თვითმკვლელობა დაკვეთით (თავი III) - გზაპრესი

თვითმკვლელობა დაკვეთით (თავი III)

მაიკო ამ უკანასკნელს მიეკუთვნებოდა. რაღაცის იმედს დაკარგავდა და მაინც იმედი ჰქონდა, რომ ის რაღაც გამოუვიდოდა. ახლაც იდგა ფანჯარასთან თავისი რიგის მოლოდინში და იმედოვნებდა, რომ ლეონი აუცილებლად გამოეხმაურებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ხელი ჩაქნეული ჰქონდა.

ამ დროს განყოფილების გამგის გვერდითა კაბინეტიდან წელში ოთხად მოხრილი პაციენტი გამოვიდა. მამაკაცი იყო, საშუალო ასაკის. სახე ისე გაჰყვითლებოდა, აშკარად ჩანდა, დიდი დღე არ ეწერა. გვერდით ახალგაზრდა ქალი მოჰყვებოდა - ალბათ ცოლი. გული მოეწურა. მასაც ეს დღე ელის, თანაც ძალიან მალე.

გააჟრჟოლა. უეცრად ზურგს უკან სასიამოვნო ხმა მოესმა:

- მე მელოდებით?

იმდენად მოულოდნელი იყო უცხო ხმის გაგონება, რომ შეკრთა და სწრაფად შემობრუნდა.

მის წინ ათლეტური აღნაგობის ერთობ სიმპათიური მამაკაცი იდგა, დაახლოებით მისი ასაკის. თეთრი ხალათი, შაბიამნისფერი შარვალი და ამავე ფერის ჩაჩი ეხურა. მოსწონდა მაიკოს თანამედროვე ექიმების ფორმა. მით უფრო, თუ ექიმი სიმპათიური იყო. ასეთებს ფორმა განსაკუთრებულად უხდებოდათ.

- ბატონი თემური ბრძანდებით?

- დ... დიახ, - ექიმს, რატომღაც, ენა დაება.

- დიახ, თქვენ გელოდებოდით.

- მობრძანდით, - მამაკაცმა გასაღები საკლიტულში შეარჭო და გადასწია, მაგრამ კარის გაღება ვერ შეძლო. კარგა ხანს ეჯაჯგურა, სახელურს ხან აქეთ გადმოატრიალებდა, ხან იქით და ბოლოს, როგორც იქნა, მოახერხა.

- ვერა და ვერ შევაკეთებინე ეს საკეტი. უკაცრავად, ბოდიშს გიხდით, - ექიმი თავის მართლებას მოჰყვა.

- არა უშავს, ხდება ხოლმე, - გაიღიმა მაიამ და ექიმს კაბინეტში ფეხდაფეხ შეჰყვა.

- დაბრძანდით, - შავტყავგადაკრულ სკამზე მიუთითა თემურმა, თვითონ სამუშაო მაგიდას მიუჯდა და მბრუნავ სავარძელში ჩაეშვა.

მაიამ ირგვლივ მიმოიხედა. თვალში მოხვდა კარადაზე შემოდებული ხელოვნური ყვავილები და სანთლისგან ჩამოსხმული ხილი, რომელიც ვაზაში ეყარა. სხვა ყველაფერი ჩვეულებრივად ექიმის კაბინეტს მოგაგონებდათ, თავისი ორგანოებდახატული პლაკატებით და ჰიპოკრატეს ჩარჩოში ჩასმული ფიცით, საქაღალდეებითა და სამედიცინო ხასიათის წიგნებით.

ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა. მაიკო ექიმის შეკითხვას ელოდებოდა, ექიმი - მის ახსნა-განმარტებას.

ბოლოს თემურმა ჩაახველა.

- გისმენთ, რა გვაწუხებს? - და ლამაზი, გრძელი თლილი თითები ერთმანეთში ჩახლართა, თან თვალს არ აშორებდა მაიას, თითქოს რაღაცის გახსენებას ცდილობსო.

- ჩემი სახელია მაია...

- ვეკუა... - დაასრულა ექიმმა და ქალის გაოცებულ სახეს რომ შეხედა, ღიმილით გააგრძელა, - მაკო, მაიკო, მაკუნა... ეგრევე მივხვდი, როგორც კი შემოგხედე. შენი არაბუნებრივად ბუნებრივი ფერის თვალები ძნელია, დაივიწყო. ნუთუ ვერ მიცანი? - განყოფილების გამგე სახეზე ოდნავ წამოწითლდა და მეტი დამაჯერებლობისთვის ჩაჩი მოიხადა.

მომენტალურად შეეცვალა გარეგნობა, ჩაჩით უფრო სიმპათიურად გამოიყურებოდა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ თავზე, წრიულად, ღერი თმა არ შერჩენოდა, ნახევრად გამელოტებულიყო.

- თემო, შენ ხარ? - მაიკოსაც მოერია ღიმილი და თვალები აუციმციმდა, - ღმერთო, წარმოუდგენელია! - მსწრაფლ წამოხტა, მაგიდას შემოუარა და ფეხზე წამომდგარ ბავშვობის მეგობარს გადაეხვია.

- მე ვარ, მე... ასე ძალიან შევიცვალე? - თემური ზურგზე ხელს უსვამდა და სიამოვნებაჩაღვრილი ქალის თმის სურნელს ნეტარებით ისრუტავდა.

- იცი, როგორ ვიფიქრე, სანამ მოვიდოდი, ეს კაცი სახვაძე რომ აღმოჩნდეს, რამდენს ვიცინებ-მეთქი, - მაიკო მამაკაცს მოშორდა და ახლა შორიდან შეათვალიერა.

- მერე? რატომ არ იცინი? - უხერხულად მოისვა ექიმმა თავზე ხელი, - გამელოტებულია შენი თემური.

- ეგ არაფერი, უნაკლო არავინ არ ვართ, - ხელი ჩაიქნია მაიკომ და თავის ადგილს დაუბრუნდა, - ესე იგი, მაინც აიხდინე ოცნება და ექიმი გახდი, არა? ყოველთვის მიზანმიმართული იყავი, რაც ყველაზე მეტად მომწონდა შენში.

- ჰო, მაგრამ ჩემი მიზანმიმართულობა ყველაზე მთავარ რამეში ვერ გამოვიყენე.

- რაში? კიდევ დაგრჩა რამე აუხდენელი? - მაიკომ ხელზე ხელი დაადო და ოდნავ მოუჭირა.

- ჰო, შენ დამრჩი განზე, - კვლავ წამოწითლდა თემური და დაბნეულობის დასაფარავად ჩაჩს წაეტანა, რომ თავზე დაეხურა.

- ისე, ქუდი უფრო გიხდება, ვიდრე უქუდობა, - სიცილი წასკდა მაიას.

- ჰო, ამიტომაც სულ მახურავს... მომიყევი ახლა, როგორ ხარ, რას საქმიანობ, საით ხარ... ჩემთან რა ქარმა გადმოგაგდო?

- როგორ ვარ და... ცუდად. რას ვსაქმიანობ? ნუ, ვწერ... მწერალი მქვია. თბილისში ვცხოვრობ, მეუღლე გარდამეცვალა, ქვრივი ვარ, მყავს ერთი ქალიშვილი და ასე. შენ?

- მე? მე რა, მეც მყავს ცოლ-შვილი. მეუღლე ექიმია, აქ მუშაობს, ჩვენთან. ორი ბიჭი მყავს, დიდები არიან უკვე. სხვა რა ვიცი, - მამაკაცმა ხელები გაშალა.

- ეს დასავლური სენი შენც შეგეყარა, არა?

- რა დასავლური სენი?

- ექიმ კაცს აუცილებლად ექიმი ცოლი უნდა ჰყავდეს. დასავლეთ საქართველოში ასე იციან. დედების გულის გასახარად ექიმ კაცებს ექიმი ქალები მოჰყავთ ცოლად.

- შენ ხომ იცი, რომ მე ასეთი არასდროს ვყოფილვარ.

- აბა, რა ვიცი? წესიერად ვერც მოვასწარი შენი გაცნობა.

- მაკუნა, ნუ მაბრაზებ! - ხუმრობანარევი ტონით დატუქსა ექიმმა.

- ხო, კარგი, გეხუმრე. მიხარია შენი წარმატებები. ლიდია ექიმმა მომცა შენი კოორდინატები, ძალიან გაქო.

- ოოო, ლიდია საუკეთესო ექიმია... და... ისა... - მოულოდნელად დაიბნა, - იმასთან რა საქმე გქონდა?

მაიკოს ჩრდილმა გადაურბინა სახეზე, მოიქუფრა. გაღიმება სცადა, მაგრამ იმდენი სევდა გაურია ამ ღიმილში, მამაკაცი მიხვდა, არც ისე კარგად იყო საქმე.

- მოკლედ, სიმსივნე მაქვს, თემო... ფილტვის... მეოთხე სტადია. განგებამ იმდენი ქნა, რომ პირდაპირ შენთან გადმომაგდო. ერთ დროს შენი შეყვარებული ვიყავი, ახლა კი შენი პაციენტი გავხდები, - და ზედმეტად გულისამაჩუყებლად რომ არ გამოსვლოდა, პატარა ბავშვივით დაიჯღანა, მერე კი დაამატა, - ხომ ხედავ, მაინც გეპრანჭები.

თემოს სახე გაუქვავდა. რამდენიმე წამის განმავლობაში თვალმოუშორებლად შესცქეროდა ერთ დროს სათაყვანებელ არსებას და არ იცოდა, რა ეთქვა.

- ჰა, თქვი ახლა რამე, თორემ დაიძაბა სიტუაცია, - გაიხუმრა ქალმა.

- იცი, რა? - ამოიხვნეშა თემურმა და სავარძელში შეირხა, - ცხოვრებაში ყველაფერს მოევლება, შეუძლებელი არაფერია. ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ, გასაგებია? იქნებ ისე სულაც არ არის საქმე, როგორც შენ გგონია.

- მოიცა, მოიცა... არ გვინდა ეს სენტიმენტალური შეგონებები. მე ძლიერი პიროვნება ვარ, უკვე გავიაზრე, რაც მჭირს და საერთოდ არ მეშინია. რაც არის, არის. მარადიული არავინაა ამქვეყნად. უბრალოდ, ჯერ არ მცალია იმისთვის, რომ მოვკვდე, რაღაც-რაღაცები დამრჩა გასაკეთებელი, დასამთავრებელი. ამაში უნდა დამეხმარო. ოღონდ ერთი პირობით - ქიმიოთერაპიას არ ჩავიტარებ.

ექიმმა ჩაახველა და იმწამს დახურული ჩაჩი კვლავ მოიძრო. იქვე, მაგიდის კიდეში მიაგდო და სავარძელში ერთი ბრუნი გააკეთა.

- მაჩვენე შენი გამოკვლევები, - დახშული ხმით მიმართა მაიკოს და ხელი გაიწოდა.

მაიამ ჩანთიდან კარგა მოზრდილი საქაღალდე ამოიღო და მეგობარს გაუწოდა.

- ყველაფერი გაკეთებული მაქვს, ყველანაირი გამოკვლევა ჩავიტარე. აი, აქაა ჩემი ავადობების მთელი ნუსხა, - ისევ გახუმრება სცადა.

თემომ საქაღალდე გახსნა და სათითაოდ შეუდგა საბუთების კითხვა-შესწავლას.

- სენტიმენტალური გამოთქმები სენტიმენტალურმა ასაკმა იცის, - თქვა ექიმმა, როცა გამოკვლევების დათვალიერებას მორჩა და საქაღალდე დახურა, - მაგრამ ქიმიოთერაპია სენტიმენტების გარეშე უნდა ჩავიტაროთ. გესმის?

- მესმის, მაგრამ არა. ამას არ ვიზამ.

- იზამ. თუ ჩემთან მოხვედი, ისე უნდა მოიქცე, როგორც მე ვიტყვი. სხვანაირად არ გამოვა. დღეიდან მე ვარ შენი მიმთითებელი და არანაირ პროტესტს არ მივიღებ. ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა. სიტუაცია რთულია, მაგრამ არა უიმედო. ვიცი, რაც უნდა გავაკეთო და მომეცი საშუალება, დაგეხმარო. ახლა მაინც მომეცი ამის უფლება.

- თემო...

- თემო არ ვიცი მე! ძლივს გიპოვე. ამდენი წელი გეძებდი, სად არ გავიკითხე, ვის არ ვთხოვე, შენი ასავალ-დასავალი გაეგო და ვერაფერს გავხდი. ახლა შენი ფეხით მოხვედი, თანაც დახმარება გჭირდება, რაც მე მართლა შემიძლია და არ გინდა ეს გამაკეთებინო? დაივიწყე! დღეიდან სულ შენ გვერდით ვიქნები. ერთად ვიმუშაოთ და ერთად გამოვძვრეთ ამ ორომტრიალიდან. გთხოვ!

მაიკომ გულის მომკვლელად ამოიოხრა და მამაკაცს აწყლიანებული მზერა მიაპყრო.

- რატომ არ მოხვედი მაშინ, რომ შემპირდი? რატომ მომატყუე? - ამ ორი შეკითხვით წარსულს გადასწვდა.

- არ მომიტყუებიხარ. გიგა გახსოვს? ქუთაისელი. ის შემპირდა, გამოგყვებიო და ჯერ მასთან ჩავედი ქუთაისში, მაგრამ იქ ისე გამომათვრეს, რომ არაფრის თავი არ მქონდა. მერე ვეღარ მოვახერხეთ შენთან წამოსვლა, შაბათ-კვირა თვალსა და ხელს შუა გაგვეპარა. სახლში რომ არ დავბრუნებულიყავი, ჩემები დარდით დაიხოცებოდნენ. მეათე კლასში ვიყავი და ხომ გესმის... ჯერაც ვერ ვგრძნობდი თავს დამოუკიდებლად.

- რამაც ჩვენი სიყვარული შეიწირა.

- ჰო. მერე გწერდი, შენ კიდევ პასუხს არ მიბრუნებდი. მივხვდი, რომ გამიბრაზდი, მაგრამ ვერაფერს გავაწყობდი...

- ასე რომ, საკურორტო რომანი გამოგვივიდა და ეგ იყო.

- ჰო, ეგ იყო, მაგრამ არ დამვიწყებიხარ. არასდროს. დღემდე. სულ ვფიქრობდი შენზე. არ იცი, როგორ გამახარე.

- გაგახარე რო? ასეთი ავადმყოფი გამოგეცხადე და...

- მთავარია, გამომეცხადე. შენი შეხედვა სიცოცხლეს მიხანგრძლივებს, შენი ხმის გაგონება სიხარულს მიბევრებს, შენი სიცილი კი ბედნიერებით მავსებს. მეტი არც არაფერი მინდა.

- მეტს ვერც მე შეგპირდები, ესაა, რისი გაცემაც შემიძლია, - გაიღიმა მაიკომ.

თემურმა თვალები დახუჭა და თავი სინანულით გადააქნია.

- მწეველი ხარ?

- არა, ცხოვრებაში არასდროს მომიწევია, ასე რომ, ჩემს სენს სიგარეტს ვერ დავაბრალებ.

- გასაგებია. მაშინ მკურნალობას შევუდგეთ.

- მომისმინე, თემო. ქიმიოთერაპია მართლა არ მინდა. გთხოვ. ამ ეტაპზე რამე წამლები გამომიწერე. თუ უარესობა იქნება, მერე ვნახოთ.

- თუ მხოლოდ წამლებზე ვიქნებით დამოკიდებული, უარესობა იქნება. ამის გარანტიას მე გაძლევ. ამიტომ...

- არა, ამ ეტაპზე არა-მეთქი, უკვე გითხარი. - ხელები გაასავსავა მაიამ.

- ისევ ისეთი ჯიუტი ხარ, როგორიც მახსოვხარ. სიცოცხლე არ გინდა?

- მინდა, მაგრამ გარკვეული დროით. დარჩენილი დრო კი მეყოფა იმისთვის, რისთვისაც სიცოცხლე მინდა, - ნიშნის მოგებით უპასუხა და კვლავ პატარა ბავშვივით დაიჯღანა.

- მაინც მეპრანჭება, - გაიხუმრა თემურმა, - როგორი თავნებაა ეს გოგო! - ამ სიტყვებით სავარძელში წამოიწია, მაიკოსკენ გადმოიხარა და შუბლზე აკოცა, - შენ ყოველთვის ჩემი პატარა ბედნიერება იყავი, ლამაზი და ნათელი ბედნიერება.

- ვიცი, - ჩამწყდარი ხმით მიუგო ქალმა და თვალები დახარა.

- კარგი, მაშინ ახლა მე შენ წამლებს გამოგიწერ, ფასდაკლებასაც გაგიკეთებ, რომ არ გაიწეწო და აი, ამ ერთ კოლოფს გაჩუქებ ჩვენი ძველი მეგობრობის ნიშნად. - და უჯრიდან მოზრდილი ყუთით პრეპარატი ამოიღო.

- არ გინდა. იმდენს ნუ იზამ, რომ დაზარალდე. უფულობას არ ვუჩივი, საშუალება მაქვს.

- არ დავზარალდები, შენ მაგის დარდი ნუ გაქვს. აქ 50 აბია, ყოველ დილით უზმოზე ორ-ორი უნდა დალიო. 25 დღე გეყოფა. კიდევ ორ თავ პრეპარატს გამოგიწერ, ადვილი საშოვნელია. დაგიწერ, რა დოზით და როგორ უნდა მიიღო. ეს ჩემი სავიზიტო ბარათია, ყოველდღე თუ არა, ყოველ მეორე დღეს დამირეკავ და მეტყვი, როგორ იქნები. ეს ერთი... მეორე... გადასხმები აუცილებლად უნდა გავიკეთოთ.

- რამდენიმე დღის წინ გავიკეთე.

- რამდენი, ერთი?

- ჰო, ერთი.

- დამცინი? ერთი კი არა, კურსი უნდა ჩაიტარო. ათი მაინც.

- ცხრა.

- ხო, კარგი, იყოს ცხრა, მაგრამ ხვალვე უნდა დაიწყო. სახლში გყავს ვინმე?

- არა, მარტო ვარ. ჩემი გოგო ჰოლანდიაშია, იქ მუშაობს.

- აბა, რა ვქნათ? ყოველდღე აქ სიარული დამღლელია, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად. ჩემზე კარგად ეს არავინ იცის.

- მეგობარს ვთხოვ, ის გამიკეთებს.

- ექიმია?

- არა, მაგრამ ეხერხება ეგეთები. ჩემს ქმარს ის უკეთებდა, როცა ლოგინად იყო ჩავარდნილი.

- რა სჭირდა?

- გრძელი ამბავია, არ მომაყოლო, - ჯავშანჟილეტი შემოვაკარი უცებ ჩემი ქმრის ბიოგრაფიას. არ მინდოდა სცოდნოდა, ნიკაც სიმსივნით რომ გარდაიცვალა.

- კარგი, ჩვენ ახლა შენს ჯანმრთელობას მივხედოთ. ჯერ ახალგაზრდა ხარ, მაკო, მენდე, გთხოვ. ყველაფერს გავაკეთებ შენთვის, ხომ იცი?

მაიკოს გაეცინა.

- ძალიან ბებერი ვარ იმისთვის, რომ ახალგაზრდა მერქვას, - დანანებით წარმოთქვა.

- მაგრამ ძალიან ახალგაზრდა ხარ იმისთვის, რომ ბებერი გერქვას, - შეუტრიალა თემომ და წამოდგა.

მაიაც წამოდგა. ერთმანეთის პირისპირ დადგნენ. ორჯერ შეხედა თემომ და ერთხელ გაუღიმა.

- გინდა, კინოში წავიდეთ? - მოულოდნელად შესთავაზა მამაკაცმა.

- შენი ცოლი არ იეჭვიანებს?

- კი, მაგრამ ვერ გაიგებს, - ეშმაკურად გაიცინა, - `შავი გედი~ ვნახოთ, ძალიან აქებენ.

- ეს ჩემთვის კრიტერიუმი არ არის. ფანტასტიკურ ფილმებსაც აქებენ, მაგრამ მე ვერ ვიტან.

- მაშინ შენ თქვი, რა ვნახოთ და...

- ჩემთვის სულერთია. მთავარია, შენთან ერთად ვიყო, ცოტა ხნით მაინც. ტკბილ ბავშვობასთან დამაახლოებს.

- მაშინ დაგირეკავ, კარგი?

- კარგი. წავედი ახლა.

- მოიცა ცოტა ხანს. იყავი, სად გეჩქარება?

- არა, წავალ. შენც საქმე გექნება. წამლებსაც დროზე ვიყიდი, რომ არ გავაჯანჯლო.

- ჰო, - დახშული ხმით დაეთანხმა, სახეზე ხელისგულები რკალივით შემოსდო და თვალებში ჩააცქერდა.

მაიკომ გაუღიმა. თემომაც ღიმილით უპასუხა, მერე შუბლზე ეამბორა, როგორც პატარა ბავშვს, რომელიც ძალიან მოენატრათ...

თითქოს ფრთები შეესხაო, ისე მიქროდა ქუჩაში. რამდენი ხანია, ასე არაფერი გახარებია. თან გული უკვდებოდა, რომ მისი სიკვდილის მოწმე მაინცდამაინც ბავშვობის სიყვარული უნდა გამხდარიყო. `საიმედო ადამიანის ხელში მაინც დავლევ სულს~, - სიმწრით გაიფიქრა და ქუჩაზე გადაირბინა, აფთიაქში რომ შესულიყო.

წამლები შეიძინა თუ არა, გეზი ეკლესიისკენ აიღო. იშვიათად დადიოდა იქ. ბოლო დროს იმიტომ მოუხშირა, რომ ნიკას სახელზე პარაკლისებს იხდიდა. ერთი ლოცვაც არ იცოდა ზეპირად, `მამაო ჩვენოს~ მხოლოდ დასაწყისი და ზოგიერთი ფრაზა ახსოვდა... `რომელი ხარ ცათა შინა~... `მოგვეც პური არსობისა~... სამაგიეროდ, ათი მცნება იცოდა ზეპირად და ცდილობდა, ყველა ერთნაირად დაეცვა. სანთელს სახლში ანთებდა, ისიც მხოლოდ აღდგომასა და შობის დღესასწაულზე. არა იმიტომ, რომ ღმერთი არ სწამდა, უბრალოდ, ეკლესიის მსახურებს არ ენდობოდა. მღვდლების მიმართ რწმენა ჰქონდა დაკარგული. მით უფრო, რომ რამდენიმე მათგანს ახლოს იცნობდა - ყოფილ ნარკომანებს და კაცის მკვლელებს, სასჯელის მოხდის შემდეგ ეკლესიას რომ მიაშურეს.

ქაშვეთში შევიდა. ყოველთვის მოსწონდა ეკლესიის სუნი, სანთლის ნამწვით გაჯერებული ჰაერი და მრუმე ნათელი, რომელიც იქ შესულს ხვდებოდა.

თავშალი დაიფარა, პირჯვარი გადაისახა და შევიდა. აქ დასადგურებული სიჩუმე საოცარ სიმშვიდეს ანიჭებდა. სანთლები იყიდა და ჯერ მიცვალებულების კუთხეში აანთო, მერე სხვა ხატებს დაუარა. თან ანთებდა, თან პირჯვარს იწერდა.

`მიშველე, ღმერთო, უმტკივნეულოდ დამატოვებინე ეს ქვეყანა~, - ჩურჩულებდა თავისთვის და თვალზე მომდგარ ცრემლს გადმოსვლის საშუალებას არ აძლევდა.

ამ დროს მის წინ მდგარ სასულიერო პირს მოჰკრა თვალი. ჭაღარაწვერიანი, შავანაფორიანი მღვდელი თვალს არ აცილებდა. მაიკოს ეგონა, რაღაცას არასწორად აკეთებდა, ამიტომ მზერა აარიდა ღვთის მსახურს და სხვა კუთხეში გადაინაცვლა.

- შენ მაია არ ხარ? - მოულოდნელად მღვდელი წინ აესვეტა.

მაიკოს უცნობის თვალები მაშინვე ეცნო. ჰო, ეს თვალები ერთ დროს ძალიან ხიბლავდა.

- გოგა! - ჩუმი აღტაცებით წამოიძახა და პირზე ხელი მიიფარა, ზედმეტად ხმამაღლა ხომ არ ვიყვირეო.

- ჩემი გოგო! - მღვდელმა ხელები გაშალა და ქალი გულზე მიიკრა.

- დაგლოცოს უფალმა, - მამაკაცმა ხელი უშვა მაიას და ჰაერში პირჯვარი გადასწერა.

- აქ რას აკეთებ? - ჩურჩულით ჰკითხა.

- ვმსახურობ. მამა გიორგი ვარ. შენ? როგორ ხარ? რამდენი წელია, არ მინახავხარ.

- მე ვიფიქრე, სანთელს დავანთებ-მეთქი...

- წამო, გარეთ გავიდეთ, - მამაკაცი იდაყვში ჩააფრინდა და კარისკენ გაიტაცა.

ეზოში გავიდნენ.

- დღეს სიუპრიზების დღე მაქვს, - გაიცინა მაიამ, - დიდი ხნის უნახავ მეგობრებს ვხვდები. აქ ნაღდად არ გელოდი. შენ და ეკლესია? არ მჯერა.

გოგა მისი წარსულის კიდევ ერთი ფურცელი იყო. არა, მაიკოს არ უყვარდა, მაგრამ გოგა თავს არ ანებებდა. სულ კუდში დასდევდა, მოსვენებას უკარგავდა. მაიას კი არ სჯეროდა მისი, რადგან მისნაირი მეორე მექალთანე არ ეგულებოდა. ყოველდღე სხვადასხვა გოგოსთან ხედავდა, ხან ქუჩაში მოსეირნეთ, ხან გოგას სადარბაზოდან ერთად გამოსულთ ან შესულთ... ხარბი, ვნებიანი მზერა ჰქონდა გოგას, ქალს შეხედავდა და თვალებით აშიშვლებდა. სწორედ ეს არ მოსწონდა მაიკოს მასში, სწორედ ამის ეშინოდა და გაურბოდა. ამიტომ ახლოს არ გაიკარა. რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ ყოველთვის ისეთი დაძაბული იყო ამ შეხვედრებზე, ბოლომდე გახსნა უჭირდა, თავისუფლად ერთხელაც არ უგრძნია თავი.

გაგრძელება შემდეგ ნომერში