თვითმკვლელობა დაკვეთით (თავი II) - გზაპრესი

თვითმკვლელობა დაკვეთით (თავი II)

მესამე დღეა, მაიკოს ცხვირი არ გამოუყვია გარეთ. წამლების ყიდვაც ვერ მოახერხა. იმ დღეს, სასაფლაოდან რომ ბრუნდებოდა, ზედ გაჩერებასთან, ცუდად გახდა. ცივმა ოფლმა დაასხა, თვალთ დაუბნელდა და მიხვდა, რომ გული მისდიოდა. კიდევ კარგი, გაჩერებაზე სხვებიც იდგნენ, მაშინვე მისცვივდნენ, გარს შემოეხვივნენ, სკამზე დასვეს. ვიღაცამ საკინძე გაუხსნა, ვიღაცამ წყალი გააჩინა, აპკურეს, სახეში ხელები ურტყეს, უყვირეს, უძახეს და თვალიც გაახილა. მალე სასწრაფო დახმარების მანქანაც გაჩნდა და მაიკო რამდენიმე წუთში საავადმყოფოში აღმოჩნდა.

შუადღე გადასული იყო, ამიტომ საავადმყოფოში მხოლოდ მორიგე ექიმი დახვდა. დააწვინეს, გადასხმა გაუკეთეს და ისტორიის შევსებას შეუდგნენ. როცა ექიმმა გაიგო მაიკოს გასაჭირი, შეცბა. სათნო ქალი იყო, ასაკოვანი, მაგრამ კარგად მოვლილი. ნუცა ექიმი - ასე გაეცნო მაიას. მისი მკურნალი ექიმის დანიშნულებასაც გაეცნო. კარგა ხანს დაჰყურებდა წამლების სიას, რომლის ყიდვაც მაიამ ვერ მოასწრო. მერე სათვალე მოიხსნა, შეფიქრიანებულმა თავი გვერდზე გადახარა, სათვალის ყური კბილთან მიიკაკუნა და თქვა.

- მე თქვენ ერთი ძალიან კარგი ექიმის კოორდინატებს მოგცემთ და აუცილებლად მიდით მასთან. ეს დანიშნულებაც მიუტანეთ. დღესვე მიდით, არ გადადოთ, მოცდის დრო არ არის, ხომ ხვდებით? აი, ამ კლინიკაში მიხვალთ და ბატონ თემურს იკითხავთ. განყოფილების გამგეა. ჩემი სახელით მიდით, მანამდე მე დავურეკავ. რაც საჭირო იქნება, ყველაფერს გააკეთებს, ქიმიოთერაპიასაც, ამასაც, იმასაც...

- ქიმიოთერაპიას არ ვაპირებ, - კატეგორიული ტონით განაცხადა.

- რატომ, სიკვდილი გინდათ? - ხმა გაუცივდა ნუცას.

- არ ვიცი... უკვე აღარაფერი ვიცი.

- აი, ხომ ხედავთ, თქვენც კი გეცოდებათ თქვენი თავი. სიკვდილი არავის არ უნდა. ასე რომ, ნუ დააყოვნებთ, მიდით და თემო თვითონ მოგხედავთ. მან იცის თავისი საქმე და ისიც, როგორ მიუდგეს პაციენტს.

ნუცა ექიმმა ქაღალდზე ლამაზი კალიგრაფიით დაწერილი მისამართი, ტელეფონის ნომერი და ექიმის გვარ-სახელი გამამხნევებელი ღიმილით მიაწოდა.

- წამლების ყიდვას ნუ იჩქარებთ, სანამ მაგ დანიშნულებას თემოს არ აჩვენებთ! - მიაძახა, სანამ მაია კარს გაიხურავდა.

რა თქმა უნდა, მაშინვე არ გაქცეულა მითითებულ მისამართზე. სუსტად იყო, თავბრუ ესხმოდა. წამოწოლა და ძილი უნდოდა, სხვა არაფერი. ტაქსი გააჩერა, შინ დაბრუნდა და მაშინვე ლოგინში შეწვა.

და აი, სამი დღეა, გარეთ არ გასულა. არც დღეს აპირებდა გასვლას, რადგან კვირა იყო, არც ხვალ, რადგან ორშაბათს ექიმთან მისვლა არ უყვარდა. როგორმე სამშაბათს უნდა დალოდებოდა. თუმცა, რაც სახლშია, ცუდად არ გამხდარა, თითქოს გადასხმა მოუხდა. თითქოს კი არა, როგორც ჩანს, მართლა მოუხდა. სუნთქვაც გაუადვილდა.

ეს დღეები ძალიან ბევრს ფიქრობდა სიკვდილ-სიცოცხლეზე. ეშინოდა სიკვდილის? უფრო კი, ვიდრე არა. როცა ვინმეზე გაიგებდა, სიმსივნე აქვს და გადადებულიაო, ყოველთვის ძალიან განიცდიდა, თვეობით ფიქრობდა ხოლმე იმ ადამიანზე, იცოდებდა, თანაუგრძნობდა. ვიშვიშებდა, რა ეშველებაო. ახლა თვითონ იყო განწირული და ვერაფერს გრძნობდა. არც ტიროდა, არც განიცდიდა, თუმცა დღედაღამ თავის სენზე ფიქრობდა. რაღა მას შეეყარა? რატომ დაისაჯა ასე? ცუდი რა გაუკეთებია? ყველაზე მეტად ამის ეშინოდა - წამებით სიკვდილის. სულ იმას ნატრობდა, ოღონდ კიბომ არ მომკლას და რაც გინდა, დამემართოსო. შურდა იმ ადამიანების, ღამით რომ იძინებდნენ და დილით გარდაცვლილი რომ ხვდებოდათ ოჯახის წევრებს საწოლში. ასეთი ადამიანები ბედნიერად მიაჩნდა.

განა ტკივილის გაძლება არ შეეძლო... რა თქმა უნდა, შეეძლო. საოცარი მოთმინების უნარი ჰქონდა. როცა რამე ასტკივდებოდა, წამოწვებოდა, ოთხად მოიკუნტებოდა და ყურს უგდებდა თავის ტკივილს, როგორ იშლებოდა და იკუმშებოდა ორგანიზმში. თითქოს თვითონაც შედიოდა მასში, თითქოს ეწინააღმდეგებოდა, ტკივილის შემოტევას სხვა, რაღაც უჩინარ ძალას უპირისპირებდა... და ასე, მოთმინებით ელოდებოდა, როდის დაუამდებოდა. წამალს იშვიათად იღებდა, არ უყვარდა წამლები, მაგრამ თუ შეტევა გაუსაძლისი ხდებოდა, მაშინ იძულებული იყო, დაელია. ფილტვებს საერთოდ არასდროს უჩიოდა, ბავშვობის შემდეგ. საშიშროებას უფრო მეტად კუჭიდან ელოდა, რადგან თორმეტგოჯაზე წყლული ჰქონდა და როგორც კი დიეტას დაარღვევდა, ეგრევე ძლიერი ტკივილები ეწყებოდა.

ახლაც გულძმარვამ შეაწუხა. ადგა, წყალი შეათბო, ჭიქაში სოდა ჩაყარა, თბილი წყალი დაასხა, კოვზით მოურია და სვენებ-სვენებით დალია. შვება უმალვე იგრძნო. მალე გულძმარვამაც გაუარა. `მომკლავს ეს სოდა~, - გაიფიქრა სახედაჭყანულმა და კომპიუტერს მიუჯდა. უკვე გვიან იყო, უნდა დაწოლილიყო. ბოლო დროს ადრე წვებოდა და ადრე დგებოდა. სამუშაოს ვეღარ უდებდა გულს, რამდენი დღეა, ერთი სტრიქონიც არ დაუწერია. არა, მოუწევს ექიმთან მისვლა. ცოტა უკეთ თუ არ გახდება და თვალებში არ გამოიხედავს, წიგნის დამთავრებას ვერ ეღირსება.

ფეისბუკი გახსნა. უცნაური ის იყო, რომ მოულოდნელად პაროლი დაავიწყდა. იმდენჯერ შეცვალა, რომ აღარ ახსოვდა, ბოლოს რა დააყენა. კარგა ხანს იფიქრა. ეს გულმავიწყობა რაღაზე დასჩემდა? იქნებ სტრესის ბრალია? მაგრამ რომ არ ნერვიულობს? სტრესი რატომ უნდა ჰქონდეს? ალბათ ჰგონია, რომ არ ნერვიულობს, შინაგანად კი, როგორც ჩანს, დაძაბულია. ხუმრობა ხომ არ არის, კიბო ნელ-ნელა ედება მის ორგანიზმს. ჰო, ალბათ. ალბათ ფარული სტრესი აქვს.

აჰა, გაახსენდა! პაროლად ამას წინათ `პაროლი 13~ დააყენა... აი, შევიდა...

მხოლოდ ერთი წერილი დახვდა, თათიას მოეწერა, თავის კლასელს, რომელთანაც ურთიერთობა დღემდე შეინარჩუნა. ამ დღეებში გამოგივლიო, მეგობარი სწერდა. თვითონაც მისწერა, გელოდები, სულ სახლში ვარო და კოცნა გაუგზავნა.

საძიებელში შევიდა და ლეონის მოძებნას შეუდგა. არ ეგონა, ამდენი ლეონი თუ იქნებოდა. უმრავლესობას ჟან რენოს სურათი ეყენა მთავარ ფოტოდ ან ნატალი პორტმანის. სათითაოდ ყველასთან შევიდა. იცოდა, რომელი ლეონიც სჭირდებოდა - ის, ვისაც არც ერთი მეგობარი არ ეყოლებოდა.

როგორც იქნა, მიაგნო. მას მხოლოდ ლეონი არ ერქვა, სახელის გვერდით ფრჩხილებში `პრინცი კედებში~ მიეწერა. გაუხმეს თავი! პრინცი არა, ტოროლა! გაეღიმა. სურათიც შესაბამისი დაეყენებინა `ლეონს~. ფოტოზე წითელკედებიანი ფეხები მოჩანდა მხოლოდ, იქვე თეთრი ბურთი იდო, ბურთზე კიდევ სნაიპერის `ვინტოვკა~ იყო მიყუდებული.

ეს სწორედ ისაა, ვისაც ეძებს. კარგია, რომ იპოვა. მის კედელზე გადავიდა. ლეონს მხოლოდ ფოტოები ედო - ყვავილების, გზების, ტბების, ჩანჩქერების... ჰმ... რომანტიკოსი ყოფილა, - დაასკვნა მაიკომ.

ახლა მთავარია, ახალი პროფილი შექმნას, აქედან ხომ არ მისწერს? მან არ უნდა გაიგოს, ვინაა, თორემ ალბათ გადაირევა - სულელია ვიღაც, საკუთარ თვითმკვლელობას მიკვეთსო.

სასწრაფოდ შეუდგა ახალი გვერდის გაკეთებას. საფოსტო მისამართიც სხვა მიუთითა, სათადარიგო რომელიც ჰქონდა, ტელეფონის ნომრად კი ნიკას ნომერი მოიშველია, რომელიც არ გაუუქმებია, ქმრის ტელეფონით დღესაც სარგებლობდა.

რამდენიმე წუთში პროფილი მზად იყო. `პიმპუ~ დაირქვა, რომ უცხო ადამიანების ყურადღება არ მოეზიდა. მამა ეძახდა ასე ბავშვობაში.

ინტერნეტიდან ზოგადი ფოტოები ამოიღო და ორიგინალური სურათებით გვერდი გაალამაზა. ესეც ასე. ახლა მთავარია, დაეკონტაქტოს. უფრო სწორად, მაიკომ მისწეროს და ლეონი კონტაქტზე გამოვიდეს. დაიწყო ფიქრი, რა მიეწერა. სანდოობის მომეტიც უნდა გაეთვალისწინებინა. ვიღაც უცხოს კაცის მკვლელი ალბათ ასე ადვილად არ ენდობოდა. რამდენჯერმე დაალაგა წინადადებები გონებაში, მერე კლავიატურაზე აკრიფა, მაგრამ სანამ გაგზავნიდა, გადაიკითხა. სიტყვები გადაალაგ-გადმოალაგა, წაშალა, ხელახლა დაწერა და ბოლოს, როცა ყველაფერი გაასწორა, `ენტერს~ დაუწკაპუნა და წერილი გაგზავნა.

`გამარჯობა, ლეონ! თქვენთან დაკავშირება ერთმა ჩვენმა საერთო ნაცნობმა მირჩია, ვასილ ბაღდავაძემ, პოლკოვნიკმა. თქვენი დახმარება მჭირდება. არ ვიცი, როდის ნახავთ ჩემს წერილს, მაგრამ საჩქარო არ არის. როცა მოგიხერხდებათ, მომწერეთ, რომ დაგელაპარაკოთ~.

ის იყო, ფეისბუკიდან გამოსვლას აპირებდა, რომ პასუხი მოუვიდა:

- ვინ ხართ?

გული ლამის გაუჩერდა. ჯერ ერთი, ასე უცებ საპასუხო წერილს არ ელოდა. რას იფიქრებდა, ამ დროს ეს კაცი თუ აქ იქნებოდა. თითქოს ჩასაფრებული იყოო. ხელები აუკანკალდა. თითები სასწრაფოდ მოისრისა და გამალებით შეუდგა წერას.

- რა მნიშვნელობა აქვს? მე ხომ არ გეკითხებით, თქვენ ვინ ხართ? - და `გაუღიმა~.

პასუხმა ერთხანს დააყოვნა. მერე ლეონმა კვლავ მოიწერა:

- რა საქმე გაქვთ?

- რა საქმესაც თქვენ ასრულებთ, - ახლა უკვე თამამად მისწერა.

- ვასოს საიდან იცნობთ?

- ახლობელია ჩემი.

- ახლობელი?

- ჰო. ჩემი მეუღლის ძმაკაცია, თავდაცვის სამინისტროში.

- ქალი ხართ?

მაიკოს გამეღიმა. ამას ალბათ არ ელოდა. რა სულელია, რას ახსენა მეუღლე და ძმაკაცი? ეთქვა, ჩემი მეგობარიაო. ახლა უკან დახევას აზრი არ ჰქონდა.

- კი, ქალი ვარ, - და კვლავ `გაუღიმა~. სხვა სმაილების დასმა არც იცოდა. ერთადერთი ღიმილი იყო ხოლმე, რასაც იყენებდა.

- აჰა... ეგღა მაკლდა, - ახლა მან `გაუღიმა~.

- რატომ, რა არის ამაში ცუდი?

- არ ვიცი... იქნებ არც არაფერი. უბრალოდ, ქალებთან საქმიანი ურთიერთობა ჯერ არ მქონია.

- ესე იგი, გაგიმართლათ.

- მე თუ თქვენ?

მაიას გაეცინა. მართლაც, მას უფრო გაუმართლა, ვიდრე ლეონს.

- ორივეს, - მაინც არ გაიტეხა იხტიბარი და ახლა ორი ღიმილი გაუგზავნა.

- რა შინაარსისაა თქვენი შეკვეთა? ქალს ეხება თუ კაცს? - პირდაპირ საქმეზე გადავიდა. როგორც ჩანს, ვასიკოს ხსენებამ გაჭრა.

- ქალს.

- ქალს? რა დააშავა? ქმარი წაგართვათ თუ თანამდებოდა? - და შეკითხვას თვითონაც ორი ღიმილი მოაყოლა.

- არც ერთი და არც მეორე.

- ვა! ეგ როგორ?

- ჩვეულებრივად. მიზეზის დასახელება არ მსურს. ვფიქრობ, ამას საქმესთან კავშირი არა აქვს. ხომ მეთანხმებით?

- გასაგებია. თანამდებობა? სოციალური ფენა? ცნობილი პროვნებაა? ასეთებზე არ ვმუშაობ.

- არა, ჩვეულებრივი ადამიანია, როგორც თქვენ და მე.

- თქვენ რა იცით, მე როგორი ვარ? იქნებ არაჩვეულებრივი ვარ?

- თქვენზე ბევრი რამ ვიცი.

- მაგალითად?

- მაგალითად ის, რომ ცნობილებს არ `ერჩით~, საქართველოში იშვიათად მუშაობთ და ასე შემდეგ.

- ჰოდა, რატომ გგონიათ, რომ თქვენს საქმეს მივხედავ?

- არ ვიცი, მე უბრალოდ, ვცადე.

- უარი რომ ვთქვა?

- მაშინ სხვას მოვძებნი.

- ასე ადვილად? გგონიათ, ასე ადვილია?

- ადვილი არაფერია, ფაფის ჭამაც კი, - და ისევ `გაუღიმა~.

- კარგი. მომიყევით, აბა, რა ხდება და პასუხს ბოლოს გეტყვით.

- ისეთი არაფერი. ერთი ჩვეულებრივი ქალია. მარტო ცხოვრობს. არავინ არ ჰყავს. ადვილად მოსაგვარებელი საქმეა. მისი სახლის წინ კორპუსია, ბოლო სართულზე სარდაფი და ლიფტის ოთახია. მოკლედ, ადვილი და უსაფრთხო საქმეა.

- ისე ლაპარაკობთ, თითქოს დიდი გამოცდილება გქონდეთ. თან სიტყვებს ფრთხილად არჩევთ. თამამად დაწერეთ, აქ ამას ვერავინ წაიკითხავს.

- იმიტომ ვფრთხილობ, რომ... რა ვიცი, ვინმეს გაშიფვრა რომ მოუნდეს... ხომ იცით, ძალიან მარტივია სხვისი წერილების ამოღება.

- ამაზე ნუ დარდობთ. უსაფრთხოების ყველა წესი დაცული მაქვს.

- თქვენ შეიძლება დაცული გაქვთ, მაგრამ ჩემი ხომ არ იქნება დაცული?

- იქნება. როგორც კი საუბარს დავასრულებთ, თქვენთანაც ყველაფერი ავტომატურად წაიშლება.

დაუჯერებელ რაღაცას ეუბნებოდა. ასეთი რამ პირველად გაიგო, მაგრამ არაფერი უთქვამს. ვნახოთ, რამდენად მართალია ბატონი ლეონი.

- სურათი და მისამართი დამჭირდება. - მოიწერა ლეონმა ცოტა ხანში.

- მე კიდევ ჰონორარი რამდენი მექნება გადასახდელი, იმის გაგება მჭირდება.

- თქვენ რამდენს გადამიხდით? - სიცილი გამოგზავნა.

- რა ტაქსის მძღოლივით მევაჭრებით? - გაბრაზდა მაიკო.

- თუ ჩემზე ბევრი რამ იცით, მაშინ ისიც უნდა იცოდეთ, რამდენს ვიღებ საქმეში.

- ყველა საქმეში ხომ ერთნაირად არ გიხდიან? თქვენ თქვენი მითხარით, მე ჩემსას გეტყვით.

- ჰოდა, თქვენ თქვით ჯერ, ქალი ხართ და უნდა დაგითმოთ.

- ეგრე არ გამოვა. მე რომ ასი დოლარი გითხრათ, დამთანხმებით?

- სცადეთ... იქნებ ვთანხმდები, - და ღიმილი დახატა.

- ეგ არასერიოზული დამოკიდებულებაა, ლეონ. მეგონა, სერიოზულ ადამიანთან მქონდა საქმე, თან პროფესიონალთან.

- სერიოზულთან არა, პროფესიონალთან - კი.

- მაშინ დაასახელეთ არასერიოზული პროფესიონალის სამუშაოს გასამრჯელო!!! - გაბრაზება ძახილის ნიშებით გამოხატა.

- კარგი. რახან ქალისგან პირველად ვიღებ საქმეს... 9.

ეს 9 ვერ გაიგო მაიკომ, რას ნიშნავდა.

- 9 რა?

- და სამი ნული.

- დოლარებში?

- თქვენ ევროში გირჩევნიათ?

- არა, მე ლარებში მირჩევნია.

ლეონმა სიცილით `აიკლო~. კარგა ხანს მხოლოდ მოცინარ სმაილებს გზავნიდა.

- რატომ იცინით?

- იმიტომ, რომ ახლა თქვენ მევაჭრებით ტაქსის მძღოლივით.

მოკლედ, საქმე ისე წავიდა, რომ ლამის იჩხუბეს. დაქირავებული მკვლელი ბევრს ითხოვდა, ამდენის გადახდას ნამდვილად არ აპირებდა. თან მწარედ ეცინებოდა, რომ საკუთარი თავი ცხრა ათასი დოლარიც არ უღირდა.

უხსნიდი, რომ მისი სამიზნე არც პოლიტიკოსი იყო და არც ცნობილი პიროვნება, ამიტომ თანხისთვის უნდა დაეკლო. ამ საქმეს არავითარი გართულება არ მოჰყვებოდა, ყველაფერი წამში დამთავრდებოდა და სანამ ვინმე გონს მოეგებოდა, თვითონ უკვე შორს იქნებოდა წასული.

როგორც იქნა, ექვსი ათას ლარზე შეთანხმდნენ. ნახევარი წინასწარ უნდა ჩაერიცხა მისთვის მაიას, ნახევარი - საქმის დამთავრების შემდეგ.

ისევ გაეცინა. საქმე რომ მომთავრდებოდა, ფულს ვინღა გადაურიცხავდა? ამიტომ შესთავაზა, მეორე ნახევარს ერთი დღით ადრე ჩაგირიცხავო. სამაგიეროდ, უნდა დალოდებოდა.

- მე თქვენ ფოტოს გამოგიგზავნით და მისამართსაც. დააკვირდით, შეისწავლეთ კარგად ობიექტის გარეგნობაც და მარშრუტიც. ხოლო როცა საჭირო იქნება, მოგწერთ და საქმეს ბოლომდე მიიყვანთ.

- ანუ არ გეჩქარებათ?

- არა, არ მეჩქარება.

- მაშინ წინასწარ რატომ დამიკავშირდით?

- იმიტომ, რომ არ ვიცოდი, მოვახერხებდი თუ არა თქვენთან დაკავშირებას.

ერთი სიტყვით, საერთო შეთანხმებას მიაღწიეს. მაიკოს ორ დღეში 3 ათასი უნდა გადაერიცხა ლეონისთვის, ოღონდ არა მის პირად ანგარიშზე, არამედ სულ სხვა, რაღაც ორგანიზაციის ანგარიშზე. არც გაჰკვირვებია, მკვლელი სიფრთხილეს იჩენდა.

- მეც სხვისი სახელით ჩაგირიცხავთ, ასე რომ... ერთმანეთის მოძებნას ნუ შევეცდებით... - ქალმა თავი დაიზღვია.

- თქვენ აპარატიდან ჩარიცხეთ და საერთოდ არ დაგჭირდებათ არავის ვინაობის დაფიქსირება, - ლეონმა რჩევა მისცა.

ეს არ უფიქრია. გონივრული წინადადება იყო, რაც ძალიან მოეწონა, მაგრამ აპარატიდან სამი ათასის ჩარიცხვა ასე ადვილი იყო? მთელი საათი უნდა დაეკარგა ამისთვის. რა მოხდა მერე, დღეს ყველას ასე შეაქვს ფული ბანკში.

როგორც იქნა, საუბარს მორჩნენ და მაია უცნობს დაემშვიდობა. სასაუბრო ფანჯარა ჩახურა, მაგრამ გაახსენდა, ლეონმა რომ უთხრა, ყველაფერი წაიშლებაო და შემოწმება სცადა. ჯერ არაფერი წაშლილიყო. ცოტა ხანს დაელოდა, თავის გვერდზე გადავიდა, გარეშე თვალით შეხედა, როგორი პროფილი ჰქონდა და როცა კვლავ გადაამოწმა ლეონთან მიწერ-მოწერა, მართლაც ყველაფერი წაშლილი დახვდა. ვააა! ნუთუ ასეთებიც ხდება? უნდოდა, მიეწერა, შეექო ოპერატიულობისთვის, მაგრამ მის გვერდს ვეღარ მიაგნო... ნუთუ ისიც წაშალა? ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, წერილებიც წაიშლებოდა. მაგრამ როგორ უნდა მიაწვდინოს ხმა, თუკი პროფილი აღარ ექნება? იქნებ მაიკოსავით ორი გვერდი აქვს მასაც ან მეტი? ალბათ ამიტომ უთხრა, მე თვითონ შეგეხმიანები ამ დღეებშიო... ჰო, ალბათ ამიტომ უთხრა...

თუმცა, ლეონი არც ორი და არც სამი დღის შემდეგ არ შეხმიანებია. მაიას ჩვევად ექცა დაძინების წინ და გაღვიძების შემდეგ ფეისბუკში შევარდნა. ციებიანივით ელოდებოდა მის წერილს. ის კი არ ჩანდა. როგორც ჩანს, მოატყუა. ალაპარაკა, ალაპარაკა და გაქრა. მკვლელი ალბათ დასცინის ახლა, როგორ დაიჯერა ამ ქალმა ჩემი დანაპირებიო. `მეც არ გამიკვირდა, ასე უცებ როგორ დამთანხმდა-მეთქი? როგორი სულელი ვარ~... - საკუთარი მიამიტობით გაწბილებულმა ქვედა ტუჩი მოიკვნიტა.

ხასიათი გაუფუჭდა. იმედი ჰქონდა, რომ ყველაფერი მოაგვარა. მოტყუვდა. ახლა რა უნდა ექნა? ვერაფერსაც ვერ იზამდა, უნდა დალოდებოდა. იქნებ საქმე ჰქონდა და სხვების შეკვეთებზე მუშაობდა? იქნებ სულაც მოულოდნელად მოუწია ქალაქიდან გასვლამ? მაიკომ ეს არ იცოდა. არა უშავს, თუ არაფერი გამოუვა, თვითონ მიხედავს ამ საქმეს. წამლების გადაჭარბებული დოზა და მისი ჯანი! ყველაფერზე წავა, ოღონდ ამ საშინელ სენს თავი არ გააწამებინოს!

ოთხშაბათს ნუცას მოცემული მისამართი ჯიბეში ჩაიდო და კლინიკისკენ გასწია. გარეთი ცრიდა. არა და არ გამოვიდა ამინდი. მოენატრა სითბო, მზე... მხრებაწურული მიუყვებოდა სველ ასფალტს, ქოლგა წინ გადაეწია, თავი ქარისგან რომ დაეცვა. ქარი თითქოს ლამობდა, მისთვის ქოლგა წაერთმია.

თბილ შენობაში რომ შევიდა, მოეშვა. ქოლგა დაკეცა და ცელოფანში ჩადო, რომ ჩანთა არ დაესველებინა. სვენებ-სვენებით ავიდა მეექვსე სართულზე და განყოფილების გამგის კაბინეტს მიადგა. ირგვლივ მიმოიხედა. სიგრძეზე დალაგებულ სკამებზე პაციენტები ისხდნენ და თავიანთ რიგს ელოდებოდნენ.

- ბატონ თემურს ვინმე ელოდება? - იკითხა.

უარის ნიშნად ზოგმა თავი გააქნია, ზოგმა არაო, უპასუხა.

წარწერას კიდევ ერთხელ ახედა. `თემურ სახვაძე, მედიცინის დოქტორი~, - იუწყებოდა წარწერა. კარზე დააკაკუნა. პასუხი არავინ გასცა.

ამ სახელისა და გვარის ბიჭი მეცხრე კლასში უყვარდა. ბორჯომში გაიცნო, დასასვენებლად რომ წაიყვანა ბებიამ. რას იცინებს, ის რომ აღმოჩნდეს...

მოპირდაპირე კაბინეტში შეიხედა.

- ბატონი თემური აქ არის, თუ იცით? - მორიდებით ჰკითხა თეთრხალათიან ქალებს.

- მაღლაა, რეანიმაციაში. დაელოდეთ, მალე ჩამოვა.

კარი მოიხურა და ფანჯარასთან დადგა... უნდა დალოდებოდა...

გაგრძელება საიტზე აიტვირთება ერთი კვირის შემდეგ