თამაში მზესთან (თავი IX) - გზაპრესი

თამაში მზესთან (თავი IX)

როგორც კი შინ დაბრუნდა, აკვარიუმი წყლით აავსო, წყლიანი პარკიდან თევზები ფრთხილად აკვარიუმში გადასვა და გამოსაჩენ ადგილას დადო. მერე კმაყოფილი ნიკას მოსვლას დაელოდა.

თევზების დანახვაზე ბავშვმა სიხარულისგან იყვირა და დაბზრიალდა. აკვარიუმს მივარდა და აქოშინებულმა იყვირა:

- უჰ, რა ლამაზია! დიდი მადლობა, თიკო!

ესიამოვნა, ბიჭმა მის სახელს დეიდა რომ არ დააყოლა, ეს იმას ნიშნავდა, რომ გაუშინაურდა.

- სახელები უნდა დავარქვა, არა? - იკითხა ნიკამ.

- აბა, რა. აუცილებლად უნდა დაარქვა, მიდი, მოიფიქრე.

- აი, ეს ოქროსფერი დეიდა ნატკა იქნება, ყავისფერი კი, მის გარშემო რომ დაცურავს, მირო ძია. კუთხეში რომაა მიყუჟული, დათუნას ჰგავს, ჩემს ძმაკაცს და მაგის სახელს დავარქმევ. იმ გრძელსა და სხმარტალას კიდევ - ზუზის.

- ყოჩაღ, მომწონს. კარგი ბიჭი ხარ! - მოისმა ამ დროს საიდანღაც.

თიკომ და ნიკამ კარისკენ მიიხედეს, ოთახში ზუზი შემოდიოდა.

- აბა, ამ თევზებში მე რომელი ვარ?

ბავშვმა მიუთითა ყველაზე ლამაზ და დიდ თევზზე, სრულიად განცალკევებით რომ დაცურავდა.

- აი, ეს, ზუზი ძია. ხომ მაგარია? - თევზისკენ თითი გაიშვირა ბიჭმა.

მამაკაცს გაეცინა.

- ვერაფერს ვიტყვი, მართლაც ძალიან ლამაზი ვყოფილვარ. სხვებს რა დაარქვი?

ნიკამ სახელები ჩამოთვალა.

- ოჰო... კი მაგრამ, თიკო დეიდა სადღაა? იქნებ აი, ეს ყველაზე პატარა თევზი მოვნათლოთ მისი სახელით?

ნიკამ ჩაიხითხითა და თიკოს შეხედა.

- ეს თევზი მე ყველაზე მეტად მომწონს და კარგია, თიკო იყოს, - იცინოდა ბიჭუნა.

- ხედავ, თან როგორი ცქრიალაა? - ირონიულად შენიშნა ზუზიმ და წამოწითლებულ ქალს ეშმაკურად გახედა. თიკო შეცბუნების დამალვას ცდილობდა, ამიტომაც კეკლუცად შეირხა, ნიკასკენ დაიხარა და ლოყაზე აკოცა.

- კარგი ბიჭი ხარ, ნიკუშ, მადლობა, ჩემი სახელიც რომ შეურჩიე თევზს. ხედავ, როგორ დაცურავენ? დარწმუნდი, რომ წყლის სულაც არ ეშინიათ? - ბოლო წინადადება ხაზგასმით წარმოთქვა და ბავშვს თვალებში ჩახედა.

მაგრამ ნიკა თიკოს საუბარში არ აჰყვა, აკვარიუმს ხელები ჩასჭიდა და თევზებს დააშტერდა.

ქალმა იქვე ჩამომჯდარ მამაკაცს გახედა და როცა მის მზერას შეეფეთა, გული ისე აუბაგუნდა, ამოსუნთქვა გაუჭირდა. ეს კაცი აქ შემთხვევით არ შემოივლიდაო, გაიფიქრა.

- რამდენიმე დღით მთაში მივდივარ. ნიკას უყვარს იქაურობა. ორივენი ხომ არ შემომიერთდებოდით? ერთად წავიდეთ, დაისვენებთ...

- მთაში რა ხდება?

- პატარა ფერმა მაქვს იქ... საქონლის. ნატურალური რძე, ყველი და მაწონი არ მოგაკლდებათ.

თიკო შეყოყმანდა, მაგრამ იმდენად მაცდური წინადადება იყო, უარის თქმა ვერ შეძლო.

- სიამოვნებით წამოვალ, თუკი ნიკა თანახმა იქნება. ჩემი კავალერი ახლა ისაა.

ნიკამ ჯერ თიკოს შეხედა, მერე - ზუზის და კვლავ აკვარიუმს შეავლო თვალი.

ქალი მიუხვდა.

- ნუ გეშინია, თევზები დაგველოდებიან, ჩვენს არყოფნაში მარო და გრიშა მიხედავენ, - დაამშვიდა.

თვალებგაბრწინებულმა ბიჭმა ზუზის მიაპყრო მზერა:

- ცხენზე შემსვამთ?

- რა თქმა უნდა. როდის მითქვამს უარი?

- ცხენიც გყავთ? - თვალები გაუფართოვდა თიკოს.

- მყავს, თანაც რამდენიმე, - გაიღიმა ზუზიმ, - ნიკას ყველაზე მეტად მაქსი უყვარს, პონი. მასავით პატარაა. თქვენ იცით ცხენზე ჯდომა?

ქალმა თავი გადააქნია. ხმას არ იღებდა, ეშინოდა, ზუზი არ მიმხვდარიყო, როგორ უხაროდა მასთან ერთად გამგზავრება.

- როდის მიდიხართ?

- მივდივართ, - შეუსწორა მამაკაცმა.

- ჰო, როდის მივდივართ? - დაიმორცხვა თიკომ.

- თუ მომზადება არ გჭირდებათ, დღესვე წავიდეთ.

- რა ვიცი... რამე დაგვჭირდება?

- მხოლოდ თბილი ტანსაცმელი, სხვა არაფერი. სპორტულად ჩაიცვით, მაინც მთაა, ხომ იცით, ღამით ცივა...

- რასაკვირველია.

- მაშინ მე დაგელოდებით. მე გრიშას გავაფრთხილებ, - ოდნავ ცივად გასცა პასუხი ზუზიმ.

რა არ მოეწონა? იქნებ ის, რომ მაშინვე დათანხმდა? მერე რა? ის ხომ მიროს ოჯახის ახლობელია? თიკო ვერაფერს მიხვდა. მიუხედავად ამისა, თავის ოთახში აირბინა, პატარა სამგზავრო ჩანთა გადმოიღო და საჭირო ტანსაცმელი ჩაალაგა. შემდეგ წყალი გადაივლო, თმა დაივარცხნა, სარკეში ჩაიხედა და კმაყოფილი დარჩა. ყველაფერი წესრიგში იყო, ერთადერთი რამის გარდა - თვალები ზედმეტად უბრწყინავდა.

საკუთარ ორეულს გაუცინა, თვალი ჩაუკრა და ნიკას ოთახში გავიდა, მისი ტანსაცმელი რომ ჩაელაგებინა...

თიკო მანქანის წინა სალონში მოთავსდა, ნიკა უკან ჩასვეს, ზუზი კი საჭეს მიუჯდა. მანქანა დაიძრა. კარგა ხანს სწრაფად მიქროდნენ, მაგნიტოფონიდან სასიამოვნო მელოდია იღვრებოდა. ამასობაში ნიკას ჩაეძინა. თიკომ ფრთხილად გადააწვინა ბავშვი უკანა სავარძელზე და თავისი შიფონის თავშალი გადააფარა.

ამწუთას როგორი ბედნიერი იყო, ოცნებებით ცაში დაფრინავდა. ზუზისკენ არ იხედებოდა, მაგრამ მის სუნთქვასაც კი გრძნობდა.

კარგა ხნის შემდეგ მანქანამ სვლას უკლო და მთის აღმართს შეუდგა. მოასფალტებული გზა დამთავრდა. შედარებით აგრილდა. აქ თითქოს ჰაერსაც სხვა, უფრო მათრობელა სურნელი დაჰკრავდა, რაც თიკოზე გამაბრუებლად მოქმედებდა.

რამდენიმესაათიანი მგზავრობის შემდეგ ბინდბუნდში სიმწვანეში ჩაფლული წითელი აგურის სახლი გამოჩნდა, რომელსაც გარშემო უზარმაზარი ეზო ეკვროდა. ორივე შესანიშნავად მოვლილი ჩანდა.

უკვე შეღამებულიყო. ზუზიმ რკინის ჭიშკარს ფარები მიანათა და დაასიგნალა. მაშინვე გაისმა ჩქარი ნაბიჯების ხმა და კარი ჭრიალით გაიღო, ეზოდან ჭარმაგი კაცი გამოვიდა, მანქანასთან მივიდა და ზუზის თბილად გაუღიმა.

- ძია პეტრე, ჩამოვედით. მიგვიღებთ?

- მოდით, შვილო, მოდით. რას მიქვია, მიგიღებ. შენი სახლია, შენი კარი, მე და ჩემი კნეინა აქ მხოლოდ სტუმრები ვართ.

ამ დროს სახლი ერთიანად გაჩახჩახდა და კიბის თავზე `კნეინაც~ გამოჩნდა - ლამაზი, კოხტად ჩაცმული შუახნის ქალი.

- ქალბატონო ქეთევან, მოგესალმებით! როგორ გიკითხოთ? აი, სტუმრები მოგიყვანეთ. - გასძახა მანქანის ფანჯრიდან ზუზიმ.

- ზუზი, შენ შემოგევლე, როგორ გაგვახარე! - ქალი ლამის სირბილით გამოვიდა ქუჩაში, ხელები წინსაფარზე შეიმშრალა და ზუზის ხელი ჩამოართვა, მერე მანქანაში შემოიხედა, - უი, ამას ვის ვხედავ! ნიკაც ჩამოგიყვანია! რა კარგია, აქ რომ ხართ. ახლავე, ახლავე. თქვენ გადმოდით და მე უცებ დავტრიალდები.

- ქალბატონო ქეთევან, ეს თიკოა, ჩვენი მეგობარი. აჩვენეთ, რომელ ოთახში დაიძინებს, მე და ნიკა კი ამასობაში ცხენებს დავხედავთ.

ზუზიმ გამოღვიძებულ ბავშვს ხელი ჩაჰკიდა და წაიყვანა, თიკომ მათ თვალი გააყოლა და იგრძნო, ამ პატარა ბიჭის როგორ შეშურდა.

ქეთო თიკოს წინ გაუძღვა, თან ელაპარაკებოდა, თან მიკუსკუსებდა. მსუქანი სხეული თავისუფლად სიარულის უფლებას არ აძლევდა, ამიტომ მძიმედ სუნთქავდა.

სასტუმრო ოთახი გაიარეს და ხისრიკულებიანი ფართო კიბით მეორე სართულზე ავიდნენ.

ოთახი საკმაოდ დიდი და ნათელი იყო, თანაც გემოვნებით მოწყობილი. ფანჯრის რაფებზე ყვავილებიანი ქოთნები ჩამოემწკრივებინათ. ოთახის მარცხნივ მეორე კარიც იყო, რომელიც ტერასაზე გადიოდა. აღფრთოვანებულმა თიკომ ჩანთა კუთხეში, დაბალ მაგიდაზე დადო, ფანჯარას მიეახლა, ფარდა გადასწია და ეზოში გადაიხედა. ულამაზესი ბაღი დიზაინერული ხრიკებით იყო გაშენებული.

ტერასაზე გავიდა და ღამის ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა. როცა ჰორიზონტს გახედა, სუნთქვა შეეკრა, ირგვლივ ისეთი სილამაზე გამეფებულიყო - ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, მაღალი მთები, ხეებში ჩაფლული სოფელი და გამჭვირვალე ჰაერი.

- თიკო, გენაცვალე, ეს იქნება თქვენი ოთახი. იმედია, მოგეწონებათ ჩვენთან. მთავარია, თავი თავისუფლად იგრძნოთ.

- რა ლამაზია აქაურობა! - აღმოხდა თიკოს, - რა ბედნიერი ხართ, ასეთ ადგილას რომ ცხოვრობთ.

- რა ვიცი, ვცდილობთ. არაფერს ვუჩივით, სხვებივით შიმშილით სული არ გვძვრება. კი ვართ ბედნიერები, მაგრამ უკეთესად ვიქნებით, როცა ზუზი ცოლს შეირთავს. დიდი ხანია, აქაურობა დიასახლისს ელოდება. ერთი ქალი არ გამოჩნდა ისეთი, აქ ცხოვრებას რომ მოისურვებდა, ყველას ქალაქში ურჩევნია, ჩემო კარგო.

თიკომ დაკვირვებით შეხედა ქალს და გაიფიქრა, ნეტავ იმ ქალებში მეც თუ მიგულისხმაო. ეჰ, რომ იცოდეს ქეთომ, რა სიამოვნებით იცხოვრებდა თიკო აქ ზუზის გვერდით... საინტერესოა, ვის არ უნდა აქ ცხოვრება, მარის თუ მიშელს? რომელი იგულისხმა? ამის გაფიქრებაზე ისე აღელდა, სასაუბრო თემის შეცვლა გადაწყვიტა.

- თქვენ აქაური ხართ, ქალბატონო ქეთევან?

- არა, ქობულეთელი ვარ. სტუდენტობისას ბათუმში პრაქტიკები მქონდა. მაშინ ლამაზი გოგო ვიყავი და კაცები ბუზებივით მეხვეოდნენ, - გაიცინა ქალმა და ხელი სინანულის ნიშნად ჩაიქნია, - ჩემდა სამწუხაროდ, ბათუმში ერთი ყმაწვილი გავიცანი და ისე შემიყვარდა, მის გარდა ვერავის ვამჩნევდი. მეგონა, იმასაც შევუყვარდი, მაგრამ მალე მივხვდი, რომ ისეთი არ იყო, როგორიც თავიდან მეგონა. მაინც შევეგუე ბედს. მიყვარდა და ყველაფერზე თვალს ვხუჭავდი. ყველაფერზე თუ არა, ბევრ რამეზე მაინც. უტვინო გოგოების ამბავი ხომ იცით... შევცდი და პრაქტიკიდან რომ ვბრუნდებოდი, აღმოჩნდა, რომ უკვე ორსულად ვიყავი. რა უნდა მექნა? ავდექი და ვუთხარი, ასე და ასეა-მეთქი. უნდა გენახათ, რა დღე მაყარა. აყვირდა, რა აყვირდა, მლანძღა, მთათხა, რა აღარ მაკადრა... ხმა არ ამომიღია, უსიტყვოდ მოვტრიალდი და წამოვედი. მას მერე არ მინახავს. სიცოცხლე აღარ მინდოდა. შინ დაბრუნებას აზრი არ ჰქონდა, ჩემი მშობლები ჩამქოლავდნენ. ვერც ჩემს მეგობრებს გავენდე, შემეშინდა, ვინმეს სადმე არ წამოსცდეს-მეთქი. ავდექი და ზღვას მივაშურე, თავის დახრჩობა გადავწყვიტე. გადავეშვი ტალღებში. რა ვიცი, რა მოხდა, მერე აღარაფერი მახსოვს, მაგრამ თვალი რომ გავახილე, ნაპირზე ვეგდე და ვიღაც კაცი თავს დამტრიალებდა. ხან საფეთქლებს მიზელდა, ხან აი, ასე მაწვებოდა მკერდზე, - ქეთომ გაშლილი ხელები ერთმანეთს დაადო და რიტმულად ზემოთ-ქვემოთ აამოძრავა, - ნუ, გასაგები იყო, რომ ვიღაცამ გადამარჩინა. ავტირდი, მაგრამ რა ავტირდი, ჩემი ცრემლი ზღვას ერთვოდა. ამ კაცმა თავის სახლში წამიყვანა, შინ მოხუცი დედა ჰყავდა. მოვყევი ჩემი გაჭირვების ამბავს, არაფერი დამიმალავს. ჰოდა, შენ ხარ ჩემი ბატონი, ამ კაცმა მითხრა, დარჩი ჩემთან, ერთად ვიცხოვროთ და ყველაფერი დაივიწყეო. არადა, თექვსმეტი წლით იყო ჩემზე უფროსი. აი, ასე მოხდა, ჩემო თიკო. ოცდაექვსი წელია, ერთად ვართ. ჩემი გოგონა თბილისში მუშაობს, დიზაინერია. საქმროც ჰყავს. ამ შემოდგომაზე დაქორწინებას აპირებენ და რა ვიცი, ვნახოთ, - ქეთომ მოყოლა დაამთავრა, ამოიოხრა და დაამატა:

- არ ვიცი, ჩემი ამბავი რატომ გაგანდეთ. იქნებ იმიტომ, რომ ჩემსავით მიმნდობი და მიამიტი მეჩვენეთ. თვალებში ვარსკვლავები გიციმციმებთ და საქორწინო ბეჭედიც არ გიკეთიათ. ალბათ იოლად ქმნით იდეალებს, რომლებიც სინამდვილეში არ არსებობენ.

თიკომ მშვიდად მიუგო:

- ვხვდები, რასაც გულისხმობთ, ქალბატონო ქეთევან. უღრმესი მადლობა, რომ თქვენ შესახებ მომიყევით. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი რამ გადაგხდათ, აშკარად ბედნიერად გამოიყურებით. ნათელი, მაგრამ ოდნავ სევდიანი მზერა გაქვთ. თქვენი მეუღლე შესანიშნავი ადამიანი ჩანს.

- მართალი ბრძანდებით, - მადლიერების ღიმილი გადაეფინა ქალს სახეზე, მერე კარადა გამოაღო, თაროდან კოხტად დაკეცილი ორი პირსახოცი აიღო და სააბაზანოში შეიტანა.

- სუფრას მალე გავშლი, გენაცვალე. ნიკა სად ჯობია, დავაწვინოთ?

- თუ ჩემ გვერდით ოთახში არის შესაძლებელი, აჯობებს. ღამით იღვიძებს ხოლმე, კოშმარები ესიზმრება და მინდა, ახლოს ვიყო.

- კარგი, თიკო, გვერდითა ოთახში გავუშლი, რა უნდა მაგას, ადვილი საქმეა. - ქეთომ გულღიად გაუღიმა ქალს და ოთახიდან გავიდა.

როცა შხაპი მიიღო და ქვევით ჩავიდა, ზუზი და ნიკა უკვე დაბრუნებულიყვნენ.

ნიკა ძალიან დაღლილი იყო, ნაჩქარევად ივახშმა და მაშინვე ლოგინს მიაშურა. თიკო საწოლზე ჩამოუჯდა და თმა ალერსით აუქოჩრა.

- თიკო, თევზებიც იძინებენ?

- რა თქმა უნდა, იძინებენ. ისინი დაგელოდებიან, სანამ შენც მათი სიზმრების სამყაროს შეუერთდები. ხვალ დილით კი მომიყევი, როგორ გაგართობენ, კარგი? - გაეხუმრა.

- სიზმრების სამყარო? რა არის სიზმრების სამყარო? მომიყევი, რა.

თიკომ იქვე შეთხზა ამბავი, რომელიც ბავშვს ძალიან მოეწონა. ისე უცებ ჩაეძინა, რომ თიკო ვერც მიხვდა. ბიჭუნას სახეზე ბედნიერი ღიმილი გადაჰფენოდა. ქალმა საბანი შემოუკეცა, ლოყაზე აკოცა, სინათლე ჩააქრო და კარი უხმაუროდ გაიხურა.

თავის ოთახში გასულმა ტანსაცმელი გამოიცვალა, ცისფერი კაბა გადაიცვა, თბილი ჟაკეტი მოიხურა და თმა წვრილი ბაფთით გაიკრა. როცა სასტუმრო ოთახში დაბრუნდა, ზუზი ბუხართან იდგა და ხელში კონიაკით ნახევრად სავსე კოქტეილის ჭიქა ეჭირა. ქალმა თვალი ვერ მოსწყვიტა მის პროფილს.

- რა დაგისხათ? ვისკი? კონიაკი? ჯინი? ამარეტო? ღვინო ვიცი, რომ არ გიყვართ. ნიკამ დაიძინა?

- დაიძინა. წვენს დავლევდი, თუ არ შეგაწუხებთ, - ხმადაბლა წარმოთქვა და თვალები დახარა, რომ კვლავ მის მზერას არ დაეტყვევებინა.

უცნაური იყო. როგორც კი მამაკაცთან მარტო დარჩა, მიხვდა, რომ ეს კაცი მის ცხოვრებაში გრიგალივით შემოიჭრა და ყველაფერი აურ-დაურია. მიუხედავად იმისა, რომ ზუზის უამრავი უარყოფითი მხარე შეეძლო ჩამოეთვალა, მაინც მისკენ მიუწევდა გული. ხვდებოდა, უმამაკაცობას თავისი გაჰქონდა. ჯერ ახალგაზრდა იყო და სხეული თავისას მოითხოვდა. მიუხედავად მამაკაცის სიცივისა, მისკენ მაინც ჯიუტად მიილტვოდა. ერთი სული ჰქონდა, ჩახუტებოდა ამ გარუჯულ სხეულს და უცნაურად მოელვარე თვალებში ღრმად ჩაეხედა. სურდა, ამწუთას მისი გულისცემა მოესმინა.

ზუზი სამზარეულოში გავიდა და ცოტა ხნის შემდეგ წვენით სავსე ბოთლით დაბრუნდა, მაღალფეხიან ჭიქაში ჩამოუსხა თიკოს და წინ დაუდო, მერე ბუხარს მიეყრდნო, კონიაკი მოსვა და ქალს გახედა.

- მოგეწონათ აქაურობა?

- საოცრად. არაჩვეულებრივი ადგილია. ძალიან მიყვარს ასეთი განმარტოებული და მყუდრო ადგილები. ხალხმრავლობა მთრგუნავს.

ზუზიმ ახედ-დახედა, დაჟინებული მზერა ჩააყოლა მის სხეულს და ცივად ამოთქვა:

- რამდენიმე დღეში მოგბეზრდებათ. ჩემს ყველა მეგობარს ქალაქში ურჩევნია ყოფნა. აქ ამოვალთ და ორ დღეში გაქცევაზე არიან. არადა, ისე მიყვარს აქაურობა... სიამოვნებით ვიცხოვრებდი, საქმეები რომ არ მქონდეს. თქვენ? თქვენ შეძლებდით აქ ცხოვრებას?

თიკომ კვლავ დახარა თვალები და წვენით სავსე ფუჟერს დასწვდა.

- რატომაც არა, დიდი სიამოვნებით. რატომ მეკითხებით?

მამაკაცს ირონიულმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე.

- იმიტომ, რომ ადამიანებს უჭირთ უცხო ადგილთან შეგუება. მე კი მიყვარს აქ ყოფნა, მიყვარს და აქეთკენ მექაჩება სული და სხეული. ბავშვობაში ვოცნებობდი, ბევრი ცხენი მყოლოდა და დიდი სახლი მქონოდა, კოვბოივით მეცხოვრა და ფერმა გამეშენებინა. მე კი ფინანსისტი გავხდი, თუმცა, ნაწილობრივ ავიხდინე ჩემი ოცნება. ექვსი ცხენი მყავს და ცამეტი ძროხა. ასე თუ ისე, წვრილფეხა ფერმერი მაინც მქვია. - ისე ჩაიცინა, თითქოს თავის თავს დასცინისო, - ასეთია ცხოვრება. ან არასდროს გისრულდება ის, რაზეც ოცნებობ, ან ნაწილობრივ. ეს ეზო-კარი ჩემი ბაბუა-ბებიისაა და არ მინდა გავყიდო, ვიღაცას ჩავუგდო ხელში. ალბათ ამიტომაც ვარ ამდენ ხანს უცოლო.

- ცოლი რა შუაშია?

ზუზიმ გაკვირვებით გახედა ქალს და კარგა ხანს მზერა არ მოუშორებია.

- როგორ თუ რა შუაშია? ვინ დამთანხმდება ამ მთაში ცხოვრებას? ერთ თვეში გამექცევა ნებისმიერი.

თიკო თავის ჭიქას ჩააშტერდა.

ზუზიმ კი გააგრძელა:

- რა ცუდია, ცხენზე ჯდომა რომ არ იცით. ხვალ დილით ვაპირებდი გასვლას, მთაში განავარდებას, თან ფერმაშიც უნდა შევიარო. ვიფიქრე, თან წავიყვან-მეთქი... არა უშავს, რომ დავბრუნდები, ნიკას პონზე შევსვამ და გავასეირნებ. თუ არ გეზარება, სულაც მანქანით ავიდეთ ფერმაში.

თიკოს იმდენად აინტერესებდა ყველაფერი, რაც ზუზისთან იყო დაკავშირებული, რომ ყველაფერზე თავს უქნევდა. კარგა ხანს ილაპარაკეს. მოულოდნელად ზუზი გაჩუმდა და თქვა:

- იქნებ ორი ლუკმა შეგვეჭამა? ნიკამ კი ივახშმა, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ? ქეთომ რა ხანია, სუფრა გაშალა.

სასადილო ოთახში გავიდნენ. მაგიდაზე ქათქათა სუფრა იყო გადაფარებული. შუაში ვარდებით სავსე ლარნაკი იდგა. შანდლებში სანთლები ენთო, რომელიც ნახევრად ჩამწვარიყო. მაგიდა ორ კაცზე გაეშალათ.

თიკოსთვის თითქოს ჯადოსნური ღამე ჩამოწვა. ასეთ რამეს თუ იოცნებებდა მხოლოდ. სანთლების შუქზე არასდროს არავისთან უვახშმია. განმარტოებამ უფრო დააახლოვა წყვილი. იგი თვალებში შესციცინებდა ზუზის, რომელიც თავისი ბავშვობის ამბებს ჰყვებოდა, თან მადიანად ილუკმებოდა.

- ძალიან მიყვარს აქ მომზადებული კერძები. ყველაფერი გემრიელი და ნატურალურია, - თქვა ზუზიმ, როცა მხიარული ამბების მოყოლა დაამთავრა და თევზის მოზრდილი ნაჭერი თიკოს მიაწოდა.

- მეც მიყვარს. ამაზე უკეთესი რა უნდა ინატრო ადამიანმა.

- მომიყევით, კიდევ რა გიყვართ, - ხმადაბლა, ყრუდ იკითხა მამაკაცმა, სკამის საზურგეს მიაწვა და მოჭუტული თვალებით გახედა.

- თქვენთვის არა მგონია, ეს საინტერესო იყოს, - დაბნეულმა თიკომ გვერდზე გაიხედა.

- რატომაც არა. თქვენ შეეცადეთ...

- სხვა დროს იყოს, კარგი? გემრიელი ვახშმისთვის დიდი მადლობა. - ოფიციალური ტონით წარმოთქვა, ხელსაწმენდზე თითები შეიწმინდა და წამოდგა.

- მაშინ გავისეირნოთ, - არ მოეშვა მამაკაცი.

აკანკალებულმა ქალმა უსიტყვოდ დაუქნია თავი, რადგან მიხვდა, პასუხი რომ გაეცა, ხმაც აუკანკალდებოდა.

როგორ ეშინოდა თავის სისუსტის, იცოდა, შინაგანი მღელვარება ყოველთვის აესახებოდა სახეზე, ასეთ დროს ვერაფრის დამალვას ვერ ახერხებდა. მოიმიზეზა, ბავშვს დავხედავო და მეორე სართულზე აირბინა. ნიკას ოთახში მართლა შეიჭყიტა. ბავშვს უშფოთველად ეძინა. ამასობაში ცოტათი დამშვიდდა, ღრმად ამოისუნქთა და კვლავ დაბლა ჩავიდა, სადაც ზუზი ელოდებოდა. ყველაზე მეტად მამაკაცის მის მიმართ გულგრილობა ამშვიდებდა.

ზაფხულის თბილი ღამე სავსე იყო უცნაური სურნელით. ზუზი ხანდახან მხრით შეეხებოდა, რაც ქალს სუნთქვას უკრავდა. კაცის შეხება ბანგივით მოქმედებდა მასზე, მუხლები ეკვეთებოდა.

როგორ დამთავრდება ღამის გასეირნება? ეს იყო ერთადერთი შეკითხვა, რომელსაც თიკო თავის თავს უსვამდა...

გაგრძელება შემდეგ ნომერში