თვითმკვლელობა დაკვეთით (თავი X) - გზაპრესი

თვითმკვლელობა დაკვეთით (თავი X)

სნაიპერული შაშხანა არ წაუღია, მხოლოდ ბინოკლი გაიყოლა, გაშალა თექის ფარდაგი, ზედ გაწვა და დილიდან საღამომდე "საპატიო ყარაულში" ჩადგა. აკვირდებოდა, ვინ შედიოდა მაიას სახლში, ვინ გამოდიოდა, მის ფანჯრებს თვალს არ აცილებდა, მაგრამ საეჭვო ვერავინ შენიშნა. ორად ორი ქალი ესტუმრა, ერთი - ჩასაფრებიდან მეორე დღეს და მეორე - მეექვსე დღეს. დიდხანს არც ერთი არ დარჩენილა. მაიკომ ისე გამოაცილა ორივე ქუჩამდე, აშკარად იგრძნობოდა, ძალიან ახლობლები უნდა ყოფილიყვნენ. კაცი მის ბინაში არ გაჭაჭანებულა. არც თვითონ გასულა სახლიდან მაინცდამაინც შორს. სულ რამდენიმეჯერ იქვე მდებარე მარკეტს ესტუმრა და მაშინვე შინ დაბრუნდა.

სადარბაზოში შემსვლელ-გამომსვლელს ყველას საგულდაგულოდ აკვირდებოდა, თითოეულ მათგანს სწავლობდა. მეოთხე დღეს ლამის ზეპირად იცოდა, ვინ იყო კორპუსის მუდმივი ბინადარი და ვინ - სტუმარი.

ცოტა არ იყოს, დაიღალა. ასეთი ჩასაფრებების დროს წელი სტკივდებოდა. ერთ ადგილას გაუნძრევლად წოლა, თანაც ცივ ბეტონზე გართხმულს, საშინელ დისკომფორტს უქმნიდა. როცა უფრო ახალგაზრდა იყო, ადვილად იტანდა, მაგრამ წლებს თავისი გაჰქონდა.

არა, ასე არაფერი გამოუვიდა. ყველა ვარიანტში დამკვეთთან უნდა გამოენახა საერთო ენა და მისგან გაეგო, რას ერჩოდა მის სათაყვანებელ ქალს.

ასე გაიარა ერთმა კვირამ. გამორიცხული იყო, ერთი კვირის განმავლობაში რამე არ შეენიშნა, მაიკოს საშიშროება რომ დამუქრებოდა. ისიც უკვირდა გოჩას, რატომ აჭიანურებდა უცნობი დავალების შესრულების დროს. რას ელოდებოდა? იქნებ რამე მნიშვნელოვანი უნდა მომხდარიყო მაიას ცხოვრებაში და იმ მომენტს ელოდებოდა?

უნდა გაერკვია, როგორმე ყველაფერი უნდა გაერკვია.

ამასობაში ერთი კვირა მიიწურა. ახლაღა გაახსენდა, რომ მაიასთვის ერთხელაც არ დაურეკავს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბოლო დროს მის გარდა სხვა საფიქრალი აღარაფერი ჰქონდა, ვეღარ მოიფიქრა, რომ დაერეკა და ისე მაინც მოეკითხა. იმდენად იყო თვალთვალით დაკავებული, რომ ამაზე არც უფიქრია.

შუადღეს დაურეკა. მაიკოს მისი ხმის გაგონებაზე შეაკანკალა.

- როგორ ხარ, გოჩა? - ალერსიანად მოიკითხა და იგრძნო, ხმაც როგორ უკანკალებდა.

- კარგად. შენ?

- მეც კარგად. სად დაიკარგე?

- მივლინებაში გამგზავნეს და ვეღარ დაგიკავშირდი, - იცრუა.

- ააა, მეც არა ვთქვი, რა ვაწყენინე, რომ არ მეხმიანება-მეთქი. როდის ჩამოდიხარ?

- უკვე ჩამოვედი, აქ ვარ, თბილისში.

- არ უნდა მესტუმრო? - შეეკითხა და პასუხის მოლოდინში სუნთქვა შეიკავა.

- რატომაც არა. შენ ოღონდ დამპატიჟე და...

- ჰოდა, დაპატიჟებული ხარ, საღამოს გამოდი, კარგი? გემრიელ რაღაცას ვამზადებ და ერთად ვისადილოთ.

- მშვენიერი აზრია. რით უნდა გამიმასპინძლდე?

- ხინკალი მექნება, - მაიას გაეღიმა.

- მიყვარს ხინკალი.

- ვიცი.

გაახსენდა, სახინკლაოდ რომ დადიოდნენ ლუდის ბარში. გოჩა მაშინ ლუდს არ სვამდა, მაიკო კი უშველებელ კათხას ისე გამოცლიდა, თვალს არ დაახამხამებდა.

- გემრიელი ყველაფერი მიყვარს, - დაამატა გოჩამ.

- მეც.

- ვიცი, - გოჩასაც გაეღიმა.

- ჰოდა, გამოდი. ხაჭაპურსაც გამოგიცხობ... აჭარულს.

- არა, არ გინდა. ხინკალი და ხაჭაპური ერთად ნამეტანი იქნება. აჭარული სხვა დროს იყოს.

- კარგი, მაშინ მე თადარიგს დავიჭერ. რომელ საათზე გელოდო?

- შენ რომელზეც მეტყვი, იმ დროს მოვალ.

- მაშინ... ექვისთვის. შეძლებ?

- შევძლებ რომელია, ექვსზე შენთან დავერჭობი.

ამდენი ხანი სარკის წინ წლებია, არ უტრიალია. ასე ძლიერად არასდროს გასჩენია სურვილი, მაიკო დაჰბრუნებოდა. რა ბედნიერი იქნებოდა, თუ კვლავ ეღირსებოდა მისგან საპასუხო სიყვარულს. თავიდან დაიწყებდა ცხოვრებას, ყველაფერს თავიდან დაიწყებდა. აი, რა კარგი ქნა, ცოლი რომ არ შეირთო. ალბათ გული უგრძნობდა, რომ მაიას კვლავ შეხვდებოდა. ამ ყველაფერში განგების ხელი აშკარად ურევია. რომ არა ის უცნობი, მაიას მოკვლა რომ განუზრახავს, ვერასდროს შეხვდებოდა მას. თანაც, შეხვედრაც არის და შეხვედრაც. მაია სრულიად თავისუფალი ადამიანია, არც ქმარი ჰყავს, არც შვილი უშლის არაფერში ხელს, მარტო ცხოვრობს...

- სადმე მიდიხარ? - კარში დედა გამოჩნდა.

- ჰო, - გულგრილად მიუგო და პერანგის საყელო გაისწორა.

- მაიასთან?

- ჰო, - იმავე ტონით გაიმეორა.

ნინო გატრიალდა. გულს უკლავდა შვილის სიცივე, ვერაფრით ვერ შეძლო მისი კეთილგანწყობის დამსახურება. აღარ იცოდა, რა გაეკეთებინა, საიდან მისდგომოდა ვაჟს, რომ როგორმე დაახლოებოდა და ძველი ურთიერთობა აღედგინა.

თავის ოთახში შევიდა, კარადა გამოაღო და თაროებზე რაღაცას ძებნა დაუწყო. როგორც იქნა, იპოვა. სუნამო, ფრანგული სუნამო, რომელიც წლების წინ ნიკამ აჩუქა. ახლაც გაუხსნელი ედო. ამას მაიას გაუგზავნის გოჩას ხელით. იმედია, გაუხარდება, თან აგრძნობინებს, რომ ამ ურთიერთობის წინააღმდეგი არ არის. მთავარია, გოჩამ წაიღოს და უარი არ უთხრას.

სასაჩუქრე პარკი მოიძია. ისიც იპოვა. სუნამო შიგ ჩადო და კვლავ შვილის საძინებელს მიაშურა. გოჩა ჯერ ისევ სარკის წინ იდგა და თავის თავს ათვალიერებდა.

- აი, ეს წაუღე ჩემგან და მომიკითხე, - პარკი საწოლზე დადო და გამობრუნდა, პასუხს არ დაელოდა.

გოჩამ ირიბად გახედა საწოლზე დადებულ მომცრო პარკს, ხმა არ ამოუღია. ესიამოვნა დედამისის ყურადღება. მიხვდა, ნინოს რაც აწუხებდა. ცოტა არ იყოს, სინდისის ქენჯნა იგრძნო, ასე რომ ტანჯავდა მშობელს, მაგრამ შეგნებულად როდი იქცეოდა ასე. განვლილმა ცხოვრებამ გულგრილი გახადა, პროფესიამ კი უარესად გააუცხოვა. რომ ეკითხათ, ალბათ ვერც უპასუხებდა, უყვარდა კი ამქვეყნად ვინმე? ამაზე მხოლოდ ახლა დაფიქრდა და პირველი, ვინც გაახსენდა, მაია იყო. ჰო, მაია უყვარდა, გონის დაკარგვამდე უყვარდა. ახლა, როცა კვლავ შეხვდა, მიძინებული სიყვარული კვლავ გაუმძაფრდა. დედა? რა თქმა უნდა, დედაც უყვარდა, მაგრამ სითბოს გამოხატვა უჭირდა. საერთოდ უჭირდა ადამიანების მიმართ სითბოს გამოხატვა. ბოლო წლებში მარტოხელა მგელივით ცხოვრობდა, ყველას გაერიყა და საკუთარ თავში ჩაიკეტა.

ახლა მის ცხოვრებას ისევ აზრი მიეცა, ისევ გამონათდა. როგორც იქნა, გაიარა ბნელი გვირაბი და სინათლეც გამოჩნდა. დარწმუნებულია, ახლა აღარ გაუცრუებს მაიკო იმედს და ისე არ მოექცევა, როგორც მაშინ. ამის დიდი იმედი აქვს. ასე რომ არ ყოფილიყო, ასე უცბად სტუმრად არ მიიწვევდა. დაურეკა თუ არა, გამოდიო, დაპატიჟა.

უხაროდა. იმდენად უხაროდა, რომ ეს სიხარული მთელ სივრცეს ავსებდა. აივანზე გავიდა და სუფთა ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა. რა წაუღოს? აღარ ახსოვს, მაიკოს რა უყვარდა. უფრო სწორად, ყველაფერი უყვარდა, მაგრამ განსაკუთრებულად რა, ვეღარ იხსენებდა.

გადაწყვიტა, ყვავილები მიეტანა. ყვავილები და ნინოს შემოტანილი საჩუქარი. ნეტავ რას ატანს დედა? ცუდი არ იქნება, ამაში დარწმუნებულია, რადგან ნინოს კარგი გემოვნება აქვს.

ოთახში შებრუნდა და პარკში ჩაიხედა. გაეღიმა. სანამ შეამოწმებდა, ასეც იფიქრა - უეჭველად სუნამო იქნებაო.

პარკს ხელი დაავლო და საძინებლიდან გამოსულმა კარი გამოიკეტა.

- მე წავედი, - შერბილებული ტონით უთხრა ტახტზე მოკალათებულ დედას და ჰოლისკენ გაემართა.

- მომიკითხე! - დაადევნა დედამ.

- მოვიკითხავ, - არ გაჩერებულა, ისე უპასუხა და კარი გააღო...

რამდენიმე წამს თვალს არ აშორებდნენ ერთმანეთს. გოჩას რატომღაც, მაიკო გაფითრებული ეჩვენა. ნუთუ ასე ნერვიულობს?

- ეს შენ და ესეც შენ, - ღიმილით გაუწოდა ჯერ ჭრელი ტიტების თაიგული, მერე კი დედის საჩუქარი.

- რა ამბავია ამდენი რაღაც? - ნაზად გაუღიმა მაიამ და ტიტები დასუნა, - ეს რა არის? - პარკში ჩაიხედა, - ვაიმე, სუნამო! "შანელი"!

- ეს ნინომ გამოგიგზავნა, მე არაფერ შუაში ვარ.

- დაიფიცე! - მაიკოს გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა.

- შენს თავს გეფიცები, - ისე მიამიტად შესძახა გოჩამ, რომ ქალს თვალზე ცრემლი მოადგა.

მამაკაცი გაწითლდა. მიხვდა, რომ თავი გასცა, იჩქარა, თუმცა ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავდა. დღეს იქნებოდა თუ ხვალ, ამის თქმა მაინც მოუწევდა.

- კიდევ მე მიფიცებ? - მაიას ხმა წაერთვა და თაიგული მკერდზე მიიხუტა.

- შენ გარდა სხვა საფიცარი არც არასდროს მყოლია, - საბოლოოდ გატყდა გოჩა.

- ნუ ამბობ მაგას. შენ არაჩვეულებრივი დედა გყავს, რომელსაც ყველაზე მეტად უყვარხარ.

- დედა დედაა, - მამაკაცმა მზერა აარიდა, ოთახის სიღრმისკენ გაიხედა, - კი ტრიალებს ხინკლის სურნელი ისე...

- ჰო. ამოყრაღა უნდა, მზადაა, - მაიკო მამაკაცის სიტყვებმა თითქოს გამოაფხიზლა, ყვავილები და საჩუქარი მაგიდაზე შემოდო და ჩქარი ნაბიჯებით სამზარეულოს მიაშურა.

- შენ სუფრას მიხედე, ყვავილებს მე მოვუვლი, - შინაურულად მიაძახა გოჩამ და თვალით ლარნაკს დაუწყო ძებნა.

მალევე იპოვა. პიანინოს თავზე იდო მალაქიტისფერი მაღალი ვაზა. ჩამოიღო და სააბაზანოში წყლით აავსო. მერე ტიტებს სათითაოდ მოხსნა რეზინი და შიგ ჩაალაგა.

- უი, რატომ მოხსენი რეზინები? უცებ გაიშლება, - შენიშნა ოთახში შემოსულმა მაიკომ და ოთხად გაკეცილი სუფრა ხელების აქნევით მაგიდას კოხტად გადააფარა.

- ყვავილი იმისთვისაა, რომ უნდა გაიშალოს, - იხტიბარი არ გაიტეხა გოჩამ და ყვავილებჩალაგებული ლარნაკი კვლავ პიანინოს თავზე შემოდგა.

- რა ლამაზია, მიყვარს ტიტები, - სევდიანი ღიმილი აუთამაშდა ქალს ტუჩებზე.

- რომელიც მე შენთვის არასდროს მომიტანია.

- არა უშავს, ახლა ხომ მომიტანე?

- ახლა კი.

- ჰოდა, არც ახლაა გვიან. რა დავლიოთ?

გოჩას დასცეცხლა. როგორი დაუფიქრებელია. ერთი ბოთლი ღვინო ვერ იყიდა? არც გახსენებია.

- დალევა აუცილებელია? - თავი დაიცვა.

- რა ვიცი, ხინკალს უხდება. დიდი მსმელი მე არ ვარ, მაგრამ მაინც. ერთ ჭიქაზე არ ვიტყოდი უარს. წითელიც მაქვს და თეთრიც. რომელი ჯობია?

- ხინკალს წითელი მოუხდება, - დარცხვენილმა გოჩამ კვლავ აარიდა თვალი ქალს და ისე გაბრაზდა თავის თავზე, რომ კბილი კბილს მთელი ძალით დააჭირა.

- იყოს წითელი, - მაიკო კვლავ სამზარეულოში შებრუნდა, მაცივარი გამოაღო და ღვინის ბოთლი გამოიღო.

როგორ უხაროდა ეს ყველაფერი, თითქოს დაფრინავდა. წამში გააწყო სუფრა და ოხშივარადენილი ხინკალი სულ ბოლოს შემოიტანა.

გოჩას ამწუთას ლუკმა არ გადაუვიდოდა ყელში, ისე იყო აღგზნებული - თან ბედნიერებისგან, თან ნერვიულობისგან, მაგრამ თავისთვის ძალა უნდა დაეტანებინა, რომ მაიკოს არ სწყენოდა. ერთ-ორ ცალს როგორმე მოერეოდა.

ღვინის ბოთლის გახსნა გაუჭირდა, თითები უკანკალებდა. მაიკო ყველაფერს ხედავდა, ყველაფერს გრძნობდა და ღიმილს ვერ იკავებდა. არც თვითონ იყო უკეთეს დღეში, მაგრამ მამაკაცი რომ იბნეოდა, ეს უფრო ამაგრებდა.

- გაგვიმარჯოს, კეთილი ყოფილიყოს ჩვენი შეხვედრა, - გოჩამ ჭიქა ასწია და ქალს მიუჭახუნა.

- კეთილი ყოფილიყოს, - გაიმეორა მაიკომ და დაამატა, - და შემდეგი შეხვედრების წინა პირობაც.

გოჩამ გამჭოლი მზერა მიაპყრო, თითქოს მის ნათქვამში ქვეტექსტს ეძებდა. იპოვა კიდეც... მაია ისეთი თვალებით უყურებდა, ყველაფერი ნათელი გახდა. სულ გადაავიწყდა, სადღეგრძელო რომ უნდა დაელია. ჭიქა დადგა, შლეგივით წამოხტა, ქალს მიეჭრა, ზეზე წამოაყენა და გულში ჩაიხუტა.

მაიკოს ბაგეებს ჩუმი კვნესა დასცდა, რომელიც გოჩას ტუჩების შეხებისთანავე სადღაც, გულის სიღრმეში ჩაიხშო.

თავდავიწყებით კოცნიდნენ ერთმანეთს. არც ხინკალი ახსოვდათ, არც ღვინო. ახლა მხოლოდ ერთმანეთს გრძნობდნენ, მხოლოდ ორნი იყვნენ მთელ გალაქტიკაში, სხვა ყველა და ყველაფერი გაქრა ირგვლივ.

- მიყვარხარ, მაი.

- მეც მიყვარხარ, გოჩა, - მხოლოდ ჩურჩულის ხმა ისმოდა ხინკლის სურნელით გაჟღენთილ ოთახში.

მოულოდნელად უეცრად შექმნილი ინტიმური ატმოსფერო ტელეფონის ზარმა დაარღვია. ორივე შეკრთა. მაიკომ თავი გაითავისუფლა გოჩას მკლავებიდან და საჟურნალე მაგიდიდან მობილური აიღო.

- გისმენთ, - თქვა და მზერა გოჩას მიაპყრო.

გოგა ურეკავდა.

- მაია როგორ ხარ, გენაცვალე?

მაიკო ისე იყო აფორიაქებული, გონს მოსვლას ვერ ახერხებდა.

- საღამო მშვიდობისა, მამა გიორგი, - პირველად მოიხსენია გოგა ასე.

- დაგლოცოს უფალმა. რატომ არ გამოიარე ჩვენკენ?

- ამ დღეებში ვაპირებ... აუცილებლად მოვალ, მამა გიორგი.

- მარტო არ ხარ? - მიუხვდა გოგა, - ასე თუ ოდესმე მომმართავდი, არ მეგონა.

- დიახ, - მაიამ ნერწყვი გადააგორა. ისედაც დაბნეული უარესად დაიბნა, საღად აზროვნების უნარი მთლად დაკარგა.

- კარგი, კარგი. ხელს აღარ შეგიშლი. აუცილებლად მოდი, გელოდები იცოდე. აი, ხუთშაბათს საღამოს ლოცვაზე მოდი და მერე მე გაგაცილებ, კარგი?

- მოვალ, რა თქმა უნდა.

აღარ ახსოვს, როგორ დაემშვიდობა. ტელეფონი გათიშა და მაგიდაზე მიაგდო. გოჩა სკამზე დამჯდარიყო და ერთმანეთში გადახლართულ თითებზე შუბლი დაებჯინა.

- ჩემი მოძღვარი იყო, - თქვა მაიამ.

- მოძღვარი გყავს? - გაუკვირდა გოჩას.

- ჩემი ძველი მეგობარია. სულ ჩამჩიჩინებს, ეკლესიაში იარეო, მე კიდევ ვეღარ ვიცლი საქმეების გადამკიდე. ის კი არ მასვენებს, - დამნაშავის იერით გაიღიმა.

- უნდა მიხვიდე. ეკლესიაში ყველა უნდა დადიოდეს.

- შენ დადიხარ?

- ხანდახან, როცა გამახსენდება.

- ამასობაში ხინკალი გაცივდა.

- ხინკალს არა უშავს, მთავარია, სხვა რამე არ გაცივდეს, - ორაზროვნად მიუგო გოჩამ.

- შენი აზრით, გაცივდება? - აჰყვა მაიაც.

- ეს შენზეა დამოკიდებული. შენ როგორც მოისურვებ, ისე იქნება.

მაიკო დაჯდა. სკამი გოჩასკენ მიაჩოჩა და ჩურჩულით თქვა:

- ჩემი სურვილია, აღარ გაცივდეს.

მამაკაცმა მხარზე ხელი გადახვია და საფეთქელზე აკოცა.

- კარგი, შევჭამოთ ცოტა, თორემ მგონი, მართლა მომშივდა, - თქვა და ორი ცალი ხინკალი გადაიღო.

მაიკოს მადა უკვე დაეკარგა, მაგრამ ერთი ცალი მაინც გადაიღო.

- რაც მთავარია, არ დაგვილევია, - გოჩამ ჭიქა კვლავ ასწია, - სადღეგრძელოს აღარ გავიმეორებ, უბრალოდ, უსიტყვოდ დავლიოთ, კარგი?

- კარგი, - მაიკომაც წაავლო ჭიქას ხელი, კიდევ ერთხელ მიუჭახუნეს ერთმანეთს და დალიეს. გოჩამ ბოლომდე დაცალა, მაიკომ ოდნავ მოსვა.

- ეს რა არის? ბოლომდე უნდა დალიო.

- არა, ეგრე ვერ გავუთამამდები, არ შ... - კინაღამ წამოსცდა, არ შეიძლება ჩემი დალევაო, მაგრამ მაშინვე გამოასწორა, - არ შემიძლია, გადავეჩვიე დალევას.

- არ გინდა, ცოტა შევთვრეთ?

- რა საჭიროა?

- რა ვიცი... დაძაბულობის მოსახსნელად, - გოჩამ თავი უხერხულად იგრძნო.

- ჩვენ ერთმანეთთან დასაძაბი არაფერი გვაქვს, ყველაფერი ისედაც გარკვეულია, - მაიკომ მაცდურად შეღიმა მამაკაცს.

გოჩას გაეცინა, თავი გააქნია და ღვინო კიდევ ერთხელ ჩამოასხა.

- მე მაინც უნდა დავლიო, შენ გვერდით რომ ვარ, გამბედაობა მაკლია, - ბოლომდე აღიარა თავისი სისუსტე.

- კარგი, დალიე, ამასობაში ერთ ჭიქას როგორმე მეც გამოვცლი.

დალიეს... კიდევ, კიდევ... გოჩას თვალები აუბრჭყვიალდა.

- აი, ახლა კარგად ვარ, - თქვა და ხინკალი პირისკენ გააქანა.

- გაცივდა, ხომ?

- კარგია. რაც მთავარია, ძალიან გემრიელია.

- მართლა? მიხარია, - მაიკო კეკლუცად დაიჭყანა და თავი კვლავ მხარზე მიადო.

- იცი რა? - გოჩამ ხელები ერთმანეთში ჩახლართა და იდაყვები მაგიდაზე ჩამოდო, თან თავით გაეხახუნა მის მხარზე ჩამოდებულ მაიკოს თავს.

- რა?

- ცხოვრებას აზრი მიეცა. ახლა ჩემს ცხოვრებას კოცნის გემო დაჰკრავს.

გოჩა შეირხა, ქალისკენ ოდნავ შებრუნდა. მისი თითები მაიკოს ტუჩებს შეეხნენ... დიდხანს დახეტიალებდნენ მასზე, რათა კარგად შეესწავლათ იგი. შემდეგ ხელმა მის თმაზე გადაინაცვლა, მერე - შუბლზე, ტუჩის კუთხეში მიმალულ ღიმილზე, თვალის უპეებთან განლაგებულ წვრილ-წვრილ ნაოჭებზე, სწორ, ვერტიკალურ ხაზზე, ცხვირს რომ კვეთდა. ეს ქალი საოცარი ქმნილება იყო, ბუნების განსაკუთრებული ქმნილება. ბუნება ხომ ნამდვილი ოსტატია ასეთ სამუშაოებში.

- რას ფიქრობ, მაო? - დაიჩურჩულა გოჩამ და დანისლული მზერა მიაპყრო.

- რას უნდა ვფიქრობდე?

- გამოგვივა რამე?

მაიკომ თვალები დახუჭა და ამოიოხრა.

- თუ არ შეგიძლია, მე სიყვარულს არ გთხოვ, უბრალოდ, იყავი ჩემ გვერდით და...

- და დავივიწყოთ, რას ნიშნავს უბედურება. არა? - წაეშველა ქალი.

- შენთან ახლა, ამ ეტაპზე ყოფნა უფრო ძნელია, ვიდრე ოცნების რომელიმე ზღაპრულ ქვეყანაში, მაგრამ ასე უკეთესად გავაცნობიერებთ, რა უფრო მნიშვნელოვანია... შენ ძალზე ამაღლებული გამხადე, ჩემთვის ეს ზედმეტია, რადგან მე მხოლოდ უბრალო ადამიანი ვარ. სამაგიეროდ, გაღმერთებ.

- გაღმერთება სიყვარულს არ ნიშნავს, გოჩა. შენ დაკარგე ქალი, რომელიც შენთვის ყველაფერს წარმოადგენდა და ახლა ცდილობ, ის დანაკარგი უკან დაიბრუნო.

- ეს ცუდია? არ მაქვს უფლება?

- შენ დღეიდან ყველაფრის უფლება გაქვს, - მაიკომ თვალები მილულა და თავი წრიულად დაატრიალა, მამაკაცის ხელის გარშემო.

გოჩამ მეტის მოთმენა ვეღარ შეძლო. ქალი ხელში აიტატა და საძინებლის კარი ფეხის კვრით შეაღო...

გაგრძელება შემდეგ ნომერში