თამაში მზესთან (თავი IV) - გზაპრესი

თამაში მზესთან (თავი IV)

როცა ირგვლივ თვალი მოავლო, ზუზის დაჟინებულ მზერას წააწყდა. ღაწვები შეეფაკლა და მაშინვე კონიაკი მოსვა, დაბნეულობა რომ დაეფარა.

ზუზიმ კვლავ შეუვსო სირჩა.

- არა, მადლობა, მეტს ვერ დავლევ. ისედაც, საერთოდ არ ვსვამ, არ მიყვარს დალევა.

- არც მე, მაგრამ ეს განსაკუთრებული შემთხვევაა. ნატკა სად არის? რატომ თქვენთან ერთად არ წამოვიდა?

- სალონშია. მოგვიანებით შემოგვიერთდება.

- აბა, თქვენ ვიღამ მოგიყვანათ აქა? - მკვახედ იკითხა ზუზიმ. როგორც ჩანს, არ მოეწონა, რომ თიკო ბავშვთან ერთად მარტო გამოუშვეს.

- ნატკამ გრიშას ჩააბარა ჩვენი თავი. დამპირდა, მოვალო, მაგრამ თუ არ მოვიდა, საღამოს თეატრთან შეგვხვდება.

თიკო ჩქარ-ჩქარა ლაპარაკობდა, ეშინოდა, ზუზიმ გაცილება არ შემომთავაზოსო. დარწმუნებული იყო, რომ ზუზის მხოლოდ ნიკა აინტერესებდა, ნიკა და დედამისი... მარი. თუმცა, უკვირდა, რომ მამაკაცი ამდენ დროს მასთან საუბარში ხარჯავდა. თან აღიზიანებდა ეს კაცი, თან მოსწონდა.

ფიქრებიდან ზუზის ხმამ გამოარკვია. იგი კვლავ დაჟინებით შესცქეროდა:

- გაგიმართლათ, ბათუმში ზაფხულში რომ ჩამოხვედით. იცით, რამდენი კონცერტი და ფესტივალი ტარდება ამ სეზონზე? უამრავი. მოგეწონათ ბათუმი?

- ძალიან. ვნანობ, რომ აქამდე არ მომეცა აქ დასვენების საშუალება.

- მე კიდევ არ მიყვარს ზაფხული ბათუმში. პირველი შემთხვევაა, როცა ამ დროს აქ ვარ. გაიხედავ და ირგვლივ ლამის ჭყლეტაა, უამრავი ხალხი ირევა, პლაჟზე ხომ, ფაქტობრივად, თავისუფალ ადგილს ვერ იპოვი. აი, ზამთარში სულ სხვაა. ისეთი სიწყნარეა, სული დაგიმშვიდდება ადამიანს. ირგვლივ სულ შენიანები ირევიან, თითქოს ყველა ნაცნობია. ახლა კი უცხოებითაა აქაურობა სავსე. სულ სხვა სანახავია, როცა გარეთ ცივა, აქაურები კი თბილ კაფეებში არიან შეყუჟულები, საუბრობენ და ყავას სვამენ. საოცარი სიმყუდროვეა ხოლმე. მიხარია, როცა ცივ დღეებში აქ ჩამოსასვლელ დროს გამოვნახავ.

- თქვენ აქაური არ ხართ? - გაიოცა თიკომ.

- არა. ფესვები აქაური მაქვს, დიდი ბებია-ბაბუა ბათუმელები იყვნენ, მაგრამ მერე ბაბუაჩემმა აქ ყველაფერი გაყიდა და თბილისში გადავიდა საცხოვრებლად, რადგან დედისერთა თბილისელი შეუყვარდა და მშობლებმა ბებიაჩემი ბათუმისთვის ვერ გაიმეტეს, - ზუზიმ გაიცინა, - ჰოდა, მამაჩემი თბილისში გაჩნდა, მერე მეც. ასე რომ, ბათუმელობას დიდად ვერ დავიჩემებ. ბათუმი ხომ მიყვარს, მაგრამ თბილისი ყველა ქალაქს მირჩევნია. სადაც უნდა ვიყო, ჩემი ქალაქი ყველაზე მეტად მენატრება ხოლმე.

- აქ სახლი გაქვთ?

- აქაც და თბილისშიც. სახლიც და ბინაც. ჩემდა სასიკეთოდ, ისე ამეწყო ცხოვრება, რომ მატერიალურად უზრუნველყოფილი ვარ. - ამ სიტყვებით რაღაცნაირად გაიღიმა, თითქოს თავისი სიმდიდრით ამაყობსო, რაც თიკოს ძალიან არ მოეწონა.

- თბილისში გაქვთ ბიზნესი?

- იქაც, მაგრამ ძირითადად თურქეთში. ბაბუაჩემმაც იქ აიწყო ცხოვრება, მერე მისი დაწყებული საქმე მამაჩემმა გააგრძელა, ახლა კი მე. სასტუმროების ქსელი გვაქვს. სხვათა შორის, ორი წელია, იტალიაშიც გავხსენით სასტუმრო, ამიტომ ბოლო დროს იქითაც ხშირად მიწევს გამგზავრება.

თიკო უსმენდა ზუზის, მაგრამ ყურადღება ნიკასკენ ჰქონდა, რომელიც მადიანად ილუკმებოდა. სულაც არ აინტერესებდა, რითი იყო დაკავებული ზუზი, მაგრამ ზრდილობის ნორმებს გვერდს ვერ აუქცევდა.

ამასობაში ოთხი საათი გახდა. გრიშამ დარეკა, ორ წუთში კაფესთან ვიქნები და დაგელოდებითო. თიკომ ზუზის მადლობა გადაუხადა, ამდენი ხანი მათთან რომ დაჰყო და ნიკასთან ერთად მანქანისკენ გაემართა.

თეატრის შენობასთან დროზე მივიდნენ. საპარიკმახეროდან დაბრუნებული ნატკა თავისი ლამაზი ვარცხნილობით არაჩვეულებრივი სანახავი იყო.

- დაიღალეთ? - ღიმილით შეეკითხა დაქალს და მანქანაში ჩაჯდა, - გარეთ ცხელა, აქ დაველოდოთ. სანამ კარს გააღებენ, გრილად მაინც ვიქნებით. აბა, როგორი დრო ატარეთ?

- სასიამოვნო, - ცოტაოდენი სარკაზმი გაურია თიკომ ხმაში, რითიც დაქალს აგრძნობინა, სულაც არ ვარ მოხიბლული, ბავშვთან მარტო რომ დამტოვეო.

- მაპატიე, რომ ვერ შემოგიერთდით, ვერაფრით ვერ მოვახერხე. ჩემს სტილისტს იმდენი ხალხი ჰყავდა...

- აკი ჩაწერილი ვარო? - თიკომ გამჭოლი მზერა მიაპყრო.

- ჰო, მაგრამ დავაგვიანე და სხვა დასვა ჩემ მაგივრად. მერე კიდევ ერთი ელოდებოდა და სანამ ის არ გაისტუმრა, ველოდებოდი.

- ჩვენ კიდევ ზუზი ძია შეგვხვდა, - ახარა ნიკამ, - და აი, ახალი სათამაშოც მაქვს.

- ზუზი ნახეთ? სად იყო?

- შემთხვევით შეგვხვდა, - თიკო, რატომღაც, გაწითლდა.

- ხომ კარგი ტიპია? არ მოგწონს? - ეშმაკურად გაუღიმა ნატკამ, - სხვათა შორის, უცოლოა, - ჩაუკრა.

- საინტერესო ადამიანია, ჩემი დასაწუნი რა სჭირს. არც ინტელექტი აკლია და არც ჭკუა-გონება, თუმცა, ცოტა თავმომწონეა. - გულღიად აღიარა თიკომ.

- ცოტა კი არა, ძალიან თავმომწონეა, ჩემზე უკეთ ეგ ვინ იცის, - გაიცინა ნატკამ, - მაგრამ ძალიან კარგი ადამიანია. იცი, რამდენ გოგოს მოსწონს? ქალები ზედ ახტებიან. არც მიკვირს მათი, ზუზის ყველაფერი აქვს, რასაც კი ქალი ინატრებდა.

- მთლად ეგრე ვერ ვიტყოდი. სიმართლე გითხრა, რაღაცნაირად მძაბავს მასთან ურთიერთობა, ცოტათი ცინიკური მგონია.

- რატომ, რატომ? ასეთი სულაც არ არის. შენ რაღაც მტრულად განეწყვე მის მიმართ. ცოტა მსუბუქად შეხედე, ახლოს გაიცანი და ნახავ, როგორი მომაჯადოებელია. მისნაირი მამაკაცები ცხოვრებას ახალისებენ. იცი, ოქსფორდში რომ სწავლობდა?

- არა, ეგ არ უთქვამს და მიკვირს, როგორ გამორჩა. - დამცინავად ჩაიღიმა თიკომ, - სხვა ღირსებები არ გამორჩენია რატომღაც, ლამის ამიკლო თავის ქებით.

- აი, მაგას კი ვერ დავიჯერებ, ეგეთები ზუზის არ სჩვევია. რაღაც მოგეჩვენა.

თიკოს თვალწინ დაუდგა ზუზი და გული უცნაურად აუბაგუნდა. რადგან ეს კაცი ნატკას და მიროს ახლო მეგობარია, ესე იგი, ხშირად მოუწევს მისი ნახვა. საჭიროა კი ეს? ან რატომ ანერვიულდა ასე? მას ხომ სხვა უყვარს?

- მირიანი გიჟდება მასზე და ბავშვივით უხარია, როცა ბათუმში ჩამოდის. მით უფრო, ზაფხულში. ამ დროს იშვიათადაა ხოლმე აქ.

- ნატკა, წეღან მარიზე რომ ლაპარაკობდნენ... მიროს უნდა, რომ ზუზიმ მარი ცოლად შეირთოს?

- შენ ასეთი დასკვნა გამოიტანე?

- რა ვიცი... რატომღაც, ასე მომეჩვენა. შევცდი?

- არა, რა თქმა უნდა, არ შემცდარხარ.

- კი მაგრამ, ცოტა უცნაური არ არის? მარი ხომ მისი რძალია?

- მერე რა? ვიღაცას რომ გადაეყაროს ან საერთოდ არ გათხოვდეს და ცუდ გზას დაადგეს, ეს უფრო მოსაწონი იქნება? თუკი ზუზის ცოლი გახდება, ყველასთვის აჯობებს. ამაში უცნაური არაფერია. თანაც, მარის და ზუზის ოჯახები დიდი ხანია, მეგობრობენ. ეგენი ბავშვობიდან იცნობენ ერთმანეთს. იცი, რა ლამაზი გოგოა? ძალიან. სანამ ჩვენი რძალი გახდებოდა, კაცები სულ კუდში დასდევდნენ. თანაც, შეძლებული ოჯახიდანაა. ზუზისაც უყვარდა თურმე, მაგრამ მარიმ ჩემი მაზლი აირჩია და... ახლა კი ზუზის ისევ მიეცა შანსი. პირადად მე ძალიან გამიხარდება, თუ დაქორწინდებიან. ვერ ხედავ, ნიკა შვილივით უყვარს. შენც ხომ შეატყვე, როგორი ყურადღებით ეპყრობა.

ნატკამ სიგარეტს მოუკიდა. ორიოდე ნაფაზის შემდეგ კი ფანჯარა ჩამოსწია და გარეთ გადააფერფლა. მერე თიკო ისე შეათვალიერა, თითქოს მარის ადარებსო.

- ცოტა ნაადრევი ხომ არ არის მარის გათხოვებაზე ფიქრი? მან ხომ ახლახან დაკარგა ქმარი, რომელიც სიგიჟემდე უყვარდა?

ნატკამ ცალყბად ჩაიცინა.

- არ იცი, როგორი ეგოისტი და თავნებაა. ქმარი კი მართლა უყვარდა, მაგრამ თავისი თავი მაინც ქვეყანას ურჩევნია. ახლა, როცა მამუკა აღარ ჰყავს, აღარაფერი ანაღვლებს, მხოლოდ საკუთარ გარეგნობასა და კეთილდღეობაზე ფიქრობს. ზუზი მისთვის იდეალური ქმარი იქნება. მგონი, ჯერაც უყვარს, ამიტომ იყო იტალიაში, მის სანახავად ჩავიდა.

- აკი იქ ბიზნესი მაქვსო? - თიკოს თვალებში გაოცება გამოეხატა.

- აქვს, როგორ არა, მაგრამ ზღვის სეზონი რომ მოდის, ძირითად დროს თურქეთში ატარებს, იქ სასტუმროების მთელი ქსელი აქვს. იტალიაში კი მხოლოდ ერთი სასტუმრო გახსნა შარშან და ჯერაც ვერ აამუშავა წესიერად. იქ სხვანაირი კონკურენციაა.

თიკომ ფანჯარაში გაიხედა, უკვე აღარ სიამოვნებდა ზუზიზე ლაპარაკი.

- მირო ხმამაღლა არ იძახის, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ძალიან უნდა ეს ამბავი მოგვარდეს. ზუზი ზედგამოჭრილია მარისთვის, იქნებ მან მაინც შეძლოს მისი მოთოკვა. მამუკამ ეს ვერ მოახერხა... აი, დაიწყო ხალხმა შესვლა, როგორც იქნა, კარი გააღეს, მგონი. წამო, შევიდეთ, - ნატკა მანქანიდან გადავიდა...

კარგი კონცერტი იყო, მაგრამ თიკო მაინც ვერ გახალისდა. ვერც სიმღერებმა გაამხიარულა და ვერც ნატკას ნაამბობმა. თვალწინ გამუდმებით ზუზის დაჟინებული მზერა ედგა.

როგორც იქნა, შინ დაბრუნდნენ. ნიკა მაშინვე ბიძასთან გაიქცა, რათა თავისი ახალი სათამაშო ეჩვენებინა.

თიკო ისე მოითენთა, რომ ოთახში ასვლისთანავე საწოლზე მიწვა და დაიძინა.

ცოტა ხანში ნატკა და მირო ზუზისთან წავიდნენ სტუმრად, სადაც თიკოც იყო მიწვეული, მაგრამ არ წავიდა. მოიმიზეზა, დღეს ძალიან გადავიქანცე და ნიკასთან დარჩენა მირჩევნიაო.

ათი ხდებოდა, როცა ბავშვმა დაიძინა. თიკომ პატარას სასთუმალი გაუსწორა, თმაზე ალერსით გადაუსვა ხელი და გაიფიქრა, რა კარგი იქნებოდა, ნიკას ღამის კოშმარები რომ არ აწუხებდესო. მერე მძინარეს ლოყაზე აკოცა და თავის საძინებელს მიაშურა.

ვერაფრით ვერ მოისვენა, გამოძინებამაც კი არ უშველა. ამ ერთ დღეში თავს უამრავი რამ გადახდა. ნატკამ მთელი მისი გეგმები წყალში ჩაყარა, როცა დაპატიჟების რეალური მიზეზი ჩამოსვლამდე არ აუხსნა. ვერაფრით აპატია მეგობარს უნებლიე ტყუილი. იყო კი უნებლიე? მეორე მხრივ, ნიკა ებრალებოდა და გრძნობდა, რომ ამ ბავშვის გულისთვის ყველაფერს გააკეთებდა.

კვლავ წამოწვა და ფიქრებითაც კვლავ ზუზის გადასწვდა. არ უნდოდა მასზე ეფიქრა, მაგრამ რომ არ გამოსდიოდა? შეეცადა, სხვა რამეზე გადართულიყო. ახლა ნატკაზე დაიწყო ფიქრი. ამან უფრო დაუმძიმა გული. ეს ნატკა სულაც არ ჰგავდა მის ძველ მეგობარს. უკვირდა მიროსი, როგორ უძლებდა ასეთ ცოლს. შეიძლება ამიტომაც იყო ასეთი დარდიანი? მაგრამ არა, მირიანს აშკარად ეტყობოდა, რომ ცოლი ძალიან უყვარდა. დარდი კი ალბათ, ძმის სიკვდილით იყო გამოწვეული. ამიტომაც ზრუნავდა ასე თავგადაკლულად ძმისშვილზე. თვალწინ დაუდგა, როგორი სიყვარულით ეპყრობოდა ბავშვს ბიძა. ძმის გარდაცვალება საშინელებაა. ასეთ დროს ადამიანს განსაკუთრებული სითბო და ალერსი სჭირდება. ნატკა კიდევ როგორ ექცევა? ნუთუ ამდენს ვერ ხვდება? გამორიცხულია, ვერ ხვდებოდეს. ან კი რა მოხდება, მეტი ყურადღება რომ გამოიჩინოს ბავშვის მიმართ? ამას ქმარი უფრო არ დაუფასებს? ალბათ მირო სიხარულით გაგიჟდება, ნატკამ ნიკას მიმართ დამოკიდებულება რომ შეიცვალოს. არადა, ნატკა მასში საშიშ კონკურენტს ხედავს მხოლოდ. სულელი გოგოა! თუ ასე ეშინია, გაუჩინოს თავის ქმარს შვილი და ყველაფერი სხვაგვარად იქნება. ვერ ხედავს, როგორ გაიღვიძა მის ქმარში მამობრივმა გრძნობამ? ეს ხომ ნათელია, მთელი სურათი თითქოს ხელისგულზე დევს.

თიკომ ამოიოხრა, გვერდი იცვალა და თვალები მილულა. ცოტა ხანში ჩაეძინა და თან ისე ღრმად, რომ არც კი გაუგია, რა დროს დაბრუნდნენ მირო და ნატკა...

არასდროს დაავიწყდება თავისი პირველი დილა ბათუმში. დილით მზესთან ერთად ადგა და აივანზე გავიდა. ჯერ მნათობს ახედა, მიესალმა, თვალი ჩაუკრა, მერე გაიზმორა და ზღვის ჰაერი ხარბად შეისუნთქა. რაღაცნაირად იყო აჟიტირებული. ზემოდან მზე დანათოდა, ქვემოდან ზღვა შემოჰყურებდა. სხვა რაღა უნდოდა? ზღვა და მზე ყველაფერზე მეტად უყვარდა. ჰორიზონტს გახედა. ისეთი ლამაზი იყო მოლივლივე ტალღები და მასზე კაშკაშა სინათლის ზოლად გაწოლილი მზის სხივები, რომ თვალს ვერ აშორებდა.

კარგა ხანს იდგა გაუნძრევლად და შორეთს გაჰყურებდა. ამ ახალ დღესავით ახალი იყო მისთვის ყველაფერი. ნუთუ ყოველი დილა ამ დილასავით საოცარი იქნება?

როგორც იქნა, ზღვას თვალი მოსწყვიტა და სააბაზანოს მიაშურა. როცა ბანაობას მორჩა, მშვენიერ ხასიათზე დადგა, სიცოცხლე უხაროდა. ჩაცმას შეუდგა, თან ღიღინებდა. რაღაც უჩვეულო გრძნობით ისე იყო სავსე, რომ მზადყოფნა გამოთქვა, დამტკბარიყო ამ სილამაზით და მთელი თავისი გულისხმიერება პატარა ნიკასთვის გაეზიარებინა, რათა მისი გული გაეთბო და იმ დიდი ტრაგედიის დავიწყებაში დახმარებოდა.

ამ დროს კარი გაიღო და ოთახში ნატკა შემოცქრიალდა.

- დილა მშვიდობისა, ჩემო პატარავ. როგორ ხარ? გამოიძინე? - დაქალი სიყვარულით სავსე მზერით მისჩერებოდა.

- სასწაულად კარგად მეძინა. ისე გავითიშე, არც გამიგია, როდის მოხვედით, - უპასუხა თიკომ, თან საწოლს ასწორებდა, - როცა წავალ, აქაურობა ძალიან მომენატრება.

ნატკამ გადაიკისკისა და თიკოს ზურგიდან ჩაეხუტა. მერე ჩურჩულით თქვა:

- თიკუნა, იცი, როგორ მიკვირს, მარტო რომ ხარ? შენისთანა ლამაზი ქალი მარტო არ უნდა იყოს. ლამაზთან ერთად, ჭკვიანიც ხარ და ძალიან საყვარელიც. სიკეთისა და სითბოს განსახიერება, - მერე მოსცილდა მეგობარს და მისი ასხლეტილი ტან-ფეხი დაკვირვებით შეათვალიერა, თითქოს პირველად ხედავსო, - დავიჯერო, მართლა არავინ გყავს? იქნებ რაღაცას მიმალავ, ა?

თიკომ თავი გადააქნია.

- არა, არავინ მყავს, გეფიცები. მართალი გითხრა, გათხოვება სულაც არ მინდა, რაღაცნაირად მაშინებს. ძალიან ძნელია სანდო მამაკაცის პოვნა. ირგვლივ ისეთი უზნეობაა გამეფებული, რომ...

ნატკა სარკეს მიუახლოვდა და სუნამოს ფლაკონი აიღო.

- მთავარია, იღბლიანად გათხოვდე, დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია, - ამ სიტყვებით სუნამო ყელზე დაიპკურა, - აუ, რა მაგარი სურნელი აქვს.

- დაბადების დღეზე მაჩუქეს, - თიკოს სევდა ჩაუდგა თვალებში, მაგრამ ამის მეტი არაფერი უთქვამს.

ნატკამ მისი ლაკონიური პასუხი დაიჭირა.

- რაღაცას მიმალავ. აბა, მითხარი, რა ხდება შენს თავს, - მეგობარს მაჯებში ჩააფრინდა და საწოლზე ჩამოსვა.

თიკომ ორაზროვნად ჩაიღიმა.

- აღარაფერი აღარ ხდება, ყველაფერი დამთავრდა.

- ანუ? - ჩაეძია ნატკა.

- ანუ რა... არც არაფერი. რაც იყო, დამთავრდა. უცებ დაიწყო და უცებვე დამთავრდა.

- რას მელაპარაკები! აბა, მომიყევი ახლავე, ვინ იყო, სად იყო, რატომ იყო და სად გაქრა.

- ახლა არა, ნატკა, გთხოვ. ახლა ისეთ კარგ ხასიათზე ვარ, არაფრის გახსენება არ მინდა. სხვა დროს მოგიყვები, კარგი?

- აკი არავინ მყვარებიაო?

- მე არ მითქვამს, რომ არავინ მყვარებია. პირიქით, გუშინ გითხარი, იქნებ მეც მყვარებია-მეთქი. ჩვენ იმდენი ხანია, ერთმანეთი არ გვინახავს, რომ ერთიმეორის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. მიყვარდა, მაგრამ მორჩა, დამთავრდა ის სიყვარული.

- და რატომ, მიზეზი?

- სხვა დროს, აკი გთხოვე.

- კარგი, იყოს სხვა დროს, მაგრამ უნდა იცოდე, რომ უკვე დიდი გოგო ხარ და დროა, გვერდით კაცი გყავდეს.

- კაცი თუ ქმარი? - გაიცინა თიკომ.

- შენი ტიპის ქალი საყვარელს არ გაიჩენს, ეგ ნამდვილად ვიცი. ზედმეტად წესიერი იყავი ყოველთვის, მაგრამ თაყვანისმცემელი არ გაწყენდა, ცოტათი მაინც გაერთობოდი. აქ ზაფხულობით განსაკუთრებით საინტერესო კაცები იჩითებიან. შეიძლება ვინმე მოგეწონოს კიდეც.

- ოჰოოო, - გადაიკისკისა თიკომ, - ეს მართლაც საინტერესოა. დიდი მადლობა რჩევისთვის, მეგობარო, მაგრამ აქ საქმროს საძებნელად არ ჩამოვსულვარ. უბრალოდ, გასართობად გეწვიე. ისე, იმასაც გეტყვი, რომ ისეთი წესიერი აღარ ვარ. - თქვა და კვლავ გაიცინა.

- აი, თურმე რა ყოფილა! მერე? ფლირტი ხომ გართობის განსაკუთრებული საშუალებაა, რა გიშლის ხელს?

- მაგის დრო სად მექნება? ჯერ ერთი, ბევრი რამე მაქვს სანახავი, მეორეც - ნიკას უნდა მივხედო, უფრო ამისთვის არ მომიწვიე? - მაინც უკბინა დაქალს, - და კარგიც ქენი, რომ მომიწვიე, ძალიან მიხარია. არ მეგონა, ასე თუ მომეწონებოდა აქაურობა. ახლა უფრო მინდა, რომ შენთვის რაღაც გავაკეთო. - თიკო ისე სხაპასხუპით ლაპარაკობდა, რომ ნატკას სიტყვის ჩაგდების საშუალება არ მისცა, - იცი, რა მოვიფიქრე? ნიკა ჩემ გვერდით ოთახში გადმოვიყვანოთ. მე ძალიან ფრთხილი ძილი ვიცი და თუ ცუდ სიზმარს ნახავს და გაეღვიძება, ეგრევე გავიგებ. თანაც, შენთვისაც უკეთესია, ჩემს სიახლოვეს თუ იქნება. მიროსაც შეუმსუბუქდება მდგომარეობა.

ნატკას თვალები ცრემლით აევსო. აშკარა იყო, მოეწონა მისი შემოთავაზება, მაგრამ პასუხის გაცემა შეაყოვნა, თითქოს რაღაც სერიოზული აკავებსო.

- ნუ, არ გინდა ეგრე. ტყუილად იკავებ თავს. არ გეგონოს, ზრდილობის გულისთვის შემოგთავაზე, მართლა გულით გეუბნები. თანაც, რამდენიმე დღეში წახვალთ. მერე უფრო გამიჭირდება ბავშვთან გაშინაურება. ჯობია, ამ საქმეს აქედანვე მივხედოთ.

- იქნებ კვირის ბოლომდე დაგვეცადა? თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რომ ასეთი საზრუნავი აგკიდე. ისეთი რამ მოგახვიე თავზე, რომელიც შენ სრულებით არ გეხებოდა. ერთადერთი, რაც მამშვიდებს, ისაა, რომ სულ ცოტა ხნით მივდივართ და მალევე დავბრუნდებით. სიმართლე გითხრა, ჩემთვის ის ერთი კვირა მთელი საუკუნეა. ძალიან მინდა, ჩემს ქმართან მარტო დავრჩე. სწორად გამიგე, გთხოვ.

- მესმის შენი. ნურაფერზე ნუ ნერვიულობ. ყველაფერი კარგად იქნება. მე და ნიკა არ მოვიწყენთ, თქვენ კი, რაც უფრო მალე დარჩებით მარტო, მით უკეთესია.

- მე კი მინდა, რომ ჩვენს ჩამოსვლამდე სტუმრად იგრძნო თავი და არა ძიძად. რაც მეტს ვფიქრობ ამაზე, მით უფრო ვბრაზდები ჩემს თავზე.

- ნუ ნაღვლობ, ხომ იცი, რომ არ დაგაღალატებ? აი, ჩამოხვალ და ამაში თვითონ დარწმუნდები.

- შენ რომ არ მყავდე, რა მეშველებოდა? ღმერთმა გამომიგზავნა შენი თავი, - ნატკა კვლავ ჩაეხუტა მეგობარს და მხარზე აკოცა, - გრიშას ვეტყვი და ნიკას საწოლს და ნივთებს დღესვე გადმოვატანინებ აქეთ. დღეს მე და შენ მარტონი ვრჩებით. მირო ქობულეთში უნდა წავიდეს საქმეზე და ნიკაც თან მიჰყავს.

- მართლა? რა მაგარია! მაშინ უამრავი დრო გვქონია, რომ ჭორაობით დაკარგული წლები ავინაზღაუროთ. ჩემს ამბავსაც მოგიყვები და ეგაა! - გაუხარდა თიკოს.

- ჰოდა, მეც ეგ მინდა, სხვა კი არაფერი, - წამოხტა ნატკა, - ერთი სული მაქვს, შენი სიყვარულის ამბავი გავიგო. ახლა კი წამო, ვისაუზმოთ, თორემ მომკლავს მირო, რომ დავაგვიანეთ.

ოთახიდან გასვლის წინ ორივემ ერთდროულად ჩაიხედა სარკეში და სიცილი აუტყდათ.

გაგრძელება შემდეგ ნომერში