თვითმკვლელობა დაკვეთით (თავი VIII) - გზაპრესი

თვითმკვლელობა დაკვეთით (თავი VIII)

დასცილდებოდა და ნერვიულობდა. სხვა რამეებზე ვეღარ ფიქრობდა, თვალწინ სულ გოჩას სახე ედგა, ყურებში მისი ხმა ჩაესმოდა. უკვირდა, ბანაკში ასეთი სიტყვაძუნწი თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ენას რომ არ აჩერებდა, სულ ხუმრობდა და იცინოდა. სიამოვნებდა მაიას, ამხელა ბედნიერებას რომ ანიჭებდა მისთვის საყვარელ ადამიანს. სიამოვნებდა და თან ეშინოდა. იცოდა, რომ ამ ურთიერთობას ერთ მშვენიერ დღეს წერტილს დაუსვამდა. არადა, არ ემეტებოდა. იმდენად კარგად იყო, იმდენად სავსე, ისეთი ნათელი შემოჰქონდა გოჩას მის ყოველდღიურ ყოფაში, ვერ ელეოდა. ყოველი შეხვედრის ბოლოს ერთმანეთს ჩაეხუტებოდნენ, გოჩა `შეისუნთქავდა~ მისი სხეულის სურნელს, მთლიანად, სრულად... `შეგისუნთქე~, - ეტყოდა ჩურჩულით და გაუღიმებდა. მერე ეს `შესუნთქვა~ გოჩას მომავალ შეხვედრამდე ჰყოფნიდა. მაიაც ანალოგიურად იქცეოდა, იმ ერთ მაგიურ სიტყვას თვითონაც იტყოდა ჩურჩულით და ისიც გაუღიმებდა. მაგრამ მას შემდეგ შეხვედრამდე არ ჰყოფნიდა ბიჭის სურნელი. რამდენიმე საათი გავიდოდა და კვლავ ენატრებოდა, კვლავ მასთან ყოფნას ელტვოდა. ერთად გატარებული საათების განმავლობაში ისიც გოჩას ტოლი იყო, პატარა გოგოსავით ერთობოდა. გარეგნულად არც ეტყობოდათ ასაკობრივი სხვაობა, მაიკო კაფანდარა იყო, პატარა სახე ჰქონდა, პატარა ნაკვთებით და ოც წელსაც კი არავინ მისცემდა.

ასე გაიარა გაზაფხულმა. ივნისი დადგა. დაიწყო გამოცდების ციებ-ცხელება. გოჩას - გამოსაშვები გამოცდები ელოდა წინ, მაიას - საკურსო. ახლა ისე ხშირად ვერ ახერხებდნენ შეხვედრას, მაგრამ ტელეფონით კონტაქტობდნენ.

იმ დღეს ბოლო გამოცდა ჰქონდა. გოჩამ ეს იცოდა და უნივერსიტეტში მიაკითხა. უზარმაზარი თაიგული მიუტანა, წითელი ვარდების. მაიამ უნივერსიტეტის კიბე ჩაირბინა და ყვავილების დანახვაზე ისედაც ციმციმა თვალები უფრო აუციმციმდა.

- ჩემია? - ვითომ მიამიტი ბავშვივით ჰკითხა.

- ჰო, მაგრამ ჯერ არ გაძლევ, - გოჩამ თაიგული ზურგს უკან დამალა.

- რატომ?

- წამო, წავიდეთ და გზაში გეტყვი, მანქანა გველოდება.

მაიკომ გოჩას მზერას თვალი გააყოლა და სუნთქვა გაუჩერდა. გზის პირას `მერსედესი~ იდგა, რომელიც ბიჭებით იყო სავსე, ორნი იყვნენ ან სამნი. ისე ანერვიულდა, სათვალავი აერია, თვალები დაებინდა. მიხვდა, რომ გოჩა მოტაცებას უპირებდა.

- რამდენი გამოცდა დაგრჩა? - ცოტა არ იყოს, შეკითხვა ცივად გამოუვიდა.

- არც ერთი, გუშინ მოვრჩი, ხომ დაგირეკე? - გოჩას სახე შეეცვალა.

ჰო, დაურეკა და უთხრა, გამოცდებს მოვრჩიო. ისე აებნა მაიკოს გონება, აღარ გაახსენდა. არადა, აშკარა იყო, გოჩამ მოატყუა. სკოლის გამოცდები ივნისის ბოლომდე გრძელდებოდა, მაგრამ, როგორც ყოველთვის, მის მორიგ ტყუილზე არც გუშინ გაამახვილა ყურადღება.

- რატომ მეკითხები? - ბიჭის ხმამ ფიქრებიდან გამოაფხიზლა.

- ეს ბიჭები რატომ მოიყვანე? - განხიბლული ხმით შეეკითხა.

- ისე, - მხრები აიჩეჩა ნირწამხდარმა. თეთრი პირისახე რომ ჰქონოდა, აუცილებლად გაწითლდებოდა, მაგრამ მისი ფერის კანს სიწითლე რას დააკლებდა? თუმცა, მაიკომ შეამჩნია, როგორ შეუტოკდა კუნთი ქვედა ყბაზე და მიხვდა, გოჩაც ანერვიულდა.

- ისე არაფერი არ ხდება, გოჩა! - გაღიზიანებული ტონით მიმართა და ვერც მიხვდა, ხმას როგორ აუწია, - ხომ იცი, რომ ვერაფერს გამომაპარებ. ვიცი, რისთვისაც ხარ მოსული, ამიტომ მაგ მანქანაში არ ჩავჯდები. თუ ჩემი ცოლად მოყვანა გინდა, მოვიდნენ შენი მშობლები და მითხრან, რომ თანახმანი არიან, სხვა შემთხვევაში მე შენ არ გამოგყვები, გასაგებია?

ბიჭმა შუბლი შეიჭმუხნა.

- ჩემი მშობლები რა შუაშია? შენ მე უნდა გამომყვე, მაგათ კი არა.

- აი, ხედავ? შენ თვითონ ეწინააღმდეგები შენს თავს. იცი, რომ ამას არ მოგიწონებენ. მოგიწონებენ კი არა, შეიძლება სახლშიც არ შეგიშვან. ძალიან დიდი ბოდიში, არავის გასალანძღი თავი არ მაბია. არ გამოვა ეგ საქმე, დამიჯერე. მე შენი ცოლი ვერ გავხდები. თუ მოიცდი ხუთი-ექვსი წელიწადი, მერე ვნახოთ.

- რა-ა? თან მოვიცადო და თან `მერე ვნახოთ~? - დასცეცხლა გოჩას, - და შენ მეუბნები, რომ გიყვარვარ?

მისმა სიტყვებმა მაიას გული ატკინა, ძალიან ატკინა, მაგრამ უკან ვეღარ დაიხევდა. გაახსენდა დედამისი, როგორი გამაფრთხილებელი ტონით უთხრა მაშინ, როგორც კი სკოლის გამოცდებს მორჩება, თქვენი ურთიერთობაც უნდა დამთავრდესო. ზუსტად ამ სიტყვებით არ უთქვამს, მაგრამ ქვეტექსტებით მიანიშნა. ახლა ზუსტად ის დრო იყო, როცა ამ ურთიერთობისთვის წერტილი უნდა დაესვა, საბაბიც თავისთავად გამოჩნდა.

- როგორც ჩანს, არ მყვარებიხარ... - ჩაწყვეტილი ხმით ჩაილაპარაკა, - რადგან ჩემთვის შენი მშობლების აზრი უფრო მნიშვნელოვანია, ესე იგი, ეს სიყვარული არ არის. ამიტომ აჯობებს, დავშორდეთ ერთმანეთს აქ და ახლავე.

გოჩა გაშრა. ყბები ისე მოკუმა, სახე დაეძაბა. მაიკო შეემზადა. ეგონა, ბიჭი აღშფოთდებოდა, მწარე-მწარეს ეტყოდა, მანქანაში ძალით ჩასმას დაუპირებდა, მაგრამ სრულად საპირისპირო რამ მოხდა.

მოულოდნელად გოჩამ ზურგს უკან დამალული თაიგული პირდაპირ სახეში ესროლა, ზედ ზიზღით სავსე მზერაც მოაყოლა, გატრიალდა და მანქანისკენ წავიდა.

დარჩა მაიკო გახევებული, შეურაცხყოფილი და დამცირებული, ყველა სიკეთესთან ერთად - მიტოვებულიც...

ის დღე იყო და ის დღე. გოჩა არ გამოჩენილა. არც დაურეკავს. არც მოუკითხავს. თითქოს ცამ ჩაყლაპა... ან მიწამ... ან ჰაერში აორთქლდა...

მაია მაინც ელოდა. ეგონა, ბიჭი მის გარეშე ვერ გაძლებდა. ეგონა, აუცილებლად შეახსენებდა თავს. ადრეც ბევრჯერ უჩხუბიათ და პირველი ყოველთვის გოჩა დგამდა შესარიგებელ ნაბიჯს - პირველი რეკავდა.

გაუჭირდა. ისე გაუჭირდა, რომ დეპრესია დაეწყო. იმ დღესვე, გოჩას რომ დაშორდა, ცუდად გახდა, ძლივს მოასულიერეს გოგოებმა. პირველად მაშინ გაუმჟღავნა დაქალებს მისი არსებობის ამბავი. პირველად მაშინ მოუყვა სხვებს თავისი სიყვარულის შესახებ. ყველამ თანაგრძნობით მოუსმინა. მაიკო ამას არ მოელოდა. ეგონა, დასცინებდნენ, ჭკუის სწავლებას დაუწყებდნენ, მაგრამ არა. პირიქით, ყველამ თანაუგრძნო. უსაყვედურეს და დატუქსეს კიდეც, მაგის დედას რას დაეძებ, თუკი ერთმანეთი გიყვართ, ბოლოს და ბოლოს, მოულბება გული და ეგ იქნება. არასასურველი რძლის გამო რომელ დედას დაუკარგავს შვილიო. მით უფრო, შენ ისეთი ხარ, აუცილებლად შეაყვარებ თავს, როცა ოჯახში შეხვალო.

მაია მწარედ ტიროდა. მეგობრების შეგონებას უპასუხოდ ტოვებდა, უბრალოდ, ტიროდა და ტიროდა.

არა, თვითონ ერთი ნაბიჯის გადადგმასაც არ აპირებდა. მას შემდეგ, რაც გოჩამ გააკეთა, პირველი როგორ უნდა შეხმიანებოდა? ბიჭმა ყვავილები სახეში შეაყარა, გულში ალბათ შეაგინა კიდეც ერთი გემრიელად და ზურგი აქცია. აბა, სხვას რას ელოდა? ყურებამდე შეყვარებულ ადამიანს, ბედნიერებით მეცხრე ცაზე რომ დაფრინავდა, მოულოდნელად გამოუცხადა, არ მყვარებიხარო და რა, აღტაცებული ტაშს შემოჰკრავდა? მადლობას გადაუხდიდა და ხელებს დაუკოცნიდა? თავმოყვარე მამაკაცი ყველა მასავით მოიქცეოდა.

თავს მაინც იმშვიდებდა. დარწმუნებული იყო, რომ გოჩა გამოჩნდებოდა. ის კი... სამუდამოდ გაქრა მისი ცხოვრებიდან.

დრო გადიოდა, ტკივილი - არა. წყენამ გაუარა, სიყვარულმა - არა. რაც უფრო მიუწვდომელი რჩებოდა გოჩა, მით უფრო ენატრებოდა, მით უფრო გაუსაძლისი ხდებოდა მის გარეშე არსებობა.

დეპრესიამ პიკს მიაღწია. შემოდგომაზე ლოგინად ჩავარდა და ორი თვე ფეხზე ვეღარ დგებოდა. არ ჭამდა, არაფერს აკეთებდა, უაზროდ თვალებგახელილი იწვა ლოგინში და ფიქრობდა... ფიქრობდა გამოზომილად. ყოველდღე მათი გაცნობის თითო დღეს იხსენებდა. იხსენებდა დეტალებში, წუთებში, წამებში, საათებში... მერე მეორე დღეს ელოდებოდა, სხვა დღის მოგონებები გაეცოცხლებინა.

უძილობა დასჩემდა. ანტიდეპრესანტებს მიეძალა. თავიდან კი უშველა, მაგრამ ორგანიზმი რომ მიეჩვია, მერე წამლებიც ვეღარ აძინებდა. ყველას ძალიან შეეშინდა, რადგან მისი ავადობა ძალიან ჰგავდა ფსიქოზს. რომ არა თათია, თავისი კლასელი, ალბათ კიდევ დიდხანს ვერ გამოვიდოდა მდგომარეობიდან. გამოვიდოდა კი არა, შეიძლებოდა უფრო გამწვავებოდა სენი და სამუდამოდ დეპრესიაში ჩარჩენილიყო. თათია აიძულებდა, ამდგარიყო, გაევლო, გამოევლო, მისთვის ყავა მოედუღებინა. მთელი დღე ეტიტინებოდა, ენას არ აჩერებდა. რას აღარ იხსენებდა სკოლის პერიოდიდან, მაიკოსთვის სრულიად დავიწყებულ ამბებს გამოქექავდა და ცდილობდა, მეგობარი გაეცინებინა, საუბარში აეყოლიებინა. ჯერ ოთახიდან ოთახში დაატარებდა, მერე ნელ-ნელა აივანზე გაიყვანა, მერე - ეზოში, მერე - ქუჩაში და, ექვსი თვის შემდეგ, როგორც იქნა, მაიკომ პირი ამ ქვეყნისკენ ქნა, შემობრუნება დაიწყო. ჯერ ღიმილი გამოესახა ტუჩებზე, ცოტა ხნის შემდეგ გაიცინა, კიდევ ცოტა ხნის შემდეგ გაიხუმრა და ასე, ნელ-ნელა კვლავ ნორმალურ ადამიანს დაემსგავსა. ახლა უკვე შემიძლია გათხოვებაო, წამოიძახა გახარებულმა თათიამ, როცა დაქალი ფეხზე დააყენა და... ორიოდ თვეში მართლაც გათხოვდა. ისედაც ობლობაში გაზრდილ მაიკოს მარტო დარჩენა არ გასჭირვებია. თუმცა, მარტო სულაც არ იყო. გოჩაზე ისევ და ისევ ფიქრობდა. ეს ფიქრები კი იმდენად ავსებდა, რომ მარტოობაზე არ წუხდა. იმ პერიოდში წერაც დაიწყო. დაიწყო და აღარ გაჩერებულა. როცა პირველი რომანი ჩაამთავრა, მაშინვე თათიას დაურეკა და სთხოვა, წაეკითხა. იმანაც არ დააყოვნა, მოვიდა და ხელნაწერი წაიღო. წაიკითხა, შეუქო, გამომცემლობაში მივიტანოთო, ურჩია. ასე რომ, მისი პირველი ცენზორი ძალაუნებურად ბავშვობის მეგობარი აღმოჩნდა. მისი რჩევა გაითვალისწინა და მართლაც მიიტანა ერთ-ერთ გამომცემლობაში. მოუწონეს, მაგრამ კარგა ხანს ალოდინეს, სანამ დაუბეჭდავდნენ. იმ წლებში ცოტა არეული იყო ქვეყანა და ადვილად არაფერი კეთდებოდა. ბოლოს, როგორც იქნა, დააყენეს საშველი და მისი პირველი წიგნიც გამოიცა. რომანს დიდი მოწონება ხვდა წილად.

მალე პირველს მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე. შემდეგ სამსახურიც შესთავაზეს, ამასობაში ნიკაც გაიცნო და მის ცხოვრებას აზრი მიეცა...

გოჩამ ქუჩა გადაჭრა და თექვსმეტსართულიანი კორპუსის კუთხეში გაჩერებულ მანქანაში ჩაჯდა. მაიკოს ნაჩუქარი წიგნი გვერდით, სავარძელზე დადო და მანქანა დაქოქა. ნელა, ძალიან ნელა გაუდგა გზას, ძლივს მიღოღავდა. უკან მომავალი მანქანები წარამარა უსიგნალებდნენ, მაგრამ სიჩქარისთვის არ მოუმატებია, ვისაც გასწრება უნდოდა, მოახერხებდა, ის ხელს არავის უშლიდა. ნელა მოძრაობდა, რადგან ფიქრებში იყო ჩაფლული. მაიკოს ბედი აშფოთებდა. გულს მხოლოდ ერთი კითხვა უღრღნიდა. ვის უნდა ნდომებოდა მისი სიკვდილი. მართალია, დაკვეთა მას უნდა შეესრულებინა და ამას არასდროს დაუშვებდა, მაგრამ ეს გამოსავალი არ იყო. მის მაგივრად სხვას დაიქირავებდნენ და საქმეს ის სხვა დაამთავრებდა. არ ეყო გამბედაობა, ყველაფერი მოეყოლა მისთვის. ვერ უთხრა, კილერი ვარ და ფულს ამით ვაკეთებო. ბოლომდე ისიც ვერ უთხრა, როგორი მძიმე პერიოდი გამოიარა, როგორ გაუჭირდა მის გარეშე და როგორ გაუმრუდდა ცხოვრება. დროდადრო ამართლებდა კიდეც ქალის საქციელს, მაგრამ ხანდახან ისე შეიპყრობდა ბრაზი, მასზე ფიქრიც არ სურდა. დედას რამდენიმე წელი საშინლად ეპყრობოდა. არ აპატია მშობელს, საყვარელ ქალს რომ დააშორა. არასდროს დაავიწყდება ის დღე, შინ მისულმა ნინოს რომ უთხრა, მაკოს დავშორდიო.

- რატომ? - ისე გულგრილად ჰკითხა დედამ, თითქოს ვიღაცის ამბავს იგებდა.

- როგორც ჩანს, არ ვყვარებივარ, ამდენი ხანი მატყუებდა თურმე, - ბიჭი კბილებს აღრჭიალებდა, ისე გახშირებულად სუნთქავდა, ნინოსაც კი ესმოდა.

- და რა, ეს მანამდე არ იცოდი? მე ვიცოდი და შენ არ იცოდი? - დედას თავი არ აუღია, გამალებული აგრძელებდა ქსოვას.

- შენ საიდან იცოდი? - გაოცებულმა ბიჭმა კოპები შეიკრა და დედას წინ დაუდგა.

- თვითონ მითხრა.

გოჩას თვალები გაუფართოვდა.

- რა გითხრა თვითონ... როდის გითხრა?

- მაშინ, როცა ტელეფონზე ველაპარაკე.

- რაღაცას მატყუებ, ნინო! - ხმას აუწია გოჩამ, - შენ არ მითხარი, მაიამ ასე თქვა, მიყვარსო?

- ჰო, გითხარი, მაგრამ მოგატყუე, რომ სწავლაზე გული არ აგეცრუებინა. ეგ ყველაფერი გათვლილი იყო. შემპირდა, რომ როგორც კი სკოლას დაამთავრებდი, ამ ურთიერთობას ბოლო მოეღებოდა.

- ესე იგი, ჩემს ცხოვრებას ორივენი ჩემ გარეშე წყვეტდით?

დედას პასუხი არ გაუცია, არც საქსოვიდან აუღია თავი, მონოტონურად ატრალებდა ჩხირებს და თვლები ამოჰყავდა - ერთი წაღმა, ორი უკუღმა...

- შენ გელაპარაკები, მგონი! - იღრიალა გოჩამ და მუშტი მთელი ძალით დასცხო შუშის დაბალ მაგიდას, რომელიც ნამსხვრევებად იქცა, მუშტი კი წითლად შეეღება.

- რას შვრები, გაგიჟდი? თავს იკლავ? ვისი გულისთვის, იცი მაინც? - იკივლა ნინომ, წამოხტა და შვილს მივარდა, რომ ჭრილობა შეეთვალიერებინა.

გოჩამ არ დაანება, ახლოსაც არ გაიკარა მშობელი, სააბაზანოში შეიკეტა და წყალი მოუშვა. ცხოვრებაში პირველად, დედის დახმარების გარეშე დაეხმარა საკუთარ თავს - დასერილი ხელი მოიბანა, სპირტით დაიმუშავა და გადაიხვია. როგორ უნდოდა, სისხლისგან დაცლილიყო და ახლავე, აქვე მომკვდარიყო, მაგრამ იცოდა, რომ ამგვარი ჭრილობით ადამიანები არ კვდებოდნენ.

სააბაზანოდან გამოსულმა კი თავის ოთახს მიაშურა, კარი შეიჯახუნა და გასაღებით ჩაკეტა. ეხვეწა ნინო, შემომიშვი, მაჩვენე, რა გჭირსო, მაგრამ ყურიც არ ათხოვა.

საღამოს, სამსახურიდან დაბრუნებულ მამას ნინო ყველაფერს მოუყვა. რეზოს არაფერი უთქვამს. არც გოჩასთან დალაპარაკება უცდია. ალბათ იფიქრა, ჯერ მოზარდია, გარდატეხის ასაკშია, მალე გაუვლის და დაწყნარდებაო. არ ჩათვალა საჭიროდ, ჩარეულიყო და `სერიოზული მიმართულება~ მიეცა ამ საქმისთვის.

შეცდა. ამას მაშინ მიხვდა, როცა გოჩამ უმაღლესში ჩაბარებაზე უარი თქვა. ჯერ ჯარში წავალ, სავალდებულო სამხედრო სამსახურს მოვიხდი და რომ დავბრუნდები, მერე ვისწავლიო. ეს ისეთი შეუვალი ტონით გამოუცხადა მშობლებს, შეპასუხება ვერც ერთმა ვერ გაუბედა. მხოლოდ მაშინ გაიაზრა ცოლ-ქმარმა, რომ მათი ერთადერთი შვილი მოზარდი კი არა, უკვე ზრდასრული მამაკაცი იყო - თავისუფალი, დამოუკიდებელი და პრინციპული.

შემოდგომაზე კომისარიატში დაიბარეს და ჯარშიც გაიწვიეს. ავღანეთში ამოჰყო თავი, მაგრამ არა შემთხვევით, თვითონ მოითხოვა. უნდოდა, რაც შეიძლება შორს ყოფილიყო საქართველოდან, რომ ყველა და ყველაფერი დაევიწყებინა. მშობლებისგან არ ელოდა გულგრილობას, როცა სიყვარულში არ გაუმართლა. გულგრილობა კი არა, ალბათ სიხარულით აღარ იყვნენ, რომ ბიჭმა მასზე უფროსი ქალის სიყვარულის მარწუხებს თავი დააღწია.

სამაგიეროდ, შური იძია. ორივეს სურვილის წინააღმდეგ წავიდა, სწავლა აღარ ისურვა. ავღანეთში გაწვევით კი დედ-მამას უარესად დასცა თავზარი. ნინო ორი დღე ცრემლად იღვრებოდა. ემუდარებოდა რეზოს, როგორმე გამონახე ნაცნობი, იქნებ ავღანეთს აარიდო და სადმე ახლოს გააგზავნინოო. გოჩამ კატეგორიული უარი განაცხადა. თუ ამას იზამთ, საერთოდ გადავიკარგები სახლიდან და ვეღარასდროს მიპოვითო...

ავღანეთმა ძალიან შეცვალა. პირველად იქ ნახა, რას ნიშნავდა კაცის კვლა, სიკვდილი. ავღანეთში იმ წლებში გაგანია ომი იყო გაჩაღებული. რამდენი მისი ტოლი ქართველის სიცოცხლე იქ დარჩა, იმ საშინელ მიწაზე. თუმცა, ორი წელი მალე გავიდა და ჩამოვიდა. უხაროდა, თბილისში რომ ბრუნდებოდა. როგორც კი ქართულ მიწაზე ფეხი დადგა, ჰაერი ხარბად ჩაყლაპა. მშობლიური ჰაერის შესუნთქვამ მაშინვე მაიკოს სურნელის შესუნთქვა გაახსენა... ძალიან წააგავდა ეს `შესუნთქვები~ ერთმანეთს. დედა და მამა აეროპორტში დახვდნენ. ორივე ტიროდა, დედა - ხმამაღლა, მამა - უხმოდ. გაუხარდა მათთან კვლავ შეხვედრა, ეგონა, ახლა ყველაფერი შეიცვლებოდა, ურთიერთობა დალაგდებოდა, ცხოვრება ახალ კალაპოტში ჩადგებოდა...

ვერა, ვერ მოახერხა. სულ ფათერაკს ეძებდა, ერთ ადგილას მშვიდად ვერ ჩერდებოდა. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მაიკოსთან გადატანილი ტკივილის ბრალი არ იყო, ამას ავღანეთში გატარებული დაძაბული ორი წელიწადიც დაემატა. გასაკვირი არ იყო, იქიდან ნერვებდაწყნარებული არავინ ჩამოსულა. კომისარიატიდან ფსიქოლოგთანაც დაიბარეს, მაგრამ არ უვლია, არ მიიჩნია საჭიროდ. რამდენიმე თვე დაისვენა, განმარტოვდა და მერე კვლავ სამხედრო სამსახურში ჩაება. ეგონა, რომ შვებას იარაღის ტარება და საბრძოლო ფათერაკები მოჰგვრიდა. ნაწილობრივ მართალიც აღმოჩნდა, სამხედრო საქმემ გააკაჟა, ნამდვილ მებრძოლად ჩამოაყალიბა, საუკეთესო მსროლელად ითვლებოდა, სნაიპერის კურსებიც გაიარა, ომებშიც მონაწილეობდა, აქაც, იქაც, იმის იქითაც... სადაც ყველაზე ცხელი წერტილი ეგულებოდა, იქითკენ მიჰქონდა თავი. თუმცა... ნერვები საბოლოოდ გაუფუჭდა. პირადი ცხოვრების მოწყობაზე არც კი უფიქრია. ცოლის გაგონებაც არ სურდა. თითქოს ესეც ერთგვარი შურისძიება იყო. თითქოს ჯიბრზე, მშობლებს შვილიშვილი არ აღირსა. არადა, ორივე ძალიან უყვარდა, განსაკუთრებით მამა. მასთან ყოველთვის სხვანაირი ურთიერთობა აკავშირებდა. რეზოს არასდროს უგრძნობინებია მისთვის, რომ ასაკით პატარა იყო, შვილივით კი არ ექცეოდა, არამედ როგორც თანატოლს, ძმაკაცს, მეგობარს. მადლობელი იყო მისი, რომ იმ დღეს, როცა მაიკოს დაშორდა, მამამ შეგონებები არ დაუწყო, არ დაიმარტოხელა და ყველაფერი არ გამოჰკითხა. თუმცა, იმ დროს ეს საქციელი მამას გულგრილობაში ჩაუთვალა. უკვირდა, რომ მამა, მისი ყველაზე ახლო მეგობარი, ძმაკაცი, გვერდით არ დაუდგა, მისი მხარე არ დაიჭირა და არ შეაგულიანა. მერე და მერე, წლების შემდეგ მიხვდა, რომ მაშინ მამა სწორად მოიქცა...

მას შემდეგ ამ საკითხზე მასთან არასდროს უსაუბრიათ... არც დედას, არც მამას. ისე ჩაიარა მაიკოს თემამ, თითქოს იგი არც არსებულა, თითქოს ვირტუალური, გოჩას გონებაში გამოგონილი არსება ყოფილიყო, რომელიც ცუდი სიზმარივით დავიწყებას მიეცა.

არადა, არ მიეცა... მისი მაი მასში ცხოვრობდა. მისი მაკო მისი საკუთრება იყო და თავის ირეალურ სამყაროში არც არავისთვის დაუთმია... არასდროს, არც ერთი დღე, არც ერთი წამი. ვერც ვერავინ მოახერხა მისი განზე გაწევა და გამოთავისუფლებული ადგილის დაკავება. განა იმიტომ, რომ ქალებს თავს ვერ აწონებდა. სულაც არ სჭირდებოდა არავისთვის თავის მოწონება. ქალები ისედაც ბუზებივით ეხვეოდნენ გარს. მისით ყველა იხიბლებოდა, რამდენიმეს სიგიჟემდეც უყვარდა, მაგრამ გოჩას გულს ვერც ერთი ვერ გაეკარა. მაიკოს შემდეგ ვერავის შეყვარება ვერ შეძლო, მსუბუქი რომანები კი მხოლოდ რამდენიმე თვეს თუ გაგრძელდებოდა.

და აი, მაი კვლავ გამოჩნდა მის ცხოვრებაში. მისი საოცნებო `მაკოხელ~, ბანაკში რომ შეარქვა. გამოჩნდა და ახალი გულისტკივილიც გაუჩინა. ვიღაცამ მაინცდამაინც გოჩა დაიქირავა მის მოსაკლავად. ვინ? რატომ? ვის რა დაუშავა მაიმ? როგორ ათქმევინოს? თითქოს ბოლომდე არ გაეხსნა მაიკო, ძალიან ზერელედ მოუყვა თავის შესახებ. ნუთუ დაივიწყა? საინტერესოა, მართლა არ უყვარდა მაშინ, თუ მოატყუა? როგორ უნდოდა, ეკითხა, მაგრამ ვერა, ვერ შეძლო. იქნებ ქმარი იყო მისი ნამდვილი სიყვარული და არა გოჩა? სულაც არ გაუკვირდებოდა, ასე რომ ყოფილიყო. თვითონ პატარა ბიჭი იყო, მაიკო მამაკაცად ალბათ ვეღარც აღიქვამდა. მაშინ რატომ კოცნიდა ხოლმე? განა შეიძლება ისე აკოცო ადამიანს, თუკი არ გიყვარს? რატომღა უხაროდა მის გვერდით ყოფნა? გოჩა ხომ ხედავდა, როგორ მოილტვოდა გოგო მისკენ? ხომ გრძნობდა, რომ მის გარეშე მაი დიდხანს ვერ ძლებდა? პატარა კი იყო, მაგრამ ასეთ რამეებს ამჩნევდა და არ ტყუვდებოდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში