თამაში მზესთან (თავი V) - გზაპრესი

თამაში მზესთან (თავი V)

შილიფად ჩაიცვეს და ქუჩაში გავიდნენ. გზად მაღაზიებში შეიარეს, თითო ხელი საცურაო კოსტიუმი შეიძინეს და გამხიარულებულები ბულვარში გავიდნენ. როცა სეირნობით დაიღალნენ, ღია კაფეში დასხდნენ და ცივი ყავა შეუკვეთეს.

- დღე მშვიდობისა, გოგოებო! - მოულოდნელად სასიამოვნო და, ამასთან, ნაცნობი ხმა გაისმა.

ნატკამ თავის მიუბრუნებლად გაიღიმა და მოახლოებულ ზუზის ათამაშებული თითებით მიესალმა, თან თიკოს თვალი ჩაუკრა.

- რა ბიჭი ხარ, რომ იცოდე, რა ბიჭი! - ნატკამ ქათქათა კბილები გამოაჩინა, - ზუსტად გრძნობ ხოლმე, ქალებს როდის სჭირდები და გაჭირვების ტალკვესივით უცებ ადგილზე ჩნდები. რა კარგია, რომ შეგვხვდი, ახლა უკეთ გავერთობით.

ზუზი ზემოდან დაჰყურებდა ქალებს. მზის სხივებით განათებული გარუჯული სახე ისე უპრიალებდა, საოცარი სანახავი იყო.

- ესე იგი, უფლება მოვიპოვე, რომ შემოგიერთდეთ?

- დამსახურებულად, - დაუდასტურა ნატკამ.

ზუზიმ სკამი გამოსწია, დაჯდა და თიკომ კვლავ იგრძნო მისი მომნუსხველი მზერა, რომელმაც პირველი შეხვედრისთანავე რომელიღაც მგრძნობიარე სიმი შეურხია გულში.

- ყავას ხომ არ გაიმეორებდით? თუ წვენი გირჩევნიათ? მანგო, ანანასი...

- `კონიაკს დალევ? მანგოს წვენს... უნდა გაკოცო... მაკოცე...~ - პათეტიკური ტონით წამოიწყო ნატკამ და ეშმაკური ღიმილით თიკოს გადახედა.

- დალევთ კონიაკს? - ზუზი წინ გადაიხარა და მიმტანის მოსახმობად მოემზადა.

- არა, არა, ამ სიცხეში დალევა რა უბედურებაა! - შორს დაიჭირა ნატკამ, - ცივ წვენზე კი არ ვიტყოდით უარს, ქალებს გვიყვარს სიცხეში ცივი. - თქვა ნატკამ, მერე ზუზი დაკვირვებით შეათვალიერა და ჰკითხა:

- ისე, სულ მიკვირს, როგორ ახერხებ, ამ სიცხეში ისე გამოიყურებოდე, თითქოს საშხაპიდან ეს-ესაა, გამოხვედი? დავიჯერო, მზე არ გთენთავს?

- მიჩვეული ვარ. არ დაგავიწყდეს, რომ აფრიკის უდაბნოები მაქვს მოვლილი.

- ო, ეგ სულ არ გამხსენებია. მე კიდევ სიცხე მკლავს. აი, თიკოსაც არ აწუხებს, ხედავ? თითქოს საერთოდ არ დაღლილაო, მე კი უკვე ერთი ნაბიჯის გადადგმაც არ შემიძლია, ოფლი ღვარად ჩამომდის ხოლმე სახეზე და მაკიაჟს ვერ ვიკარებ.

ზუზი თითქოს არც უსმენდა ნატკას, მიმტანს შეკვეთას აძლევდა.

- ნეტავი შენს ცოლს, როცა გეყოლება, - გაიცინა ნატკამ, - ისა და... არ აპირებ? როდის უნდა გვაცეკვო შენს ქორწილში? ხომ არ დაადგი თვალი ვინმეს? დრო გადაგიცდა, მეგობარო, ჭაღარა რომ შემოგეპარა, ვერ ამჩნევ თუ როგორაა შენი საქმე? - გაეხუმრა.

- ვერა, ვერავისაც ვერ დავადგი თვალი, ჩემო ნატა. ხომ იცი, ასეთ რამეს პირველ რიგში შენ გეტყოდი, მერე კი იმ ქალს, - ზუზიც აჰყვა ხუმრობაში.

- ვიცი, ვიცი და მოუთმენლად ველი იმ დღეს, რომ იცოდე!

- ვნახოთ. ჯერჯერობით სიყვარულის ინფლაციას განვიცდი. საყვარელ ადამიანებს არ ეძებენ, მას ბედისწერა ჯილდოს სახით გვიგზავნის. მე, ალბათ, ეს ჯერ არ დამიმსახურებია, - საოცარი სევდა შეერია ხმაში, შემდეგ კი სწრაფად დაამატა, - დღეს რა გაქვთ გეგმაში, გოგოებო? - და ამით საუბრის თემა შეცვალა.

- რა და, ეს გოგო ზღვაში უნდა ჩავიყვანო. გიჟდება ზღვაზე და ჯერ ერთი ტალღაც არ დასჯახებია.

- ოოო, მაგაში კი უნდა შევუწყოთ ხელი ჩვენს სტუმარს, - ზუზიმ ირიბი მზერით გახედა მოღიმარ თიკოს, - საღამოს კი მე მესტუმრეთ. გიმასპინძლებთ. როგორი აზრია?

- გენიალური, - გაუხარდა ნატკას, - მით უფრო, მირო რომ არ არის, მოვიწყინეთ. თქვენ ხომ სულ დაკავებულები ხართ, ჩვენთვის ვერასდროს იცლით.

- ეგ მართალია, მაგრამ არა უშავს, ახლა ხომ მცალია? მესტუმრეთ და რამე მოვიფიქროთ. საღამომდე მიროც ჩამოვა და მოგვისწრებს, ხომ ასეა?

- კი, როგორ არა, ჩამოვა.

ზუზიმ გამჭოლი მზერა თიკოზე შეაჩერა, რომელიც ჩუმად იჯდა, თითქოს მათ საუბარს ყურს სულაც არ უგდებდა.

- თიკო, მოგეწონათ ბათუმი? როგორც ვიცი, პირველად ხართ აქ.

- კი, ძალიან მომეწონა. ჯერ ყველაფრის დათვალიერება ვერ მოვასწარი, მაგრამ რაც ვნახე, არაჩვეულებრივია. უკვე შეყვარებული ვარ ამ ქალაქზე.

- მართლა? - მამაკაცმა ისე შეხედა და ისე ირონიულად გაუღიმა, რომ თიკო შეცბა და სახეზე ალმური მოედო.

`რატომ დამცინის? დიდი ვინმე ჰგონია თავისი თავი, ნამდვილი ნარცისია!~, - გაიფიქრა, მაგრამ ხმამაღლა არაფერი უთქვამს.

- თიკო ფერწერაში თუ ერკვევა? - მოულოდნელად იკითხა ზუზიმ და კვლავ ირონიანარევი მზერა შეავლო აწითლებულ ქალს.

- უყვარს რომელია! იცი, სკოლაში როგორ ხატავდა? მასწავლებელი ამბობდა, საოცარი ნიჭი აქვსო, ყველას გვშურდა მისი.

თიკო სკამზე აწრიალდა. სულაც არ ეპიტნავებოდა ამწუთას ნატკას შექება, თავი უხერხულად იგრძნო. რა საჭირო იყო, ზუზის ამის შესახებ სცოდნოდა? თავმომწონე არასდროს ყოფილა, ტრაბახი და თავის ქება არ ახასიათებდა. მით უფრო, ზუზისთან, რომელიც თავისი სარკასტული შეკითხვებით თრგუნავდა. როგორმე შორს უნდა დაეჭირა მისგან თავი, მაგრამ მამაკაცი ისევ ისე, გამჭოლი მზერით მისჩერებოდა, თიკოს შეცბუნება თითქოს ახალისებდა კიდეც.

- იმიტომ ვიკითხე, რომ მინდოდა მისთვის ჩემი ნახატები მეჩვენებინა. შენ ხომ გაქვს ნანახი, ნატკა? გახსოვს, რამდენს მთავაზობდნენ თითო ტილოში? უზარმაზარ თანხას, მაგრამ არ გავყიდე. ჩემთვის ისინი შეუფასებელია, რადგან დედაჩემმა დახატა. ასე რომ, მინდა თიკოს ვაჩვენო.

ნატკა მისმა სიტყვებმა გააოგნა, თვალებში გაოცება გამოეხატა.

- შენ რომ სურათების დიდი კოლექცია გაქვს, არახალია, მაგრამ დედაშენის დახატული თუ იყო, არასდროს გიხსენებია.

ზუზიმ ახლა ნატკას გადახედა ირონიული მზერით:

- ნატული, შენ კარგად არც კი შეგითვალიერებია ჩემი კოლექცია, უბრალოდ, თვალი შეავლე და ეგ იყო. ხელოვნება ფინჯან ყავასავითაა, სურნელი უნდა შეისრუტო, რომ გაიგო, ხარისხიანს სვამ თუ უხარისხოს. ზოგიერთი ფერწერისგან უდიდეს სიამოვნებას იღებს, ზოგისთვის კი ის მხოლოდ კედლის მორთულობა ან კაპიტალია.

ნატკას არ ესიამოვნა მამაკაცის ტონი, სახეზე ჩრდილმა გადაურბინა. თიკოს სიბრაზემ მოუარა ზუზის სითავხედის გამო და მეგობრის დახმარება გადაწყვიტა.

- თუ ჩვენ თქვენი ნახატების შეფასების უნარი არ გაგვაჩნია, რატომ გადაწყვიტეთ, გვაჩვენოთ? აზრი? აზრს ვერ ვხედავ. აჯობებდა, ცნობილი კოლექციონერებისთვის მიგემართათ. ისინი უკეთ მოახერხებენ მათ შეფასებას. რა საჭიროა იმის ხაზგასმა, რომ ჩვენ ფერწერის შეფასების ნიჭი არ გვაქვს? იქნებ სხვა ნიჭით გამოვირჩევით? აი, ნატკა, მაგალითად, უმაგრესი სპორტსმენი იყო, ცურვასა და ჩოგბურთში ბადალი არ ჰყავდა.

ზუზიმ იგრძნო თიკოს შენიშვნის სიმძაფრე. მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა და სიტუაციის განმუხტვა სცადა.

- ძალიანაც კარგი. აი, საღამოს ჩემთან რომ მოხვალთ, ცურვაშიც შევეჯიბრები ნატკას და ჩოგბურთის თამაშშიც. ვცადოთ, კარგი? - და თბილად გაიღიმა.

- რას მაშინებ? გგონია, რამეს დაგითმობ? - გადაიკისკისა ნატკამ და ზუზის მხარზე დაჰკრა ხელი, - ოღონდ, დიდი ხანია, არ მივარჯიშია, ამიტომ ჯერ მაცალე, ფორმაში ჩავდგე და მერე გაჩვენებ კლასს.

- აი, შენ უკვე დაიხიე უკან. აღიარე, რომ შეგეშინდა, აღიარე! - ზუზიც გამხიარულდა და რამდენიმე წუთის წინ მოტანილი მანგოს წვენი საწრუპავით შუამდე დაიყვანა, თითქოს წყენის გაგრილებას ამით შეეცადა.

- კარგი, ჰო, ჩათვალე, რომ შემეშინდა, - ხელი აიქნია ნატკამ, - ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ჩვენს არყოფნაში შენ აქ იქნები და თიკოს და ნიკას ყურადღებას არ მოაკლებ. ამ მხრივ მშვიდად ვიქნები.

ზუზი მოიღუშა.

- არ მესმის, რატომ არ გინდათ იმ ბავშვს კაცი გუვერნანტი დაუქირაოთ? უმამო ბიჭისთვის კაცთან ურთიერთობას აქვს მნიშვნელობა. გარდა ამისა, უდედობასაც განიცდის. არავისგან არ არის განებივრებული. რამდენი ხანია, დედა არ უნახავს.

- ნიკას არ გაუმართლა, ასეთი დედა რომ ჰყავს, - წამოსცდა თიკოს და იმწამსვე ინანა, მაგრამ უკვე ვეღარ გაჩერდებოდა, - ცუდია, რომ დედაც დაკარგა და მამაც.

ზუზის მზერა გაუმკაცრდა და ყრუდ წარმოთქვა:

- ნიკამ დაკარგვით მხოლოდ მამა დაკარგა. დედამისისთვის ეს უდიდესი ტრაგედია იყო და სანამ გონს მოვა, დრო სჭირდება. მისი საქციელი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შვილი არ უყვარს.

თიკო მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა, როცა ამ საკითხს შეეხო. შეეცადა, როგორმე გამოესწორებინა თავისი შეცდომა.

- მე როგორც ვიცი, ბავშვმა მძიმედ გადაიტანა მამის სიკვდილი. ამიტომ, ჩემი აზრით, მხოლოდ ქალს შეუძლია მისი მდგომარეობიდან გამოყვანა. მის ღამის კოშმარებს კაცი ვერ უშველის, ეს ალბათ, ქალის საქმე უფროა.

მამაკაცს სახე გაუქვავდა. ერთხანს ჩაფიქრდა, მერე კი დახშული ხმით ჩაილაპარაკა:

- შეიძლება თქვენ მართალიც იყოთ და მე ვცდებოდე. პრობლემის გადაჭრა ყოველთვის შეიძლება, თუ მასზე მონდომებით იმუშავებ. ოღონდ, ამისთვის დროა საჭირო. ახლა კი წავედი და საღამოს ჩემთან გელოდებით, - მამაკაცმა ცივად დაუკრა თავი ორივეს, დანახარჯი გადაიხადა და წავიდა.

- საინტერესოა, რა იგულისხმა? - თქვა ნატკამ, როცა ზუზი ქალებს გაეცალა.

თიკოს კი სულ სხვა რამ აღელვებდა. მას არ მოსწონდა ზუზის მანერა, ქალის სუსტ მხარეებს რომ ეძებდა და მერე მათზე თამაშობდა. ყოველგვარი სურვილი დაეკარგა, საღამოს სტუმრად სწვეოდა. მისი დანახვა აღარ უნდოდა და თუკი ეს მაინც მოხდებოდა, შეეცდებოდა, გულგრილი დარჩენილიყო, რათა მის მომნუსხველობას ისევ არ დაეტყვევებინა.

- ჰა, თიკუნა, შენ როგორ ფიქრობ? მარიზე ისე ილაპარაკა, მგონი, მთლად გულგრილი არ უნდა იყოს მის მიმართ, - თქვა და ამოიოხრა, - კარგი კი იქნებოდა, ისე. ნიკას ამბავიც მოგვარდებოდა. მიროს ძმასავით უყვარს ზუზი.

- და ყველანი ბედნიერები იქნებოდით, - ცინიკურად დაასრულა თიკომ დაქალის დაწყებული წინადადება და თავი ჩაქინდრა.

პლაჟიდან კარგა გვარიანად გარუჯული დაბრუნდა. მზეზე არასდროს წითლდებოდა, ეგრევე უმუქდებოდა კანი და სასიამოვნო ფერი ედებოდა. მზის სხივები სწრაფად ეკიდებოდა მის ხორბლისფერ კანს, ამიტომ გასარუჯად, ფაქტობრივად, ერთი დღეც ჰყოფნიდა. სასიამოვნოდ მოითენთა. აისრულა წადილი - მთელი ორი საათი იგორავა სანაპიროზე, გაჰყურებდა ფაფარაშლილ ტალღებს, უსმენდა ზღვის ჩახლეჩილ ხმას და ლამაზ ცხვირ-პირს მზეს ისე უშვერდა, თითქოს მისი ცდუნება სწადია და საკოცნელად იწვევსო.

ახლა კი იდგა გარდერობთან და თავისი კაბების გადმოლაგებით იყო დაკავებული. როგორ არ უნდოდა ზუზისთან წასვლა, მაგრამ ნატკა არ მოეშვა. იქნებ უნდოდა და არ უტყდებოდა თავს? არა, არ უნდოდა! არ უნდოდა, მაგრამ დაქალს წინააღმდეგობა მაინც ვერ გაუწია. ჰოდა, იძულებულია, ტანსაცმელი შეარჩიოს. ისეთის შერჩევა უნდოდა, ელეგანტურიც ყოფილიყო და უბრალოც. ბოლოს თეთრი, გულამოღებული სარაფანი ჩაიცვა, რომელიც ტანზე მაცდურად ეტმასნებოდა. სიამოვნებით დატრიალდა სარკის წინ და ხან ასე გაუღიმა თავის თავს, ხან ისე. იმდენნაირი ღიმილი მოირგო, რომ ბოლოს დაიღალა. შემდეგ თმა დაივარცხნა, სუნამო დაიპკურა და წასასვლელად გამზადებულმა კიდევ ერთხელ შეათვალიერა სხეული სარკეში. მაგარ ფორმაში კი არის, ისე, წუნს ვერავინ დაუდებს. შვიდი წლის რომ იყო, ეგონა, უკვე დიდი ვარო. თოთხმეტი წლისას მახინჯად ეჩვენებოდა თავი. თვრამეტი წლის ასაკში დაასკვნა, რომ ლამაზი იყო, ოცი წლის გახდა თუ არა, სულელი ვარო, დაიჟინა. ახლა კი ხვდება, რომ დიდიცაა, საშიშად ლამაზიც, მაგრამ სულელი სულაც არ არის, თუმცა, ზედმეტად მიმნდობია, ბრმად სჯერა ადამიანების. ამის გამო რამდენჯერმე წაიმტვრია ფეხი. თუმცა, სულელი არ არის. როცა საყოყმანო ნაბიჯს დგამს, ყოველთვის იცის, რატომაც დგამს. შეიძლება ინანოს კიდევაც, მაგრამ ამისთვისაც მზადაა ხოლმე.

ამ ფიქრებში იყო, როცა ოთახში ნატკა შემოვიდა.

- მზად ხარ? მირო და ნიკაც დაბრუნდნენ.

- უკვე? რა მაგარია. - გულწრფელად გაუხარდა თიკოს და დაქალს უკან მიჰყვა.

სასტუმრო ოთახში შევიდნენ თუ არა, ფანჯარასთან მდგარი მირიანი დაიძრა და თიკოსკენ სწრაფი ნაბიჯებით გამოემართა.

- თიკო, რა ლამაზი ხარ! - პირველად მიმართ `შენობით~. - იცი? მადლობა მინდა გითხრა ყველაფრისთვის. ვგრძნობ, რომ ძალიან კარგი ადამიანი ხარ და მე და ნატკამ გადავწყვიტეთ, პატარა სიურპრიზი მოგვემზადებინა შენთვის. აი, ეს მცირე საჩუქარი ჩვენგან! - თქვა და თიკოს მინიატიურული მოგრძო კოლოფი გაუწოდა. თიკომ კოლოფი გახსნა და გაშეშდა, მასში ულამაზესი ყელსაბამი იდო. ქალი გამშრალი იდგა და ხმას ვერ იღებდა, ბოლოს, როგორც იქნა, ამოღერღა:

- ეს... ეს ხომ... ეს ბრილიანტია?

მირომ ღიმილით დაუქნია თავი, როცა შეცბუნებულს შეხედა.

- უკეთესი ვერაფერი შევარჩიე. ნატკამ არ ისურვა, თვითონ მიეღო მონაწილეობა ამ საქმეში და მე მომიწია არჩევამ.

- იმიტომ, რომ შენ საუკეთესო გემოვნება გაქვს, ჩემო საყვარელო! - ნატკა ქმარს მიუახლოვდა და ხელები კისერზე შემოხვია.

თიკო გაუნძრევლად იდგა და წყვილს თვალს არ აშორებდა. უნდოდა, უარი ეთქვა ასეთ ძვირფას საჩუქარზე, თავი შეურაცხყოფილადაც კი იგრძნო რაღაც მომენტში, მაგრამ იმასაც გრძნობდა, რომ ყელსაბამი გულით იყო მოძღვნილი.

- რა საჭირო იყო... ამისთვის კი არ ჩამოვსულვარ... - ჩაიდუდუნა, - აღარ ვიცი, მადლობა რით გადაგიხადოთ. რა სილამაზეა, ამის ტარების შემეშინდება კიდევაც.

- საშიში არაფერია, ყოველდღე ხომ არ ატარებ. მოდი, გაგიკეთო... აუუუ! იცი, როგორ გიხდება? პირდაპირ გაკვდება, - ნატკამ ყელსაბამი მოარგო დაქალს, რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია და საჩუქარი შორიდან შეათვალიერა. მირომ კი ხელი მოხვია სტუმარს და ვეებერთელა ვენეციურ სარკესთან მიიყვარა.

გაფართოებული, გაკვირვებული თვალებით შესცქეროდა თიკო სარკეში თავის ალეწილ სახეს და ვერ ცნობდა - წამში გრაციოზულ ქალად ქცეულიყო.

- არც კი ვიცი, რა გითხრათ, სიტყვები არ მყოფნის. რა ცუდები ხართ, რომ იცოდეთ, - აღელვებულმა თითები ყელსაბამს შეახო, - დიდი მადლობა.

- მადლობა შენ, რომ თბილი ხარ. მადლობა იმისთვის, რომ ჩამოხვედი და ასეთი აურა შემოტანე ჩვენს სახლში. არაჩვეულებრივი ხარ, - მორიდებით შეამკო მირომ და ნატკას გადახედა, მიშველეო.

- ყოჩაღ, მირიან, რა კარგი გემოვნება გაქვს, მე ალბათ ასეთს ვერასდროს შევარჩევდი. მიხარია, რომ მოგეწონა, თიკუნა. გულით გვსურდა, ჩვენგან სამახსოვროდ რაღაც დაგრჩენოდა. ახლა კი წავიდეთ, გველოდება ის ბიჭი!

თიკომ ყელსაბამი მოიხსნა, თავის ყუთიანად საძინებელში, სარკის წინ დადო და გამობრუნდა...

ზუზის სამსართულიანი, თეთრი ქვისგან ნაგები ევროპული ტიპის სახლი ამწვანებულ ხეებში იყო ჩაფლული და ზღვას გადაჰყურებდა. თიკოს თავი ზღაპარში ეგონა. გაოგნებული აღტაცებას ვერ ფარავდა. მასპინძელი საოცრად სტუმართმოყვარე აღმოჩნდა, ყურადღებას ყველას თანაბრად უნაწილებდა. ზუზის სხვა სტუმრებიც ჰყავდა, უცხოელი ცოლ-ქმარი და მათი ლამაზი, ქერა ქალიშვილი, მიშელი. ზუზიმ ისინი მოწიწებით გააცნო მეგობრებს.

თიკო ყველას გამოერიდა. იგი უცებ ჩაიკეტა საკუთარ თავში და რაღაც უჩვეულო, ამოუცნობი სიხარულის შეგრძნება დაეუფლა. ინტერესით დაუწყო თვალიერება კედელზე ჩამოკიდებულ ტილოებს, წამით მზერა ზუზიზე გადაიტანა და დედამისის ნახატები გაახსენდა.

- მოგწონთ ეს ნამუშევრები? - მოესმა მოულოდნელად.

თიკომ მოიხედა და ოცდაათიოდე წლის შავგვრემანი მამაკაცი დაინახა, რომელიც წეღან არ შეუნიშნავს. იგი ქალს დაკვირვებით ათვალიერებდა.

- ძალიან მომწონს.

- დიდი ხანია, ბათუმში ხართ?

- არა, გუშინ ჩამოვედი.

- მიხარია, რომ გაგიცანით. ასე მგონია, თქვენისთანა ქალი ყველგან სასურველი სტუმარი იქნება. მე ადამიანების გამოცნობაში არასდროს ვცდები, დამიჯერეთ. რა გქვიათ?

- თიკო...

- გაიხარეთ... ნება მომეცით, გაგეცნოთ - საშა ანდრონიკაშვილი.

- მოხარული ვარ. თქვენ აქაური ხართ?

- არა, თბილისში ვცხოვრობ. მე და ზუზი ერთად ვსწავლობდით. ზამთარში ავარიაში მოვყევი და ძლივს გადავრჩი, სამი თვე ვხეხე საავადმყოფოს კედლები, - გულიანად გაიცინა, - ახლა აქ ჩამოვედი. რა ვიცი, მითხრეს, ზღვის ჰაერი მოგიხდებაო. ზღვის რა გითხრათ, მაგრამ თქვენი დანახვა უკვე ისე მომიხდა, ვფიქრობ, უფრო სწრაფად გამოვჯანმრთელდები.

თიკოს ალმური წაეკიდა სახეზე. ესიამოვნა ქათინაური.

- რამდენ ხანს რჩებით?

- ვნახოთ. ზუზიმ სამსახური გამომიძებნა თავისთან და იქნებ დიდი ხნითაც დავრჩე. მირომ მეც გვერდით დაგიდგებიო. უკვე ისე შევეჩვიე აქაურობას, ალბათ აღარც წავალ. მაინც მარტო ვცხოვრობ. იქ რა უნდა ვაკეთო? ცოლი მე არ მყავს და შვილი, - ხაზი გაუსვა თავის ოჯახურ მდგომარეობას.

თიკო მასთან საუბრით გაერთო, მოეწონა საშა, რატომღაც, მის გვერდით თავი უფრო თავისუფლად იგრძნო. `კარგი ბიჭი ჩანს, კეთილი. იმედია, თავისი ძმაკაცივით ტრაბახა და ცინიკოსი არ იქნება~, - გაიფიქრა და მოსაუბრეს გაუღიმა. მოულოდნელად თვითონაც არ იცოდა, რამ მოუარა, საშას მიაჩერდა და ჰკითხა:

- თქვენ მიროს რძალს იცნობთ?

- მარის? კი, შევხვედრივარ, მაგრამ ახლოს არ ვიცნობ. როგორც გავიგე, მალე ჩამოვა ზუზისთან სტუმრად.

ეს ის სიტყვები იყო, რომლის მოსმენაც თიკოს არ ესიამოვნა, ოღონდ არ იცოდა, რატომ. საერთოდ არ იცნობდა ნიკას დედას, მაგრამ რატომღაც, მტრული დამოკიდებულება გაუჩნდა მის მიმართ.

ვახშმის შემდეგ თიკო ეზოში გავიდა და ბაღში სეირნობას მოჰყვა. სიამოვნებით ათვალიერებდა ლამაზად ჩამწკრივებულ ხეებსა და ყვავილებს. იმავე წუთს საშაც შემოუერთდა, თითქოს ჩასაფრებული იყოო. მამაკაცმა სტუდენტობის ამბების მოყოლა დაიწყო და თიკო ძალიან გაერთო. შემდეგ ძელსკამზე ჩამოსხდნენ.

- თიკო, რას იტყვით, ღამის ტრასაზე რომ გავიქროლოთ მანქანით? თქვენ, მე და ვარსკვლავები. სისწრაფე ადრენალინის მოზღვავების საუკეთესო საშუალებაა.

ქალმა შუბლი შეიკრა.

- გმადლობთ, მაგრამ არ მიყვარს მანქანით სწრაფი სიარული, მეშინია.

- საშიში რა არის? ავარიას აღარ მოვახდენ, სრულიად ფხიზელი ვარ.

სანამ თიკო პასუხს გასცემდა, ვიღაცის ცივი ხმა გაისმა:

- საშა!

თიკო დაიძაბა, თავი მიაბრუნა და ზუზი დაინახა.

- ჩვენს ამერიკელ სტუმარს შენთან დალაპარაკება უნდა. მიდი! - ზუზიმ უსიამოვნოდ გადახედა ერთმანეთის გვერდით მოკალათებულ წყვილს, - არ ღირს შანსის ხელიდან გაშვება.

- ოკ, მივდივარ, - საშა წამოდგა, მერე თიკოსკენ დაიხარა და უთხრა, - მე მაინც ვიმედოვნებ, რომ ჩემთან ერთად სასეირნოდ წამოხვალთ. აი, ნახავთ, როგორი სასიამოვნო შეგრძნებაა... - ამ სიტყვებით იქაურობას გაეცალა.

ზუზის ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, რომ თიკო გაღიზიანდა. ფიქრობდა, როგორ გათავისუფლებულიყო მისგან, ამ მომაჯადოებელი და ამავე დროს სასტიკი კაცისგან. წასვლა დააპირა, მაგრამ ზუზი ისე დადგა, რომ გზა გადაუკეტა. თიკო შედგა და უნებლიეთ თმაზე გადაისვა ხელი.

- თუკი საშამ მანქანით გასეირნება კიდევ შემოგთავაზათ, კატეგორიულად უარი უთხარით, - თქვა მან, თან ქალის დაძაბულ პროფილს თვალს არ აშორებდა.

- მართლა? - თიკომ ჯიქურ გაუსწორა მზერა, - რა მიზეზით უნდა ვუთხრა უარი? - ცივად იკითხა და შეეცადა, ხმას მისი სულიერი მდგომარეობა არ გაეცა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში