ორი ბილეთი წალკოტამდე (თავი XIX) ) - გზაპრესი

ორი ბილეთი წალკოტამდე (თავი XIX) )

- კარგი, მე ახლა წავალ და რვა საათზე ორივეს გამოგივლით, ვანდისაც ვეპატიჟები, როგორც გითხარი.

თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დავუქნიე, ხმის ამოღების შემეშინდა, არ ავტირდე-მეთქი.

ბოლო დროს, რატომღაც, გულჩვილობა დამჩემდა, პატარა რამეზე ცრემლები მერევა. არ ვიცი, იქნებ ასაკის ბრალია?

- იცოდე, ტყუილად არ მალოდინო, კარგი?

- ტყუილად რატომ უნდა გალოდინო?

- იმიტომ, რომ შენსას ვერ გაიგებს კაცი, ხან ასეთ ხასიათზე ხარ, ხან ისეთზე.

- აჰა... ესე იგი, ჩემი ბრალია, არა? არ გინდა აღიარო, რომ უარს მიჩვეული არ ხარ?

- რა თქმა უნდა, ასეა. ქალისგან უარს ნამდვილად არ ვარ მიჩვეული, მაგრამ მე შენთვის ცუდი არაფერი მიკადრებია... არასდროს. ამიტომ ნუთუ ერთ შეხვედრას არ ვიმსახურებ?

პასუხი არ გავეცი, მან კი გაიღიმა და ხუმრობით დაამატა:

- ხომ იცი, ნომერ პირველი სასიკვდილო ნომერი ვარ ქალებისთვის. ამიტომ არ დამაღალატო, უცებ არ გადაიფიქრო და უხერხულად არ მაგრძნობინო თავი.

- სასიყვარულო ტრიუკების დიდოსტატი უნდა გეთქვა, - ღიმილი ვერ შევიკავე.

- შეიძლება ასეც ითქვას, - ყოველგვარი აღშფოთების გარეშე დამეთანხმა და წავიდა.

რამდენიმე წუთის განმავლობაში ვიდექი და მიმავალს გავყურებდი. უკვე ნათელია, რომ მართლა ჭკუიდან შევიშალე. დღეში ცხრა პარასკევი მაქვს, ხან მინდა მასთან ურთიერთობა, ხანაც გავურბივარ. ნუთუ ასეა ჩემი გული და გონება მამაკაცს დახარბებული? არც არის გასაკვირი, ცხრა წელიწადია, კაცი არ გამკარებია.

რვას რომ ათი წუთი აკლდა, უკვე მზად ვიყავი. ვანდიმ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, მე რა მინდა თქვენთან ერთად, იმ კაცს შენთან აქვს სალაპარაკო და მურმანის ეკალივით ხომ არ ჩაგეჩხირებითო. ვერაფრით დავითანხმე.

გარეგნულად ძალიან მშვიდი ვჩანდი, შინაგანად კი შემოდგომის უკანასკნელ ფოთოლს დავემსგავსე, ნიავის წამოქროლაზე რომ თრთის და საცაა, ტოტს მოსწყდება.

ბოლთის ცემა დავიწყე. ვანდიც არ იყო გვერდით, რომ გამოვლაპარაკებოდი. ჩემს ნერვიულობას მხოლოდ გახშირებული სუნთქვა გასცემდა. ჩემმა დაქალმა, სანამ კოკი მოვიდოდა და ვახშამზე დაითანხმებდა, თავის ბიძაშვილს დაურეკა, რომელიც ბათუმში ისვენებდა, შენთან მოვდივარ, ღამისთევით უნდა გესტუმროო. მერე ეშმაკური ღიმილით გამომხედა, ამ ღამეს კოტეჯს შენს განკარგულებაში ვტოვებ და შენ იცი, როგორ გამოიყენებო, დაიხურა ქუდი და თეძოების რხევით გაიძურწა.

ზურგზე ხელებდაწყობილი დავდიოდი წინ და უკან, წინ და უკან. ყოველ შემობრუნებაზე შემოსასვლელში სარკეში ვიხედებოდი. ვინ იცის, მერამდენედ.

ცხოვრებაში პირველად ავიწიე თმა და კეფაზე გუნდასავით დავიმაგრე. წამწამებზე ტუში წავისვი, ტუჩებზე კი - წითელი პომადა. თვალები ისეთი დიდრონი გამიხდა, გამიკვირდა, ნუთუ ამხელა თვალები მქონდა და არ ვიცოდი-მეთქი. პომადამ ოდნავ მაცდუნებელი იერი მომცა, თუმცა ძალზე მგრძნობიარედ გამოკვეთა ჩემი ფუმფულა ტუჩები. წითელი კაბა ჩავიცვი, კოქტეილის კაბის სიგრძის, ანუ მუხლამდე, ხოლო მკერდი და ზურგი მოშიშვლებული მქონდა. მიმაჩნდა, რომ ჩემი ასაკისთვის შეუფერებლად ვიყავი ჩაცმული, ზედმეტად თამამად, მაგრამ ვანდიმ ეგრევე ამ კაბას დაადგა თვალი, როგორც კი ტანსაცმლის არჩევას შევუდექი. შავი, ღია მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი კი მოვირგე, მაგრამ გავძლებდი თუ არა ასეთ მაღლებზე მთელი საღამო, ჯერ არ ვიცოდი. მით უფრო, რომ გადავეჩვიე ქუსლებზე სიარულს, თანაც ფეხი ბოლომდე არც მქონდა მორჩენილი. საველე ფორმის შავი ხელჩანთა, ვინ იცის, მერამდენედ გადავიკიდე მხარზე ხან ასე, ხან ისე, თან სარკეს თვალს არ ვაშორებდი.

როცა ჩემს ანარეკლს ვუყურებდი, საბედისწერო მაცდური ქალის შთაბეჭდილება მრჩებოდა. მინდოდა კი ასეთი გამოვჩენილიყავი? რაც მეცვა, მამიდაჩემის გემოვნებით იყო შერჩეული. ჩემი დაბადების დღე რომ მოახლოვდა, ბუტიკები მომარბენინა და თვითონ რაც მოეწონა, ის შემირჩია, თან რჩევას მაძლევდა: ქალს ერთი ხელი სამოსი მაინც უნდა ჰქონდეს ისეთი, მამაკაცს განსხვავებულ ამპლუაში გამოეცხადოს და თვალები დაუყენოსო. მე თვითონ ცხოვრებაში არასდროს ვიყიდდი ასეთ სამოსს. გამომწვევი არასდროს ვყოფილვარ არც ჩაცმით, არც საქციელით. არ ვიცი, რატომ წამოვიღე ეს კაბა ურეკში, მაგრამ ალბათ ასეთი იყო ჩემი ბედისწერა. როგორც ჩანს, გული რაღაცას მიგრძნობდა.

თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ის "რაღაცა" კოკისთან სულაც არ იყო დაკავშირებული. ვიცოდი, კოკი საქართველოში რომ არ იმყოფებოდა. მე უფრო გოლას მოლოდინი მქონდა. დარწმუნებული ვიყავი, ჩემს ადგილსამყოფელს გაიგებდა და ზღვაზე დამადგებოდა. ჰოდა, "უწყინარი შურისძიების" მოსაწყობად სწორედ ასეთი ფორმით ვაპირებდი მასთან შეხვედრას. სიტუაცია კი სრულიად საპირისპიროდ შეტრიალდა და გოლას ნაცვლად ბედმა კოკის თავი გამომიგზავნა.

ვითომ კარგია, ასე რომ მაცვია? ვაითუ, არ მოეწონოს ჩემი ჩაცმულობა? ხომ შეიძლება იფიქროს, რა ვულგარულად გამოიყურებაო. ცოტათი შემეშინდა, მაგრამ გამოცვლის დრო აღარ იყო, კოკი საცაა, გამოჩნდებოდა.

სწორედ ამ დროს მობილურმაც დარეკა. ათამდე დავითვალე და მხოლოდ შემდეგ ვუპასუხე ზარს, რომელსაც შუადღიდან ველოდი.

- ბატონო!

- მე ვარ.

გულმა მოღალატურად გამოტოვა დარტყმა და სადღაც ბნელ კუთხეში მიყუჩდა. ერთიანად აფორიაქებული კარისკენ გავემართე, თან უაზროდ ვითვლიდი ნაბიჯებს. თურმე ცხრა ნაბიჯი ყოფილა ჰოლამდე, ჰოლიდან კარამდე კი ექვსი.

- აი, ეს მესმიიის! - კოკიმ ხელები ფართოდ გაშალა და ხარბი მზერით შემათვალიერა.

ასეთი აღტაცებული პირველად ვნახე. როცა ჩემს ექსპონატივით დათვალიერებას მორჩა, გაშლილი ხელები წინ გამოსწია, მხრებში ჩამავლო, ძლიერად მიმიზიდა და ისე მაკოცა, თითქოს ამის სრული უფლება დიდი ხნის მოპოვებული ჰქონდა.

მისმა კოცნამ უწვრილეს ნაწილაკებად დამშალა.

- შენ ჩემი ყველაზე თამამი ფანტაზიების გაცოცხლებული ნატურა ხარ, - ყურში მიჩურჩულა და ნათქვამს ყურის ბიბილოზე კოცნა მიამატა.

- ერთბაშად ყველასი? - ღიმილით ვცადე აღელვების დაფარვა, - ქერათმიანების, შავგვრემნების და წაბლისფერთმიანებისაც?

მან ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და ხელი მაღლა აწეულ თმას შეახო.

- ახლა ჩემს ოცნებებში მხოლოდ ჟღალთმიანი მზეთუნახავები ფიგურირებენ, ულამაზესი თვალებით, პაწუკა ცხვირით და ტკბილი ტუჩებით, რომლის კოცნაც არასდროს მომბეზრდება.

კვლავ შეეცადა ჩემს მკლავებში მომწყვდევას, მაგრამ სიცილით გავერიდე.

- არ მინდა გული გატკინო, მაგრამ ტუჩები პომადით გაქვს მოთხვრილი. თუ არ გინდა, უცნაურად გამოჩნდე საზოგადოებაში, გირჩევ, მოიშორო, თანაც ახლავე.

- ყველაფერს თავისი დრო აქვს... - კოკიმ კარი ფეხით მიკეტა.

ამჯერად კოცნა დიდხანს გაგრძელდა. მისი ხელები მჭიდროდ მიხუტებდა მკერდზე, ტუჩებით კი სასწაულებს აკეთებდა. ჩემი თავი იმაში დავიჭირე, რომ საპასუხო კოცნით ვპასუხობდი, გაჩერება არ შემეძლო, ვდნებოდი მის მკლავებში.

- ვანდი სად არის?

- უარი თქვა წამოსვლაზე, ეუხერხულა. ბათუმში გაქანდა თავის ნათესავთან, ამაღამ იქ დავრჩებიო. - ვუთხარი და ჭარხალივით გავწითლდი.

- აი, რას ნიშნავს ჭკვიანი ქალი, - კმაყოფილებით შენიშნა კოკიმ და ეშმაკურად ჩაიღიმა.

- ისევ უნდა გადავისვა პომადა, - ჩურჩულით ვუთხარი, როცა კოცნაობას მოვრჩით. ღაწვები მიხურდა, თავბრუ ისე მესხმოდა, გარშემო ყველაფერი ყირავდებოდა.

- კი ბატონო, მანამ მე ამ წითელ რაღაცას მოვიშორებ, - სიცილით დამეთანხმა კოკი და პიჯაკის გვერდითა ჯიბიდან თოვლივით თეთრი ცხვირსახოცი ამოიღო.

არ დავანებე, მაგას ნუ გასვრი-მეთქი და სააბაზანოში შევიყვანე, რომ ტუჩები საპნით მოებანა.

- სად მივდივართ? - ჩუმად ვკითხე, როცა ქუჩაში გამოვედით და ტაქსიში ჩავსხედით. როგორც ჩანს, ტაქსი ადრევე გააჩერა და გველოდებოდა.

- სადაც საჭიროა, - მომიგო ღიმილით და ჩემი ხელები თავის ხელისგულებში მოიქცია.

ურეკიდან გავედით. მანქანამ ქობულეთის მიმართულებით აიღო გეზი. "ოღონდ ბათუმში არ წამიყვანოს, გრძელი გზაა ძალიან", - გავიფიქრე.

- ქობულეთი ჯობია, ბათუმამდე შორი მანძილია, - თითქოს ჩემს ნაფიქრს გამოეპასუხა.

გული უცნაურად შემიქანდა. საიდან ხვდება ხოლმე, რას ვფიქრობ? გულთმისანია?

როგორც ჩანს, სახეზე დამეწერა გაკვირვება, რადგან გულიანად გაიცინა და მითხრა:

- ჯადოქარი ვარ...

არ ვიცი, სად იპოვა ქობულეთში ასეთი წყნარი ადგილი, მაგრამ ძალიან კი გამაოცა. კლუბში სიწყნარე იყო, ვიღაც ახალგაზრდა ქალი ჯაზს უკრავდა და დამსვენებლებიც საშუალო ასაკის ადამიანები იყვნენ, თინეიჯერები არსად ჩანდნენ.

კოკიმ დარბაზის ყველაზე ბნელ კუთხეში მდებარე მაგიდა აირჩია. კარგად კი გათვალა - მუსიკის ხმა და მოცეკვავე წყვილები ხელს არ შეგვიშლიდნენ საუბარში. როგორც კი მაგიდას მივუსხედით, შამპანური შეუკვეთა. მერე ხელისგულები ერთმანეთს გაუსვა, სკამის საზურგეზე გადაწვა და შემომხედა. მისი ლურჯი თვალები ნამივით კიაფობდნენ ნახევრად ბნელ გარემოში.

- მიხარია, რომ ფეხი მოგირჩა, - ხმადაბლა თქვა, თან მზერას არ მაშორებდა, - აწი ერთად ძალიან ბევრი საინტერესო რამის გაკეთებას შევძლებთ.

ჩუმად ვიჯექი, რადგან ვგრძნობდი, რომ თანდათან ვიძაბებოდი.

- ჰო, თუ ამის საშუალებას ჩვენი სამუშაო გრაფიკი მოგვცემს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ხშირად არ მოხდება, - ხმამაღლა ამოვიოხრე, რათა საკუთარი თავისთვის მოშვების საშუალება მიმეცა.

- მაგრამ ხომ შეგვიძლია, შევეცადოთ? მეგობრები ხშირად უნდა ხვდებოდნენ ერთმანეთს, - მომიგო.

მეგობრებიო? ცოტა არ იყოს, დავიბენი. არ ვიცოდი, ამაზე როგორი რეაგირება უნდა მომეხდინა, მით უფრო, რომ ძალიან ახლოს იჯდა ჩემთან. სკამი ოდნავ გავწიე და ისეთი სახე მივიღე, თითქოს დარბაზს ვათვალიერებდი.

ოფიციანტმა შამპანური და ორი ფუჟერი მოიტანა.

ტუჩი ოდნავ დავაკარე სასმელს, დიდად არასდროს მხიბლავდა შამპანური, მაგრამ ამას როგორ ვიტყოდი? სწორედ ამ დროს მისი ხმა გაისმა:

- მე შენ ძალიან მომწონხარ, ბაბი. მინდა, რომ ეს იცოდე. გამუდმებით შენზე ვფიქრობ. არ მინდა დაგაჩქარო, მაგრამ ის, რასაც მე ვგრძნობ... - ტუჩები მხარზე დამაწება.

განზე გავიხედე. ეს კაცი ნამდვილი გამოცანაა ჩემთვის. ვერ გაიგებ, როდის ლაპარაკობს სერიოზულად და როდის ხუმრობს. მოვიქუფრე.

- შენთვის ამის მოსმენა უსიამოვნოა?

მისმა დაძაბულმა გამოხედვამ ამაღელვა.

- რა თქმა უნდა, არა. ყველას ვიღაც მოსწონს და ყველას სურს, რომ მოსწონდეთ, ასე არ არის? ამაში ცუდი არაფერია.

- და თუკი ეს სიმპათია უფრო ღრმა რამეში გადაიზრდება? - შემპარავად მკითხა.

ამით რისი თქმა სურს? არ ვიცოდი, რა მეთქვა. არც ის ვიცოდი, ზუსტად რას მთავაზობდა.

- მესმის, - თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა.

- რა?

- ჩვენ უკვე თითქმის ნახევარი გზა გავიარეთ ურთიერთობის, - ძალიან დაბალი და მგრძნობიარე ხმით მელაპარაკებოდა, - ხომ მართალია?

თუმცა, ეს არ იყო შეკითხვა. ის იჯდა და ჩემს პასუხს ელოდა.

ამ დროს ოფიციანტმა ორი მენიუ მოიტანა და წინ დაგვიდო.

ისე გამიხარდა მისი მოსვლა, ნაცნობი რომ ყოფილიყო, აუცილებლად ვაკოცებდი. ისეთი მადლიერებით დავუწყე მადლობის გადახდა, რომ საწყალი ბიჭი გაწითლდა და სასწრაფოდ გაგვეცალა. მენიუს ხელი ისე ვტაცე, როგორც უკანასკნელ ხავსს და თვალიერებას შევუდექი, მაგრამ კოკიმ იგი ხელიდან ამართვა, საჩვენებელი თითით ნიკაპი ამიწია და მაიძულა, მისთვის თვალებში შემეხედა.

- შენ მე შენი მშობლების შესახებ მომიყევი, ბაბი. რატომ არ გინდა, მასზეც მომიყვე? - ისეთი იდუმალი ტონით ალაპარაკდა, ჟრუანტელმა დამიარა.

- არ მინდა, - უნებურად აღმომხდა.

- კარგი, - ჩემდა გასაკვირად, იმწუთასვე დამთანხმდა და მენიუ მომაჩეჩა, - შემეძლო, რამდენიმე კერძისთვის გამეწია რეკომენდაცია, მაგრამ ვიცი, რომ შენს ჯიბრზე მაინც სხვას აირჩევ, - დახშული ხმით ამოთქვა.

- საერთოდ, ასეთი არ ვარ. უბრალოდ, ხანდახან ვიცი ხოლმე გაჯიუტება.

- ახლა?

- ახლაც სიჯიუტის ხასიათზე ვარ, მაგრამ არა უშავს, თანდათან შევეჩვევი იმ აზრს, რომ ეს მავნე თვისებაა.

- იმედია, სხვა რამეებსაც შეეჩვევი ასე ადვილად, - მრავალმნიშვნელოვნად თქვა, რამაც გამაწითლა.

შველა შამპანურში ვპოვე. რამდენჯერაც კოკიმ დამისხა და სადღეგრძელო თქვა, იმდენჯერ გამოვცალე ბოკალი. არ ვიცი, რისი ბრალი იყო, შამპანურის, ჩემი თვალისმომჭრელი კაბის თუ ქალების ნომერ პირველ სასიკვდილო ნომრად აღიარებული ყველაზე თავბრუდამხვევი მამაკაცის, მაგრამ ვხვდებოდი, რომ შექმნილი სიტუაციით და გარემოთი ვტკბებოდი. ასე მეგონა, ნირვანაში ვიყავი, სიმღერა და ცეკვა ერთდროულად მსურდა.

კოკი კვლავ მომაჯადოებელ მოსაუბრედ გადაიქცა, რომელმაც მაიძულა, მოვშვებულიყავი და მაქსიმალური სიამოვნება მიმეღო.

ბოლოს საცეკვაოდ გამიწვია. მისი სიახლოვე ისე მათრთოლებდა, რომ დაბნეულმა რამდენჯერმე ფეხზე ფეხი დავადგი. თავს კი იმით ვიმართლებდი, რომ მტკივანი ფეხი ჯერაც არ მომრჩენოდა. თითქოს ხომ უბრალოდ ვცეკვავდით, მაგრამ კოკის უბრალო ცეკვაც კი საიდუმლო რიტუალად შეეძლო გადაექცია - ეს იყო ორი სხეულის საუბარი ყველაზე ინტიმურ თემებზე.

ძალიან უცნაური კი იყო, მაგრამ რესტორანში ყოფნისას კოცნა ერთხელაც არ უცდია.

უკვე შუაღამე იყო, ურეკში რომ დავბრუნდით. როცა ტაქსი გაჩერდა, უკვე შემთვრალმა და ვნებიანად ნაცეკვმა თავი დავკარგე. მომინდა, ყავაზე შემომეპატიჟებინა და... არა მარტო ყავაზე. ახლა ჩემთვის აღარაფერს ჰქონდა მნიშვნელობა. მე მინდოდა მასთან და ამ უარის საწინააღმდეგოდ არაფერს ვაკეთებდი. არც მინდოდა, რამე გამეკეთებინა. გონება მკარნახობდა, რომ მზად ვიყავი, სხეულთან ერთად სულიც დამეთმო მისთვის. ამაღამ აღარ მინდოდა მარტო დარჩენა, მინდოდა სიყვარულისა და სინაზის ზღვაში გადავშვებულიყავი, ვნებისა და ლტოლვის მორევში ამომეყო თავი.

კოკი მანქანიდან გადმოსვლაში დამეხმარა და მძღოლს სთხოვა, დალოდებოდა.

რა, არ შემოვა? გული ლამის ამოვარდა საგულედან. თვითონაც არ ვიცოდი, გამხარებოდა თუ მწყენოდა.

ხელი წელზე მომხვია და კარამდე მიმაცილა. როგორც კი კარი გავაღე და ჰოლში შევაბიჯე, კოკიც შემომყვა. მერე კვლავ ფეხით მიხურა კარი, კედელთან მიმიმწყვდია და ისეთი გზნებით მაკოცა, რომ შევშინდი. მისი ლოსიონის სურნელი თავბრუს მახვევდა, ჩემი თითები ნებაზე მიშვებულივით დასრიალებდნენ მის მკვრივ სხეულზე - აღმა-დაღმა, წინ და უკან. თხელი პერანგის ქვეშაც კი ვგრძნობდი, რას განიცდიდა მისი სხეული. კოკის ხელებიც იკვლევდა ჩემი ზურგის და მკერდის ყოველ მტკაველს, ყოველ სანტიმეტრს...

მიუხედავად იმისა, რომ ვნებათაღელვა არ ცხრებოდა, ვგრძნობდი, რომ მამაკაცი ბოლომდე აკონტროლებდა თავის თავსაც და სიტუაციასაც. ამან ცოტა დამაბნია, იმედგაცრუებამ დამრია ხელი. მინდოდა, მასაც ისევე დაეკარგა თავი, როგორც მე. მინდოდა, რომ მის ვნებასაც მოეხსნა პასუხისმგებლობა, წართმეოდა შესაძლებლობა, შეგნებული არჩევანი გაეკეთებინა. უბრალოდ, მინდოდა, ეს მომხდარიყო. ფიქრით დავიღალე, ეჭვებმა გამტანჯა.

- არ შემოხვალ? - ისეთი მაცდური ხმით ვუჩურჩულე, მკვდარსაც კი გააცოცხლებდა.

- ჩემი წასვლის დროა, - ამოიხვნეშა და ხელი შემიშვა.

შემეძლო მეთქვა, ტაქსი გაუშვი და დარჩი-მეთქი, მაგრამ ამის ნაცვლად სულ სხვა რამ ვთქვი:

- ვიცი.

- ხვალ დაგირეკავ, კარგი? მერე კი გნახავ.

- კარგი, - ფართოდ გახელილი თვალებით მივჩერებოდი.

ზუსტად ვიცოდი, რაც იკითხებოდა იმწუთას ჩემს თვალებში. ხვეწნა, მუდარა, ტაქსის მძღოლი გაეშვა და ჩემთან დაბრუნებულიყო, რომ ამ ღამეს მარტო არ დავეტოვებინე და ერთად დაგვეძინა, ან არ დაგვეძინა და ერთმანეთის ალერსში გაგველია დილამდე დარჩენილი წუთ-საათები...

მან კი ერთხელაც მიმიზიდა, ვნებიანად ჩამკოცნა, მერე ნაზად ჩამომისვა ლოყაზე ხელი და ჩურჩულით დამემშვიდობა.

ვიდექი გამოღებულ კართან და ვგრძნობდი, როგორი მარტოსული ვიყავი ამწუთას. ისეთი, როგორიც არასდროს. სანამ ქუჩაში გავიდოდა, შემობრუნდა, ხელი დამიქნია და გაუჩინარდა. მინდოდა, მეც ამეწია ხელი და თითები დამექნია მისთვის, მაგრამ უმწეოდ ჩამოვუშვი მარჯვენა, ვერ შევძელი.

ტაქსის ხმა მალევე მიწყდა. მე კი ვიდექი კარის ზღურბლთან და ღამის სიჩუმეს ვუგდებდი ყურს. ნიკაპი სატირლად გაემზადა... ამიკანკალდა, თვალები ეგრევე გამევსო ცრემლით.

ნეტავ ღამე ვიყო ან სიჩუმე... ვფიქრობდი ჩემთვის. ღამისთვის ყველაფერი ძალზე მარტივია, ისევე, როგორც სიჩუმისთვის. არა პრობლემა, არა ზრუნვა რამეზე ან ვინმეზე. არ სჭირდება იმაზე ფიქრი, გაქრება იგი თუ მეორე დილით კვლავ შენთან გაჩნდება. არანაირი დაპირება მარადიულ სიყვარულზე...

ოთახში შევედი და კარი მოვიჯახუნე. აი, ახლა მხოლოდ საკუთარ თავთან მომიწევს საუბარი. მერე, ალბათ, თეთრხალათიანებთან... მორჩა, დროა, დავწვე და დავიძინო, სანამ მართლა გამიფრენია!

ვანდის არ დაურეკავს. საწყალი გოგო, რამხელა მსხვერპლი გაიღო ჩემი გულისთვის. სადღაც გადაიკარგა, რომ მასთან მარტო დავეტოვებინე. ახლა ალბათ ფიქრობს, რომ კოკისთან სექსი მაქვს გაჩაღებული. ჰმ... ვერ მომართვეს. როგორი გაწბილებული დამტოვა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად მიხვდა, რაც მინდოდა. რა ჰგონია? რომ ხვალაც ამ ხასიათზე ვიქნები? რა თქმა უნდა, არა. ხვალ ფხიზელ გონებაზე გამეღვიძება და საღამოს მოძალებულ ტკბილ სურვილებს უყოყმანოდ გავატან ამ მდუმარე ღამეს, ჩემი წამიერი ცდუნების უნებლიე მესაიდუმლეს, რომ აღარასდროს გავიხსენო ეს წუთები... წუთები, რომელმაც სულის ჯოჯოხეთური ტკივილი დამიტოვა.

ლოგინში შევწექი თუ არა, თვალცრემლიანმა ვანდის დავურეკე. როგორც კი მისი ხმა გავიგონე ტელეფონში, ავღრიალდი. ისე მწარედ ვტიროდი და ისე ხმამაღლა, რომ ორ სიტყვასაც ვერ მოვაბი თავი. ბოლოს, როგორც იქნა, შევძელი, შეშინებული გოგო დამემშვიდებინა, რომ არავის გავუუპატიურებივარ, არავის ვუცემივარ და ქუჩაში არავინ დამსხმია თავს, მხოლოდ იმიტომ ვტიროდი, რომ ჩემთვის ყველაზე სასურველმა მამაკაცმა სექსზე უარი მითხრა...

არ ვიცი, როგორ შევძელი მისთვის ამის მოყოლა. ყოველ სიტყვაზე ვსლუკუნებდი. ერთ წინადადებას რომ ვეტყოდი, კვლავ ისტერიკული ტირილი მერეოდა.

თუმცა, შევძელი... ოღონდ არ ვიცი, როგორ და რის ფასად.

როცა ტელეფონი გავთიშე, ცხვირ-პირი თბილი წყლით ჩამოვიბანე და კვლავ საწოლს მივაშურე, პირდაღმა დავეგდე ლოგინზე და ცრემლები თავის ნებაზე მივუშვი.

ამას უკვე ვეღარავინ გაიგებდა...

გაგრძელება შემდეგ ნომერში