თამაში მზესთან (თავი VIII) - გზაპრესი

თამაში მზესთან (თავი VIII)

თიკოსაც ძალიან უყვარდა ცეკვა, სკოლაშიც დადიოდა ცეკვის წრეზე და სტუდენტობის წლებშიც არ შეუწყვეტია. ახლაც საღერღელი აეშალა, ისე მოუნდა დაბზრიალება. მართლაც, ყველასთან იცეკვა, ზუზის გარდა. ამ უკანასკნელმაც, თავის მხრივ, თითქმის დარბაზში მყოფი ყველა ქალი გამოიწვია, თიკოს გარდა.

ქალს მთელი გულისყური საცეკვაო მოედნისკენ ჰქონდა მიპყრობილი და შეფარვით ზვერავდა, ვისთან ცეკვავდა ზუზი და როგორ ერგებოდა პარტნიორს. რაღაც ამძიმებდა, გული თითქოს დარტყმებს შორის პაუზას აჭიანურებდა.

შეიძლება ამ აღელვებამ განაპირობა, რომ ძალიან დასცხა, შუბლიდან ოფლის წვეთები ჩამოუვიდა. ადგა და თავის მოსაწესრიგებლად ტუალეტში გავიდა. თმა დაივარცხნა, ოფლი მოიწმინდა, ტუჩებზე პომადა გადაისვა და ის-ის იყო, ოთახიდან გამოსვლა დააპირა, რომ მოულოდნელად მიშელი შემოგოგმანდა. ისიც სარკესთან მივიდა, მაკიაჟი შეილამაზა და უეცრად თიკოს მიუტრიალდა.

_ თიკო, შეიძლება რაღაც გკითხოთ? _ ინგლისურად შეეკითხა.

_ რა თქმა უნდა, _ ინგლისურადვე მიუგო თიკომ, რამაც სტუმარი გოგონა დააბნია.

თიკო გააღიმა მისმა გამომეტყველებამ. ალბათ იფიქრა, ინგლისური არ მეცოდინებოდა და პირიქით, მე დამაბნევდაო, გაიფიქრა ქალმა და ასე, ღიმილმორეული მიაჩერდა.

_ დიდი ხანია, ზუზის იცნობთ?

_ არა, _ მოკლედ მოუჭრა თიკომ და კარის სახელური გადასწია, მაგრამ შემდეგმა შეკითხვამ შეაჩერა.

_ მარის თუ შეხვედრიხართ? მიროს ძმის ცოლს? ამბობენ, ძალიან ლამაზიაო.

_ არა, არასდროს მინახავს, _ ზრდილობიანად მიუგო.

_ რა საშინელი ტრაგედია მოხდა, არა? ბავშვი საშინლად მეცოდება.

_ ჰო. _ კვლავ ლაკონიურად წარმოთქვა თიკომ. ცდილობდა, როგორმე ჩაეხშო ის უსიამოვნო შეგრძნება, რასაც ამ თითქმის ბავშვის, გათამამებული და ქედმაღალი უცხოელისადმი გრძნობდა. მიხვდა, რომ მიშელმა მხოლოდ იმიტომ წამოიწყო საუბარი, რომ თავისი ცნობისმოყვარეობა დაეკმაყოფილებინა, აბა, რას წარმოიდგენდა მიშელი, რა ცეცხლიც ტრიალებდა თიკოს გულში. მას მეტოქედ არც კი მიიჩნევდა. აი, ლამაზი, გამოცდილი მარი კი აინტერესებდა და აფიქრებდა.

_ როგორ ფიქრობთ, ზუზი ხომ საოცარი მამაკაცია? იცით, როგორ მომწონს? რა გარეგნობა აქვს, როგორი ღიმილი, რომაული სახის ნაკვთები... იტალიელებზე ვაფანატებ. მე თვითონ ფრანგი ვარ, მაგრამ ფრანგი მამაკაცები არ მხიბლავს, _ კეკლუცად გაიღიმა, _ აი, ზუზი კი განსაკუთრებულად კარგია. ქართველი კაცები იტალიელებს მაგონებენ გარეგნობითაც და ტემპერამენტითაც. ამასთან, ზუზი ძალიან ჭკვიანია, გაწონასწორებული და დელიკატური. ამას წინათ დედამისის ნახატები დამათვალიერებინა. გავიგე, რომ ისიც ულამაზესი ქალი ყოფილა, _ მიშელმა თავისი უემოციო ცისფერი თვალები თიკოს მიაშტერა, ახედ-დახედა და მოულოდნელი შეკითხვა დაუსვა:

_ თქვენ გყავთ ბოიფრენდი? _ შემდეგ გაიცინა და გააგრძელა, _ რა სულელი ვარ, რომ გეკითხებით. სულ არ გეტყობათ, რომ ვინმე გყავთ. და ალბათ არც გათხოვილი უნდა იყოთ, რადგან ბეჭედს არ ატარებთ.

_ ჰო-ო? _ ისეთი ტონით მიუგო თიკომ, რომ უნდოდა, მიშელი დაეჭვებულიყო. მერე კარი გააღო და სწრაფად გავიდა. ამ მეტიჩარა ფრანგ ამერიკელთან რა საქმე ჰქონდა? თიკოსთან ახლოსაც ვერ მოვიდოდა. მასთან საუბრის გაგრძელება აღარ შეეძლო.

ესეც ასე. ზუზიმ ხომ უთხრა, დედაჩემის ნამუშევრებს ყველას არ ვანახვებო. მიშელი ხომ გამოარჩია? ნეტავ რატომ? რა ნახა ამ გოგოში ისეთი, რომ სურათების ნახვის ნება დართო? რა გამოცნობა მაგას უნდა? ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკელმა მისი გული დაპყრო. და მერე თიკოს რა? რა მისი საქმეა, ზუზი ვის შეიყვარებს? იქნებ უკვე მისი საქმეა? ნუთუ დაერხა? ნუთუ კიდევ ერთხელაა შეყვარებული? არა, ღმერთმა დაიფაროს! კიდევ ერთხელ იმედგაცრუება გასრესს. ზუზიზე ყურადღების გადატანა მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა, რომ ძველი იარა უფრო იოლად მოიშუშოს.

როგორც კი დარბაზში დაბრუნდა და თავის ადგილს მიუახლოვდა, ზუზი შეეგება და საცეკვაოდ გაიწვია.

ოჰ, რაღაც დაემართა, ზუზიმ წელზე ხელი რომ შემოხვია. ტანგოს მელოდია იყო, მსოფლიოში ყველაზე ვნებიანი ცეკვის. ყოველ შემთხვევაში, თიკო ასე მიიჩნევდა. თავში უნებურად წამოუტივტივდა ერთი მისი მეგობრის ლექსის სტრიქონები: `თეძოდან სხვა თეძოზე ხელი... სხვა შიფონმოსხმული ტანგო... ჩვენ კი ვაგრძელებთ მზერით ცეკვას ერთად და მარტო~... ამის გაფიქრება და ჟრუანტელის დავლა ერთი იყო. თითქოს ჰაერი ამოუშვა ფილტვებიდან, ღრმად ამოისუნთქა, მამაკაცს ხელში ხელი ჩასჭიდა, მეორე მხარზე დაადო, თავი ილეთის საპასუხოდ დაიჭირა და დატრიალდა... ზუზიმაც მაშინვე აუღო ალღო, ისე აბზრიალებდა ქალს, თითქოს იატაკზე ფეხს არც ადგმევინებდა. ისე ზუსტად ასრულებდნენ სვლებს, გეგონებოდათ, მთელი ცხოვრება ერთად ცეკვაში გაუტარებიათო. თიკო ლაღად მიჰყვებოდა მუსიკის რიტმს და არა მარტო სხეული, მისი გულიც, მკერდიც და სულიც კი მის ტემპში, მასთან ერთად ცეკვავდა.

ორივენი დუმდნენ. თიკო შიშით ვერ იღებდა ხმას, რომ ამ ზღაპრული წუთების იდილია არ დაერღვია. თითქოს სხვაგან იმყოფებოდა, სხვა განზომილებაში, ირგვლივ ვერაფერს და ვერავის ამჩნევდა...

როცა ცეკვა დასრულდა, ღაწვებშეფაკლული ციდან მიწაზე დაეშვა.

_ გმადლობთ. _ წაიჩურჩულა კმაყოფილებით სავსემ და თვალები დახარა, მამაკაცის მზერას რომ არ შეჰფეთებოდა. გული ისევ ისე ძალუმად უძგერდა და უკან დაიხია, თავი არ გავცეო. სწორედ ამ დროს კარში მდგარი მიშელი შეამჩნია.

_ რა საოცრად ცეკვავ, _ ზუზის ხმაში საჭიროზე მეტი ინტიმურობა იგრძნობოდა, _ ერთიც ხომ არ გვეცეკვა? _ ოდნავ დაწეული ხმით შეეკითხა.

თვითონაც გაუკვირდა, უარი რომ უთხრა, მართლა აღარ უნდოდა მეტჯერ ცეკვა. ვერ მიხვდა, მიშელის გამოჩენამ იმოქმედა მასზე, თუ სურდა, ზუზი ამ ერთი ცეკვით გაოგნებული დაეტოვებინა. ერთიც იყო და მეორეც. განსაკუთრებით უცხოელის დანახვა არ ესიამოვნა, მისმა გამოჩენამ თიკოს ყველა ფიქრი და ოცნება, რომლითაც წამების წინ მეცხრე ცაზე დაფრინავდა, მსწრაფლ დაამსხვრია.

_ უარს მეუბნებით? რატომ? გეშინიათ, რომ სასწაული აღარ განმეორდება? _ მამაკაცი ისევ და ისევ ზრდილობიანი ფორმით მიმართავდა, არამც და არამც არ უშვებდა ახლოს იმ დღის მერე.

_ შემდეგ ცეკვას მიშელი ელოდება, _ ირიბად ახედა და მამაკაცს ნიშნის მომგები მზერა მიაპყრო.

_ ეს ეჭვიანობაა? _ წარბების აწევით იკითხა ზუზიმ და მაჯაში მძლავრად ჩაავლო ხელი.

_ ეს გაფრთხილებაა.

_ მე მაფრთხილებთ? რაღაც ვერ გავიგე, მგონი, _ განცვიფრებისგან დიდრონი თვალები უფრო გაუფართოვდა მამაკაცს.

_ არა, გაფრთხილება საკუთარი თავის მისამართით. ის შუშა, რომელსაც ფეხი მინდა დავადგა, ძალიან ადვილად იმსხვრევა თურმე და მეშინია, თავი არ დამაკარგვინოს. _ ხურდად თავისივე სიტყვები დაუბრუნა თიკომ, რომელიც მამაკაცმა შუადღეს, სხვა სასტუმროში და სხვა სუფრასთან ნატკას უთხრა.

ზუზიმ ჩაიფხუკუნა.

_ ყოველთვის ასე აკონტროლებთ თქვენს თავს?

_ ვცდილობ.

_ მერე? გამოგდით?

_ ჯერჯერობით ვერევი, ვერ მჯაბნის.

_ წამომყევით, საოცარი სანახაობა უნდა გაჩვენოთ. ნახეთ, რა ლამაზია მთვარის შუქზე სასტუმროს პარკი.

ზუზიმ და თიკომ დარბაზი გადაჭრეს და აივანზე გავიდნენ. აქ მუსიკის ხმა ყრუდ აღწევდა, მით უფრო, რომ მამაკაცმა ზურგს უკან კარი მოიხურა. თიკო მოაჯირს გადაეყრდნო და ფიჭვისა და ჭადრის მათრობელი სურნელით გაჟღენთილი ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა.

_ ცეკვის დროს კინაღამ გამიფრინდით ხელიდან. კიდევ კარგი, რომ ფრთები არ გქონდათ.

_ გაგიფრინდით?

_ ჰო. სადღაც მაღლა იყავით. რა, შევცდი?

_ ცეკვისას სრულიად სხვა სამყაროში გადავდივარ. იმ წუთებში დედამიწელი არ ვარ. ამის ბრალია ყველაფერი.

_ ახლა? ახლა დედამიწელი ხართ?

თიკო წელში გასწორდა, ნელა შემობრუნდა და მამაკაცის ვერცხლისფრად აკიაფებულ თვალებს თამამად გაუსწორა მზერა.

_ ახლაც მინდა ვიფრინო და სიამოვნებით დავტკბე. მიწას მოვწყდე და გალაქტიკაში გავიჭრა.

_ მე კიდევ... მე მინდა, რომ მთვარის შუქზე ვიცეკვო მზესთან...

_ მზესთან მიახლოება არ შეიძლება, წვავს. იკაროსიც კი დაიფერფლა. _ ორს შორის ფლირტი გაიბა.

_ იკაროსი შტერი იყო, მე კი ჭკვიანი ვარ, _ ცალი წარბი მრავალმნიშვნელოვნად აზიდა ზუზიმ, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო, ქალის პირდაპირ დადგა, ნიკაპი მაღლა ასწია და ქუსლებზე აქანავდა.

_ მზისთვის ჭკვიანი და სულელი სულერთია, იგი ყველას ერთნაირად ათბობს ან წვავს, _ თავი გვერდზე გადასწია თიკომ, წკიპურტის გაქნევით პერანგზე დაცემული ჭადრის ბუსუსი მოაშორა ზუზის და დარბაზის კარი შეაღო. აღარ მოისურვა, ენახა სასტუმროს საოცარი ბაღი, რომლის საჩვენებლადაც მამაკაცმა ტერასაზე გაიყვანა...

იმ ღამეს ორი მამაკაცი ესიზმრა _ ზუზი და დემნა. ორივე ირონიანარევი ღიმილით მისჩერებოდა ქალს. ამწუთას როგორ ჰგავდა პირველი მეორეს. სწორედ ეს ღიმილი აცოფებდა თიკოს ყოველთვის. სწორედ ამ ღიმილით დემნა თითქოს ხაზს უსვამდა, შენზე მაღლა ვდგავარ და ვერასდროს გამიტოლდებიო. იქნებ ზუზისაც იმავეს თქმა სურს თავისი ქედმაღლური გაღიმებით? შემთხვევით, ერთი წუმპიდან ამოსული მეორეში ხომ არ უნდა ჩახტეს? არ ჯობია, უფრო ფრთხილად გადადგას ნაბიჯები, რომ კიდევ ერთხელ არ მოუწიოს მსხვერპლის გაღებამ? ზვარაკად ხომ არ შეეწირება სიყვარულს? ერთხელ გაუცრუვდა იმედი და ხელმეორედაც იმავეს ხომ არ ჩაიდენს? ოოო, ამწუთას როგორი მსგავსები არიან, თითქოს ერთი თარგისგან გამოჭრესო! ქალების მონუსხვის დიდოსტატები! განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ დემნა უფრო იმპულსურია, ზუზი კი დინჯი და თავშეკავებული. ის პირდაპირ ამბობდა სათქმელს, ეს კი შემპარავად, შორიდან მოვლით.

სიზმარი გრძელდებოდა. ორივე მამაკაცი ჯიქურ მოიწევდა ქალისკენ. თიკო უკან იხევდა. იცოდა, რომ მის უკან ზღვა იყო, აბობოქრებული და მრისხანე. რა ჯობდა? ზღვაში შესულიყო და მის მოძალადე ტალღებს მინდობოდა, თუ კაცებს დალოდებოდა? რას უქადდა მათი ლოდინი? რა მოელოდა? ამასობაში მიხვდა, რომ ზღვას მიუახლოვდა. კანჭებზე უმალ იგრძნო, როგორ შემოეხვივნენ აცეტებული წვრილ-წვრილი ტალღები, ქაფმორეული რომ უვლიდნენ გარშემო მის წვივებს. ტერფები უფრო და უფრო ეფლობოდა ქვიშაში, თითქოს ძირი ეცლებაო. საიდან გაჩნდა ბათუმში ქვიშიანი ნაპირი? უკვირდა სიზმარში. მოულოდნელად ზურგიდან გაავებული ტალღა დაეჯახა, ვეებერთელა, მასზე მაღალი და თიკო თავით ქვიშაში ჩაემხო. ელდანაცემს გამოეღვიძა. როცა გონს მოეგო, ენით აუწერელი სიხარული იგრძნო, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ზმანება აღმოჩნდა...

მეორე დილით ნატკა ადრიანად შეუდგა სამზადისს. მათი გამგზავრების დრო მოახლოვდა. თიკო თავისი საძინებლიდან არ გამოსულა. ნიკა მიროს გვერდით ტრიალებდა. ნატკა ჩალაგებას მორჩა თუ არა, სავარძელში ჩაესვენა და სიგარეტს მოუკიდა. მერე თიკოს ასძახა. ჩამოდი, რაღას უცდიო.

თიკოს ზლაზვნით ჩამოვიდა და მის გვერდით მეორე სავარძელში ჩაჯდა.

_ აბა, როგორ მოგეწონა წუხანდელი საღამო? _ შეეკითხა ნატკა, თავი ასწია და მოკუმული ტუჩებით სიგარეტის ბოლი მაღლა წყვეტილად აუშვა.

_ რა ვიცი, მგონი, კარგი იყო, _ მხრები აიჩეჩა თიკომ.

_ იმედია, ზუზიც მოგეწონა, _ შემპარავად წარმოთქვა მეგობარმა და დაქალს ყავით სავსე ფინჯანი გადააწოდა.

თიკო დაიძაბა, სულაც არ სურდა ნატკას მისთვის წინა საღამოსგან გამოყოლილი ეიფორია შეემჩნია, ჩაახველა და რაც შეიძლებოდა, მშვიდად წარმოთქვა:

_ მომეწონა, _ თან ჩაიცინა, _ მე მგონი, უკეთესად გავიცანი.

_ ჰო, მაგარი ადამიანია, _ რატომღაც, ნათქვამს ოხვრა ამოაყოლა დაქალმა და გაირინდა.

თიკოს ეს ოხვრა არ ესიამოვნა. ნუთუ მართლა მოსწონს ზუზი? ასე რომ აღმოჩნდეს, რა უნდა ქნას? არა, სისულელეა, არ შეიძლება ასე იყოს. ნატკას მირო უყვარს. რომ არ უყვარდეს, ამდენს იეჭვიანებდა ნიკაზე? აქ ალბათ სხვა ძაღლის თავია დამარხული.

ცოტა ხნის შემდეგ ნატკამ წამოიწყო:

_ იცი? მიროს უნდა, რომ ჩვენს არყოფნაში ნიკამ ზაფხული ტყუილად არ გააცდინოს და იმეცადინოს. ჩვენს მეზობელს, შოთას, ნიკას ტოლი ბიჭი ჰყავს, რომელთანაც სახლში მასწავლებელი დადის.

_ ამ გაგანია ზაფხულში?

_ კი, ამ გაგანია ზაფხულში. ამ დილით მირო ელაპარაკა და შეთანხმდნენ, რომ ნიკაც დაესწროს გაკვეთილებს. ფულს, რა თქმა უნდა, გადაუხდის. მგონი, ასე ჯობია. შენც მეტი თავისუფალი დრო დაგრჩება. ყველაზე მეტად მიროს ნიკას ძილის პრობლემა აწუხებს, მაგრამ მე შენი იმედი მაქვს და აღარ მეშინია. ჩვენ ერთ კვირაში დავბრუნდებით, თუ რამე გაგიჭირდა და ჩვენთან დაკავშირება დაგჭირდათ, ნებისმიერ დროს ან ჩვენ, ან ზუზის დაურეკე. ბავშვის ექიმის ნომერსაც დაგიტოვებ.

_ იმედია, რომ არავის დახმარება არ დამჭირდება. არ მინდა, ვინმე შევაწუხო.

_ ნუ იქნები ასეთი თავდაჯერებული, რა იცი, რა მოხდება, _ შენიშნა ნატკამ, _ ბავშვებისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ნიკას ძალიან ნუ მიუშვებ, ცოტა მკაცრად მოექეცი.

ამ დროს ქალაქის ტელეფონმა დარეკა. ნატკა ყურმილის ასაღებად ადგა, მერე კი ვიღაცას ლაპარაკი გაუბა, თიკო კი შეგრილებული ყავის სმას შეუდგა.

ნატკამ და მირომ გამოსამშვიდობებელი ვახშამი მოაწყვეს. საღამოს სახლი სტუმრებით გაივსო. შოთაც მოვიდა, კარის მეზობელი. თიკოს იგი ნანახი ჰყავდა, იცოდა, რომ ეს სწორედ ის მეზობელი იყო, რომლის სახლშიც ხანდახან ნიკა სათამაშოდ გადადიოდა. ნიკამ შოთას ბიჭს ხელი ჩაჰკიდა და თავის ოთახში გაარბენინა. თიკომ შოთა გაიცნო და მასლაათიც გააბეს. როგორც მისი ნათქვამიდან გაირკვა, თურმე ცოლი ნიუ-იორკში სამუშაოდ წასულა, სამი წლის შემდეგ იქ ვიღაც გაუჩენია და ქმარ-შვილი სამუდამოდ მიუტოვებია.

თიკოს უკვირდა ქალების ასეთი საქციელი. ვერ წარმოედგინა. ქმარი ჰო, მაგრამ შვილი როგორ უნდა მიეტოვებინა დედას?

_ ასე შემატოვა ბიჭი და დაიკარგა, _ სევდიანად დაასრულა შოთამ თავისი ამბავი.

თიკომ სათანადო სიტყვები ვერ მოძებნა, ამიტომ თანაგრძნობა ნაღვლიანი ღიმილით გამოხატა.

სტუმრიანობა ცოტა ხანს გაგრძელდა, მაგრამ იმდენი ხალხი ირეოდა, თიკო ზუზის არ დალაპარაკებია. მამაკაცს მისთვის არც ეცალა, რადგან მოპატიჟებულებში რამდენიმე დიდი ხნის უნახავი მეგობარიც ერია და მათთან მასლაათით ირთობდა თავს.

ვახშმის შემდეგ, როცა მეგობრები გაისტუმრეს, ყველანი მისაღებში შეიკრიბნენ. მხოლოდ მძღოლი საქმიანობდა _ იგი ჩანთებს მანქანის საბარგულში ეზიდებოდა. მიროს ნიკა მუხლებზე დაესვა და ჩუმად რაღაცას უყვებოდა. ბიჭუნა ჩაფიქრებული უსმენდა და დროდადრო დასტურის ნიშნად თავს უქნევდა.

ნატკა სწრაფად გადი-გამოდიოდა. ისეთი ლამაზი და ბედნიერი იყო, რომ თიკო თვალს ვერ აშორებდა.

ბოლოს წასვლის დროც დადგა. დაქალები ერთმანეთს გადაეხვივნენ, მერე მიროც დაემშვიდობა თიკოს და მანქანაში ჩასხდნენ. უკვე დაქოქილი მანქანიდან მირომ ნიკას გადმოსძახა, თიკო დეიდა არ გააბრაზოო და წავიდნენ.

დილით ნიკამ უგუნებოდ გაიღვიძა, ცხვირ-პირი ჩამოსტიროდა. საუზმის დროს ჩუმად იყო და ხმას არ იღებდა.

როცა მეზობელ სახლში მასწავლებელთან წასვლის დრო მოვიდა, ბრაზიანად წამოიძახა:

_ არ მინდა იმ დებილურ გაკვეთილზე დასწრება! აეროპორტში მინდა! ის თვითმფრინავი უნდა ვნახო, რომლითაც მირო ძია გაფრინდა!

_ ის თვითმფრინავი ჯერ უკან არ დაბრუნებულა. აეროპორტი სხვა დროს იყოს. თუ გაკვეთილზე არ გინდა, ნუ წახვალ, ამით არაფერი დაშავდება. თუ გინდა, ზღვაზე გავიდეთ, ქვიშაშიც ითამაშებ და ზღვაშიც იბანავებ.

ამის გაგონებაზე ბავშვი შეცბა და ფერი ეცვალა.

_ ზღვაზე? _ შიშით ჩაიჩურჩულა და თავი გააქნია, _ არა, ნუ წავალთ. მამა სხვასთან არასდროს მიშვებდა ზღვაზე, ამის უფლებას არ მაძლევდა. ერთხელ კინაღამ დავიხრჩვი და მამა შემპირდა, რომ არასდროს არ წამიყვანდა იქ, _ ბიჭს ტუჩები უკანკალებდა, თვალები ცრემლით აევსო, _ მამა რატომ წავიდა?

თიკომ ბავშვი თავისკენ მიიზიდა და გულში ჩაიკრა, თან ცდილობდა, მისი ანერვიულება არ შეემჩნია.

_ ზოგჯერ ისე ხდება, რომ ადამიანები შორს მიემგზავრებიან და გვტოვებენ, _ ყოყმანით დაიწყო, _ მაგრამ მამაშენი სადაც უნდა იყოს, შენ ყოველთვის ძალიან ეყვარები და არასდროს დაგივიწყებს.

სიბრალულმა გული აუვსო. დაიხარა, ნიკას თმა გადაუწია და ცრემლიან თვალებში ჩახედა, შემდეგ გაუღიმა და ჰკითხა:

_ ოქროს თევზები ოდესმე გყოლია?

_ არა.

_ იცი, რა? მოდი, აკვარიუმი ვიყიდოთ და თევზები შიგ ჩავსვათ. შენ მოუვლი. ნახავ, როგორ დაცურავენ.

ბიჭმა კუშტად შეხედა და უხეშად იკითხა:

_ რაში მჭირდება?

_ რატომ არ გჭირდება? თუნდაც იმისთვის, რომ რაიმე ისეთი უნდა გქონდეს, რაც ძალიან გეყვარება და მზრუნველობას გამოიჩენ. შენ მათ საჭმელს აჭმევ, სახელებს დაარქმევ და მარტო აღარასდროს იქნები. თქვენ ერთმანეთს გაიცნობთ, თან როცა ნახავ, რა თავისუფლად დაცურავენ, წყლის აღარ შეგეშინდება და ცურვა მოგინდება...

_ თქვენ არ გეშინიათ ზღვის?

_ მე არა.

_ ცურვა იცით?

_ ვიცი და მინდა, რომ შენც გასწავლო. საერთოდ, ბიჭები გოგონებზე უკეთ ცურავენ, ისინი უფრო გულადები არიან.

_ მირო ძია ცურავს?

_ აბა, რა.

_ ნატკა დეიდაზე უკეთესად?

თიკოს გაახსენდა, ნატკა სკოლაში სპორტით რომ იყო გატაცებული და ღიმილით თქვა:

_ რა თქმა უნდა, უკეთ.

_ მაშინ მე ახლა წავალ გაკვეთილზე, რომ მირო ძია არ გავაბრაზო, მერე კი გავისეირნოთ და აკვარიუმიც ვიყიდოთ.

_ კარგი, პატარავ, გაიქეცი.

როგორც კი ბავშვი გაისტუმრა, თიკომ მძღოლს ბაზარში გაყვანა სთხოვა და ისიც არ დაზარდა. ბათუმის ბაზარი დამსვენებლებით იყო სავსე. გარუჯული ადგილობრივები და უცხოელები ხილითა და პროდუქტებით სავსე დახლებს შორის მიმოდიოდნენ. უცნაური ის იყო, რომ ადგილობრივები იმდენად არ იყვნენ გარუჯულები, როგორც უცხოელები. ეს ზღვისპირა ქალაქის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა _ ვინც ზღვასთან ახლოს ცხოვრობს, ნაკლებადაა ზღვის მოყვარული. `ამაზე მამაჩემი ხუმრობით იტყოდა, ლაუაზიეს კანონიაო~, _ გაეღიმა თიკოს...

გაგრძელება ჟურნალ "გზის" 32-ე ნომერში