თვითმკვლელობა დაკვეთით (თავი Vii) - გზაპრესი

თვითმკვლელობა დაკვეთით (თავი Vii)

ბევრი არაფერი ჰქონდა, მაგრამ ყავასთან მისაყოლებელი ნამცხვარი სახლში ყოველთვის მოეძევებოდა, მით უფრო, ბოლო დროს, როცა თანამშრომლებმა და მეგობრებმა მასთან სტუმრობას მოუხშირეს.

- ნუ წუხდები, მაკო, მე მარტო ყავას დავლევ, - თქვა გოჩამ და მოფუსფუსე ქალს ახედა.

- ვწუხდები კი არა, მსიამოვნებს. შენთვის ცხოვრებაში სუფრა არ გამიშლია, - გულწრფელი ღიმილი შეაგება მაიამ.

- არც შენი მოდუღებული ყავა დამილევია არასდროს, - შენიშნა მამაკაცმა.

მაიკომ დანანებით გადააქნია თავი.

- კარგი, დავანებოთ ამ ყველაფერს თავი. მომიყევი, რას შვრები, რას საქმიანობ... - შეცვალა საუბრის თემა.

- აბა, რა გითხრა... სკოლა დავამთავრე თუ არა, ჯარში გამიწვიეს და ავღანეთში ამოვყავი თავი. მაშინ ისეთ ხასიათზე ვიყავი, სადაც უნდა გავეგზავნეთ, ყველგან წავიდოდი, ოღონდ კი აქაურობას მოვშორებოდი. - სევდა გაერია გოჩას ხმაში, - მერე ჩამითრია სამხედრო საქმემ და ჩამოვედი თუ არა, აკადემია დავამთავრე და დავრჩი ამ სფეროში. თუ სადმე რამე ომი იყო, ყველგან ვმონაწილეობდი. მერე კათედრაზე ლექციებს ვკითხულობდი აქაც, რუსეთშიც... კიდევ... ვხატავ... ჩემი ნახატებითაც ვაკეთებ ცოტას... პატარა ბიზნესიც მაქვს ჩემთვის, მე და დედაჩემს გვყოფნის, რა ვიცი...

- და მამაშენი?

გოჩამ ამოიხვნეშა.

- მამა გარდაიცვალა... ექვის წლის წინ.

- უი, რას ამბობ... ვწუხვარ... რა დაემართა? - მაიკომ ყავის ფინჯანი განზე გადგა და ნიკაპი ხელებზე დაიბჯინა.

- ინსულტი... აი, ამ ხელებში ჩამაკვდა, - მამაკაცმა ხელები გაშალა და ზედ დაიხედა, - დღესაც ვერ მომინელებია. ძალიან განვიცადე. იმდენად ცუდად ვიყავი, რომ დღემდე ყოველ წელს, როგორც კი იანვარი მოახლოვდება, სახლიდან გავრბივარ და მთელი ორმოცი დღე ვიკარგები.

- რატომ? სად? - დაიბნა მაია.

- მონასტერში მივდივარ. ეს ერთადერთია, რაც შვებას მგვრის. ზუსტად ახალი წლის ღამეს გახდა ცუდად, ოცდათერთმეტ დეკემბერს, ჯერ სუფრასაც არ მივსხდომოდით... სასწრაფომ ვეღარ მოუსწრო, წამში გათავდა კაცი.

- შენ ყოველთვის ემოციური იყავი, - მაიკომ ხელზე ხელი დაადო და ოდნავ გადაუსვა.

გოჩამ დანისლული მზერა მიაპყრო.

- გედოს ხელი ასე, კარგი?

მაიამ ისევ გაიღიმა, ამჯერად ნაღვლიანად. ხელი არ აუღია.

- კარგა ხანს შოკში ვიყავი, საავადმყოფოშიც კი ვიწექი. დედაჩემს არ ეგონა, თუ გადავიტანდი. მამასთან სხვა ურთიერთობა მქონდა.

- ხო, მესმის...

- შენ? შენი ამბებიც მომიყევი.

მაიკო ოდნავ წამოწითლდა. არ უთხრა, ავად რომ იყო. უარესად არ ვატკინო გულიო, გაიფიქრა.

- მე მწერალი ვარ, გამომცემლობაში ვმუშაობ. რა ვიცი, კარგად ვარ, მომწონს ჩემი სამსახური...

- ანაზღაურება?

- მშვენიერი. მყოფნის. ჩემს შვილსაც ვეხმარებოდი, სანამ აქ იყო და ჩემი დახმარება სჭირდებოდა. ახლა მარტო ვარ. იმდენი შემოსავალი მაქვს, რომ ერთ ოჯახს კიდევ შევინახავდი, რამე რომ ყოფილიყო.

გოჩამ უცნაურად ჩაიღიმა. მე თუ შემინახავდიო, თითქოს ღიმილით ეკითხებოდა.

- წიგნები თუ გაქვს გამოცემული?

- რა თქმა უნდა... რამდენიმე. ერთ ცალს გაჩუქებ, თუ წაიკითხავ.

- რატომაც არა, სიამოვნებით. - გოჩამ ხელი ამოატრიალა და თავის ხელისგულში მოიქცია მაიკოს თითები.

ერთმანეთს შეხედეს.

- ერთი დღე არ მიცხოვრია შენზე ფიქრის გარეშე, - ყრუდ ჩაილაპარაკა მამაკაცმა.

- მე კიდევ იმდენი საზრუნავი მქონდა, წარსულზე საფიქრელად არ მეცალა, - წარბები შეჰყარა მაიკომ, შუბლი ნაოჭებით დაეღარა.

- შენ ქმარ-შვილი გყავდა, მე კიდევ... - აღარ გააგრძელა.

- შენ კიდევ ჩემზე ფიქრის უფლება გქონდა, - წაეშველა მაია.

- ჰო, ეგრეც შეიძლება ითქვას.

- სამაგიეროდ, სულ მახსოვდი, არ დამვიწყებიხარ.

გოჩამ ოდნავ მოუჭირა თითებზე. მაიკომ თვალები დახარა.

- შენ პირველი გოგო იყავი, ვისაც ვაკოცე, - მოულოდნელად გაეცინა გოჩას.

- ვიცი. კოცნა მე გასწავლე. - მაიკომაც ვერ შეიკავა სიცილი.

- მაი, მტრები გყავს? - მოულოდნელად სრულიად სერიოზული სახით ჰკითხა გოჩამ.

- მტრები? რა ვიცი, მე მგონი, არა. არავისთვის არაფერი დამიშავებია და... - მხრები აიჩეჩა ქალმა.

- აუცილებელია ვინმეს რამე დაუშავო, რომ მტრები გაიჩინო?

- აბა, ისე რატომ უნდა გიმტროს ვინმემ? - გაიოცა მაიამ.

- რა ვიცი... იქნებ ვინმეს შურს შენი.

- კარგი, რა, შესაშური არაფერი მაქვს, - ხელი აიქნია ქალმა და წამოდგა, - ხომ არ გშია? კვერცხი მაქვს მხოლოდ, შემიძლია შევწვა.

- არა, არ მშია. რა დროს საჭმელია, როცა შენ გხედავ, - კვლავ დაენისლა მამაკაცს თვალები.

მაიკო ისევ დაჯდა, მაგრამ ამჯერად ხელები კალთაში ჩაიწყო.

- რაც იყო იმას ვერ დავაბრუნებთ, - ჩამქრალი ხმით ამოთქვა.

- ვიმეგობროთ მაინც, ამას წინ რა დაუდგება?

- რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა ვიმეგობროთ.

- დაგირეკავ ხოლმე, ხომ შეიძლება?

- როგორ არა, როცა გაგიხარდება. სტუმრადაც შეგიძლია მოხვიდე.

- თუკი მიმიღებ...

- ყოველთვის მიგიღებ, რა სისულელეა.

- მადლობა. წავალ ახლა, ისედაც მოგაცდინე.

- არა, რა მომაცდინე... დარჩი ცოტა ხანს, თუ არ გეჩქარება, - გაწითლდა მაია.

- უხერხულობას თუ არ გიქმნის ჩემი აქ ყოფნა...

- ეგ მეორედ არ გაიმეორო, იცოდე, თორემ მეწყინება...

გოჩა დარჩა. კარგა ხანს ისაუბრეს. მამაკაცმა - თავის გეგმებზე, ქალმა - თავის წიგნებზე. იმან - თავის მეგობრებზე, ამან - თავის დაქალებზე, იმან - ბავშვობაზე, ამან - სტუდენტობის წლებზე, მაგრამ არაფრის დიდებით არ გადმოულაგა გოჩას მასთან განშორების შემდეგ გადატანილი ტკივილის ამბები.

უკვე გვიანი ღამე იყო, გოჩა რომ წავიდა.

- თავს გაუფრთხილდი, - დამშვიდობებისას ყურში ჩასჩურჩულა ქალს და გულში ჩაიკრა, მთელი ძალით შეისუნთქა ქალის სურნელი.

- შემისუნთქე? - გაიხსენა მაიამ წარსულში ძალიან ნაცნობი შეკითხვა.

- ჰო და ერთი კვირა ვიმყოფინებ, - წარსულში ძალიან ნაცნობი პასუხი გასცა მამაკაცმა, ქალის ნაჩუქარი წიგნი გულზე მიიხუტა და წავიდა...

შაბათს მაიკო დილიდანვე შეუდგა სამზადისს. დღეს თემოსთან ერთად კინოში მიდიოდა. ექვსაათიან სეანსზე უნდა შესულიყვნენ. მთელი დღე რაღაცნაირად აფორიაქებული იყო, გული საგულეში არ ეტეოდა. თითქოს ახალგაზრდობის წლები დაუბრუნდა. განა რამეს განიცდიდა თემოს მიმართ, ფიქრით გოჩაზე უფრო ფიქრობდა, მაგრამ მაინც სიამოვნებდა, რომ თემოსთან ერთად ფილმი უნდა ენახა. თან თითქოს დანაშაულს გრძნობდა, რომ ასე იქცეოდა. რატომღაც, დარწმუნებული იყო, რომ ამის უფლება არ ჰქონდა, რომ მის ცოლთან ცუდად გამოსდიოდა.

ექვსის ნახევარზე კინოთეატრის წინ იყო დარჭობილი. თვალებით დიდხანს ეძება თემო, მაგრამ ვერსად დალანდა. ამ დროს მობილურზე დაურეკეს.

- მაიკო, სად ხარ?

- გარეთ ვდგავარ, თემო, შენ?

- სალაროებთან მოდი. აქ ვართ.

ვართო? ნეტავ ვისთან ერთადაა? გაუკვირდა მაიას და სალაროებისკენ გასწია.

მამაკაცს ვიღაც ქალი ახლდა, მაიაზე ახალგაზრდა და სანდომიანი. როგორც კი მათ მიუახლოვდა, ქალმა გაუღიმა.

- გაიცანი, ეს ჩემი მეუღლეა, ნათია, - თემომ ქალისკენ გაიშვირა ხელი, - ეს კი მაიაა, ჩემი ბავშვობის მეგობარი.

- ახლა კი პაციენტი, - დაამატა მაიამ და თემოს მეუღლეს ხელი ჩამოართვა, - სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, ნათია.

- ჩემთვისაც, - ნათიას ღიმილი არ მოშორებია ტუჩებიდან და მაია მიხვდა, თემოს ცოლმა მასზე ყველაფერი იცოდა. იცოდა, რომ იგი სასიკვდილოდ იყო განწირული, ამიტომ საეჭვიანო არაფერი ჰქონდა.

გუნება გაუფუჭდა. ნამდვილად არ ელოდა, თუ თემო ცოლთან ერთად გამოეცხადებოდა. ან კი რა საჭირო იყო? მაიას ხომ არ უთხოვია, კინოში წამიყვანეო? შეეძლო, საერთოდ არ დაეპატიჟა. ახლა რა გამოვიდა? აშკარად ზედმეტად იგრძნო თავი, თუმცა, უკვე ვეღარაფერს შეცვლიდა. ბუტია გოგოსავით ვერ მოიქცეოდა, თავი ამტკივდა და სახლში წავალ, ფილმის ყურება არ მინდაო. არც წყენა შეიმჩნია და მორჩილად შეჰყვა დარბაზში წინ მიმავალ წყვილს.

მაია ნათიას გვერდით დაჯდა.

- გოგოებო, რამე ხომ არ მოგიტანოთ? - თემო უხერხულობის განმუხტვას შეეცადა.

- მე არაფერი მინდა, - შორს დაიჭირა მაიკომ.

- არც მე, - ღიმილით გამოხედა ნათიამ და ქმარს მკლავში ხელი გაუყარა.

იმავე წუთს დარბაზში სინათლე ჩაქრა და ფილმი დაიწყო. მაიას მხოლოდ ახლაღა მოეხსნა დაძაბულობა, თუმცა ფილმი ისე დამთავრდა, ნახევარი ვერ გაიგო, რა ხდებოდა. მთელი საათ-ნახევარი ამ უცნაურ შეხვედრაზე ფიქრობდა. ყველანაირად შეეცადა, გამართლება მოეძებნა თემოს საქციელისთვის, მაგრამ არ გამოუვიდა. ნუთუ შეეშინდა, ცდუნებამ არ მძლიოსო? მაიკო რა, კისერზე ჩამოეკიდებოდა? ეს ხომ აბსურდია? განა რამე აგრძნობინა? იმ ძველი, ბავშვობის დროინდელი გრძნობისგან ხომ ისედაც აღარაფერი იყო დარჩენილი?

სეანსის დამთავრების შემდეგ ბევრი ეხვეწა ცალკე თემო, ცალკე ნათია, სადმე კაფეში დავსხდეთო, მაგრამ არაფრით არ დათანხმდა. ძალიან დავიღალე და მირჩევნია, შინ წავიდე, დავისვენოო.

თემომ ტაქსი გაუჩერა და ფულიც გადაუხადა. მაიკო თბილად დაემშვიდობა ორივეს და უკანა სალონში მოთავსდა.

ინანა, რომ წამოვიდა. რატომღაც, ძალიან განიხიბლა. თემური იმაზე სუსტი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინა. გოჩა ასეთ რამეს არასდროს გააკეთებდა... სხვათა შორის, არც გოგა...

ბანაკიდან თბილისში დაბრუნებულმა გოჩასთან ურთიერთობა განაახლა. ბიჭი ხშირად ურეკავდა, უნივერსიტეტშიც აკითხავდა. ფეხით დაუყვებოდნენ ხოლმე ჭავჭავაძის გამზირს და რუსთაველამდე ჩადიოდნენ. ყველაზე მეტად ალექსანდრეს ბაღში უყვარდათ დაჯდომა. მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა მაიამ, რომ გოჩა სკოლის მოსწავლე იყო. უბრალოდ, რაღაცნაირად დავალებულად გრძნობდა გოჩას წინაშე თავს. იმ უნებლიე დანაშაულის გამო, რომელიც მის წინაშე მიუძღოდა, სინდისი ქენჯნიდა და ამის გამოსყიდვას ლამობდა. თან სიამოვნებდა, ასეთი ბავშვური რომ იყო. ბიჭი სულ ტრაბახობდა - თავისი მშობლებით, თავისი თავით. მამაჩემს პორშე ჰყავსო, ეუბნებოდა, თბილისში მის მეტს პორშე არავის ჰყავსო. მაიას არ სჯეროდა ამის, მაგრამ მაინც ისე აჩვენებდა თავს, თითქოს მის ნათქვამში ეჭვიც არ ეპარებოდა. ერთხელაც გამოუცხადა, დედაჩემს შენზე მოვუყევი, იცის, რომ მიყვარხარ და ჩემი ესმისო. ამის გაგონებამ მაიას თავზარი დასცა. წამითაც არ უფიქრია გოჩას შეყვარება, თუმცა, არც იმაზე უფიქრია არასდროს, რატომ ხვდებოდა ასეთი სიხშირით მასზე ექვსი წლით უმცროს ბიჭს, რომელსაც ჯერ რძე არ შეშრობოდა პირზე.

გვიანი შემოდგომა იყო. გოჩა იმ დღეს განსაკუთრებულად კარგ ხასიათზე ჩანდა. ჩვეული მარშრუტი გაიარეს, ფეხით გავიდნენ რუსთაველზე. მერე გოჩამ უთხრა, დედაჩემს შენთან დალაპარაკება უნდა და შეიძლება, დაგირეკოსო. მაიაც დათანხმდა, რა პრობლემაა, დამირეკოსო.

ზარმაც არ დააყოვნა. ქალბატონმა ნინომ საღამოს დაურეკა.

- მე ნინო ვარ, გოჩას დედა, - ქალს სასიამოვნო ხმა ჰქონდა.

- გამარჯობათ, ქალბატონო ნინო. გოჩამ მითხრა, რომ ჩემთან დალაპარაკება გსურდათ.

- ჰო, მინდოდა თქვენთან საუბარი, თუ უხერხული არ იქნება და მომისმენთ.

- რა თქმა უნდა, გისმენთ, საუხერხულო არაფერია.

- მაია, გიყვართ ჩემი შვილი?

- კი, როგორ არა, ქალბატონო ნინო, ძალიან მიყვარს, - გულუბრყვილოდ მიუგო.

- მასაც ძალიან უყვარხართ, მაგრამ... არ ვიცი, როგორ გითხრათ... სკოლის მოსწავლისთვის ცოტა ნაადრევი მგონია თქვენი ასაკის გოგოს შეყვარება.

- რა-ა? როგორ, გოჩა სკოლის მოსწავლეა? - მაიკოს ელდა ეცა.

- არ იცოდით?

- არა, მას ამის შესახებ ჩემთვის არაფერი უთქვამს. უფრო სწორად, მითხრა, რომ სკოლა წელს დაამთავრა.

- არა, მომავალ წელს ამთავრებს.

- მე... - დაიბნა მაიკო, - თქვენ ალბათ არასწორად გამიგეთ, როცა გითხარით, მიყვარს-მეთქი. მე... ისე... მეგობრულად, შინაურულად მიყვარს.

- ეჭვიც არ მეპარება. სხვანაირად არც დამიშვია. სხვა თუ არაფერი, თქვენსა და ჩემ შორის მხოლოდ ცამეტი წელია სხვაობა. მაგრამ ერთი რამ მაინც უნდა გთხოვოთ.

- გისმენთ, ქალბატონო ნინო.

- რაც ბანაკიდან ჩამოვიდა, ვერ ვცნობ, ძალიან შეიცვალა, სკოლაში აღარ დადის თურმე, გაკვეთილებს აცდენს. მხოლოდ თქვენი სახელი აკერია პირზე. წიგნის ხელში აღებაც აღარ უნდა. არადა, დამამთავრებელ კლასშია, ახლა თუ არ ისწავლა, დაიღუპება.

- მე რა შემიძლია? - ხმა შეეცვალა მაიკოს.

- უბრალოდ, ხელი არ ჰკრათ. თანაგრძნობით მოეკიდეთ, გთხოვთ. როგორმე დავამთავრებინოთ სწავლა და რომ მოეწყობა, მერე აღარ მეშინია. მანამდე...

მაია მიუხვდა. ეს არ იყო ძნელი საქმე, როგორმე მოაგვარებდა.

- არ არის პრობლემა, ქალბატონო ნინო, მე ყველანაირად გვერდში დავუდგები. იმედია, დამიჯერებს და...

- თქვენი იმედი მაქვს, მაია. ერთადერთი ხართ, ვისაც მასზე გავლენის მოხდენა შეუძლია....

და აი, სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი. ჯერ ეჩხუბა გოჩას, რატომ დამიმალე, თუ მოსწავლე იყავიო. იმან თავი იმართლა, სხვანაირად პატარა ბიჭივით მომექცეოდიო. გაოცდა მაია, განა ასე არ ექცეოდა? ნუთუ გოჩა ვერ ხვდებოდა ამას? თავს რომ უტოლებდა, განა იმას ნიშნავდა, რომ მის მიმართ სხვა გრძნობა გააჩნდა? ერთი ხანობა ისე იყო გაბრაზებული, მისი ხმის გაგონებაც არ სურდა, მაგრამ დედამისისთვის პირობა ჰქონდა მიცემული და სიტყვას ვერ გადავიდოდა.

მოუხშირეს ერთმანეთის ნახვას. როცა ნახვას ვერ ახერხებდნენ, საათობით იყვნენ ტელეფონზე ჩამოკიდებული. ვერც გაიგო მაიკომ, როგორ შემოეპარა გულში სიყვარული. კარგა ხანს ვერ გააცნობიერა, რომ ეს ცხვირმოუხოცავი ბავშვი შეუყვარდა. ჭკუას არიგებდა, რჩევებს აძლევდა, გამუდმებით ეკითხებოდა, როგორ სწავლობდა, ამ საგანში რა წინსვლა გაქვს, იმ საგანში როგორაა საქმეო...

გოჩამ თანდათან მართლა მოუმატა სწავლას. გარდა ამისა, რეპეტიტორებთანაც დადიოდა და კეთილსინდისიერად ემზადებოდა უმაღლესში ჩასაბარებლად.

ერთხელაც გოჩა ავად გახდა. შუა ზამთარი იყო და ვარჯიშიდან წამოსული გაცივებულა. ფილტვების ანთება დაემართა, ორი კვირა იწვა და მკურნალობდა.

მაიკოს ამ ორი კვირის განმავლობაში თავისი დაემართა. ბიჭის უნახაობა კლავდა, ადგილს ვერ პოულობდა. სანახავად მისვლა ვერ გაბედა, თუ დაურეკავდა ხოლმე. სწორედ მაშინ მიხვდა, რომ გოჩას გარეშე ვერ ძლებდა, ისევე როგორც უწყლოდ და უჰაეროდ.

მერე კიდევ ორი კვირა ვერ ნახა. კი გამოკეთდა გოჩა, მაგრამ შინიდან არ უშვებდნენ, ვაითუ, ისევ გაცივდესო. მაიკოს ბრაზი მოსდიოდა თავის თავზე, ეს რა მემართება, ასე როგორ ამერია გონება, პატარა ბიჭზე ფიქრი როგორ ამეკვიატაო. თან ეს ისეთი ამბავი იყო, რომელსაც ვერავის ეტყოდა. როგორ ეთქვა დაქალებისთვის, სკოლის მოსწავლე მიყვარსო? შაყირით აიკლებდნენ. რამდენჯერმე სცადა, იქნებ როგორმე ამოვიგდო მასზე ფიქრი გონებიდანო, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. გამუდმებით გოჩაზე ფიქრობდა.

რა დაავიწყებს ამ ამბების შემდეგ მათ პირველ შეხვედრას. გოჩამ დაურეკა, ინგლისურის მასწავლებელთან ვარ, წერეთელზე, გამოფენასთან, შვიდ საათზე ვამთავრებ და იქნებ გამოხვიდე, რომ ერთი წუთით მაინც გნახოო.

გავიდა და კი არა, გაფრინდა. ტაქსი გააჩერა და გავარდა. როგორც კი გოჩა კორპუსის კუთხიდან გამოჩნდა, მიეჭრა და ისე ჩაეკრა გულში, თითქოს მთელი წლის უნახავი ჰყოლოდა...

ისევ განაახლეს შეხვედრები. ამჯერად ფეხით სიარულს მოუკლეს. მაიკოს ეშინოდა, ისევ არ გაცივდეს და მე არ დამბრალდესო, ამიტომ ძალიან ცოტა ხნით ხვდებოდნენ ერთმანეთს, სულ რამდენიმე წუთით. მაიასთვის ეს რამდენიმე წუთიც საკმარისი იყო.

ამასობაში ვერც შეამჩნია, როგორ ჩამოსცლიდა მეგობრებს. ჯგუფელები საყვედურობდნენ, ჩვენთან ერთად არსად დადიხარ, სულ ჩაიკეტე შენს თავში, რა გემართებაო. ვერ გაბედა მათთვის გული გადაეშალა. იცოდა, ამნაირ ნაბიჯს არავინ მოუწონებდა.

შემდეგ გაზაფხული დადგა, დათბა. ახლა უკვე შეიძლებოდა ფეხით სეირნობა. ისევ და ისევ ალექსანდრეს ბაღი ამოიჩემეს. სულ ცოტა, კვირაში ერთხელ მაინც ხვდებოდნენ ერთმანეთს, თუ ორჯერ და სამჯერ არა.

ერთ დღესაც, შაბათი იყო, ქაშვეთის ეკლესიის წინ, გაჩერებაზე შეხვდა. ჩავიდნენ პარკში და ამოჩემებულ მერხზე დასხდნენ. საღამო ხანი იყო, ცოტა გრილოდა. გოჩამ ხელი გადახვია. იმ პერიოდში უკვე იცოდნენ, რომ ერთმანეთი უყვარდათ. გოჩა ბედნიერებით მეცხრე ცაზე დაფრინავდა. აი, მოვეწყობი წელს და ეგრევე ცოლად შეგირთავო. მაიას ამაზე ეცინებოდა. მერე შენი მშობლები რას იტყვიანო? იმათ იციან და თანახმანიც არიანო. იცოდა მაიამ, რომ ბიჭი ატყუებდა, მაგრამ არ ეწინააღმდეგებოდა. თავი მხარზე დაადო. მერე ნელა მიიბრუნა მისკენ ტუჩები და გოჩას ყელზე აკოცა. იმანაც დახარა თავი და ლოყაზე აკოცა. კარგა ხანს ასე ისხდნენ, გაჩუმებულნი და გულაჩქროლებულნი. თითქოს ერთმანეთის გულების ბაგაბუგი ესმოდათ. მერე რაღაცნაირად, თავისდა უნებურად მოხდა ისე, რომ ერთმანეთს ტუჩებში აკოცეს. გოჩასთვის ეს პირველი კოცნა იყო, მაიკოსთვის - არა. რადგან თავად გამოიჩინა ინიციატივა, ისე გამოვიდა, რომ თან კოცნიდა, თან ასწავლიდა, მას როგორ ეკოცნა...

რა ბედნიერები იყვნენ მაშინ. ეს პირველი დღე იყო, როცა თითქმის არ ულაპარაკიათ. უბრალოდ, ისხდნენ თავიანთთვის ჩუმად, კოცნიდნენ ერთმანეთს და მხოლოდ მათი სხეულები საუბრობდნენ.

ექვსი წლით იყო ბიჭზე უფროსი, მაგრამ მასზე მეტი ჭკუა კი არ ჰქონდა. რა თქმა უნდა, აანალიზებდა იმას, რომ სასაცილო მდგომარეობაში იგდებდა თავს, მაგრამ რომ უყვარდა? ამისთვის რა მოეხერხებინა? იმაშიც დარწმუნებული იყო, რომ ამ ურთიერთობას მომავალი არ ჰქონდა, რომ არავინ მოუწონებდა საქციელს, მაგრამ უკან დახევაც არ შეეძლო. სწორედ იმ დღეს უთხრა პირველად, მიყვარხარო. ამან მთლად გააგიჟა ბიჭი. ვინ იცის, რამდენი თვე ელოდა ამ სიტყვას.

იმ დღეს თითქოს როლები გაცვალეს - მაია იყო ბიჭი, გოჩა კი - გოგო. კარგი ჯენტლმენივით გააცილა ბოლოს, სახლამდე ტაქსით მიიყვანა, კორპუსთან ჩამოსვა და მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნდა შინ. მოსვლისთანავე დაურეკა და ჰკითხა, ხომ ახვედი სახლში, ხომ კარგად ხარო. როცა დარწმუნდა, რომ გოჩა უკვე შინ იყო და სანერვიულო აღარაფერი ჰქონდა, მხოლოდ ამის შემდეგ დამშვიდდა...

გაგრძელება შემდეგ ნომერში