თვითმკვლელობა დაკვეთით (თავი XII) - გზაპრესი

თვითმკვლელობა დაკვეთით (თავი XII)

იმ საღამოდან მოყოლებული, მაიკო ყოველდღე იხსენებდა გოჩასთან ხელმეორე შეხვედრას, დღეში რამდენჯერმეც კი. საკმარისი იყო, უსაქმოდ დარჩენილიყო, რომ სხვა საფიქრალი აღარ ჰქონდა.

ჯერ იყო და, გაწამდა, სანამ გოჩა მოვიდოდა. დრო დროს ანელებს ხანდახან, მაგალითად, როცა პაემანზე ხარ მისული და ელოდები. სწორედ ასე დაემართა, თითქოს პაემანზე იყო და მამაკაცი აგვიანებდა. თურმე დრო უდროოდ ნელდება ხანდახან, ამას ახლა, ამდენი წლის შემდეგ მიხვდა. აივანზე გავიდა და ცას შეაცქერდა. საავდროდ მოჯარული ღრუბლები აქლემების ქარავანს დამსგავსებოდა. მერე ქუჩას მოავლო თვალი, ერთი ბოლოდან მეორემდე, სადამდისაც მზერა მიუწვდა. წამები ნელ-ნელა სწყდებოდა წუთს, მოთმინების ფიალა კი სწრაფად ივსებოდა.

როგორც იქნა, დასრულდა მოლოდინი, გოჩა გამოჩნდა...

კარი გააღო და ერთმანეთს შეხედეს. თითქოს არაფერი ჰქონდათ სალაპარაკო. არც არაფერი იყო სალაპარაკო... ერთმა მზერამ მეორეს ყველაფერი უთხრა... გოჩამ მხრებზე ჩამოუსვა ხელები, მკლავებს იდაყვებამდე ჩამოუყვა, შუბლი შუბლზე მიადო, მერე - ცხვირი ცხვირზე და ტუჩებსაც მიაკვლია. ჯერ ხარბად კოცნიდა, მერე კი ისეთი საოცარი სინაზით დაუწყო მოფერება, როგორც მხოლოდ შეყვარებულ მამაკაცს შეუძლია. მაიკოს ეგონა, მამაკაცი საგანგებოდ ეძებდა მის ტუჩებზე ყველაზე მგრძნობიარე წერტილებს, რომ მისთვის მაქსიმალური სიამოვნება მიეყენებინა. აიძულებდა, მოშვებულიყო, დაძაბულობა დაეძლია და მთლიანად მინდობოდა.

- როგორ მენატრებოდი, რომ იცოდე, როგორ მენატრებოდი... - ნაწყვეტ-ნაწყვეტ ჩასჩურჩულებდა ყურში, თან ცალი ხელით კარის მიხურვას ლამობდა. ცხელი ტუჩებით გზაარეული მოგზაურივით დახეტიალებდა ქალის სახის გლუვ კანზე და მაიას ისეთი შეგრძნება ეუფლებოდა, თითქოს ნაკოცნ ადგილებზე ცეცხლის ზოლები რჩებოდა. როცა მორიგი კოცნა მოშიშვლებულ მხარზე იგრძნო, მიხვდა, რომ იგი მხოლოდ ამ კაცისთვის იყო დაბადებული, მათი სხეულები კი სრულ ჰარმონიას პოულობდნენ ერთმანეთთან. ნეტარების კვნესა აღმოხდა, როცა გოჩამ ხელისგულებით დაუფარა ათრთოლებული მკერდი. მსგავსი რამ არასდროს, არც ერთხელ ცხოვრებაში არ განუცდია. ალბათ იმიტომ, რომ მისნაირად არავინ ჰყვარებია. ალბათ იმიტომაც, რომ ქვეცნობიერად ყოველთვის მისკენ მიილტვოდა.

გოჩამ კვლავ მოიზიდა თავისკენ და უფრო ძლიერად მოუჭირა მკლავები, თუმცა უფრო ძლიერად შეუძლებელი იყო. მისი მოუთმენელი თითები ქალის კაბის ღილებს შეეხო, ზურგის მთელ ჩაყოლებაზე რომ ჩამწკრივებულიყო. თითქოს მის საწამებლად ჩაეცვა მაიას ეს კაბა, მაგრამ ისე ადვილად და სწრაფად ჩახსნა ღილები, წამითაც არ გასჭირვებია.

მაიას გული თითქოს ორად იხლიჩებოდა. არა, - ოთხად, ექვსად... უკვე ვეღარ ხვდებოდა, რა მოსდიოდა მის გულს. ერთადერთი რამ აშინებდა - ცუდად არ გამხდარიყო მაინცდამაინც ახლა, როცა თავს ყველაზე ბედნიერად გრძნობდა. საკუთარი გულისცემა ყურში ჩაესმოდა. ამ გულისცემას გოჩას გახშირებული სუნთქვა ემატებოდა. თავბრუდახვეული საბოლოოდ მოდუნდა და მინებდა მამაკაცის ძლიერ მკლავებს, სხეული ერთიანად დაეშალა, თითქოს ძლიერმოქმედი ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

მერე ერთმანეთს შეესხეულნენ. ყველა ქალური საწყისი, რაც მასში იყო, მამაკაცის სიღრმისეულ შინაგან ენერგიას შეერწყა...

- ეს ისაა, რისთვისაც ვართ შექმნილი, - ჩახრინწული ხმით უჩურჩულა გოჩამ, - ის, რაც დიდი ხნის წინ უნდა ყოფილიყო ჩვენ შორის. მაგრამ ამაზე ნებით უნდა წამოხვიდე. იმ დღეს რაღაც ისე ვერ იყო. ახლა ყველაფერი შენზეა დამოკიდებული, შენს არჩევანზე... თუ მეტყვი, გავჩერდები...

"არჩევანის დრო აღარ მრჩება", - სინანულით გაიფიქრა მაიამ, მამაკაცს კი უჩურჩულა: - არ გაჩერდე....

მეორე დილით ვერც ერთი ვერ იხსენებდა, ღამე როგორ გაილია, რა მოიმოქმედეს, საწოლამდე როგორ მივიდნენ - გოჩამ ისევ ხელში აყვანილი შეიყვანა საძინებელში, თუ თავისი ფეხით შევიდა. მაშინვე შეწვნენ საბნის ქვეშ თუ შემდეგ დაიფარეს...

არადა, წინა ჯერზე ასე არ დაუკარგავს თავი, არც მას და არც გოჩას. ის საღამო თითქოს "მოთელვა" იყო. ალბათ შეუჩვეველმა სხეულებმა უცებ ვერ აითვისეს ერთმანეთის ენა... მერე მონატრების ჟამი ჩამოდგა, ერთმანეთის მოთმინების გამოცდის პერიოდი "ჩამოწვა"... და აი, შედეგიც...

მშვენიერი დილა გათენდა. მზე ამოსულიყო, ჩიტები ჟღურტულებდნენ, დილის სხივები ჯიუტად გამძვრალიყვნენ კრემისფერი ფარდების მიღმა და მათ სახეებზე დალიცლიცებდნენ. ნიავისგან აცეკვებული ფარდის ჩრდილები ხანდახან მზის სხივებს ენაცვლებოდნენ.

გოჩა წამოიწია, იდაყვით საწოლს დაეყრდნო და მაიკოს დახედა, ნაზად გადაუწია დანამულ შუბლზე უწესრიგოდ ჩამოშლილი თმა.

- წუხელ გაწვიმდა? - ხმადაბლა იკითხა, თითქოს ვიღაცის გაღვიძებას უფრთხისო.

- არ ვიცი, ისე აპირებდა, - დამნაშავესავით გაიღიმა მაიკომ.

- მე მგონი, დაგვერხა, - ამჯერად ხმამაღლა წარმოთქვა გოჩამ და გაიცინა. - არც ერთს არაფერი არ გვახსოვს. საერთოდ, მოხდა კი რამე ჩვენ შორის?

მაიკოსაც სიცილი აუტყდა.

- რა გაცინებს, რა, - ეღიმებოდა გოჩას, - სასაცილოა ეგ?

- დილის მელანქოლია შემოგაწვა, არა? - ლოყაზე ჩამოუსვა თითები მაიკომ.

- აჭარბებ.

- მართალი ხარ, ვაჭარბებ, მაგრამ სამაგიეროდ, ძალიან მომშივდა. ახლა რომ არ ვჭამო, გული წამივა...

ადგა და სააბაზანოს მიაშურა. მოთენთილი სხეული ცხელმა წყალმა მსწრაფლ გამოუცოცხლა. მერე სახეზე მკვებავი წაისვა და თავის თავს ყველაზე მშვიდი და კმაყოფილი ღიმილი აჩუქა. ამ დილით, რატომღაც, საოცრად კარგად გამოიყურებოდა... სიყვარული მოუხდა...

გოჩა შუადღემდე არ წასულა. მაიკოს თითის განძრევის საშუალება არ მისცა, საუზმეც თვითონ მოამზადა და სადილიც. იმდენად განებივრებულად იგრძნო თავი და ისეთი ბედნიერი იყო, რომ ლამის წამლის დალევა დაავიწყდა. არადა, ისე უნდა მოეგვარებინა ეს საქმე, რომ გოჩას არ შეემჩნია. საუზმის შემდეგ არც გახსენებია, რომ აბები უნდა მიეღო, ამიტომ სადილამდე ცოტა ხნით ადრე, სანამ გოჩა სუფრას გაშლიდა, დრო იხელთა, წამლებით სავსე პარკი ხალათის ჯიბეში ჩაიტენა და ტუალეტში შეიკეტა.

გოჩა კი ღიღინით აწყობდა სუფრას. თვალწინ მაიას გაღიმებული სახე ედგა. როცა მაია იღიმოდა, ქვეყნად ყველაფერი ავიწყდებოდა. საოცარი იყო მისი ღიმილი - თითქოს ცეცხლისა და სინაზის ნაზავი. წამით შუბლი შეჭმუხნა - ცხოვრებაში მისნაირი ქალი არ შეხვედრია. ყველაფერი ჭკუაზე შლიდა, რაც მაიას უკავშირდებოდა - მოციმციმე თვალები, რომელსაც ყველა ბარიერის გადალახვა და მის სულში შეღწევა შეეძლო, გოჩას ბნელ სულში, გაქვავებულ სულში. მისი აზრების წაკითხვაც შეეძლო ოდესღაც ამ თვალებს.

შუადღეს, როცა გოჩამ წასვლა დააპირა, მაიკომ კარამდე მიაცილა. მერე იმდენ ხანს ემშვიდობებოდნენ ერთმანეთს, თითქოს უკანასკნელი შეხვედრა ყოფილიყო.

სანამ გოჩა კარს გაიხურავდა, მაიკომ მაჯა დაუჭირა და ჩურჩულით ჰკითხა:

- ხომ ისევ მოხვალ? - ტკივილგარეული ტონით გამოუვიდა.

- ჭკვიანი გოგოსთვის ერთობ სულელური შეკითხვაა, ღმერთმანი, - გაიცინა გოჩამ და ტუჩებში ხმაურით აკოცა, - იმდენჯერ მოვალ, რომ ბოლოს თავს მოგაბეზრებ და გამაგდებ, - ამ სიტყვებით კარი გაიხურა...

მაიკო კედელს მიეყრდნო და თვალები მილულა. სიხარულისგან უნდა ეყვირა, ეტირა, ეცინა... თან უკვირდა, რა ადვილად შემოაღწია გოჩამ მისი მარტოობის იმპერიაში, რამდენიმე ლამაზი სიტყვა ფარდაგივით გაუშალა ფეხებთან და მისი გული მეორედ დაიპყრო. ამჯერად უფრო ადვილად, ვიდრე მაშინ, შორეულ წარსულში, ვიდრე ამას წინათ, სპონტანურად რომ დანებდა. ბევრად უსიტყვოდ, ვიდრე პირველად, გაცილებით თამამად, ვიდრე წინა შეხვედრაზე. და ეს სწორედ ის იყო, რასაც ყოველთვის ელოდა მისგან და რომელიც მხოლოდ ახლა მიიღო.

გიჟური ღამე იყო. მერე რა? სიკვდილის წინ მასაც მოუნდა გაგიჟება, მოუნდა გაფრენა იქ, სადღაც, სიტკბოების უხილავ სამყაროში. მთავარია, ეს გაზაფხული გადაიტანოს, იქნებ ზაფხულიც? ეს ის წუთებია, როცა არ უნდა, რომ მოკვდეს. ახლა ყველაზე მეტად სიკვდილი ეზარება. დრო რომ ჰქონდეს, რა სიამოვნებით დაწერდა ახლა რომანს ამ სიყვარულზე, დაწერდა და სათაურსაც რომანტიკულს შეურჩევდა, მაგალითად, "ნასესხები გაზაფხული". ჰო, მშვენიერი სათაურია. ისე, ამ გახსენებაზე, იქნებ ჩაიტაროს ქიმიოთერაპია? იქნებ ამ გზით მართლაც ისესხოს გაზაფხული და ბედნიერი დღეები გაიხანგრძლივოს? ამის გაფიქრება ჭკუაში დაუჯდა. არა, გოჩას არ ეტყვის, რაც მოელის, გულს არ მოუკლავს. დაე, იყოს ბედნიერი, სანამ მაია ცოცხალია. თვითგვემა და ტკივილი მერეც ეყოფა.

რა ეგოისტია ადამიანი. ორი დღის წინ სულ სხვა ჭკუაზე იყო. გულს არ ვატკენო, ჯობია, არ შემეჩვიოს, თორემ მერე უფრო გაუჭირდებაო. ახლა კი, ახლა, როცა წლების განმავლობაში ფიქრებში ნალოლიავები ოცნება აიხდინა, მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს, მხოლოდ იმაზე, რომ დარჩენილი დღეები გაილამაზოს. უკვე ნაკლებად ადარდებს, რა მოჰყვება მის ამ გალამაზებულ ცხოვრებას, სულ ცოტა ხანში რამხელა ტანჯვას არგუნებს მისი ცხოვრების გამლამაზებელს...

დაე, იყოს ეგოისტი. ცოცხალი ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, გოჩაც შეეჩვევა. სამაგიეროდ, სანამ არ მომკვდარა, ისეთ დღეებს აჩუქებს, ისეთ დაუვიწყარ მოგონებებს დაუტოვებს, საზრდოდ ღრმა სიბერემდე რომ ეყოფა. თანაც, განა დიდხანს გაგრძელდება ეს სიამოვნება. ერთ მშვენიერ დღეს წაიქცევა, დაიშლება, ლოგინად ჩავარდება, გოჩა ყველაფერს გაიგებს, იდარდებს, იჯავრებს და საბოლოოდ თვითონაც მიეჩვევა იმას, რომ მაიამ ეს ქვეყანა უნდა დატოვოს და იმ ქვეყანაში გადაბარგდეს.

არა, არა, ღმერთმა დაუფაროს! წაქცევამდე საქმეს არ მიიყვანს. ეს საკითხი უკვე ხუთიანზე მოაგვარა. როგორც კი შეატყობს, რომ აღსასრული მოახლოვდა, ეგრევე ლეონს შეატყობინებს... რა თქმა უნდა, გოჩასთვის დიდი ელდა იქნება, მაგრამ...

არა უშავს, როგორმე გადაიტანს. სადაც ამდენი გადაუტანია, ამასაც გადაიტანს...

ბოლო სტადია მაინც არ იყოს, რამდენიმე წელი მაინც ჰქონდეს დარჩენილი... განა რამდენით გაუხანგრძლივებს სიცოცხლეს ქიმიოთერაპია? ექვსი თვით? ერთი წლით? არ ღირს ამაზე ფიქრი. მთავარია, ცოტა ხანს მაინც იცოცხლოს, ცოტათი მაინც შეივსოს დაცარიელებული სული ტკბილი შეგრძნებებით, სიყვარულის სუფთა ჰაერით.

გოჩას შესახებ არავის მოუყვება. რა საჭიროა, ვინმემ იცოდეს მისი პირადი ცხოვრების დეტალები? ეს ხომ ძალიან ინტიმურია? ვინ იცის, როგორ გაუგებენ. იქნებ გაკილონ კიდევაც - სამი წელია, დაქვრივდა და უკვე საყვარელი გაიჩინაო. ენას ძვალი არა აქვს, ცუდის მთქმელს რა გამოლევს? ადამიანებმა ოღონდ კი ერთმანეთი გაჭორონ, მეტი რა უნდათ? უმეტესობა ამით საზრდოობს. ყველა მისნაირი კი არ არის. არც თაია მოუწონებს ასეთ ნაბიჯს. ზუსტად იცის, რასაც ეტყვის, მამაჩემის სახელი ლაფში ამოსვარეო. კარგია, რომ მისი ქალიშვილი აქ არ არის. უეცრად იგრძნო, რომ პირველად მოხდა, შვილის შორს ყოფნა რომ ახარებდა. აი, თუ არ არის ეგოისტი!

თუ ვინმე ისეთ დროს ესტუმრება, როცა გოჩა მასთან იქნება, იტყვის, რომ სკოლის მეგობარია ან სტუდენტობის, ან ძველი მეზობელი... გააჩნია, ვინ მოუსწრებს. გოჩასაც გააფრთხილებს, სხვების თანდასწრებით ცოტა თავშეკავებულად მოიქცეს.

დაუჯერებენ მაიკოს. მას ხომ ტყუილის თქმა არ უყვარს. არასდროს არავინ არ მოუტყუებია, მისი ყოველთვის ყველას სჯეროდა. ან კი რა არის დაუჯერებელი? მარტო გოჩა ხომ არ ივლის მასთან? ხანდახან თემოც მოვა, მამა გიორგიც... ისინიც ხომ მაიკოს მეგობრები არიან? ჰოდა, ეჭვს ვერავინ ვერაფერში შეიტანს. ისედაც, ვერც წარმოიდგენენ, მომაკვდავმა, თან სამი წელი მგლოვიარე მაიამ სხვა კაცისკენ გაიხედაო. ის ხომ აქამდე შეუბღალავი რეპუტაციით სარგებლობდა საზოგადოებაში. როგორ ვერ იტანდა სიტყვათა ამ წყობას. "შეუბღალავი რეპუტაციით სარგებლობდა საზოგადოებაში". მსგავს რაღაცებს კომუნისტური ისტორიის გადმონაშთად ნათლავდა ყოველთვის.

გაეღიმა. არეულ ლოგინს გადახედა და ახლაღა გაიაზრა, რომ ქვეყანაზე აღარაფერი ახსოვდა წუხანდელი ღამის გარდა, თუმცა მხოლოდ ფრაგმენტებიღა შემორჩენოდა გონებაში...

გოჩა მთელი კვირა არ გამოჩენილა, მაგრამ ყოველდღე ურეკავდა. მთელი კვირა აცალა, რომ გონს მოსულიყო, ყველაფერი აეწონ-დაეწონა და გაეანალიზებინა. თან გულს ეჭვი უღრღნიდა. ახლა ხომ უკვე იცოდა იმ უცნობი ქალისგან, რომ მაიკომ ქმარი წაართვა. ნუთუ მართლა ხვდებოდა ვინმეს? ვის? რატომ ერთხელ ვერ ნახა იმ ვიღაცასთან, თუ მართლა ასე იყო? იქნებ უკვე დაშორდა და იმ ქალმა ჯერ არ იცის? პირველ დღეს, როცა მაიამ სახლიდან ცივად გაისტუმრა და მერე გოჩა დამკვეთს ელაპარაკა, ძალიან გაღიზიანდა. იმიტომაც მიიჩქაროდა მაიასკენ, რომ სიმართლე გაეგო. თუ ასე შეტრიალდებოდა საქმე და ერთი სიტყვის თქმაც არ მოუწევდა, ვერც იფიქრებდა. კარი გაუღო თუ არა მაომ, მის თვალებში მაშინვე მოუთმენლობა ამოიკითხა, ლოდინით ავსებული მოუთმენლობა. სადღა ეცალა სალაპარაკოდ და წარსულის გამოსაკითხად? შეხედა თუ არა, მხოლოდ ერთი სურვილი ამოუტივტივდა გონებაში - გულში ჩაეკრა და ალერსში გაეთანგა.

ასეც მოიქცა. არადა, პირველმა შეხვედრამ რაღაცნაირად უღიმღამოდ ჩაიარა, თითქოს ერთმანეთს გემო ვერ გაუგეს. ალბათ იმიტომ, რომ ორივე შებოჭილი იყო, შებოჭილი და დაძაბული. სპონტანურად მოხდა ყველაფერი. მერე კი ორივეს მიეცა დაფიქრების დრო, საშუალება, აწონეს, დაწონეს ვითარება, ნიადაგი მოუსინჯეს ერთმანეთის გრძნობებს და მიხვდნენ, რომ უნდა გაეგრძელებინათ ურთიერთობა, რომ უერთმანეთოდ ცხოვრებას აზრი ეკარგებოდა.

ახლა კი უფრო მეტად ორჭოფობს, ვიდრე მანამ. თუ თვითონ არ გადაუშალა მაიამ გული და არ მოუყვა თავისი პირადი ცხოვრების დეტალები, გამოკითხვას ვერ დაუწყებს. იქნებ ცოტა შორიდან მოუაროს? რამენაირად შეიტყუოს ლაპარაკში და... ჰო, ეგრე იზამს, თავის თავზე დაიწყებს ლაპარაკს, მაგალითად, ერთხელაც როგორ სცადა სხვა ქალის შეყვარება... გამოიგონებს ვინმეს, ტყუილები ყოველთვის ეხერხებოდა, არც ახლა გაუჭირდება. რა ქნას, სხვა გზა არა აქვს, სიმართლის გასაგებად ყველა ღონეს უნდა მიმართოს.

ის ორი დღე გოჩა ადგილს ვერ პოულობდა. ეჭვიანობა ერთი იყო და ვიღაცას მაოს მოკვლა რომ უნდოდა, - მეორე. მისთვის ორივე საშინელება იყო, ამიტომ კითხვაზე პასუხი როგორმე უნდა მიეღო.

ასეთი ფიქრებით გულდამძიმებულმა კიდევ ერთხელ დაურეკა...

მაიკო დილიდან შეუძლოდ გახდა. სუნთქვა დაუმძიმდა, წნევაც დაუვარდა და საწოლიდან ადგომა გაუჭირდა. შეშინებულმა მაშინვე თემოს დაურეკა. სასწრაფოდ გადასხმა გჭირდებაო, თემომ, "სასწრაფო" გამოიძახე და როცა ბრიგადა მოვა, დამალაპარაკეო. ასეც მოიქცა.

"სასწრაფოს" ექიმმა მაიკოს "პირად ექიმს" მოუსმინა, კარგა ხანს ელაპარაკა, თავიც ბევრჯერ დააქნია და როგორც კი მისგან ინსტრუქციები მიიღო, მაიკოს წვეთოვანი იქვე, ადგილზე, სახელდახელოდ დაუყენა. რადგან წამლის ჩამოცლას დრო სჭირდებოდა, ექთანი მასთან დატოვა, თვითონ კი საავადმყოფოში გაბრუნდა. თემო ყოველ თხუთმეტ წუთში რეკავდა, თან ბოდიშს უხდიდა, რომ მოსვლას ვერ ახერხებდა, რთული დღე ჰქონდა, დღის განმავლობაში ზედიზედ ორი ოპერაცია ელოდებოდა.

მაია ვერ მიხვდა, ცუდად რატომ გახდა. წამლების მიღება არ შეუწყვეტია, არც ფიზიკურად დატვირთულა, არც უნერვიულია. გოჩა ყოველდღე ურეკავდა, საათობით ელაპარაკებოდა, ჩურჩულით ეფერებოდა... იქნებ ემოციურმა ფონმა იმოქმედა ასე? თუ ავადმყოფობა უკვე საბოლოოდ მოერია მის ორგანიზმს? შეშინდა. იმაზე მეტად შეშინდა, ვიდრე წესით, უნდა შეშინებოდა. თემომ დაამშვიდა, ნუ გეშინია, ჯერ ისე არაა საქმე, როგორც შენ გგონია, მაგრამ მკურნალობის კურსი უნდა შევცვალოთ, ორშაბათს გამოდი და სრული გამოკვლევა ჩავიტაროთო.

ახლა მაიკო ყველაფერზე თანახმა იყო. ოღონდ კი სიცოცხლე რამდენიმე თვით მაინც გაეხანგრძლივებინა და უკან არ დაიხევდა.

გადასხმამ უშველა, შუადღეს მომჯობინდა და თავი უკეთ იგრძნო. მართალია, სისუსტემ არ გაუარა, მაგრამ სუნთქვა გაეხსნა, ისე აღარ უმძიმდა, როგორც დილით.

საღამოს გოჩამ დაურეკა, როდის გნახოო. ხვალ საღამოს გამომიარეო, აღელვებულმა ნაჩქარევად ჩასძახა ყურმილში.

გოჩას მისი ხმა არ მოეწონა. თვალწინ უხილავი მეტოქე დაუდგა. აბა, რას უნდა მიეწეროს მაიკოს აღელვებული ტონი? ნუთუ ამ საღამოს სხვასთან აქვს შეხვედრა დანიშნული? კბილი კბილს ნერვიულად დააჭირა. ერთხანს რაღაცას ფიქრობდა და თავს მონოტონურად აკანტურებდა. ბოლოს გადაწყვეტილება მიიღო - მოულოდნელად გამოცხადებოდა. თუ იქ ვინმე დახვდებოდა, მისთვის ყველაფერი ცხადი შეიქნებოდა.

შებინდდა თუ არა, სახლიდან გავიდა. მანქანა ნელა მიჰყავდა, თითქოს დროს აჭიანურებდა. ისე ნერვიულობდა, მთელი გზა დანა პირს არ უხსნიდა, უსიამოვნო შეხვედრის მოლოდინში კრიჭა შეჰკვროდა.

მაიკოს ფანჯარაში შუქი ენთო. ეს იმას ნიშნავდა, რომ მას არ ეძინა. სადარბაზოს რამდენიმესაფეხურიანი კიბე დინჯად აიარა და მაიას კარის წინ შედგა. კარგა ხანს ყოყმანობდა, ზარი დაერეკა თუ უკან გაბრუნებულიყო. რამდენჯერაც მიადო თითი ზარის ღილაკს, იმდენჯერ ჩამოიღო. უეცრად შიგნიდან ლაპარაკის ხმა მოესმა, რომელიც უფრო და უფრო ახლოს გაისმოდა. მიხვდა, რომ ვიღაცები კარს უახლოვდებოდნენ. შემცბარი უკან გახტა და მსწრაფლ გაიხედ-გამოიხედა. როგორც იქნა, გამოსავალი იპოვა, რამდენიმე ნახტომით საშრობის კედელს მოეფარა და სუნთქვა შეიკავა.

ამასობაში კარი გაიღო.

- გელოდები, აუცილებლად მოდი, იცოდე? არ გადადო! - გაისმა მამაკაცის ხმა.

- მოვალ, თემო. სხვაგან სადღა წავალ? ხომ იცი, შენს იქით გზა არა მაქვს.

- ჰოდა, გამოჰყევი ამ გზას. ერთად ვიაროთ და ყველაფერი კარგად იქნება.

- ეჰ, მაგის იმედი არ მაქვს, მაგრამ მაინც მოვალ.

- აბა, აბა, ეგეთები არ გამაგონო! მოგხვდება, იცოდე! აბა, წავედი, თორემ ნათია გამიგიჟდება, - სიცილით დააყოლა მამაკაცმა.

გოჩამ ყბები მთელი ძალით მოკუმა. ახლა ყველაფერი გასაგებიაო, გაიფიქრა.

მერე ისეთი ხმები გაისმა, მიხვდა, რომ მათ ერთმანეთი გადაკოცნეს. ბოლოს კარი კვლავ დაიკეტა და უცნობის ფეხის ხმაც მაშინვე მიწყდა. რამდენიმე წუთში მანქანის დაქოქვის და დაძვრის ხმაც მისწვდა მის სმენას.

როგორც კი სადარბაზოში სიჩუმემ დაისადგურა, მოეშვა. თავი ცივ კედელს მიაყრდნო და ჩაფიქრდა. რა ქნას, მივიდეს თუ არა? არ ჯობია, ახლავე, ცხელ კვალზე დაადგეს თავს? თვალებში შეხედავს და ყველაფერს მიხვდება. მაოს თვალები არასდროს ტყუიან, მისი გულწრფელი, ბავშვური, ყველაფრის აღმქმელი თვალები. იმასაც გაარკვევს, სად ეპატიჟება უცნობი.

ბრაზმა წამოუარა. აფეთქების ზღვარზე იმყოფებოდა. არა, ასე ვერ მიადგება, ასე ყველაფერს გააფუჭებს. ჯერ უნდა იფიქროს. კარს რომ გაუღებს და გოჩას დაინახავს, წარმოუდგენია, როგორ გაუკვირდება. რა უნდა უთხრას, რატომ მოვედიო? ვეღარ გავძელი უშენოდ და იმიტომო? თუ შენი ხმა არ მომეწონა და ვიეჭვიანეო? პირველი ვარიანტი სჯობდა. დანარჩენი მერე გამოჩნდებოდა. როგორც სიტუაცია უკარნახებდა, ისე მოიქცეოდა. ათიოდე წუთი ადგილიდან არ დაძრულა, მხოლოდ ფეხი მოინაცვლა რამდენჯერმე. ლოდინს წლების განმავლობაში მიეჩვია. დავალებაზე გასულს ლოდინი ხანდახან საათობით უწევდა, ოღონ მიწაზე გაწოლილს. ფეხზე მდგარი კარგა ხანია, ლოდინის რეჟიმში არ ყოფილა.

მორჩა, დამშვიდდა. ჩვეული სუნთქვითი ვარჯიში ჩაიტარა, თითები ერთმანეთში ჩახლართა, მტევნები გადასწია, გადმოსწია, სახსრები გაატკაცუნა და ნაცნობ კარს მიადგა. ჯერ ისევ ჭოჭმანობდა. ბოლოს თვალები დახუჭა და, როგორც იქნა, ზარის ღილაკს თითი გაბედულად მიაჭირა...

გაგრძელება შემდეგ ნომერში