თამაში მზესთან (თვი VII) - გზაპრესი

თამაში მზესთან (თვი VII)

მის საწოლზე ვიღაც ამოძვრა, გვერდით მიუწვა და მოეხვია. დამფრთხალმა თვალი გაახილა და მასზე მოკრული ნიკა შერჩა ხელთ, რომელსაც მკერდზე პოლიციის სათამაშო მანქანა მიეხუტებინა. როგორც ჩანდა, ბიჭს ღამით გაეღვიძა და შეეშინდა. იქნებ თიკოს დაუძახა კიდეც, მაგრამ ვერ გააგონა და მასთან ამიტომაც მოირბინა. ძილ-ბურანში მყოფმა ქალმა ბავშვს თმაზე ხელი გადაუსვა და კედლისკენ მიიწია, რომ ნიკა უფრო მყუდროდ მოწყობილიყო.

ნატკა მხოლოდ საუზმის შემდეგ გამოჩნდა. მოღუშული ჩანდა. თიკოს ლოყაზე აკოცა, მერე ყავა დაისხა და სიგარეტი გააბოლა.

_ მაპატიე, რომ გუშინ მოსვლა ვერ შევძელით. კარგი დრო გაატარე?

_ ჰო, _ ფრთხილად მიუგო თიკომ, რადგან მიხვდა, რომ დაქალი უგუნებოდ იყო.

_ ხომ არ მიბრაზდები?

_ არა, _ პასუხს ლაკონიურად სცემდა.

_ გაჩვენა ზუზიმ დედამისის ნახატები? _ განაგრძობდა ნატკა დაკითხვას.

_ მაჩვენა.

_ მერე?

_ არაჩვეულებრივია.

_ მართლა?

_ როგორც ჩანს, დედამისი ძალიან ნიჭიერი მხატვარი იყო.

ნატკამ გულგრილად აიჩეჩა მხრები.

_ შენ ალბათ ნასიამოვნები ხარ, რადგან ნახე ის, რაც მე არ მინახავს, _ გაღიზიანება დაეტყო ტონში, რასაც მსუბუქი ამოოხვრა მოჰყვა, _ მართალი გითხრა, რაც უფრო შევიცანი მამაკაცები, ვგრძნობ, რომ ქალები მეტად მომწონს.

_ რატომ ამბობ მაგას? შენც ხომ გაჩვენა ადრე? მახსოვს, გითხრა, ხომ გაქვს ნანახიო თუ ამდაგვარი.

_ სულ ორიოდე, ყველა კი არ მაჩვენა მაგ დამპალმა, _ ნატკას ამჯერად ტონი აგრესიული გაუხდა.

_ ალბათ ეგონა, რომ არ დაგაინტერესებდა. მაგის გამო შეიძლება კაცების შეძულება? თუ შენს ქმარს გულისხმობ, ამ შემთხვევაშიც გავაპროტესტებ, იმიტომ, რომ მირო ძალიან კარგი ბიჭია, კეთილი და საყვარელი. რაც მთავარია, უყვარხარ. არ უნდა დაგავიწყდეს, რომ მან ძმა სულ ახლახან დაკარგა და ცოტა დრო სჭირდება ამ იარის მოსაშუშებლად. იგი ახლა თავს უბედურად გრძნობს.

_ რა-ა? უბედურად? ვითომ რატომ? _ აღშფოთდა ნატკა. _ მე როგორღა ვარ? იცი, გუშინ როგორ გავცოფდი, როცა ზუზისთან სადილზე მხოლოდ იმიტომ არ წამოვიდა, რომ ნიკა მარტო არ დარჩენილიყო? იცი, რომ მთელი თვეა, ვცდილობ, ნიკას სათამაშო მანქანა დავმალო, მაგრამ მირო მაინც პოულობს და ისევ აძლევს? არ მინდა მაგ ბავშვს ის სათამაშო ჰქონდეს, რადგან იმ საბედისწერო დღეს სწორედ ეგ მანქანა გახდა ჩემი მაზლის დაღუპვის მიზეზი, სწორედ ის გადააგდო თუ გადაუვარდა აივნიდან და იმას გადაჰყურებდა მოაჯირზე აბობღებული. აი, წუხელაც გაიღვიძა, ატირდა და მოითხოვა, პოლიციის ავტო მინდაო. მე უკვე გადამალული მქონდა. არ მინდოდა მიმეცა, მაგრამ მირომ ატირებული ნიკა რომ დაინახა, მიყვირა, ახლავე გამოუტანეო. რა უნდა მექნა? გამოვუტანე. ჩაიხუტა გულში და ისე ჩაწვა ლოგინში. ამის გამო მაგრად ვიჩხუბეთ. მერე მეც აღარ მოვინდომე ზუზისთან წასვლა, ხასიათი გამიფუჭდა. ერთი კი იყო, ზიზღით მივახალე, ნიკაზე უფრო ფიქრობ, ვიდრე ჩემზე-მეთქი.

_ რა ჩურჩუტი ხარ, ნატ, რომ იცოდე... მერე მირომ რაო?

_ რა უნდა ეთქვა? ეგრევე დამშვიდება დამიწყო.

_ მივხვდი, რომ რაღაც მოხდა. წუხელ გვიან ნიკამ ჩემთან მოირბინა და ხელში ეგ მანქანა ეჭირა. არ მომწონს ასეთი დაძაბული სიტუაცია. ეს კარგს არაფერს მოიტანს.

_ კიდევ კარგი, აქ რომ ხარ, თორემ არ ვიცი, რა მეშველებოდა. შენ რომ არა, წუხელ მიროს მივატოვებდი და აქედან მოვუსვამდი. არ იცი, როგორ მიმძიმს ნიკას ჩვენთან ყოფნა, პირდაპირ აუტანელია ჩემთვის!

თიკოს საოცრად უკვირდა მეგობრის გამაღიზიანებელი ტონი, რომლითაც იგი ბავშვზე ლაპარაკობდა. სამწუხაროდ, თიკოს კარგად ახსოვდა მათი ბავშვობა და ისიც, როგორ მწარდებოდა ნატკა, როცა მოსავლელად თავის და-ძმას უტოვებდნენ. იგი შეეცადა დაქალის დამშვიდებას, მაგრამ ძალაუნებურად ცეცხლზე ნავთი დაასხა.

_ ნატ, თუ მომისმენ, ერთ რამეს გეტყვი. შენი განცდები არაფერია იმასთან შედარებით, რაც ნიკამ და დედამისმა გადაიტანეს. წარმოგიდგენია მაინც, რა დაემართება ბავშვს, ოდესმე რომ გაიგოს, მამამისი მისი მიზეზით დაიღუპა და დედამაც ამის გამო მიატოვა? ბუნებრივია, ბიჭი იმისკენ მიილტვის, ვინც მისთვის ყველაზე ახლობელია, ამიტომ ეწებება მიროს ასე ძალიან.

ნატკამ თავისი დიდრონი თვალები მოჭუტა და ისე დაარტყა ნაფაზი.

_ შენ რა, თიკო, გინდა ნიკას გამო გამამტყუნო? ვიცი, რომ შენ ამქვეყნად ყველაზე წმინდა, სპეტაკი და კეთილი ხარ, ამიტომ ყველაფრის გამართლებას ცდილობ, მაგრამ რა ვქნა, მე თვალთმაქცობა არ შემიძლია. ვერ ვუყურებ გულგრილად იმას, რომ ეს ლაწირაკი ჩემსა და მიროს შუა ჩადგა და ერთმანეთს დღითი დღე გვაშორებს. ყოველ შემთხვევაში, მე ჩემს განცდებს არ ვმალავ და პატიოსნად ვაღიარებ. წუხელ ისე გამამწარა ჩემმა ქმარმა, ისიც კი გავიფიქრე, ზუზის გავეპრანჭები და გულს გადავაყოლებ-მეთქი.

თიკოს ამის გაგონებაზე თავზარი დაეცა. გაოგნებული შესცქეროდა მეგობარს და ხმას ვერ იღებდა. მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ, როგორც იქნა, ამოღერღა:

_ რატომ ცდილობ სიტუაციის დაძაბვას? ამით ხომ ძმაკაცებს ერთმანეთს გადაჰკიდებ? ხომ იცი, რომ ზუზი ფლირტში არ აგყვება, ამან შეიძლება უარესი...

_ შემთხვევით, შენ ხომ არ მოგწონს ზუზი და იმიტომ ხომ არ აპროტესტებ? _ სარკასტულად გადაიკისკისა ნატკამ და მზერაში ისეთი ბოროტი ნაპერწკალი გაუკრთა, თიკო დაიძაბა.

_ როგორი პირდაპირი ხარ... _ არც თვითონ დააკლო ირონია, _ შენი ვერაფერი გამიგია. აქამდე ამბობდი, ნეტავ მარის შეირთავდესო, წეღან _ მე უნდა გავეპრანჭოო, ახლა კი _ შენ ხომ არ მოგწონსო... რა გინდა, იქნებ ამიხსნა? დღესვე ავიკრავ გუდა-ნაბადს და წავალ აქედან! _ ლამის იკივლა მოთმინებადაკარგულმა და წამოხტა.

ნატკამ გზა გადაუღობა და მკლავებში ჩააფრინდა.

_ გეხვეწები, მაპატიე, მაპატიე! ვიხუმრე, რა იყო? წეღანაც ვიხუმრე და ახლაც. რა თავში ვიხლი ზუზის, ჩემი ქმარი რომ არ მყვარებოდა, ასე გაღიზიანებული ვიქნებოდი? უბრალოდ, ნიკას არსებობამ გამაბოროტა. სულ ესაა, თიკუნა, მაპატიე, ხომ?

_ ჰოდა, როცა რამეს იტყვი, დაფიქრდი ხოლმე, _ ხმას დაუწია თიკომ, _ ვერ ხვდები, რომ მეტისმეტად ართულებ საქმეს? არადა, ყველაფრის მოგვარება ძალიან იოლად შეიძლება. ნიკას ამჟამად მიროს გარდა ახლობელი არავინ ჰყავს. შენს ადგილას ასე არ მოვიქცეოდი. დიდი ბოდიში, მაგრამ შენ ჩემთვის მეგობარზე მეტი ხარ და ასე გულღიად იმიტომ გელაპარკები, თორემ სხვა რომ იყო, დაგიკიდებდი. ჩემი პრობლემებიც მყოფნის, რომელიც საკუთარი უჭკუობით ჩავიდინე და სულაც არ მინდა შენიც ავიკიდო, მით უფრო, რომ საერთოდ არ გჭირდება ზედმეტი პრობლემები, _ ამის თქმისთანავე თავს ძალა დაატანა და გაიღიმა.

ნატკამაც ღიმილით უპასუხა.

_ შენ მართალი ხარ, თიკუნა, მაპატიე, თუ შეგიძლია. _ ხმადაბლა თქვა და ისეთი მზერით შეხედა დაქალს, ჩანდა, თავი დამნაშავედ იგრძნო, _ ვიცი, რომ მირო ძალიან განიცდის ძმის სიკვდილს, მაგრამ ნიკაზე ისეა მიტმასნილი, რომ სულ საზიზღარი იდეები მომდის თავში.

_ მიტმასნილს რას ეძახი, გააჩნია. თუ იმას გულისხმობ, რომ ბიძა ყურადღებიანია ძმისშვილის მიმართ, რას ხედავ ამაში ცუდს? იქნებ შენც ასევე მოექცე ამ პატარა, გულნატკენ, დედისგან მიტოვებულ არსებას? იცი, როგორ დაგიფასებს შენი ქმარი ამას? ბოლომდე შენი მეკავშირე გახდება და არა მეტოქე, როგორც შენ გგონია.

თიკო ლაპარაკობდა, თან ფრთხილად აკვირდებოდა ნატკას რეაქციას და იმედოვნებდა, რომ მეგობარს არ გააღიზიანებდა, ასე თამამად რომ ერეოდა მის ოჯახურ საქმეებში. თიკო გულით ნიკას ემხრობოდა და არ უნდოდა ბიჭს მამის დაღუპვის ნამდვილი მიზეზი გაეგო. არც ახლა და არც ოდესმე. ეს მას უდიდეს ტრავმას მიაყენებდა. ამავე დროს მეგობრის მდგომარეობაც აღელვებდა და ეს სახეზეც ეტყობოდა.

ნატკა დაქალს ჩაეკრა და ამოიოხრა:

_ შეიძლება მართლა ასე იყოს უკეთესი, მაგრამ რაღაც მაკავებს, რომ მიროს გულახდილად ვესაუბრო. არ ვიცი, როგორ ავუხსნა, რასაც ვგრძნობ. შენ სხვა ხარ, შენთან გულახდილობის არ მეშინია, იმიტომ, რომ თან გამიგებ, თან დამტუქსავ. ჩვენ ხომ ყოველთვის უსიტყვოდ გვესმოდა ერთმანეთის. ამისთვის მადლობელი ვარ... _ ნატკამ სიგარეტი ჩააქრო, _ მოდი, სხვა რამეზე ვისაუბროთ. დღეს რა ვქნათ?

_ მინდოდა, ნიკასთან ერთად გამესეირნა. ეს მქონდა გეგმაში, მაგრამ მიროს წაუყვანია ახალი მშენებლობის დასათვალიერებლად, _ თიკომ ამჯერად გულღიად გაიღიმა, _ იქნებ ჩვენც გვენახა, რა სახლია ამისთანა? რას აშენებს შენი ძვირფასი ქმარი ასეთ გრანდიოზულს?

_ აუ, წავიდეთ, მაგარი აზრია! _ ისე გაუხარდა ნატკას, თითქოს რესტორანში ეპატიჟებოდნენ.

არაჩვეულებრივი დილა იყო. გვიან ღამით უწვიმია და ჰაერში წვიმისგან დანამული ბალახების სურნელი ტრიალებდა. გზად სუვენირების მაღაზიაში შეიარეს. თიკო თავის მშობლებს ელოდა და უნდოდა, მათთვის საჩუქრები შეეძინა. დედას სურნელოვანი სანთლები, მამას კი პორტსიგარი უყიდა, შემდეგ კვლავ ტაქსი გააჩერეს და მშენებლობისკენ გაემართნენ.

ლამის გასცდნენ ბათუმს. მანქანამ ისინი დანგრეულ მონასტერთან ჩამოსვა, იქით სამანქანო გზა აღარ იყო და ფეხით უნდა გადაეჭრათ ატალახიანებული ველი.

ნატკას ლამის ისტერიკა დაემართა. როცა პატარა ღელეს მიუახლოვდნენ და გადასასვლელი ვერსად დალანდეს, გადახტომა დააპირეს, მაგრამ ნატკამ ქვას წამოჰკრა ფეხი, წყალში ჩავარდა და ისე გაიწუწა, რომ ვარცხნილობაც კი დაეშალა. ამის შემდეგ სულ ბუზღუნ-ბუზღუნით მიდიოდა.

თიკოს გაახსენდა, რამდენ დროს ატარებდნენ ბავშვობაში ერთად გარეთ, რა ხალისიანი იყო ნატკა, როგორ ტკბებოდა თავისუფლებით, როცა ბავშვები მოსავლელი არ ჰყავდა. ახლა კი, როცა ფუფუნებაში ბანაობდა, სიხარულის ნაცვლად ჯავრმა შეჭამა და ადრინდელი იუმორის გრძნობაც სადღაც გაუქრა.

_ როგორ მომწონს აქაურობა! _ აღტაცებას ვერ მალავდა თიკო და გაბრწყინებული თვალებით აქეთ-იქით იყურებოდა.

_ შენ კი მოგწონს, მაგრამ ახლა მე მკითხე? რაში სჭირდება ამ კლდე-ღრეში ეს შენობა, ვერ გამიგია. ვინ მოვა აქ ან საცხოვრებლად, ან დროებით გასაჩერებლად? სასტუმროს აშენებს ბიჭი! გიჟია ეს ჩემი ქმარი, დედას გეფიცები! _ ლამის ჩხუბობდა ნატკა, _ თან შეხედე, რას დავემსგავსე! ჩემი დავარცხნილი თმა! ვაიმეე! ფეხები სულ დავიკაწრეე! _ მოულოდნელად იყვირა ნატკამ და ხელები უაზროდ აიქნია.

თიკო მივარდა ეკლიან ბუჩქებში გახლართულს და მის გამოხსნას შეეცადა.

_ აქეთ რას მიძვრებოდი შენც, გზას ვერ ხედავ? გეყოფა წუწუნი, ძალიანაც მშვენივრად გამოიყურები, შენს ქმარს ასეთიც მოეწონები.

ამ დროს შორიდან ნიკას სიცილი და მიროს გაოცებული შეძახილი მოისმა.

_ აი, მესმის სიურპრიზი! _ გახარებული მირო ქალებს მოუახლოვდა და ცოლს მოეხვია.

_ იცი, როგორ გამახარე? ძალიან მიყვარხარ, _ ჩაუჩურჩულა და შემდეგ იქვე მდგარ თიკოს თვალი ჩაუკრა.

კარგა ხანს ათვალიერებდნენ ნახევრად აშენებულ ოთხსართულიან სახლს, რომელსაც ოდასახლის იერი დაჰკრავდა.

_ ეგზოტიკური გარემო უნდა შევქმნათ, რომ ბევრი უცხოელი მოვიზიდოთ, _ უხსნიდა ქალებს მირო.

თანდათან ჩამოცხა, თუმცა კი ნიავი უბერავდა. როცა სადილობის დრომ მოაწია, მირომ ქალები მანქანაში ჩასხა ნიკასთან ერთად და მახლობელ სასტუმროს მიადგნენ.

_ აქ ახლომახლო რა ამბები ყოფილა თურმე, მე კი არ ვიცოდი! _ წამოიძახა ნატკამ, როცა მწვანეში ჩაფლულ შენობას მიადგნენ.

_ ვმუშაობთ, ბატონო, ისე კი არაა, შენ რომ გგონია! _ გაიხუმრა მირომ და მანქანიდან გადმოსვლაში ორივეს მიეხმარა.

სასტუმროს მეპატრონე სიხარულით შეეგება სასიამოვნო სტუმრებს. პატარა რესტორანი მყუდრო და გრილი აღმოჩნდა. სანამ ქალები თავს იწესრიგებდნენ, სუფრაც გაიშალა.

სუფრას სასტუმროს პატრონი და ორი ოფიციანტი ემსახურებოდნენ. ირგვლივ კერძების სასიამოვნო სურნელი დატრიალდა. ატმოსფეროც სასიამოვნო იყო _ სიგრილე და სიწყნარე. მოულოდნელად ნიკას ზარივით წკრიალა ხმა გაისმა:

_ აი, ზუზი ბიძია!

თიკომ ბავშვის თითს თვალი გააყოლა და შორეულ მაგიდასთან ზუზი დაინახა. მასთან ერთად სამი ადამიანი იყო. როცა თავისი სახელი მოესმა, მამაკაცი მოტრიალდა და მათ ხელი ღიმილით დაუქნია. შემდეგ ოფიციანტი მოიხმო, რაღაც გადაულაპარაკა და ისიც მათი მაგიდისკენ წამოვიდა.

_ ბატონი ზუზი მოხარული იქნება, თუ მოგვიანებით აივანზე შეუერთდებით. _ გადასცა მიროს ძმაკაცის თხოვნა.

თიკო თვალს არ აცილებდა ზუზის ფართო მხარ-ბეჭს. მისი სტუმრებიც იცნო _ ამერიკელი ცოლ-ქმარი და მათი ქალიშვილი. `ეგენი კიდევ არ წასულან?~ _ უსიამოვნოდ გაიფიქრა. გულმა რეჩხი უყო. რატომღაც, არ ესიამოვნა ზუზის გვერდით უცხოელი მიშელის დანახვა.

როგორც ჩანს, მას დიდი არჩევანი აქვს _ ერთი მხრივ, მარი, რომელიც თავისუფალია და შეუძლია თავის ძველ თაყვანისმცემელს ცოლად გაჰყვეს. მეორე მხრივ კი ეს ქერათმიანი ლამაზი ამერიკელი, შეყვარებული თვალებით რომ შესციცინებს. მტკიცედ შეუდგა გულში თავისი თავის დარწმუნებას, რომ ზუზიზე, როგორც სასურველ მამაკაცზე, აღარ ფიქრობდა, მაგრამ... არაფერი გამოუვიდა. მოსწონდა ეს კაცი და სწორედ ამიტომ გაჰყურებდა ასეთი შურიანი მზერით მიშელს. წუხელ ისეთი დრო ატარა ზუზისთან, რომ გზაში დაასკვნა, მისადმი საოცარ ლტოლვას გრძნობდა. შეიძლება ეს არ იყო სიყვარული, მაგრამ ნდომას ძალიან ჰგავდა. ნდომიდან სიყვარულამდე კი ალბათ, სულ რაღაც ერთი ნაბიჯია. ასე კი ფიქრობდა, მაგრამ ცდილობდა, ამ გრძნობისთვის ეჯობნა, ოღონდ როგორ, არ იცოდა. როგორც იქნა, შორეულ მაგიდას თვალი მოაშორა, ნატკასკენ შებრუნდა და ლაპარაკი გაუბა. თავს მაინც გაბრუებულად და აღელვებულად გრძნობდა. ეშინოდა, არაფერი შესტყობოდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ნატკამ საიდუმლო გაუზიარა, ზუზისთან ფლირტის დაწყება გადავწყვიტეო.

ვერაფრით ვერ მოახერხა თავის დაწყნარება, სანამ სადილი ჩამთავრდებოდა.

ბოლოს აიშალნენ და აივანს მიაშურეს. აქ ყველამ ერთად მოიყარა თავი. ყველაზე ბოლოს მიშელი და ზუზი გამოჩნდნენ. თიკო მოაჯირს დაჰყრდნობოდა და ულამაზეს ბაღს გადაჰყურებდა.

ნატკა გატაცებით უყვებოდა სტუმრებს, თუ რა წვალებით მიაღწიეს მშენებლობამდე ფეხით და რომ არა თიკო, ის ალბათ ახლაც გზაში იქნებოდა, თან სიცილით უჩვენებდა ყველას თავის დაკაწრულ ფეხებსა და აწეწილ თმას.

თიკო მიხვდა, რომ ყურადღების ცენტრში მოექცა. ამასობაში საუბარში ზუზიც ჩაერთო.

_ ნატული, ძალიან მაოცებ. შენ უფრო მაგარი მეგონე. თიკოს ისეთი სიფრიფანა გარეგნობა აქვს, რომ იქით მოითხოვს დაცვას. რაღაც არა მგონია, იგი სპორტული ტიპის ადამიანებს მიეკუთვნებოდეს. ეკლებში როგორ გაიხლართე, გოგო, ა?

ნატკა სიცილისგან ჩაბჟირდა. ასეთი ხალისიანი დიდი ხანია, არ ყოფილა. მან ორი თითი გაიშვირა, ზუზის პირიდან ანთებული სიგარეტი გამოაცალა, თვალებში მრავალმნიშვნელოვნად ჩააშტერდა და მიბნედილი ხმით წარმოთქვა:

_ თიკოს საკმარისი ძალა და ენერგია აქვს, რათა სიცოცხლით და სილამაზით დატკბეს. ის თავისუფალია და რაღაც პირობითობას ყურადღებას არ აქცევს, ჩემში კი ეს ყოველივე გათხოვებამ ჩაკლა.

ზუზის სახეზე გაკვირვება გამოეხატა. მამაკაცურმა ინტუიციამ უკარნახა, რაც იმალებოდა ამ სიტყვების უკან და მოულოდნელად ისე შეეცვალა გამომეტყველება, დაკვირვებული კაცი მაშინვე შეამჩნევდა, გაკვირვება ირონიამ რა სწრაფად შეცვალა.

_ არა მგონია, გათხოვებამ შენ რამე დაბრკოლება შეგიქმნას. ყველაფერს იოლად აღწევ, როცა ინდომებ! სიფრთხილე არ დაივიწყო, ნატული, ის შუშა, რომელსაც ფეხი გინდა დაადგა, ძალიან ადვილად იმსხვრევა და თავი არ გაგიტეხოს! დამიბრუნე ჩემი სიგარეტი! _ ეს აშკარა მუქარანარევი მინიშნება იყო, რასაც თიკო იმწამსვე მიხვდა. ალბათ ნატკაც. არ იყო ისეთი სულელი, ზუზის ნართაული ვერ გაეგო. მან სასწრაფოდ დაუბრუნა მამაკაცს სიგარეტი და იქაურობას გაეცალა.

_ თქვენ რას იტყვით, თიკო? როგორ ფიქრობთ, გათხოვება თქვენზეც ასე იმოქმედებს?

_ როგორ ასე? _ ცალწარბაწევით შეეკითხა თიკო და თვალი თვალში გაუყარა.

_ ანუ... _ მამაკაცი აშკარად დაიბნა, _ თქვენც დანებდებით?

მან არ იცოდა, რა იგულისხმა `დანებებაში~ მამაკაცმა _ ცხოვრებას დანებება თუ მამაკაცს?

_ რომ დანებდე, უნდა გიღირდეს! _ ქარაგმულად გასცა პასუხი და აწეული წარბი აათამაშა.

ზუზიმ ჩაახველა. ჩრდილმა გადაურბინა ჯერ კიდევ ღიმილიან სახეზე და მისი ნათქვამის დასაზუსტებლად კვლავ კითხვა მოიშველია:

_ ანუ?

თიკომ ღიმილი ვერ შეიკავა, მიხვდა, რომ ქარაგმა მიზანში მოხვდა და სრულიად მშვიდად მიუგო:

_ გათხოვების შემდეგ ადამიანი, რა თქმა უნდა, იცვლება. თუკი მე და ჩემი მომავალი ქმარი ერთ სულად ვიქცევით, არ ვინაღვლებ, რომ საკუთარი `მე~ დავკარგე.

_ ნუთუ? _ შეეჭვდა ზუზი. იგი ისეთი დაჟინებით უყურებდა ქალს, თითქოს მათ გარდა ახლომახლო არავინ იყო, _ ალბათ ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, ქორწინებაში როგორ გაგიმართლებთ. თუ არ ვცდები, იმ ტიპის ადამიანებს უნდა მიეკუთვნებოდეთ, ვინც ბოლომდე იხარჯება. ამიტომ არ გამიკვირდება, თუ გათხოვების შემდეგ საკუთარ მეობას დაკარგავთ, _ ეს იმხელა სარკაზმით იყო ნათქვამი, თიკოს ზურგზე ჭიანჭველებმა დაურბინეს.

_ მეობა რომ დაკარგო, ესეც უნდა გიღირდეს! _ კვლავ სრული სიმშვიდით წარმოთქვა და აწეული წარბი დაუშვა.

ზუზის ირონიაზე გულში ყრუ ტკივილი იგრძნო და შვებით ამოისუნთქა, როცა მაგიდაზე ხილი, ნამცხვრები და ყავიანი ფინჯნები დააწყვეს.

სუფრასთან ხმა არ ამოუღია. მთელი საღამო ბუსავით იჯდა და ყველას შუბლშეკრული გასცქეროდა.

როცა შებინდდა, მხოლოდ მაშინ აიშალნენ. თიკოს გულს უკლავდა, ზუზი და მიშელი ერთად რომ ისხდნენ და დროდადრო მხრებით ერთმანეთს ეხებოდნენ. უცხოელი გოგონა ხანდახან გადაიკისკისებდა და სახეს ძალიან ახლოს მიუტანდა მამაკაცს. ამის დანახვაზე თიკოს ელეთმელეთი მოსდიოდა.

გარეთ გამოსულები ამერიკელებმა თავიანთ სასტუმროში, გამოსამშვიდობებელ ვახშამზე დაპატიჟეს.

თიკოს სულაც არ მიუწევდა გული მათ ვახშამზე, რადგან აშკარად ხედავდა მიშელის ზუზით დაინტერესებას და არც ეს უკანასკნელი ჩანდა მის მიმართ მთლად გულგრილი. მაშინვე დაღლილობა მოიმიზეზა, მაგრამ მირომ მის უარს ყური არ ათხოვა და ლამის ძალით ჩასვა მანქანაში.

იქ კიდევ შემოუერთდნენ სტუმრები, რამდენიმე სხვა უცხოელი. ერთი ძალიან სიმპათიური ბიჭიც ერია, რომელიც მიშელს მაშინვე გვერდით მოუჯდა. მიშელი ამჯერად ორ სიმპათიურ მამაკაცს შორის აღმოჩნდა და როგორც ჩანს, თავში აუვარდა. სავარაუდოდ, ზუზის გასაღიზიანებლად იგი უცხოელს დაუფარავად ეკეკლუცებოდა. თიკოს გაუკვირდა გოგონას ასეთი საქციელი. ის გრძნობდა, რომ ქალი ზუზის ამ მეთოდებით ვერასდროს გამოიჭერდა, რადგან იგი საკმაოდ ჭკვიანი იყო და მსგავს ანკესზე არ წამოეგებოდა. ის კი არა, იმასაც არ იმჩნევდა, რომ მიშელის კეკლუცობა აღიზიანებდა.

ცუდი ის იყო, რომ მამაკაცს თიკოსკენ ერთხელაც არ გამოუხედავს, თითქოს სრულიად გადაავიწყდა მისი არსებობა. ქალმა ყველაზე მეტად ახლა იგრძნო მარტოსულად თავი...

გაგრძელება შემდეგ ნომერში