გააგრძელა.

ისევ გაისმა ზარი.

- მოხვედი? - რაც შეიძლებოდა, მშვიდად ვკითხე, მაგრამ გული ამოვარდნაზე მქონდა.

- მოვედი და ვერ გპოულობ, აბა, ზემოთ ამოიხედე!

კოტეჯებისკენ გავიხედე. ჩამოსასვლელთან იდგა, თეთრი შორტი და ლურჯი მაისური ეცვა, კეპი ეხურა, სათვალე კი ხელში ეჭირა.

წამოვდექი და ხელი დავუქნიე. შემამჩნია. სათვალე გაიკეთა და სწრაფი ნაბიჯებით წამოვიდა...

ღიმილი სახეზე შეაცივდა, როცა მხოლოდ ხელი ჩამოვართვი და მზერა ავარიდე. სანამ მომიახლოვდებოდა, მოვასწარი და პარეო მთელ ტანზე შემოვიხვიე. მკერდი ისე მიღელავდა, არ მინდოდა, შეემჩნია.

- როგორც ჩანს, დაუპატიჟებელი სტუმრის ამპლუაში აღმოვჩნდი... - გაბზარული ხმით თქვა.

- სიმართლე გითხრა, არ გელოდი.

- სიმართლე გითხრა, არც მე ველოდი.

- რას?

- ასეთ დახვედრას. ვიფიქრე, სიურპრიზს მოვუმზადებ-მეთქი.

- სიურპრიზებით განებივრებული არ ვარ, - მკვახედ მივუგე.

- ჰოდა, სწორედ ეგ მინდოდა... გამენებივრებინე.

ტუჩი ავიბზუე, მაგრამ არაფერი არ ვთქვი.

- შენი დაქალი სადაა? იქნებ...

- რა იქნებ? - მსწრაფლ შევხედე.

- იქნებ მართლა არ ღირდა ჩამოსვლა? იქნებ დაქალთან ერთად არ ხარ და...

- აი, ის არის, ქერათმიანი, ფირუზისფერი ბიკინით, ხელს რომ გვიქნევს. - ვანდისკენ გავახედე, - ასე რომ, ეჭვიანობის სცენები არ გვინდა.

უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. თითქოს უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ ხმა არ ამოუღია. ასეთ დახვედრას არ ელოდა და ნირი წაუხდა.

კარგა ხანს ვისხედით უბრად. უფრო სწორად, მე ვიჯექი, ის კი იდგა და დაბნეული აქეთ-იქით იყურებოდა.

- დაჯექი, რატომ დგახარ? - ტონი შევარბილე, მივხვდი, რომ ასე უხეშად არ უნდა მოვქცეოდი.

- მოდი, ასე მოვიქცეთ, - ჩაიმუხლა და ირიბად გამომხედა, - მე წავალ და ერთ საათში დაგირეკავ. თუ ხასიათზე იქნები, სადმე გავიდეთ, გეპატიჟებით... და სამივემ ერთად ვივახშმოთ. რა პასუხსაც მეტყვი, იმის მიხედვით მივხვდები, დავრჩე თუ უკან გავბრუნდე.

გული შემეკუმშა. რა დამიშავა ამ კაცმა, ასე რომ დავხვდი? რამდენი ასი კილომეტრი გამოიარა ჩემს სანახავად და ამას იმსახურებს?

- სად წახვალ? მაპატიე, ცოტა ვერ ვარ გუნებაზე, შენი წყენინება არ მინდოდა. აი, ვანდი მოვა და ჩვენთან წავიდეთ.

- ვინ? რა ჰქვია?

- ვანდი.

- ვა, რა უცნაური სახელია, - თითქოს ცოტა გამოცოცხლდა, ტონი რომ შევარბილე, - ქართველია?

- რა თქმა უნდა.

- წასვლას რაც შეეხება, არ დავიკარგები, პირველად არ ვარ აქ. თანაც, ჩემი მეგობრებიც აქეთ არიან, ქობულეთში, იმათთან წავალ, არაა პრობლემა.

- თუ მათი გულისთვის ჩამოხვედი, მაშინ სხვა ამბავია, - ვუკბინე.

- ბაბი, ნუ მელაპარაკები ასე. კარგად იცი, ვისი და რისი გულისთვისაც ჩამოვედი. პატარა ბავშვივით ნუ მექცევი, ცუდი ქმედებისთვის რომ ტუქსავენ.

ისე შემრცხვა, კრინტი ვერ დავძარი. უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ვანდის ხელი დავუქნიე, ამოდი-მეთქი და წამოვდექი.

- მაპატიე... ცუდი ღამე მქონდა, - წავილუღლუღე დარცხვენილმა, - ჩვენთან წავიდეთ და მერე გადავწყვიტოთ, საღამოს სად გავატარებთ, - დავყარე ფარ-ხმალი და შევეცადე, მისთვის მზერა გამესწორებინა, მაგრამ საბედისწერო შეცდომა დავუშვი, რადგან ჩემს თვალებში მხოლოდ ერთი სიტყვა იკითხებოდა: `დარჩი!~

გაგრძელება იქნება