ორი ბილეთი წალკოტამდე (თავი XXII) - გზაპრესი

ორი ბილეთი წალკოტამდე (თავი XXII)

ჰო, მიყვარს და ვგრძნობ, ძალიან გამიჭირდება კოკის გარეშე, მაგრამ ჯობია, ახლა მეტკინოს და რაღაც პერიოდის შემდეგ გამიაროს, ვიდრე მთელი დარჩენილი ცხოვრება სიმწარეში გავატარო. წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, რა მოელის. როცა გგონია, რომ ყველაზე ბედნიერი ხარ და ეს არასდროს დამთავრდება, სწორედ მაშინ ინგრევა ხუხულასავით ოცნებები. როცა გგონია, რომ ძალიან კარგად იცნობ შენ გვერდით მყოფ ადამიანს და ბრმად მიენდობი, სწორედ მაშინ ავლენს იგი თავის ნამდვილ სახეს და გვიან ხვდები, რომ საბედისწერო ნაბიჯი გადადგი.

- რატომ გგონია, რომ გატყუებ? როდის მომიტყუებიხარ? რადგან ვთქვი, პარასკევს ჩამოვალ-მეთქი, ესე იგი, ჩამოვალ. ბოლოს და ბოლოს, უნდა ისწავლო ჩემი ნდობა. გინდა, საერთოდ აღარ წავიდე? - კოკი თვალს არ მაცილებდა, თითქოს ჩემი ნააზრევის წაკითხვას ცდილობსო.

- ჩემ გამო დარჩენა არ ღირს.

- არა, ღირს. შენ თუ მეტყვი, ნაბიჯსაც არ გადავდგამ. თუ არ გჯერა, მთხოვე და დარწმუნდები.

- და მერე შენი მეგობარი?

- შენ უფრო მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის, ვიდრე ჩემი მეგობარი.

გულისცემა უფრო გამიხშირდა.

- კარგად იცი, რომ ამას არ გთხოვ. შენ უნდა გაფრინდე. მოვრჩეთ ვაჭრობას.

- ესე იგი, გევაჭრები? - იმედგაცრუება გაერია ხმაში.

- შენ მეგობარს სჭირდები.

- და შენ არა?

დავდუმდი. რა უნდა მეთქვა? არც არაფერი.

კოკიმ ამოიხვნეშა.

- იცი? შენ გვერდით თავს ისე ვგრძნობ, თითქოს დანაღმულ მინდორზე ვიდგე. ერთხელაც ვერ გამოვიცანი, როგორ რეაგირებას მოახდენდი ჩემს ამა თუ იმ გადაწყვეტილებაზე. ერთ დღეს თუ ყველაფერი კარგადაა, მეორე დღეს ამ ყველაფერს ერთი ხელის მოსმით აფუჭებ, მადარებ ადამიანს, რომელმაც ცხოვრება დაგინგრია. ხომ მადარებ? ხომ ეძებ საერთო ნაკლოვანებებს ჩვენ შორის? მითხარი, მართალი ვარ?

ამის უარყოფა არ შემეძლო, რადგან ისედაც ნათლად ჩანდა, რომ ვადარებდი. კოკი სულელი არ იყო და ამას ხვდებოდა. ჰოდა, რომელ მამაკაცს მოეწონებოდა ასეთი შედარება?

- მასთან შენ... - დავიწყე, მაგრამ კოკიმ არ გამაგრძელებინა ფრაზა, თვითონვე დაამთავრა:

- რა ხელი მაქვს, არა? შენ როგორ ფიქრობ? ეს თვეები რატომ ვძვრებოდი ტყავიდან? ყოველდღე ველოდი, როდის მომიყვებოდი შენი წარსულის შესახებ. იმიტომ კი არა, რომ ეს რამეს შეცვლიდა ჩვენს ურთიერთობაში. მხოლოდ იმიტომ, რომ მცოდნოდა, ისეთი რა გაგიკეთა, რომ ასე დაგთრგუნა. და როცა ეს ნაბიჯი გადადგი, ვხედავ, რომ ჩვენ შორის ნაპრალი გაჩნდა, რომელიც უფრო და უფრო ფართოვდება და მალე უფსკრულად იქცევა. ასეა?

- რა უფსკრული?

- უფსკრული შენს გულამდე.

- რაც არის, არის. ჩემს გრძნობებში არაფრის შეცვლა არ შემიძლია, - ჩურჩულით ვთქვი და თავი დავხარე, რომ თვალზე მომდგარი ცრემლი დამემალა.

- არა, შეგიძლია, - ხმა ჩაეხრინწა, - მეც ვიტანჯებოდი, როცა მივხვდი, რომ შემიყვარდი. მხოლოდ შენ არ შეგშინებია, მეც შევშინდი. პირველი სიყვარულის შემდეგ დავიფიცე, რომ არც ერთი ქალი არ შემეყვარებინა. რაში მჭირდება ეს სიყვარული? ვფიქრობდი ჩემთვის. ყველა ქალი ერთნაირია. და საკმარისად ბევრია მსურველი, ჩემი წესებით ითამაშოს - ყოველგვარი წყენისა და სინანულის გარეშე. შემდეგ კი შენ გამოჩნდი.

აღარაფრის თქმა არ შემეძლო, უხმოდ ვტიროდი. ცრემლები, რომლებსაც აქამდე ვიკავებდი, წკაპაწკუპით მეცემოდა ხელზე. მიყვარდა, განა არ მიყვარდა და ეს სიყვარული არასდროს მოკვდებოდა ჩემში. ვერც ვიფიქრებდი, ამხელა სიყვარული თუ შემეძლო. აი, სწორედ ამის აღიარება მაშინებდა. ერთხელ უკვე დამღუპა ძლიერმა სიყვარულმა, ამის გამეორება კი არ მინდოდა. არა, არ უნდა გაიგოს, რომ მიყვარს. თუ გაიგო, მერე უკან ვეღარ დავიხევ, ის ამის უფლებას არ მომცემს.

ორივენი მდუმარედ ვისხედით. არ ვუყურებდი, მაგრამ მის დაძაბულ მზერას ვგრძნობდი.

- ნუ ტირი, - ტკივილით სავსე ხმით მითხრა, - სულაც არ მინდოდა შენთვის ხასიათის გაფუჭება. გთხოვ, აღარ იტირო.

შუა თითის ბალიშებით თვალები ამოვიწმინდე და ყავა მოვსვი. გაცივებულიყო და არ მესიამოვნა, მომეჩვენა, რომ საშინელი გემო ჰქონდა.

როგორც იქნა, ძალა მოვიკრიბე, თავი ავწიე და თვალებში შევხედე.

- ჩვენ არაფერი გამოგვივა, კოკი, - აკანკალებული ტუჩებით წარმოვთქვი, - მე მხოლოდ გავაფუჭებ ყველაფერს. მე ვერ ვიქნები ისეთი, როგორადაც შენ გსურს დამინახო. შენი ჩემდამი გრძნობა მალე განელდება. გოლამ ჩემში სამუდამოდ ჩაკლა სიყვარულის სურვილი.

- ამის არ მჯერა, - თავი გადააქნია, - გეუბნები, რომ მიყვარხარ, მინდა ცოლად შეგირთო, გამიჩინო შვილები და ერთად დავბერდეთ. მე გოლა არ ვარ. მე ვარ მე და სხვა არავინ. რაც შემეძლო, შევეცადე, დამენახვებინა შენთვის, სინამდვილეში როგორი ვარ. ეს რაღაცას მაინც ხომ უნდა ნიშნავდეს შენთვის?

მზერა ავარიდე, თან გულში ჩემს თავს ვკიცხავდი სიჯიუტისთვის.

- დრო ცოტა გვაქვს, დამაგვიანდება, - საათზე საჩვენებელი თითი დაიკაკუნა და შემახსენა, - თუ შენ ჯერ კიდევ ვერ გადაგიწყვეტია, შემიძლია დავრჩე და შემდეგ რეისს დაველოდო. პრობლემებს არასდროს გავქცევივარ და არც ახლა ვაპირებ. ეს წუთები ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, დღეს ჩემი ხვალინდელი დღე წყდება.

შევკრთი. ძალა სრულიად გამომეცალა. კოკი ჩემს გულს ნაკუწებად ფლეთდა.

- წადი... მეგობარი გელოდება, - წავიჩურჩულე.

- არ გესმის, არა? შენ წარმოდგენაც არა გაქვს, რამდენს ნიშნავ ჩემთვის!

- არა მაქვს და არც მინდა მქონდეს. ისედაც რთული ცხოვრება მაქვს. აჯობებს, წახვიდე და მარტო დამტოვო. ასე უკეთესი იქნება. გავა დრო და თვითონაც მიხვდები. ამ ყველაფერს ახლავე უნდა დაესვას წერტილი, აქ და ამწუთას.

რაც უფრო მეხვეწებოდა კოკი, მით უფრო ვრწმუნდებოდი, რომ მე ვიყავი მართალი. ჩვენ ერთად მომავალი არ გვქონდა.

- არ მინდა... - ძლივს ამოვთქვი, - არ მინდა შენთან.

ნიკაპი ამიწია და დამაშტერდა. იმხელა ტკივილი წავიკითხე მის თვალებში, რომ შემაჟრჟოლა.

- შენ ამას სერიოზულად არ ამბობ... - ხმადაბლა წარმოთქვა.

- სრულიად სერიოზულად ვამბობ, - ხაზგასმით მივუგე, - შენი წასვლის დროა, არ დაგაგვიანდეს.

ხელი ჩამოუშვა და შეიგინა. ჩვენი ნაცნობობის განმავლობაში პირველად მესმოდა მისი გინება. მერე წამოდგა, ჩემოდანს ხელი დაავლო და ჰოლისკენ გავარდა.

ისე წავიდა, არც კი დამემშვიდობა... წავიდა ჩემი სახლიდან, ჩემი ცხოვრებიდან... წავიდა ისე უჩუმრად, რომ კარის მოხურვის ხმაც კი არ გამიგია.

ვკიცხავდი ჩემს თავს, გადაწყვეტილების მიღების რომ მეშინოდა. იმის გამო, რომ არ იცი, როგორ წარიმართება შენი შემდგომი ბედი, განა ღირს კარს მომდგარ ბედნიერებაზე უარის თქმა? იქნებ ტყუილად მეშინია და კიდევ ერთი იმედგაცრუება არ მელოდება? მაგრამ სად არის გარანტია? მკითხაობას ხომ არ დავიწყებ?

თვალცრემლიანი შამფურივით ვწრიალებდი ლოგინში ჩემს კითხვებზე პასუხი ვერ მეპოვა.

მარტოობა ყველაზე მძაფრად მაშინ შევიგრძენი, როცა კოკი გავიცანი. ცდუნება დიდი იყო, მისგანაც რომ ვიგრძენი სიმპათიები. ავყევი კიდევაც ჩემს გრძნობებს, მაგრამ ბოლოს მაინც უკან დავიხიე. მისი ხშირი გაუჩინარება, როცა დარეკვითაც კი არ მაწვდენდა ხმას, ჩემი წარსულის შავ ლაქას მახსენებდა. ეს იყო მიზეზი, უარი რომ ვუთხარი ურთიერთობის გაგრძელებაზე. ვერა, ვერ ვუსაყვედურე, სად გადაიკარგე, მთელი ორი კვირა რომ არ გამოჩნდი-მეთქი. არ მინდოდა ეფიქრა, რომ ჯერ კიდევ დაულაგებელი ურთიერთობის პირობებში პრეტენზიები გამიჩნდა. ასეთ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი დამრჩა - საკუთარ თავს ავუკრძალე მასთან უფრო დაახლოება.

ავუკრძალე ფიქრიც კი იმაზე, როგორ ჩამიხუტებდა, მომეფერებოდა, საალერსო სიტყვებს მეტყოდა...

ავუკრძალე ის ლამაზი ოცნებები, რომელიც შესაძლებელი იყო, ერთ მშვენიერ დღეს სიყალბედ გადაქცეულიყო.

- კი მაგრამ, რამ გაგაგიჟა? სრულ ჭკუაზე ხარ? - ისეთი ხმით შეჰკივლა მამიდაჩემმა, რომ შევხტი, - ეს როგორ გააკეთე?

- აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი, ლუი. დავშორდი და მორჩა.

ალუჩის ხეზე ჩამოკიდებულ დაწნულ საქანელაში ვიჯექი და ვცდილობდი, გულგრილი ტონი შემენარჩუნებინა. სუსხიანი მარტი იდგა, მაგრამ ისე მცხელოდა, თითქოს გაგანია ზაფხული ყოფილიყო. მამიდას თბილი ხალათის საყელო აეწია და თუთის ხეს მიყრდნობილი გამეხებული მომჩერებოდა. არასდროს უყვირია ჩემთვის, ეს პირველი შემთხვევა იყო.

- ღმერთო ჩემო, მას ხომ სიგიჟემდე უყვარდი, გოგო! - არ ცხრებოდა ლუი, - ოღონდ არ მითხრა, რომ სხვასთან გაიქცა, სულერთია, მაინც არ დაგიჯერებ!

- არა, ასე არ ყოფილა, უბრალოდ, ვილაპარაკეთ და გადავწყვიტეთ, რომ ერთმანეთს არ ვუხდებით.

- არ უხდებით? რა რომანში ამოკითხული სიტყვებით მელაპარაკები, სულ გადაირიე? ორივემ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, თუ შენ გამოიჩინე ინიციატივა?

რამე გაწყენინა? ცუდად მოგექცა? მითხარი, არ დამიმალო.

- ლუი, ნუ ნერვიულობ, მას არაფერი დაუშავებია ჩემთვის. გეფიცები, - მის დარწმუნებას შევეცადე, - სხვა ქალი არ ყოფილა, დამიჯერე. უბრალოდ, ძალიან შორს შევტოპე და ეგაა.

- რას ამბობ, ბაბი, შემთხვევით, ხომ არ...

- არა, არა, ორსულად არ ვარ.

- აბა, რა მოხდა? არ მითხრა, რომ შენ მიატოვე... რატომ გაჩუმდი? მართლა ასეა? მიატოვე კაცი, რომლის მსგავსი ცხოვრებაში არ შეგხვედრია? მითხარი, რომ ასე არ არის! ო, არა... როგორც ვატყობ, უკვე ნანობ შენს საქციელს.

- არაფერსაც არ ვნანობ, - გავაპროტესტე, მიუხედავად იმისა, რომ მამიდა სიმართლეს ამბობდა, - ორივესთვის ასე სჯობდა. მას უფრო მეტი სჭირდებოდა, ვიდრე მე შემეძლო მისთვის მიმეცა.

- ესე იგი, უბრალოდ, სექსი გქონდათ და მეტი არაფერი?

- არა, სექსი არ გვქონია.

- სხვა რაღა დარჩა? გთხოვა, დაუქორწინებლად გეცხოვრათ ერთად? შენ კი შეგეშინდა, რომ დამოუკიდებლობას დაკარგავდი, ის კი ისევ თავისუფალი იქნებოდა? გოლას ვარიანტი მეორდებოდა?

- არა, ლუი, არა, პირიქით. მან ცოლობა მთხოვა.

- ღმერთო ჩემო! და შენ უარი უთხარი? გაგიჟებულხარ და ეგაა.

მივხვდი, რომ მამიდასთან ჩამოსვლა მთლად კარგი იდეა არ გამომივიდა, მაგრამ ჩემს ოთახში შეშლილივით ბოლთის ცემაც არ იყო უკეთესი ვარიანტი.

- შესაძლოა, - სიმწრით გავიღიმე, - კოკიმაც ეს მითხრა. მთლად მეგობრული არ ეთქმოდა ჩვენს განშორებას, - ბოლო სიტყვებზე ხმა ამიკანკალდა.

- ოხ, ბავშვო, ბავშვო! - მამიდა ხეს მოშორდა, ჩემ წინ მუხლებზე დაიჩოქა და მზრუნველად მომხვია მკლავები.

ამის ატანა კი ვეღარ შევძელი. ემოციების მოზღვავებას ვერ გავუძელი. ისე მწარედ ავღრიალდი, რომ სახლიდან გამოსული რომა იმწამსვე უკან შებრუნდა.

იმ ღამეს მამიდა ჩემთან დაწვა. ლამის შემოგვათენდა. ყველაფერს დაწვრილებით მოვუყევი, თან ვტიროდი. ამდენი მაშინაც არ მიტირია, გოლასგან რომ წამოვედი.

ბოლოს, როცა გული მოვიოხე, ცოტათი მომეშვა.

- შენ კარგად იცი, რომ გოლას ვერასდროს ვიტანდი, - თქვა მამიდამ, - სანამ მასთან ცხოვრობდი, სულ ერთხელ გნახე. არც შენ მოდიოდა ჩვენთან, სულ იმის შიში გქონდა, ვაითუ, შინ არ დავხვდე, როცა დაბრუნდებაო. ის კი, კაცმა არ იცოდა, როდის დაბრუნდებოდა. მის გარდა ქვეყანაზე არავინ გახსოვდა. კოკი საერთოდ არ ჰგავს მას. შენც ხომ იცი, რომ ასეა? დარწმუნებული ვარ, გულს არასდროს გატკენს. აი, მჯერა ამის და მომკალი თუ გინდა.

- ვიცი, - ამოოხვრით მივუგე, - მაგრამ ისე მეშინია გათხოვების, რომ გარისკვის მეშინია. მიუხედავად იმისა, რომ სულ მინდა, ავკრიფო მისი ნომერი, დავურეკო და ვუთხრა, როგორ მიყვარხარ-მეთქი, მაინც რაღაც მაჩერებს.

- იქნებ დაქორწინების გარეშე გეცხოვრათ ცოტა ხანს? ახლა ეს ხომ იცი, არავის უკვირს. თანაც, ერთხელ უკვე...

- და ამას მეუბნები შენ, ტრადიციების ყველაზე თავგამოდებული დამცველი? - ღიმილი მომერია, - საქმე დაქორწინებას ან დაუქორწინებლობას არ ეხება, ლუი. უბრალოდ, მან არ უნდა გაიგოს, რამდენად ძლიერად მიყვარს. მართალი ხარ, იგი საერთოდ არ ჰგავს გოლას, მაგრამ მეშინია. როცა გაიგებს, როგორ მიყვარს, ვაითუ, შეიცვალოს. ოჰ, არ ვიცი, რა ვთქვა. ვიცი მხოლოდ ის, რომ საშინლად შეშინებული ვარ.

- ეს გაშინებს და მარტოობა არა? - ხმადაბლა მკითხა, - არ მიპასუხო, უბრალოდ, დაფიქრდი ამაზე.

დავფიქრდი. ვფიქრობდი მთელი ღამე, მეორე დღე, ვფიქრობდი გზაში, როცა ლუისგან წამოვედი, სახლშიც, სამსახურშიც, დღეც და ღამეც. ვფიქრობდი მაშინაც, ვანდიმ რომ გამკიცხა. მაშინაც, როცა თავსხმა წვიმაში ფრთამოტეხილი ჩიტივით მივლასლასებდი სამსახურიდან სახლში უმანქანოდ, უქოლგოდ, უქუდოდ...

და აი, როგორც იქნა, დავიდა ჩემამდე, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საბედისწერო შეცდომა დავუშვი, რომ საკუთარი ხელით მოვისპე ბედნიერება.

იმან, რაც ჩავიდინე, გოლასგან მოყენებული ტკივილიც კი გადაფარა. გავაგდე ადამიანი, რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა. გოლა ხომ დიდი ხანია, წავიდა ჩემი ცხოვრებიდან, ჩემი გულიდან, ჩემი სამყაროდან. რატომ უნდა გავამწარებინო ძველ ტკივილს ჩემი მომავალი?

მამიდა მართალი იყო. კოკი საერთოდ არ ჰგავდა გოლას. ის სულ სხვანაირი იყო - გულწრფელი, პირდაპირი... ჩემს ყოფილს ამ თვისებების ნატამალიც კი არ გააჩნდა. იგი არარაობა იყო, არარაობა მომხიბვლელი ახალგაზრდა მამაკაცის ნიღბით. და ამისთანა არარაობას სურდა დავერწმუნებინე, რომ სიყვარული მხოლოდ და მხოლოდ შიში და ძალადობაა.

საწოლში წამოვჯექი და ბრა ავანთე. რა სულელი ვყოფილვარ! ეს რა ჩავიდინე!

ღამის პერანგზე ხალათი მოვისხი და ყავის მოსადუღებლად სამზარეულოს მივაშურე. რატომ არ მეყო სიმამაცე, მეთქვა, მიყვარხარ-მეთქი? ერთხელაც არ დამირეკა და არც ვამტყუნებ. დაიღალა. ჩემი მერყეობით დაიღალა. რაღა მეშველება აწი? როგორ გავძლებ მის გარეშე?

იმის გაფიქრებაც კი, რომ ჩემ მაგივრად სხვა ქალებს შეხვდებოდა, თავზარს მცემდა. თავზარს მცემდა თუნდაც ის, რომ იგი სხვას შეირთავდა, ის სხვა გაუჩენდა შვილებს და სამაგალითო ცოლობას გაუწევდა.

გამწარებულმა ამოვიკვნესე და თავი ხელებში ჩავრგე.

ყველაზე მეტად ამქვეყნად მის გვერდით ყოფნა მინდოდა. ახლა რა გავაკეთო? ისე ცუდად დავშორდი, რომ არ არის გამორიცხული, სამუდამოდ აიცრუოს გული ჩემზე. ქაფქაფა ყავა მოვსვი. ტუჩები დამეწვა.

არა, ასე მალე ვერ დამივიწყებს. თუ მართლა ვუყვარვარ, ისეთი უნდა ვუყვარდე, როგორიც ვარ - ყველა ჩემი პრობლემით და ნაკლოვანებით. ის ასეთია, ის არ ჰგავს იმ მამაკაცებს, რომლებიც ცხოვრებაში შემხვედრია. უნდა ვენდო, სხვანაირად მასთან კი არა, საერთოდ არ მექნება მომავალი. არადა, როგორ მინდა მის გვერდით ყოფნა... მთელი ცხოვრება.

ახლაღა შევამჩნიე, რომ ოთახში წინ და უკან დავდიოდი, თითქოს ნაბიჯებით სამზარეულოს ვზომავდი. შევჩერდი. სხეული ერთიანად მქონდა დაჭიმული.

კვლავ ლოგინში შევწექი, მაგრამ თვალი ვერ მოვხუჭე. პარასკევი თენდება. ნეტავ რომელ საათზე უნდა ჩამოფრინდეს? როგორც კი გათენდება, დავრეკავ გედისთან და გავიგებ, მერე კი გავიქცევი და დავხვდები. ამ გადაწყვეტილებამ ოდნავ დამამშვიდა. ახლა მხოლოდ ის მინდოდა, რაც შეიძლება, მალე გათენებულიყო.

ეს ღამე ყველაზე გრძელი აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში...

გათენებულიც არ იყო, რომ ავდექი. ვიბანავე, თმა ფენით დავივარცხნე და როცა საბოლოოდ მოვიწესრიგე თავი, ვანდის დავურეკე, დღეს შეიძლება ვერ მოვიდე სამსახურში და მამაშენთან საქმე როგორმე მომიგვარე-მეთქი. თან ჩქარ-ჩქარა ავუხსენი, რაც მქონდა ჩაფიქრებული, მერე კი გედის ნომერი ავკრიფე.

მივხვდი, რომ ზედმეტად ადრე მომივიდა, მამაკაცს ნამძინარევი ხმა ჰქონდა.

- ბატონო გედი, დილა მშვიდობისა, - შეცბუნებული მივესალმე.

- ბარბარე, თქვენ ხართ? ხომ მშვიდობაა?

- დიახ, დიახ, ბოდიშს გიხდით, ასე ადრე რომ გაწუხებთ, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. შემეშინდა, არ დამაგვიანდეს-მეთქი. ხომ არ იცით, კოკი რომელ საათზე უნდა ჩამოფრინდეს?

- კოკი? - ისეთი ტონით მკითხა, თითქოს ვერ გაიხსენა, ვისზე ველაპარაკებოდი, - ა, კი, როგორ არა, ექვს საათზე, საღამოს ექვს საათზე, ოღონდ დღეს არა, ხვალ საღამოს.

- ხვალ საღამოს? მე როგორც ვიცი, დღეს...

- ჰო, ეგრე გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ მთელი რიგი პრობლემები შეხვდა. ლექსოს სიარული ჯერ არ შეუძლია, რადგან დაცემისას მუხლი მოიტეხა, ამიტომ ინვალიდის ეტლის ყიდვა გახდა საჭირო, ამან საქმე გააჭიანურა. თუმცა, უკვე მოაგვარა ეს საკითხი და ამაღამ წამოვლენ. ხვალ აქ იქნებიან.

- კი მაგრამ, ინსულტგადატანილი ადამიანის ამხელა გზაზე მგზავრობა შეიძლება? - შევშფოთდი.

- ინსულტი არა, მიკროინფარქტი ყოფილა, ამიტომ საშიში არაფერია. მეც არ მინდოდა ჯერ წამოსულიყო, მაგრამ ხომ იცი, ახლახან დაქორწინდა და მისი მეუღლე გიჟს ჰგავს, ისტერიკაშია, ან წამიყვანეთ, ან ჩამომიყვანეთო, - ტელეფონში მამაკაცის ხრინწიანი სიცილი გაისმა.

- თქვენ აპირებთ აეროპორტში დახვედრას? - მორიდებით ვკითხე. ცოტა არ იყოს, მეუხერხულებოდა აეროპორტში მარტოს მისვლა, რადგან მათ ლექსოს ოჯახის წევრებიც დახვდებოდნენ. უფრო კი იმის მეშინოდა, როგორ შეხვდებოდა კოკი ჩემს გამოჩენას. თუ გედისთან ერთად ვიქნებოდი, სიტუაცია ცოტათი მაინც განიმუხტებოდა.

- მე თბილისში არ ვარ, ქუთაისში ვარ, ბაბი, ზეგამდე ვერ ჩამოვალ.

- გასაგებია... დიდი მადლობა, ბატონო კოკი.

- არაფრის, ჩემო კარგო და ისა... ჩვენთან როდის გამოხვალთ? მინდა, ფირმის საქმეები გაგაცნოთ, საქმის კურსში ჩაგაყენოთ და შევუდგეთ თანამშრომლობას.

- ორშაბათს დაგირეკავთ ამ საკითხზე, ბატონო გედი, და შეგხვდებით.

- ძალიან კარგი. ორშაბათს ნამდვილად თბილისში ვიქნები.

ესეც ასე. რადგან დღეს არ მიწევს აეროპორტში გავარდნა, სამსახურში წავალ, ტყუილად რატომ გავაცდინო სამუშაო, როცა საქმე თავზე მაყრია? კვლავ შევეხმიანე ვანდის და ვუთხარი, ფრენა გადაიდო და აღარ მივდივარ აეროპორტში, სამსახურში გამოვალ-მეთქი.

ის იყო, სახლიდან უნდა გავსულიყავი, რომ უეცრად თავში ახალმა აზრმა გამირბინა. ისევ გედის დავურეკე.

- ბატონო გედი, ბოდიში, კიდევ რომ გაწუხებთ... ხომ არ იცით, რა ნომერზე დავუკავშირდე კოკის? ეს შესაძლებელია?

- რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, - წაიბურტყუნა აშკარად უკმაყოფილომ იმით, რომ დილის ტკბილი ძილი დაუფრთხეს და მცირეოდენი პაუზის შემდეგ ნომრის კარნახს შეუდგა.

ნაჩქარევად ჩავიწერე ნომერი და ბატონ გედის, ვინ იცის, მერამდენედ მოვუხადე ბოდიში შექმნილი დისკომფორტისთვის...

გაგრძელება იქნება