თვითმკვლელობა დაკვეთით (თავი VI) - გზაპრესი

თვითმკვლელობა დაკვეთით (თავი VI)

გოჩამ კეპი მოიხადა და ირგვლივ მიმოიხედა. დაბნეული ქალი სამზარეულოში შევარდა და ყავის თადარიგი დაიჭირა - ჩაიდანი წყლით აავსო და გაზქურაზე შემოდგა.

- დაჯექი, ფეხზე რატომ დგახარ? - სავარძლისკენ გაიშვირა მაიამ ხელი.

- ეს შენი ქმარ-შვილია? - გოჩა კამოდზე შემოდებულ სპილენძისფერ ჩარჩოს მისჩერებოდა, რომლიდანაც ნიკა და თაია ჩახუტებულები იღიმებოდნენ.

- ჰო. - ხმა დაუნაღვლიანდა ქალს.

- უხერხული ხომ არაა, რომ შემოვედი, - გოჩა შეიშმუშნა.

- არა, არა. მეუღლე აღარ მყავს, გარდაცვლილია, ჩემი გოგო კიდევ საზღვარგარეთაა სამუშაოდ. ასე რომ, მარტო ვცხოვრობ.

წამით თითქოს სიხარულის ნაპერწკლები გაკრთა მამაკაცის თვალებში, მაგრამ მხოლოდ წამით და მაშინვე ჩაქრა, თუმცა მაიას ამის შემჩნევა არ გასჭირვებია. თავისი ხუთი თითივით იცნობდა ამ კაცს და მის ხასიათს.

- შენ? რამდენი შვილი გყავს? - ღიმილით მიაჩერდა გოჩას.

- არც ერთი, - დამნაშავესავთი აიწურა მხრები გოჩამ და სავარძელში ჩაჯდა თუ არა, ფეხი ფეხზე გადაიდო, კეპი კი მუხლისთავს `დაახურა~.

- უი, რატომ?

- უცოლო ვარ და იმიტომ.

მაიკო გაშეშდა, ასეთ პასუხს არ მოელოდა.

- დაშორდი? - ლამის ჩურჩულით ჰკითხა.

- არა, არც არასდროს შემირთავს.

- მატყუებ... - არ დაიჯერა.

- არ გატყუებ, რატომ უნდა მოგატყუო?

- რა ვიცი, მე სულ მატყუებდი და... - გაეცინა მაიას.

- ხომ ხვდები, რატომაც. მინდოდა, ჩემი თავი მაგარ ბიჭად წარმომეჩინა და უბრალოდ, ვტრაბახობდი.

- ვიცი, ვიცი.

- ახლა კი ეს არაფერში მჭირდება, ასე რომ...

- რატომ არ დაოჯახდი?

გოჩას სახეზე ჩრდილმა გადაურბინა, წარბები ოდნავ შესამჩნევად შეეჭმუხნა, მერე ამოიხვნეშა და მოგუდული ხმით მიუგო:

- შენ ვერავინ შეგცვალა, სხვებს კი ვერ შევეგუე. აი, ამიტომ. - და მაიკოს მზერა აარიდა.

სწორედ ამ დროს სამზარეულოდან ჩაიდნის სტვენის ხმა მოისმა და მაია სასწრაფოდ გავარდა. კიდევ კარგი, დროზე უშველა ჩაიდანმა, თორემ გულაჩუყებული ალბათ იქვე ჩაიკეცებოდა.

ნუთუ ასეთი ადამიანები კიდევ არსებობენ? ერთი გიყვარდეს, თანაც მთელი ცხოვრება და იგი სხვამ ვერავინ ჩაანაცვლოს? განა არსებობს ასეთი სიყვარული? თვითონ ხომ გათხოვდა? ხომ იპოვა გოჩას შემცვლელი? განა მას არ უყვარდა? იქნებ ისე არ უყვარდა, როგორც უნდა ჰყვარებოდა? არა, სისულელეა. ძალიან, ძალიან უყვარდა, მაგრამ მაშინ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა. მართალია, გული ატკინა საყვარელ ადამიანს, სამაგიეროდ, სხვა ადამიანების გული მოიგო...

ფიქრებით წარსულს გადასწვდა, თან ყავის მომზადებას შეუდგა.

გოჩა სტუდენტობის წლებში გაიცნო. უფრო სწორად მაშინ, როცა ბოლო კურსზე გადავიდა. ჯერ ოცდაორი წლის იყო. საზაფხულო არდადეგები რომ დაიწყო, პრაქტიკაზე ახალგაზრდულ ბანაკში უკრეს თავი ხელმძღვანელად ერთ პატარა, ზღვისპირა სოფელში.

ბანაკი ფართოდ იყო გაშლილი კარგა მოზრდილ ტერიტორიაზე. ეზოში ოთხი კორპუსი იდგა - ორი ერთსართულიანი, ყაზარმის ტიპის, ორიც - ასანთის კოლოფივით მართკუთხედი და ორსართულიანი. იქვე, მარცხნივ, სასადილო იყო, სადაც დამსვენებლებს უნდა ეკვებათ. ზღვა ერთი ხელის გაწვდენაზე მდებარეობდა, როგორც კი წიწვნარს გადაივლიდი. მისი ტალღების ხმაური ბანაკამდე ადვილად აღწევდა.

მაიკოს მისახედად და სამეთვალყურეოდ პირველი რაზმი შეხვდა, ყველაზე უფროსი ასაკის მოსწავლეებით დაკომპლექტებული. იგი მე-9-10 კლასელებისგან შედგებოდა. რაზმში სულ ცამეტი მოსწავლე იყო, ცხრა ბიჭი და ოთხი გოგონა. მათგან შვიდი ადგილობრივი მცხოვრებლები იყვნენ, დანარჩენები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან. ორნი თბილისელები იყვნენ, გოგო და ბიჭი, ერთი - თელაველი, ორი ბათუმელი და ორიც - ქუთაისელი. მათგან მხოლოდ ერთს, თელაველ ფშავ ბიჭს, ბუბას ჰქონდა სკოლა დამთავრებული, მაგრამ საბუთებში ისე იყო გაფორმებული, როგორც მეათეკლასელი. იმ დროს საშუალო განათლება ათ კლასს მოიცავდა, თორმეტწლიანი სწავლება ჯერ არ იყო შემოღებული. გოჩაც ამ ბავშვების რიგში ერია. სწორედ ის იყო თბილისელი და კიდევ ერთი გოგონა, რომლის სახელი ახლა აღარც ახსოვდა მაიკოს. არც სხვების სახელები ახსოვდა, ბუბასა და გოჩას გარდა, რადგან ამ ორთან შემდეგშიც გააგრძელა ურთიერთობა და ვერ დაივიწყებდა.

თავდაპირველად გოჩაც სკოლადამთავრებული ეგონა, რადგან ბიჭმა ასე უთხრა და არც მაიას ჩაუხედავს საბუთებში, ეს მის კომპეტენციაში არ შედიოდა. მოსწავლეების დოკუმენტაცია დირექტორთან ინახებოდა.

დირექტორიც მაიასავით ახალგაზრდა ბიჭი იყო, თავმომწონე და ამპარტავანი. აშკარად ეტყობოდა, კარიერული წინსვლისთვის ყველაფერზე წავიდოდა. ყველას ზემოდან დაჰყურებდა, თითქოს ბანაკში მისი ტოლი არავინ იყო. დღენიადაგ ჰალსტუხი ეკეთა, იმ პაპანაქება ზაფხულის დღეებში, ქვეყანა რომ იწვოდა. რამდენჯერ უფიქრია მაიკოს, ნეტავ რა რჯის, თავს რომ იხრჩობს, ამ მიყრუებულ სოფელში ვინ დაინახავს მის ჰალსტუხს, არ ურჩევნია, თავისუფლად იყოსო? მაგრამ მას არავინ ეკითხებოდა. სერგო ერქვა იმ ბიჭს და ალავიძე იყო გვარად, ეს კარგად ახსოვს. დირექტორი არასდროს ინტერესდებოდა, როგორ გრძნობდნენ თავს ბავშვები, მათი ხელმძღვანელები, როგორ იკვებებოდნენ, რამე პრეტენზია ხომ არ ჰქონდათ... დილით ადგებოდა, ყველას მიესალმებოდა, დაიხურავდა ქუდს და კაცმა არ იცის, საით მიდიოდა. მხოლოდ საღამოს ბრუნდებოდა უკან, როცა შებინდდებოდა. ხანდახან შუადღესაც შემოივლიდა. ეს იყო და ეს. ბანაკის ღამით დატოვების უფლება არ ჰქონდა. სანამ ბანაკი მოქმედებდა, დირექტორსაც, როგორც სხვა დანარჩენ მომსახურე პერსონალს და მოსწავლეებს, იქ უნდა ეცხოვრა.

ყველაზე რთული ასაკის მოსწავლეები მაიკოს შეხვდა. ხუმრობა ხომ არ იყო, ეს ბავშვები ერთ წელიწადში სრულწლოვანი გახდებოდნენ და დამოუკიდებელ ცხოვრებას შეუდგებოდნენ. ყველას საკუთარი `მეს~ გამომჟღავნება სურდა. ამავე დროს, არც ერთი არ გამოირჩეოდა განსწავლულობით და ნაკითხობით. მგონი, კლასგარეშე ლიტერატურა არც კი ჰქონდათ წაკითხული. ერთადერთი ბუბა იყო, ამ მხრივ რომ ბრწყინავდა. ვაჟა-ფშაველას პოეზია ზეპირად იცოდა და ხშირად კითხულობდა ყველას თვალწინ მის ლექსებს, ან რომელიმე პოემიდან მოზრდილ კუპლეტებს... ასევე კარგად იცნობდა რუსულ ლიტერატურას. რუსი პოეტები, ესენინი, ცვეტაევა და ბლოკი გადაბულბულებული ჰქონდა. თვითონაც წერდა ლექსებს და თავის შემოქმედებას მაიკოს ხშირად უკითხავდა.

ამ მხრივ გოჩა განსხვავებული იყო. იგი სწავლით და ცოდნით ვერ დაიკვეხნიდა. სამაგიეროდ, სპორტსმენი იყო, კარატეზე დადიოდა და უკვე შავი ქამრის მფლობელიც გახლდათ. მის აღნაგობას ეს მართლაც ეტყობოდა. ფართო, გაშლილი მხრები და დაკუნთული სხეული ამაზე მეტყველებდა. ნაბიჯებიც ისეთი მტკიცე ჰქონდა, ნებისმიერ ზრდასრულ მამაკაცს რომ შეშურდებოდა. ყოველთვის მოქუფრული დადიოდა, თავს იოლად არავის უყადრებდა, მაგრამ თუ გაიღიმებდა, სახე სრულიად ეცვლებოდა. შავგვრემანი ბიჭი იყო, შავი თმითა და კუნაპეტ ღამესავით შავი, მბრწყინავი თვალებით. მაგრამ ჩამოწეული ქუთუთოები მის თვალებს რაღაც ამოუცნობ სევდას ანიჭებდა. ზედმეტად მუქი ფერის კანი ჰქონდა, გეგონებოდათ, მზეზე გარუჯულაო. რაღაცით აფრიკელსაც კი ჩამოჰგავდა თავისი შავი, დიდრონი თვალებით და მსხვილი წითელი ტუჩებით. ერთადერთი, ცხვირი ჰქონდა ისეთი ლამაზი, როგორიც სპარტანელებს და აფრიკელთან ამ მხრივ საერთოს ვერ მოუნახავდით.

დიდად არავისთან მეგობრობდა, მხოლოდ მაიასთან პოულობდა საერთო ენას. არც ცეკვა-თამაშში ერთვებოდა, არც სიმღერასა და შეჯიბრებებში, ასეთ დროს განმარტოებით ყოფნას ამჯობინებდა. შეიძლება ამიტომაც იყო, რომ ამ ორ ბიჭს - გოჩასა და ბუბას შორის თითქოს ფარული შუღლი ჩამოვარდა. არა, არ ემტერებოდნენ ერთმანეთს, არასდროს უჩხუბიათ, მაგრამ მახვილი თვალი მაშინვე შეამჩნევდა, რომ ერთმანეთს მეტოქეობდნენ. ჩუმი ჭიდილი შეინიშნებოდა მათ ურთიერთობაში. მაშინ არ იცოდა მაიკომ, რომ ამის მიზეზი თვითონ გახლდათ, რომ ორივე ბიჭი მასზე ყურებამდე იყო შეყვარებული. რას წარმოიდგენდა? ისინი მისთვის მოსწავლეები იყვნენ, მათთვის კი ის - ხელმძღვანელი. თუმცა, მალე გამოაშკარავდა ეს ამბავი.

ერთხელ ბუბამ მოდის ჟურნალიდან ამოხეული რომელიღაც მოდელის ოთხად გაკეცილი სურათი ამოიღო და მაიკოს გაუწოდა, აი, ასეთ გოგოს ვეძებ, რომ შევიყვაროო. მაიკოს გაეცინა, ეს უცხოელი მოდელია და ასეთი სად გინდა იპოვოო. იმან კი მიუგო, მაიკო მასწ., ეს გოგო თქვენ გგავთ ძალიანო, თქვენც ჟურნალიდან გადმომხტარს ჰგავხართო. ეს მინიშნება იყო და მაიკოც მიუხვდა საწყალ ბიჭს, საითაც უმიზნებდა. თუმცა, არ შეიმჩნია და სხვა დროს ამ თემაზე საუბარი აღარ ჩამოუგდია.

მაიამ მალე აუღო ალღო თავისი რაზმის წევრებს. გოგონებს უცებ დაუახლოვდა და თან იმდენად, რომ მეექვსე დღეს ყველა მათი საიდუმლო ზეპირად იცოდა. არც ბიჭებთან გასძნებელია მეგობრული ურთიერთობის დამყარება, თვითონაც ახლახან გამოსულიყო მათი ასაკიდან და იცოდა, როგორ უნდა მისდგომოდა თითოეულ მათგანს. პირველ რიგში, ყველას აუკრძალა, `მასწ.-ს~ ნუ მეძახით, რომელი თქვენი მასწავლებელი მე ვარო.

- აბა, რა დაგიძახოთ, მასწ.? - შეეკითხა ბუბა.

- რა და... რა ვიცი, მაიკო ხელმძღვანელო! აი, ასე მომმართეთ, - უცებ იპოვა გამოსავალი.

- აუ, რამსიგრძე მიმართვაა, - ჩაერია ამ დროს საუბარში გოჩა, - მაშინ მოკლედ დაგიძახებთ - მაკოხელ! ჰა, როგორია? - თქვა და თავისსავე ნათქვამზე გულიანად გაეცინა.

მას შემდეგ შერჩა ეს მეტსახელი - მაკოხელ. მერე ყველა ასე მიმართავდა, სხვარაზმელებიც კი.

ერთი-ორი ისეთი ერია რაზმში, რომლებიც კარგად მღეროდნენ. ჰოდა, შემოისხამდა მათ აქეთ-იქიდან, მეორე და მესამე ხმას მიუმღერებდა, თვითონ პირველს შეუბერავდა და ისე დააგუგუნებდნენ ქართულ ხალხურ სიმღერებს, თქვენი მოწონებული. ცეკვა? ოხ, ნუ იტყვით. ცეკვა მაიასთვის ყველაფერი იყო. თითქოს ამისთვის შექმნა ბუნებამ. ბავშვობიდან ცეკვავდა და არც მაშინ მიუტოვებია, როცა უნივერსიტეტში ჩაირიცხა. ეგრევე ჩაეწერა სასწავლებლის ანსამბლში და სცენიდან არ ჩამოსულა. აქ, ბანაკშიც არ ჩერდებოდა. გამოიტანდა მაგნიტოფონს გარეთ, ჩართავდა ბოლო ხმაზე და ფეხშიშველა დაუვლიდა ხოლმე. ყველას ეხვეწებოდა, ჩემთან ერთად იცეკვეთო, მაგრამ ეს ერთადერთი იყო, რომელშიც ვერც ერთი მოსწავლე ვერ აიყოლია. სამაგიეროდ, ისხდნენ და აღფრთოვანებულები შესცქეროდნენ თავიანთ ხელმძღვანელს, ყელმოღერებული რომ ტრიალებდა წრეში ტანწვრილი და ფეხშიშველი. ეჰ, როგორი კენარი გოგო იყო მაშინ, ბიჭებს თვალი ზედ რჩებოდათ.

ბანაკის გვერდით სამხედრო ნაწილი მდებარეობდა. მათ ერთი ღობე ყოფდათ. ჰოდა, მოადგებოდნენ ეს ახალწვეულები ბადისებურად ნაქსოვ მავთულის საერთო ღობეს, თითებით ჩაებღაუჭებოდნენ წვრილ მავთულბადეს და თვალს არ აშორებდნენ მოცეკვავე მაიას.

საინტერესოდ გადიოდა დღეები. ეწყობოდა შეჯიბრებები, მხატვრული კითხვის საღამოები, კონცერტები. მაიას რაზმი ყოველთვის პირველ ადგილზე გადიოდა და ეს არც იყო გასაკვირი. არც თვითონ იშურებდა ძალ-ღონეს და არც მისი რაზმელები უცრუებდნენ იმედს საყვარელ ხელმძღვანელს. მოტივაციაც ჰქონდათ. თუკი მაიას დაუჯერებდნენ, ღამის გასეირნება გარანტირებული იყო. ეს კი ნიშნავდა, რომ შუაღამეს, ბანაკი რომ მიიძინებდა, მაია და მისი რაზმი ზღვაზე გაიპარებოდა. უჩუმრად გადაივლიდნენ წიწვნარს, მოაგროვებდნენ ხმელ ტოტებს, დაანთებდნენ პატარ კოცონს, გადაძვრებოდნენ იქვე, მოსახლეობის ეზოებში, მოიტანდნენ ნედლი სიმინდის ტაროებს და წვავდნენ ნაკვერჩხლებზე. ერთადერთი, რასაც მაიკო სასტიკად კრძალავდა, ღამით ზღვაში ჩასვლა იყო. ეშინოდა, რომელიმე მათგანი ყურადღების მიღმა არ დარჩენოდა და წყალში არ დამხრჩვალიყო.

აი, ასე მხიარულად ატარებდნენ დროს, მაგრამ ერთმა არასასიამოვნო შემთხვევამ ყველაფერი გადაფარა.

ერთხელ ორი რაზმი, პირველი და მეორე, დირექტორის ბრძანებით, ხელმძღვანელებმა ექსკურსიაზე წაიყვანეს. ავტობუსი დილაუთენია მოადგა ბანაკის ჭიშკარს. ჯინსის შარვალსა და მოკლე მაისურში გამოწკეპილი მაია შესაშური სანახავი იყო. თავზე სწორედ ისეთი კეპი ეხურა, როგორიც წეღან გოჩას, ოღონდ წითელი. ავტობუსის მძღოლს თან ორი კაცი მოჰყვა, ახალგაზრდები, ორივე ნასვამი ჩანდა. დიდად არ ესიამოვნა მაიას და სხვა ხელმძღვანელებს უცხო ადამიანების თან ხლება, მაგრამ ვერაფერი გააწყვეს. მძღოლმა თქვა, ჩემი გამყოლები არიან, მანქანას გზაში რამე რომ დაემართოს, ესენი უნდა მომეშველონო.

მაიას არ გამოჰპარვია უსიამოვნო სტუმრების დაჟინებული მზერა, მის ყოველ მოძრაობას რომ აკვირდებოდნენ და ერთმანეთში ხმადაბლა რაღაცას ლაპარაკობდნენ. თითქოს საიდუმლო შეთქმულებას აწყობენო, ისე იყურებოდნენ, თან ორაზროვანი ღიმილი დასთამაშებდათ ტუჩებზე. მაიკო ცუდმა წინათგრძნობამ შეიპყრო და გოჩას უთხრა, ჩემთან დაჯექი და საერთოდ, გვერდიდან არ მომშორდეო. რას იფიქრებდა, თუ ამით დათვურ სამსახურს გაუწევდა ბიჭს.

როცა რამდენიმე მონასტერი მოიარეს და შუადღეს სადილად დასხდნენ მწვანე მოლზე, მაიკომ თავისი რაზმელები შემოისხა ირგვლივ, თითქოს ერთგვარი გალავანი აღმართა, რომ იმ უცნობ ბიჭებს მასთან მიახლოების და დალაპარაკების საშუალება არ ჰქონოდათ. თან დირექტორზე ბრაზობდა, ამსიშორე გზაზე ქალები მარტო რომ გამოუშვა ბავშვებთან ერთად და თვითონ არ წამობრძანდაო. აბა, ამათ თავს როგორ გაუყადრებდა! არადა, კაცი რომ ყოფილიყო მათთან ვინმე თავისიანი, ვინ რას აკადრებდა რომელიმეს?

მიუხედავად ამისა, ექსკურსიამ მშვიდობიანად ჩაიარა. ერთადერთი ის იყო, რომ იმ ორმა ბიჭმა კიდევ დაამატა და ზომაზე მეტი დალიეს, როცა სადილად დასხდნენ. როგორც ჩანს, თადარიგი ადრევე დაეჭირათ და დასალევი თან წამოეღოთ.

უკანა გზა ხმაურიანი გამოდგა. მთვრალები ყაყანებდნენ და რაღაც მომენტში ლამის ჩხუბამდეც მივიდა საქმე, მაგრამ მძღოლმა ივაჟკაცა და, როგორც იქნა, ორივე დააშოშმინა.

როგორც კი ბანაკში დაბრუნდნენ და ავტობუსი თავის გზას გაუდგა, მაიკომ მხოლოდ მაშინ ამოისუნთქვა შვებით, თავი სამშვიდობოს დაიგულა. მაგრამ თურმე შეცდა. რას იფიქრებდა, რომ ავტობუსი ბანაკიდან ცოტა მოშორებით გაჩერდებოდა და ის ორი მთვრალი ბიჭი გოჩას მოტყუებით გაიყვანდა ბანაკიდან საქმის გასარჩევად? მაიას არც არაფერი შეუმჩნევია და არც გოჩა მოუსაკლისია. სამზარეულოში შესული მზარეულებს ვახშმის გაშლაში ეხმარებოდა.

ცოტა ხანში შეიქნა ერთი ალიაქოთი და შეშინებული მხოლოდ მაშინ გამოვარდა გარეთ. როცა დასისხლიანებული გოჩა დაინახა, შეკივლა და მისკენ გაექანა. მეორე ხელმძღვანელმა პოლიციას გამოუძახა. ატყდა ერთი ამბავი. გოჩას დიდი არაფერი სჭირდა, ცხვირიდან სისხლი წასკდომოდა მხოლოდ, ის ორი კი ისეთი ნაცემი იყო, პოლიციელებმა ძლივს ჩადეს მანქანაში. კარგა ხანს იყვნენ პოლიციელები, ყველანი დაჰკითხეს, მიიძიეს, მოიძიეს, ვინ რა იცოდა, როგორ და სად მოხდა ინციდენტი, ბოლოს ოქმი შეადგინეს და წავიდნენ, ის ორიც თან გაიყოლეს თავის მძღოლიანად. გოჩა არც წაუყვანიათ და არც გამოუთქვამთ ამის სურვილი.

მაიამ ბიჭი ცალკე ოთახში გაიყვანა და დაუწყო გამოკითხვა, რა მოხდაო, მაგრამ ერთი სიტყვაც ვერ დააცდენინა. არ ვიცი, რას მერჩოდნენ, დამიბარეს, გარეთ გავსულიყავი და მეც გავედი, იქ კი დანებით შეიარაღებულნი დამხვდნენო. მაიკო დაინტერესდა, ვისი პირით შემოუთვალეს დანაბარები. თურმე მისი რაზმის ერთ წევრს, ნუკრის უთქვამს, გარეთ გელოდებიანო. ეს ნუკრი იმ სოფლის მცხოვრები იყო და, როგორც ჩანს, იმ ბიჭებს იცნობდა.

რადგან გოჩას ვერაფერი ათქმევინა, ნუკრი შემოიყვანა ოთახში და ახლა ის გაწურა შეკითხვებით. ნუკრიმაც აარიდა თავი პირდაპირ პასუხს, მისგან მხოლოდ ის გაიგო, როგორ მოიქნია გოჩამ ფეხები ისე, რომ ორივეს დანები გააგდებინა და მერე სათითაოდ დააყარა განიარაღებულებს და ცხვირიდან ძმარი ადინა. თვითონ მხოლოდ ერთი მუშტი მოხვედრია და სისხლიც ამიტომ წასკდა ცხვირიდან.

ისე განერვიულდა მაიკო, რომ იმ ღამით არ უძინია. გვიანობამდე დადიოდა ოთახიდან ოთახში, ჩამოუვლიდა თითოეულის საწოლს და ბოლოს ისევ გოჩას მიადგებოდა. არც მას ეძინა. ერთხელაც, მორიგი ჩამოვლისას, ბუბამ ჩუმად ანიშნა, ახლოს მოდიო. მაიკო მივიდა და ბიჭს საწოლზე ჩამოუჯდა.

- რა ხდება, ბუბა? - ჩურჩულით ჰკითხა.

- მშურს მისი, მაკოხელ, - ჩურჩულითვე უპასუხა ბუბამ.

- ვისი? - ვერ მიუხვდა მაია.

- გოჩასი. ნეტავ მე ვყოფილიყავი მის მაგივრად და თუნდაც ვეცემე.

- რატომ, ბიჭო, რატომ ამბობ მაგას?

- თქვენი გულისთვის ორს კი არა, მთელ ბანდას შევებრძოლები, მაკოხელ!

- ჩემი გულისთვის?

ბუბა ოდნავ შეცბა.

- ჩემი გულისთვის იჩხუბეს? - გაიმეორა შეძრწუნებულმა.

- არ იცოდით? იმათ უთქვამთ, რატომ აგვაცალე ის გოგო ხელიდან, ახლოს რომ არ გაგვაკარე, შენ ვინ ხარ, ხელი რომ შეგვიშალეო და დანით გამოწეულან.

ამ ამბავმა მაიკოს თავზარი დასცა. ახლაღა მიხვდა, რამხელა შარში გახვია ბიჭი.

მეორე დილით, როცა ყველანი აიშალნენ და გოჩასთან მივიდა დასალაპარაკებლად, იმან ცივად მიახალა:

- რას მერჩოდით, მაკოხელ, ჩემი სიკვდილი გინდოდათ?

იმ დღეს მაიკომ ერთი სიცოცხლე გაათავა. როგორ უნდოდა, იმწუთასვე მომკვდარიყო. მას შემდეგ ვერა და ვერ მოინელა თავისი უნებლიე შეცდომა, რომელმაც დაუფიქრებელი ნაბიჯი გადაადგმევინა.

ჯავრი დირექტორზე იყარა, რომელმაც ცოტა ხნის მერე დაიბარა და საყვედური უთხრა, რატომ არ გააკონტროლეთ თქვენი რაზმის წევრებიო. აი, მაშინ კი იფეთქა.

- თქვენ? თქვენ სად იყავით იმ დროს, როცა ჩვენ ექსკურსიაზე გაგვიშვით? ქალები და ბავშვები მარტონი რომ დაგვყარეთ? თქვენ რომ იქ ყოფილიყავით, ყველა უსიამოვნებას ავცდებოდით და ეს ამბავი არ მოხდებოდა. ვინ გგონიათ თქვენი თავი, ზემოდან რომ დაგვყურებთ? მინისტრი ხართ თუ პარლამენტის წევრი?

- მე ჯერ თათბირი მქონდა, მერე კი მნიშვნელოვან შეხვედრაზე ვიყავი, - ჩაიბურდღუნა შეცბუნებულმა `მამლაყინწამ~.

- თქვენც ახლა კანონებს არ ადგენდეთ! - დასცინა მაიკომ, - ბავშვებზე მნიშვნელოვანი რა უნდა იყოს, იქნებ ამიხსნათ? თუ ბანაკის დირექტორობა ფაფის ჭამა გგონიათ? - ეს უთხრა და კარი ისე გამოიჯახუნა, ლამის ჩამოაგდო ანჯამებიდან.

მერე უცნაური ჭორები მოვიდა ბანაკში, - ის ბიჭები შურისძიებას აპირებენ და ბანაკს თავს უნდა დაესხან გოჩას მოსაკლავადო. ყველანი აფორიაქდნენ. მცირეოდენი ბჭობის მერე გადაწყვიტეს, ბიჭი სასწრაფოდ თბილისში, მშობლებთან დაებრუნებინათ. ასეც მოიქცნენ. სასწრაფოდ დაურეკეს გოჩას მშობლებს, საქმის ვითარება აუხსნეს, ბილეთი უყიდეს და მატარებელში ჩასვეს, თან ერთი პასუხისმგებელი პირიც გააყოლეს, რომ ბიჭი სახლში უვნებლად დაბრუნებულიყო.

ბანაკის დამთავრებამდე სულ რამდენიმე დღე იყო დარჩენილი. მაიკოს დანა პირს არ უხსნიდა. საქმის გასარჩევად არავინ მოსულა, ალბათ ამბავი მიუტანეს იმ ნაძირალებს, გოჩა იქაურობას გაარიდესო.

ამასობაში პრაქტიკის დროც ამოიწურა და მაიკო თბილისში დაბრუნდა. ეგონა, იმ უსიამოვნო ამბის დავიწყებაში მშობლიური ქალაქი უშველიდა, მაგრამ ამაოდ, საბოლოოდ დაკარგა მოსვენება. რამდენიმე დღის შემდეგ გოჩას დაურეკა და მოიკითხა. ბიჭი ამჯერად სიხარულით შეხვდა მის ზარს...

გაგრძელება შემდეგ ნომერში