თვითმკვლელობა დაკვეთით (თავი IX) - გზაპრესი

თვითმკვლელობა დაკვეთით (თავი IX)

და როცა მიხვდა, ელეთმელეთი დაემართა... იმიტომ იყო ფულის გადმორიცხვა რომ შეაყოვნებინა. ჯერ ყველაფერი უნდა გაეგო.

და აი, დღეს ჩაუსაფრდა, მანქანა წინა კორპუსის კუთხეში დამალა და ქალს სახლთან დაუდარაჯდა. ვითომ შემთხვევით მოხვდა აქეთ...

არა უშავს, რაც წარსულში იყო, იყო. ახლა უკვე აღარ ბრაზობს. რადგან ისევ იპოვა, ესე იგი, ასე ყოფილა საჭირო, ეს განგების ნებაა და აწი მასთან ვერავინ დააშორებს. თუ მის სიყვარულს ვერ მოიპოვებს, იმეგობრებს მაინც და სიკვდილისგან დაიცავს. არავის მისცემს მაიკოს მოკვლის უფლებას, საკუთარი სიცოცხლის ფასადაც რომ დაუჯდეს ეს!

ამგვარი ფიქრებით გულდამძიმებული შინ დაბრუნდა. დედა ახლაც, ამდენი წლის შემდეგ, ქსოვით ირთობდა თავს. ამჯერად მაგიდის გადასაფარებელს ქსოვდა, ოღონდ არა ჩხირებით, არამედ ყაისნაღით და თვლები საგულდაგულოდ ამოჰყავდა.

ნინოს შვილის ამღვრეული თვალები არ გამოჰპარვია და დაფეთებული მზერა მიაპყრო.

- მოხდა რამე?

- არაფერი, - გულგრილად მიუგო გოჩამ და ამოიხვნეშა.

- მაინც? - არ მოეშვა ქალი და სათვალის ზემოდან კიდევ ერთხელ ყურადღებით გამოხედა.

- რა იცი ხოლმე, ნინო, ეს? რა უნდა მომხდარიყო? არაფერი-მეთქი, არ გითხარი?

დედამ გაჩუმება ამჯობინა, მაგრამ მიხვდა, რომ რაღაც სერიოზული მოხდა. მის გულს ასეთი რამეები არასდროს გამოჰპარვია.

- სადაა ჩემი "ჩუსტები"? ისევ ბარსიმ დამალა სადღაც, არა? - გოჩამ ირგვლივ მიმოიხედა, მაგიდის ქვეშაც შეიხედა, დივანიც ასწია და მაცივრის კუთხეც შეათვალიერა.

- არ ვიცი, სადღაც აქ დაათრევდა. იქით ნახე, სადაც საჭმელი უყრია, - უკმაყოფილო ტონით წაიდუდღუნა ნინომ, მერე კი დაამატა, - გშია?

- არა-აა, - გოჩას ხმა ახლა უკვე მეორე ოთახიდან მოისმა, მისი საძინებლის წინ, სადაც ძაღლის ბალიში და ჯამით საჭმელი იდგა. ბარსი კი არსად ჩანდა.

- როგორ მოხდა? ყოველთვის მშიერი ბრუნდები სახლში და... - ნინომ აგრძნობინა, რაღაცას ვხვდებიო.

- მასვეს და მაჭამეს. ასე რომ, არაფერი არ მინდა. წყალს გადავივლებ და დავწვები, დავიღალე. - ამ სიტყვებით გოჩა კვლავ გამოჩნდა ნახევრად შეჭმული ფოსტლებით, - ამას შეხედე, რა უქნია, - ფოსტლები მაღლა ასწია და დედას დაანახვა, - მერამდენე გამიფუჭა უკვე.

- ათასჯერ გითხარი, შემოდე სადმე, იატაკზე ნუ ტოვებ-მეთქი და არ გესმის. ლეკვია ჯერ, არ იცი, რომ ყველაფერს პირისკენ მიაქანებს? - ნინომ საქსოვი გვერდზე გადადო და წამოდგა.

გოჩა საძინებელში გავიდა ტანსაცმლის გამოსაცვლელად. დედა უკან მიჰყვა.

- მითხარი, რა მოხდა, - გულზე ხელებდაკრეფილი შვილს თავზე წამოადგა.

- ვაა! არაფერი, დედა, ყველაფერი რიგზეა! - სიცილის შეკავება სცადა, ძალიანაც უნდოდა საიდუმლო შეენახა, მაგრამ არ გამოუვიდა.

- სანამ არ მეტყვი, არ მოგასვენებ, ხომ იცი, არა?

გოჩამ ამასობაში ტანთ გაიძრო, ფეხები ფოსტლებში გაყო და აბანოს პირსახოცი მხარზე გადაიკიდა. მერე გეზი სააბაზანოსკენ აიღო, მაგრამ კართან მისული უცებ შედგა, დედისკენ მობრუნდა და ყრუ ხმით უთხრა:

- დღეს მაიკოს შევხვდი, სრულიად შემთხვევით.

ნინოს მზერა მოულოდნელად დაეძაბა, სახეზე ჩრდილმა გადაურბინა, სათვალე მოიხსნა და ვაჟს კუშტად მიაჩერდა.

შვილი თვალს არ აშორებდა.

- რა იყო, რას მიყურებ? - ბოლოს ვეღარ მოითმინა.

- როგორ არის?

- კარგად. მშვენივრად.

- გათხოვილია თუ შენსავით ეულად დადის ისიც? - ცოტა არ იყოს, აგდებულად გამოუვიდა.

- ახლა ჩემსავით ეულად დადის, ქმარი სამი წლის წინ გარდაცვლია.

ნინომ თვალები დახუჭა.

- შვილები ჰყავს?

- აუ, რა დაკითხვას მიწყობ?

- მაინტერესებს, რა იყო?

- რაში გაინტერესებს? - გაღიზიანდა გოჩა და ხმას აუწია, - როცა საჭირო იყო, მაშინ არ დაინტერესებულხარ.

- ახლა უფრო საჭიროა და იმიტომ! - ნინომაც აუწია ხმას.

- ერთი გოგო ჰყავს, ჰოლანდიაშია.

- ანუ მარტო ცხოვრობს...

- კი, მარტოა.

- იქნებ ახლა მაინც გეშველოს და ცოლად გამოგყვეს. ერთი შვილიშვილი არ უნდა მაღირსო?

- რას მელაპარაკები, მართლა? - სიმწრით გაიცინა გოჩამ, - როცა ვუყვარდი, მაშინ მაქცია ზურგი და ახლა რაღაში ვჭირდები?

- მაშინ მიზეზი ჰქონდა.

- ეგ მიზეზი არც დღეს შეცვლილა, ნინო და დამანებე თავი, რა! - გოჩა სააბაზანოში შევიდა და კარი მოიხურა.

- მას მერე ბევრი რამ შეიცვალა, შვილო! - თავისთვის ჩაილაპარაკა ქალმა, ოთახიდან გავიდა და საქსოვს მიუბრუნდა.

ჰო, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ნინოს არაერთხელ უნანია, შორეულ წარსულში ერთადერთი შვილი და მასზე ექვსი წლით უფროსი გოგო ერთმანეთს რომ დააშორა. იცოდა, რომ ამ საქმეში ლომის წილი მას მიუძღოდა. რომ არა თვითონ, გოჩა მაიას ცოლად შეირთავდა. მაგრამ შეეშინდა. შეეშინდა არა იმის, რომ მაიკო მის ვაჟს ვერ შეეწყობოდა, პირიქით, თავისი შვილის მყიფე ხასიათის შიში ჰქონდა. ჯერაც ჩამოუყალიბებელ და ზრდადაუსრულებელ ბიჭს ოჯახის შექმნას ვერ ანდობდა. თუმცა, მაშინ იმასაც ფიქრობდა, ის გოგო ალბათ ჩვენს ქონებას დახარბდაო. არადა, ერთხელაც არ უკითხავს, ვისი შვილი იყო მაია, სად ცხოვრობდა, ან რა შესაძლებლობის პატრონი. უბრალოდ, შვილსა და მომავალ რძალს შორის ამხელა ასაკობრივი სხვაობა მიუღებლად მიაჩნდა.

- როგორ გამოიყურება? - უმალვე დაუსვა მორიგი შეკითხვა, როგორც კი გოჩა საბაზანოდან გამოვიდა.

- როგორც ყოველთვის, ლამაზია და კარგი, - ღიმილით მიუგო.

- მაშინ მოგწყობია საქმე.

- ხო-ო? რამე რომ იყოს, წინააღმდეგი არ იქნები? ის ხომ ახლაც იმდენივე წლითაა ჩემზე უფროსი.

- ახლა არ შეგეტყობათ ამხელა სხვაობა. თანაც... აღარ დავეძებ, ოღონდ კი დაოჯახდი და ვინც გინდა, ის მოიყვანე. ძალიან დაგიგვიანდა უკვე.

- ჯერ არ დავბერებულვარ, სხვათა შორის.

- ოცდათვრამეტი წლის გახდი, ბიჭო, სიბერეს რას ეძახი შენ, ა? საწყალი მამაშენი გადაჰყვა შენზე დარდს, ცოლს არ ირთავსო. გიჟდებოდა, ისე უნდოდა შვილიშვილი. ის აღარ არის, მაგრამ მე ხომ დავრჩი? მოვკვდი ამ ოთხი კედლის ცქერით. ის სახლი რა სახლია, ბავშვების ჟრიამული რომ არ ისმის?

- მას უკვე დიდი შვილი ჰყავს, დედა, აღარ გათხოვდება. გარდა ამისა, უკვე 44 წლისაა. გგონია, დაფეხმძიმდება?

- რა მოხდა მერე! ბოლოს და ბოლოს, იშვილებთ ვინმეს და ეგ იქნება.

- ახლა მოიცა! - ხელის აწევით შეაჩერა გოჩამ დედა და თვალები დაუბრიალა, - შენ ერთხელ უკვე ჩაერიე ჩემს პირად ცხოვრებაში და ყველაფერი გამიფუჭე. მეტად ამის უფლებას აღარ მოგცემ, გასაგებია? მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს. მორჩა, თემა დახურულია!

ნინომ უკმაყოფილო მზერა გააყოლა საძინებლისკენ მიმავალ შვილს და თვალზე ცრემლი მოადგა. ყოველთვის ხვდებოდა, რომ შვილმა არა და არ აპატია ის ნაბიჯი, რომელსაც წლიდან წლამდე თვითონაც უფრო და უფრო ნანობდა. თუმცა, ახლა იმიტომ კი არ ურჩევდა მაიკოსთან ურთიერთობის აღდგენას, რომ დანაშაული გამოესყიდა, უბრალოდ, უნდოდა, შვილი ერთხელ მაინც ბედნიერებისგან სახეგაბრწყინებული ენახა. მხოლოდ ეს უნდოდა, სხვა არაფერი. იქნებ მაიასთან შერიგებით მაინც ამოვსებულიყო ის უფსკრული, რომელიც მათ შორის ორი ათეული წლის წინ გაჩნდა.

როგორ მოუნდა, ენახა ის გოგო და დალაპარაკებოდა. "ის გოგო"... რაღა გოგო? გოჩა 38 წლისაა, მაია უკვე 44-ის. ისე, ამ გადასახედიდან 6 წელი არაფერია, სრულიად არაფერი. ალბათ არც კი შეეტყობათ ასაკობრივი სხვაობა. მაგრამ შვილი გაუჩნდება?

საინტერესოა, რამხელა გოგო ჰყავს? რამდენ ხანში გათხოვდა? ნეტავ თუ მუშაობს?

კითხვები გონებიდან არ შორდებოდა, პასუხები კი არ ჰქონდა. დღეიდან კატეგორიულად აუკრძალეს ამ თემაზე ლაპარაკი. იქნებ მის გარეშე მოახერხოს მაიას პოვნა? მივა, ინახულებს და იმას მაინც გაიგებს, რას ფიქრობს.

ეჰ... იქნებ სულაც არ არის ისე საქმე, როგორც თვითონ ვარაუდობს? იქნებ აღარც უყვარს იმ ქალს მისი ვაჟი? ამისთვის პირველი სიყვარული იყო და რომ არ გაუმართლა, იმიტომაც განიცადა ასე. მაგრამ იმისთვის? იმისთვის იყო კი პირველი სიყვარული? ან კი უყვარდა საერთოდ? თვითონაც ბოჭავდა ალბათ, გოჩაზე უფროსი რომ იყო, თორემ ასე ხელაღებით არ დათანხმდებოდა ნინოს წინადადებას. შეყვარებულებს, ზოგადად, ჯიუტად გააქვთ თავისი. ბოლოს და ბოლოს, მის გაფრთხილებას არად ჩააგდებდა და მაინც გაჰყვებოდა, რომ ჰყვარებოდა.

ისე, გარეგნულად სულაც არ ჰგავდა მაია მაშინ გოჩაზე უფროსს. კი არასდროს უნახავს ნინოს, მაგრამ სურათებიდან იცნოდა. გოჩას მთელი ცხოვრება უბის წიგნაკში ჰქონდა შენახული ერთი ფოტო, სადაც მაიკო და მისი ვაჟი ერთად იყვნენ გადაღებული ბანაკში, ზღვის სანაპიროზე. გოგოს ცისფერი სარაფანი ეცვა, მის შვილს - შავი შორტი, წელზევით კი შიშველი იყო.

- არ ვიცი, არ ვიცი! - ხმამაღლა ჩაილაპარაკა და ისე მწარედ ამოიოხრა, ლამის გულიც ამოაყოლა...

გოჩამ საშინაო ხალათი მოიცვა და კომპიუტერს მიუჯდა. რადაც უნდა დასჯდომოდა, უნდა გაეგო, ვინ იყო ის ქალი, ვინც მაიას მოსაკლავად დაიქირავა. რა დაუშავა? მისი "მაი-მაო" არ ჰგავდა იმ ქალს, სხვის ქმარს რომ დახარბდეს და კაცებში ირბინოს. მართალია, ბოლომდე არ გადაუშალა გოჩას გული და ყოფილ ქმარზეც გაკვრით ილაპარაკა, მაგრამ ქარაფშუტობის ვერაფერი შეატყო. მაშ, რა უნდა ყოფილიყო მიზეზი? სამსახური? შური? თანამდებობა არ ჰქონია, რომ ამის გამო მისთვის ვინმეს ემტრო. გამომცემლობის სტილისტობა და მწერლობა კიდევ რა დიდი ამბავია? დღეს ყოველი მეორე მწერალია საქართველოში და არავის ბლოკავენ, ყველას შეუძლია თავისი წიგნი დაბეჭდოს და გამოსცეს. არა, აქ სხვა რაღაც ხდება, რაც შეიძლება თვითონ მაიკომაც არ იცოდეს. როგორმე უნდა აალაპარაკოს დამქირავებელი, როგორმე უნდა ათქმევინოს, ასე რამ გააბოროტა.

არ ჰქონდა იმედი, რომ დამქირავებელი "ფეისბუკში" დახვდებოდა, მაგრამ წერილი მაინც მისწერა:

- როგორ ხარ? ხომ არაფერი შეიცვალა? შენს მითითებებს ველოდები!

პასუხი არავის გაუცია.

გაბრაზებულმა მსუბუქი მუშტი დაჰკრა მაგიდას და როცა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ის ვიღაც არაფერს იწერებოდა, კომპიუტერი გამორთო, შუქი ჩააქრო და ლოგინში შეწვა. სხვა დროს აუცილებლად რომელიმე ფილმს ჩართავდა და უყურებდა, ახლა კი აღარაფრის თავი არ ჰქონდა. ერთადერთი, რაც ამწუთას სურდა, სიბნელეში წოლა და მაიაზე ფიქრი იყო. თითქოს რაღაცით შეივსო დღეს, რაღაცით სუნთქვა გაუადვილდა. ცოტათი შემსუბუქდა კიდეც, სიხარულითაც აივსო. იმდენად აივსო, რომ დანაყრდა, ჭამაც აღარ მოუნდა, მიუხედავად იმისა, რომ მაიკოსთან ერთი ლუკმა ნამცხვარიც კი არ გაუსინჯავს. ახლაც გრძნობდა ქალის სურნელს, მისი სხეული მთლიანად რომ გაეჟღინთა. გულში რომ ჩაიკრა, მაიას წინააღმდეგობა არ გაუწევია, პირიქით, თვითონაც მიეკრა. როგორ უთრთოდა მხრები და გულიც გოჩასავით ძლიერად უცემდა.

რამდენი ხანია, მსგავსი არაფერი განუცდია. ძალიან, ძალიან დიდი ხანია. აწი როდისღა ნახავს? ყოველდღე ხომ არ მიადგება სახლში. ვაითუ, ამით ყველაფერი გააფუჭოს. არა, ასე არ მოიქცევა. ჯერ დაურეკავს, მოიკითხავს. მერე... მერე შეხედავს, როგორ შეხვდება, რას ეტყვის და იმის მიხედვით გადაწყვეტს, ისევ ესტუმროს თუ სადმე დაპატიჟოს.

ეჰ, რომ იცოდეს მაიკომ, რა გზას დაადგა ის "პატარა ბიჭი", ხმასაც აღარ გასცემდა. ალბათ ფიქრადაც კი არ დაუშვებს, გოჩა რომ ადამიანებს ხოცავს. თანაც, როგორ? ფულის გადახდით. არა, ამას არასდროს არ ეტყვის, არასდროს. ეს რომ უთხრას, კიდევ ერთხელ დაკარგავს. თუ ყველაფერი კარგად იქნა, თუ მაიასთან ისევ აღადგინა ურთიერთობა, სულაც დაანებებს თავს ამ საზიზღარ პროფესიას, რომელიც არასდროს მოსწონდა, მაგრამ ვითარებამ აიძულა, ამ გზას დასდგომოდა. სხვანაირად თავის რჩენას ვერ შეძლებდა. სამხედრო სამსახურს აფხაზეთის ომის შემდეგ თავი დაანება. აღარც არავინ დაინტერესებულა მისი ბედით. პენსია დაუნიშნეს და მორჩა, თითქოს არც არსებულა. არადა...

უეცრად მაიკოს ნაჩუქარი წიგნი გაახსენდა. შემოსვლისთანავე იქვე შემოდო, ჰოლში, ტელეფონის მაგიდაზე და გადაავიწყდა. საინტერესოა, რაზე წერს, როგორ წერს... ხელი კედელს გააყოლა და ჩამრთველს მიაჭირა, შუქი აანთო, ადგა, ხალათი მოიცვა და ოთახიდან გამოვიდა. დედა კვლავ დივანზე იჯდა, მაგრამ აღარ ქსოვდა. გოჩას თვალები გაუფართოვდა... ნინოს ხელში მაიას წიგნი ეჭირა და კითხულობდა...

ორი დღეა, მაიკო ადგილს ვერ პოულობს. ყურში გამუდმებით გოჩას ხმა ჩაესმის, ცხვირში კვლავ უღიტინებს მისი ოდეკოლონის სურნელი და მამაკაცის გახშირებული სუნთქვა თითქოს ახლაც სახეს უთბობს. რას იფიქრებდა, ასე თუ ააღელვებდა მასთან შეხვედრა? თემოც ხომ შეხვდა ამას წინათ, მაგრამ ასე არ განუცდია. თუმცა, რა გასაკვირია... თემო ბავშვურად უყვარდა ერთ დროს, გოჩა კი... გოჩა ისე უყვარდა, როგორც მოწიფულ ქალს შეუძლია უყვარდეს.

როგორი ვერაგია ცხოვრება. არც მაშინ ჰქონდა მისი სიყვარულის უფლება და არც ახლა აქვს. არა, ახლა როგორ არ აქვს, მაგრამ... მაინც არა აქვს. ცალი ფეხით იმ ქვეყანასაა გასული და რა დროს სიყვარულია? ტყუილად რისთვის გაუტეხოს იმ ბიჭს ერთხელ უკვე გატეხილი და ძლივს გამთელებული გული? არ ეყოფა, რაც გაუკეთა? ცოლიც კი არ შეურთავს თურმე. ნუთუ მართლა მაიას გამო დარჩა დაუოჯახებელი? არა, რატომ დარჩა, ჯერ ყველაფერი წინ აქვს, ჯერ კიდევ ახალგაზრდაა გოჩა, ახალგაზრდა და ჯანმრთელი. ისე დააბნია მისმა ნახვამ, წესიერად ვერც გამოჰკითხა, რას საქმიანობს.

რატომ არ ურეკავს? მაიას მოეჩვენა, თითქოს ჯერაც არ განელებია მის მიმართ გრძნობები. მაშინ რატომ აყოვნებს? ჰმ, თურმე როგორი სულწასულია! ჯერ ორი დღეც არ გასულა და უკვე ნერვიულობს. ხომ შეჰპირდა, დაგირეკავო, გინახულებო. ჰოდა, დარეკავს, აბა, სად წავა! მთავარია, ერთხელ გაიკვალოს ბილიკი და მერე მის გავლას რაღა უნდა?

იმდენად გადაერთო მასზე ფიქრებში, რომ სულ გადაავიწყდა, კილერი რომ ჰყავდა დაქირავებული. არც კი გაჰკარებია ინტერნეტს. დღისით გამალებული რომანზე მუშაობდა, საღამოს კი ტელევიზორს მიუჯდებოდა, ტელეფონს გვერდით დაიდებდა და იწვა გასუსული სანუკვარი ზარის მოლოდინში.

საკმარისი იყო, მისი მობილური აწრიპინებულიყო, რომ მოსვენებას კარგავდა. აფორიაქებული მაშინვე ეკრანს მიაჩერდებოდა, გოჩა ხომ არ მირეკავსო. არა, გოჩას ჯერ არ დაურეკავს. ყველამ მოიკითხა, თემომაც, მამა გიორგიმაც, თათიამაც, ხათუნამაც, სხვა თანამშრომლებმაც... მაგრამ არ დაურეკა გოჩამ, ვის ზარსაც სუნთქვაშეკრული ელოდებოდა. თან აშინებდა მასთან ურთიერთობა, თან ელტვოდა... ელტვოდა ფარულად, მხოლოდ ფიქრებში, ისე, ვირტუალურად. რეალურ ცხოვრებაში ამის უფლება უკვე აღარ ჰქონდა. ახლა აღარაფრის უფლება აღარ ჰქონდა. ამის გაფიქრებაზე ეცინებოდა. ასეთ მომენტში ადამიანები ცდილობენ, როგორმე გაილამაზონ დარჩენილი ცხოვრება, ბოლო წუთები, ყველაფერს აკეთებენ, ოღონდ კი აისრულონ შესაძლო ოცნებები და სურვილები, თვითონ კი იჯდა ხელებჩამოშვებული, ფრთამოტეხილი ჩიტივით და ისეთ რამეს უკრძალავდა თავის თავს, რაზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდა. ახლა ამ ოცნების რეალობად ქცევა შეეძლო და უარს ამბობდა. ერთი ფილმი გაახსენდა, როგორ აბამს ახალგაზრდა გამყიდველს მისი შეფის ცოლი. ეს ბიჭი მივა სარკესთან და თავის თავს შთააგონებს, რომ თითსაც არ დააკარებს უფროსის გარყვნილ მეუღლეს, მეორე წამს კი კადრებში გაგანია სექსის სცენა ჩნდება. აი, სწორედ მისნაირ დღეში იყო მაიკო. გონება უფრთხოდა გოჩასთან ხელმეორედ შეხვედრას, მასთან დაახლოებას, გული კი არა. ერთს უნდოდა, მაგრამ არ დაუშვებდა ამას, მეორეს კი კიდევაც უნდოდა და კიდევაც დაუშვებდა.

როგორ იტანჯებოდა. ერთი სული ჰქონდა, ან თათია გამოსულიყო, ან ხათუნა, რომ ამ ორი უახლოესი მეგობრისთვის ყველაფერი მოეყოლა. მოეყოლა, როგორ წავიდა თემოსთან ერთად ფილმის საყურებლად კინოთეატრში და იმავე დღეს, შინ რომ ბრუნდებოდა, როგორ გადაეყარა გოჩას. ამ უკანასკნელზე საათობით შეეძლო ელაპარაკა. ელაპარაკა და არ გაჩერებულიყო. ოღონდ არ იცოდა, ამდენი რა სალაპარაკო ჰქონდა მასზე, მამაკაცზე, რომელთანაც სულ რაღაც ერთი წლის ურთიერთობა აკავშირებდა და მაინც დღემდე ვერ დაივიწყა, მამაკაცი, რომელიც მოჩვენებასავით მაინცდამაინც ახლა გამოეცხადა და სული კიდევ ერთხელ აუფორიაქა.

ისე, კიდევ კარგი, რომ "მაინცდამაინც ახლა" გამოეცხადა და არა მაშინ, როცა ნიკა ცოცხალი იყო. საინტერესოა, მაშინაც ასეთი რეაქცია ექნებოდა? ამ სიხშირით იფიქრებდა მასზე? უღალატებდა ქმარს? ჩუმი შეხვედრებით თავს დაიტანჯავდა? ღმერთმა დაუფაროს, ეს რამ აფიქრებინა! ნიკას ვერავის გამო ვერ უღალატებდა. იმიტომ კი არა, რომ ძალიან უყვარდა. არა, ეს არაფერ შუაში არ იყო. ნიკასთან მისი ურთიერთობა სულაც არ იყო დიდი სიყვარული. უბრალოდ, ოჯახის სიწმინდეს არ შებღალავდა. რადგან ის არგუნა ღმერთმა, ბოლომდე მისად უნდა დარჩენილიყო. ხორციელ ვნებებს დახარბებული არც არასდროს ყოფილა. ისიც საკითხავია, ახლა რატომ ააღელვა გოჩას ნახვამ. იქნებ მხოლოდ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებამ? მათი ურთიერთობა ხომ პლატონურ სიყვარულს უფრო ჰგავდა? არც სექსი ჰქონიათ და არც ზღვარგადასული ალერსი, ამას არც დაუშვებდა. გოჩა მის თვალში მაშინ მოწიფული მამაკაცის ასოციაციას არ ტოვებდა. იმასაც კი ვერ იხსენებს ახლა, ბიჭს ერთხელ მაინც მისთვის წელზე ხელი მოუხვევია? არა, არასდროს. არც მის მკერდს შეხებია ოდესმე. აბა, ახლა რამ გადარია? სიკვდილის პირას მისულს რა ემართება?

მორჩა, აღარ უნდა ამაზე ფიქრი! უბრალოდ, იმეგობრებენ და ამაზე შეჩერდებიან. მიზეზის მოფიქრება არ გუჭირდება. ეტყვის, რომ უკვე ასაკშია, დიდი შვილი ჰყავს, რა დროს მისი გართობა და სიყვარულია. აბა, იმას ხომ არ გაუმხელს, სიმსივნე მაქვს და რამდენიმე თვეში ამ ქვეყნიდან გავქრებიო?

რაც გაიგო, რომ უკურნებელი სენი სჭირდა, იმ დღიდან სიკვდილს ნატრობდა და აჩქარებდა კიდევაც მოვლენებს, რომ ტკივილების დაწყებამდე გამოსალმებოდა წუთისოფელს, ახლა კი სერიოზულად დაფიქრდა. უნდოდა კი სიკვდილი? არა, აღარ უნდოდა. გოჩა გამოჩნდა და ყველაფერი შეიცვალა.

რა უცნაურად დაიწყო ეს თვე. ზედიზედ წაეწყო ერთმანეთს ყოფილი თაყვანისმცემლების "გამოცხადება", თანაც სხვადასხვა "რანგში" - პირადი ექიმი, პირადი მოძღვარი და... გოჩასთვის რა სტატუსი მიენიჭებინა?

ეს ჯერ არ იცოდა...

გავიდა კიდევ ოთხი დღე და გოჩამაც, როგორც იქნა, დარეკა...

გაგრძელება შემდეგ ნომერში