ორი ბილეთი წალკოტამდე (თავი XX) - გზაპრესი

ორი ბილეთი წალკოტამდე (თავი XX)

მე ვიტყოდი, არათუ სიტყვებს, დუმილსაც შეუძლია ხანდახან ადამიანის მოკვლა. დარჩენილი დღეები ისე მიილია ურეკში, რომ მე და კოკი ერთმანეთს არ შევხვედრივართ. მეორე დღეს დამირეკა, სასწრაფოდ უნდა გავემგზავრო თბილისშიო, ბოდიში მომიხადა და გაუჩინარდა. მას შემდეგ სამი კვირა ისე გავიდა, არც გამოჩენილა და არც დაურეკავს. მე ჩემი დამემართა. დავბრუნდი თბილისში და სამსახურში ისე გავედი, რომ დანა პირს არ მიხსნიდა. აღარაფერი მახარებდა ქვეყანაზე, ყველაფრის მიმართ გულგრილი გავხდი, სრული აპათია დამეუფლა.

ვანდი, რომელიც ჯერ ისევ ჩემთან ცხოვრობდა, გიჟს ჰგავდა, ვერაფრით აეხსნა ჩემი ასეთი ცვლილება. გამუდმებით ჩამჩიჩინებდა, არც ერთი მამაკაცი არ ღირს იმად, რომ ასე განიცადოო.

არც მე მინდოდა, მენერვიულა, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებდი, ყველაფერი თავისთავად ხდებოდა. საგრძნობლად დავიკელი წონაში, რადგან ასე მჩვეოდა - თუ რამეზე ვნერვიულობდი, ჭამის მადა მეკარგებოდა.

არ ველოდი, თუ კოკი ასე მომექცეოდა. ვერ ვხვდებოდი, რა მოხდა, რატომ გაირბინა ჩვენ შორის შავმა კატამ. არც არაფრის გარკვევას ვაპირებდი, ერთხელაც არ მიცდია, დამერეკა და თავი შემეხსენებინა. მიუხედავად ამისა, მაინც ველოდი, თუმცა, არ ვიცოდი, რას. დრო გადიოდა, მაგრამ მოუთმენლობანარევი მოლოდინი ოდნავადაც არ ნელდებოდა.

პარასკევი იყო, მუშაობა დავამთავრე და შენობიდან გამოვედი. ვანდის ჯერ კიდევ კლიენტი ჰყავდა, ამიტომ გადავწყვიტე, მანქანაში დავლოდებოდი. ის იყო, დისტანციურით მანქანის კარები ავახმაურე და ჩაჯდომას ვაპირებდი, რომ მოულოდნელად ჩემი სახელი შემომესმა.

ირგვლივ მიმოვიხედე და ელდა მეცა. ჩემგან ექვსიოდე მეტრში ჯიბეებში ხელებჩაწყობილი გოლა იდგა და თავისი წვრილი თვალებით, როგორც სჩვეოდა, დამცინავად შემომცქეროდა. ეს მისი ბუნებრივი გამოხედვა იყო, როცა იღიმოდა, სახეზე ყოველთვის დამცინავი იერი გადაეკვრებოდა.

მის დანახვაზე ლამის გული წამივიდა. მეგონა, უკვე დამანება თავი და თავის გზას გაუდგა, ის კი სრულიად მოულოდნელად გამომეცხადა. უსიამოვნოდ შემაჟრჟოლა. ამას თან დაერთო ისიც, რომ სექტემბრის მიწურული იდგა და ჰაერში სუსხი იგრძნობოდა. დილიდან ცოტა წამოჟინჟღლა, მერე გამოიდარა, მაგრამ ცოტა ხნის წინ კვლავ მოიქუფრა ცა და აშკარა იყო, წვიმა კარგა გემრიელად დასცხებდა.

დაველოდე, სანამ მომიახლოვდებოდა. ხელების ჯიბიდან ამოღება არც უცდია, შორიახლოს დადგა და დაჟინებით დამიწყო ყურება.

- გამარჯობა, ბაბი!

- გაგიმარჯოს, - ჩამწყდარი ხმით მივუგე და გასაღებების აცმა მოვინაცვლე ხელში. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა, რომ მას ჩემი აღელვება არ შეემჩნია.

- როგორ ხარ?

- დიდი მადლობა, კარგად.

- ვატყობ, უმადობას უჩივი... გამხდარხარ, - ირონიულად შენიშნა და ნელი ნაბიჯით დაიძრა ჩემკენ.

- დიეტაზე ვარ, - მოვატყუე.

- რატომ, ზღვაზე გასუქდი? - ბოროტად ჩაიცინა და მიმახვედრა, რომ ჩემზე ყველაფერი იცოდა.

- კი, ცოტა მოვიმატე, - მშვიდად ვპასუხობდი, მის აგდებულ ტონს არაფრად ვაგდებდი, თითქოს მისი ცინიზმი მე სულაც არ მეხებოდა.

- წამოდი, ცოტა გავიაროთ, საქმე მაქვს... - უეცრად ღიმილი მოისხიპა და ტონიც შეიცვალა.

- სად?

- აქვე, ქუჩის ბოლოში გავიდეთ და გამოვიდეთ. ჩემი გეგმები უნდა გაგაცნო.

მივიხედ-მოვიხედე. ირგვლივ თითქოს საეჭვო არაფერი ჩანდა, ერთი შავი მანქანის გარდა, დაბურულმინებიანი ჯიპისა, რომელიც მოშორებით იდგა. იგი ჩემი სამსახურის თანამშრომლებს არ ეკუთვნოდა. გუმანმა მიგრძნო, რომ ჯიპი მას ელოდებოდა. რას აპირებს? ჩემი გატაცება ხომ არ განიზრახა? გამიელვა გონებაში, მაგრამ შიში უსაფუძვლოდ მივიჩნიე. ვინღა იტაცებს ახლა ქალებს, რომელი საუკუნეა? ვიფიქრე, ვანდის დავურეკავ და გავაფრთხილებ, რომ აქვე ვარ და მალე მოვბრუნდები-მეთქი, მაგრამ გადავიფიქრე. რომ გამოვიდოდა და ვერ დამინახავდა, თვითონ დამირეკავდა. ეს უფრო მაწყობდა, საბაბი მექნებოდა, ეგრევე უკან მოვბრუნებულიყავი.

ამასობაში ქარმა წამოუბერა და ღრუბლების გადარეკვა დაიწყო. ქუჩის ერთ მხარეს მზემ გამოანათა, მეორე მხარეს კვლავ ჩრდილი ჩამოწოლილიყო. სწორედ ჩრდილის მხარეს დავუყევით ქუჩას. აქ სიგრილე უფრო მეტად იგრძნობოდა.

- ხომ არ გინდა, იქით გადავიდეთ? მზიანი მხარეა, - თითქოს მიმიხვდა გულისნადებს.

- არა უშავს, იყოს, - შეცვლილი ხმით ვუპასუხე. არ მომეწონა ჩემი ხმა, უღონოდ ვლაპარაკობდი. ხომ არ შემეშინდა?

- ვიცი, რომ მზე გიყვარს.

არ ვუპასუხე.

- ყველაზე მეტად, თავის დროზე ჩემზე მეტადაც კი გიყვარდა, - გაიხუმრა.

- ახლაც, - სხარტად მივუგე და ცივად შევხედე.

- ვიცი, ვიცი... - ხვნეშით ამოთქვა და მხარზე ხელის მოხვევა დამიპირა, მაგრამ უხეშად მოვიცილე.

- მითხარი, რისთვის მოხვედი, - ხმა გავიმკაცრე.

- მოსკოვში მივდივარ.

- როდის? - ჩემდა უნებურად წამომცდა, არადა, სულაც არ მაინტერესებდა, სად წავიდოდა და როდის.

- ახლა... შენს სანახავად გამოვიარე.

ამისთვის რა, მადლობა უნდა მეთქვა? ხმა არ ამოვიღე, ტაატით მივუყვებოდი ქუჩას და მხარზე გადაკიდებულ ხელჩანთას მთელი ძალით ვიხუტებდი გულში, თითქოს მასში ვხედავდი ხსნას.

- წინადადება მაქვს შენთან, - წამოიწყო მოულოდნელად და შედგა.

- წინადადება? - მექანიკურად გავიმეორე და მეც გავჩერდი.

ერთმანეთის პირისპირ ვიდექით და უხმოდ შევყურებდით ერთმანეთს თვალებში.

- ჰო. მინდა, ჩემთან ერთად წამოხვიდე, თუ ამის სურვილი გაქვს.

გაოცებისგან წარბები ავქაჩე. ასეთ რამეს არ მოველოდი. საიდან დაასკვნა, რომ მასთან ერთად გამგზავრება მომინდებოდა?

- არა, არ მაქვს, - ლაკონიურად მივუგე და თვალი თვალში გავუყარე. თითქოს მზერით ვბურღავდი მის აუტანელ სახეს, რომელიც უკვე მეზიზღებოდა.

- კარგად დაფიქრდი, - ამ სიტყვებით თავი დახარა, ტუჩები ყურთან ახლოს მომიტანა და ხმადაბლა გააგრძელა, - დედოფალივით გაცხოვრებ, არაფერს დაგაკლებ და ყველა უსიამოვნება უკან დარჩება, რაც შენთვის მომიყენებია.

- უკან დარჩება? - ერთი ნაბიჯით განზე გავიწიე და გამომწვევად მივაჩერდი, - რა დარჩება უკან, რაც უკვე მოგიყენებია? ძალიან ცდები, თუ ასე ფიქრობ. მე ასეთი რამეები არ მავიწყდება. ერთხელ დავუშვი შეცდომა და მის გამეორებას არ ვაპირებ. წადი, სადაც მიდიხარ, ღმერთმა ხელი მოგიმართოს! - ოდნავ ხმააწეულმა მივახალე და წასასვლელად გავიწიე, მაგრამ მკლავში ხელი ჩამავლო და გამაჩერა.

- ასე ადვილად ვერ დაგთმობ, გესმის? ისევ ისე მიყვარხარ და მინდა, ჩემი იყო.

- სულაც არ მინდა შენი ვიყო! - ისევ გამომწვევად გავუსწორე მზერა, წეღანდელი შიში სადღაც გაქრა.

- მე კი ის არ მინდა, რომ ჩემი საუკეთესო პროვინციები მტერმა ხელიდან გამომაცალოს, - კბილებში გამოცრა და თავიდან ფეხებამდე ისე შემათვალიერა, თითქოს კიდევ ერთხელ სურდა, გულდასმით შეემოწმებინა თავისი `პროვინციები~.

- ნუთუ სინდისი სულ არ გაწუხებს, ა? რაც შენ გამიკეთე, იმის მერე როგორ მთხოვ რამეს? - ძალა მომეცა და შევუტიე.

- ჩემი სინდისი ძალიან პატარაა იმისთვის, რომ ძლიერი ქენჯნა ვიგრძნო, - სიცილით მიპასუხა, - თანაც, არ მინდა, ის ზღაპარი დამთავრდეს, რომელიც შენთან ერთად დაიწყო.

ახლა მე გავიცინე.

- საქმე ისაა, რომ ადამიანები თვითონ ვპარავთ ერთმანეთს ზღაპრებს. ჩვენი ზღაპარი შენ მოიპარე და გადააკეთე. ახლა იმდენად დაგვიანებულია, რომ მისი გადასწორება შეუძლებელია. მშვიდობით, შეეცადე, აღარასდროს შემახსენო თავი! - ზიზღნარევი ტონით წარმოვთქვი და გახევებული ადგილზე დავტოვე.

ჩქარი ნაბიჯებით მივუყვებოდი ტროტუარს, უკან ერთხელაც არ მიმიხედავს. შევამჩნიე, როგორ დაიძრა ჯიპი, ნელი სვლით მომიახლოვდა, გამისწორდა და გამშორდა. არც მანქანისკენ გამიხედავს, არ ვუყურებდი, ისე ვადევნებდი თვალს მისი მოძრაობის ტრაექტორიას.

ამ დროს ვანდიმაც დამირეკა. ვუპასუხე, აგერ ვარ-მეთქი და გამოვჩნდი კიდევაც.

საჭეს კი მივუჯექი, მაგრამ ვიგრძენი, როგორ მიკანკალებდა ხელები. მანქანის დაქოქვა არ ვიჩქარე. საზურგეს თავი მივადე და ვანდის მოვუყევი, რაც მოხდა.

როცა მოყოლა დავამთავრე, ორივემ ერთდროულად შვებით ამოვისუნთქეთ...

- კიდევ კარგი, არ დაგაძალა, - შიშნარევი ხმით შენიშნა ჩემმა მეგობარმა.

- დამაძალა რა, ბნელა? - აღვშფოთდი.

- მისნაირი ადამიანისგან ყველაფერია მოსალოდნელი. მანქანაში რომ ჩაეგდე, სად მიდიოდი?

- კარგი რა... ძველი დრო ხომ არაა.

- რა იცი... - შეფიქრიანებული ხმით მომიგო ვანდიმ და მზის სათვალე გაიკეთა.

მანქანა ნელა დავძარი, მინები ავწიე და გზას გავუდექით...

ციოდა...

მთელი საღამო გადაუღებლად წვიმდა. წვიმდა და გრგვინავდა, ჭაქა-ქუხილი არ ცხრებოდა.

- მეორედ მოსვლაა? - გაოცებული ვიყავი.

- ბუნება ასე ემშვიდობება შენს პირველ სიყვარულს, - გამეხუმრა ვანდი, რომელიც სარკესთან იჯდა და ახალდაბანილ თმას ფენით იშრობდა.

- სიყვარულს არა კვახი! - გაღიზიანებულმა წამოვიძახე და პულტი მოვიმარჯვე, რომ ტელევიზორისთვის ხმა ამეწია, საინფორმაციო გამოშვება იწყებოდა.

ამ ამბიდან ორ დღეში გედიმ დამირეკა და მთხოვა, მასთან მივსულიყავი, საშური საქმე მაქვსო. მაშინვე გავქანდი, ვიფიქრე, კოკის რაღაც შეემთხვა და ტელეფონით არ მეუბნება-მეთქი. მაგრამ მისვლისთანავე ჩვენი საუბარი სულ სხვა მიმართულებით წარიმართა. გედი თავისი ფირმის ადვოკატობას მთავაზობდა, რაშიც სოლიდურ თანხას მპირდებოდა. წინადადება მაცდუნებელი იყო, არც უარის თქმა გამოდიოდა, ამიტომ უყოყმანოდ დავთანხმდი და პირობებზეც იქვე შევთანხმდით. ჩემთვის მისი შემოთავაზება სულაც არ ყოფილა მოულოდნელი, ამაზე ადრე კოკიც მელაპარაკა. მიხაროდა კიდეც, რომ ასე შემოტრიალდა საქმე, ეს იმას ნიშნავდა, რომ კოკის ნახვა რეგულარულად მომიწევდა.

- ამასობაში კოკიც გამოკეთდება და ერთად შევუდგეთ საქმეს, - თქვა გედიმ უეცრად, როცა ფეხზე წამოვდექი და წასვლა დავაპირე.

თითქოს ტყვია დამახალესო, ისე ამეწვა მკერდის მარცხენა მხარე.

- გამოკეთდება? რა დაემართა?

- არ იცოდით? უცნაურია... ფილტვების ანთება დაემართა, თანაც მწვავე, ორი კვირაა, საავადმყოფოში წევს.

- რას ამბობთ, არ ვიცოდი. სიმართლე გითხრათ, კარგა ხანია, ერთმანეთს არ შევხმიანებივართ.

- ოოო, ჩემო გოგონი, ვერ მოგსვლიათ კარგი საქმე. ასეთი კაცის იგნორირება არ გიხდებათ, - თავი გვერდზე გადასწია გედიმ და დამრიგებლური ტონით შენიშვნა მომცა.

- მე... მე... იცით... - ენა დამება, თვალებზე ცრემლი მომადგა და ხმა ვეღარ ამოვიღე.

- ვიცი, ვიცი... - მამაკაცი წამოდგა, მომიახლოვდა და მხარზე მომხვია ხელი, - მეც ვიყავი თქვენი ტოლი, ციდან კი არ ჩამოვფრენილვარ. არ უნდოდა, თქვენ გაგეგოთ ეს ამბავი, ამიტომაც არ გირეკავდათ. ხვალ გამოწერენ, შეგიძლიათ ინახულოთ.

- მაგრამ მისი მისამართი არ ვიცი.

- რა პრობლემაა? ჩემი უჯრა სავსეა მისი სავიზიტო ბარათებით, - მხიარულად წამოიძახა გედიმ, საწერი მაგიდის უჯრა გამოაღო, შავი ფერის სავიზიტო ბარათი ამოიღო და ორი თითით მომაწოდა, - ოღონდ ხმა-კრინტი! ვითომ ჩვენ ამ თემაზე არ გვისაუბრია, - ღიმილით დაამატა.

- რასაკვირველია, - თავი დავუქნიე, - დიდი მადლობა გულისხმიერებისთვის, - ხელი ჩამოვართვი ჩემს დამქირავებელს და კაბინეტიდან გამოვედი.

გედიმ არ მითხრა, კოკი რომელ საავადმყოფოში იწვა. ესე იგი, შეგნებულად არ შემატყობინა თავისი ავადმყოფობის ამბავი. ნეტავ რატომ? სხვა ხომ არ უვლის ვინმე? იქნებ... იქნებ... ეჭვები გამიმძაფრდა.

შინ დაბრუნებულმა ვანდის ვაცნობე ახალი ამბავი. ისიც შეწუხდა.

- რაში დასჭირდა ამის დამალვა? ბოლოს და ბოლოს, ადამიანურად დაუდგებოდი გვერდით, მოუვლიდი... ხედავ, როგორი ამაყი ყოფილა?

- არა მგონია, სიამაყის გამო გაეკეთებინა, აქ რაღაც სხვა ამბავია, - შეფიქრიანებულმა ჩავილაპარაკე.

- შენ კიდევ მორჩი ეჭვიანობას, რა! - შესძახა ვანდიმ, - სულ რაღაცები ნუ გელანდება! რა სხვა ამბავი უნდა იყოს? ცოლიანი ნამდვილად არ არის, ეგ ზუსტად ვიცი.

- მაგრამ ხომ შეიძლება, საყვარელი ჰყავდეს?

- კარგი რა, ეგრე რომ იყოს, პრესაში კარგა ხნის გამოჭიმული იქნებოდა. არაა ეგ კაცი მაგ კატეგორიის, დამიჯერე.

პასუხი არ გამიცია. გადავწყვიტე, ერთი დღე როგორმე მომეთმინა და მერე სახლში მომენახულებინა.

ასეც მოვიქეცი.

მეორე დღეს, საღამო ხანს გამოვიპრანჭე და კოკის ბინისკენ გავემართე...

კარი მწვანეწინსაფრიანმა შუახნის ჭაღარა ქალმა გამიღო, აშკარად მოსამსახურემ.

- კოკის ნახვა მინდოდა, - მორიდებით მივმართე ქალს.

- მობრძანდით, - შემიპატიჟა ქალმა და ჰოლში შევედი თუ არა, წინ გამიძღვა.

- ახლახან გაიღვიძა, ეძინა, - ჩურჩულით მითხრა და საძინებლის კარი შემიღო.

კარის გაღების ხმაზე კოკიმ თავი მოაბრუნა. წელზევით შიშველს პირველად ვხედავდი. ისეთი დაკუნთული მკლავები ჰქონდა, ჟრუანტელმა დამიარა. წარმოვიდგინე, რამხელა სიამოვნება იქნებოდა ამ მკლავებში მოქცევა.

მამაკაცს გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა. საწოლში წამოიწია, ბალიში აიმაღლა და მიეყრდნო.

- შე-ენ? აქ საიდან? - ამ სიტყვებით თმაზე გადაისვა ხელი, თითებით მის დავარცხნას შეეცადა.

გამეღიმა, სურდა, სიმპათიური გამოჩენილიყო ჩემს თვალში. ჩემთვის კი სულერთი იყო, ახლა როგორ გამოიყურებოდა. ასეთიც მომწონდა და ისეთიც, როგორიც მენახა.

- როგორ ხარ? - მზრუნველად მოვიკითხე და საწოლზე ჩამოვუჯექი. მინდოდა მეკოცნა, მაგრამ შემრცხვა, ვერ გავბედე.

- ახლა არა მიშავს, კარგად. შენ საიდან გაიგე?

- ჩიტმა მომიტანა ამბავი, - ეშმაკურად გავუღიმე.

- ჩამშვები ჩიტი, მაგას ვუჩვენებ სეირს, - გაიხუმრა და ხელზე ხელი მომიჭირა, - არ იცი, როგორ გამახარე, მაგრამ არ მინდოდა, ასეთი გენახე.

- როგორი? - თვალები მოვჭუტე და მრავალმნიშვნელოვანი მზერა შევავლე.

ისეთი გამხდარი იყო, თავისი ლამაზი თვალები უფრო დიდრონი გახდომოდა.

- უმწეო, უსუსური და დაჯღანული. არ მიყვარს, როცა ასეთ მდგომარეობაში მხედავენ.

- ამიტომ არ შემატყობინე, არა?

- ჰო, - დამნაშავესავით გამიღიმა.

- მოსაკლავი ხარ! მომვლელი ხომ გჭირდებოდა? მეტი რა საქმე მქონდა?

- მომვლელი იმდენი მყავდა, არ გამახსენო, შენ კი საქმის მეტი რა გაქვს, ნუ მატყუებ.

- ვინ გივლიდა? - შემპარავად შევეკითხე.

- დეიდაჩემი, მამიდაჩემი, დედაჩემი... რა ვიცი, ვინ არა, ყველა ძიძად გამიხდა, - გულიანად გაიცინა და ჩემი ხელი გულზე ისე მიიკრა, თითქოს ძვირფასი რელიკვია ყოფილიყო.

სიყვარულით სავსე თვალები მივანათე. მიხაროდა, რომ მომვლელებში `სხვა ქალის~ სახელი არ ფიგურირებდა. ამან სიხალისე შემმატა. მის ხელისგულში მოქცეულმა ჩემმა თითებმა უსიტყვოდ დაიწყეს სიყვარულის ახსნა, ეფერებოდნენ მის ხელს და იმაზე მეტს ეუბნებოდნენ, ვიდრე მე შემეძლო სიტყვებით მეთქვა.

- დიეტობდი? - ჩურჩულით მკითხა.

- არა, ვბრაზობდი და ამიტომ ვერ ვჭამდი.

- სიგამხდრეც გიხდება.

- შენც გვარიანად შეფერთხილხარ.

- კი, მეც. დამჯაბნა ანთებამ... მიჯავრდები? - ჩუმი ხმით მკითხა და ხელზე მაკოცა.

- ჰო. ასე არ უნდა მომქცეოდი.

- მაპატიე.

- მიპატიებია... ოღონდ ამჯერად და უკანასკნელად. ახლა კი აი, გემრიელი სალათა მოგიტანე და უნდა გაგასინჯო.

- შემთხვევით ბორჯიას გამოგზავნილი სადილი ხომ არაა? - ცალი თვალი მოხუჭა და მაცდურად შემომხედა.

- ბორჯია ვინ არის?

- ესპანელ დიდგვაროვანთა ოჯახი, რომლის წევრებიც საწამლავს უყრიდნენ საჭმელში იმ ადამიანებს, ვინც მტრად მიაჩნდათ.

სანამ ხუმრობას მივუხვდებოდი, საშინლად გავბრაზდი. გულში წარმოთქმული აღშფოთებული სიტყვები არ ილეოდა, მაგრამ მისმა მოგუდულმა სიცილმა წყენა რამდენიმე წუთში დამავიწყა და ესღა ვუთხარი:

- ასე მიცნობ?

- კარგი, გეხუმრე, რა გჭირს? - კვლავ დამიკოცნა ხელი და დააყოლა, - ძალიან ლამაზი ხარ.

- ვიცი, რომ ლამაზი ვარ, შეხსენება არ მჭირდება, - კეკლუცად მივუგე.

- საიდან იცი?

- ცხოვრებისეული გამოცდილებიდან, - სხარტად ვუპასუხე და ჩემდა უნებურად, მოულოდნელად მკერდზე დავემხე, სახე კი მის კისერში ჩავმალე.

წამით ორივენი გავირინდეთ. ერთმანეთის გულის ბაგაბუგი გვესმოდა. უფრო სწორად, მე მესმოდა მისი გულის ბაგაბუგი, ჩემი კი ურეკის ზღვასავით ოდნავ გასაგონად ხმაურობდა.

როცა თავის აწევა ვცადე, არ დამანება. თმაში შემიცურა მარჯვენა ხელი და ლოყა ლოყაზე გამისვა. ავთრთოლდი, მეტიც არ მინდოდა... თავი ნელა ავწიე და თვალებში ჩავაშტერდი. პირველად ვუსწორებდი მზერას მის საოცარ თვალებს. მერე სრულიად ბუნებრივად, სრულიად ძალდაუტანებლად შევეხე მის ტუჩებს და საღი აზროვნების უნარიც საბოლოოდ დავკარგე....

როცა კოცნით გული ვიჯერეთ, სუნთქვაგახშირებულმა სიცილნარევი ხმით მითხრა:

- სუსტი სქესი ჩემი სუსტი წერტილია.

- ვიცი, - ამჯერად მის ნათქვამს არ გავუბრაზებივარ.

- შენ კი... მინდა, რომ ჩემთან იყო... ყოველდღე, ყოველ წუთს... ეს შესაძლებელია?

- არ ვიცი, - მორიდებით დავხარე თვალები.

- აბა, ვინ იცის? ნუ გეშინია, სიყვარული უწონო ტვირთია.

ღაწვები ამეფაკლა სიყვარულის ხსენებაზე. სათქმელს პირდაპირ არ მეუბნებოდა, მისი ნართაული კი სიყვარულის ახსნის სურვილს უფრო და უფრო მიმძაფრებდა.

- უწონოა, მაგრამ ძალიან მძიმე ტვირთია, - მივუგე.

- მინდა, რომ მესამე არ იდგეს ჩვენ შორის. ეს თუ არის შესაძლებელი?

- ჩემი მხრიდან მსგავსი არაფერი გემუქრება, - უყოყმანოდ მივუგე და საჩვენებელი თითით მის მკერდზე ფიგურების დახატვას შევუდექი.

- ჩემი მხრიდან მით უმეტეს, - ჩურჩულით წარმოთქვა საპასუხო სიტყვები, კვლავ თმაში შემიცურა ხელი და მკერდზე ძლიერად მიმიკრა...

ამას სრულყოფილი ბედნიერების წამი ერქვა...

გაგრძელება ჟურნალ "გზის" 2 თებერვლის ნომერში