თამაში მზესთან (თავიIII) - გზაპრესი

თამაში მზესთან (თავიIII)

მასზე საკუთარი აზრი ჩამოეყალიბებინა. მირო აშკარა პატივისცემით ეპყრობოდა ძმაკაცს. მათი საუბრიდან თიკომ საჭირო დასკვნები გამოიტანა. მიხვდა, რომ ზუზიც ბიზნესით იყო დაკავებული, თანაც, ერთობ წარმატებულით.

ზუზი ხანდახან გამოხედავდა ახალგაცნობილ ქალს. ქედმაღლური, ჯიქური მზერით შეავლებდა თვალს, რაც თიკოს გაღიზიანებას იწვევდა და შვებით ამოისუნთქა, როცა მამაკაცი წამოდგა და წასვლა დააპირა. მან სადილად დარჩენაზე უარი განაცხადა, იქ მყოფთ დაემშვიდობა და გასასვლელისკენ გაეშურა. იგი ნატკამ გააცილა.

როგორც იქნა, თიკო მოეშვა, დაძაბულობამ გაუარა და მიროსთან მარტო დარჩენილმა თავისუფლად იგრძნო თავი. დაქალის ქმარსაც უნდოდა, სტუმარი რაც შეიძლება მალე გაშინაურებულიყო, ამიტომ გუდას თავი მოხსნა და სახალისო ამბების მოყოლა დაიწყო.

მოულოდნელად თიკომ იგრძნო, რომ ვიღაც უყურებდა. თავი მიაბრუნა და კართან ატუზული პატარა ბიჭი შეამჩნია. მირომ მის მზერას თვალი გააყოლა და როცა პატარა დაინახა, გაღიმებული სახით დაუძახა:

_ ნიკა, მოდი ჩვენთან, ნუ გრცხვენია.

ბიჭუნა თითქოს ამ სიტყვებს ელოდაო, გახარებული მოსწყდა ადგილს, ოთახი სირბილით გადმოჭრა და ბიძის მუხლებში ჩარგო თავი. მირომ ბავშვს ალერსიანად გადაუსვა ხუჭუჭა თმაზე ხელი.

_ რა ქენი, ლექსი ისწავლე?

_ კი, უკვე ვისწავლე, მაგრამ აქ არ ვიტყვი, _ ბიჭმა ხუჭუჭა თავი ასწია და ბიძას ხშირწამწამებიანი თვალები შეანათა.

ძალიან ლამაზი ბავშვი იყო, თიკო თვალს არ აშორებდა. რაც უფრო აკვირდებოდა პატარას, მით უფრო ეკუმშებოდა გული. ბიჭუნას სახე გაჰფითრებოდა და თვალის უპეები ჩაშავებოდა, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ უძილობას შეეწუხებინა. მერე ნიკამ მზერა თიკოზე გადაიტანა და მორცხვად შეხედა.

მიროს გაეცინა.

_ მოგწონს? ხომ ლამაზი დეიდაა?

ბიჭმა თავი დაუქნია და ასე, თავჩაღუნული, ბიძამისის მუხლებს მიეტმასნა.

_ ჰოდა, ძალიან კარგი. ეს დეიდა ჩვენთან იცხოვრებს. მიდი, მიესალმე.

ნიკა მიროს მოშორდა, მაგრამ თიკოსკენ ნაბიჯი არ გადაუდგამს, დამორცხვებული იდგა და იღიმოდა.

_ მიდი, რისი გრცხვენია, კაცი არ ხარ? ამ დეიდამ თქვა, მე და ნიკა უნდა დავმეგობრდეთო.

თიკომ თანხმობის ნიშნად თავი დააქნია და გუნებაში გაუელვა _ რა უსამართლობაა, რომ ბავშვების ასე მოსიყვარულე კაცს ღვიძლი შვილი არ ჰყავსო.

ნიკა, იმის მაგივრად, რომ თიკოს მიახლოებოდა, ბიძამისს მოეხვია, ხელები კისერზე შემოაჭდო და მკერდზე მიეხუტა.

_ მიდისო და მართალია? _ ნახევრად ჩურჩულით შეეკითხა.

_ სულ ცოტა ხნით, ნიკა, სუუულ სუულ ცოტა ხნით, _ მიუგო მირომ და `სულ ცოტა ხნით~ საჩვენებელი და ცერა თითით მონიშნა.

_ ნატკაც?

_ კი, ნატკაც და შენთან თიკო დეიდა დარჩება. ხომ თქვი, მომწონსო, ჰოდა, შენ იცი, არ გააბრაზო, ხომ?

ბავშვს სახე შეეცვალა, ტუჩები აუკანკალდა და უფრო მაგრად მიეხუტა მიროს.

_ მე შენთან მინდა, ძია, აქ არ მინდა! _ ყრუდ ამოთქვა და თავი ჩაღუნა.

მირომ ქოჩორზე მოქაჩა ბავშვს, მერე ხელის სწრაფი მოძრაობით აუჩეჩა თმა და შუბლზე აკოცა.

_ იცი, რა მალე გაივლის დრო? მონატრებას ვერ მოასწრებ, რომ ჩვენ უკვე აქ ვიქნებით.

_ შეთან მინდა... _ არ ნებდებოდა ნიკა.

_ მერე შენც წაგიყვან, კარგი? ახლა ვერა. ახლა სამსახურის გამო მივდივარ, იქ კი ბავშვები არ დაჰყავთ.

ნიკას თვალები გაუბრწყინდა.

_ მართლა წამიყვან, ძია მირო? მართლა?

_ აბა, რა. განა ოდესმე მომიტყუებიხარ?

თიკოს კიდევ უფრო შეეცოდა პატარა. მამადაკარგულს და დედის ალერსს მოკლებულს იმის ეშინოდა, მოსიყვარულე ბიძაც არ დაეკარგა.

ოთახში ნატკა შემოვიდა. მას მიროს მძღოლი შემოჰყვა თან, გრიშა.

_ წამო, ვისადილოთ, _ ხელი აიქნია ნატკამ, _ გრიშას მოტანილი და მაროს მომზადებული თევზი დავაგემოვნოთ.

სადილის დროს ნატკა ცდილობდა, ქმრისთვის თავი მხიარულად მოეჩვენებინა, უკბილოდაც კი გაიხუმრა, მაგრამ მისი ყოველი ქმედება აშკარად ხელოვნურად მოჩანდა და თიკო მიხვდა, რომ დაქალი რაღაცის დამალვას ცდილობდა.

მირო ან ვერ ამჩნევდა ამას, ან არ უნდოდა შემჩნევა და თავს იკატუნებდა.

ფაქტი იყო, ნატკას აღიზიანებდა მიროს ნიკასთან დამოკიდებულება. თითქოს თვითონაც ცდილობდა, ბავშვის მიმართ სითბო გამოეხატა, მაგრამ საშინლად უნიჭოდ გამოსდიოდა. `როგორ არაგულწრფელ შთაბეჭდილებას ტოვებს ეს გოგო~, _ უკმაყოფილოდ გაიფიქრა თიკომ.

სამაგიეროდ, ნიკათი მოიხიბლა. ჩანდა, რომ ბავშვი კარგად იყო აღზრდილი და ლაპარაკობდა მხოლოდ მაშინ, როცა მას მიმართავდნენ. არც ერთხელ უფროსების საუბარში არ ჩარეულა, არც ჭამის დროს ამოუღია ხმა. სადილის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ ბიძას უყურებდა, თანაც ისეთი მოწიწებითა და აღფრთოვანებით, ადამიანს გული მოუკვდებოდა. იგრძნობოდა, რომ მისთვის ამქვეყნად სხვა, უფრო ძვირფასი ადამიანი არ არსებობდა. მკითხაობა არ სჭირდებოდა იმას, რომ მიროს გვერდით ყოფნას ბავშვისთვის უდიდესი ბედნიერება მოჰქონდა.

როცა ჭამას მორჩნენ, მირო თავის კაბინეტში გავიდა. გასვლისას მან კიდევ ერთხელ აუწეწა თმა ბიჭუნას, რომელმაც ბიძას სევდიანი მზერა გააყოლა. როცა მარომ მაგიდა აალაგა და დაქალები ნიკასთან ერთად მარტონი დარჩნენ, ნატკამ მოულოდნელად საჭიროზე ხმამაღლა წამოიძახა:

_ ნიკა, გრიშასთან წადი და სთხოვე, ხელ-პირი დაგაბანინოს. ცოტა ხანში სასეირნოდ უნდა წავიდეთ!

_ ახლავე, ნატკა დეიდა, _ მორჩილად მიუგო ბავშვმა, სკამიდან წამოხტა და ოთახიდან ისე გავიდა, თითქოს ფეხები უკან რჩებაო.

ნატკას სუნთქვა გახშირებოდა.

_ ნატ, რა გჭირს? _ მხარზე ხელი დაადო თიკომ მეგობარს.

_ ის წავიდა, მაგრამ მისი აქ ყოფნა მაინც იგრძნობა. ეს ნორმალურია? _ აწუწუნდა.

_ აზვიადებ, გეფიცები, _ განაწყენდა თიკო.

_ ხედავ, მირო როგორ ექცევა? მარტო იმას აქცევს ყურადღებას, მე თითქოს არც ვარსებობდე. ძალიან გთხოვ, არ მითხრა ახლა, მეცოდებიო, თორემ გავგიჟდები. ისედაც დიდი ხანია, ხმამაღლა დაყვირება მინდა!

_ შენ მართლა უნდა გაემგზავრო ცოტა ხნით, _ რაც შეიძლებოდა, მშვიდად წარმოთქვა თიკომ, _ კარგია, რომ ქალაქიდან გადიხარ. არ დაგიმალავ და, არ მომწონს შენი ქცევა. რადგან შენი მეგობარი მქვია, ვალდებული ვარ, სიმართლე პირში გითხრა. ასე არ შეიძლება, შენს საქციელს გამართლება არა აქვს. მირო გრძნობს შენს ნიკასთან დამოკიდებულებას, იცი? დებილი ხომ არ გგონია ამხელა კაცი? რა გაქვს საეჭვიანო? ის თუ შვილივით უყვარს, შენ ცოლივით უყვარხარ. ეს ორი, სრულიად განსხვავებული სიყვარულია და...

_ თიკუნა, განა ვერ ვხვდები, რომ ვერ ვიქცევი ისე, როგორც საჭიროა? მაგრამ რა ვქნა, ვერაფერს ვერ ვუხერხებ ჩემს თავს. არ ვიცი, ასე რამ გამაბოროტა. მეც რომ ისე მოვექცე ამ ბავშვს, როგორც მირო ექცევა, ჩვენს საწოლში ამოყოფს თავს. მას თავისი ოთახი აქვს და სულაც არ მინდა, ჩვენთან გადმოინაცვლოს. მირო მთელ ღამეს იმას აყურადებს, მშვიდად თუ სძინავსო. სექსის დროსაც კი იმისკენ აქვს ყურადღება მიპყრობილი, _ დამცინავად ჩაიცინა.

_ ადრე თქვენს ოთახში ეძინა?

_ არა, მაგრამ მისი ოთახი ჩვენი საძინებლის გვერდითაა და კარი მთელი ღამე ღიაა, რადგან ხშირად ეღვიძება. წამოიყვირებს ხოლმე ძილში და ესეც დაფეთებული მასთან გარბის. რამდენჯერ დილამდე დარჩენილა იქ.

ნატკამ სიგარეტს მოუკიდა. თიკომ შეამჩნია, როგორ უკანკალებდა თითები დაქალს. ძლიერად იყო აღგზნებული. მიხვდა თიკო, რომ ნატკას აუცილებლად უნდა დახმარებოდა. ვერ ცნობდა მეგობარს, ის სულ სხვანაირი ახსოვდა, ახლა კი ძალიან შეცვლილი ეჩვენა. ასე თუ გააგრძელებდა, ეჭვი არ იყო, ოჯახი დაენგრეოდა.

თვალები დახუჭა და შეეცადა, მოვლენებისთვის ნატკას თვალით შეეხედა. ნუთუ მასაც დაემართებოდა ასეთი რამ, მიროს ცოლი რომ ყოფილიყო? არა, არავითარ შემთხვევაში! ჯერ ერთი, ძალიან უყვარდა ბავშვები, ადვილად შეეძლო გაშინაურებოდა, შეჭრილიყო მათ სამყაროში, ეს კი ოჯახის შენარჩუნებაში ყველაზე მეტად დაეხმარებოდა. ნატკას პირიქით, ბავშვები არასდროს აინტერესებდა. ამიტომაც არ აჩენდა შვილს. სწორედ მათ გამო არ ჰქონდა ნორმალური ბავშვობა, რამაც სერიოზული დაღი დაამჩნია მის ცხოვრებას, რომელსაც ამჯერად უფრო დიდი საფრთხე ემუქრებოდა.

თიკო მხარზე მიეხუტა.

_ არაფერზე იდარდო, _ ჩურჩულით უთხრა, _ შემდეგ კვირას თქვენ ორივენი უკვე შორს იქნებით. ჩათვალე, რომ ეს თქვენი მეორე თაფლობის თვეა, კარგი? _ მან ეშმაკურად გაიღიმა და დაამატა, _ ცოტა არ იყოს, მშურს შენი, ოღონდ თეთრი შურით. ძალიან საინტერესო ადამიანია შენი ქმარი. ვხვდები, რატომაც გეშინია მისი დაკარგვის, მისი შეყვარება ძალიან ადვილია, _ ამ სიტყვებით თვალებში ჭინკები აუთამაშდა, თითქოს დაქალს აეჭვიანებდა, რათა მისთვის ხასიათი შეეცვალა.

_ უყურე ერთი ამას, _ გადაიკისკისა ნატკამ, _ გინდა, რომ ჩემი მეტოქე გახდე? _ მსწრაფლ შეეცვალა გუნება-განწყობილება, გამხიარულდა და თიკოს გადაეხვია, _ მიხარია, რომ ჩემი გესმის.

_ მე კი მიხარია, რომ სიცილის ხასიათზე დაგაყენე.

_ მოდი, თიკუნა, მე და შენ გავისეირნოთ, ნიკა დარჩეს სახლში, გრიშასთან. რას იტყვი?

სანამ თიკო პასუხს გასცემდა, ოთახში ნიკა შემობრუნდა. კოხტად დაბანილ-დავარცხნილი კართან აიტუზა. იდგა მარტოსული და დაბნეული. თიკომ იგრძნო, რა მდგომარეობაშიც იმყოფებოდა ბიჭუნა.

_ გავისეირნოთ და ნიკაც თან წავიყვანოთ, _ თიკომ ჯერ ხელები მუხლებზე დაიტყაპუნა, მერე წამოდგა და ბავშვს მიუახლოვდა.

ბიჭმა ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, მაგრამ თიკო არ დანებდა, ხელი მხარზე მოხვია და მისკენ დაიხარა.

_ ნიკა, იცი, რა? მე პირველად ვარ ბათუმში და აქაურობის არაფერი ვიცი. ხომ დამეხმარები ქალაქის დათვალიერებაში? შენნაირი კაცი რომ მეყოლება გვერდით, არაფრის არ შემეშინდება.

ბიჭუნა ყოყმანობდა, არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო _ ამ უცნობ დეიდას გაჰყოლოდა თუ შინ დარჩენილიყო. კითხვით სავსე მზერა ნატკას მიაპყრო, თითქოს ნებართვას მისგან ელოდა.

პასუხის ნაცვლად ნატკამ თბილად გაუღიმა და ნიკას იმედი მოეცა.

_ კარგი, წავიდეთ, _ ჩუმად ამოღერღა და თიკოს ხელი ჩაჰკიდა.

ქალს გული მოეწურა, როგორც კი ბავშვის გაოფლილი ხელისგული შეეხო. `როგორ ნერვიულობს საწყალი~, _ გაიფიქრა.

_ მაშინ წავალ, ფეხსაცმელს გამოვიცვლი, თორემ მაღალ ქუსლებზე ვერ ვიბაკუნებ, _ ისეთი აღტაცებით შესძახა, თითქოს ქალაქის დათვალიერებაზე დიდი ნატვრა არაფერი ჰქონოდა.

როცა ესპადრილები ჩაიცვა და ოთახიდან გამოვიდა, კართან მომლოდინე მირო დაინახა.

_ თიკო, აი, აიღე. აქ ასი ლარია. ჩვენ ხომ უკვე მეგობრები ვართ. ეს ფული დაგჭირდება, ნიკასთან ერთად გასეირნება ძვირი სიამოვნებაა. იმედია, ცუდად არ გამიგებ, კარგი? გთხოვ, უარი არ მითხრა.

თიკო უხერხულად შეიშმუშნა, სახეზე წამოწითლდა, მაგრამ ფული მაინც გამოართვა. რა თქმა უნდა, უარი მხოლოდ მეტიჩრობაში ჩაეთვლებოდა, თორემ უფულობას ნამდვილად არ უჩიოდა.

როცა თიკო და ნიკა დაბლა ჩავიდნენ, ნატკა უკვე ჩაცმული დახვდათ. ახლა უფრო მშვიდად გამოიყურებოდა, გაიღიმა კიდევაც.

_ თიკო, მე სალონში უნდა გავიარო. თქვენ უჩემოდ წადით სასეირნოდ, კარგი? ამასობაში ბავშვიც მიგეჩვევა. საღამოს კი მეც შემოგიერთდებით. შეიძლება თეატრშიც წავიდეთ.

_ როგორც გინდა, _ გაოცებულმა თიკომ მხრები აიჩეჩა და ნირწამხდარი გარეთ გავიდა.

_ აბა, შენ იცი, ჭკუით იყავი, მეგობარი არ გამიბრაზო, ხომ? ნამდვილი ვაჟკაცი უნდა იყო და კარგი კავალერი. გესმის ჩემი?

_ მესმის, ნატკა დეიდა. მე ვიზრუნებ მასზე, _ დიდი კაცივით უპასუხა ნიკამ და თიკოს ხელი ჩასჭიდა.

გრიშას მანქანა უკვე დაექოქა. როგორც კი ჩასხდნენ, ბავშვი ახლოს მიუჯდა თიკოს. ამ უკანასკნელმა მხარზე გადახვია ხელი, მერე კი ფანჯრიდან ქუჩების დათვალიერებას შეუდგა.

ცოტაც და მანქანა ბულვარზე გაჩერდა. თიკო და ნიკა გადმოვიდნენ. ბიჭმა კვლავ ჩაჰკიდა ქალს ხელი და ხეივანს ჩაუყვნენ. ქუჩა სავსე იყო დამსვენებლებით. შილიფად ჩაცმული გოგოები და შორტებიანი ბიჭები ხმაურით იკლებდნენ იქაურობას და ზღვისკენ მიიჩქაროდნენ.

თიკომ ორი ნაყინი იყიდა და მერხზე ჩამოჯდა. ერთხანს არც ერთი ხმას არ იღებდა. თიკოს უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ არ იცოდა, რით დაეწყო საუბარი. ამასობაში ბავშვმა ნაყინი შესანსლა და იქვე, შორიახლოს დამაგრებულ ხის ცხენზე აბობღდა. თან იცინოდა, თან ფეხებს აქეთ-იქით აქნევდა.

შემდეგ პარკში გაისეირნეს. ჯერ ტირში მოსინჯეს ძალები, ისროლეს, გაერთნენ. თიკომ მიზანში ზუსტად ისროლა და ზამბარიანი სათამაშო გველი მოიგო. ნიკა ისე იყო გახარებული, სულ თვალებში შესციცინებდა თიკოს, რომელიც ყველა სურვილს უსრულებდა.

მერე კარგა ხანს იხეტიალეს ბულვარზე. სანაპიროზეც ჩავიდნენ, ზღვის ტალღებს უყურეს. თიკო თანდათან მოთენთა სიცხემ, ბავშვს კი დაღლა არც შესტყობია. ბოლოს მშიაო, ხმადაბლა თქვა. თიკომ კაფეში შეიყვანა და ცარიელ მაგიდას მიუსხდნენ. თიკომ აჭარული ხაჭაპური და ლიმონათი შეუკვეთა. ბიჭუნა ლიმონათს წრუპავდა და თიკოს ორი დღის წინანდელ ამბავს უყვებოდა, როგორ წაიყვანა ძია მირომ ზღვაზე და კატერით გაასეირნა.

ამასობაში ოფიციანტმა ხაჭაპური მოიტანა. სწორედ ამ დროს ნიკა სკამიდან ადგა, თავისი სათამაშო გველი დაქოქა და ძირს, იატაკზე დადო.

ქალის მოულოდნელმა კივილმა იქაურობა გააყრუა. თიკო გაშეშდა. მეზობელ მაგიდასთან ვიღაც სკამზე ამხტარიყო, ძირს იყურებოდა და განწირულად კიოდა.

ნიკა უეცრად გამოიქცა და თიკოს სკამს ამოეფარა. თიკომ ახლაღა შეამჩნია აკივლებული ქალის სკამის ფეხებთან მცოცავი სათამაშო გველი.

მაგიდის ირგვლივ ხალხი შეგროვდა.

თიკო მიხვდა, რამაც შეაშინა უცნობი ქალი და მის დამშვიდებას შეეცადა, მაგრამ გულამოვარდნილმა ორი სიტყვის თქმაც ვერ მოახერხა. სწორედ ამ დროს შეამჩნია, როგორ გამოეყო შეგროვებულ ხალხს მამაკაცი. მან ხელი დაავლო სათამაშოს და მაღლა ასწია. თიკო ენაჩავარდნილი მისჩერებოდა ამ სცენას და ხმას ვერ იღებდა. საიდანღაც გაჩენილი ზუზის დანახვაზე თვალები გაუფართოვდა.

ზუზი უარეს დღეში ჩავარდა, როცა მიხვდა, რომ ხელში ნამდვილი კი არა, სათამაშო გველი ეჭირა. წამიც და, მამაკაცმა ჩვეული ქედმაღლობის ნიღაბი აიფარა.

_ ეს სათამაშოა, ქალბატონო, ნუ გეშინიათ, _ მიმართა სკამზე შემხტარ დამფრთხალ ქალს. ვიღაცამ გულიანად გაიცინა, მერე სხვებიც აჰყვნენ და თანდათან დაიშალნენ, რადგან სეირი დამთავრდა.

შეშინებული უცნობი კი სკამიდან ჩამოსვლას ვერ ბედავდა.

_ როგორ თუ სათამაშო? ასე ხუმრობა შეიძლება? _ იწივლა გაბრაზებულმა და შუბლშეკრული ზუზის მიაჩერდა, _ თქვენ მოგწონთ თქვენი შვილის საქციელი? შეხედეთ ერთი, თქვენს მეუღლეს წარბიც არ შეუხრია!

ზუზიმ სათამაშო ჯიბეში ჩაიდო და ქალს ძლივს შესამჩნევი ღიმილით თავშეკავებით მიმართა:

_ მათ მაგივრად ბოდიშს გიხდით, ქალბატონო. ნება მომეცით, მოგეხმაროთ, _ ამ სიტყვებით ხელი გაუწოდა, _ იმედი მაქვს, არ დაშავდით, _ მერე მომაჯადოებლად გაუღიმა `დაზარალებულს~ და სკამიდან ჩამოსვლაში მიეხმარა.

შეშინებულმა თიკომ მხოლოდ ახლა შეხედა თავის მხსნელს და მისი გალანტურობით მოხიბლულმა თვალი ვერ მოსწყვიტა. ზუზი უცნობ ქალს მოემსახურა, კიდევ რამდენიმე სიტყვა უთხრა, მის თანმხლებ პირებსაც მოუხადა ბოდიში და იმ მაგიდისკენ გამოეშურა, რომელსაც ნიკა და თიკო უსხდნენ. თიკო რაღაც გამოუცნობის მოლოდინში დაძაბული და გარინდული იჯდა.

დარცხვენილი და შეცბუნებული ნიკა ლიმონათს წრუპავდა, ხაჭაპურისთვის პირი არ დაუკარებია. როგორც კი ზუზი მოვიდა, თავი ასწია და მუდარით სავსე მზერა მიაპყრო.

_ ზუზი ძია, დამიბრუნეთ ჩემი სათამაშო, რა.

_ რა თქმა უნდა, აუცილებლად დაგიბრუნებ, მაგრამ ვფიქრობ, იმ ქალბატონს ბოდიში უნდა მოუხადო.

_ მე მისი შეშინება არ მინდოდა. უცებ გამივარდა ხელიდან. _ ბავშვმა თავი იმართლა და თიკოს გადახედა, მზერით სთხოვდა, დამეხმარეო. `საწყალი ბიჭი~, _ გაიფიქრა თიკომ და რატომღაც საშინლად გაღიზიანდა. როგორ ყველა ჩაგრავს ამ უდედმამო ბავშვს, როგორ არ რცხვენიათ?

ზუზი დაჯდა, სავარძლის საზურგეს გადააწვა და სახე მზეს მიუშვირა.

თიკოს გული ამოვარდნაზე ჰქონდა, განერვიულებულმა ხმა ძლივს ამოიღო:

_ ნიკას არავის შეშინება არ უნდოდა. ეს საჩუქარი მე ვუყიდე და დამნაშავეც მე ვარ. ყველაფერი ისე მოულოდნელად მოხდა...

მამაკაცმა თვალები გაახილა და ქალს ირიბად, ცივი მზერით გახედა:

_ ამას არა აქვს მნიშვნელობა. დააშავა და ბოდიში უნდა მოიხადოს. კაცი დამარცხებასაც უნდა მიეჩვიოს, _ ამ სიტყვებით ნიკას ანიშნა, გამომყევიო და უცნობი ქალისკენ გაემართა.

ნიკა მხრებჩამოყრილი, ზლაზვნით გაჰყვა უკან. თიკომ თავი მიიბრუნა, ბოდიშის მოხდის სცენის დანახვაც არ უნდოდა. ისედაც დათრგუნვილი ბავშვის ამ დღეში ჩაგდება სასტიკად არ სიამოვნებდა.

_ თიკო, კონიაკს ხომ არ დალევდით ჩემთან ერთად? _ შემოესმა მოულოდნელად.

მსწრაფლ გასწორდა სკამზე და თავზე წამომდგარ ზუზის გამჭოლი მზერით ახედა.

_ არა, გმადლობთ, მე ლიმონათს ვსვამ.

_ ბავშვები ძალიან გიყვართ? _ შეეკითხა მამაკაცი და დაჯდა თუ არა, ოფიციანტს ხელით ანიშნა, მოსულიყო.

_ რატომ გაინტერესებთ? _ მტრულად შეეკითხა ქალი.

_ უბრალოდ, მინდა ვიცოდე, _ გულგრილად მიუგო ზუზიმ და ოფიციანტს კონიაკის მოტანა სთხოვა.

რამდენიმე წუთის შემდეგ იგი უკვე ცარიელ სირჩებს ავსებდა. მერე ერთი თიკოს გაუწოდა, თავისი ასწია და ღიმილით თქვა:

_ თქვენი ჩამოსვლისა იყოს. ვინ იცის, შეიძლება ეს ქალაქი თქვენთვის ბედნიერების მომტანი აღმოჩნდეს.

დაბნეულმა თიკომ რაღაც წაილუღლუღა, კონიაკი ნახევრამდე მოსვა და მაშინვე იგრძნო, როგორ გაუხურა სხეული ალკოჰოლმა. ისე შემსუბუქდა, რომ ისიც კი გაიფიქრა, რა კარგი ვქენი, ბათუმში რომ ჩამოვედიო.

გაგრძელება შემდეგ ნომერში