უილიამ ფოლკნერი, როგორც ამერიკული "ლიტერატურის ხურო" და ორიგინალური ექსპერიმენტატორი - გზაპრესი

უილიამ ფოლკნერი, როგორც ამერიკული "ლიტერატურის ხურო" და ორიგინალური ექსპერიმენტატორი

უილიამ ფოლკნერის შემოქმედების თაყვანისმცემლები მალე ქართულ ენაზე ახალნათარგმნ კიდევ ერთ რომანს მიიღებენ: გამომცემლობა "პალიტრა L"-მა "ჩემი რჩეული მსოფლიოს" სერიისთვის ტრილოგიის ("სოფელი", "ქალაქი", "სასახლე") მესამე წიგნის თარგმანი მოამზადა. გამოჩენილ ამერიკელ მწერალს, ნობელის პრემიის ლაურეატ უილიამ ფოლკნერს მუდამ ჰყავდა თაყვანისმცემლები ქართველ მკითხველებს შორის, თუმცა მის ნაწარმოებებზე, სალაღობო საკითხავიაო, ნამდვილად ვერ იტყვი. ამიტომაც ბუნებრივია, რომ ფოლკნერი აგერ უკვე რამდენიმე ათეული წელია, ქართულ ენაზე ითარგმნება. საუკეთესო ნიმუშებს შორისაა ნახსენები ტრილოგიის პირველი ორი ნაწილი, რომელიც ქართულად ცნობილმა ლიტერატორმა და მთარგმნელმა, რევაზ თვარაძემ აამეტყველა, ახლა კი ტრილოგიას სრული სახით წარმოგიდგენთ, პაატა ჩხეიძის მიერ ნათარგმნი "სასახლის" ჩათვლით. ექვსტომეულში აგრეთვე შედის რომანები: "დროშები მტვერში" (მთარგმნელი ზაზა ჭილაძე), აბესალომ, აბესალომ!" და "გამტაცებელნი" (ზაურ კილაძე).

ცნობილი ამერიკელი მწერალი, უილიამ ფოლკნერი დაიბადა 1897 წლის 25 სექტემბერს, ნიუ-ოლბანში, მისისიპის შტატში. დედა - მარი ჩარლზ ფოლკნერი უნივერსიტეტის საქმეთა მმართველი იყო; ხოლო მამა - მოდ ბატლერ ფოლკნერი ოქსფორდში, ფასიან საჯინიბოს ფლობდა. მომავალი მწერალი, როგორც იტყოდნენ, "კეთილშობილურ სიღარიბეში" იზრდებოდა. მისი დიდი ბაბუა - უილიამ კლარკ ფოლკნერი (1826-1889) ჩრდილოეთისა და სამხრეთის ომის დროს, სამხრეთელთა არმიაში მსახურობდა და იმ დროისთვის ცნობილი რომანის - "მემფისის თეთრი ვარდის" ავტორი გახლდათ.

როცა უილიამი ჯერ სულ პატარა იყო, ოჯახი შტატის ჩრდილოეთით, პატარა ქალაქ ოქსფორდში გადავიდა. მას შემდეგ, ეს ადგილი მწერლის ცხოვრებისეულ ნავსაყუდლად გადაიქცა.

მომავალმა პროზაიკოსმა არასრული საშუალო განათლება მიიღო. შემდეგ კი, თვითგანათლებას მიჰყო ხელი. მართალია, მისისიპის შტატის უნივერსიტეტში რამდენიმე სპეციალური კურსი მოისმინა, მაგრამ საბოლოოდ, ის მაინც თვითნასწავლ ადამიანად დარჩა.

1918 წელს, როცა საყვარელი ქალი, ესტელ ოლდემი სხვაზე გათხოვდა, ახალგაზრდა კაცმა ფრონტზე მოხალისედ წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ არ მიიღეს. ერთ-ერთი მიზეზი მისი სიმაღლე იყო - 166 სმ. მაშინ, ფოლკნერი კანადურ სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალებში მოხალისედ ჩაეწერა და ბრიტანული არმიის მფრინავთა სკოლაში ჩაირიცხა. სანამ კურსს დაასრულებდა, პირველი მსოფლიო ომიც დამთავრდა.

1919 წელს, ჟურნალ თჰე Nეწ ღეპუბლიც-ში მისი ლიტერატურული დებიუტი შედგა - გამოქვეყნდა ლექსი, "ფავნის ნაშუადღევის დასვენება". შემდეგ, 1924 წელს, პირველი პოეტური კრებული - "მარმარილოს ფავნი" გამოიცა.

გარკვეული პერიოდი ფოლკნერმა ახალი ორლეანის ბოჰემურ კვარტალში გაატარა. შემდეგ, ნიუ-იორკში გადავიდა; მოგვიანებით ევროპაში იმოგზაურა, საიდანაც ისევ ოქსფორდში დაბრუნდა. 1925 წელს, ახალ ორლეანში უილიამმა მწერალი შერვუდ ანდერსონი გაიცნო, რომელმაც რეკომენდაცია მისცა, რომ ყურადღება პოეზიის მაგივრად პროზისთვის დაეთმო. ასევე ურჩია, რომ ეწერა იმაზე, რაც ყველაზე უკეთ იცოდა - ამერიკის სამხრეთულ ყოფაზე. ასე გაჩნდა მისისიპის შტატში ფოლკნერის მიერ გამოგონილი ახალი ოლქი, სახელად - იოკნაპატოფი, სადაც მწერლის ნაწარმოებთა უმეტესი ნაწილის მოქმედება ვითარდება.

ერთად აღებული ეს ნაწარმოებები მთლიანობაში ერთ იოკნაპატოფურ საგას - ამერიკის სამხრეთული ცხოვრების ისტორიას წარმოადგენს, რომელიც ინდიელთა მიწებზე თეთრი ადამიანების მისვლის დღიდან, XX საუკუნის შუა წლებამდე ვითარდებოდა. განსაკუთრებული ადგილი 1861-1865 წლების სამოქალაქო ომს დაეთმო, სადაც სამხრეთელები დამარცხდნენ. საგის გმირებად რამდენიმე ოჯახის წარმომადგენლები მოგვევლინენ: სარტორისები, დე სპეინები, კომპსონები, სნოუპსები და სხვა იოკნაპატოფელები. ნაწარმოებიდან ნაწარმოებში გადასვლისას, ისინი თითქოს ძველ ნაცნობებად იქცევიან - რეალურ ადამიანებად, რომელთა ცხოვრებაზეც ყოველ ჯერზე უფრო მეტ სიახლეს იგებ. საგის პირველ რომანად "სარტორისი" იქცა, რომელიც მისისიპის მონათმფლობელური არისტოკრატიის დაცემას ასახავს, რაც შედეგად სამოქალაქო ომის სოციალურ ძვრებს მოჰყვა. სრულად ის 1973 წელს დაიბეჭდა, სათაურით - "დროშები მტვერში".

უილიამ ფოლკნერის პირველი დიდი აღიარება რომანის - "ხმაური და მძვინვარება" - გამოსვლას (1929წ.) მოჰყვა. იმავე წელს, იგი თავის საყვარელ ქალზე - ესტელ ოლდემზე დაქორწინდა, რომელიც იმ დროისთვის პირველ ქმარს გაეყარა. მათ ორი ქალიშვილი ჰყავდათ: ალაბამა (რომელიც 1931 წელს გარდაიცვალა) და ჯილი.

უნდა აღინიშნოს, რომ უილიამ ფოლკნერის ნაწარმოებები ძირითადად ლიტერატურის კრიტიკოსთა შორის სარგებლობდა წარმატებით. რიგითი მკითხველის მიერ ისინი უჩვეულოდ და რთულად აღიქმებოდა. ოჯახის შესანახად მწერალმა ჰოლივუდისთვის სცენარების წერასაც მიჰყო ხელი, რითაც 15 წელი იყო დაკავებული.

1932-დან 1946 წლამდე შექმნა რომანები: "სინათლე აგვისტოში" (1932); "აბესალომ, აბესალომ!" (1936); "დაუმარცხებელნი" (1938); "ველური პალმები" (1939); "სოფელი" (1940); და სხვები. ასევე, რომანები ნოველებად: "გადმოდი მოსე" (1942), სადაც ავტორის ყველაზე ცნობილი მოთხრობა - "დათვიც" შევიდა.

ფოლკნერის პირველი დიდი აღიარება საკუთარ სამშობლოში მხოლოდ 1949 წელს მოხდა, როცა ის ლიტერატურის დარგში "ამერიკული რომანის განვითარებაში მნიშვნელოვანი და უნიკალური მხატვრული წვლილისთვის" ნობელის პრემიით დააჯილდოეს. მოგვიანებით კი, 2009 წელს, აშშ-ის სამხრეთის ლიტერატურული ჟურნალის "ოქსფორდ ამერიქანის" კოლეგიამ რომანი "აბესალომ, აბესალომ!" - ყველა დროის საუკეთესო სამხრეთულ რომანად აღიარა.

მკითხველის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო წიგნმა - "განსაწმენდელი" (1931), რომელიც სენსაციურობაზე იყო გათვლილი, რადგან ის პირქუში სახეებითა და საშინელებებით იყო გაჯერებული. ეს ნაწარმოები მწერლის რეპუტაციას ჩრდილს დიდხანს აყენებდა. თავად მწერალი კი, რომელსაც პროზაში საკუთარი ადგილი და აღიარება უკვე მოპოვებული ჰქონდა, მის პრინციპებს დაჟინებითა და მიზანდასახულად მიჰყვებოდა. ფოლკნერი ლიტერატურული საზოგადოებისგან დისტანცირებული გახლდათ: არ ინტერესდებოდა ჟურნალისტიკით, არ აქცევდა ყურადღებას კრიტიკას.

ომამდელი მონათმფლობელური არისტოკრატიის მემკვიდრეებს, რომელთა შორის დაცემულ, გაუწონასწორებელ, ფსიქიკურად დაავადებულ და მორალურად გამოფიტულ ადამიანებსაც ვხვდებით, მტაცებლური ინსტინქტებით აღვსილი, სინდისგარეცხილი "თეთრი ნაყარნუყარის" თემი - სნოპსები ენაცვლება. უკანა პლანზე, ცხოვრების მიერ უკუგდებული, მომთმენი შავკანიანები დგანან, რომლებიც ხშირად უფრო მეტ ღირსებას ავლენენ, ვიდრე მათი თეთრი თანამემამულენი. გატანჯული, გამოფიტული, რასობრივი შუღლით მოწამლული მიწის თავზე, ურთიერთდაუნდობლობის, სიძულვილისა და დანაშაულის შავი ღრუბლებია თავმოყრილი. მის მიერ წარმოჩენილი ადამიანური არსებობის ასეთი სურათები გარკვეულ ადგილებში სასაცილოა, ზოგჯერ სიღრმისეულად ტრაგიკული; მაგრამ ისინი მკითხველს თავისი სიცხადით ზაფრავს. ბევრი რომანი აღელვების, ორაზროვნებისა და განუსაზღვრელობის ნოტზე სრულდება, რომლის აზრიც ნაკლებად შესაძლებელია, ლოგიკურად ჩამოყალიბდეს. მიუხედავად ამისა, წინააღმდეგობრივი, ვნებებით აღსავსე და ხშირად გაუნათლებელი სულის ფოლკნერისეული კვლევა, მკითხველთა დიდ ნაწილს ამაღელვებელ და აზრობრივად სავსე წამოწყებად ესახებოდა.

ცნობილი ამერიკელი მწერალი, ნობელისა და პულიცერის პრემიების ლაურეატი, უილიამ ფოლკნერი 1962 წლის 6 ივლისს, ოქსფორდში გარდაიცვალა.

ირინა ჯანდიერი