თვითმკვლელობა დაკვეთით (XI) - გზაპრესი

თვითმკვლელობა დაკვეთით (XI)

დილა გათენდა და ჯერაც ვერ აცნობიერებდა, რაც მოხდა. უხაროდა? სწყინდა? არა, უფრო სინდისი ქენჯნიდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ქმარს უღალატა, მიუხედავად იმისა, რომ ქმარი სამი წელია, აღარ ჰყავდა... მიუხედავად იმისა, რომ ნიკამდე გოჩა უყვარდა... მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ითვლიდა და მისი საქციელის გამართლება თავისუფლად შეიძლებოდა...

გოჩას წუხელ დარჩენა უნდოდა და არაფრით არ დაანება. ის კი არა, გააგდო სახლიდან. სულაც არ უნდოდა, წასულიყო, მაგრამ საკუთარი თავის დასჯა ასე გადაწყვიტა. ახლა, გარდა სიკვდილისა, კიდევ ერთი მიზანი ამოძრავებდა - შურისძიება. შურისძიება იმ მეორე მე-ს მიმართ, რომელიც გოჩასკენ მიიწევდა. თავს იმით იმშვიდებდა, რომ იმ მომენტში მხოლოდ სისუსტემ სძლია, სისუსტემ, რომელიც ცნობისმოყვარეობამ გამოიწვია - თავის დროზე გოჩასთან სექსუალური ურთიერთობა რომ ჰქონოდა, როგორი იქნებოდა? და აი, ახლა, როცა ვნება დაცხრა, თავი დაიმშვიდა, საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ეს ნაბიჯი სიყვარულის გამო არ გადაუდგამს. არც იმის გამო, რომ `კაცი უნდოდა~. არა, მას უბრალოდ, ის აინტერესებდა, როგორი სექსი ექნებოდა ადამიანთან, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში უყვარდა.

ამწუთას მართლა არ უყვარდა. არავინ უყვარდა ამქვეყნად, არავინ, შვილის გარდა, მიუხედავად იმისა, რომ მან ხელი ჰკრა და ზურგი აქცია.

შურისძიება... ამ სიტყვის გაფიქრებამ ღიმილი მოჰგვარა. რა არის შურისძიება? ეს ის კერძია, რომელიც ჩაცივებული უნდა მიირთვა. ჰოდა, ცივ გონებაზე იძიებს შურს თავის თავზე და ამიერიდან გოჩას ახლოს არ გაიკარებს. რაც მოხდა, მოხდა. ეს ალბათ თავის დროზე უნდა მომხდარიყო, მაგრამ მაშინ არც გოჩას ეყო გამბედაობა და არც თვითონ.

ახლა კი... ახლა კი აი, როგორი დამდგარა მისი ფიქრების მამაკაცი. ჰმ... უკვე ორმოცდაოთხი წელია, მაია ჰქვია, არადა, იყო პერიოდები, როცა ვიღაცისთვის მაო იყო, ვიღაცისთვის მაი, სხვებისთვის მაიკო... ახალგაზრდა გოგომ გაიცნო კიდევ უფრო ახალგაზრდა ბიჭი და თავდავიწყებით შეუყვარდა, თუმცა ამის უფლება არ ჰქონდა. უმრავლესობის აზრით არ ჰქონდა, თორემ მისთვის ასაკობრივ სხვაობას ნამდვილად არ შეუშლია ხელი შეყვარებაში. თან ისე შეუყვარდა, რომ მის გარდა ირგვლივ ვერავის და ვერაფერს ამჩნევდა. რას არ გააკეთებდა მისი გულისთვის. რომ ეთხოვა, წყალშიც გადავარდებოდა, ცეცხლშიც დაიწვებოდა. და მაინც, როცა გადამწყვეტი მომენტი დადგა, თვითონ გადგა განზე, შუა გზაზე მიატოვა ყველაზე ახლობელი ადამიანი და ტანჯვისთვის გაწირა.

კიდევ ერთხელ გაიხსენა წუხანდელი ღამე... გოჩამ საძინებელში რომ შეიყვანა, ისტერიკა დაიმართა, ხელი გამიშვიო და როგორც კი გაოგნებულმა მამაკაცმა საწოლზე დასვა, ოთახიდან გამოვარდა. სუნთქვაგახშირებულმა დაავლო სასმლით სავსე ჭიქას ხელი და გადაკრა. შემდეგ კიდევ დაისხა და ისიც დალია.

- მარტო სვამ? - მოესმა გოჩას ხმა.

მიიხედა. მამაკაცი საძინებლის კარის ძგიდეს მიჰყრდნობოდა გულხელდაკრეფილი და მრავლისმეტყველი მზერით მისჩერებოდა.

- თუ გინდა, შემომიერთდი... - ხმადაბლა მიუგო და კიდევ ერთი ჩამოასხა.

- შენს სითამამეს გაუმარჯოს, რომელიც ერთ დროს ასე გაკლდა, - წარბების აწევით დაამთავრა წინადადება და მესამე ჭიქასაც გამოუჩინა ძირი.

გოჩა ჩქარი ნაბიჯებით მოუახლოვდა მაგიდას და სკამზე დაჯდა. თმაზე გადაისვა ხელი, თავი ჯერ მარჯვნივ შეატრიალა, მერე მარცხნივ, ოდნავ ჩაახველა და თავის სავსე ჭიქას ხელი დაავლო.

- მე კი შენი სითამამის სადღეგრძელოს დავლევ, რომელმაც სიცოცხლე გამინახევრა, - ყრუდ წარმოთქვა, მაგრამ დალევა გადაიფიქრა, სავსე ჭიქა კვლავ მაგიდაზე დადგა.

- ამას შენ დალევას ეძახი?

- ამას მე დალევას ვეძახი, - გაიმეორა გოჩამ და ქალს თვალი თვალში გაუყარა.

- მე კი ამას ვეძახი დალევას, - გაღიზიანებულმა მაიკომ გოჩას ჭიქას ხელი სტაცა და ისიც გამოცალა.

უეცრად იგრძნო, რომ ცუდად გახდა, გულისრევის შეგრძნება დაეუფლა. სირბილით გავარდა სააბაზანოში, რომ ღებინება იქვე არ დასწყებოდა. კარი ჩაკეტა, ცივი წყალი მოუშვა და სახე შეუშვირა. რა ჯანდაბამ დაალევინა ამდენი? რა ეტაკა?

გოჩა სააბაზანოს კარს მიადგა და დააკაკუნა.

- მაი, ხომ კარგად ხარ?

- კარგად ვარ, ახლავე გამოვალ, - მოგუდული ხმით გაეპასუხა და თავი რაც შეეძლო, მაღლა ასწია, გული რომ არ არეოდა.

როგორც იქნა, უსიამოვნო შეგრძნებები გაუქრა, დამშვიდდა. თავი თანდათან უბრუვდებოდა. დათვრა. რა სულელია! მისთვის დათრობა როგორ შეიძლებოდა? არადა, რა სასიამოვნო მდგომარეობაა, როცა მთვრალი ხარ. ყველაფერი ადვილი გეჩვენება, ყველაფერი გიხარია, გგონია, რომ მთებს გადააბრუნებ. ამ დროს ყველა გიყვარს, დაუძინებელი მტერიც კი ახლობელ ადამიანად შეიძლება მოგეჩვენოს.

სასმელი უფრო და უფრო ეკიდებოდა. უეცრად გულის კოვზი აეწვა. გულძმარვა დაეწყო. როგორც ჩანს, ისევ აუწია სიმჟავემ. ბოლო დროს ხშირად ემართება ასე. ალბათ წამლის ბრალია. მისი კუჭი აბებს ვერ ინელებს. აბები მაიას კუჭს უღიზიანებს.

კარი გააღო და გამოვიდა. გოჩა მზერას არ აშორებდა.

- მართლა კარგად ხარ?

- კი, კარგად ვარ, ძალიან კარგად ვარ, - მაიკომ გაიღიმა და მოულოდნელად შენიშნა, რომ ენას უკიდებდა.

ღმერთო, ოთხმა ჭიქამ ასე როგორ დაათრო? ოჰ... ვინც ეს ღვინო მოიგონა! არასდროს არ უყვარდა ღვინის დალევა. ღვინო მის ორგანიზმში ყოველთვის გულძმარვას იწვევდა. სითამამისთვის დალია, მხნეობის მოსამატებლად და კიდევ იმიტომ, რომ დაძაბულობისგან გათავისუფლებულიყო. იმიტომ, რომ როცა გოჩა კვლავ აიტატებს ხელში და საძინებლის კარს ფეხის კვრით შეაღებს, ისევ არ დაუსხლტეს ხელიდან. აი, რატომ დალია.

მთვრალი ქალი ყოველთვის ადეკვატური ვერ არის. მთვრალი, გაღიზიანებული და დაბნეული ქალი კი საერთოდ, მოარული კატასტროფაა. და ამ `მოარულმა კატასტროფამ~ გადაწყვიტა, თავისი ცხოვრება ახალ ეტაპზე გადაეყვანა, თან ისე გადაეყვანა, რომ რაც შეიძლება სასურველი ყოფილიყო, რომ ერთ დროს საფიცარი მამაკაცისთვის იმედი არ გაეცრუებინა.

ერთხანს უხმოდ შესცქეროდნენ ერთმანეთს. ერთმანეთის მზერაში კითხულობდნენ, რა უნდა ყოფილიყო შემდეგი ნაბიჯი.

ის იყო, მაიკომ მორიგი წინადადების სათქმელად პირი გააღო, რომ მაშინვე დაუმუწეს... კოცნით. რა უნდა დაერქვას იმას, რაც ამის შემდეგ იყო? სიგიჟე და სხვა არაფერი... გახეული კაბა, მოუთმენლობის გამო წესიერად რომ ვერ გახადეს... აყირავებული სკამი, მოუთმენლობის გამო წაბორძიკებულ მამრს ფეხებში რომ გამოედო... ორი ერთმანეთში გადახლართული სხეული, რომლებსაც არ შეეძლოთ, ერთმანეთს მოსწყდომოდნენ... ვნება, რომელიც მომსკდარმა ტალღამ წალეკა... სურვილი, რომელიც ორივეს გაგიჟებას უქადდა... ჩურჩული, რომელსაც შიგადაშიგ ვნებიანი შეკივლება ცვლიდა... სიამოვნება, რომელიც ფეიერვერკივით თვალწინ სკდებოდა... რა იყო ეს, თუ არა სიგიჟე?

არა, მაიკოს ახლა გრძნობები არ სჭირდება. ის მშვიდადაა თავის სამყაროში. იგი მალე დატოვებს აქაურობას და კიდევ ერთხელ რატომ ატკინოს გული ადამიანს, რომელსაც დღემდე ვერ დაუვიწყებია? ისინი ყველაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. გოჩას თავისი ცხოვრება აქვს, მაიას - თავისი. გოჩას თავისი ასაკი აქვს, მაიას - თავისი. გოჩას გზა პირდაპირ მიდის და მოასფალტებულია, მაიასი კი ჩიხში შედის და ოღროჩოღროა.

- მეტად აღარ განმეორდება ეს, - ჩურჩულით წარმოთქვა, როცა სული მოითქვეს და აზროვნების უნარი დაუბრუნდათ.

- რატომ? - გოჩამ ბალიში აიმაღლა და გვერდზე გადმობრუნდა, თავით ხელისგულს დაეყრდნო და მაიკოს მიაჩერდა.

- არ ვარ იმ ასაკში, კაცებში ვირბინო, - გაბუტული ბავშვივით ჩაილაპარაკა.

- დარბიხარ რო? - ორაზროვნება გაისმა გოჩას ხმაში.

მაიკო წამოჯდა და გამჭოლი მზერა მიაპყრო.

- რა გინდა ჩემგან, გოჩა? - შეეკითხა და თავი იმ შტერ მოსწავლესავით იგრძნო, ორჯერ ორი რომ არ იცის, რამდენია.

- არაფერი, - თქვა გოჩამ, ამოიოხრა და ლოგინზე გულაღმა გაიშოტა.

- მაშინ რატომ ხარ ჩემთან? რა გინდა?

- შენ მინდიხარ.

ოჰო... საკმაოდ დამაჯერებელი პასუხია!

- რატომ?

- მომენატრე და იმიტომ.

ო, ღმერთო, მიეცი მაიას მოთმინება, როგორმე დაეხმარე, რომ ისევ ისტერიკა არ დაემართოს!

- რატომ მოგენატრე?

- იმიტომ!

აი, ახლა კი ვერ შეიკავა თავი.

- მომისმინე, რა უნდა გითხრა! - ქალმა ფეხები მოხერხებულად მოირთხა, მკერდზე ზეწარი აიფარა და ჩქარ-ჩქარა მიაყარა, - მე ორმოცდაოთხი წლის ქალი ვარ, ყველასგან დაფასებული, სოლიდური ადამიანი და არავის არ ვალაპარაკებ ჩემზე ზედმეტებს. ხომ გესმის, რას ვგულისხმობ? ეს ყველაფერი იმიტომ გავაკეთე, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც გვქონოდა ის, რაც არასდროს გვქონია.

- სექსი, - სიტყვა შეაშველა გოჩამ.

- ჰო, სექსი. ჰოდა, მორჩა. ეს საღამო დაგეხმარება, რომ საბოლოოდ გათავისუფლდე ჩემზე ფიქრისგან. რაც გტანჯავდა ამ წლების განმავლობაში, მხოლოდ ეს იყო - დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება და მეტი არაფერი. ამიერიდან ეგ აღარ შეგაწუხებს და მიხედე შენს პირად ცხოვრებას. ჩემზე იმედს ნუ დაამყარებ. არ გამოვდგები ოჯახისთვის, ზედმეტად დაგვიანებულია. ჩვენ შორის ექვსი წელი ასაკობრივი სხვაობა ჩემს სასარგებლოდ არასდროს მეტყველებდა, ახლა - მით უმეტეს. ხომ ხედავ, მაინც შენზე უფროსად გამოვიყურები. უნდა დამივიწყო... უნდა დავივიწყოთ...

- არ გინდა, მაი. კიდევ ერთხელ ნუ დამტოვებ მარტო. ასე არ შეიძლება.

- მე უკეთ ვიცი, რა ჯობია. შენ ყველაფერი წინ გაქვს, წახვალ და სხვას ნახავ.

- სხვა რომ მნდომებოდა, მეყოლებოდა. ამდენ წელს არ გავაცდენდი. სექსი არაფერ შუაშია. სექსი არაფერს არ წყვეტს ცხოვრებაში და ეს შენ ჩემზე კარგად იცი.

- წადი, გთხოვ... წადი და ვნახოთ, ხვალ რა იქნება, ან ზეგ... დრო მჭირდება.

- ამაღამ დავრჩები. შენ ახლა სიმთვრალე გალაპარაკებს.

- არა, მთვრალი აღარ ვარ. გამიარა. ბოლომდე ფხიზელი ვარ.

გოჩა ადგა და ჩაცმა დაიწყო. მაიკო გაუნძრევლად იწვა. როცა მამაკაცმა კარისკენ გასწია, მაია არც იმ მომენტში განძრეულა. მხოლოდ მაშინ შეუკრთა მხრები, როცა კარი გაჯახუნდა...

და აი, დილა გათენდა. წამითაც არ მოუხუჭავს თვალი. საშინლად იყო მოთენთილი. ვერაფერს ვერ გრძნობდა. მთლიანად დაცლილიყო ემოციებისგან. თავი საშინლად უბრუოდა. ძლივს გადმობობღდა საწოლიდან და ფეხშიშველა გატანტალდა სააბაზანოში. ისევ მოაწვა გულისრევა, უფრო და უფრო აზიდებდა. თავი ნიჟარაში ჩაჰყო და...

კარგა ხანს იყო ასე დაყუდებული, თითებით ნიჟარის კიდეებს ჩაფრენილი. მჟავე სითხე ამოუვიდა მხოლოდ, სხვა არაფერი. სარკეში ჩაიხედა და თავის გაფითრებულ სახეს თვალი შეავლო. თითქოს მობერებულიყო ამ ერთ ღამეში. ვინ თქვა, სექსი ქალს აახალგაზრდავებსო?

ცხელი წყალი მოუშვა და ხელი შეუშვირა. მერე ოდნავ გაანელა წყლის ტემპერატურა და შხაპის ქვეშ დადგა. სიამოვნებდა თბილი შხეფები...

როცა ბანაობას მორჩა, პირსახოცი სხეულზე შემოიხვია და სამზარეულოს მიაშურა. კარადის ზედა კარი გამოაღო, სადაც წამლებს ინახავდა, მოძებნა დილით, უზმოზე დასალევი აბები და ორი ცალი ხელისგულზე დაიდო. მთავარია, უკან არ ამოაღებინოს. ნახევარი საათი როგორმე უნდა მოიცადოს, მერე რამდენიმე ლუკმას შეჭამს და ყველაფერი კალაპოტში ჩადგება. აბები პირში გადაუძახა და გაზგასული მინერალური წყალი დააყოლა, რომელიც ყოველთვის მომზადებული ედო ფანჯრის რაფაზე. ჩვეულებრივი წყლით წამალს არასდროს სვამდა.

დღეს გოჩაზე აღარ იფიქრებს. დღეს უნდა წეროს. რომანი რაც შეიძლება მალე უნდა დაამთავროს. სიცოცხლეც მალე უნდა დაამთავროს, თორემ ამდენის ატანა უკვე აღარ შეუძლია. ალბათ როგორი ტკივილი იქნება გოჩასთვის, როცა გაიგებს, მაია თავისი კორპუსის წინ მოკლესო. ჰოდა, უარესად რომ არ გაუმძაფრდეს ეს ტკივილი, ამიტომაც აღარ შეხვდება. არა, შეხვდება, რატომაც არა, სტუმრად ყოველთვის მიიღებს, ოღონდ ისე, ინტიმური სიახლოვის გარეშე. მხოლოდ მეგობრულ ატმოსფეროში.

შუადღემდე ცუდ გუნებაზე იყო. ალკოჰოლმა თავისი გაიტანა. ისედაც დაავადებულ ორგანიზმს სასმლის ათვისება გაუჭირდა. შუადღეს კვლავ წაუძინა. სადღაც ექვსი საათი იქნებოდა, რომ გაეღვიძა. თავი უკეთ იგრძნო. საჭმელიც ჭამა, წამალიც მიაყოლა. მერე რამდენიმე საათი წაიმუშავა. ერთი უშველებელი თავი დაწერა, გადაიკითხა, რამდენიმე ადგილი გადააკეთა, მერე შეცდომები გაასწორა და ადგა. ახლა ვინმესთან გულის გადაშლა არ აწყენდა. იქნებ რომელიმე თანამშრომელი მოინახულოს ან დაქალი? ვისთან წავიდეს? კარგა ხანია, სტუმრად არავისთან ყოფილა. სუფთა ჰაერიც მოუხდებოდა.

მოულოდნელად სუნთქვა გაუძნელდა. რამდენჯერმე ღრმად ამოისუნთქა და ყვირილისმაგვარი ხმა აღმოხდა. ცოტა არ იყოს, შეეშინდა. ადრე ასე არასდროს დამართვია. აივანზე გავიდა და სახე საღამოს ნიავს მიუშვირა. ჯერაც ციოდა. ეს გაზაფხულიც, როგორც სხვა დანარჩენი, ცივი გამოდგა, ცივი, წვიმიანი და ქარიანი. რა გასაკვირია, საქართველოში ხომ გაზაფხული არ იცის. ზამთრიდან ქვეყანა პირდაპირ ზაფხულში გადახტება ხოლმე.

ისე დაღამდა, გოჩას არ დაურეკავს. ის კი ელოდებოდა, დარწმუნებული იყო, რომ დაურეკავდა. კი დაიქადა, მასზე აღარ ვიფიქრებო, მაგრამ არ გამოუვიდა. ძილშიც კი მასზე ფიქრობდა. თითქოს ეძინა და არც ეძინა.

საკუთარი სუნთქვა არ მოეწონა. მაშინვე ტელეფონს მივარდა და თემოს დაურეკა. უთხრა, რაც დაემართა, არც ის დაუმალავს, რომ წინადღეს ცოტა დალია. ცოტა რამდენიაო, იმან ჰკითხა. სამი-ოთხი ჭიქაო, ამანაც უპასუხა. ბევრია, ამდენი შენთვის ძალიან ბევრია, არ უნდა დაგელიაო, უსაყვედურა ექიმმა. რაც შეიძლება, ბევრი სითხე დალიე, რომ ოგანიზმი გაიწმინდოსო. თუ რამეა, ნებისმიერ დროს დამირეკე ან `სასწრაფო~ გამოიძახეო.

სითხეს მიეძალა. ჩაიც დალია, კომპოტიც, მინერალურიც... სანამ დასაძინებლად დაწვებოდა, სვა და სვა...

გავიდა ორი დღე, სამი... გოჩა არ რეკავდა. გული დაუმძიმდა. იგრძნო, რომ ენატრებოდა. მიხვდა, რომ გოჩა მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. არ ყოფილა ისე, როგორც ეგონა - რომ ერთი სექსი მასთან განშორებას გაუადვილებდა. ახლა უფრო გაუმძაფრდა მისი ნახვის სურვილი. ებრძოდა თავს, არ უნდოდა, თვითონ დაერეკა და მოეკითხა, მაგრამ თუ მამაკაცი თავად დაურეკავდა, უკვე იცოდა, რასაც ეტყოდა - თავისთან გამოიძახებდა. ვინ იცის, რამდენჯერ გაიმეორა ფიქრებში წინადადებები, რაც მისთვის უნდა ეთქვა.

ის კი ჯიუტად დუმდა.

მესამე საღამოც მიილია. მთელი დღე ლამის კომპიუტერთან გაატარა, წერდა და წერდა. გვიან ღამით კი `ფეისბუკში~ შევიდა და... იქ ერთადერთი წერილი დახვდა. ლეონისგან იყო.

`როგორ ხარ? ხომ არაფერი შეიცვალა? შენს მითითებებს ველოდები!~ - წერდა ქილერი.

`მალე!~ - ლაკონიურად მისწერა და ის იყო, ქსელიდან გამოსვლას აპირებდა, რომ პასუხი მაშინვე მოუვიდა.

- გამარჯობა!

- გაგიმარჯოს! - `გაუღიმა~ მაიკომ.

- როგორ ხარ? - არც ლეონმა `დაიშურა~ ღიმილი.

- არა მიშავს რა. თავად?

- მადლობა, კარგად. როდის იქნება ეგ `მალე~? ლოდინი დიდად არ მიყვარს.

- მალე.

- ვაა, უცნაური ვინმე ხარ. ამდენს რატომ აჭიანურებ?

- საჭიროა, - მოკლე-მოკლე პასუხებს სცემდა მაია.

- ასე მგონია, თან გინდათ იმ ქალის სიკვდილი, თან არა. ასეა?

ქალმა შუბლი შეიჭმუხნა. `ნეტავ ამას ვინ ეკითხება?~

- არავითარი `თან~. მინდა, თანაც ძალიან.

- აჰა. `თან~ არა, მაგრამ `თანაც~ კი, ხომ?

მაიკომ ისევ `გაუღიმა~, ამჯერად უპასუხოდ.

- ჯერ ვერ დაადგინეთ, აგახიათ თუ არა ქმარი, არა?

მაიას სიცილი აუტყდა ამის წაკითხვაზე, გაამხიარულა უცნობის ვარაუდმა.

- უკვე დავადგინე, ახლა მთავარია, ფაქტზე დავიჭირო და მორჩა.

- ვაუ! ეგეთებიც გეხერხებათ?

- მე ყველაფერი მეხერხება.

- ყველაფერი? სულ ყველაფერი?

- დიახაც!!! - ძახილის ნიშნებით გაამძაფრა თავისი პასუხი.

- მაშინ მე რას დამიქირავე, თვითონ მოგეკლა?

- იმიტომ, რომ, მე მხოლოდ მეხერხება და პროფესიონალი არ ვარ, ასეთ საქმეს კი მარტო `მეხერხება~ არ ჰყოფნის.

- ისე, შენი ქმარიც ხომ არ მიგვეყოლებინა? ან, სულაც, მისით ხომ არ დაგვეწყო `ნადირობა~?

- ჩემს ქმარს მე მოვუვლი, არაა პრობლემა.

- გასაგებია... კარგი, წავედი, საქმე მაქვს. ღამე მშვიდობისა.

- ნახვამდის. მალე მოგწერთ, გპირდებით.

- დაველოდები, სხვა რა გზა მაქვს.

გოჩამ ლეპტოპი დახურა და თავქვეშ ხელებამოდებული საწოლზე მიწვა. ესე იგი, ქმარი ამახიაო? ნუთუ მართალია? გამოდის, მაიას ვიღაც ჰყავს? იმიტომაც გამოაგდო სახლიდან? მაგრამ მასთან რომ არავინ მისულა? არც თვითონ წასულა არსად? იქნებ უკვე იციან, რომ ცოლმა გაიგო მათი რომანის შესახებ და გადაწყვიტეს, დროებით აღარ შეხვდნენ ერთმანეთს? ჰო, ასე იქნება.

უნდა გაარკვიოს, ვინ არის. თუ იმ კაცის ვინაობა გაიგო, მის ცოლსაც მიაგნებს. მერე რამეს მოიფიქრებს. დააშინებს ბოლოს და ბოლოს. ან მაიას აიძულებს, იმ კაცზე უარი თქვას და საერთოდ შეეშვას. მაგრამ მაიასთან მისასვლელი გზა როგორ გამონახოს? წადი და აღარ მოხვიდეო. ასეთ რამეს რომ ქალი გეტყვის, იმას მერე როგორღა უნდა მიადგე? სხვა თუ არაფერი, თავმოყვარეობის ამბავია! თუმცა, რა დროს ეგ არის, ქალს მოსაკლავად იმეტებენ! ხომ არ უთხრას? აი, პირდაპირ რომ დააჯახოს. საინტერესოა მისი რეაქცია. მაგრამ რომ შეშინდეს? პანიკაში რომ ჩავარდეს? ან როგორ აუხსნას, თვითონ საიდან გაიგო? ხომ არ ეტყვის, მე ვარ შენი მკვლელიო? რატომაც არა, ეტყვის. თუკი მაიასთვის გოჩა სულერთია, რაღა აქვს დასაკარგი? იქნებ ამით უფრო გამოუწიოს მისკენ გულმა. არა, ამას არ იზამს. ყველაფერი ისე უნდა მოაგვაროს, რომ ქალს ეჭვი არაფერში შეეპაროს. დანარჩენი გამოჩნდება.

მაინც არ დაურეკა და რაოდენ დიდი იყო მისი გაოცება, როცა მეხუთე თუ მეექვსე დღეს მაიკომ თვითონ დაურეკა.

- გოჩა, მაპატიე იმღამინდელი ამბავი. მთვრალი ვიყავი და ცოტა ავურიე.

- არა უშავს, ვინ არ დამთვრალა, - მოლბა მამაკაცი.

- საღამოს გამოხვალ? ნამცხვარს ვაცხობ... ყავა, ჩაი...

- ან წითელი ღვინო... ან კონიაკი... ა, რას იტყვი?

- არავითარ შემთხვევაში! არანაირი ალკოჰოლი, სახელის ხსენებაზეც კი გული მერევა, - გაიცინა მაიამ.

- მაშინ ისე მოვალ, ხელცარიელი.

- მოდი.

მივიდა...

გაგრძელება შემდეგ ნომერში