თვითმკვლელობა დაკვეთით (თავი XIII) - გზაპრესი

თვითმკვლელობა დაკვეთით (თავი XIII)

- ხომ მშვიდობაა? - წართმეული ხმით ჰკითხა.

- რა თქმა უნდა. რა იყო, რამ შეგაშინა?

- არა, არაფერი... უბრალოდ, ხვალ გელოდებოდი, - დაიბნა მაია.

- მე კიდევ ხვალამდე ვერ მოვითმინე და მოვედი. თუ რამეა, წავალ, - გამჭოლი მზერა მიაპყრო მამაკაცმა.

- არა, რატომ... რახან მოხვედი, ბარემ დარჩი, - ძლივს გაიღიმა ქალმა.

გოჩამ მძიმედ შეაბიჯა ოთახში და მიმოიხედა. სუფრა არ იყო გაშლილი, მაგიდაზე მხოლოდ ხილით სავსე ვაზა და კომპოტის სამლიტრიანი გახსნილი ქილა იდო. იქვე იდგა ორი კომპოტიანი ჭიქა, ერთი - სავსე, მეორე - ნახევრად სავსე და ორი თეფში.

- სტუმარი გყავდა? - ყასიდად იკითხა გოჩამ, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და ტერფებზე მონოტონურად აქანავდა.

- ჰო. ჩემი მეგობარი, ერთი ნაბიჯით გაგასწრო.

მამაკაცმა ოდნავ აზიდა წარბები.

- ალბათ მე არ ვიცნობ შენს მეგობარს... - გამომცდელად გახედა კუნაპეტ ღამესავით შავი თვალებით.

- არა, არ იცნობ, - მაიამ ხმას დაუწია.

- არ მომწონს შენი ფერი, - ამოიხვნეშა გოჩამ და ტერფებით ქანაობა გააგრძელა, თან ქორივით ავლებდა მზერას აქეთ-იქით, თითქოს სამხილს ეძებსო.

- მე კიდევ შენი მოულოდნელი ვიზიტი, - ამჯერად ხმის აწევით მიუგო მაიამ.

- ჰო, - თავი დააქნია მამაკაცმა, ხელები ჯიბეებიდან ამოიღო და ტუჩებზე შეტყუპებულად მიიფარა.

ერთხანს დუმილი ჩამოწვა. მაია ხმას არ იღებდა, გოჩა კი ელოდებოდა, როდის ალაპარაკდებოდა იგი.

- არაფერი გაქვს სათქმელი? - ხმა გაუცივდა გოჩას.

- რისი მოსმენა გსურს? - თითქოს გულმა რაღაც უგრძნო ქალს.

- რა ვიცი, ყველაფრის...

- გოჩა, ქარაგმებით რატომ მელაპარაკები? თუ რამე გაინტერესებს, მკითხე და გიპასუხებ.

- ვინ იყო ის ტიპი? - თავი კარისკენ გაიქნია გოჩამ.

- ის ტიპი ჩემი მეგობარი იყო. შენ რა, დაკითხვას მიწყობ?

- არა, მე ვეჭვიანობ.

მაიკომ სიცილი ვერ შეიკავა.

- რა გაცინებს? მოვედი. მეგონა, გაგიხარდებოდა, შენ კიდევ დაფეთდი, როგორც კი დამინახე, ფერი დაგეკარგა. თუ სხვაც არსებობს შენს ცხოვრებაში, მითხარი. რა პრობლემაა, ახსნა-განმარტებას არ მოგთხოვ, გავტრიალდები და წავალ.

- ის ჩემი ექიმია, პირადი ექიმი, - ხმა ჩაუწყდა ქალს.

- პირადი ექიმი? ასე თქვი?.. თუ მომესმა?

- არა, არ მოგესმა.

- და პირადი ექიმი პაემანზე გეპატიჟება? - ჩაეკითხა გაღიზიანებული.

- პაემანზე? მერედა, ვინ გითხრა, რომ პაემანზე მეპატიჟება? ან საიდან მოიტანე, რომ სადმე მეპატიჟება?

- ორშაბათსო... გელოდებიო...

- ა! შენ საიდან იცი ეგ ყველაფერი?

- სრულიად შემთხვევით გავიგონე.

- ო! სრულიად შემთხვევით... მჯერა... - დამცინავად ჩაიღიმა მაიკომ, სკამი გამოსწია და დაჯდა, - თავის კლინიკაში მეპატიჟება, გამოკვლევაზე.

- გამოკვლევაზე? - გოჩამ მაიას მიჰბაძა და თვითონაც დაჯდა, - გამოსაკვლევი რა გჭირს?

- ცოტა გული მაწუხებს, არითმია მაქვს, უჰაერობას ვუჩივი, უძილობას... პატარა კი აღარ ვარ.

- ეგ რისი ნიშნებია, დეპრესიის?

- გამორიცხული არ არის, შეიძლება დეპრესიაც იყოს. სანერვიულო არ მაკლია. ახლა - მით უმეტეს.

- ახლა? როდიდან დაიწყო ეს `ახლა~?

- როგორც კი შენ გამოჩნდი ჰორიზონტზე.

- ჩემი გამოჩენით ნევროზი დაგმართე?

- არა, სული ამიფორიაქე, - ამოიოხრა მაიამ, ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა და მსუსხავი მზერა მიაპყრო, - რა გაწუხებს, გოჩა? უფლება არ მაქვს, წელიწადში ერთხელ გამოკვლევა ჩავიტარო?

- როგორ არა, გაქვს. უბრალოდ...

- უბრალოდ რა?

- მინდა, რომ ერთმანეთი არ მოვატყუოთ.

- ერთი უყურე! მსოფლიოში ყველაზე დიდი მატყუარა მამუნათებს, არ მოვატყუო. ოდესმე მომიტყუებიხარ?

- კი.

- კი-ი? განა როდის? მსგავსი არაფერი მახსენდება.

- როცა მითხარი, არ მიყვარხარო და გამექეცი.

- მე კი არა, შენ გამექეცი.

- აჰაა. რა იოლია სხვაზე გადაბრალება, არა?

- გადაბრალება არაფერ შუაშია. ჰო, მე უარი გითხარი, მაგრამ შენ ერთხელაც არ დაინტერესდი, რა იყო ჩემი უარის მიზეზი. წახვედი და გადაიკარგე!

- უნდა დავინტერესებულიყავი? სიტყვასიტყვით მახსოვს, როგორ გამაგდე. არ მიყვარხარო, შენ არ მითხარი? თუ დამესიზმრა?

- მე იძულებული ვიყავი, მაშინ ისე მოვქცეულიყავი.

- აბა, რაა, დედაჩემს გაუწიე ანგარიში.

- მოდი, აღარ გვინდა ამაზე ლაპარაკი, კარგი?

- ეს კაცი ცოლიანია?

- ცოლშვილიანია.

- მერე? მისი ცოლი არ ეჭვიანობს?

- რა აქვს საეჭვიანო? საუკუნეა, რაც ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ. ჯერ კიდევ სკოლიდან.

გოჩამ მუშტები აათამაშა მაგიდაზე, თითქოს დოლს უკრავსო, რიტმულად, მსუბუქად. პასუხი არ გაუცია, არც შეუხედავს მაიასთვის, შეფიქრიანებული თავის მოთამაშე თითებს დაჰყურებდა.

- შენ რა, მამოწმებ? - მაიკო წინ გადაიხარა.

- არა. სრულიად შემთხვევით შევესწარი თქვენს საუბარს. მე შენკენ მოვიჩქაროდი.

- მაშინ რა საჭიროა ამდენი შეკითხვის დასმა?

- რა ვიცი... ისე.

- არაფერი გაქვს საეჭვიანო. ის მართლა ექიმია, ჩემი ექიმი.

წესით ამ სიტყვებს გოჩა უნდა დაემშვიდებინა, მაგრამ არა, არ გამოსდიოდა. რაც უფრო მეტს უხსნიდა მაიკო, მით უფრო რწმუნდებოდა, რომ სწორედ ამ თემოს ცოლმა დაუკვეთა მისი მკვლელობა.

- კარგი, წავალ... - წამოდგა ბოლოს და ხელები კვლავ ჯიბეებში ჩაიწყო.

- კარგი, წადი... - მიმქრალი ხმით მიუგო მაიამ და თვალებში ნაპერწკლები ჩაუქრა.

გოჩა კარისკენ გაემართა, მაია უკან მიჰყვა. მამაკაცმა სახელურს მძლავრად ჩასჭიდა ხელი და დაბლა დასწია.

- ხვალ მოხვალ? - შეეკითხა ქალი.

- მოვიდე? - შემობრუნდა გოჩა და თვალი თვალში გაუყარა.

- ჰო, - მზერა აარიდა მაიკომ.

- ბარემ მოსული არ ვარ? დავრჩები.

- არა, ამაღამ არა. ცოტა შეუძლოდ ვარ. ახლა უნდა დავწვე და დავიძინო, წეღან წამლები დავლიე.

- რისი წამლები? - გოჩა მიუახლოვდა და სახე სახესთან მიუტანა.

- შეუძლოდ ყოფნის, - ჩურჩულით ამოთქვა ქალმა.

- მაშინ მით უფრო დავრჩები, იქნებ დაგჭირდე რამეში. უბრალოდ, დავრჩები, სულაც სავარძელში დავიძინებ.

მაიკო გაჩუმდა. ერთხანს ფიქრობდა. მერე გაიღიმა.

- კარგი, დარჩი. ჩემ გვერდით დაწექი. თუ რამეა, გაგაღვიძებ.

მამაკაცს მაშინვე მოეხსნა დაძაბულობა, მაიკოს სახე ხელებში მოიქცია, კარგა ხანს უყურა მის დახუჭულ თვალებს, მერე კი მსუბუქად შეუბერა სული.

- არ მომწონხარ. ტუჩების ირგვლივ მთლად გათეთრებული გაქვს კანი.

- ხომ გითხარი, ცუდად ვარ-მეთქი.

- ჰო. მითხარი. კარგი, მეტს აღარ გკითხავ. მოდი, დავწვეთ, ხომ?

ქალმა თავი დაუქნია, თვალები გაახილა და კვლავ ჩურჩულით ამოთქვა:

- ოღონდ კარი ჩაკეტე, ღია არ დაგვრჩეს.

გოჩამ კარი გასაღებით გადაკეტა, მაიას ხელი ჩაავლო და ასე ხელიხელჩაკიდებულები გავიდნენ საძინებელში...

დილით გოჩას მკერდზე თავმიდებულს გაეღვიძა. მამაკაცი თანაბრად სუნთქავდა, მისი ცხელი სუნთქვა პირდაპირ ცხვირში სცემდა ქალს. გაეღიმა. ტუჩებით ოდნავ შეეხო საყვარელი ადამიანის ყელზე მფეთქავ ძარღვს და მისი სურნელი შეისრუტა. წუხელ არც ერთს არ უძინია ნორმალურად. გოჩას სადღაც, გამთენიისას ჩაეძინა, მაიკომ კი მთელი ღამე ძილ-ღვიძილში გაათენა.

გოჩა ოდნავ შეირხა, ცალი თვალი გაახილა, წამით შეათვალიერა მის ყელზე დაკონებული ქალი, მკლავები მოხვია, მჭიდროდ მიიხუტა გულზე და გაყუჩდა.

მაიკოს მალე ჩაეძინა, ამჯერად მშვიდი, უშფოთველი ძილით.

იმ დღიდან ორივეს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. მაიკო ასეთი ბედნიერი არასდროს ყოფილა. არც გოჩა ყოფილა არასდროს ასეთი ბედნიერი. თითქოს ორმა დაკარგულმა ნახევარმა ერთმანეთი იპოვა და ერთი მთლიანი შექმნა.

მაიას უკვირდა, ასე ჰარმონიულად რომ ავსებდნენ ერთმანეთს. მოიკეთა, გოჩას სიახლოვე ნამდვილი თერაპია აღმოჩნდა მისთვის. მართალია, თემოსთვის მიცემული პირობა დაარღვია და ორშაბათს კლინიკაში არ გამოცხადდა, მაგრამ ბოლოს მაინც მოუწია. სამი დღის შემდეგ, თემოს ყოველდღიური ზარებით თავგაბეზრებული იძულებული გახდა, გამოკვლევაზე წასულიყო.

სრული სიზუსტისთვის ტომოგრაფიაზეც გაიყვანა მეგობარმა ექიმმა. და აი, ახლა იჯდა მაიკო თემოს კაბინეტში და გულდასმით ისმენდა მის `საბრალდებო დასკვნას~.

- წინ ძალიან რთული გზა გველის, მაიკო, - დახშული ხმით დაიწყო თემურმა, - ყოყმანის დრო უკვე აღარ არის, სერიოზული მკურნალობა გჭირდება.

- დრო რამდენი მაქვს?

- რა თქვი?

- რამდენი დამრჩა-მეთქი, გკითხე, - თავი ასწია ქალმა და თამამად შეხედა ექიმს.

- აბა, რა გითხრა...

- მაინც, მაინც?

- ასე ზუსტად არ შემიძლია ამის განსაზღვრა.

- შემოდგომამდე მივაღწევ?

- წინ კიდევ ბევრი შემოდგომა გელის, თუ მომყვები.

- არ მომატყუო. მინდა, სიმართლე ვიცოდე. მშიშარა არ ვარ.

თემო დადუმდა.

- ქიმიოთერაპია გამიხანგრძლივებს სიცოცხლეს? - ახლა მაიკოს სიკვდილი არ უნდოდა, არ აწყობდა. ახლა რაც შეიძლება, მეტხანს უნდა ეცოცხლა.

მამაკაცმა უიმედოდ გადააქნია თავი.

- უკვე დაგვიანებულია. მედიკამენტებით უნდა გავაგრძელოთ მკურნალობა, თუმცა, ეს დასასრული არ არის.

- ის მაინც მითხარი, შემოდგომამდე მივატან?

- აუცილებლად, - მეტი დამაჯერებლობისთვის ქალის ურწმუნო მზერას თემომ თამამად დაუხვედრა თავისი მზერა.

- კარგი. მაშინ ველოდები დანიშნულებას. ეს ის მომენტია, როცა სიკვდილი მეზარება.

თემოს გული მოუკლა მისმა სიტყვებმა.

- მე ყველაფერს ვიღონებ, რაც შემიძლია და უნდა გითხრა, რომ ბევრი რამე შემიძლია.

- ვნახოთ, რა შეგიძლია. მალე გამოჩნდება.

მამაკაცმა არ უპასუხა, თავი დახარა და გამალებით შეუდგა რეცეპტის გამოწერას...

მაია დროს უქმად არ კარგავდა. გოჩა ყოველდღე ურეკავდა, კვირაში სამჯერ მოდიოდა და რჩებოდა. საღამოობით ერთად გადიოდნენ გარეთ, სეირნობდნენ, კაფე-ბარებში ვახშმობდნენ. როცა მაია დაღლას იგრძნობდა, შინ ბრუნდებოდნენ და სასიამოვნოდ მოთენთილ ქალს მაშინვე ძილი ერეოდა.

ასე გადიოდა დღეები, კვირები... გოჩა ქალს მარტო იშვიათად ტოვებდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა `საქმე~ გამოუჩნდებოდა. პროფესიას ასე უცებ ვერ შეიცვლიდა. ან კი სად უნდა ემუშავა, ყოფილი სამხედროსთვის ასე იოლი როდი იყო სამსახურის პოვნა. ერთადერთი, რომელიმე კერძო კომპანიაში თუ მოეწყობოდა დაცვის თანამშრომლის თანამდებობაზე. ეგ იყო და ეგ. სხვა არაფრის იმედი არ ჰქონდა, თუმცა დაცვის სამსახურში იმდენს არავინ გადაუხდიდა, რომ ჯერაც შეუმდგარი ოჯახი შეენახა.

მაიკო სულიერად ძლიერი გამოდგა. თავი მამაცურად ეჭირა. თან მკურნალობდა, თან წიგნს წერდა, თან გოჩაზე ზრუნავდა. ადრე თუ თავს არ იწუხებდა სამზარეულოში ტრიალით, ახლა ყოველდღე ნაირ-ნაირ კერძს ამზადებდა. უკვე აღარ იყო მარტო, ამიტომ დიდი მონდომებით დიასახლისობდა.

სამაგიეროდ, ზაფხულში გაუჭირდა, რადგან სიცხე აუტანელი გახდა, სუნთქვას უშლიდა. ყველა სიკეთესთან ერთად ოფლიანობა დასჩემდა, სახეზეც კი ოფლი ასხამდა, თუ დღის განმავლობაში სადმე გავიდოდა. ყველანაირად ცდილობდა, გოჩასთვის თავისი ავადმყოფობის ამბავი დაემალა, მაგრამ ისიც იცოდა, რომ დიდხანს ამას ვერ შეძლებდა.

გოჩამ მისი თვალთვალი შეწყვიტა. შიგადაშიგ ამოწმებდა `ფეისბუკს~, ელოდებოდა, დამკვეთი როდის შეეხმიანებოდა, მაგრამ, რაოდენ საოცრადაც უნდა მოსჩვენებოდა, მისგან ახალი არაფერი ისმოდა. ამან ცოტა შვება მოჰგვარა. გამორიცხული არ იყო, უცნობს გადაეფიქრებინა კიდევაც თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანა.

მაიკო სუსტად კი გრძნობდა თავს, მაგრამ ცუდად არ ხდებოდა. რეგულარულად იღებდა თემოს გამოწერილ წამლებს და უკვირდა, მდგომარეობა რომ არ უუარესდებოდა. თან გამუდმებით იმაზე ფიქრობდა, როგორ აეხსნა გოჩასთვის, სინამდვილეში რაც ხდებოდა მის თავს. იცოდა, რომ მალე დადგებოდა ის დღე, როცა საყვარელი ადამიანისთვის სიმართლის თქმა მოუწევდა.

გოჩა კი ვერაფერს ხვდებოდა. იმდენად გაბრუებული იყო მაიას სიახლოვით, მის გვერდით ტრიალით, რომ ამქვეყნად ყველაფერი გადავიწყებოდა. როგორ უნდოდა, ცოლად შეერთო, თუ ქალი ამაზე წამოვიდოდა, თუმცა ამაზე საუბრის წამოწყებას ვერ ბედავდა. ეშინოდა, ყველაფერი არ გაეფუჭებინა. დედამისმა რამდენჯერმე შეაგულიანა, იქნებ გეფიქრა ოჯახის შექმნაზე, ახლა მაინც რა გიშლის ხელსო, მაგრამ მამაკაცი წინ ნახევარი ნაბიჯის გადადგმასაც არ აპირებდა, ჯერ ისევ არსებული მდგომარეობით ტკბებოდა.

სამაგიეროდ, დროს ქალბატონი მანანა არ კარგავდა. გამოჰკითხავდა ხოლმე შვილს მაიკოს ამბებს, მოკითხვას დააბარებდა, ხანაც საჩუქარს გაატანდა. ამ მიდგომამ გაჭრა, დედა-შვილი უფრო დაუახლოვდა ერთმანეთს. დედა სიხარულისგან აღარ იყო, შვილის ასე შემობრუნება სიგიჟემდე ახარებდა. ერთხელაც ტელეფონის ნომერი სთხოვა გოჩას, დავურეკავ, მოვიკითხავ, მინდა იცოდეს, რომ თქვენი სიყვარულის წინააღმდეგი სულაც არ ვარო. გოჩამაც დაუწერა ნომერი და მაგიდაზე დაუდო.

დედა დეკემბრის დადგომას დაელოდა. იცოდა, რომ დეკემბრის ბოლოს მისი შვილი დროებით აუცილებლად გაუჩინარდებოდა. მამის გარდაცვალების მერე ასე დასჩემდა. ყოველ წელს ერთი და იგივე მეორდებოდა - გოჩას მთელი ორმოცი დღით გადაკარგვა. მერამდენე წელია, ახალ წელს სახლში არ შეხვედრია. დარწმუნებული იყო, რომ წელსაც ასე მოხდებოდა და შინიდან გადაკარგვაში მაიკოსთან სიახლოვე ვერ შეაფერხებდა.

თუმცა, წლის ბოლომდე ლოდინი აღარ დასჭირდა. აგვისტოს დასაწყისში გოჩა დედას გამოუტყდა, ოთხი დღით ქალაქიდან გავდივარო.

აი, სწორედ მაშინ იხელთა დრო მანანამ და როგორც კი შვილი თბილისიდან გაიგულა, ეგრევე მაიკოსთან დარეკა...

როცა ლაპარაკით გული იჯერეს, მანანამ სთხოვა, მითხარი, სად ცხოვრობ და გესტუმრებიო. მაიას მისამართის დამალვა ეუხერხულა, არ უნდოდა, მისთვის ეწყენინებინა.

საღამოს მანანა მართლაც ესტუმრა. ორი კილოგრამი შოკოლადი იყიდა, ერთი ბოთლი მანგოს ნატურალური წვენი და შვილის შეყვარებულს მიადგა.

მაიას გაუხარდა მისი სტუმრობა. ცხოვრებაში პირველად ხედავდა ამ ქალს, მაგრამ მისი ხმა წარსულიდან ჯერაც ყურში ჩაესმოდა. ეს ხმა არასდროს გამქრალა მისი გონებიდან.

მანანა დიდხანს დარჩა მაიასთან, ლამის მთელი დღე. ერთად ისადილეს, ყავაც ერთად დალიეს და ვახშმობამაც ერთად მოუწიათ.

ნავახშმევს კი მაგიდა აალაგეს, ჭურჭელი დარეცხეს და სამაგალითო დედა-შვილივით ისაუბრეს ერთმანეთთან. მანანა კითხვას სვამდა, მაია პასუხს სცემდა - თუმცა, ლაკონიურს.

როგორც იქნა, ქალბატონი მანანა მთავარ თემასაც მიადგა.

- მეუღლის გარდაცვალება, რა თქმა უნდა, დიდი ტრაგედიაა, მაგრამ ამას ხომ არ შეეწირები? ჯერ ახალგაზრდა ხარ, შეგიძლია კიდევ შექმნა ოჯახი... გოჩაც მზადაა ამისთვის, იქნებ გეფიქრა?

- მე-ე? - მკერდზე საჩვენებელთითმიდებულ მაიკოს გაკვირვების შეძახილი აღმოხდა.

- შენც და გოჩასაც. წლები მიქრის, ახალგაზრდული წლები უკან რჩება.

- არა, ქალბატონო მანანა, რა დროს ჩემი გათხოვებაა, გამორიცხულია. ისიც საკმარისია, რასაც ვაკეთებ. ამისიც კი მრცხვენია.

მანანას სახეზე ჩრდილმა გადაურბინა.

- სწორედ მაგას ვამბობ. თუ დაქორწინდებით, ყველაფერი მოგვარდება. უფრო გალაღდებით ორივენი. ურთიერთობას ოფიციალური სახე მიეცემა.

- არა! - ლამის იყვირა მაიკომ და ისე აღელდა, სუნთქვა შეეკრა.

- კი მაგრამ, რატომ? ხომ გიყვართ ერთმანეთი? ეს რა, კომპლექსია? რადგან ქვრივი ხარ, ხელმეორედ გათხოვების უფლება არ გაქვს? მეც გამიწიეთ ანგარიში, მინდა, ჩემი შვილის ბედნიერებას მოვესწრო, მასზე დარდს საფლავში ნუ ჩამატან, მაია, გთხოვ!

მაიკოს ოფლმა დაასხა. როგორ აეხსნა ქალისთვის, რა ცეცხლიც უტრიალებდა სულში? როგორ ეთქვა, რომ გოჩას ცოლობაზე ფიქრიც კი აკრძალული ჰქონდა? რომ მათი დაქორწინება შეუძლებელი იყო?

მანანა კი არ ჩერდებოდა. ეჩიჩინებოდა და ეჩიჩინებოდა თვალზე ცრემლმომდგარი. მოუყვა, რაც გადაიტანა გოჩამ მასთან განშორებით. რამდენ ხანს რამხელა ტკივილი ატარა სულითაც... გულითაც... როგორ განუდგა მშობლებს, როგორ განმარტოვდა.

- ახლა მის თვალებში იმხელა სიხარულს ვკითხულობ, ისეთი ბედნიერია, ისეთი, ისეთი, რომ... იქნებ იმის გეშინია, რომ აღარ დაორსულდები და შვილს ვერ გაუჩენ? ეგ წინასწარ არავინ იცის, შვილო. ამის გამო საკუთარ ბედნიერებაზე უარს ნუ იტყვი.

მაიკოს მეტის მოთმენა აღარ შეეძლო. მანანას ნათქვამი ყოველი სიტყვა გაუსაძლის ტკივილს აყენებდა, თითქოს ვიღაც ჩაქუჩის ძლიერი დარტყმით ლურსმანს აჭედებდა გულში.

როცა არც უარი გაუვიდა და არც თავის დაცვა, გოჩას დედას ხელებში სწვდა, თავისი წვრილი თითები ოდნავ მოუჭირა, თვალი თვალში გაუყარა და ჩურჩულით წარმოთქვა:

- ჩვენი შეუღლება შეუძლებელია, ქალბატონო მანანა... მე სიმსივნე მაქვს... თანაც, მეოთხე სტადია, რაც გოჩამ არ იცის...

გაგრძელება შემდეგ ნომერში