თვითმკვლელობა დაკვეთით (თავი V) - გზაპრესი

თვითმკვლელობა დაკვეთით (თავი V)

პასუხის მოლოდინში მაიკო დაძაბული მისჩერებოდა მონიტორს. ლეონმაც არ დააყოვნა და `გაუღიმა~. ეს არ იყო დამაკმაყოფილებელი პასუხი, მაია ახსნა-განმარტებას ელოდებოდა.

- თქვენ აქ იშვიათად შემოდიხართ, - `შემოუთვალა~ ცოტა ხნის შემდეგ.

- იშვიათად არა, უბრალოდ, ცოტა ხნით შემოვდივარ.

- ჰოდა, ამიტომაც არ მოგწერეთ. თანაც, ველოდებოდი, როდის გადმომიგზავნიდით ადრესატის მისამართს და ფოტოსურათს.

- ჰოდა, ხომ აგიხსენით, რომ თქვენი გვერდი დაიკარგა და ვერ ვპოულობდი.

- გასაგებია.

- რა არის გასაგები? რატომ არ ჩანდა თქვენი პროფილი? მამოწმებდით?

კვლავ ღიმილის სმაილი. მერე კი შეკითხვა:

- სანამ უნდა ვიკამათოთ ასე უაზროდ? მეტს აღარ ვიზამ, მაპატიეთ. ამის მოსმენა გსურდათ?

როგორი გაუზრდელია! - აღშფოთდა მაიკო. ნეტავ შეკვეთებს როგორ აბამს თავს ასეთი ხეპრე? ის იყო, გაბრაზებულს თავისი აზრი უნდა მიეწერა, რომ ლეონმა დაასწრო:

- ველოდები.

მაიკოს თვალები გაუფართოვდა.

- რას ელოდებით?

- ფოტოს და მისამართს.

- და ფული? ანგარიშის ნომერი?

- ნუ მევაჭრებით. ჯერ თქვენ გადმომიგზავნეთ მონაცემები და მერე გეტყვით, სად ჩამირიცხოთ თანხა.

ქალმა ამოიოხრა. ერთობ ჯიუტი ჩანდა ეს ვიღაც ლეონი.

- აი, დარწმუნებული ვარ, რომ ზოდიაქოს ნიშნით თხის რქა ხართ, თქვენნაირი ჯიუტი მეორე არ შემხვედრია ცხოვრებაში.

კილერმა გაოცების სმაილი გამოუგზავნა.

- კარგი, მისამართი ესაა, - და თავისი ქუჩის და სახლის ნომერი მისწერა, - ახლავე ფოტოსაც გადმოგიგდებთ.

თავის ალბომში შევიდა და ფოტოები გადაათვალიერა. მარტოს მხოლოდ რამდენიმე სურათი ჰქონდა გადაღებული. ადრე უყვარდა ფოტოების გადაღება, მაგრამ ნიკას გარდაცვალების შემდეგ ამის ხალისი დაკარგა. ან კი რა ჰქონდა სახალისო, დაენგრა ცხოვრება. შვილი რომ შვილია, იმასაც კი აღარ სჭირდებოდა.

როგორც იქნა, შეარჩია. ამ სურათზე კარგად გამოიყურებოდა, ოდნავ იღიმოდა და თავი გვერდზე ჰქონდა გადაწეული. რამდენიმე თვის წინ სამსახურში გადაუღო მერაბამ, ახალი მობილური ტელეფონი რომ იყიდა. შევამოწმებ, როგორი ხარისხის ფოტოებს იღებსო. მაიკოს ისე მოეწონა სურათი, რომ სთხოვა, გადმომიწერეო და იმანაც არ დაიზარა. ჰოდა, ახლა გამოადგა.

მაიკომ კვნესით ამოიოხრა და ფოტოც გადაგზავნა. პასუხმა კარგა ხნით დააყოვნა, ლეონი არაფერს იწერებოდა.

- აქ ხართ? - შეეკითხა, როცა მოთმინება აევსო.

- კი. - დედამიწის ზურგზე ყველაზე მოკლე პასუხი მიიღო.

- აბა, რას იტყვით?

პასუხმა კვლავ დააყოვნა. მაიკოს აღიზიანებდა კილერის საქციელი და კვლავ შეეკითხა:

- რას იტყვით-მეთქი?

- ლამაზი ქალია, - ამჯერად უცებ მოვიდა მესიჯი.

- ლამაზი? ვითომ? - შურიანი ქალის პოზიცია გაითამაშა მაიამ.

- არ გენანებათ, რომ იმეტებთ?

- თქვენ? თქვენ არ გენანებათ, რომ იმეტებთ? სინდისის ქენჯნას არ გრძნობთ ხოლმე, როცა ვიღაცას სიცოცხლეს მოუსწრაფებთ?

- ჩემი სინდისი ყველაზე მძიმე წონის ტვირთია მთელ პლანეტაზე. ეს დიდი ხანია, ვიცი. ამ მხრივ თქვენი სინდისი რა მდგომარეობაშია? ისიც კარგა გვარიანად მსუქანი ჩანს, როგორც ვხედავ, მთლად დიეტაზე არ უნდა იყოს, - დასცინა ლეონმა.

- ასეთი შეკითხვებიც შედის თქვენს მოვალეობაში? - გაბრაზდა ქალი.

- რა თქმა უნდა. მე ხომ შემსრულებელი ვარ.

- შემსრულებელი კი არა, მკვლელი ხართ!!! - ძახილის ნიშნებით გაამდიდრა მაიკომ პასუხი, რათა მიენიშნებინა, წონასწორობიდან გამოგყავარო.

- მე ვარ მკვლელი? - სიცილის მთელი `კორიანტელი~ დააყენა ლეონის გამოგზავნილმა სმაილებმა, - თქვენ? თქვენ ვინ ხართ? თეთრი ანგელოზი? ჩვენ ორს შორის რომელი უფრო სასტიკი მკვლელია, თქვენ თუ მე? დამკვეთი თუ შემსრულებელი?

მაია შეცბა, ამაზე არ უფიქრია. ხომ არ ეტყოდა, საკუთარი თავის მოკვლა მწადია და ამიტომ არ მიმაჩნია ჩემი თავი მკვლელადო?

- მე, - მოკლედ მისწერა და დაამატა, - გადმომიგზავნეთ თქვენი ანგარიშის ნომერი.

კვლავ პაუზა. კვლავ ლოდინი. ოხ. როგორ უშლიდა ეს კაცი ნერვებს.

- იცით რა, ლეონ? ამდენი დრო არ მაქვს. უნდა დავიძინო, იქნებ ცოტა დააჩქაროთ?

- იცით რა, პიმპუ? - არ დაახანა კილერმაც, - არც მე მაქვს ბევრი დრო, მაგრამ გადავიფიქრე. მირჩევნია, თანხა მთლიანად ავიღო, ამიტომ დავალების შესრულების დრო რომ მოვა, ერთად ჩამირიცხეთ. შევთანხმდით?

პასუხმა გააკვირვა. ამას არ ელოდა. ყველა თავიდანვე ცდილობს, შესასრულებელი დავალების ნახევარი მაინც აიღოს, ვის არ სჭირდება ფული. მით უფრო, ასეთ საქმეში, როცა ნდობის ხარისხი გაცილებით დაბალია. ამან კი ახლა არ მინდა, მერე ერთად ჩამირიცხეო. უცნაური ადამიანია ეს ლეონი აშკარად. მაიკომ ქვედა ტუჩი კბილებშუა მოიქცია და მისწერა:

- როგორც იტყვით. როდის შემეხმიანებით?

- მე თუ თქვენ?

ისევ დაიბნა. მართალია, ლეონი რატომ უნდა შეეხმიანოს? ახლა მისი ჯერია, დაკვეთის შესრულების დრო უნდა აუწყოს, იმას რა საქმე აქვს მასთან?

- ჰო, მართალია, მე უნდა შეგეხმიანოთ. კარგი, ეგრე იყოს, შეგეხმიანებით. თქვენ კი ამასობაში დაზვერეთ იქაურობა, კარგად შეისწავლეთ ის ქალბატონი.

- ობიექტი, - შეაშველა სიტყვა ლეონმა.

- ნუ, როგორც არის.

- რა თქმა უნდა, ამ საქმეს ხვალიდანვე შევუდგები და მერე მოგწერთ ჩემს შთაბეჭდილებებს, - მკვლელმა სიცილის სმაილი გამოგზავნა, - და ზედმეტი შეკითხვების დასმას მოეშვით.

- მე მეუბნებით მაგას? როგორ გეკადრებათ! მე ზედმეტ შეკითხვებს არასდროს ვსვამ.

- რატომ, ცნობისმოყვარე არ ხართ?

- უბრალოდ, პასუხები არ მაინტერესებს.

- რაღაც მეეჭვება, - სიცილი `დააყარა~ ლეონმა.

- კარგი, შევეშვათ ამაზე ლაპარაკს, თორემ ვერასდროს შევთანხმდებით, როგორც ვატყობ... დროებით. - დაემშვიდობა მაიკო.

- დროებით. - დაემშვიდობა ლეონიც.

მაიკომ კომპიუტერი გამორთო და ლოგინს მიაშურა.

იმ ღამეს ცუდად ეძინა. ძილში წარამარა კვნესოდა და ოხრავდა. როცა ასეთ ყოფაში ვეღარ გაძლო, ადგა, თაფლიანი წყალი გაიკეთა და დალია. ამან თითქოს უშველა. ყოველ შემთხვევაში, დაეძინა და დილამდე ფეხი არ გაუქნევია...

როგორც იქნა, გადასხმებს მორჩა და მომაგრდა. ბოლო დღეებში თავბრუსხვევებმა უკლო, არც სისუსტეს შეუწუხებია. ცოტა სუნთქვა უჭირდა, სიარული ღლიდა, სხვა არაფერი. წამლებს რეგულარულად იღებდა, დანიშნულების მიხედვით. თემომ რამდენჯერმე დაურეკა, მოიკითხა. შეახსენა, ქიმიოთერაპიაზე უარის თქმა ხომ არ გადაგიფიქრებიაო. ამანაც, არაო, უპასუხა. მერე იმან ჰკითხა, კინოში როდის წავიდეთო. ამან - როცა შენ გეცლებაო. ბოლოს გადაწყვიტეს, შაბათის სეანსზე წასულიყვნენ `რუსთაველში~. დათანხმდა და გაღიმებულმა გათიშა ტელეფონი. საუკუნეა, კინოთეატრში არ ყოფილა. სტუდენტობის მერე. არც კი იცის, ახლა როგორ გამოიყურება `რუსთაველი~. ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს პაემანზე მიდიოდა. ღირდა კი ასეთი სისულელის გაკეთება? რა ეკინოვება, როცა ცალი ფეხი სამარეში აქვს? არ ჯობია, საქმეს მიხედოს?

თუმცა, არც საქმეს დებდა განზე. სამი დღე ინტენსიურად იმუშავა. გუშინ საღამოს მამა გიორგიმაც დაურეკა, გამოიარეო, სთხოვა, თან გაამხნევა, მე შენზე ყოველდღე ვლოცულობო. რაღა უჭირს, თუ ყოველდღე ლოცულობენ მასზე, აუცილებლად გამოჯანმრთელდება. ამის გაფიქრებაზე მწარედ ჩაეღიმა.

ფიქრებით თაიას გადასწვდა. ნეტავ როგორ არის? ერთხელ მაინც თუ გახსენებია დედა? ხომ არ დაურეკოს და უთხრას, რაც ხდება? არა, არ ღირს. მაიკოს გულისთვის თაია თავის საქმეს არ მიატოვებს და თუნდაც მიატოვოს და გამოიქცეს, მერე რა? რა უნდა გაუკეთოს შვილმა? უშველის და მოარჩენს? ეს ხომ სისულელეა. ჯობია, იყოს იქ, იმუშაოს. იქნებ ააწყოს თავისი ცხოვრება. მაია მაინც განწირულია. სიკვდილის წინ დაიბარებს, რომ მანამ არ შეატყობინონ თაიას, სანამ სული არ ამოხდება. მერე დაურეკონ და უთხრან, დედა გარდაგეცვალაო. შეიძლება ვერც ჩამოვიდეს. იქ ხომ არალეგალურად ცხოვრობს. რომ ჩამოვიდეს, მერე კარგა ხანს უკან ვეღარ დაბრუნდება. რამდენი ასეთი შემთხვევა ახსოვს. აი, მაშო რომ გარდაიცვალა, მისი ვაჟი, შანშე ამერიკაში იყო და ვერ ჩამოვიდა. სკაიპით დაიტირა დედამისი. თაია სკაიპითაც არ დაიტირებს ალბათ. ოჰ, რა საშინელებებს ფიქრობს. მორჩა, ასეთ რამეებს მეტად აღარ გაივლებს გულში. ჯობია, კარგ ამბებზე გადაერთოს. მაგალითად, იმაზე, შაბათს თემოსთან ერთად კინოში რომ წავა. ერთი წუთით წარმოიდგინა თავისი თავი თემოს გვერდით შუქჩამქრალ დარბაზში, ხელში პოპკორნის ჭიქებით და გაეღიმა. 80-იანი წლების კინოთეატრი გაახსენდა. მაშინ პატარა იყო. არა, მთლად პატარა არ იყო, ასე, 12-13 წლის იქნებოდა, სკოლიდან რომ გაიპარებოდნენ ხოლმე კინოს საყურებლად. მაშინ პოპკორნი სად იყო. მზესუმზირას იყიდდნენ და ისე შედიოდნენ დარბაზში. ბილეთების რიგშიც ხშირად მდგარა და ურიგოდაც ბევრჯერ გამძვრალა კლასელებთან ერთად. ეჰ, კარგი დრო კი იყო.

მერე ყველაფერი მოისპო. უშუქობა, უგაზობა, უწყლობა და უპურობა... რა არ გამოუცდია. ფაქტობრივად, ომი გამოიარა, ოღონდ ბრძოლების გარეშე. თუმცა, არც უმაგისობა ყოფილა. რა დაავიწყებს, რუსთაველზე ერთმანეთი რომ დახოცეს ქართველებმა. ტელევიზორს არ შორდებოდა. ბუნკერიდან გადმოსცემდნენ ახალ ამბებს. რა შორს გადავარდა მოგონებებით. რა დროს ეგ არის, ესაა, კარგ რამეზე უნდა ვიფიქროო? ასეთი რამეები ახლა მხოლოდ რომანში უნდა გამოიყენოს. იქ უნდა წერდეს იმ ავად მოსაგონარ დღეებზე.

სანამ ჩაიცვამდა, აივანზე გავიდა. სუსხიანი დილა მტრულად შემოეგება, პირდაპირ სახეში ეტაკა ცივი ქარი. არ დაადგა ამინდის გამოსვლას საშველი. სითბო მოენატრა, მზის სხივები, მხურვალედ რომ მოელამუნება მკლავებზე. ოთახში შებრუნდა და ჩაცმას შეუდგა. გამომცემლობაში უნდა მივიდეს და დაეთხოვოს. მეტად აღარ გააგრძელებს მუშაობას, წიგნების კითხვის და შეცდომების გასწორების არც თავი აქვს და არც სურვილი. დარჩენილი თვეები უნდა დაისვენოს და რომანი როგორმე დაამთავროს. ახლა ესაა მისი ერთადერთი მიზანი. ანდერძიც უნდა შეადგინოს და ნოტარიუსთან დატოვოს, რომ მისი სიკვდილის შემდეგ თაიას პრობლემები არ შეექმნას ბინის გადაფორმების თაობაზე.

თაია! კვლავ თაიას გადასწვდა ფიქრებით. ეჰ, რამდენი რამე და ვინმე დაკარგა ცხოვრებაში. თუმცა, როცა რამეს ან ვინმეს კარგავ, ამავდროულად სხვა რამეს იძენ, თუნდაც გამოცდილებას. მაგრამ ახლა ეს გამოცდილებაც არაფერში ადგება.

თბილად ჩაიცვა, ქოლგა მოიმარჯვა და სახლიდან გავიდა. ქუჩაში გასულმა თვალი მოპირდაპირე კორპუსს შეავლო. ვინ იცის, იქნებ ლეონი ახლა ამ კორპუსის სხვენზეა მოკალათებული და თავისი იარაღის გამადიდებელი სამიზნით აკვირდება, როგორ გამოვიდა მაია სახლიდან. ცოტა უნდა მოუხშიროს გარეთ სიარულს, რომ იმ კაცმა დააფიქსიროს. ხომ უნდა შეისწავლოს მაიკოს მარშრუტი ან დღის განრიგი? ჰო, მაგრამ ისე იშვიათად გადის შინიდან, რომ ლეონს შეიძლება მთელი დღე მოუწიოს კორპუსის სხვენში ყურყუტმა, რომ `ობიექტი~ დალანდოს.

ქუჩა გადაჭრა და ტროტუარს დაუყვა. ქოლგა წინ გადახარა, რომ მისი ფრთები ქარს არ მოეკეცა. გზადაგზა ფეხაჩქარებით მომავალი ადამიანები ხვდებოდნენ. ქოლგაზე დაცემული წვიმის წვეთების წკაპუნს ჩავლილი მანქანების ბორბლების ჩხრიალა ხმა ერთვოდა. წვიმაში სხვანაირ ხმას გამოსცემენ ბორბლები. ხანდახან ფეხაჩქარებით მომავალი ადამიანიც ჩაუვლიდა და ერთმანეთს შემფასებლურ მზერას შეავლებდნენ. ნეტავ მისნაირი სიმსივნიანი თუ არის ამათ შორის რომელიმე? ამ წვიმაში აჩქარებული ნაბიჯით ან სულაც სირბილით მომავალთაგან რომელია სასიკვდილოდ განწირული?

ბოლო დროს უცნაურობა დასჩემდა. ყოველი ქუჩაში შემხვედრი ნაცნობი ეჩვენებოდა. ისეთი შეგრძნება ეუფლებოდა, რომ ეს ადამიანი სადღაც უკვე ენახა და ცდილობდა გაეხსენებინა, სად. ნუთუ ესეც ავადმყოფობის ბრალია? როგორ შეიძლება, ყველა გეცნობოდეს? დეჟა ვუ ემართება ალბათ. რა საყვარელი ფრანგული სიტყვაა, არა? ქართულად ნიშნავს `უკვე ვნახე~. მაიკოს გაეცინა. ქუჩაში მიმავალი თავისთვის იცინოდა. ვიღაცას გიჟი ვეგონებიო, გაიფიქრა და ტუჩები მოკუმა. ისე, დეჟა ვუ კი არადა, მისი საპირისპირო ჟამე ვუ ხშირად დამართვია. ჟამე ვუც უცნაური განცდაა. აი, ზიხარ შენთვის კარგად ნაცნობ, ჩვეულ ადგილას, უყურებ შენს მეგობრებს და თავს სრულიად უცხოდ გრძნობ, ფიქრობ, თითქოს პირველად იყო ამ სიტუაციაში. ნეტავ სხვებს თუ გამოუცდიათ მსგავსი რამ?

საოცარი რამაა ადამიანის ცხოვრება, მაიკოსი - განსაკუთრებით. ცხოვრებაში არსებობს წუთები, როცა თვალებში ცრემლი არ გიდგას, სამაგიეროდ გულში მთელი ზღვა ბობოქრობს...

უკანა გზაზე გადაიღო და მზემაც გამოანათა. ქოლგა სველი იყო, ამიტომ ჩანთაში ვეღარ ჩაიდო და ხელში ეჭირა. ხანდახან მოჭუტული თვალით გახედავდა ღრუბლებში მოციალე მზეს და უღიმოდა. ემოციებით სავსე ბრუნდებოდა სამსახურიდან. როგორ ეწყინა ყველას, რომ უთხრა, მუშაობას ვეღარ გავაგრძელებო. მისი ამბავი უკვე იცოდნენ თანამშრომლებმა. ყველა კოცნიდა და ეფერებოდა. გული აუჩუყდა, მაგრამ არ იტირა, რაც შეეძლო, თავი შეიკავა. ახლა, ამ წუთებში ყველა თანამშრომელი უფრო მეტად ეძვირფასებოდა, ვიდრე აქამდე. ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს უკანასკნელად ხედავდა თითოეულს. დაგირეკავთო, გინახულებთო... ყველა თავისებურად ცდილობდა მის გამხნევებას. რა იყო, ხალხნო, ჯერ არ ვაპირებ სიკვდილს, რომანი მაქვს დასამთავრებელიო, გაიხუმრა.

ისე, რამდენი ადამიანია, რომელმაც არც კი იცის, სიმსივნით რომაა დაავადებული. ოჯახის წევრები საგულდაგულოდ უმალავენ ხოლმე დაავადებულს დიაგნოზს. რამდენად მისაღებია ეს? რატომ არ უნდა იცოდეს ადამიანმა, რა სჭირს? განა უფრო არ მოინდომებს, შეებრძოლოს ვერაგ სენს? კი, როგორ არა! თვითონ რომ იცის რა, ცდილობს შებრძოლებას? მთლად ჩაიქნია ცხოვრებაზე ხელი, იმის ნაცვლად, რომ დღეები გაიხანგრძლივოს. ალბათ სხვებიც ასე იქცევიან და ამიტომაც უმალავენ.

ამ ფიქრებში გართული სახლს მიუახლოვდა. უნებლიეთ კვლავ მოპირდაპირე კორპუსს გახედა და ლეონი გაახსენდა. ახლა წარამარა ამ კაცზე ფიქრი უნდა აეკვიატოს? ისე, საინტერესოა, როგორ გამოიყურება. სიმპათიურია თუ კვაზიმოდოსავით მახინჯი? ფილმებში, უმეტესწილად ყველა დაქირავებული მკვლელი სიმპათიურია. ცხოვრებაში როგორაა ნეტავ?

მოულოდნელად კიბის გვერდით მოძრავი ლანდი შენიშნა. რაც უფრო უახლოვდებოდა, მით უფრო იპყრობდა შიში. ახლა რომ ლეონი აღმოჩნდეს და ადგილზე გააგოროს. უსიამოვნოდ შეაჟრჟოლა, ცივმა ოფლმა დაასხა. რა სისულელეს ფიქრობს. ჯერ ფული არ გადაუხდია და რატომ უნდა მოკლან? ცხადად დაუდგა თვალწინ მისკენ მიმართული იარაღის ლულა და პანიკაში ჩავარდა. მიხვდა, რომ სიკვდილი სულაც არ უნდოდა. თურმე როგორი ხარბია ადამიანი. როცა პირისპირ აღმოჩნდა ფაქტის წინაშე, შეეშინდა. არადა, გვერდიდან რომ შეხედო, რა ადვილია სიკვდილის წარმოდგენა.

მის დანახვაზე ლანდი შეირხა. ახლა უკვე გამოიკვეთა საშუალო სიმაღლის მამაკაცის ფართო მხრები და ჩასკვნილი სხეული. `ნაიკის ფირმის~ სპორტულები ეცვა, ამავე ფირმის ბოტასი და თავზე კეპი ეხურა. გარედან - შავი დაბამბული ქურთუკი.

- გამარჯობათ! - მიესალმა უცნობი.

- დღე მშვიდობისა, - დაბნეულად მიუგო და ყურადღებით შეათვალიერა.

- მაია უნდა იყოთ, არა? - ბოხი ხმა ჰქონდა უცნობს, სასიამოვნო ბარიტონი და სუსხიანი სახე, მკაცრი გამომეტყველებით და გამოკვეთილი ყბებით.

- დიახ, მაია ვარ. თქვენ?..

- მე გოჩა ვარ, - თქვა და გაიღიმა.

ამ სახელის გაგონებაზე შეკრთა, სახეზე ალმურმა გადაკრა. ჰო, ნამდვილად ის იყო, ის გოჩა, ერთ დროს ყველაზე მეტად რომ უყვარდა ამქვეყნად. თვალები, თვალები ეცნო. ყველაზე სევდიანი თვალები, რაც კი ოდესმე უნახავს.

კიდევ ერთხელ დააკვირდა. არა, არ ცდებოდა. ნამდვილად ის იყო. `როგორ გაჭაღარავებულა~, - გაიფიქრა მაიამ და ალეწილმა ძლივს მოახერხა გაღიმება.

- გიცანი... საერთოდ არ ხარ შეცვლილი, ცოტა გაჭაღარავებულხარ.

- ცოტა კი არა, კარგა გვარიანად. არც შენ შეცვლილხარ. ის კი არა, უფრო ლამაზი ხარ.

- კარგი რა, - ხელი ჩაიქნია ქათინაურით ნასიამოვნებმა და უნებურად თმაზე გადაისვა ხელი, - აქ საიდან გაჩნდი?

- ციდან ჩამოვვარდი, - გაიცინა გოჩამ და თავისი ჩაწიკწიკებული კბილები გამოაჩინა, თეთრი და ქათქათა.

მოაგონდა ახალგაზრდობა. მოაგონდა ის პატარა ბიჭი, სკოლის მოსწავლე, მასზე უგონოდ შეყვარებული და თითქოს ტალღა აუზვირთდა სულში. თბილი და ხმაურიანი.

- ისევ პატარა ბიჭს ჰგავხარ, - მაიკო მიუახლოვდა და ისეთი გამჭოლი მზერა შეავლო, თითქოს მის სიღრმეში სურს ჩახედვაო.

იშვიათად შავი თვალები ჰქონდა მამაკაცს, ოდნავ ჩამოწეული ქუთუთოებით. დიდრონი, დიდრონი თვალები, შავკანიანებს რომ აქვთ, დაახლოებით ისეთი. თითქოს რაღაცით ჰგავდა კიდეც აფრიკელს, იმ განსხვავებით, რომ თმახუჭუჭი არ იყო. პირიქით, სწორი თმა ჰქონდა, სწორი და ბზინვარე. სახის კანი - უჩვეულოდ ყავისფერი, მზეზე გემრიელად გარუჯულებს რომ აქვთ. მულატს უფრო ჰგავდა, ვიდრე თეთრკანიანს. ახსოვს მისი დიდი, სქელი და კვასკვასა წითელი ტუჩები. რა დაავიწყებს მაიკოს ამ ტუჩებს, ახლა ოდნავ რომ დაჰკარგვია ფერი, აღარაა ისეთი წითელი. სწორი, ჩამოქნილი ცხვირი, თითქოს გამოქანდაკებულიაო. ამ გოჩასა და იმ გოჩას შორის სხვაობას ნაკლებად შეამჩნევდით, ოდნავ მოსუქებულიყო მხოლოდ. ისევ ისე უბრწყინავდა კუნაპეტ ღამესავით შავი თვალები.

- შენ სხვა ბიჭი გახსოვს, შავთმიანი და გიჟი-გადარეული. თუმცა, არც ახლა ვარ ნაკლები გიჟი, - ისევ გაიცინა გოჩამ და წამოზრდილ წვერზე ხელი ნელა ჩამოისვა.

- არა, მართლა საიდან გაჩნდი აქ?

- ალბათ იღბალმა ასე ინება. მოვდიოდი ამ ქუჩაზე და უცებ ნაცნობი მიხრა-მოხრა დავინახე. ვა, ვიფიქრე, ეს ის გოგო ხომ არ არის, ერთ დროს რომ მიყვარდა-მეთქი? გავჩერდი და დაგაკვირდი. კარგი ვქენი, რომ გავჩერდი, თორემ ხომ აგივლიდი გვერდს?

- მიხარია შენი დანახვა. წამო, ავიდეთ ჩემთან, აქ ვცხოვრობ, აი, ამ სახლში.

- ამ სახლში? - გოჩამ თვალი შეავლო, - რომელ სართულზე?

- პირველზე. აი, ეს ჩემი ფანჯრებია, ეს ორი, გისოსებიანი.

- ჰო, - დაუნაღვლიანდა სახე, როგორც ჩანს, მოგონებები აეშალა.

- დედაშენი როგორაა?

- არა უშავს, ხანდახან წნევები აწუხებს, მეტი არაფერი.

- კარგი ქალია დედაშენი.

- ჰო, რატომაც არა. ის კარგია, შენც კარგი ხარ... მე კი ორივენი ცუდად მომექეცით. მოაწყვეთ შეთქმულება ჩემს წინააღმდეგ და არც კი შემეკითხეთ, მაწყობდა თუ არა.

- მაშინ ისე იყო საჭირო, - მაიკოს სახე მოეღრუბლა, უსიამოვნო მოგონებებმა დარია ხელი.

- მაგიტომაც იყო, ცხრა მთას იქით რომ გადავიკარგე, - მამაკაცმა ტუჩები მოკუმა და თავზე კეპი შეიტრიალა, ჯარისკაცს დაემსგავსა უცებ...

გაგრძელება შემდეგ ნომერში