თამაში მზესთან - გზაპრესი

თამაში მზესთან

რომელიც ეს-ესაა, უნდა დამთავრდეს, მერე დარბაზი განათდება, გარშემო მყოფნი კი მოიხსნიან სულელურ ნიღბებს და რეალურ სახეებს გამოაჩენენ. შემდეგ მიუახლოვდებიან, ხელს მძლავრად ჩამოართმევენ და ეტყვიან: მშვენივრად გეჭირა თავი, კარგად გაუძელიო! გადაუხდიან სოლიდურ ჰონორარს უაზრო ფილმის ბოლომდე ყურებისთვის და მას ამ ფულით შეეძლება წავიდეს ისეთ ადგილას, სადაც კომფორტულად იგრძნობს თავს, არავინ შეაწუხებს, თავს არ მოაბეზრებს, არ გაჭორავს და არ მიუთითებს, შენიშვნებს არ დაიმსახურებს და უბრალოდ, გაღიმებას შეძლებს, ღიმილის საბაბი კი ნამდვილად ექნება... თუმცა, ცხოვრებაში ყველაფერი უნიათოდ მთავრდება, ისე, როგორც ბევრი მისნაირი ადამიანისთვის...

თიკომ ღრმად ამოისუნთქა. სიმშვიდე ფენა-ფენა ედებოდა მის დასახიჩრებულ სულს. სულ ცოტაც და, ბათუმში იქნება. სულ ცოტაც და ნატკას ნახავს, სულ ცოტაც და ზღვას მიაშურებს. მერე ზღვა ახმაურდება მის დანახვაზე, მოაგებებს ვეება ტალღებს. ეს ტალღები სახრესავით გადაუშხუილებს თიკოს ფეხებთან მოგროვილ კენჭებს და თიკო ტალღების დათვლას შეუდგება - ერთი, ორი, სამი... ექვსი... ცხრა... ცამეტი... სამოცდაცხრა... და ასე, უსასრულოდ...

ახლა ყველაზე მეტად სჭირდება დასვენება. დაღალა წინა დღეებმა, თვეებმა... დეპრესიამ იძალა, ჩუმმა, უხმომ, ჩაკეტა და დაადუმა. ადრე სიმარტოვე ტანჯავდა, იმ შემთხვევის შემდეგ კი სწორედ ამ სიმარტოვეს დაუწყო ძებნა, კვლავ მარტოობა მოუნდა, გარიყვა, დამალვა, სიბნელეში ჩანთქმა.

ყველა მცირე შემთხვევას კადრივით ახვევდა წასული ზაფხულის დღეებიდან, დაჟინებით იძახებდა მოგონებებს ახლა უკვე ჩაკეტილი შავი ყუთიდან, რათა მოძალებული ემოციები მოგონებების საბურველში გაეხვია და უფრო გაემძაფრებინა.

სამარშრუტო ტაქსი სწრაფად მიქროდა. თბილისიდან ბათუმამდე დიდხანს მხოლოდ ერთხელ გაჩერდა, უღელტეხილზე, სადაც მძღოლმა `სადილის საათი~ მოიწყო და მერე კვლავ გზას დააწვა.

და აი, ბათუმიც გამოჩნდა. ავტოსადგურში ნატკა დახვდება, მისი საყვარელი, შეუცვლელი და განუმეორებელი დაქალი. ბავშვობიდან ერთად მოდიოდნენ, სკოლაშიც ერთ მერხზე ისხდნენ, ინგლისურზეც ერთად დადიოდნენ. სულ ერთად, ერთად იყვნენ... არც სტუდენტობისას გაწყვეტილა მათი მეგობრობის ჯაჭვი. მართალია, თიკოს მშობლებმა უკრაინაში `უკრეს~ თავი სწავლის გასაგრძელებლად, ნატკა კი თბილისში დარჩა, მაგრამ ხშირად ეხმიანებოდნენ ერთმანეთს ხან ტელეფონით, ხან სკაიპით, ხან მესიჯებით. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ თიკო თბილისში დაბრუნდა, მაგრამ მერე ნატკა გათხოვდა, ბათუმელ ბიზნესმენს გაჰყვა ცოლად და ცოტა ხნით თითქოს დაიკარგა. თიკომაც ვერ მოიცალა გარკვეული პერიოდი. ხან სამსახურის გამო ჰქონდა პრობლემები, ხანაც პირადი ცხოვრების გამო... განსაკუთრებით ბოლო თვეები. ისეთ დღეში ჩავარდა, არავინ ქვეყანაზე არ ახსენდებოდა. მით უფრო, რომ მარტო იყო თბილისში, დედა და მამა ხომ ორი წელია, იტალიაში გადაბარგდნენ სამუშაოდ. და აი, ერთი კვირის წინ ნატკა ისევ გამოჩნდა. გამოჩნდა და თიკო თავისთან დაპატიჟა, ბათუმში. თიკომაც არ დააყოვნა. თბილისიდან გაქცევა ამ სიტუაციაში უდიდესი შვება იყო მისთვის. მით უფრო, რომ ბათუმში არასდროს ყოფილა. დღეს პირველად უნდა ენახა ზღვისპირა ქალაქი.

უხაროდა. უხაროდა, რომ თავის საუკეთესო მეგობარს ნახავდა, ზღვას ნახავდა და განტვირთვის დღეებსაც მოიწყობდა. ახლა, როცა ტანჯვის პირველი ტალღა უკან მოიტოვა, იმედი ჩაესახა, რომ ტკივილს მოერეოდა, გრძნობებისაგან შეშლილი მყუდრო სავანეს ნატკასთან პოვებდა.

ფანჯარაში გაიხედა. ქარის ყოველ დაქროლაზე ყვითელი ფოთლები თავბრუდამხვევი სისწრაფით ეშვებოდნენ მიწაზე. `აი, ასე კვდება შემოდგომაზე ბუნება... სამაგიეროდ, რა ლამაზად კვდება!~ - გაიფიქრა და შუბლი მინას მიადო.

როგორც იქნა, ზღვაც გამოჩნდა. თითქოს მწვანე ფერი გადაჰკვროდა. ისეთი მშვიდი იყო, გეგონებოდათ, არასდროს აღელვებულაო. მზის სხივები ნებივრად გაწოლილიყვნენ ზანტად მონანავე ტალღებზე.

სამარშრუტო ტაქსიდან ძლივს გადმოვიდა, ფეხი დაბუჟებოდა. თითის წვერებით ფრთხილად დაიზილა დაბუჟებული მარჯვენა წვივი და წელში გასწორდა თუ არა, ირგვლივ მიმოიხედა. თავდაპირველად ყურადღება არ მიუქცევია იქვე, რამდენიმე მეტრში მდგარ თეთრ `მერსედესს~ მიყრდნობილი ახალგაზრდა ქალისთვის, მხოლოდ მაშინ გამოერკვა, როცა თავისი სახელი გაიგონა.

- ნატკააა! - გახარებულმა იყვირა, - ღმერთო, ნუთუ ეს შენ ხარ? რა ბედნიერებაა! - გოგონები ერთმანეთს შეძახილებით გადაეხვივნენ და გადაკოცნეს.

თიკო აღფრთოვანებული შესცქეროდა ბავშვობის მეგობარს. თითქოს ისევ ის ნატკა იყო, თითქოს არც იყო. არა, ლამაზი ყოველთვის იყო, მაგრამ ახლა მოდის ჟურნალიდან გადმომხტარ მოდელს ჰგავდა - ლამაზიც, ნატიფიც, ელეგანტურიც და მდიდრულიც. როგორც ყოველთვის, ახლაც დახვეწილი გემოვნებით ეცვა. ამაში ტოლს ვერასდროს ვერავინ უდებდა. სულ არ ჰგავდა იმ შორეულ ქერა გოგონას, ღარიბ, მრავალშვილიან ოჯახში რომ გაიზარდა და ექვს და-ძმას უვლიდა.

როცა ხვევნა-კოცნით გული იჯერეს, ერთმანეთი შეათვალიერეს. დაქალება ორივეს მოხდომოდა.

- თიკულიკა, როგორ მომენატრე, გოგო! საერთოდ არ ხარ შეცვლილი, აი, სულ ოდნავ, სულ და ისიც - უკეთესობისკენ. პატარა გოგოსავით გამოიყურები, ჩემო საყვარელო! ვინ იტყვის, რომ ოცდაექვის წლის ხარ? ცხრამეტისას ჰგავხარ.

- კარგი, რა! რაღა ცხრამეტის, დავბერდი ნელ-ნელა. შენც არაჩვეულებრივად გამოიყურები, ნატკა. მოგიხდა გათხოვება, როგორც ვატყობ. კარგი ბიჭია შენი ქმარი? კმაყოფილი ხარ?

- უჰ, არ მითხრა! უკეთესს ვერ ინატრებს კაცი. როგორ იმგზავრე? დაიღალე, არა?

- ცოტა. ცუდად არ მიმგზავრია. დრო ისე გაილია, ვერც გავიგე. - თიკომ ხელჩანთა მხარზე გადაიკიდა, მის ბორბლებიან ჩემოდანს კი ნატკამ დასტაცა ხელი და თვალის დახამხამებაში მანქანის საბარგულში ჩადო.

ნატკასთან შედარებით თიკო უფრო დაბალი იყო, მაგრამ დაბალი მაინც არ ეთქმოდა. ამას ემატებოდა მისი საოცარი აღნაგობა და დახვეწილი, არისტოკრატული სახის ნაკვთები, ბერძნული მოყვანილობის ცხვირი და უცნაურად ნაცრისფერი თვალები, რომელიც შეუმჩნეველი არასდროს არავის რჩებოდა.

- იცი, რა? ვიფიქრე, სასტუმროში გავჩერდები-მეთქი. ცოტა არ იყოს...

- გაგიჟდი? რა სასტუმრო, გოგო, ჩემთან ხარ სტუმრად. იმხელა სახლი მაქვს, ცხენი გაჭენდება! - შორს დაიჭირა დაქალმა.

- ჰო, ვიცი, მაგრამ სანამ შენს ქმარს გავიცნობ... იქნებ არ ესიამოვნოს...

- მორჩი ზედმეტობას! მირო ჩემზე უფრო მოუთმენლად გელოდება. ის კი არა, მისაყვედურა, ასეთი ახლო მეგობრები თუ იყავით, ასე როგორ დაკარგეთ ერთმანეთიო.

- რატომ დავკარგეთ? უბრალოდ, შორს ვიყავი შენგან, თორემ სულაც არ დავკარგულვართ.

- მეც ზუსტად ასე ვუთხარი, - გადაიკისკისა ნატკამ, - წავედით, რაღას ვუცდით?

ორივენი მანქანაში ჩასხდნენ და გზას გაუდგნენ.

თეთრი `მერსედესი~ რამდენიმე წუთის განმავლობაში ბათუმის კოხტა ქუჩებში მისრიალებდა და ბოლოს ზღვასთან ახლოს, ერთ მყუდრო ქუჩაზე გაჩერდა. ნატკამ თეთრგალავნიან ქონგურებიან შავ ჭიშკართან მიაყენა მანქანა და ძრავა გამორთო. თიკო მანქანიდან გადმოვიდა და განცვიფრებით მიაჩერდა მწვანეში ჩაფლულ ორსართულიან ულამაზეს თეთრ სახლს. ამასობაში ნატკამ საბარგულიდან მისი ჩემოდანი გადმოიღო, მერე ჭიშკარი გააღო და სტუმარს ეზოში შეუძღვა. ეზოც ისეთივე ლამაზი იყო, როგორიც სახლი - მოვლილი, ამწვანებული, ქრიზანთემებითა და ვარდებით აყვავებული, მოკირწყლული ბილიკებით და ვაზის თალარით.

ამ დროს სადარბაზოს კარი გაიღო და ნატკას ქმარი, მირიანი გამოვიდა. იგი გულითადად მიესალმა თიკოს და ცოლს სტუმრის ჩემოდანი გამოართვა.

თიკომ იცოდა, რომ მისი მეგობარი მდიდარ და სიმპათიურ ბიზნესმენზე იყო გათხოვილი, მაგრამ ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ნატკა ცოლად ასეთ უბრალო, პროვინციული აქცენტით მოლაპარაკე ადამიანს გაჰყვებოდა.

დაქალს თიკოს შეცბუნება არ გამოჰპარვია და მიხვდა, რაც მეგობარმა გაიფიქრა.

- სამაგიეროდ, ოქროს გული აქვს, - გადაუჩურჩულა თიკოს, მერე კი ქმარს შეეხმიანა:

- მირო, აი, ეს არის ჩემი თიკუნა.

- მივხვდი. - გაიღიმა მირომ და სტუმარს თავისი სხივიანი თვალები შეანათა. - მობრძანდით, იმედია, არ მოიწყენთ ჩვენთან, - გაუღიმა მამაკაცმა და მათ შორის უცებ გაიბა ნდობის ის სიმი, მხოლოდ კეთილმოსურნე ადამიანებს რომ აკავშირებთ.

სასტუმრო ოთახში შეაბიჯა თუ არა, მონუსხული შედგა. პირდაღებული მისჩერებოდა გემოვნებით მოწყობილ ინტერიერს. კედლებზე უცნობი მხატვრების ფერწერული ტილოები ეკიდა, მაგრამ საკმაოდ ღირებული ნამუშევრები. თიკო ხელოვნებაში კარგად ერკვეოდა და იცოდა, ნახატები რა კრიტერიუმებით შეეფასებინა. რბილი სავარძლები სასიამოვნო სიმყუდროვეს ქმნიდა ფართო, ნათელ ოთახში, იატაკზე დაგებული ძვირფასი სპარსული ხალიჩა კი ისეთი რბილი იყო, ფეხები წარამარა შიგ ეფლობოდა.

- როგორც ჩანს, შენი მირო ძალიან მდიდარია, - ჩურჩულით შენიშნა გაოგნებულმა.

- კი, ეგრეა, მაგრამ ასეთ წვრილმანებს ნუ მიაქცევ ყურადღებას. მირიანი ძალიან უბრალო ადამიანია. იცი, რამდენს მუშაობს? რაც მთავარია, წესიერი ბიჭია, ეგ ზუსტად ვიცი. ხომ იტყვიან, ბიზნესი ბინძური საქმეა და ბიზნესმენი პატიოსანი შრომით ვერ გამდიდრდებაო, ტყუილია ეგ. მართლა მაგარი ადამიანია. აი, გაიცნობ და შენ თვითონ მიხვდები. ცოტას კი წაიაჭარლებს თავისი კილოთი, მაგრამ ეს ჩემთვის ნაკლი სულაც არ არის, - გადაიკისკისა ნატკამ და თიკოს ხელი მოხვია, - თბილისშიც გვაქვს ასეთი დიდი სახლი. რომ ჩამოვალთ, იქაც დაგპატიჟებ და იმასაც განახვებ, მცხეთის ქუჩაზე, გახსოვს, დიმა რომ ცხოვრობდა? აი, ზუსტად მის მეზობლად. საბერძნეთში კიდევ კერძო სასტუმრო აქვს მიროს. ასე რომ, როცა გათხოვდები, თაფლობის თვეს უფასოდ გაატარებ ზღვაზე, მთლად კლდის თავზე.

თიკოს სიხარულმა გული მოუწურა.

- ჩემი კეთილი გოგო... საერთოდ არ ხარ შეცვლილი. ყოველთვის ასეთი იყავი, მაგრამ გათხოვების რა მოგახსენო... ჯერ არავინ ჩანს ჰორიზონტზე.

- ისე, შენი გამკვირვებია, ოღონდ მართლა. რაც თავი მახსოვს, სულ გესეოდნენ ეს ბიჭები და ახლა რა ღმერთი გაუწყრათ? გოკა გახსოვს? ვაიმე, როგორ უყვარდი. აფრენდა შენზე. რამდენს ვშაყირობდით მაგაზე, - ნატკა სიცილით კვდებოდა.

თიკოს სახე მოექუფრა. გოკას ხსენებას არ მოელოდა. ეგონა, აქ მაინც დაისვენებდა მასზე ფიქრისგან და აი, მოულოდნელად ისევ ამოუტივტივეს მისი სახელი. ჩაახველა და მაქსიმალურად თავშეკავებულად წარმოთქვა, თან ღიმილი აიფარა სახეზე:

- რას ვიზამთ, ცხოვრება ჩვენ გემოზე არაა მოწყობილი. მეც ველოდები, ოდესმე იქნებ მეწვიოს ნამდვილი სიყვარული. შენ როგორ გგონია, ძალიანაა დაგვიანებული?

- რას ამბობ, რა დაგვიანებული! ჯერ სულ რაღაც ოცდაექვსი წლის ხარ, ყველაფერი წინაა. მოიცა ცოტა! ნახავ, როგორ ტალიკ-ტალიკა ბიჭებს გაგაცნობ ბათუმში.

ამ ლაპარაკ-ლაპარაკში მეორე სართულზე ავიდნენ. თიკო კარგ ხასიათზე დადგა, საოცარი სიმსუბუქე დაეუფლა. ამასთან, უხაროდა, რომ ნატკას კარგი ქმარი შეხვდა და ბედნიერი იყო. მერე რა, რომ აჭარულად უქცევს? აქცენტს და კილოს მოუკვდა პატრონი, მთავარი ხომ სიყვარულია!

- აი, ეს იქნება შენი ოთახი, - ნატკამ თეთრი კარი გამოაღო და თიკოს ოთახში შეუძღვა.

თიკო იმწამსვე მოიხიბლა. გემოვნებით მოწყობილი კოპწია საძინებელი ადამიანს კარგ გუნებაზე დააყენებდა. კუთხეში, პატარა მაგიდაზე, ლარნაკში ჩაწყობილი ქრიზანთემები იწონებდა თავს. თიკო აივანზე გავიდა და სუნთქვა შეეკრა. აივნის ქვეშ ზღვის ტალღები ლამის სახლის კედლებს ელამუნებოდა. მოჯადოებულივით გაჰყურებდა გარემოს და ბავშვივით უხაროდა.

- თავი ზღაპარში მგონია, - მხიარულად შესძახა, თვალები დახუჭა და პირ-ცხვირი სექტემბრის მზეს მიუშვირა.

- ჯერ სად ხარ, სიურპრიზები წინ გელოდება, - ნატკამ მხარზე ჯერ ხელი დაადო, მერე თავი ჩამოსდო, - იახტით რომ გაგასეირნებ შუა ზღვაში, მერე ნახე, რა მოგივა. მეც ასე დამემართა, აქ პირველად რომ მოვედი. პატარა ბავშვივით ვჭყლოპინებდი. არ იცი, რა დღეში ჩავვარდი... მიდი ახლა, გამოიცვალე, წყალი გადაივლე და დაბლა ჩამოდი. ვისადილოთ და მერე რაღაცას უნდა მოგიყვე.

- ცუდი არაფერი მითხრა, იცოდე.

- ცოტა სევდიანი ამბავია, უკვე ჩავლილი, მაგრამ მაინც უნდა მოგიყვე, იმიტომ, რომ შენი დახმარება მჭირდება, გესმის? - მოულოდნელად დასერიოზულდა ნატკა და მრავლისმეტყველი მზერით შეხედა მეგობარს.

მისი ინტონაცია იმდენად არ მოეწონა თიკოს, რომ მაშინვე დაიძაბა.

- ახლავე მომიყევი, წყლის გადავლებას მერეც მოვასწრებ. ჭამით კიდევ ჯერ არ მშია, - იცრუა და ოთახში შებრუნდა.

ორივენი სავარძლებში მოკალათდნენ. უეცრად სიჩუმე ჩამოწვა. ნატკა შეფიქრიანებული იჯდა, თითქოს საუბრის დაწყება უჭირდა. თიკო იცდიდა. დაქალის დაძაბულობა აოცებდა. მოულოდნელად ნატკა ოთახიდან გავიდა და ცოტა ხანში ანთებული სიგარეტით ხელში დაბრუნდა. მერე კვლავ სავარძელში ჩაჯდა, ღრმა ნაფაზი დაარტყა და ხმადაბლა დაიწყო:

- სანამ მთავარ სათქმელს მივადგებოდე, მინდა გითხრა, რომ მირო ძალიან მიყვარს. სანამ გავყვებოდი, არც ვიცოდი, ასეთი მდიდარი თუ იყო. შემიყვარდა და მივთხოვდი. ხომ მომიყოლია, როგორ გავიცანი? საბერძნეთში ვისვენებდი და იქ შევხვდი. მის სასტუმროში ვცხოვრობდი და არც ვიცოდი, მისი თუ იყო. გავიცანი თუ არა, მაშინვე შემიყვარდა. დავბრუნდი თუ არა იქიდან, ეგრევე თან ჩამომყვა და ცოლობა მთხოვა. იცი, რა ბედნიერი ვიყავი? მიწაზე ვერ ვეტეოდი. მაგრამ აი, ჩემი მაზლის დაღუპვის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.

- როდის დაიღუპა? ეგ არ ვიცოდი...

- გაზაფხულზე. შენთან ბოლო დროს არ მქონია კონტაქტი, რომ მეთქვა. არც მქონდა არაფრის თავი, ისეთი შემზარავი ამბავი გადაგვხდა. ბიჭი ჰყავს, ნიკა, ხუთი წლის. აივანზე ასულა თურმე და დაბლა იხედებოდა. ეს დაუნახავს და გავარდნილა ბავშვის გადასარჩენად. წამიც და გადავარდებოდა. ამ დროს ფეხი აუსხლტა, ბავშვს კი დაავლო ხელი და უკან გადმოისროლა, მაგრამ თვითონ თავი ვერ შეიკავა, აივანი გაანგრია და გადავარდა. კი გადარჩებოდა, მაგრამ თავი ლოდს დაარტყა და ეგრევე მოკვდა. ის ლოდი ავიღეთ და ზღვაში გადავაგდეთ. საშინელი ტრაგედია იყო, არ იცი, აქ რა ხდებოდა.

- თქვენთან ცხოვრობდა?

- საქმე ისაა, რომ არა. ცოლ-შვილით დასასვენებლად იყო ჩამოსული.

თიკოს თვალები აუცრემლიანდა.

- საწყალი... და ბავშვი? ბავშვი სად არის?

- აქ არის, ჩვენთან ცხოვრობს. მიროს ერთადერთი ნუგეში ახლა ნიკაა, - ნატკა წამით გაჩუმდა, სიგარეტზე ჩამოკიდებულ ფერფლს თვალი მიაშტერა და განაგრძო, - მას შემდეგ მირო საგრძნობლად შეიცვალა.

ნატკა აივნისკენ დაიძრა, მაგრამ ვერ მოასწრო. ფერფლი იატაკზე დაიყარა. ქალმა ხელი ჩაიქნია და უკან გამობრუნდა.

- ჯანდაბა! ვერ მოვასწარი გადაფერფლება. ამ ოთახში კიდევ საფერფლე არ არის. არა უშავს, მოვწმენდ მერე.

- ბავშვს რატომ არ აჩენ, ნატკა? - თანაგრძნობით შეეკითხა თიკო.

- ხომ იცი, რომ შვილის გაჩენა არ მინდა. დავიღალე ბავშვების გაზრდით. ჩემი ხუთივე და-ძმა სულ მე გავზარდე. ყველაზე უფროსი ვიყავი და იძულებული ვხდებოდი, დედაჩემს ამაში მაინც დავხმარებოდი. თითქმის არ მქონია არც ბავშვობა და ახალგაზრდობა. უმამობამ დაღი დამასვა. ერთადერთი დედა მუშაობდა და სხვა რა გზა მქონდა, რომ არ მივხმარებოდი? ჰოდა, ახლა ვინაზღაურებ დაკარგულ წლებს. ჯერ არ ვაპირებ ბავშვის გაჩენას. მირომ იცის ეს. მასთან პირველივე დღიდან გულახდილი ვიყავი და დაქორწინებამდე ყველაფერს მოვუყევი. ახლა კი გავაჩენდი ბავშვს, მის მდგომარეობას რომ ვუყურებ, მაგრამ თვითონ აღარ უნდა, ჯერ ნიკო წამოიზარდოსო. ეშინია, მისი წილი სითბო და სიყვარული ჩვენს შვილზე არ გადავიდეს. ბიჭი ისედაც ტრავმირებულია. ხომ იცი, პატარები როგორი ეჭვიანები არიან. გარდა ამისა, იმ დღის შემდეგ საშინლად ჭირვეული გახდა. ღამით კოშმარები ესიზმრება და ხშირად იღვიძებს. სულ მამას გაიძახის, დედას არც კი ახსენებს. გიჟდებოდა მამამისზე.

- და დედა? სადაა დედამისი?

- წავიდა. შვილი მიატოვა და გაიქცა. სულ ამის ბრალია, მამუკა რომ დაიღუპაო და მოიძულა ბავშვი, მისი დანახვაც არ სურს.

- რა საშინელებაა! რაც უნდა იყოს, შვილს ზურგი როგორ უნდა აქციოს დედამ?

- მიროს პირიქით, უხარია კიდეც, ნიკაზე უარი რომ თქვა. ამბობს, ბავშვი სრულფასოვან ოჯახში უნდა გაიზარდოს და უმამობა არ იგრძნოსო. ბოლოს მაინც მოძებნიან ერთმანეთს დედა და შვილი, ახლა კი, ამ ეტაპზე ასე უკეთესიაო.

- შენ როგორ ფიქრობ?

- აბა, რა გითხრა. ცოტა თავისებური გოგოა ჩემი მაზლის ცოლი. დედისერთაა და თავზე ბუზს არ ისვამდა არასდროს. მამუკას თავის ნებაზე ათამაშებდა. ისიც ნებისმიერ სურვილს უსრულებდა. ისე, სიმართლე უნდა ითქვას, კინაღამ გადაჰყვა ქმრის სიკვდილს. სადღა იპოვის მისნაირ ბუნჩულას და დამყოლს? რადგან ბავშვზე უარი თქვა, მიროც ცუდად მოექცა. მამუკას ბინაში აღარ შეუშვა და უბინაოდ დატოვა. ვერც იჩივლებს, ვერც ვერაფერი. ის ბინა მიროს ნაყიდი იყო და მამუკამ გადაფორმება ვერ მოასწრო. სულ ახალი ნაყიდი ჰქონდა. გადაყოლილი იყო ძმას, გიჟდებოდა მასზე. ახლა ძმა აღარ ჰყავს და მთელი ყურადღება ნიკაზეა გადატანილი. რა თქმა უნდა, მეც მინდა, ბავშვს არაფერი დააკლდეს და სრულფასოვანი გაიზარდოს, მაგრამ არა ჩვენს ხარჯზე, გესმის? მინდა, წაიყვანოს დედამისმა და მიხედოს. ველაპარაკე კიდევაც მარის, დავარწმუნე, თუ ბავშვს შენ გაზრდი, ბინასაც შენს სახელზე გადავაფორმებინებ-მეთქი, მაგრამ მირომ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. მაგრად ვიჩხუბეთ, ჩემს საქმეებში რატომ ერევიო. იმ ქალმაც დაჰკრა ფეხი და იტალიაში წავიდა. ეს ბავშვი კი მე შემრჩა.

თიკოს გულზე მოხვდა დაქალის სიტყვები. ნატკასგან ამას არ მოელოდა. `მაინც შეცვლილა~, - გაიფიქრა გონებაში.

- აღმზრდელი რომ აუყვანოთ?

- მირო სასტიკი წინააღმდეგია. არადა... იცი, რატომ მოგიყევი ახლა ეს ამბავი? კვირის ბოლოს ათენში მიდის თავის საქმეებზე, მე კი აქ მტოვებს. ცხოვრებაში მარტო არსად წასულა, სულ თან დავყვებოდი ყველგან. გული მიკვდება. მისი ძმისშვილის გამო მე რატომ უნდა დავიჩაგრო? ამაზე ლამის ერთმანეთი დავხოცეთ. გაგშორდები-მეთქი, ვუთხარი. მე მგონი, უნდა, რომ ნიკა იშვილოს. ამას ვერ ავიტან.

თიკომ ამოიოხრა, თმა მხარზე გადაიყარა და შემპარავი ხმით წარმოთქვა:

- ნატკა, საყვარელო. არა მგონია, შენს ქმარს ნაკლებად უყვარდე. მაგრამ რადგან შენ ბავშვის გაჩენა არ გინდა, იქნებ იმიტომაც გადაწყვიტა ნიკას შვილად აყვანა? იქნებ პრობლემა შენშია და არა ნიკაში?

- და რას მირჩევ, განზე გავდგე? - ნატკამ თვალები დააკვესა, ფანჯარასთან მივიდა და ხელები გულზე გადაიჯვარედინა, - შენ გყვარებია ოდესმე ვინმე ისე, რომ სხვა აღარაფერს ჰქონია შენთვის მნიშვნელობა?

თიკომ თვალები დახარა.

- ალბათ მყვარებია...

გაკვირვებული ნატკა მისკენ დაიძრა, ხელები მხრებზე შემოაწყო, თვალებში ჩააცქერდა და მტკიცე ხმით უთხრა:

- ჰოდა, შენი სიყვარული ყოველთვის უნდა დაიცვა. იცი, რა საშინელებაა, როცა გრძნობ, რომ შენი ბედნიერება სხვის ხელშია და სადაცაა, გაგიფრინდება?

თიკოს გული მოეწურა, თვალი თვალში გაუყარა დაქალს და ყრუ ხმით მიუგო:

- ვიცი.

გაგრძელება შემდეგ ნომერში