თვითმკვლელობა დაკვეთით (თავი IV) - გზაპრესი

თვითმკვლელობა დაკვეთით (თავი IV)

თმა და წვერი გასჭაღარავებოდა, ასაკი მისი თმის ყოველ ღერში იგრძნობოდა. უხდებოდა წვერი, უფრო სექსუალურს აჩენდა, ვიდრე ახალგაზრდობაში იყო და მის სულწასულობამდე ვნებიან თვალებს უფრო დიდრონს აჩენდა.

- დედაშენი როგორაა? - მზია დეიდა მოიკითხა მაიკომ.

- რა ქნას, დაბერდა, სიარული უჭირს უკვე, მაგრამ ძველებურად ქაქანის ხასიათზეა, თუ ჩაირთო, ვეღარ გამორთავ, - გაიღიმა გოგამ.

- ცოლ-შვილი?

- სამი ბიჭი მყავს, უკვე დიდები არიან, უფროსი დაოჯახებულია, ბაბუაც გავხდი შარშან. ცოლიც მყავს, რა ვიცი, არის რა.

მაიას ყურში უსიამოვნოდ მოხვდა მისი `არის რა~. ჩანდა, ცოლით დიდად კმაყოფილი არ უნდა ყოფილიყო.

- ასე რატომ? - დაინტერესდა და თანაგრძნობით სავსე მზერა შეავლო ყოფილ თაყვანისმცემელს.

- ზედმეტად ანჩხლია. შენთან რა მაქვს დასამალი და, ისეთი არ გამოდგა, როგორსაც ველოდი. ჯერ ხომ ეჭვიანობით დამტანჯა, ახლა კიდევ... ეჰ, რა ვიცი, ჩხუბის მიზეზი არ ელევა. ხანდახან სახლში მისვლა მეზარება. ვნანობ, რომ შენთან უფრო არ ვიაქტიურე.

- გგონია, აქტიურობა საქმეს უშველიდა? - მაიკოს ხმამაღლა გაეცინა.

- უშველიდა, კი. უშველიდა და არ მოვინდომე. დღემდე ვნანობ, ხელიდან რომ გაგიშვი. შენ ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი წერტილი იყავი, სინათლე გვირაბის ბოლოს. ერთადერთი ვარსკვლავივით ანათებდი ჩემს მრუმე ცაზე.

- ცისკრის ვარსკვლავივით უნდა გეთქვა, - კვლავ გაეცინა ქალს.

- არა, მართლა, რატომ ვერ შემიყვარე მაშინ, ა? - ღიმილით გამოხედა მოძღვარმა და მარცხენა ხელი ანაფორის კალთაზე დაიდო.

- იმიტომ, რომ ყველა კაბიანს დასდევდი. შემეშინდა, ცხოვრებას გამიმწარებს-მეთქი.

- სულ ეგ იყო მიზეზი? სხვა არაფერი?

- ამაზე მეტი მიზეზი რა უნდა ყოფილიყო? ცოტაა? - წარბები აზიდა, - ვიფიქრე, მეც ისე მიყურებს, როგორც სხვა გოგოებს-მეთქი.

- ეგ რამ გაფიქრებინა? იცი, როგორ მიყვარდი? სულ სიზმარში გნახულობდი. გეუბნებოდი, გიმტკიცებდი, მაგრამ ვერ დაგაჯერე. ალბათ არ გიყვარდი, თორემ ჩემი მექალთანეობა ვერ შეგაჩერებდა.

- ალბათ, არა. შენთან ურთიერთობის სურვილი მქონდა, მაგრამ სიყვარულით მართლა არ მყვარებიხარ, თუმცა მომწონდი და ველოდებოდი, ეს სურვილი სიყვარულად როდის გარდაიქმნებოდა. სამწუხაროდ, არ გარდაიქმნა და ხელიც ჩავიქნიე. ვიფიქრე, ალბათ ღმერთის ნება ასეთია-მეთქი. მაგრამ შენს თვალებს რომ ვუყურებდი, ელეთმელეთი მემართებოდა.

- მოიცა, რა თვალები, რის თვალები. - თითქოს დაირცხვინა გოგამ.

- და თითები კიდევ. ახლაც ისეთივე ლამაზი თითები გაქვს, როგორიც მაშინ. გახსოვს, პიანინოზე რომ დაუკრავდი, რა დღეში ვვარდებოდი? ერთიანად მბურძგლავდა. შენი თითები თითქოს კლავიშებისთვის იყო გაჩენილი.

გოგამ სიცილი ვერ შეიკავა.

- მორჩა, ჩემო მაია, მორჩა. ახლა აღარც პიანინოს ვეკარები და აღარც ქალებს. ჩემი ადგილი ვიპოვე, როგორც იქნა და მშვიდად ვარ.

- რამ გადაგაწყვეტინა სასულიერო სამსახურში ყოფნა? რაიმე მოხდა შენს ცხოვრებაში ისეთი, რაც მე არ ვიცი?

- მოხდა ალბათ... რა ვიცი, ერთ მშვენიერ დღესაც გავიღვიძე და მივხვდი, რომ აქ უნდა მოვსულიყავი... მოვსულიყავი და დავრჩენილიყავი. აი, ასე. - გოგამ ხელები მოიფშვნიტა და ღრმად ამოიხვნეშა.

- სხვას რომ ეთქვა, არაფრით დავიჯერებდი.

- ახლა ხომ დაიჯერე? - ხელზე ხელი დაადო მღვდელმა და სიყვარულით მოუთათუნა, - ძალიან ხშირად მახსენდები, არ გამომივიდა შენი დავიწყება. არ იცი, როგორ გამახარე, ისევ ისეთი ლამაზი ხარ... დედაჩემიც გიხსენებს ხოლმე, იცი? ნეტავ სად არის, რას შვრებაო.

- ერთხელ უნდა ვინახულო, დავალებული ვარ მისგან.

- გაუხარდება.

- შენი ცოლი ხომ არ იეჭვიანებს?

- კარგი რა... - ხელი აიქნია მამა გიორგიმ და სივრცეს უაზროდ გახედა. - შენზე მომიყევი, გათხოვილი ხარ?

- უკვე ქვრივი ვარ, ერთი ქალიშვილი მყავს, ჰოლანდიაშია, იქ მუშაობს.

- ჰო... გადაიხვეწნენ ყველანი, აღარავინ დარჩა ქვეყანაში.

- მართალი ხარ, აღარ დარჩა.

- აბა, ახლა მარტო ხარ?

- მარტო ვარ, კი.

- ეკლესიაში დადიხარ? ვისი მრევლი ხარ?

- არც არავისი, მოძღვარი არ მყავს. ეკლესიაშიც იშვიათად დავდივარ, მხოლოდ სანთელს თუ ავანთებ.

- რატომ მერე, რატომ? ასე არ შეიძლება. მოძღვარი უნდა გყავდეს, წირვებზე უნდა იარო, აღსარება ჩააბარო, მარხვა დაიცვა, რწმენა უნდა გაიძლიერო...

- რაღა დროსია, გოგა, ცალი ფეხი სამარეში მაქვს, - თვალები აუწყლიანდა მაიკოს და ძველ მეგობარს სევდიანი მზერა შეანათა.

- რა ცალი ფეხი, რას ამბობ? - შეშფოთდა მღვდელი.

მაიკომ უამბო თავისი გასაჭირი. რატომღაც, აღარ უცდია ავადმყოფობის დამალვა.

გოგა შეძრა ქალის ნაამბობმა. უფრო და უფრო ეჭმუხნებოდა შუბლი, სახე ექუფრებოდა.

როცა მაიკომ მოყოლა დაამთავრა, მამაკაცმა ხელი მხარზე გადახვია, გამხნევების ნიშნად მოუთათუნა და თავზე აკოცა. მამა გიორგის ანაფორას საკმევლის მძაფრი სუნი ასდიოდა. მაიამ თვალები დახუჭა.

- მე ვილოცებ შენთვის. ნუ გეშინია, ჩემო გოგო, ყველაფერი კარგად იქნება, - ხმადაბლა უთხრა, მაგრამ ისეთი მოგუდული ხმით წარმოთქვა, თითქოს რაღაც უშლის ხელს სიტყვების წარმოთქმაშიო, თითქოს სხვისი ხმით ლაპარაკობდა.

- ილოცე, მამაო, ეგ თუ მიშველის, - უიმედო ღიმილი გადაეფინა ტუჩებზე მაიას.

კარგა ხანს ისაუბრეს. ბოლოს მღვდელმა თავისი ტელეფონის ნომერი ჩააწერინა, ნებისმიერ დროს დამირეკე, არა აქვს მნიშვნელობა, დღე იქნება თუ ღამე, თუ წირვაზე არ ვიქნები, მაშინვე გიპასუხებ, თუ არადა, მერე მე თვითონ დაგირეკავო.

- წავედი ახლა, - მაიამ თავშალი ჩანთაში ჩაჩურთა.

- ღმერთი იყოს შენი მფარველი, - კვლავ გადასახა მამა გიორგიმ პირჯვარი, - მიყვარდი და ყოველთვის მეყვარები, ეს იცოდე.

ემოციებით სავსე გამოვიდა ეკლესიიდან. თითქოს ფრთები შეესხა.

უცნაური დღე გაუთენდა. დილიდან ორჯერ შეხვდა თავის წარსულს... თავისი წარსულის ყველაზე სასიამოვნო წუთებს. განა რა, დღეს არც ერთი უყვარდა და არც მეორე, მაგრამ მაინც ეტკბილა, რომ ორივე მამაკაცი დღემდე მას მისტიროდა. რა კარგი შეგრძნება ყოფილა, როცა ვიღაც გეუბნება, მიყვარდი, შენზე ვფიქრობდი, ახლაც მიყვარხარ და სულ მეყვარებიო. თითქოს სულის სიცარიელე მთლიანად შეევსო.

ალბათ ესეც განგების ნებაა. ალბათ ორივეს უნდა შეხვედროდა სიკვდილის წინ, ასე ინება უფალმა. ერთი მისი მკურნალი ექიმია, მეორე - მოძღვარი. ეს ის ადამიანები არიან, რომელიც ყველაზე მეტად დასჭირდება სიკვდილის ბოლო წუთებში.

სიმწრისგან ცრემლები მოაწვა. ისევ ისეთი ლამაზი ხარო... არის კი? რაღა დროს სილამაზეა, დღითი დღე ილევა. არადა, რა ლამაზი გოგო იყო ერთ დროს. წელწვრილი, ტანკენარი... სიარულის გამორჩეული მანერა ახასიათებდა, კი არ დადიოდა, დანარნარებდა, თითქოს ცეკვავსო. მხრებში გამართული, ამაყად ყელმოღერებული მსუბუქი ნაბიჯებით დასრიალებდა. ახლა? ახლა დააბოტებს, კი არ დასრიალებს. იქნებ იმიტომ, რომ არავის ეპანჭება? აი, დღეს ორ ყველაზე ახლობელ ადამიანს შეხვდა და გაკეკლუცება არც უცდია. კი უთხრა თემოს, გეპრანჭებიო, მაგრამ მხოლოდ გაიხუმრა. მე შენ ახლა ორმაგად გიფრთხილები, როგორც მეგობარს და როგორც პაციენტსო, წამოსვლის წინ თემომ უთხრა, - მეგობრებს ისე უნდა გაუფრთხილდე, როგორც ავადმყოფებსო. ამის მოგონებამ ღიმილი მოჰგვარა.

- და თუ მეგობარი ამავდროულად, ავადმყოფიცაა, მაშინ როგორ უნდა გაუფრთხილდე? ოთხმაგად? - ფიქრი ხმამაღლა გაახმოვანა.

შინ მისულმა ხათუნას დაურეკა, რომელიც მისთვის ბავშვობის მეგობარიც იყო, დაქალიც და თანამშრომელიც. სკოლის მერხიდან ერთად მოდიოდნენ და დღემდე აგრძელებდნენ ერთად ყოფნას. როცა ნიკა ლოგინად ჩავარდა, სწორედ ხათუნა უკეთებდა გადასხმებს. არც ექთანი იყო, მით უფრო, არც ექიმი, მაგრამ ასეთი რაღაცები იმდენად კარგად ჰქონდა ათვისებული, დიპლომიანი მედიცინის მუშაკიც ვერ შეედრებოდა. ახლა სწორედ მისი დახმარება სჭირდებოდა, ნიკას შემდეგ მაიკოს ჯერიც დამდგარიყო.

ხათუნა შეღამებულზე მოვიდა, ისე ქოშინებდა, სულს ძლივს ითქვამდა, გაჭირვებით დაათრევდა მსუქან სხეულს და რუმბივით გასივებულ ფეხებს.

- რა ჯანდაბა მემართება ამ ბოლო დროს, ორი ნაბიჯის გადადგმა მიჭირს, რა, - წაიწუწუნა და სკამზე დაეხეთქა.

- უნდა გახდე, ხათო, უნდა გახდეეე! - დამოძღვრა მაიამ და მსუქან ლოყებზე ერთდროულად უჩქმიტა.

- რომ ვერ ვახერხებ? სულ მშია და რა გავაკეთო? - სატირლად შემზადებული სახე მიიღო ხათუნამ და შუბლზე რამდენჯერმე მსუბუქად შემოირტყა ხელი.

- საღამოს არ უნდა ჭამო, ექვსის მერე და გახდები.

- ოფ, კი აბა! სწორედ ექვსის მერე მინდება ჭამა, რომ იცოდე! აი, რა ჯობია, შუაღამეს რომ გამოაღებ მაცივარს და კაი ჩათქვირებულ შემწვარ დედალს რომ დაიდებ წინ, - ხელები ისე გაშალა დაქალმა და ისეთი თვალებით გამოხედა მაიას, თითქოს მართლა შემწვარი დედალი ედო წინ.

- ჰოდა, გაჭმევ ახლა შემწვარ ბარკლებს და დღეს ეგ იქნება შენი ბოლო ჭამა, - მაიკო მაშინვე დაფაცურდა.

- არა, არა, შენი ჭირმე, ახლახან ვჭამე და ისე წამოვედი. დედას გეფიცები, არაფერი არ მინდა. ცოტა გვიან ყავა დავლიოთ და ეგ იქნება, ახლა არაფერი მინდა, ოღონდ მართლა! - ხელები გაასავსავა ხათუნამ, - დაჯექი აგერ და მითხარი, რა საქმე გქონდა, რომ დამაფეთე.

მეგრელი ხათუნა სიტყვებს გაპრანჭულად წარმოთქვამდა, რათა თავისი მეგრული კილო როგორმე დაემალა, განსაკუთრებით რბილი ლ-ს `გამაგრებაზე~ მუშაობდა, მთელი ძალით აჭერდა ენის წვერს ზედა ნუნებს, რომ ეს `ლ~ არ დარბილებოდა. მიუხედავად ძალისხმევისა, დასავლური აქცენტი მაინც ეტყობოდა. ხანდახან ისე მოუქცევდა, თანამშრომლები სიცილს ვერ იკავებდნენ.

ხათუნა პარალელურად ბიბლიოთეკაში მუშაობდა და ეს სამუშაო ყველაზე დიდ სიამოვნებას ჰგვრიდა. უყვარდა წიგნები და იმდენი ჰქონდა წაკითხული, დილით რომ დაეწყო სათაურების ჩამოთვლა, საღამომდე არ გამოელეოდა.

მაიკომ ეგრევე არ უპასუხა. ჩანთიდან წამლები ამოალაგა და მაგიდაზე დაახვავა.

- რაა, გოგო, ეს? - მეგრულად მოუქცია ხათუნამ და თვალები ლამის დაუელმდა.

- წამლებია, ჩემო ხათო, წამლებიი, - მაიკომ დოინჯი შემოიყარა და სინანულის გამომხატველი ღიმილი გამოისახა, - მივდივარ ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში, თანაც ძალიან მალე.

- ახლა ნუ გაუბერე შენებურად. რაც ნიკა მოკვდა, სულ შეიცვალე. რა მიდიხარ, სად მიდიხარ, ამიხსენი ერთი წესიერად, რას ბოდიალობ, - გააპროტესტა მეგობარმა.

მაკო წინ დაუჯდა დაქალს და ყველაფერს მოუყვა. ხათუნას თვალები ნელ-ნელა ცრემლით ევსებოდა, ცოტაც და ასლუკუნდა.

- რას მეუბნები, მაკო, რა კიბო, რომელი კიბო, ნუთუ ეს მართალია?

მაიამ ტუჩები მოპრუწა და თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დაუქნია.

- ადე ახლა, დრო არ ითმენს, დაღამდა უკვე, დამიდგი ეს სისტემაა თუ რა ჯანდაბაა, იქნებ მომამაგროს ცოტა.

ხათუნამ ხელის ზურგი ცხვირზე აისვა, სრუტუნით შეისუნთქვა ჰაერი და საქმეს შეუდგა...

- დღეს ორ ისეთ ადამიანს შევხვდი, ყველაზე მეტად რომ გამიხარდა, - დაიწყო მოყოლა მაიკომ, როცა ხათუნა მის ვენაში შევიდა და სისხლი გამოუშვა. ტორშერზე დაკიდებული სილიკონის გამჭვირვალე თოფრაკიდან წამალი წვეთ-წვეთობით გადავიდა ვიწრო მილში.

- ვის? - უხალისოდ ჰკითხა ხათუნამ, ჯერაც ვერ გადაეხარშა საუკეთესო მეგობრის მოულონელად თავს დატეხილი უბედურება.

- ჩემს ყოფილებს.

- ყოფილებს?

- ღრმა ახალგაზრდობაში ორივეს ვუყვარდი.

- უი, მერე? - ხათუნას ცნობისმოყვარეობით აენთო თვალები და საწოლზე ჩამოჯდა.

- რა მერე... გამიხარდა. იმათაც გაუხარდათ. დღემდე ვერ დაგივიწყეთო. ერთი ექიმია, მეორე - მღვდელი. ორივემ ერთი და იგივე მითხრა - უფალი ირწმუნე და მოძღვართან იარეო, ცოდვები მოინანიეო.

- პირდაპირ ასე გითხრა ორივემ?

- ნუ, დაახლოებით... მომეჩვენა, თითქოს ეს ყველაფერი იქიდან გამოგზავნილი ნიშანი იყო, - მაიკომ საჩვენებელი თითი ზევით აიშვირა, - რა ვიცი, იქნებ მაფრთხილებს ღმერთი, რომ ასე უღმერთოდ ცხოვრება ცუდია, ჰა?

- მე რამდენჯერ მითქვამს შენთვის მაგი, რამდენჯერ, გაიხსენე აბა? - კვლავ მეგრულად მოუქცია ხათუნამ.

მაიას სიცილი წასკდა და ვენაში მწვავე ჩხვლეტა იგრძნო, - ვაიმე, დედა, მგონი, ნემსი შემერჭო, - თან სიცილის შეკავება უჭირდა, - ხომ იცი, რომ ამისთვის მზად უნდა იყო ადამიანი. მე კი ჯერ მზად არ ვარ და რა ვქნა?

- ჯერ... ჰმ, - ჩაიდუდღუნა მეგობარმა.

მაიკო გაჩუმდა და ღრმად ამოიოხრა.

- მართალი ხარ, `ჯერ~ აღარ უნდა მეთქვა. დრო აღარ რჩება ამის სათქმელად. მაგრამ არა მაქვს სურვილი, ეკლესიას მივაშურო მხოლოდ იმიტომ, რომ უფალს გადარჩენა შევთხოვო. თავის დროზე უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ამ ეკლესიის მსახურების რომ არ მწამს?

- ეკლესიის მსახურებს რას უყურებ შენ, გოგო! თუ ისინი სცოდავენ, თავის დროზე განიკითხებიან. შენ შენი უნდა გააკეთო. გინდა თუ არა, უნდა იარო და ირწმუნო.

- მწამს, ხათო, განა არ მწამს, მაგრამ ეკლესიის გვერდის ავლით. რა აზრი აქვს ტაძარში სიარულს, თუ არ ენდობი ადამიანს, ვისაც შენი სული უნდა ანდო? ცირასნაირი მორწმუნე გავხდე?

ცირა მათი თანამშრომელი იყო, რომელიც თავისი ეკლესიურობით თავს იწონებდა, მარხვას იცავდა და წირვას არ ტოვებდა, მაგრამ მაიკოს მისი ეკლესიურობის არ სწამდა. ერთხელ, გაგანია მარხვის დროს შეუსწრო გამომცემლობის სამზარეულოში, ცუცას დაბადების დღის მონარჩენ ტორტის ნაჭერს პირში რომ იტენიდა. როგორ გაუკვირდა მაშინ, ამ ყოფაში რომ შეუსწრო ქალს. იმან კიდევ, ხომ არის ეს ტორტი სამარხვოო, ვითომ თავი იმართლა.

- ცირას რას უყურებ შენ, ყველა მაგნაირი კი არაა, ენატანია და ჭორიკანა.

- ჰოდა, მაგაშია საქმე. ჯერ ერთს რომ გაჭორავს, მერე მეორეს, მერე ამის ნათქვამს იმასთან მიიტანს, იმის ნათქვამს - ამასთან... ცუდი ადამიანი არაა და ბოროტებით არ მოსდის ეს, მაგრამ რისთვის დადის მაშინ ეკლესიაში? ამას ასწავლიან?

- გადამრევს ეს გოგო! რაღა ცირას მიახტი, მე აგერ არ ვარ ცოცხალი მაგალითი? მე მომბაძე, შე ქალო!

მაიკომ თავი გაიქნია. ახლა ისეთ ხასიათზე იყო, საერთოდ სიცოცხლეც აღარ უნდოდა, არათუ ღრმად მორწმუნეობა.

ცოტა ხნის შემდეგ ლოყები შეუღაჟღაჟდა.

- წავიდა ვიტამინები ჯიგარში, - სუსტად გაიღიმა, - შემახურა, - თქვა და მარჯვენა ხელისგული სახეზე მიიდო, თითქოს ტემპერატურას იზომავსო.

- კარგია, ცოტას მოგაძლიერებს. სამსახურში როდის გადიხარ?

- არ ვიცი. შეიძლება აღარც გავიდე. რა აზრი აქვს? ცოტა ხანში საერთოდ ვეღარ შევძლებ სიარულს და... რაც დანაზოგი მაქვს, სიკვდილამდე მეყოფა. დავჯდები სახლში და წიგნს მაინც დავამთავრებ. ამას მაინც დაგიტოვებთ სამახსოვროდ.

- კარგი რა, მაო, ნუ მეუბნები მაგას, გულს ნუ მიხეთქავ, ისედაც დაწყვეტაზე მაქვს ნერვები. ქიმიოთერაპია უნდა ჩაიტარო, სხვა გზა არ არის. ხომ გესმის? ვისთან დადიხარ, რომელ ექიმთან?

- წეღან რომ მოგიყევი, შემხვდა-მეთქი, იმასთან.

- იმ შენზე შეყვარებულ კაცთან?

- ჰო, - ისევ გაეცინა, - `ბედის ირონია, ანუ გაამოთ~! აი, ასეა ჩემი საქმე.

- გიყვარდა?

- ისე რა, ბავშვურად. საკურორტო რომანი უფრო იყო, ვიდრე ნამდვილი სიყვარული.

- შენ რა სულ საკურორტო რომანებში ყოფილხარ გახვეული, ვააა.

- საიდან მოიტანე ახლა ეგ! - გააპროტესტა მაიკომ.

- რაღა საიდან? ნიკაც კურორტზე არ გაიცანი?

- ჰო, ეგ ხო.

- ის ვიღაც, გოჩა რომ ერქვა? სიგიჟემდე მიყვარდაო, რომ ამბობ?

- უი, მართლა, შენ რა მაგარი ხარ, ხათო, ა? ამდენი წელია, ამ კაცებს ვახსენებ და მაგას კი არ დავკვირვებივარ, ყველა კურორტზე რომ გავიცანი. თუმცა, გოჩას შემთხვევა სხვა იყო. ის ახალგაზრდული ბანაკი იყო და არა კურორტი. იქ პრაქტიკას გავდიოდი.

- მერე რა? ზღვაზე ხომ იყავი? ხომ ისვენებდი მთელი თვე? რა მნიშვნელობა აქვს, პრაქტიკას გადიოდი თუ ისე ისვენებდი?

- ეგეც მართალია, - დაეთანხმა მაიკო და მოიღრუბლა.

გოჩას გახსენებაზე ყოველთვის ასე ემართებოდა, სევდა ატყვევებდა მის სახეს. დღემდე ვერ მოენელებინა, რომ ერთადერთ სიყვარულს თავის დროზე თავისი ნებით ჰკრა ხელი. თუმცა, ნიკას რომ მისთხოვდა, არასდროს უნანია. ცუდი ცოლქმრობა არ ჰქონიათ, არც ხელმოკლეობას შეუწუხებია მაინცდამაინც. მართალია, თავიდან ცოტა გაუჭირდათ, მაგრამ მერე და მერე ორივემ აიწყო თავისი საქმე და ეკონომიურადაც მომძლავრდნენ. რომ არა თაია, ნიკასთან საჩხუბარიც არაფერი ექნებოდა.

როცა ხათუნამ სისტემა მოხსნა, აჩქარდა, ავტობუსზე არ დამაგვიანდესო და წავიდა. შეჰპირდა, ხვალ დილით გამოვივლი და საერთოდ, აჯობებს, დილაობით გაიკეთო გადასხმები, რომ წამლებმა დღის განმავლობაში იმოქმედოს და ჯანზე იყოო. ხათუნა ამაში მართალი იყო.

მეგობრის წავლის შემდეგ ცოტა ხანს კიდევ იწვა თვალებდახუჭული და განვლილ ცხოვრებაზე ფიქრობდა. რა შექმნა თავისი არსებობის განმავლობაში და რას ტოვებს ამქვეყნად? არაფერს, ერთადერთი შვილის და რამდენიმე რომანის გარდა. და მერე რა? ეს საკმარისია? თვითონ რა უნახავს? იცის კი, რა არის ბედნიერება? რამდენჯერ გამოცადა იგი ცხოვრებაში? რა თქმა უნდა, აღარ ახსოვს და არც არასდროს დაუთვლია, რამდენი ბედნიერი წუთი ჰქონია.

სახელო აიწია და ხელზე დაიხედა. ნანემსარი ჩალურჯებოდა. როგორი სუსტი ვენები აქვს, ესაა საქმე? კიდევ კარგი, ხათუნამ ნემსი შიგნით დაუტოვა, არ მინდა ყოველ ჯერზე გაწვალო, ბარემ ასე დავტოვებ და თუ აგეწვა, იოდი წაისვიო. არა, ჯერ არ ეწვოდა, მაგრამ უსიამოვნო შეგრძნება მაინც დარჩა.

კომპიუტერს მიუჯდა და `ფეისბუკი~ გახსნა, იქნებ ლეონისგან წერილი იყოსო. არა, წერილი არ დახვდა, მაგრამ მისი გვერდი კვლავ გამოჩნდა. ადგა და თვითონ მისწერა, სად დამეკარგეთ, რატომ არ მეხმიანებითო. ამჯერადაც უცებ მოუვიდა პასუხი, მე თქვენს გამოხმაურებას ველოდებოდიო.

აი, სასწაული! უცნაურობაც ამას ჰქვია. ლეონს ორგანიზაციის საბანკო ანგარიში უნდა გამოეგზავნა, სადაც მაიას ფული უნდა გადაერიცხა და მისგან რაღას ელოდებოდა? ალბათ შეამოწმა, რამდენად შეიძლებოდა მაიას ნდობა?

- ფული სად და როდის ჩავრიცხო? მეგონა, ანგარიშის ნომერს გამომიგზავნიდით, ყოველდღე ველოდებოდი. შემპირდით, დაგიკავშირდებითო, თქვენ კი გაქრით... რამდენი დღეა, თქვენს გვერდს ვეძებ და დღეს ძლივს გიპოვეთ... - მისწერა და პასუხის მოლოდინში გაირინდა...

გაგრძელება შემდეგ ნომერში