ორი ბილეთი წალკოტამდე (დასასრული) - გზაპრესი

ორი ბილეთი წალკოტამდე (დასასრული)

ეს იმ სასტუმროს ნომერი იყო, სადაც კოკი უნდა ყოფილიყო დაბინავებული.

არ ვიცი, ადმინისტრატორს ჩემი ინგლისური აქცენტი ეხამუშა თუ გამოუძინებელი იყო, მაგრამ ცოტა გაუძნელდა ჩემი თხოვნის შესრულება. რამდენჯერმე გამამეორებინა სახელი გვარი, ვისთან დაკავშირებასაც ვცდილობდი. ბოლოს, როგორც იქნა, სანუკვარი ხმაც გავიგონე.

-ალო?

-კოკი, შენ ხარ? ბაბი ვარ.

-ბაბი?

მისი ხმის გაგონებამ სიხარულის ცრემლები მომგვარა. იმდენად ამიჩუყდა გული, რომ ხმის ამოღებას ვერ ვახერხებდი.

-ალო, ბაბი, აქ ხარ? -ხმას აუწია.

-ძალიან ვწუხვარ, რომ გული გატკინე. შეგიძლია მაპატიო?

-ბაბი, ბაბი, არ მესმის შენი, ხომ კარგად ხარ?

-შეგიძლია-მეთქი მაპატიო? -ვიყვირე, -ნამდვილი იდიოტი ვარ!

-იდიოტი სულაც არ ხარ, -მერე ხმა ისევ დაიკარგა, ტელეფონში შიშინი გაისმა და ბოლოს ნაწყვეტი სიტყვები გავიგონე, -და ისეთი მამაცი, რომ ჩემზე უკეთ იცი...

-ცუდად ისმის შენი ხმა.

-ვამბობ, რომ ყველაზე ლამაზი და მამაცი გოგო ხარ დედამიწის ზურგზე. მომისმინე... -კვლავ გაქრა მისი ხმა, -უკან... -მხოლოდ ეს სიტყვა მოსწვდა ჩემს სმენას.

-კოკი, არ მესმის შენი. არ მესმის, რას მელაპარაკები, მაგრამ მინდა გითხრა, რომ ძალიან, ძალიან მიყვარხარ. ფრთხილად იყავი. თუ შეძლებ, ხვალ დამირეკე, თუ არა და, საღამოს აეროპორტში დაგხვდები. გესმის ჩემი?

მაგრამ მას არ ესმოდა. კავშირი უკვე გაწყდა.

ტელეფონი დივანზე მივაგდე, მეც ზედ გადავემხე და ავღრიალდი.

მეორე დღეს სამსახურში აღარ წავედი. მთელი დღე ტელევიზორთან გავატარე და საღამოს დადგომას მოუთმენლად ველოდებოდი, რომ აეროპორტში არ დამგვიანებოდა. ჩაცმულ-დახურული დივანზე ვიყავი წამოწოლილი და ადგილიდან არ ვიძვროდი, ჭამაც კი არ გამხსენებია.

მოულოდნელად ტელეფონმა დარეკა. ეკრანს რომ დავხედე, მივხვდი, უცხო ნომერი იყო და ტელეფონი ყურისკენ გავიქანე.

-ბაბი? -ეს კოკის ხმა იყო.

-ღმერთო, რა კარგია, რომ დარეკვა მოახერხე. მაპატიე, მე ძალიან ვცდებოდი. ვხვდები, რომ შენთან ყოფნა მინდა, თუ არ გადაგიფიქრებია. გესმის ჩემი? -მივაყარე და მივაყარე.

-მესმის, საყვარელო.

საყვარელოო... მან პირველად მომიხსენია ასე. თვალებიდან კვლავ ცრემლები წამომივიდა, მაგრამ ამას ვეღარ ვამჩნევდი მისი ხმის გაგონებით დაბრმავებული.

-კარგად ხარ? მოდიხარ დღეს?

-კარგად ვარ, კარგად. აუცილებლად უნდა გამოვფრინდეთ დღეს, ლექსოც მომყავს. მართალია, საშინელი ქარიშხალია აქ, მაგრამ ფრენა არ გადაიდებაო, მითხრეს. იმედია, არ მატყუებენ.

-ძალიან გთხოვ, თავს გაუფრთხილდი, ზედმეტად ნუ გარისკავ.

-იცი, როგორ გამიხარდა, წუხელ რომ დამირეკე? -ხმადაბლა, მგრძნობიარე ხმით მითხრა, მე კი ამ ხმამ ჩემი დამმართა.

-მეც გამიხარდა შენთან დალაპარაკება.

-მიყვარხარ, ბაბი.

-მეც ძალიან მიყვარხარ და მინდა ეს იცოდე, -და ისე შემრცხვა ამის თქმის, რომ სასწრაფოდ შევცვალე სასიყვარულო თემა, -ლექსო როგორ გრძნობს თავს?

-ძალიან სუსტად, მაგრამ ერთი სული აქვს, სახლში როდის დაბრუნდება. შენი ზარი კი ძალიან მჭირდებოდა და ამისთვის დიდი მადლობა.

-ესე იგი, მაპატიე?

-რა თქმა უნდა, ჩემო პატარავ.

ბედნიერებისგან გადავივსე.

-კარგი, აბა, შენ იცი. მე აუცილებლად დაგხვდები აეროპორტში.

-ძალიან გამახარებ, თუ ამას იზამ. მაშინ შეხვედრამდე, ჩემო დახატულო.

-შეხვედრამდე.

ღმერთო, რამდენი რამის თქმა მინდოდა და ვეღარ ვუთხარი. თითქოს ენა დამებორკა. გავთიშე თუ არა ტელეფონი, გონებაში კიდევ კარგა ხანს ვატრიალებდი ჩვენს საუბარს. აუცილებლად უნდა ამეხსნა მისთვის, რა მაშინებდა ჩვენს ურთიერთობაში -ეს იყო სიყვარული, რომლითაც ის მიყვარდა. მინდოდა მეთქვა, რომ შესანიშნავი ადამიანია, ყველაზე კარგი, ყველაზე მომხიბვლელი, მაგრამ...

რამდენიმე წუთს გაუნძრევლად ვიჯექი, დამშვიდებას ვცდილობდი. შემდეგ მამიდას დავურეკე და შთაბეჭდილებები გავუზიარე. ლუის ძალიან, ძალიან გაუხარდა, რომ საქმე ასე შემობრუნდა.

შემდეგ ისევ ტელევიზორის ეკრანს მივაშტერდი და ჩამთვლიმა...

-ბაბი, რაღაც მგონია, რომ ეს დიდი შეცდომაა. ალბათ მოგეჩვენა. რა სისულელეა, იმ საუბრის შემდეგ როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო? -ანერვიულებული მამიდა ჩემ გვერდით იჯდა და თმაზე ხელს მისვამდა, მე კი თვალცრემლიანი ვსლუკუნებდი.

არადა, ისეთი რამ მოხდა, რომ ჩემი ოცნების კოშკი ერთ წამში ხუხულასავით დაიშალა...

ხუთ საათზე უკვე აეროპორტში ვიყავი. მეშინოდა, არ დამგვიანებოდა, ამიტომ მანქანა დავქოქე და ადრევე გავედი.

ფოიეში შესულმა ვიკითხე, ზუსტად რომელ საათზე დაჯდებოდა ამერიკიდან მომავალი თვითმფრინავი. როგორც ყოველთვის, ექვს საათზე აქ იქნებაო, მითხრეს.

კვლავ მანქანაში დავბრუნდი. მოსაცდელ დარბაზში ყოფნას ჩემთვის განმარტოება მერჩია.

ექვს რომ ხუთი წუთი დააკლდა, კვლავ დარბაზში შევბრუნდი და სულგანაბული მივაშტერდი იმ ადგილს, საიდანაც კოკი უნდა გამოჩენილიყო. ირგვლივ უამრავი ადამიანი ირეოდა. ყველა ვიღაცას ხვდებოდა, ყველა ვიღაცის ჩამოფრენას ელოდა.

და აი, სანუკვარი წუთებიც დადგა. გამოჩნდა კოკი, რომელსაც ცალ ხელში გორგოლაჭებიანი ნაცნობი ჩემოდანი ეჭირა, მეორე ხელით კი ინვალიდის ეტლს მოაგორებდა. ადგილიდან დაძვრა გამიჭირდა, თითქოს იატაკს მიველურსმე. ისე ავღელდი, თვალთ დამიბნელდა.

ლექსო ძალიან ფერმკრთალი ჩანდა. სწორედ ამ დროს ორივეს ხანში შესული მამაკაცი და ახალგაზრდა ქალი მიუახლოვდა. მამაკაცი ლექსოს გადაეხვია, გოგონა კი კოკის ჩამოეკიდა კისერზე და ისეთი აღგზნებით დაუკოცნა სახე და ტუჩები, რომ ნერწყვი ყელში გამეჩხირა. ვიცანი, ვინც იყო -ლექსოს და. ეს ის `გალიის ჩიტი~ გახლდათ, რომელზეც ერთხელ უკვე ვიეჭვიანე. შეცდომა გამორიცხული იყო.

მუხლმოკვეთილი იქვე ჩავჯექი და თავი ჩავღუნე, რომ კოკის არ შევემჩნიე. თვალწინ საშინელი სურათი მედგა: კოკი თავის მეგობრის დას ხელს ხვევს და კოცნის. ამ კოცნას მეგობრულს ნამდვილად ვერ ვუწოდებდი.

ყველაფერი მესმოდა. მესმოდა ის, რომ ისინი ბავშვობიდან იცნობდნენ ერთმანეთს, რომ ძალიან ახლოს იყვნენ ოჯახებით, მეგობრობდნენ, მაგრამ ბავშვობის ძმაკაცის დას ასე კოცნიდნენ... აი, ეს არ მესმოდა.

ტკივილმა გული შუაზე გამიპო. რა უნდა მექნა? ახლა ისე მქონდა სახე წაშლილი, ძალიანაც რომ მნდომოდა, ვერ გამოვჩნდებოდი. უნდა დავლოდებოდი, როდის გავიდოდნენ, რომ ჩემს მანქანამდე მიმეღწია და გზას გავდგომოდი. წამით კვლავ გავაპარე თვალი მათკენ. კოკის ლექსოს და ჩამოსცილებოდა, ძმის წინ ჩაჩოქილიყო და სახეზე ხელებით ეფერებოდა. კოკი კი თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, თითქოს ვიღაცას ეძებდა. თითქოს კი არა, აშკარად ეძებდა ვიღაცას და ვიცოდი, ის ვიღაცა მე ვიყავი.

უცნაური ის იყო, რომ ლექსოს ცოლი არსად ჩანდა. ალბათ შინ მოცდა არჩია. ვინ იცის, იქნებ ჩემსავით საშინლად მგრძნობიარეა და მეუღლის დანახვისას აქვე გაშხლართულიყო გონწასული...

ისევ დავხარე თავი, რომ კოკის ჩემთვის თვალი არ მოეკრა. საშინელ გუნებაზე დავდექი. ოცდაოთხი საათის წინ მიღებული გადაწყვეტილება, რომელმაც ეიფორიაში ჩამაგდო, ახლა ნამდვილ სიგიჟედ მეჩვენებოდა. ჩემი ყველა შიში ახალი ძალით დამიბრუნდა უკან.

როგორ ვიჩქარე, სიყვარულში რომ გამოვუტყდი. რა მრჯიდა? ვერ მოვითმინე? რატომ დავიმცირე ასე თავი? ახლა რაღა უნდა ვუთხრა, როცა კარს მომადგება? მოგატყუე-მეთქი? პატარა ბავშვი ხომ არ ვარ? იქნებ ვუთხრა, მოგესმა-მეთქი? არა, რა სისულელეა, იმდენ ხანს ვუხსენით ერთმანეთს სიყვარული, `მოგესმა~ ნამდვილად არ გამოდგებოდა.

ისევ გამახსენდა ის ჟურნალი, კოკი და ლექსოს და რომ იყვნენ გარეკანზე გამოჭიმულები. იმ სურათში ამ გოგოს ყვითელი კაბა ეცვა. `გალიის ჩიტიც~ ამის გამო შევარქვი, ყვითელ თუთიყუშს ჰგავდა. საინტერესოა, კოკი როგორ ახსნის ამ ფაქტს?

როგორ მინდოდა, ამწუთასვე დამერეკა მისთვის და მეკითხა, რატომ ეხვეოდი ასე უსირცხვილოდ შენი ძმაკაცის დას-მეთქი, მაგრამ ვიცოდი, ამას არ გავაკეთებდი. ნუთუ მისი ნდობა არ შეიძლება?

გული მეუბნებოდა, რომ შეიძლებოდა, ამ გულს ხომ უყვარდა იგი, მაგრამ თვალები? თვალები რომ სხვა რამეს ხედავდნენ? ეს არ იყო ის შემთხვევა, როცა თვალი იტყუება.

როგორც იქნა, სახლამდე მივაღწიე და სააბაზანოში შევვარდი. სახე ცივი წყლით ჩამოვიბანე. როცა სარკეში ჩავიხედე, საშინლად გაფითრებული მეჩვენა ჩემი სახე.

-საწყალი გოგო, -შემეცოდა ჩემი თავი, -გეყოფა ტირილი, ხომ ხედავ, როგორ დაიღალე.

ვიცოდი, რომ მალე დამირეკავდა, მაგრამ ტელეფონში არაფრის კითხვას არ ვაპირებდი. როცა შევხვდებოდი, ამაზე მერე ჩამოვუგდებდი საუბარს. თვალებში რომ შევხედავდი, უსიტყვოდაც მივხვდებოდი ყველაფერს. არა, სიყვარულს არ გავექცევი. ზრდასრულმა ქალებმა ყოველგვარ წინააღმდეგობას თამამად უნდა გაუსწორონ თვალი. სულაც არ მოვაჩვენებ, ვითომ არაფერი მომხდარა, პირიქით, მაშინვე მოვთხოვ ახსნა-განმარტებას.

დრო გადიოდა, ის კი არ რეკავდა.

-კოკი, გთხოვ, დამირეკე, ამიხსენი, რა მოხდა, ოღონდ ისე, რომ დავიჯერო, -ვიწექი დივანზე და ჩემთვის ვჩურჩულებდი.

როგორ არ მინდოდა, კიდევ ერთხელ გამომეცადა ცხოვრებაში იმედგაცრუება. მაინც არ ამცდა. როგორ მინდოდა, ერთხელ მაინც დამეჯერებინა, რომ ნამდვილი სიყვარული არსებობს... მაინც ვერ დავიჯერე. არადა, როგორი იმედი მაჩუქა, რომ ბედნიერი ვიქნებოდი. ნეტავ შევძლებ, პირდაპირ ვკითხო, რა აკავშირებს ლექსოს დასთან? პასუხის მიღების შემთხვევაში ხომ მოსალოდნელია, სამუდამოდ დავკარგო იგი? გავუძლებ კი? არ მინდოდა ახლა განვეხიბლე ცხოვრებას, სწორედ მაშინ, როცა ვიგრძენი, რომ სიცოცხლე მშვენიერია.

არც მეორე დღეს დარეკა. მოსაღამოვდა, მისგან კი არაფერი ისმოდა. როგორც ჩანს, მართლა ყველაფერი დამთავრდა. ალბათ ჩამოფრინდა და მას შეხვდა თუ არა, მიხვდა, რომ არჩევანი იმ გოგოს სასარგებლოდ უნდა გაეკეთებინა.

უკვე აღარ ველოდი მისგან ზარს. საბოლოოდ ჩავიქნიე ხელი მოსალოდნელ შეხვედრაზე და სასოწარკვეთილი დივანზე მივწექი. ახლა მხოლოდ ეს დივანი იყო ჩემი ნავსაყუდელი.

მაგრამ შევცდი. საღამო ხანს კარზე ზარი გაისმა და შინ მომადგა. არ მახსოვს, კარი როგორ გავაღე. არც ის მახსოვს, როგორ შემოვიდა ოთახში. მახსოვს მხოლოდ ის, რომ ხელში ამიტაცა და მკერდზე მჭიდროდ მიმიკრა.

მისმა შეხებამ ჯადოსავით იმოქმედა ჩემზე. მან თმა უკან გადამიწია და ჩურჩულით ამოთქვა:

-დაუჯერებლად ლამაზი მყავხარ.

-აჭარბებ, -ცივი ღიმილით მივუგე და მისი მკლავებიდან თავი დავიხსენი.

-ერთი ამას დამიხედეთ, -გაიცინა კოკიმ, -მთელი დღე თვითმფრინავში შენზე ფიქრში გავატარე, შენ კიდევ ისე არხეინად მხვდები, თითქოს გუშინ დავშორდით ერთმანეთს.

-სამაგიეროდ, სხვები შეგხვდნენ ისე, როგორც შენ შეგეფერებოდა, -მწარედ ვუკბინე.

გაოცება შეეტყო სახეზე, წარბები აზიდა.

-რით დავიმსახურე შენი რისხვა? რამე მივქარე? რატომ არ დამხვდი აეროპორტში? თვალები დამეღალა აქეთ-იქით ყურებით.

-ჩემს საძებნელად სად გეცალა, როცა სხვისი კოცნით იყავი დაკავებული.

-რა? რით ვიყავი დაკავებული? გინდა მითხრა, რომ დამხვდი და ვერ დაგინახე?

-ჰო, დაგხვდი, მაგრამ არ შეგეგებე, რადგან ერთი ლამაზი გოგო ისე გკოცნიდა, სიამოვნება ვერ ჩავუშხამე.

-მეგიზე ამბობ? -უეცრად ხარხარი აუტყდა, -სულელო, ის ხომ ლექსოს დაა.

-მაგრამ დები ასე არ კოცნიან ძმის მეგობრებს! -ნირი წამიხდა. თურმე მეგი რქმევია, რა უგემოვნო სახელია!

-ის ბავშვი ჩემს ხელში გაიზარდა, გესმის? იმდენად იყო გახარებული ჩვენი დანახვით, რომ აღარ იცოდა, რას აკეთებდა. კარგი რა, ნახე შენც მეტოქე, აი! -მან ისევ სცადა, მკერდში ჩავეკარი, მაგრამ ამის უფლება აღარ მივეცი.

-ბავშვი? -უკვე წონასწორობას ვკარგავდი, -გოგონა პარამეტრებით 90-60-90 ბავშვი უკვე აღარ არის! შენ შეიძლება ამას ვერ ამჩნევ.

-ბაბი, ის ჯერ მხოლოდ ცხრამეტი წლისაა.

-და მერე რა? ბევრი კაცი დადის მასზე ათი და თხუთმეტი წლით უმცროს გოგოსთან და ქორწინდებიან კიდევაც!

-შენ ეჭვიანობ... -კმაყოფილებით ჩაილაპარაკა.

-სულაც არა, -ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე, -უბრალოდ, არ არის ლამაზი, როცა ასე უსირცხვილოდ იქცევიან ამდენი ადამიანის თვალწინ.

-არა, ეჭვიანობ, -ღიმილით გაიმეორა მან, -ეჭვიანობ გოგოზე, რომელმაც თვითონაც არ იცის, რას სჩადის. ის გიჟია, გადარეული, ყველას საგონებელში გვაგდებს. ვხედავ, კარგა გვარიანი დრო დამჭირდება, რომ ჩემს სიყვარულში დაგარწმუნო. მაგრამ ამას მოვახერხებ, გპირდები. ოღონდ დიდი ხანი უნდა გავატარო შენ გვერდით. თაფლობის თვეზე რას იტყვი? მინდა, ბოლომდე გაგიცნო. მინდა ვნახო, როგორი ხარ, როცა გძინავს, როცა მეფერები, როცა ბრაზობ, როცა ეჭვიანობ... განსაკუთრებით, როცა ეჭვიანობ.

-კოკი...

-თქვი, უბრალოდ, ჰო-თქო.

-მაგრამ...

-არავითარი მაგრამ, -უეცრად მომიახლოვდა და ტუჩებზე დამაცხრა, -თვეებია, ეს `მაგრამ~ მესმის და გვერდი ვერ ავუქციე. ახლა კი მითხარი, ხარ თუ არა თანახმა, ჩემი ცოლი გახდე?

ცდუნებას ვეღარ გავუძელი და ჩუმად წარმოვთქვი:

-ჰო, თანახმა ვარ.

-სწრაფი, რაც შეიძლება სწრაფი ქორწილი, აი, რა გადაგვარჩენს.

-ჰო, -კვლავ გავიმეორე.

-ახლაღა მივხვდი, როგორ შეიძლება შენი დარწმუნება, -გაიცინა და ხელში ამიტაცა. თან მკოცნიდა, თან მეჩურჩულებოდა, -არასდროს შეგეპაროს ეჭვი ჩემს სიყვარულში, გესმის? არასდროს. ჩვენ ერთად დავამარცხებთ ყველა შიშს და ეჭვს. შენ ამიერიდან მარტო არ ხარ, საყვარელო. ბოლო ამოსუნთქვამდე შენ გვერდით ვიქნები.

მკერდზე მჭიდროდ მივეკარი და სიამოვნებისგან კვნესა აღმომხდა...

-ახლა კი აი, ჩემი საქორწინო საჩუქარი. დილიდან ამ საქმეზე დავრბოდი და, როგორც იქნა, მოვაგვარე, -თქვა მან და გულის ჯიბიდან ორი ბილეთი დააძრო.

-ეს რა არის? -გაოცებულმა ავხედე.

-ეს ორი ბილეთია წალკოტამდე.

ვერაფერი გავიგე.

-თაფლობის თვეს ამ მისამართზე გავატარებთ. -მხოლოდ ეს მითხრა და კვლავ მომეხვია...

ქორწილი ძალზე მოკრძალებული გვქონდა. ნამდვილად არ მინდოდა, პრესას გაეშუქებინა ჩვენი დაქორწინება. სამაგიეროდ, ყველა ის ადამიანი დავპატიჟეთ, ვინც ჩვენთვის ძვირფასი იყო.

საუკეთესო კაბა მეცვა, რომელიც მან ამერიკიდან ჩამომიტანა და ამაზე ბოლო დღემდე არაფერი მითხრა. არც ის ჩათვალა არაფრად, რომ პატარძლის კაბა ჯვრისწერამდე ნანახი ჰქონდა. ცრურწმენები არ აშინებდა. ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ ამ ბედნიერებისგან ვიხრჩობოდი.

მაისის თბილი, მზიანი დღე იდგა. ვის გაუგონია მაისში ქორწილი, მაგრამ მან ასე მოისურვა, მოცდა არ უნდოდა და არც შეეძლო. ყველაფერს უკუღმა აკეთებდა, რაც ოჯახის შექმნასთან იყო დაკავშირებული. რესტორანის დარბაზი მხოლოდ ჩვენი სტუმრებით იყო გადავსებული. ყველა ცეკვავდა და თავისებურად ერთობოდა.

ქეიფის ბოლოს კი ჩვენ გავიპარეთ. წინ თაფლობის ტკბილი თვე გველოდა. ახლა ბათუმის მატარებლისკენ მივიჩქაროდით, ოღონდ არ ვიცოდი, მაინცდამაინც ბათუმი რატომ აირჩია.

-ერთი სული მაქვს, ვნახო, სად მიგყავარ, -ვუჩურჩულე, როცა ჩვენს ვაგონში შევედით.

-ჩემგან ასეთ საქორწინო მოგზაურობას არ ელოდი, არა? ალბათ გეგონა, სადმე საზღვარგარეთ გადაგაფრენდი, ხომ? მაგასაც მოესწრები, ოღონდ იქამდე შენი ახდენილი ოცნება უნდა განახვო, მერე კი, თუ გინდა, კანარის კუნძულებზე გადავფრინდეთ.

-რა ოცნება? -თვალები დავაჭყიტე.

-შენ ხომ გინდოდა, საკუთარი სახლი გქონოდა და ისეთივე ლამაზი ბაღი, როგორც მამიდაშენს აქვს? ჰოდა, ახლა შენც გაქვს. ქობულეთში, ზღვის სანაპიროზე ისეთი წალკოტი მოგიწყვე, შეიძლება გაგიჟდე. აი, სურათები ამ კონვერტშია, -თქვა და გულის ჯიბიდან ამოღებული ცისფერი კონვერტი მომაწოდა.

ვათვალიერებდი სურათებს და თვალებს არ ვუჯერებდი. ისეთი ლამაზი სახლი იყო და ისეთი ლამაზი ეზო, ენა ჩამივარდა. ირგვლივ ყველგან ყვავილები იყო გაფურჩქნილი. სრულიად სხვადასხვა სახეობის, სხვადასხვა ფერის, სხვადასხვა ზომის...

-ეს ყველაფერი ჩემთვისაა?

-შენთვის და ჩემთვის. გახსოვს, ორი კვირა რომ დავიკარგე? ამ საქმეს ვაგვარებდი მაშინ.

ბედნიერებისგან სუნთქვა შემეკრა. რას ვიფიქრებდი, ასეთი გაგრძელება თუ ექნებოდა ჩემს ერთფეროვან ცხოვრებას. რაც აქამდე დამაკლდა, ზვავივით უცებ დამატყდა თავს. აქეთ-იქით გაბნეულმა ბედნიერების ნამსხვრევებმა თითქოს ერთად მოიყარა თავი და ერთ მთლიანობად იქცა...

ვათვალიერებდი სახლის ყოველ კუთხე-კუნჭულს და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ასეთ რამეს სიზმარში თუ ვნახავდი მხოლოდ.

-ოჰ, კოკი, სიტყვები არ მყოფნის, რომ გითხრა, როგორ მიყვარხარ, -აღტყინებული ერთსა და იმავეს ვიმეორებდი.

-არაფრის თქმა არ გჭირდება, ბაბი, შენ მთელი ცხოვრება გაქვს დარჩენილი, რომ შენი სიყვარული დამანახვო. სიტყვები აღარ იქნება საჭირო. ახლა მაინც გჯერა ჩემი?

-რა თქმა უნდა, მჯერა...

მკერდზე სასოებით მივეყრდენი. წინ მთელი მარადისობა გველოდა -ნათელი, ბედნიერებით და სიხარულით სავსე. მჯეროდა, რომ მთელ ჩემს სიყვარულს მას მივუძღვნიდი. ეს ჩვენი ბედი იყო. ჩვენ ერთად ვიქნებოდით, სანამ გული ორივეს გვიცემდა.

დღეიდან სრულყოფილი ცხოვრება გველოდა, ცხოვრება, რომელიც სავსე იყო დიდი სიყვარულით...

დასასრული