თვითმკვლელობა დაკვეთით (თავი XVI) - გზაპრესი

თვითმკვლელობა დაკვეთით (თავი XVI)

მანანას გოჩას დანახვაზე გულზე შემოეყარა. მამაკაცი ერთიანად გაოფლილიყო, სველი პერანგი სხეულზე მიჰკვროდა. სახე და შუბლიც ოფლით ჰქონდა დაცვარული და გაფითრებულს სასოწარკვეთილი იერი დასდებოდა.

- მოხდა რამე? - ხმადაბლა შეეკითხა დედა.

- ჰო, - გოჩამ კბილი კბილს დააჭირა, რომ არ ეყვირა. რატომღაც, მოუნდა, ახლა, ამწუთას დედაზე შური ეძია, ახლა, ამწუთას გამოეცხო ისეთი ტყუილი, რომ გამზრდელს გული მოჰკვდომოდა. თუმცა, ეს არც იქნებოდა ტყუილი, რადგან როცა მაიას სახე და მკერდი სისხლით შეეღება, ეგონა, რომ მას მართლა ესროლეს.

- რა მოხდა, შვილო, ხომ მშვიდობაა? - მანანამ გულზე მიიჭირა გაშლილი ხელისგულები, მუხლები მოეკეცა.

- ახლახან მაიკოს ესროლეს... და მგონი, მოკვდა. - თქვა და დედას ნელა, ძალიან ნელა შეხედა, თან მის რეაქციას დაელოდა.

მანანას მოულოდნელობისგან ყბა მოექცა. მაიკოს სიკვდილის ამბავს ალბათ შინაგანად ელოდა კიდეც, იცოდა, ქალის დღეები დათვლილი იყო, მაგრამ მკვლელობა მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

- ვინ? რატომ?

- არ ვიცი, ვინ... არც ის ვიცი, რატომ. - ამოიგმინა გოჩამ, დივანზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო.

კარგა ხანს სიჩუმე ჩამოწვა. მანანა გონს მოეგო, ვაჟს მიუახლოვდა, თავზე ხელი გადაუსვა, მისი სახე მკერდზე მიიხუტა, ტუჩით შვილის თმას შეეხო და ჩურჩულით ამოთქვა:

- ბედისწერის შეცვლა არავის შეუძლია, შვილო. მაიკოს დღეები ისედაც დათვლილი იყო. ის მაინც მოკვდებოდა.

გოჩამ სწრაფად ასწია თავი, დედის ხელები მოიშორა, ზეზე წამოიჭრა და გამჭოლი მზერა მიაპყრო მშობელს.

- რას ნიშნავს, მაინც მოკვდებოდა?

- მას ფილტვის სიმსივნე ჰქონდა, მეოთხე სტადია. უკვე დღეებს ითვლიდა.

- რა? - გოჩას ნიკაპი აუკანკალდა, მხოლოდ ახლაღა გაიაზრა, რატომ გადაწყვიტა საყვარელმა ქალმა მასთან განშორება, - შენ საიდან იცი?

- სრულიად შემთხვევით გავიგე, - იცრუა მანანამ, - მაგრამ ვერ გითხარი. ვიფიქრე, ინერვიულებს-მეთქი.

გოჩას ძალა წაერთვა. კვლავ დივანზე ჩამოჯდა, დედას ხელები დაუჭირა, თავი ზედ დააყრდნო და... აქვითინდა.

ამ შემაძრწუნებელი სურათის დანახვას დედის გულმა ვეღარ გაუძლო. გონდაკარგული მანანა იატაკზე მოცელილივით დაეცა...

მაიამ ერთი კვირა დაჰყო საავადმყოფოში. თემო, რომელსაც იმ საღამოსვე დაურეკა, გვერდიდან არ შორდებოდა. ყოველდღე მოდიოდა მის სანახავად. მაიას ავადმყოფობის ისტორია მასზე უკეთ ვინ იცოდა, ამიტომ ქალის მკურნალ ექიმთან კონსულტაციებს მართავდა.

ერთხელ მამა გიორგიმაც ინახულა. მთელი საათი ეჯდა სასთუმალთან და ლოცვებს უკითხავდა. როგორ სიამოვნებდა მაიას, მისი მონოტონური ხმა რომ ესმოდა. მღვდელი თითქოს კი არ უკითხავდა ლოცვას, არამედ უგალობდა.

- როგორც კი აქედან გამწერენ, ჩემი საუკეთესო მეგობრები ერთად უნდა შეგყაროთ, გიო, - დაიჩურჩულა მაიკომ, როცა მამა გიორგიმ ლოცვა დაამთავრა.

- მინდა, ჩემს სიკვდილს მხოლოდ ჩემთვის საყვარელი ადამიანები დაესწრონ, - დაამატა და თვალები ცრემლით აევსო.

- ჯერ ნაადრევია სიკვდილზე საუბარი, ჩემო მაიკო, - მღვდელმა ჰაერში პირჯვარი გადასახა, - თუმცა, ბოლოს ყველა ჩვენგანი წარდგება უფლის წინაშე. ასეთია ღვთის ნება.

მაიამ ცრემლიანი თვალები მილულა და სუსტად გაიღიმა. მისთვის ეს ვერაფერი ნუგეში იყო...

გოჩა ყოველ საღამოს მიდიოდა მაიკოს კორპუსთან, მაგრამ იქ შუქი ანთებული ერთხელაც არ დახვედრია. მიხვდა, რომ ქალი ჯერაც არ გამოეწერათ საავადმყოფოდან. ძებნა არ დაუწყია, დაელოდა, როდის დაბრუნდებოდა მისი ოცნების ქალი შინ. არც დარეკვა უცდია, შეეშინდა, არ ინერვიულოსო. ასე განვლო ერთმა კვირამ.

როგორც იქნა, მეშვიდე დღეს გაუმართლა. საღამოს ხანს, როცა კიდევ ერთხელ დაზვერა ნაცნობი კორპუსი, მაიკოს ბინაში შუქი შენიშნა. როგორ აღელდა... ისე ანერვიულდა, სპაზმები დაეწყო. მანქანა სადარბაზოსთან დააყენა და სასწრაფოდ გადმოვიდა. სახე ღამის ჰაერს შეუშვირა და ღრმად ჩაისუნთქა. როცა შედარებით დაწყნარდა, მობილური მოიმარჯვა და დარეკა.

- გისმენთ! - გაისმა ქალის მისუსტებული ხმა.

გოჩას ჟრუანტელმა დაუარა მისი ხმის გაგონებაზე. რას არ გაიღებდა, ოღონდ ეს ხმა ყოველდღე მოესმინა. მხოლოდ ეს ერთი "გისმენთ" მთელ სიცოცხლედ უღირდა.

- მე ვარ, გოჩა, - ძლივს მოაბა სათქმელს თავი.

- ვიცი... ალბათ აქ ხარ, ახლომახლო, არა?

- ჰო, შენს ფანჯრებთან ვდგავარ.

- ამოდი...

- მარტო ხარ?

- ჰო, მარტო ვარ, თემო ეს-ესაა, წავიდა.

ავიდა... ზარის დარეკვა არ დასცალდა, რადგან კარი იმწუთასვე გაიღო, როგორც კი მიუახლოვდა. გოჩას მაიას დანახვაზე თავზარი დაეცა. ეს არ იყო ის ქალი, რომელსაც იცნობდა, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ თავის სადარბაზოსთან გამოპრანჭული იდგა და უცნაურად იღიმოდა. მის წინ თითქოს მკვდრეთით აღმდგარი მიცვალებული იდგა - ჩაცვენილი ღაწვებით, ამოღამებული თვალებითა და მიტკალივით გაფითრებული სახით.

ერთმანეთისთვის სიტყვა არ უთქვამთ. გოჩამ ზღურბლს გადააბიჯა და ქალი გულში ჩაიკრა. მაიკომ ზურგზე მოხვია ხელები, ჩაეხუტა და თავი მის მკერდში ჩამალა. დიდხანს იდგნენ ასე და ერთმანეთის დუმილს უსმენდნენ. ამ დუმილში კი უფრო მეტი იკითხებოდა...

- ამიტომ მკარი ხელი? - გოჩა ხელებს უკოცნიდა წამოწოლილს და ნაზად შესცქეროდა.

- ჰო. არ მინდოდა, შენთვის სატანჯველი მომემატებინა. არ მინდოდა, მაინცდამაინც ჩემი სიკვდილის მოწმე გამხდარიყავი. - დაუმალა, დედამისი რომ ესტუმრა. არ უნდოდა, შვილს დედაზე კიდევ ერთხელ აცრუებოდა გული.

- სულელო. იმაზე უარესი რა უნდა დამმართოდა, რაც შენი უარით დამმართე? - გაუღიმა მამაკაცმა და მისი მარჯვენა გულზე მიიხუტა. - მე ბოლომდე შენ გვერდით ვიქნები, დღეც, ღამეც... რომც გამაგდო, აქედან ფეხს არ გავადგამ.

- აღარ გაგაგდებ, მაგრამ ისეთი ვეღარ ვიქნები, როგორიც შეგხვდი. ახლა ძალიან დასუსტებული ვარ, არაფრის თავი არ მაქვს.

- ვხვდები, რასაც გულისხმობ. ნუ ხარ სულელი, მე ეს არაფერში მჭირდება. მთავარია, ერთად ვართ და განსაცდელსაც ერთად დავხვდებით. შენ წახვალ, მერე ოდესღაც მეც შემოგიერთდები და ჯვარსაც იქ დავიწერთ, ზესამყაროში.

მაიკოს გაეცინა. მამაკაცის ვეება ხელისგან ხელი გაითავისუფლა და სახეზე ჩამოუსვა. თითებით შემოხაზა მისი სახის ოვალი, ცხვირისა და ტუჩების კონტურები და ბოლოს გაშლილი ხელისგული მის ლოყაზე დაასვენა.

- არ გამიშვა ხელი, ხომ? - ბავშვური მიამიტობით გაუღიმა.

- არ გაგიშვებ, - გულდათუთქულმა მამაკაცმა მაიკოს ხელს თავისი ხელი დაადო და თვალები მილულა.

- საიდან გაიგე ჩემი ამბავი?

- დედაჩემმა მითხრა, შემთხვევით გაუგია.

მაიას მწარედ გაეღიმა. როგორც ჩანს, გოჩას დედა სინდისმა შეაწუხა, რადგან შვილს სიმართლე არ დაუმალა...

მალე ჩაეძინა. გახშირებულად სუნთქავდა, ძილში შფოთავდა. მის სხეულს თანაბრად სუნთქვა უფრო და უფრო უჭირდა.

გოჩა ფრთხილად წამოდგა. მზრუნველად შემოუკეცა თხელი საბანი ქალს და ფეხაკრეფით დატოვა ოთახი. უეცრად დამკვეთი გაახსენდა. გადაწყვიტა, მისთვის მიეწერა და ყველაფერი აეხსნა, მერე ფულის დაბრუნებაზე დალაპარაკებოდა და ამით კვალზე გასულიყო.

კვლავ საძინებელში შებრუნდა და მაიკოს კომპიუტერს მიუჯდა. ჩართო. ეკრანი განათდა, პროგრამები ჩაიტვირთა...

საძიებელში "ფეისბუკი" მოძებნა... მონიტორზე ორი ჩარჩო გამოჩნდა... ერთზე მაიკოს სურათი იდო თავისივე სახელით. მეორე პროფილი კი... მეორე მაიას არ ეკუთვნოდა, მაგრამ მისთვის ეს პროფილი ძალიან, ძალიან ნაცნობი იყო - ზაფხულის პეიჟაზის ქვეშ წარწერა "პიმპუ" იკითხებოდა.

ეს როგორ უნდა გაეგო? გამოდის, მისი მოკვლა მისსავე მეგობარს სურს? ვიღაც ისეთს, რომელიც მის სახლში ნამყოფია, რომელსაც მისი კომპიუტერით უსარგებლია... როგორც ჩანს, აქედანაც ელაპარაკებოდა გოჩას და კილერს მითითებებს აძლევდა. საინტერესოა, ვინ არის? მორჩა, ეს ამბავი დღესვე უნდა გაარკვიოს. როგორც კი მაია გაიღვიძებს, დაელაპარაკება და ყველაფერს აუხსნის.

ვეღარ ისვენებდა. კომპიუტერი ჩართული დატოვა და სამზარეულოში გავიდა. წყალი აადუღა და ყავა მოიმზადა. ნატრობდა, მაოს ცოტა ხნით მაინც გაღვიძებოდა, რომ ამით ესარგებლა და მისთვის საჭირო ინფორმაცია მოეპოვებინა. ამაოდ. იმ ღამეს ქალს აღარ გაუღვიძია... გოჩამ კი მთელი ღამე თეთრად გაათენა.

მზიანი დილა გათენდა. ზაფხული აზარტში შედიოდა. უფრო და უფრო მატულობდა სიცხე, რისგანაც ჰაერი თანდათან უარესად ჩახუთული ხდებოდა. გოჩამ ადრიანად დააღო ფანჯრები, მანამ, სანამ მზე ამოიწვერებოდა, ოთახები გაანიავა და შემდეგ კვლავ ჩაკეტა, რომ ბინაში სიგრილე შეენარჩუნებინა.

მაიკოს გაღვიძებისთანავე ღიმილი გადაეფინა სახეზე. გოჩა მის გვერდით იყო. ამაზე უკეთესს ვერაფერს ინატრებდა.

გოჩა არ ჩქარობდა, თუმცა სული მისდიოდა, სიმართლე რაც შეიძლება მალე გაეგო. ისაუზმეს, მერე მაიკომ წამლები დალია და კვლავ წამოწვა. გოჩა გვერდით მიუწვა, მისკენ შებრუნდა, თავი თავთან ახლოს მიუტანა და ყურში უჩურჩულა:

- მაი, რაღაც მინდა გკითხო.

- მკითხე.

- შენი კომპიუტერით შენ გარდა კიდევ ვინ სარგებლობს?

- არავინ. რა იყო? - მიამიტურად იკითხა, ვერ მიხვდა, რატომ დაუსვეს ასეთი უცნაური შეკითხვა.

- როგორ თუ არავინ. აბა, პიმპუ ვინ არის? ვისი პროფილია?

ამის გაგონებაზე ქალს ცივმა ოფლმა დაასხა. თავი წამოსწია, იდაყვს დაეყრდნო და მამაკაცს გამომცდელი მზერით დახედა. გოჩამ თვალი თვალში გაუყარა და გაუღიმა.

- პიმპუ ჩემი ფსევდონიმია. ხანდახან ჩემი რომანის ამონარიდებს ვდებ იქ ჩემი მკითხველებისთვის, - წამებში მოგონილი ტყუილი სხვისთვის ადვილი დასაჯერებელი იქნებოდა, მაგრამ არა გოჩასთვის.

- შენი? როგორ თქვი? შენი პროფილია? - მამაკაცი ზეზე წამოიჭრა.

- ჰო, რა არის აქ გასაკვირი? ხალხს სამი და ოთხი გვერდი აქვს სხვადასხვა სახელით გაკეთებული. მერე რა? - მაიკო ვერაფერს ხვდებოდა.

- მომისმინე, მაო. მე შენთან სერიოზული სალაპარაკო მაქვს და არაფერი არ დამიმალო, იცოდე. საქმე იმაზე რთულადაა, ვიდრე შენ გგონია.

- ნუ მაშინებ, გოჩა, რა გემართება? - ქალმა ხელი მოხვია მამაკაცს და მიეხუტა.

- მაი, ვიღაცას შენი მოკვლა უნდა. გესმის, ეს რას ნიშნავს? ვიღაცა შენი გვერდიდან შედის "ფეისბუკში" და იქ კილერს შენს მოკვლას ავალებს...

მაიკო გველნაკბენივით გაერიდა მამაკაცს. ჩაცვენილი თვალები მოულოდნელობისგან გაუფართოვდა, სუნთქვა კი ისე დაუმძიმდა, სტვენა დაერთო თან.

- შენ... შენ საიდან იცი?

- მე ბევრი რამ ვიცი... მითხარი, ვინ იცის, კიდევ შენი პაროლი?

- არავინ... გეფიცები, არავინ. ეს მე...

- ნუ შეშინდი, საშიში არაფერია. მე შენთან ვარ. შესაშინებლად არ მითქვამს. ძალიან გთხოვ, დაწყნარდი, შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება.

- არა, არ მეშინია. უბრალოდ... - შეყოყმანდა, სანამ სათქმელს ბოლომდე იტყოდა და ამოიოხრა.

- ვინ არის ის ქალი, მითხარი, ვინ არის? მხოლოდ სახელი და გვარი, მეტი არაფერი მინდა.

- ჯერ ის მითხარი, შენ საიდან გაიგე... - დაიჩურჩულა სახემოღრეცილმა და ღონემიხდილი საწოლზე მიესვენა.

გადამწყვეტი წამი დადგა. გოჩას სიმართლე უნდა ეთქვა, სხვანაირად დამკვეთის ვინაობას ვერასდროს გაიგებდა.

- ის კილერი მე ვარ.

მაიას სხეული უცნაურად შეუთრთოლდა. ნელა შეატრიალა მზერა გოჩასკენ. კარგა ხანს თვალის დაუხამხამებლად მისჩერებოდა მამაკაცის სევდითა და ტკივილით გადავსებულ სახეს. მერე სუსტად ამოიკვნესა, თვალები დახუჭა და გარკვევით ამოთქვა:

- ის დამკვეთი კი მე ვარ...

დაზაფრული მამაკაცი კარგა ხანს დამუნჯებული შესცქეროდა ფერმიხდილ ქალს და საკუთარ ყურებს არ უჯერებდა...

ასე აეხადა ფარდა ორ საიდუმლოს. გოჩა მაიას საქციელით იყო გაოგნებული, მაიკო - გოჩას პროფესიით. პირველად მაიკომ დაიწყო ამბის მოყოლა. დაძაბული იყო, მაგრამ არ გასჭირვებია, როცა მამაკაცს თავისი განზრახვის შესახებ უამბობდა. წერტილი და მძიმეც არ გამოუტოვებია. შემდეგ გოჩას ჯერი დადგა. მას მეტი ხანი დასჭირდა საკუთარი ცხოვრების პერიპეტიების მოსაყოლად. არც მას გასძნებელია იმის ახსნა, რატომ მივიდა აქამდე, რატომ დასჭირდა, დაქირავებული მკვლელი გამხდარიყო.

როცა ერთმანეთს გული გადაუშალეს, ორივემ შვებით ამოისუნთქა.

- შენს ფულს დღესვე დაგიბრუნებ, - ღიმილით გამოუცხადა გამხიარულებულმა მამაკაცმა და ტუჩებზე ხმაურით აკოცა.

- დაიტოვე, ჩემს დასამარხად დაგჭირდება, - ხალისიანად გაიცინა მაიკომ. ახლა აღარ ზარავდა სიკვდილის მოახლოება. ახლა მზად იყო ამისთვის, - შენ უნდა მომაყარო მიწა, ხომ იცი?

- მეორედ აღარ გაიმეორო ეგ სისულელე, გასაგებია? - დატუქსა გოჩამ და საწოლზე წამოჯდა, - ახლა მე შენთვის ერთი კარგი წინადადება მაქვს.

- აბა, მითხარი...

- რას ინატრებდი ამწუთას ყველაზე მეტად?

მაიკო წამით დაფიქრდა, მერე ბავშვურად გადახარა თავი გვერდზე და ოდნავ გასაგონი ხმით თქვა:

- ზღვას.

ნოტიო ჰაერი იდგა. პლაჟზე სიმლაშის სურნელი ტრიალებდა. ზღვას გამოქცეული ცელქი ტალღები კეკლუცად ეხეთქებოდნენ ქვიშიან ნაპირს, თითქოს ერთმანეთს ცეკვაში ეჯიბრებიანო.

მაიკო იჯდა ნაპირთან, ოდნავ უკან გადაწეული ხელებს დაყრდნობოდა და მის ფეხებთან მოთამაშე ქაფიან ტალღებს უღიმოდა. გოჩა ღრმად შესულიყო წყალში, ძლიერი მკლავებით მიაპობდა მოლივლივე ზღვას და მისი სილუეტი თანდათან პატარავდებოდა ჰორიზონტზე.

რა ხანია, მაია ასე სავსე არ ყოფილა, ასე კარგად არ უგრძნია თავი. ეს იყო ნატვრა, რომელიც აუსრულდა. ეს იყო ოცნება, რომელიც აუხდა. გვერდით ჰყავდა ადამიანი, რომლის სიყვარულს წლების განმავლობაში ფარულად დაატარებდა გულში. მის წინ გადაშლილიყო უკიდეგანო ზღვა, რომლის ხმაური ყოველთვის სასიამოვნოდ უფორიაქებდა სულს. ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა ყოფილიყო? არც არაფერი.

სამი დღე დაჰყვეს ურეკში. მაიკოსთვის მეტი არც შეიძლებოდა. ზღვის ჰაერმა ცოტა მოაღონიერა, გაახალისა. სიცოცხლის სურვილი უფრო გაუმძაფრდა. ხშირად იმეორებდა გულში, სიკვდილი მეზარებაო. როგორ უნდოდა, სიკვდილსაც დაზარებოდა მისი წაყვანა. ცოტა ხნით მაინც.

მდგომარეობა საგრძნობლად გაუუმჯობესდა. სისხლისდენა დროებით შეუწყდა, თითქოს სუნთქვაც დაუმშვიდდა. უხაროდა, რომ სიცოცხლის ბოლო წუთები ასე დაუტკბა.

სამი დღის შემდეგ თბილისში დაბრუნდნენ. თაიამ დარეკვას მოუხშირა. მაიკო ამშვიდებდა, უკეთ ვარ, როგორც მითხრეს, აღარ ვკვდები, ამიტომ არ ინერვიულო და ჩამოსვლაზე აღარც იფიქროო, ამშვიდებდა ქალიშვილს. ნანობდა, რომ იჩქარა და გოგოს ყველაფერს მოუყვა. უკეთესი იქნებოდა, თაიას არაფერი სცოდნოდა.

ჩამოსვლისთანავე თადარიგს შეუდგა. გოჩას სთხოვა, პატარა წვეულების გამართვაში მომეხმარე, მინდა, ჩემი მეგობრები ერთად შევყარო და ერთმანეთი გაგაცნოთო.

გოჩა სიამოვნებით დათანხმდა. სადღესასწაულოდ შაბათი დათქვეს. მაიას რომ არ ეწვალა, გოჩამ კერძები რესტორანში შეუკვეთა. როგორ არ უნდოდა ქალს, მამაკაცი ასე დახარჯულიყო, მაგრამ გოჩამ არ დაანება.

მაიკომ ჯერ თემოს დაურეკა, დაპატიჟა, მერე - მამა გიორგის. ახლა ეს ერთი სურვილიღა ჰქონდა - მისი ცხოვრების სამი მამაკაცი, რომლებმაც ყველაზე დიდი როლი შეასრულეს მის ცხოვრებაში, ერთმანეთისთვის გაეცნო. ეს ის სამი ადამიანი იყო, რომელიც გარდაცვალების დღეს მის სასთუმალთან იდგებოდა. ერთი მის გულისცემას გააკონტროლებდა, მეორე ლოცვებს წაიკითხავდა, მესამე კი... მესამე უბრალოდ, სევდიანი მზერით გაამხნევებდა უკანასკნელ გზაზე მიმავალს და ბოლო ამოსუნთქვამდე ხელს არ გაუშვებდა.

კარგა ხანს ყველანი უხერხულად გრძნობდნენ თავს, მაიკოს გარდა, რომელიც დაძაბულობის განმუხტვას წარსულის სასიამოვნო მოგონებებით ცდილობდა.

- ეს ის მომენტია, როცა თავიდან ბოლომდე აანალიზებ შენს ცხოვრებას და საბოლოო დასკვნა გამოგაქვს. ჩემი ცხოვრება მხოლოდ იმისთვის ღირდა, რომ სიკვდილის წინ თქვენ შეგხვედროდით. როგორც ჩანს, ღმერთმა ასე ინება. ალბათ იქ, სადაც ჩვენი ბედისწერის წიგნი იწერება, მტკიცედ გადაწყვიტეს, რომ თემო ჩემი მკურნალი ექიმი ყოფილიყო, გიო - ჩემი მოძღვარი, ხოლო გოჩა - ჩემი გამამხნევებელი. მაპატიეთ, ბიჭებო, მაგრამ გოჩა ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული აღმოჩნდა, სიყვარული, რომელიც სხვა სიყვარულმა ვერ ჩაანაცვლა. მიხარია, რომ ბოლო წუთებში თქვენ იდგებით ჩემ გვერდით, რომ თქვენ მიმაცილებთ საფლავამდე და დამმარხავთ. ახლა კი, ნუ ჩამოყარეთ ყურები და ვიმხიარულოთ. ხომ ხედავთ, სიკვდილს ჯერ არ ვაპირებ.

მერე დალიეს. სადღეგრძელოები ითქვა. ღვინომ სითამამის ფრთები გაშალა. ისაუბრეს, ამბები გაიხსენეს, თანდათან გაშინაურდნენ და... საღამომ შესანიშნავად ჩაიარა.

მაიასაც ეს უნდოდა. სახელდახელოდ მომზადებული სუფრაც ამას ემსახურებოდა.

- ახლა აღარ მეზარება სიკვდილი, - წარმოთქვა გოჩას მკერდზე მისვენებულმა, როცა სტუმრები გააცილეს და მარტონი დარჩნენ...

ყველასთვის მოულოდნელად, კიდევ რამდენიმე თვეს იცოცხლა - მთელი შემოდგომა, ნახევარი ზამთარი... სწორედ ისე ამოხდა სული, როგორც ინატრა. მის საწოლთან სამი მამაკაცი იდგა - ერთი მის გულისცემას აკონტროლებდა, მეორე ლოცვებს კითხულობდა, მესამე კი... მესამე უბრალოდ, სევდიანი მზერით ამხნევებდა უკანასკნელ გზაზე მიმავალს და ბოლო ამოსუნთქვამდე ხელი არ გაუშვია.

მაია 25 იანვარს გარდაიცვალა... იმ დღეს გოჩა 39 წლის გახდა...

დასასრული