თამაში მზესთან (თავი X) - გზაპრესი

თამაში მზესთან (თავი X)

- საინტერესოა, რატომ მოქმედებს მთვარე სხვაგან უფრო ძლიერად, ვიდრე შინ?

ზუზიმ ქალს ირონიული მზერა მიაპყრო.

- იქნებ იმიტომ, რომ რაღაც უჩვეულოს მოელი? ადამიანები ცდილობენ, იმ ადგილებში დასახლდნენ, რომელთანაც მათი ოცნებებია დაკავშირებული და ის კუთხე მათთვის ყველაზე ლამაზი და მყუდროა. გიმოგზაურიათ სადმე?

- როგორ არა, ბევრჯერ.

- მეც. - თქვა ზუზიმ და მოუყვა თავის მოგზაურობებზე. მას უამრავი ქვეყანა ჰქონდა შემოვლილი და შთაბეჭდილებებიც დაგროვებოდა. ლაპარაკობდა თავისუფლად, ისე, როგორც ლაღ ადამიანებს სჩვევიათ.

ბილიკზე დაეშვნენ და პატარა მდინარეს მიუახლოვდნენ. მთის მდინარე რაკრაკით მოიჩქაროდა და სიმარტოვის ილუზიას აძლიერებდა.

მოულოდნელად რაღაც ხმაური მოისმა. თიკო მკვეთრად შემოტრიალდა, ფეხი აუცდა და დაეცემოდა, რომ არა ზუზი. ქალი შეშინებული მიეკრა მამაკაცს და უმალ იგრძნო მისი გულის ძლიერი ფეთქვა.

- რა ხმაურია? - წაიჩურჩულა, გონს რომ მოეგო.

- ნუ გეშინია, აქ ველური ცხოველები არ დარბიან, ალბათ კატამ თუ გაირბინა.

- როგორ შემეშინდა, - თიკომ გაღიმება სცადა, მამაკაცს ქვემოდან ახედა და... უზარმაზარი ნერწყვი გადააგორა. თავი ძლივს შეიკავა, კვლავ არ მიჰკვროდა მის ფართო მკერდს, რათა წამიერი ბედნიერების შეგრძნება ერთხელაც გამეორებულიყო.

- ნამდვილად კარგად ხართ? ხომ არ დავბრუნდეთ? - ზუზიმ მხრებზე მოხვია ხელი.

- არა, კარგად ვარ, უბრალოდ, ცოტათი შემეშინდა, მაგრამ მაინც დავბრუნდეთ. - დამფრთხალმა მიუგო.

ზუზიმ ხელები დაუშვა და ორივენი სახლისკენ უხმოდ გამობრუნდნენ.

ზუზისთვის ეს ალბათ ჩვეულებრივი საღამო იყო, ერთი მრავალთაგანი, არაფრით გამორჩეული. თიკოსთვის კი - უჩვეულო და ბედნიერი...

დილაადრიან ზუზიმ ნიკა პონით გაასეირნა, შემდეგ კი, როცა საუზმეს მორჩნენ, სტუმრებს ფერმაში ასვლა შესთავაზა. სამაგიეროდ, საღამოს მთელ შემოგარენს დაგათვალიერებინებთო.

მამაკაცმა მანქანის საბარგულში პროდუქტებით სავსე კალათა ჩადგა და თიკოსა და ნიკასთან ერთად ფერმისკენ მიმავალ გზას დაადგა.

თიკო კიდევ ერთხელ დარწმუნდა აჭარის სილამაზეში: ლაჟვარდოვანი ცა, ოქროსფერი მინდვრები, მწვანედ შემოსილი მთა-გორაკები... ეს ყველაფერი საოცარ იდილიას ქმნიდა.

დროდადრო თავს გაყოფდა მანქანიდან და თვალმოჭუტული მზეს ახედავდა, სიამოვნებდა, მისი სხივები სახეზე რომ ელამუნებოდა.

- ასე გიყვარს მზე? - გაიკვირვა ზუზიმ.

- კი, მე მზით ვარ გატაცებული. - თვალებგაბრწყინებულმა მიუგო.

- მე კი მზის ამოსვლა და ჩასვლა მხიბლავს. ასეთი მზე მომწონს, - შეფიქრიანებულმა ჩაილაპარაკა.

თიკო თითქოს მიუხვდა.

- მაგრამ ასეთი მზე არ ათბობს.

- სამაგიეროდ, სულს მიფორიაქებს, - მიიღო პასუხად.

ქალი გაწითლდა, მაგრამ პასუხი არ გაუცია.

ზუზი ზოგჯერ სიჩქარეს შეანელებდა, მაგალითად, სანამ საზამთროთი დაზვინულ ურემს გადაუსწრებდა. ერთხელ კი სულაც გაჩერდა, რადგან ცხენზე ამხედრებულმა ქალებმა გზა გადაუჭრეს.

- ალბათ მონასტრიდან მოდიან, - შენიშნა ზუზიმ.

- მონასტერიც არის აქ სადმე? - თიკომ შორს გაიხედა.

- აი, ამ ტბას რომ აუყვები, მაღლა, მთის გადაღმა მონასტერი დგას. იქ ძველი ციხესიმაგრის ნანგრევებიცაა შემორჩენილი. ერთხელ დავაპირეთ იქ ასვლა, მაგრამ ნიკას დედამ აღმართს და სიცხეს ვერ გაუძლო და უკან დავბრუნდით. მაშინ ცხენები არ მყავდა, ფეხით ავდიოდით. აგიყვანდით, მაგრამ, ვფიქრობ, თქვენც გაგიჭირდებათ.

- არა, არ გამიჭირდება, - გაიღიმა თიკომ, - არც ისეთი სუსტი ვარ, როგორიც ვჩანვარ. ძალიან მინდა მონასტრის დათვალიერება. სიძველეები მიზიდავს. რა თქმა უნდა, თუ შეგიძლიათ...

- მინდა, ძია ზუზი, მეც მინდა, რააა! - იყვირა ნიკამაც.

- რაკი არც ერთი არ იშლით, რა გაეწყობა, - მამაკაცმა ისე გაუღიმა ნიკას, თიკო მიხვდა, როგორ სურდა მას, ბავშვისთვის სიამოვნება მიენიჭებინა.

ზუზიმ მანქანა გააჩერა, ქალს გადმოსვლაში მიეხმარა და აღმართს შეუყვნენ. დაკლაკნილი ბილიკი თითქოს ცის სიღრმეში იკარგებოდა. რაც უფრო ადიოდნენ მაღლა, მით მეტად გრძნობდა თიკო, რომ გზა არცთუ იოლი იქნებოდა, მაგრამ ხმა არ ამოუღია, მხოლოდ ქოშინს უმატა.

ზუზის კი დაღლილობა საერთოდ არ ეტყობოდა. ნიკასთვის ხელი მაგრად ჩაეჭიდა და მსუბუქი ნაბიჯებით მიდიოდა.

მხოლოდ მაშინ შეისვენეს, როცა ციხესიმაგრე გამოჩნდა. თიკო განაცვიფრა საოცარმა სანახაობამ. სუნთქვაშეკრული თვალს ვერ აცილებდა ქონგურებიან კედელს, რომელიც გორაკზე გადაშლილიყო. ბოლოს, როგორც იქნა, მიუახლოვდნენ ძნელად მისადგომ კედლებსა და მრისხანე ბასტიონებს და თიკოს ციხესიმაგრე პირქუში და მკაცრი მოეჩვენა.

ზუზიმ ნიკა მხარზე შეისვა, რათა ბიჭუნას უკეთ დაეთვალიერებინა იქაურობა. გალავნის ეზოში შევიდნენ და შენობას ირგვლივ შემოუარეს. ახლომახლო კაციშვილი არ ჭაჭანებდა. გაპარტახებული იყო იქაურობა. შიგნითაც შევიდნენ, სადაც მხოლოდ ჩამოშლილი კედლები დახვდათ.

თიკოს გული დაუმძიმდა. შვება მხოლოდ მაშინ იგრძნო, როცა მონასტერი მოინახულეს და სანთლები დაანთეს...

შთაბეჭდილებებით სავსე ბრუნდებოდა უკანა გზაზე. მთელი სისრულით წარმოიდგინა, საუკუნეების წინ აქ როგორი სისხლსავსე ცხოვრება ჩქეფდა, ახლა კი სამარისებურ სიჩუმეს დაესადგურებინა...

როცა მანქანასთან დაბრუნდნენ, ქალს ძალა აღარ შერჩენოდა, ქანცი გასწყდომოდა. მისი შემხედვარე ზუზი სიცილს ძლივს იკავებდა. მამაკაცმა საბარგულიდან კალათა გადმოიღო და ტბის ნაპირას მოკალათდნენ. ზუზი წამოწვა და ტბის ცისფრად მოლივლივე წყალს მიაჩერდა, თიკომ კი ბალახზე მუშამბა გაშალა და სახელდახელო სუფრაზე სანოვაგე დაალაგა, თან ზუზისთან თამაშით გართულ ნიკას გასცქეროდა. ოცნებამ გაიტაცა და ისინი თავის ქმარ-შვილად წარმოიდგინა. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ოცნება იყო, რეალობა კი სრულიად სხვაგვარად გამოიყურებოდა...

უკან სწრაფად ბრუნდებოდნენ. თიკო გაბრუებული იყო. ფერმა ცხოვრებაში პირველად ნახა. მართალია, დიდი არ იყო, მაგრამ სიამოვნება მაინც მიიღო, როცა უყურა, როგორ წველიდნენ ძროხებს, ადედებდნენ რძეს და როგორ ამოჰყავდათ ყველი.

თიკოს მუხლებზე მოკალათებულ ნიკას დასძინებოდა. ქალი და მამაკაცი თავიანთ ფიქრებში გართულიყვნენ, მყუდროებას მხოლოდ მანქანის რადიოდან მომდინარე წყნარი მელოდიის ხმა არღვევდა...

თიკომ ისე ჩააწვინა ნიკა საწოლში, ბავშვს არც კი გამოღვიძებია. მერე შხაპი მიიღო და სამზარეულოში სავახშმოდ ჩავიდა. სულაც არ შიოდა, მაგრამ მასპინძელს ხათრი ვერ გაუტეხა.

ვახშმობის შემდეგ ტერასაზე გავიდნენ. ის იყო, საუბარი წამოიწყეს, რომ მოულოდნელად ტელეფონის ზარი გაისმა. ზუზი ოთახში შებრუნდა, რათა ზარისთვის ეპასუხა და როცა უკან მობრუნდა, სახე მოღუშოდა. ხმა არ ამოუღია, სავარძელში ჩაჯდა, სიგარეტი გააბოლა და ერთ წერტილს მიაჩერდა.

თიკო ვერაფერს მიხვდა. ის მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რომ ზუზის გვერდით გატარებული ეს ორი ბედნიერი დღე იწურებოდა და ხვალ აქედან ალბათ სამუდამოდ გამგზავრება მოუწევდა.

მამაკაცის სიჩუმით თავმობეზრებულმა ბაღში ჩასვლა გადაწყვიტა. სწორედ ამ დროს ტელეფონმა ხელმეორედ დარეკა. ზუზიმ რაღაც უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა, თითქოს შეიგინაო და კვლავ ოთახში შებრუნდა. `ნეტავ თან რატომ არ დაატარებს ამ მობილურს, წარამარა რომ გარბი-გამორბის?~ - გაიფიქრა თიკომ და მამაკაცს თვალი გააყოლა.

- მაპატიეთ, მარტო რომ დაგტოვეთ, - თქვა ზუზიმ, როცა დაბრუნდა. ამჯერად შედარებით დამშვიდებული ჩანდა, თუმცა, თვალებში ფიქრი ჩაჰბუდებოდა. ნეტავ რა უნდა მომხდარიყო? - თიკოს ინტერესი კლავდა, მაგრამ იცოდა, ცნობისმოყვარეობის გამოჩენის უფლება არ ჰქონდა.

- სამწუხაროდ, ამაღამ ბათუმში მიწევს ჩასვლა და თქვენი მარტო დატოვება, - მოგუდული ხმით წარმოთქვა მამაკაცმა, - დილით მანქანას გამოგიგზავნით და წამოჰყვებით. კიდევ ერთხელ ბოდიშს ვიხდი, ღამე მშვიდობისა! - ცივად, ოფიციალური ტონით თქვა და წამოდგა.

თიკო დაიბნა. სიტუაციის ასე შემობრუნებას ნამდვილად არ ელოდა. იქნებ ამ ნაბიჯით მისი თავიდან მოცილება გადაწყვიტა? როგორც შეეძლო, ძალა მოიკრიბა და მშვიდად მიუგო:

- ღამე მშვიდობისა. მადლობის მეტი რა გვეთქმის, აქ რომ მოგვიწვიეთ. ძალიან კმაყოფილი ვარ. ცუდი ხომ არაფერია? - მაინც სძლია ცნობისმოყვარეობამ და საჭირბოროტო შეკითხვა დასვა.

ზუზიმ ხელი ჩამოართვა ქალს, შემდეგ საჭიროზე მეტად მოუჭირა, მაგრამ რაღაც მომენტში, თითქოს გონს მოეგოო, ხელი გაუშვა და ჩაილაპარაკა:

- ყოველ შემთხვევაში, ეს მოულოდნელი ზარი არ ყოფილა. - თქვა და კვლავ დადუმდა.

თიკო შებრუნდა და მოაჯირს გადაეყრდნო, აქ ნათურის შუქი არ ეცემოდა და ზუზის მისი სახის გამომეტყველების დანახვა არ შეეძლო. ნუთუ ასე სურდა ამ საღამოს დამთავრება? მაშინ საერთოდ რატომ დაპატიჟა? ნიკას გულისთვის? აკი ღამით გაგასეირნებთო?..

ვერც შეამჩნია, ზუზი როგორ გავიდა, მხოლოდ მანქანის ძრავის ხმა მოესმა და ანთებული ფარები დაინახა. დიდხანს გაჰყურებდა გზას, თვალები აუცრემლდა, შემდეგ სწრაფად გაირბინა ტერასა და საძინებელში გავიდა.

ცოტა ხნის შემდეგ კარზე კაკუნი გაისმა. თიკომ კარი გამოაღო და დაინახა ქალბატონი ქეთევანი, რომელსაც ხილით სავსე ლამაზი, პატარა კალათა და მინდვრის ყვავილების თაიგული ეკავა.

- ეს ზუზიმ გამოგიგზავნათ.

- დიდი მადლობა, ქეთო დეიდა, - ნაზად გაუღიმა ქალს და ძღვენი ჩამოართვა.

როგორც კი ქეთო გავიდა, ისე ამოიოხრა, ლამის გულიც თან ამოაყოლა...

როგორ არ უმართლებს სიყვარულში... სიყვარულში კი არა, კაცებში. ყველა ასეთი ქედმაღალი და ცინიკოსი რატომ ხვდება? დემნა იყო და, სიცოცხლე მოუწამლა. მთელი ორი წელიწადი კუდში დასდევდა, მაგრამ თიკომ ახლოსაც არ გაიკარა. მერე, ერთ ზაფხულს, თურქეთში წავიდა დასასვენებლად და რაოდენ დიდი იყო მისი გაოცება, როცა დემნა, სრულიად მოულოდნელად, სტამბოლის აეროპორტში დახვდა. ეს იმხელა სიურპრიზი აღმოჩნდა თიკოსთვის, რომ სიხარულით აღარ იყო. უყვარდა, განა არ უყვარდა, მაგრამ ეშინოდა მისი. მამაკაცი ყოველთვის ირონიულად უყურებდა, თითქოს დასცინოდა, ქედმაღლობდა, ტრაბახით იკლებდა. სწორედ ამის გამო გაურბოდა. მერე ანტალიაში ერთად ჩავიდნენ. დემნამ ყველაზე ძვირად ღირებულ სასტუმროში აიღო ნომერი, მაგრამ... მხოლოდ ერთი ნომერი და თიკო თან ჩაისახლა... მოსახდენიც მოხდა.

და აი, პირველივე სექსის შემდეგ ყველაფერი თავდაყირა დადგა. მამაკაცი თითქოს შეიცვალა. თუ მანამ იმას უმტკიცებდა, შენ გარდა სხვა ქალი არ არსებობს ჩემს ცხოვრებაში, მხოლოდ შენ უნდა გახდე ჩემი ცოლი და ერთად უნდა დავბერდეთო, იმ ღამის შემდეგ თითქოს განზე გადგა. თიკო ვერ ხვდებოდა მისი ცვლილების მიზეზს. კაცი, რომელიც ორი წელი ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა, მის ყოველ ნაბიჯს აკონტროლებდა და ზედ დაჰფოფინებდა, უეცრად სხვა გახდა.

მეორე საღამოს, როცა რესტორნიდან მობრუნდნენ, ოდნავ შემთვრალმა თიკომ ხელები კისერზე შემოხვია, ტუჩები ყურთან მიუტანა და ვნებიანად ჩასჩურჩულა:

- შენთან მინდა, დემნა.

ამან კი, თითქოს ქალს კი არა, ცვილის ფიგურას უცქერისო, დამცინავად ჩახედა თვალებში და გულგრილად მიუგო:

- მაპატიე, მაგრამ ამაღამ შენი სხეულის ტემპერატურის დაწევა არ შემიძლია.

ქალი გაშრა. სხეული დაეჭიმა, მკლავები სასწრაფოდ მოაშორა მამაკაცს და უკან დაიხია.

- მე შენგან სხვა პასუხის ველოდი, - გაფითრებულმა ჩაიჩურჩულა.

- მაგრამ შენ სიმართლე მოისმინე.

- რომელიც მე არ მომეწონა.

- რას იზამ, სიმართლე არავის მოსწონს. არც შენ ხარ გამონაკლისი, - ჩაიცინა დემნამ.

- ანუ... აღარ...

- ნწუ, - ისე უზრდელად მოუჭრა, ქალს წინადადების დამთავრება არ აცალა. თიკოს წამით გონება დაებინდა.

იმ ღამეს რაღას იზამდა, ნომერში დარჩა, მაგრამ მის გვერდით არ დაწოლილა, ჰოლში გაათია ღამე, მეორე დილით კი სასწრაფოდ სხვა სასტუმროში გადაბარგდა.

სამი დღე არ მოუკითხავს მამაკაცს, მკვდარი იყო თუ ცოცხალი, არ დაინტერესებულა. თიკო ცოფებს ყრიდა. თავს საშინლად დამცირებულად გრძნობდა. ნანობდა, ასე ადვილად რომ სძლია ცდუნებამ. მიხვდა, რომ იჩქარა. აშკარა იყო, დემნამ მასზე ორი წლის წვალებისთვის შური იძია.

მესამე დღეს სასტუმროდან გამოსულს დემნა იქვე დახვდა და საყვედურებით აავსო.

- სად დამეკარგე? რატომ გადმოხვედი ამ სასტუმროში? ჩემთან აღარ გინდოდა?

- რა ვიცი, ვიფიქრე, რომ...

- რომ რაღაც შეიცვალა? სულელო! არაფერიც არ შეცვლილა, პირიქით, გამძაფრდა.

თიკომაც დაიჯერა, შვებით ამოისუნთქა და საკუთარი თავი დატუქსა, დემნას რომ არ ენდო. ალბათ დაღლილი იყო ან ცუდ ხასიათზე და მე ვერ მივუხვდიო. იმ დღეებში კვლავ ერთად იყვნენ. მერე თბილისში დაბრუნდნენ. დაბრუნდნენ და დემნა კვლავ დაიკარგა. არც რეკავდა, არც უმესიჯებდა. თიკომაც მოუხმო თავმოყვარეობას და თავი არ შეახსენა.

როგორც იქნა, მამაკაცმა ერთი თვის თავზე დაურეკა.

- როგორ ხარ?

- კარგად. - გულგრილობა გაურია ხმაში, აქაოდა, სულაც არ ვიტანჯებიო.

- მომენატრე.

- სამწუხაროდ, შენს მონატრებას წამლად ვერ მოვერგები, - სამაგიეროს გადახდა დააპირა.

- რატომ ასე?

- იმიტომ, რომ პეპლებს სხვანაირად არ ელაპარაკებიან, - გაგულისებულმა მიახალა.

- პეპლებს? რა პეპლებს? - დემნა დაიბნა.

- პეპელა ყვავილზე გინახავს? როცა ერთ ყვავილზე შეისვენებს, მერე სხვისკენ გაფრინდება, ყვავილი კი მეორე პეპლის მოლოდინში რჩება.

- აჰა... ესე იგი, მე პეპელა ვარ?

- თუ გინდა, ყვავილი იყავი, ჩემთვის სულერთია, - აჯახა და ტელეფონი გაუთიშა.

როგორც ჩანს, მისმა რეაქციამ ნაყოფი გამოიღო. საღამოს დემნა სახლში მიადგა. უგულოდ მიიღო, ისეთივე ირონიული ნიღაბი აიფარა სახეზე, როგორიც მამაკაცს სჩვეოდა.

- რატომ მოხვედი? - ხელები გულზე დაიკრიფა და ირიბად გახედა.

- შენი მოდუღებული ყავა მომენატრა.

- ამდენი ხანია, ერთმანეთი არ გვინახავს, შენ კი მხოლოდ ყავა მოგნატრებია, - აგრესიულად ჩაიცინა თიკომ.

- ეს, უბრალოდ, პრელუდიაა, - მშვიდად მიუგო მამაკაცმა.

- მართლა? შენი პრელუდია ადრე, როგორც მახსოვს, სხვანაირად იწყებოდა, - არ დაინდო, ისე დაგესლა.

- იცი? მე ახლა ვიწყებ შენს შეყვარებას, - უეცრად საოცარი რამ თქვა დემნამ.

- ახლა იწყებ? და `ახლა-მდე~ რა იყო?

- ისიც პრელუდია იყო.

- რა უნიჭო პრელუდიები გცოდნია, - გადაიხარხარა, - ერთმაც ვერ მასიამოვნა.

ამის გაგონებაზე მამაკაცს სახე გაუფითრდა.

- მომისმინე, თიკო, ასე ნუ მელაპარაკები. ცუდად ვარ, გესმის? ძალიან ცუდად. მარტოობას დავეძებ და ვერ ვპოულობ.

- რა-ა? მარტოობას დაეძებ? მთელი ორი წელი მიმტკიცებდი, მარტოსული ვარ და შენ უნდა შემივსო ეს სიმარტოვეო და როცა ეს ნაბიჯი გადავდგი, მარტოობისკენ გაგიწია გულმა? რაღაც ვერ გავიგე...

- გეწყინა? როგორი ყოფილა, როცა ვიღაცას უიმედოდ ელოდები? კარგი შეგრძნებაა?

- ააა, სამაგიერო გადამიხადე? შური იძიე ჩემზე? ყველაფერი გასაგებია! - მთელი ხმით იყვირა თიკომ, მერე უცებ გაჩუმდა, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და სრულიად მოულოდნელად სრულიად ჩვეულებრივი ხმით გააგრძელა, - შენ ჩემი დამარცხება შეძელი, დემნა, მაგრამ შენი გამარჯვების გამოყენება ვერა. წადი აქედან! დაივიწყე ჩემი არსებობა, ყველაფერი დამთავრებულია!

- როგორც იტყვი, - უდარდელად აიჩეჩა მხრები დემნამ და წავიდა.

და დაიწყო მტანჯველი დღეები. სხვებთან არაფერს იმჩნევდა, ძველებურად მხიარულობდა, ხუმრობდა, მაგრამ საკმარისი იყო, მარტო დარჩენილიყო, რომ ადგილს ვერ პოულობდა. ვერ მოენელებინა, ასე გაწბილებული რომ დარჩა. როგორ გამოიყენეს. უბრალოდ, ერთი ღამის ქალის როლი ათამაშეს და მორჩა. ნუთუ მხოლოდ სექსის სურვილი კლავდა ამ კაცს და სხვა არაფერი? მაშინ სიყვარულს რატომ ეფიცებოდა? თიკოს ვერაფერი გაეგო. უკვე აღარ იცოდა, რა შემთხვევაში შეიძლებოდა ზოგადად მამაკაცის ნდობა, როგორ უნდა მიმხვდარიყო, ვიღაცას ნამდვილად უყვარდა თუ სიყალბით აბრუებდა.

მის შემობრუნებას თვეები დასჭირდა. სიყვარული თანდათან ზიზღმა შეცვალა. დემნას სახელის გაგონებაც კი ზიზღს ჰგვრიდა. მაგრამ ის დამცირება, რომელიც მისგან წილად ერგო, ვერ მოინელა, ვერა და ვერ გადახარშა. მიტოვებულის სტატუსი რომ რგებოდა, ალბათ უფრო შეეგუებოდა, მაგრამ ის მიტოვებული კი არა, მიგდებული იყო, როგორც ნახმარი და გამოუსადეგარი ნივთი.

თანდათან ამანაც გაიარა. მერე ნატკაც შემოეშველა, დაუკავშირდა და თავისთან დაპატიჟა. აი, ასეთი იყო მისი სიყვარულის მოკლე მიმოხილვა.

ახლა ზუზი გამოჩნდა და, როგორც ჩანს, იგივე მეორდება. მამაკაცი ხან ძალიან ახლოს მოუშვებს თავისთან, ხანაც უცებ განერიდება და თავს შორს იჭერს. აკი უთხრა კიდევაც, შორეული მზე მიყვარსო. ანუ ასე შორიდან რომ უვლის, ეს მოსწონს. კატასავით ეთამაშება, წრუწუნას კლანჭებში რომ მოიქცევს და გადააგდებს, მერე კი კვლავ დაიჭერს.

ნუთუ ეს სიყვარულია? თუ არ არის, მაშინ რატომ ფიქრობს მასზე? ოცნებებში მის ცოლად რატომ წარმოიდგენს თავს? ან კი რა აზრი აქვს, თუნდაც სიყვარული იყოს? ზუზი მაინც არ დგამს გადამწყვეტ ნაბიჯს და, როგორც ჩანს, ეს ფარული ფლირტი ფლირტად დარჩება. ის ამის იქით წამსვლელი არ ჩანს. ტყუილად ოხრავს თიკო, არ ღირს ამ ურთიერთობის გაღრმავება-ჩაღრმავება. თუ აგრძნობინებს, რომ ყურებამდეა შეყვარებული, იგივე მოელის, რაც დემნასთან დაემართა - ერთი სექსით ყველაფერი დამთავრდება.

დიდხანს იწრიალა ლოგინში. ხანდახან ნიკას მიაყურადებდა, მაგრამ ბავშვის ოთახიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. როგორც ჩანს, ბიჭი ისე იყო ემოციებით დატვირთული, რომ, მისგან განსხვავებით, ღრმად და ტკბილად ეძინა...

თიკო კი მთელი ღამე იმ გზას მიუყვებოდა ფიქრებით, რომელსაც რამდენიმე საათის წინ ზუზი დაადგა...

გაგრძელება შემდეგ ნომერში