თვითმკვლელობა დაკვეთით (თავი XV) - გზაპრესი

თვითმკვლელობა დაკვეთით (თავი XV)

ხან დრო მოვიდაო, მისწერა, ხან საჩქარო საქმეაო, რაც შეიძლება, მალე შემომეხმიანეო... აფორიაქდა. იქნებ მოჰბეზრდა ლოდინი და ხელი ჩაიქნია? მაიკოს თავგზა აებნა. რა უნდა ექნა, ლეონი რომ არ გამოჩენილიყო? ვისთვის მიემართა დახმარებისთვის? ჯერ ტკივილები არ ჰქონდა, მაგრამ უჰაერობა? შემოტევის დროს რომ იგუდებოდა, განა ტკივილზე ნაკლები ასატანი იყო? დღეს დილით კი უარესი მოხდა - ცხვირიდან სისხლდენა დაეწყო, მერე აღებინა და პირიდანაც სისხლი ამოანთხია. ეს უკვე აღსასრულის მოახლოებას ნიშნავდა. მისი სიცოცხლის დარჩენილი დღეები წუთებს ითვლიდა.

მესამე ღამეს, როგორც იქნა, ლეონის პასუხი მოუვიდა.

- როდის?

მაიკომ სწრაფად გადაითვალა დღეები. რამდენიმე დღე კიდევ სჭირდებოდა. პირველ რიგში, თაიასთვის უნდა დაერეკა, გამომშვიდობებოდა. ანდერძის ამბავსაც ეტყოდა და თავის მდგომარეობასაც აუხსნიდა. მერე გოჩასთვისაც უნდა დაეტოვებინა წერილი - უსახელო, უმისამართო და მაგიდაზე, გამოსაჩენ ადგილას დაედო, თავის ერთ-ერთ წიგნში ჩადებული, უფრო სწორად ჩაწებებული, რომ შემთხვევით არ გადმოვარდნილიყო. წიგნს კი მეორე გვერდზე წააწერდა: `სახსოვრად გოჩას~ და იქვე მამაკაცის ტელეფონის ნომერს მიაწერდა, რომ ვინმეს მისთვის გადაეცა. ის კი წერილს აუცილებლად იპოვიდა.

ამისთვის ალბათ სამი დღე მაინც დასჭირდებოდა.

- ხუთშაბათს, ორ საათზე. ის ზუსტად ამ დროს სახლიდან გამოვა. - მისწერა პასუხად.

- გასაგებია.

- ფული როდის გადმოგირიცხო?

- ფული?.. მერე, როცა საქმე მომთავრდება.

- არა, მერე არ გამოვა. ახლავე უნდა გამომიგზავნო მონაცემები. ხომ შეიძლება, გადაგაგდო?

- ჩემი გადაგდება იოლი არ არის. - `გაუღიმა~ ლეონმა.

- გამომიგზავნე ანგარიშის ნომერი.

რამდენიმე წამში ლეონმა ანგარიშის ნომერი გადმოუგზავნა - მაიასთვის უცნობი ორგანიზაციის რეკვიზიტები.

- ხვალ ფული ამ ანგარიშზე დაჯდება. მშვიდობით! სასიამოვნო იყო შენთან თანამშრომლობა! - გაეხუმრა და ღიმილი დაუხატა.

მორჩა, ეს საქმეც მოაგვარა. ახლა შეუძლია მშვიდად იყოს.

მშვიდად... იყო კი მშვიდად? არა, ვერ იყო. რაღაც აწუხებდა, აფორიაქებდა, შინაგანი დაძაბულობა უფრო და უფრო მატულობდა სულში. რისი ეშინოდა? დაგეგმილი სიკვდილის? არ ყოფილა ადვილი, როცა ზუსტად იცი, რა დროს მოკვდები. ამის გააზრება საშინელება აღმოჩნდა.

არა უშავს, სამ დღეში როგორღაც შეეჩვევა, რაღაც დონეზე მაინც. ეჰ, რამდენი ოცნება დარჩა აუხდენელი, რამდენი სურვილი მოუსურვილებელი, იდეები - განუხორციელებელი... ეგ არაფერი. ცხოვრებაა ასეთი. ყველა ოცნებას ვერ აიხდენ, ზოგი ჩაგივლის...

მეორე დილით ადრე ადგა და ბანკისკენ გაეშურა, ფული უნდა მოეხსნა და ლეონისთვის გადაერიცხა. ჯერ ბანკომატთან მივიდა, თანხის ნაწილი რომ გამოეტანა, რათა დასაფლავების ხარჯებისთვის გადაედო, მაგრამ ბანკომატმა ბარათი ჩაუყლაპა. არა, ბარათი კი არა, ფული. აღება დააყოვნა, სადღაც, ფიქრებში გადაიჭრა, ამასობაში ფული უკანვე ჩაყლაპა აპარატმა. იქვე მდგარ გოგონას სთხოვა შველა, იმან ოპერატორთან გადაამისამართა. ოპერატორმა ხელოსანი გამოიძახა და... მოკლედ, ამ ყველაფერმა დრო წაიღო. მერე იმავე ოპერატორს საკუთარი თანხიდან სხვა ანგარიშზე გადარიცხვა სთხოვა. რამდენიმე წუთში შეპირებული თანხა უკვე ლეონის ანგარიშზე იდო.

უკან რომ ბრუნდებოდა, მარკეტში შეიარა, კიტრი, პამიდორი და ყველი იყიდა. სახლში არაფერი მოეძევებოდა, საჭმლის მომზადების არც თავი ჰქონდა, არც სურვილი. ბოლო დროს ისედაც ცოტას ჭამდა. გახდა... დაეტყო... ლოყები ჩაუცვივდა, თვალები ამოუღამდა. ჰოდა, ახლა სალათა, ყველი და პური სწორედ რომ მისწრება იყო მისთვის, სხვა არც არაფერი უნდოდა.

უკანა გზაზე ტელეფონში ფულიც ჩარიცხა, რომ შვილისთვის დაერეკა, ამჯერად... უკანასკნელად. თაია მას ცოცხალს ვეღარ ჩამოუსწრებდა.

ჭამა და სული მოითქვა, თვალებში გამოიხედა. მაისი უკანასკნელ დღეებს ითვლიდა... მაიკოსავით. უცნაური ამინდი იდგა. ხან წვიმდა, ხან მზე აცხუნებდა. დარი და ავდარი დღეში რამდენჯერმე ენაცვლებოდა ერთმანეთს.

მთელი დღე უაზროდ გაატარა. საქმე აღარაფერი ჰქონდა, მხოლოდ წერილი უნდა დაეწერა. დაჯდა და წერას შეუდგა. თბილად დაემშვიდობა თავის დაუვიწყარ სიყვარულს, პატიება სთხოვა, რომ სიმართლე არ გაუმხილა, რომ კიდევ ერთხელ ატკინა გული და შეჰპირდა, თუ იმ ქვეყნად რამე არსებობდა, იქ მაინც შეხვდებოდა. მადლობაც გადაუხადა მასთან გატარებული დღეებისთვის. მადლობის თქმას წინ რა უდგას? ეს ის ბაფთაა, რომელიც საჩუქრის ყუთს აქვს შემოხვეული და ალამაზებს. გოჩა ამას იმსახურებდა. ბოლოს მიაწერა, ტკივილამდე მიყვარხარო და სამი ძახილის ნიშანი დასვა. მერე წერილი ორად გაკეცა, ნაწერი მხარე გარედან მოაქცია, ქაღალდის წებო წაუსვა და წიგნის შუა ფურცლებში ჩააწება.

მერე ბინდი თანდათან ჩამოწვა. შუქი აანთო და მაგიდას მიუჯდა. რატომღაც, შესცივდა, არადა, თბილი საღამო იდგა. პლედი ფეხებზე შემოიხვია და მობილური მოიმარჯვა, თაიასთვის უნდა დაერეკა.

ზარი კარგა ხანს არ გავიდა. მერე კარგა ხანს თაიამ არ უპასუხა. ბოლოს, როგორც იქნა, ნაცნობი ხმაც გაისმა.

- ალო!

- თაი, როგორ ხარ, დედი?

- კარგად ვარ, - ცივად უპასუხა შვილმა.

- ხომ კარგად მიგდის საქმეები? - ანერვიულებულმა ნერწყვი გადააგორა.

- როდის აქეთ დაინტერესდი ჩემი საქმეებით?

არ უპასუხა.

- რატომ დამირეკე? რამე გჭირდება? - თითქოს დასცინოდა ქალიშვილი.

მაიამ ღრმად ამოიოხრა.

- რაღაც უნდა გითხრა... მნიშვნელოვანი, იმიტომ გირეკავ.

- მითხარი.

- როცა ჩამოხვალ, აქ, ბინაში, ჩემს მაგიდაზე, საბუთები დაგხვდება... - სიტყვებს ძლივს პოულობდა.

- რა საბუთები? შენ სად მიდიხარ?

- მე მივდივარ... იქ, საიდანაც არ ბრუნდებიან.

- ვერ გავიგე, რა ქარაგმებით მელაპარაკები?

- მოკლედ, ეს საბუთები ანდერძია. ბინას შენს სახელზე ვტოვებ.

- რა? რაღაც არეულად მელაპარაკები, ვერაფერს ვერ მივხვდი, საით მიდიხარ, რა ანდერძი, რა გჭირს? რა დროს შენი ანდერძია!

- მე ვკვდები, თაი, სულ რამდენიმე დღეღა დამრჩა.

მობილურში სიჩუმემ დაისადგურა. თაია ალბათ ნათქვამს აანალიზებდა.

- დედა! - გაისმა ცოტა ხნის შემდეგ მისი ჩაწყვეტილი ხმა.

მაიკომ კრინტი ვერ დაძრა, ცრემლები ყელში მობჯენოდა. რამდენი ხანია, შვილს მისთვის ასე არ მოუმართავს.

- დედა, აქ ხარ?

- აქ ვარ, კი.

- ამიხსენი, რა ხდება. დამშვიდდი და დალაგებულად ამიხსენი ყველაფერი.

- სიმსივნე მაქვს, ფილტვების, მეოთხე სტადია, ბოლო კატეგორია.

- რას ამბობ! ვინ გითხრა, რა სიმსივნე, საიდან მოიტანე ეგ სისულელე?

- კარგა ხანია, მაქვს, უბრალოდ, არ მინდოდა, შენ გაგეგო. შენი შეწუხება არ მინდოდა. მინდა, კარგად იყო, მინდა, ცუდად არ გამიხსენო. გასვენებაშიც ნუ ჩამოხვალ. აქ ყველაფერს მოუვლიან, უშენოდაც. ჩემი მეგობრები. ფული მაქვს, მაგის პრობლემა არ მიდგას.

- კვირის ბოლომდე ჩამოვფრინდები! - იყვირა თაიამ.

- არა, არ წამოხვიდე. შეიძლება ვერც ჩამომისწრო. უკვე ყველაფერი დაგვიანებულია.

- რას ამბობ, დედა! მე აქ რა გამაჩერებს, როცა შენ ასე გიჭირს.

- არაფერიც არ მიჭირს, ყველაფერი უკვე ჩავლილია. არ წამოხვიდე, იცოდე!

- და ვინ არის შენ გვერდით, ვინ გივლის?

- მყავს მომვლელები, ნუ გეშინია. არაფერი არ მაკლია.

- ღმერთო, სიზმარი მგონია ეს ყველაფერი. რატომ მოხდა ასე, რატომ? ჯერ მამა, ახლა შენ...

- ცოდვებმა მიწია, თაი, ცოდვებმა. ვერ გამოვდექი კარგი დედა. მაპატიე, შვილო, ყველაფერი მაპატიე.

- შენ რა გჭირს საპატიებელი, ნუ გადამრიე. მე ვარ დეგენერატი, ჩემი ბრალია ყველაფერი.

- მორჩა, მორჩა, არ გვინდა ამაზე ლაპარაკი. არ ჩამოხვიდე, გაიგე? აზრი არა აქვს შენს ჩამოსვლას.

- აქ რა გამაჩერებს, როცა შენ ასე გიჭირს, გაგიჟდი?

- დამიჯერე, რასაც გეუბნები. როცა ყველაფერი დამთავრდება, შეგატყობინებენ. ვითომ შენ არაფერი არ იცი. ასე ჯობია. - ამის თქმა და სალაპარაკო ამოეწურა, კავშირი გაწყდა.

ოჰ, როგორ დაუმძიმდა გული. იქნებ არ უნდა დაერეკა? იმასაც სადარდებელი დაუმატა. ისედაც ხომ გაიგებდა თავის დროზე? არა, არ უნდა დაერეკა.

კარგა ხანს იჯდა თავჩაქინდრული და ელოდა. ეგონა, თაია თვითონ დაურეკავდა. ტელეფონი კი დუმდა.

ძალიანაც კარგი, რომ არ დაურეკა. ასე აჯობებს. რა საჭიროა სენტიმენტები? ამოიკვნესა და წამოდგა. მთელ სხეულში ამტვრევდა, თითქოს სურდო შეჰყროდა. მთელი შიგნეულობა უხურდა. ცოტა ხანში იგრძნო, როგორ გაუხშირდა სუნთქვა, უჰაერობა ეწყებოდა. თვალებით მოძებნა თემოს დანატოვარი სუნთქვის აპარატი და ცხვირზე აიფარა. საწოლამდე მილასლასდა და წამოწვა. როგორმე უნდა მოეთმინა ორი დღე და მორჩა, მის წამებას ბოლო მოეღებოდა.

გოჩა ადგილს ვერ პოულობდა. აღარ იცოდა, რა მოემოქმედა. ფული ჩაერიცხა. თანხისთვის ხელი არ უხლია. როცა საქმეს ვერ `გააკეთებდა~, პატრონს მისწერდა და თანხას უკანვე გადაურიცხავდა. ამით სწრაფად გაარკვევდა, ვისთან ჰქონდა საქმე. საჭიროების შემთხვევაში მეგობრებს დაიხმარებდა, უშიშროებაშიც ჰყავდა ნაცნობები. არა, შემკვეთის დაჭერა აზრადაც არ გაუვლია, მაგრამ როცა გაიგებდა, ვინც იყო, სახლში მიუვარდებოდა და დაემუქრებოდა, თუკი შენს განზრახვაზე ხელს არ აიღებ, ციხე არ აგცდებაო. ასე გაგრძელება აღარ გამოდიოდა. საინტერესო ის იყო, საიდან იცოდა დამკვეთმა, რომ მაიკო ხუთშაბათს, ზუსტად ორ საათზე სახლიდან გამოვიდოდა? დაურეკავდა? შეხვედრას დაუნიშნავდა? და სად, პირდაპირ თავისსავე სადარბაზოსთან დაიბარებდა? მაიკოც გულუბრყვილოდ დაეთანხმებოდა და გამოვიდოდა? იქ კი ჩასაფრებული კილერი დახვდებოდა და...

გულდამძიმებული ის დღეები სახლიდან არ გამოსულა. დედამისი მდუმარედ ადევნებდა თვალს შვილის ასეთ უეცარ ცვლილებას. იცოდა, რაც ხდებოდა. მიხვდა, რომ მაიკომ სიტყვა შეასრულა და მასთან ურთიერთობა გაწყვიტა. უყურებდა მანანა ერთადერთი ვაჟის ტანჯვას და გული ტკივილით ევსებოდა. ისედაც სიტყვაძუნწი და გაუცინარი გოჩა ახლა მთლად სამარის ქვას დაემსგავსა. კრიჭაშეკრული მთელი დღე თავის ოთახში იყო წამოწოლილი და ან ჭერს მიშტერებოდა, ან თავქვე დამხობილი, ოთხად მოკეცილი გმინავდა.

რა უფრო გამართლებული იქნებოდა? ეთქვა გოჩასთვის სიმართლე და კვლავ მაიკოსთვის დაებრუნებინა იგი? თუ დალოდებოდა იმ დღეს, როცა მაიას სიცოცხლე დამთავრდებოდა? არა, გოჩა არ უნდა მიბრუნებულიყო მასთან. თუ მაია ხელში ჩააკვდებოდა, ამას გოჩა ვეღარ გადაიტანდა. თავისი შვილის ბუნებას მასზე კარგად არავინ იცნობდა. მერეც ეყოფოდა ტანჯვა-ვაება, როცა მისი სიკვდილის ამბავს გაიგებდა.

გოჩა კი ხუთშაბათის დადგომას ელოდებოდა. ოთხშაბათ ღამეს წამითაც ვერ მოხუჭა თვალი. ნერვებს ვერ იწყნარებდა, თავს ვერ იოკებდა. ერთი სული ჰქონდა, გათენებულიყო და სამალავისთვის მიეშურებინა. იმედი ჰქონდა, რომ დამკვეთს გაშიფრავდა, ბოლოს და ბოლოს, მიაგნებდა და ამ სახიფათო საქმეს ერთხელ და სამუდამოდ წერტილს დაუსვამდა. აი, სიმართლეს რომ გაიგებდა, მერეღა მოიფიქრებდა, უღირდა თუ არა მაიასთან ურთიერთობის გაგრძელება. ხვალინდელი დღე გადაწყვეტდა, რამდენად გულწრფელი იყო მისი და მაიას ბოლო შეხვედრები და რა იმალებოდა მისი იდუმალებით მოცული პიროვნების უკან.

როგორც იქნა, ინათა, ცა იასამნისფრად შეიღება. მზემ ზოზინით დაიწყო ამოცურება, ქვეყნის დასალიერი ოქროსფრად შეიღება.

გოჩა გაემზადა, საგულდაგულოდ ჩაკეტილი უზარმაზარი სეიფი გამოაღო, თავისი განუყრელი ჩანთა მხარზე მოიგდო და სახლიდან გამთენიისას გავიდა, რომ დედას არ გაღვიძებოდა. შაშხანა არ წაუღია, სეიფში დატოვა, ის დღეს არაფერში სჭირდებოდა.

დედას კი არ ეძინა. არ იცოდა, საითკენ მიიჩქაროდა მისი შვილი, მაგრამ არც უცდია, ეკითხა. როცა გოჩამ კარი გაიხურა, თვალები ცრემლით დაენამა. ერთადერთი შვილი ხელიდან ეცლებოდა და მის გადასარჩენად ვერაფერს აკეთებდა.

გოჩა კარგა ხანს სკვერში იჯდა. შიმშილისგან გული რომ არ წასვლოდა, ცხელი ხაჭაპური იყიდა და უგემურად შეუდგა ჭამას...

დანაყრდა. ამასობაში დრომაც მოატანა. დაკვეთის შესრულებამდე ერთი საათიღა რჩებოდა. ჩქარი ნაბიჯებით გაუყვა ტროტუარს და მაიკოს მოპირდაპირე მხარეს მდებარე კორპუსის სადარბაზოში გაუჩინარდა.

ფეხით ავიდა ბოლო სართულზე. წინასწარ მომზადებული გასაღებით სახურავზე ასასვლელი რკინისცხაურიანი კარის ბოქლომი გააღო და კვლავ გარედან ჩაკეტა.

როცა შეგულებულ ადგილზე მივიდა, ჩანთა გახსნა, ხაკის სამხედრო ფარდაგი ამოიღო, გაშალა და ზედ გაწვა. მერე ბინოკლი მოიმარჯვა და სახურავიდან გადაიხედა. მაიკოს ფანჯარაში არავინ ჩანდა. ფარდა ისევ ისე იყო ჩამოფარებული, როგორც ადრე. ქუჩა შეათვალიერა. ადამიანები მიდიოდნენ, მოდიოდნენ, საეჭვო არავინ ჩანდა.

დრო იწელებოდა. გოჩას გულს ბაგაბუგი გაჰქონდა. ერთი სული ჰქონდა, ენახა, მაიკო მარტო გამოვიდოდა სადარბაზოდან თუ ვინმესთან ერთად. ქუჩას წამითაც არ აშორებდა ბინოკლს, ყველა კუთხე-კუნჭულს ზვერავდა.

მაიკო დილიდანვე გაემზადა. ლამაზად ჩაიცვა, მაკიაჟიც გაიკეთა, რომ სიკვდილს კარგ ფორმაში დახვედროდა. მაგიდაზე ხათუნას სახელზე მსხვილი ასოებით დაწერილი წერილი დატოვა, რომელშიც იტყობინებოდა, როცა მოკვდებოდა, რა უნდა გაეკეთებინა მეგობარს, დასაფლავების ხარჯებისთვის საჭირო ფული სად ინახებოდა. დატოვა მამა გიორგის და თემოს ტელეფონის ნომრები, ჩემს დასაფლავებას ამ ადამიანებს ვთხოვ და ორივეს დაუკავშირდიო. ტექსტი ისე იყო დაწერილი, რომ მის თვითმკვლელობაში ეჭვი არავის შეეტანა. ამას ისე ვწერ, ყოველი შემთხვევისთვის, იმიტომ, რომ არ ვიცი, რაწამს მოვკვდები. იქნებ ისე მოულოდნელად გავხდე ცუდად, რომ ვერავის გაფრთხილება ვერ მოვასწროო. წერილი გამოსაჩენ ადგილას დადო. მერე სანთელი აანთო და, ცხოვრებაში პირველად, ლოცვა წაიკითხა, როგორც მამა გიორგიმ გუშინ ასწავლა. ეკლესიაში შეუარა და მოიკითხა, თითქოს გამოსამშვიდობებელი რიტუალი ჩაატარა. მე რომ მოვკვდები, შენ უნდა მაზიაროო, ღიმილით აუწყა.

თავს საშინლად გრძნობდა. დილიდან უჭმელი იყო. შიმშილმა კუჭი აუწრიალა, მაგრამ მაინც არ შეჭამა. ღებინების შეგრძნება თავს არ ანებებდა. ვერ ხვდებოდა, შეტევა უახლდებოდა, თუ უჭმელობის გამო გრძნობდა თავს ასე ცუდად.

მორჩა, ყველაფერი მოითავა.

ახლა სწორედ საკუბოედაა გამოწყობილი. მისი ჩაცმა არავის მოუწევს. ყველა მიხვდება, რომ საგანგებოდაა გამოპრანჭული. მართალია, ჯერ ალბათ პროზექტურაში წაასვენებენ, როგორც მოკლულს, მაგრამ იქ ხომ არ დატოვებენ? ბოლოს ხომ მაინც შინ მოასვენებენ? ჰოდა, ისევ იმას ჩააცმევენ, რაც ახლა აცვია. თუმცა, არა, ის ვერ გაითვალისწინა, რომ მოხვედრილი ტყვია ტანსაცმელს სისხლით მოუსვრიდა. ჰო, ეს უნდა გაეთვალისწინებინა. კარადა გამოაღო, ერთი ხელი ტანსაცმელი გამოიღო და იქვე, საწოლზე გადაფინა. ეს კიდევ ერთი ნიშანი იყო იმისა, რომ კუბოში ამ სამოსით ჩაესვენებინათ. საინტერესოა, სად მოხვდება სნაიპერის ტყვია, შუბლში? ალბათ. სნაიპერები ხომ შუბლში უმიზნებენ თავიანთ მსხვერპლს. ან იქნებ გულში? გააჩნია, ლეონი რომელს ამოირჩევს. თუ უნდა, რომ მიცვალებული არ დამახინჯდეს, მაშინ გულში უნდა მოარტყას. თუ მისთვის სულერთია, მაშინ ალბათ შუბლს გაუხვრეტს და ეგ იქნება. ახლა ამაზე ფიქრი და დარდი არ ღირდა. ახლა ერთი ზარიღა დარჩა, ერთი დარეკვა და ორი საათიც გახდება. მობილური მოიმარჯვა და გოჩას ნომერი მოძებნა. დარეკა... ტელეფონი გამორთული იყო. ეწყინა. როგორ უნდოდა, ერთხელაც გაეგონა მისი ხმა და ერთადერთი სიტყვა ეთქვა: `მიყვარხარ~. მერე გაუთიშავდა და მობილურს გამორთავდა, რომ მას რეკვა არ აეტეხა. და თუკი მაშინვე მისკენ გამოეშურებოდა, აქ უკვე მისი გვამი დახვდებოდა.

ბინიდან გამოვიდა, კარი ჩაკეტა და გასაღები ჩანთაში ჩაიგდო. ნელი ნაბიჯებით გაიარა სართულის მოედანი, კიბეს ჩაუყვა და შემოსასვლელს მიაშურა. სადარბაზოს კართან შედგა, ჰაერი ჩაისუნთქა და გავიდა. ჯერ ირგვლივ მიმოიხედა, მერე წინა კორპუსს ახედა, სადაც მისი სიკვდილი თუ მკვლელი უნდა ყოფილიყო ჩასაფრებული და გაიღიმა. თვალები დახუჭა და გაჩერდა, მისთვის განკუთვნილ ტყვიას ასე, თვალებდახუჭული და გაღიმებული დაელოდა...

გოჩამ გულზე ჩხვლეტა იგრძნო, როგორც კი მაია სადარბაზოდან გამოვიდა. ბინოკლში ნათლად ჩანდა მისი სახე - ლამაზი, ღიმილიანი. როგორი გამოპრანჭული იყო, თითქოს წვეულებაზე მიიჩქაროდა. ქალი გაჩერდა, სახიდან ღიმილი არ შორდებოდა. იდგა და თითქოს ვიღაცას ელოდა. ნუთუ ვინმემ უნდა მოაკითხოს? სუნთქვა გაუჩერდა. ამ დროს პირდაპირ მისკენ მიმავალი ქალი დაინახა, რომელსაც ჯაჭვზე გამობმული ძაღლი მიჰყავდა. არა, ის დამკვეთი ვერ იქნებოდა, უფრო მეზობელი უნდა ყოფილიყო, რომელიც ძაღლს ასეირნებდა.

უეცრად რაღაც მოხდა. მაიკოს ღიმილი სახეზე შეეყინა, თავი წინ გადახარა, ხელი გულზე მიიდო და ისეთი მოძრაობები გააკეთა, თითქოს ხველება აუტყდაო.

მერე თავი ასწია. გოჩა თვალებს არ უჯერებდა. ქალს ხელები და პირი სისხლით ჰქონდა მოსვრილი. მაიკო მოულოდნელად ჩაიკეცა და ბეტონზე დაეცა.

ეს რას ნიშნავს? ნუთუ სხვაც იყო დაქირავებული? ვინ ესროლა? როგორ? საიდან? წამოხტა. ისე იყო დაბნეული, ვერ მოისაზრა, საით გაქცეულიყო.

როგორც იქნა, გონს მოეგო, ფარდაგი აკეცა, ბინოკლიანად ჩანთაში ჩაუძახა და კარს ეცა. აცახცახებული ხელებით ძლივს მოარგო გასაღები ბოქლომს და როცა კარი გააღო, დაკეტვა აღარ უცდია, კისრისტეხით დაეშვა კიბეზე.

დააგვიანა. სანამ პირველ სართულამდე ჩაირბინა, სანამ სადარბაზოდან გამოვარდა, ქუჩა გადაირბინა და მაიკოს კორპუსამდე მიაღწია, ყველაფერი დამთავრებული იყო. მაიკო არსად ჩანდა. კორპუსის წინ კი კარგა გვარიან ხალხს მოეყარა თავი.

- რა მოხდა? - აქოშინებულმა ერთს ჰკითხა.

- მეზობელი გახდა ცუდად და საავადმყოფოში წაიყვანეს.

- `სასწრაფოს~ მანქანით? - დაზუსტება სცადა.

- არა, არა, `სასწრაფოს~ არ დალოდებიან. მეზობლებმა... თავიანთი მანქანით.

- იციან, ვინ ესროლა? პოლიციას გამოუძახეს?

- ესროლა? არა მგონია... დაჭრილი არ ყოფილა... მგონი, ცხვირიდან სისხლი წასკდა თუ რაღაც....

მადლობა ღმერთს... თუ ასეა, მაშინ არა უშავს. მაშინ ყველაფერი რიგზეა. გოჩამ ხარბად ჩაისუნთქა ნესტიანი ჰაერი და თავჩაღუნული ქუჩას გაუყვა...

ახლა ძილის მეტი არაფერი უნდოდა. მერე კი, საღამოს, მაიასთან ავიდოდა და ყველაფერს მოუყვებოდა... სიმართლე დღესვე უნდა გარკვეულიყო... დრო არ იცდიდა...

დასასრული შემდეგ ნომერში