თამაში მზესთან (თავი XII) - გზაპრესი

თამაში მზესთან (თავი XII)

ეს კი თიკოს ნერვებს უწეწავდა. სურდა, რაც შეიძლება მალე მისულიყვნენ სტელასთან, რომ ასე მუნჯივით არ მჯდარიყო. თუმცა, როგორც კი შუქნიშანთან შეჩერდნენ, მამაკაცმა გამოიხედა, თიკოს მზერით მიეპარა და ყრუ ხმით ამოთქვა:

- უაზრობამდე ლამაზი ხარ.

ქალს თითქოს შეამცივნა ამ სიტყვების გაგონებისას. არაფრის მომცემი ფლირტი აღიზიანებდა.

- ასეთი სილამაზეც არსებობს?

- სილამაზე ყველანაირი არსებობს, ისე როგორც სიყვარული.

- სიყვარულიც არსებობს? - გაიცინა თიკომ.

- რადგან მას ფერი გააჩნია, ესე იგი, არსებობს.

- ფერი? - ქალს თვალის გუგები გაუფართოვდა. პირველად მოისმინა, რომ სიყვარულს ფერი გააჩნდა.

- და რა ფერია ეგ არსებული სიყვარული? - აგდებულად იკითხა.

- სმარაგდისფერი... იცი, რა არის სმარაგდი?

ქალს ალმურმა აჰკრა. ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობა არ იცოდა, მაგრამ შეეცადა, არ ჩაჭრილიყო.

- მგონი, მწვანე უნდა იყოს, არა? თუ ვცდები?

- არა, არ ცდები. სმარაგდი იგივე ზურმუხტია. ყოჩაღ, გცოდნია.

თიკო გაცეცხლდა. ბრაზობდა, ზუზის თავისი თავი ყოვლისმცოდნედ რომ მიაჩნდა.

- არ გეგონოს, ყოვლისმცოდნე ვარ, მაგრამ ბევრი ისეთი რამ ვიცი, რაც სხვებს არც გაუგიათ, - მისი აზრი გაახმოვანა ზუზიმ და ნიშნის მოგებით გაუღიმა.

- ეგ არც მიფიქრია. - თავი გააქნია ქალმა.

- გიფიქრია... თანაც, რამდენჯერ. მიგაჩნია, რომ თავმომწონე ვარ, ეგოისტი, ზედმეტად თავდაჯერებული და ამბიციური. ასე არ არის?

- რაღაც დოზით ასეა.

- ოხოხოო! - გულიანად გაიცინა მამაკაცმა, - შენი კრიტერიუმებით საინტერესოა, ეგ დოზები რა ჭურჭლით იზომება.

თიკომ არ უპასუხა, თავი გვერდზე მიაბრუნა და ბნელ ქუჩაზე შეუხვიეს თუ არა, მზერა სიბნელეს გაუსწორა.

ღამე ის-ის იყო, დაიწყო.

თვალები აუჭრელდა სინათლიდან უცებ სიბნელეში მოხვედრილს, მაგრამ ბნელ ღამეს არ შეეპუა, ჯიბრიანად მიაპყრო თვალები მრუმეს და არ მოაცილა.

- მალე გავალთ სინათლეში, აქ სულ ასეა, ბნელა და ბნელა. ჩამსხვრეულია ლამპიონები.

- ცუდია, - მოგუდული ხმით გაეპასუხა ქალი.

- გათხოვილი არ ყოფილხარ? - სრულიად მოულოდნელი კითხვა სრულიად მოულოდნელად დასვა ზუზიმ.

თიკომ პაუზა გაწელა, გაფართოებული თვალებით ირიბად გახედა გვერდით მჯდომს და, როგორც იქნა, ამოღერღა:

- არა.

კვლავ დუმილი ჩამოვარდა. ზუზი ალბათ ელოდა, საპასუხო შეკითხვას როდის დასვამდა თიკო, მაგრამ ქალი ხმას არ იღებდა.

- ერთი მეგობარი მყავს და ამბობს, ორჯერ ვიყავი განქორწინებულიო. არასდროს არ იტყვის, ორჯერ ვიყავი დაქორწინებულიო. მისი აზრით, ამას რომ ამბობს, სიბნელიდან სინათლეზე გამოდის, აი, როგორც ახლა ჩვენ, - და სწორედ ამ დროს კვლავ განათდა ქუჩა.

- ქორწინება სიბნელეა ვითომ?

- გააჩნია, ვისთვის როგორ. აი, მაგალითად, ნატკასთვის სინათლე ნამდვილად არ არის. ეგ გოგო ასეთი ქცევით ოჯახს დიდხანს ვერ შეინარჩუნებს, - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა და ნათქვამს ხვნეშაც ამოაყოლა.

- ნატკას ახლა რთული პერიოდი აქვს. მალე გაუვლის.

- ასე გგონია? მე კი ვფიქრობ, რომ იგი უკვე სხვა კაცს ეძებს, მირო კი ამას ვერ ხვდება.

- სისულელეა. - შორს დაიჭირა თიკომ, თუმცა, თავადაც არ იყო ამაში დარწმუნებული.

- საქმეც მაგაშია, რომ არ არის სისულელე, არა, - ისევ ამოიხვნეშა ზუზიმ, - დღე არ გავა, არ დამირეკოს და მომიკითხოს, თითქოს ჩემ გარდა ახლობელი არავინ ჰყავდეს. ვგრძნობ, ცუდად მიტრიალებს გარს. ერთ დღესაც იქნება, მაგრად ვაწყენინებ.

თიკოს უსიამოვნოდ მოხვდა გულზე ზუზის სიტყვები. თვითონაც ამჩნევდა ნატკას, ზუზის მიმართ ლტოლვა რომ გასჩენოდა, მაგრამ ამაზე ხმამაღლა არასდროს არავისთან უსაუბრია, თვით ნატკასთანაც კი.

- მას მართლა რთული პერიოდი აქვს... - ჯიუტად გაიმეორა დაქალის დასაცავი უსუსური სიტყვები.

- კარგი, არ გვინდა ამაზე ლაპარაკი. არც ვიცი, რატომ გითხარი. დაივიწყე...

- არა უშავს, მე არავის ვეტყვი.

- ვიცი, რომ არ ეტყვი. უბრალოდ, მაშინებს რაღაც-რაღაცები. ქალის გამო სულაც არ მინდა ბავშვობის ძმაკაცი დავკარგო. მაგრამ მოვუვლი ამ სიტუაციას, პირველი შემთხვევა არაა. ვიცი, როგორც უნდა მოვიქცე.

აჰა, ისევ თავს იქებს! - გაიფიქრა თიკომ და წარბები შეჭმუხნა.

ფიქრი დამთავრებული არ ჰქონდა, რომ ზუზიმ საუბრის თემა შეცვალა.

- რამდენი ხნით ხართ ჩამოსული ბათუმში?

- ერთი თვით.

- უკვე მეორე კვირა იწურება, ისინი კი არ ჩამოდიან. რა ხდება, ხომ არ იცი?

თიკომ მამაკაცს მალულად გახედა და მისმა დაძაბულმა სახემ გააოცა.

- ალბათ მოეწონათ იქ. მიზეზი მეც არ ვიცი. ჩამოვლენ, სად წავლენ. მათ ჩამოსვლამდე მაინც ვერ გავადგამ ფეხს, ბავშვს ხომ ვერ მივატოვებ?

- მე რომ მივხედო?

- თქვენ? აბა, რას ამბობთ! - შეიცხადა ქალმა, შემდეგ გაჩუმდა და დაამატა, - ძალიან გიყვართ ბავშვები?

- ეს გასაკვირია?

- არა, მაგრამ... რატომღაც, არ მოველოდი.

- ჰმ, - ჩაეცინა ზუზის, - იცით? მარი აქ რომ იყოს, ალბათ თქვენზე იეჭვიანებდა.

თიკოს კვლავ წაეკიდა ალმური.

- ჩემზე? რატომ? მე საბაბი არავისთვის მიმიცია, - ძლივს წარმოთქვა ეს სიტყვები, რადგან ეჭვიანობაში ზუზისა და მარის სიყვარული იგულისხმა.

- როგორ არ მიგიციათ? ფაქტი სახეზეა.

- ძალიან დიდი წარმოდგენა გაქვთ საკუთარ თავზე! - აიფოფრა თიკო და მამაკაცს მტრულად გახედა.

- მე რა შუაში ვარ? ააა, თქვენ ჩემი თქვენდამი დამოკიდებულება იგულისხმეთ? - და სიცილი აუტყდა, - არა, არა, ეგ არაფერ შუაშია, ღმერთმანი. მე მხოლოდ იმის ხაზგასმა მინდოდა, ბავშვმა ასე ძალიან რომ შეგიყვარათ.

ღმერთო, როგორ გაება ეშმაკურად დაგებულ მახეში. რა შტერია ამხელა ქალი! რაღა მაინცდამაინც მათ ურთიერთობას გადასწვდა? ბავშვი რატომ გამორჩა მხედველობიდან? მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო, ისე გამოუვიდა.

გადაწყვიტა, აღარ გაემახვილებინა ამაზე ყურადღება და სრულიად მშვიდი ტონით წარმოთქვა:

- ძალიანაც არა. ნიკას სხვა გზა არა აქვს, რადგან ჩემთან დატოვეს. ამიტომაც მომეტმასნა. აი, მირო კი მართლაც თან ჰყვება.

- ეგრეც უნდა იყოს, ის ხომ მისი ძმისშვილია, თანაც დაობლებული. ნიკა მასში მამას ხედავს, თქვენ კი სულ სხვა ხართ.

- ეგ არაფერს ცვლის. დაბრუნდება დედამისი და მე საერთოდ დავავიწყდები.

- არა მგონია, ასე მალე დაბრუნდეს. მარის დრო სჭირდება, მდგომარეობიდან რომ გამოვიდეს. ალბათ უფრო მაშინ, როცა გათხოვებას დააპირებს. როცა სხვა შეუყვარდება, ეს ტრაგედიაც მიყუჩდება, ბიჭი კი მისი ცხოვრების ნაწილი გახდება.

თიკო შეფიქრიანდა.

- კარგი ბიჭია ნიკა, ძალიან კარგი, მაგრამ ყველა კაცი როდი ეგუება სხვა კაცის შვილებს. საშინელება იქნება, ნიკას მამინაცვალიც ასეთი რომ აღმოჩნდეს.

- თქვენ არ გინდათ, რომ ნიკას დედა გათხოვდეს?

ქალი გაშრა.

- მე ვინ მეკითხება? ეს საერთოდ არ მეხება. მისი გადასაწყვეტია, გათხოვდება თუ ქვრივად დარჩება.

- გეთანხმებით, - ზუზიმ ღიმილით გამოხედა და შემდეგ შეფიქრიანებული სახით გააგრძელა, - თქვენ არ მოგწონთ მარის საქციელი. მართალი ხართ, დედა თავის შვილს ასე არ უნდა ექცეოდეს, მაგრამ ყველაფერი ხდება. თქვენ ალბათ არასდროს არავინ გყვარებიათ და არ იცით, რას ნიშნავს საყვარელი ადამიანის დაკარგვა. ისიც კი არ გჯერათ, არსებობს თუ არა სიყვარული... მარი ჯერაც ვერ მოსულა გონს. სიგიჟემდე უყვარდა ქმარი. მის დაკარგვასთან ერთად მისმა ცხოვრებამაც დაკარგა აზრი. თუმცა, ეს დროებითია. დრო ყველაფრის მკურნალია. ზუსტად ვიცი, რომ ამას ახალი სიყვარული მოარჩენს, გული გაულხვება და ნიკასადმი დამოკიდებულებაც შეეცვლება. იმაშიც მართალი ხართ, რომ ყველა კაცი ერთნაირი არ არის და ბევრს არ მოსწონს, როცა მის ცოლს თან შვილი მოჰყვება მზითვად. მე კი, მაგალითად, ნიკა საკუთარი შვილივით მიყვარს.

თიკოს ცივმა ოფლმა დაასხა და გული რომ არ წასვლოდა, სავარძელს თითები მთელი ძალით მოუჭირა. ზუზიმ პასუხი ნათლად გასცა მის ეჭვებს. საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მამაკაცი მარის ცოლად შერთვას აპირებდა.

სტელა სიმპათიური, პატარა ტანის შავგვრემანი ქალი აღმოჩნდა. ელეგანტურად ეცვა და სქელპომადიან ტუჩებს ხშირ-ხშირად გადაუსვამდა ერთმანეთს. ტუჩები ისე ჰქონდა გამობურცული, ძნელი მისახვედრი არ იყო, ახლახან დაებერა და ჯერაც დისკომფორტს გრძნობდა.

მასპინძელმა ზუზი გადაკოცნა, თიკოს თბილად გაუღიმა, ხელი მოხვია და თან წაიყოლა.

- თიკო, გაიცანით, ეს ჩემი მეუღლეა, ილია.

- ოოო, მოგესალმებით, მშვენიერო ქალბატონო. თქვენზე იმდენი კარგი მსმენია ნატკასგან, სხვანაირს არც გელოდით. - თქვა ილიამ გაცნობის შემდეგ, - ადრეც მინდოდა მიროსთან მოვსულიყავით, მაგრამ ვერ მოვახერხეთ, არ ვიყავით აქეთ.

სტელამ ზუზი ილიას შეატოვა და თიკოსთან ერთად სტუმრებს მიაშურა.

სასიამოვნო ატმოსფერო სუფევდა. აშკარად ჩანდა, ერთი წრის ადამიანები შეკრებილიყვნენ, თითქოს ყველა ერთმანეთს ჰგავდა ქცევით, ღიმილით, ჩაცმულობით... საიდანღაც ხმადაბალი მელოდიის ხმა ისმოდა.

სტელამ და ილიამ თიკოს თავისი მშობლები გაახსენა. ეს წყვილიც მოსიყვარულე ცოლ-ქმრის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მათ ურთიერთობაში სიყალბე არ იგრძნობოდა. სწორედ ასეთები იყვნენ მისი მშობლებიც. ამათაც ყველაფერში ეტყობოდათ შეხმატკბილება - საქციელშიც, საუბარშიც, მზერაშიც...

მოგვიანებით, როცა თავისი აზრი თიკომ ზუზის გაუზიარა, მამაკაცმა დაუდასტურა, ისინი მართლაც არაჩვეულებრივები არიანო. თიკომ გაიფიქრა, ესე იგი, ზუზის ჩემი მშობლებიც მოეწონებაო.

- ნიკუშა რას შვრება? - ამ დროს სტელა შემოუერთდა მოსაუბრეებს.

- კარგადაა, გმადლობთ, - მიუგო თიკომ, - ძალიან შემაყვარა თავი, არაჩვეულებრივი ბავშვია.

- მართლაც კარგი ბიჭია და როგორი ტრაგედია განიცადა პატარამ. არა უშავს, მირო მიხედავს, არაფერს დააკლებს, ისეთი კაცია.

სუფრა გაშლილი იყო და სტუმრებს მაგიდასთან უხმეს. თიკო, რა თქმა უნდა, ზუზის გვერდით მოკალათდა. მაგიდა ოთხკუთხა თეფშებით გაეწყოთ. არ მოსწონდა თიკოს ასეთი ფორმის თეფშები, რატომღაც, რესტორანს აგონებდა და ყოველთვის აღიზიანებდა. რომ გეკითხათ, რატომ, ვერ გიპასუხებდათ, რადგან თვითონაც არ იცოდა, რატომ.

სადილის შემდეგ ქალებმა მამაკაცები მარტო დატოვეს და მისაღებ ოთახში განმარტოვდნენ. თიკო ტყავის სავარძელში მოკალათდა, ზოგი დივანზე დაჯდა, ზოგიც ფეხზე დარჩა. ერთმა ლიქიორი მოითხოვა, მეორემ - კოქტეილი... თიკომ სურნელოვანი ყავა არჩია.

- პატარა ბატკანივითაა, - თქვა სტელამ და კოქტეილი ოდნავ მოწრუპა.

- ვინ? - დაბნეულმა თიკომ ირგვლივ მიმოიხედა. ვერ მიხვდა, ვის გულისხმობდა დიასახლისი.

- ნიკა. მამამისს რაღაც არაბუნებრივად უყვარდა. მე ასეთი სიყვარული არ მსმენია. მიხარია, რომ თქვენისთანა ადამიანის ხელში მოხვდა. ახლა არ მიკვირს, როგორ განდეს. ეგრევე გეტყობათ, რომ კეთილშობილი ხართ... საბრალო ბიჭი, რამდენი რამ გადაიტანა, - სტელამ კოქტეილი ჩაამთავრა და ხმადაბლა განაგრძო:

- რა თქმა უნდა, ჩემი საქმე არ არის, მაგრამ მარიმ ბიჭი უნდა წაიყვანოს. ამბობენ, უკვე გათხოვებას აპირებსო. სულაც არ მიკვირს. ისეთი ლამაზი ქალია, გათხოვება არ გაუჭირდება. არც გასაკიცხი იქნება, თუ გათხოვდება. აბა, რა ქნას? ქმარს საფლავში ხომ არ ჩაჰყვება? - მერე პაუზა გააკეთა და დაუმატა:

- არ გამიკვირდება, მარი ზუზის რომ მისთხოვდეს. კარგა ხანია, ამაზე ჭორაობენ. იმ ტრაგედიის მერე მარი და ნიკა ზუზის აგარაკზე იყვნენ კარგა ხანს, მაგრამ მარიმ ბოლოს აიჩემა, საქართველოდან უნდა წავიდეო და... ა! - სტელამ ხელები გაშალა და თავი წინ გამოსწია, - შედეგიც, ბატონო. ზუზის ხშირად დაჰყავს ბიჭი თავისთან აგარაკზე. ეგ დანამდვილებით ვიცი. ალბათ უნდა, რომ თავი შეაყვაროს.

თიკოს სტელას ყოველი სიტყვა ეკალივით ესობოდა გულზე. ყურები ჩამოყარა, ისე გაუფუჭდა ხასიათი, აქ ყოფნა აღარ უნდოდა. ქალს საუბარში აღარ აჰყვა, არც ის უთხრა, მე და ნიკაც ვისვენებდით ზუზისთანო. როცა სტელა მიხვდა, რომ თიკო ლაპარაკში მხარს არ აუბამდა, ღიმილით წამოდგა და გაეცალა. ამ დროს მისაღებში მამაკაცებიც შემოვიდნენ.

დიასახლისმა მათი გამასპინძლება დაიწყო. თიკოს ილია მიუახლოვდა.

- თიკო, მოგეწონათ ბათუმი? - ჰკითხა და მის გვერდით, მეორე სავარძელში ჩაჯდა.

- ძალიან. აქ ისეთი სიმშვიდე და სილამაზეა, არ შეიძლება, არ მოგეწონოს, თანაც, პირველად ვარ. ისე შემიყვარდა თქვენი ქალაქი, როცა აქედან წავალ, ალბათ ხშირად დამესიზმრება.

- როდის აპირებთ გამგზავრებას?

- როცა ნატკა და მირო დაბრუნდებიან. მერე ჩემი მშობლებიც აპირებენ თბილისში ჩამოსვლას და მათთან გავემგზავრები.

- და სად არიან?

- იტალიაში, იქ მუშაობენ.

- სულ რამდენიმე დღე დაგრჩათ, არა, თიკო? - გაისმა ზუზის ხმა, რომელიც მოსაუბრეებს შეუმჩნევლად მიახლოებოდა.

ქალი მისკენ შებრუნდა, შეხედა და უნებლიეთ მისი რაღაცნაირი, უცნაური გამომეტყველება შენიშნა. პასუხი არ გაუცია. წამიერი სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც ზუზიმ დაარღვია:

- ილო, იქნებ შენი ნახატები გეჩვენებინა თიკოსთვის? თვითონაც ხატავს და მაგრადაც ერკვევა მაგ საკითხში.

ილია შეიშმუშნა:

- აბა, რა ვიცი, მოეწონება? მე ხომ მოყვარული მხატვარი ვარ.

- მოეწონება, დარწმუნებით შემიძლია გითხრა. თიკო, ამას ნუ უსმენ, თავმდაბლობს ახლა, შესანიშნავი მხატვარია. უბრალოდ, ესაა, რომ მორიდებულია და ხატვა მხოლოდ ჰობად მიაჩნია.

- მე რომელი ექსპერტი ვარ? - გაწითლდა ქალი.

- ხარ, როგორ არ ხარ. სხვამ თუ არა, მე ხომ ვიცი, - გაუღიმა ზუზიმ და მხარზე ხელი დაადო, - ჰა, ილო, არ გაიყვან სახელოსნოში?

- კი ბატონო, რატომაც არა, - სწრაფად მიუგო დაბნეულმა ილიამ და წამოდგა.

თიკოს კი ერთი სული ჰქონდა, რაც შეიძლება მალე მოშორებოდა ზუზის, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა.

- თუ თქვენ წინააღმდეგი არ იქნებით, ზუზის ვთხოვ, მეგზურობა გაგიწიოთ. თქვენი სილამაზე ცოტათი მაბნევს, თანაც, მრცხვენია, ჩემი თანდასწრებით რომ დაათვალიეროთ ჩემივე ნახატები. აჯობებს, მე სტუმრებს მივხედო. თქვენ კი ნახეთ და მერე თქვენი აზრი მომახსენეთ. ზუზი, მიდი, რა!

- რა პრობლემაა? შენ თუ არ გინდა, ამ ქალბატონის სილამაზით მე დავტკბები.

ეს იმდენად მოულოდნელი იყო თიკოსთვის, რომ ღაწვები აუფორეჯდა.

მამაკაცმა ქალს მკლავში ხელი ისე გაუყარა, ზედაც არ შეუხედავს, მაგრამ თიკომ მისი ხელი მოიცილა და წინ წავიდა, თან მთელი ძალა მოიკრიბა, რომ სახეზე გულგრილი გამომეტყველება აღბეჭდოდა.

ზემოთ ამავალი კიბე განათებული იყო, მაგრამ დიდი ოთახი, სადაც ისინი შევიდნენ, მხოლოდ მაღალი ფანჯრებიდან და მინის სახურავიდან შემოსული მთვარის შუქით იყო განათებული.

ეს ტიპური სამხატვრო სტუდია გახლდათ: სამუშაო მაგიდა და სავარძლები, ბუტაფორია და მოლბერტი, საღებავები, ფუნჯები, კედლების გასწვრივ ჩამწკრივებული ფერწერული ტილოები...

ზუზიმ შუქი არ აანთო და თიკოს მოეწონა მთვარით განათებული ნახატების თვალიერება. აღფრთოვანებული დარჩა ილიას ნამუშევრებით.

- საოცარი ტილოებია. თქვენი მეგობარი სახელს მალე გაითქვამს, - გაოგნებულმა თავი ვერ შეიკავა შეფასებისგან.

ზუზისთან ნახევრად ბნელ ოთახში განმარტოებული თავს უცნაურად გრძნობდა. დაძაბული იყო და ცდილობდა, მოშორებით მდგარიყო მისგან, არ შეხებოდა. მისი ხმაც კი ყრუდ ჟღერდა.

ყველა სურათი დაათვალიერეს. ის იყო ზუზიმ ბოლო ნახატი კედელზე მიაყუდა, რომ თიკომ ამაღლებულ ადგილას, ოთახის კუთხეში, ტილოჩამოფარებული მოლბერტი შეამჩნია. ვერ მოითმინა, მოლბერტს მიუახლოვდა და ნაჭერი ჩამოხსნა. მის თვალწინ ულამაზესი ქალის პორტრეტი გამოჩნდა.

ქალს ცისფერი კაბა ეცვა, რაც განსაკუთრებით გამოკვეთდა მის ნატიფ სხეულს. პატარა ბრილიანტის ლირა უმშვენებდა მზით განათებულ, მხრებზე ჩამოშლილ ოქროსფერ თმას. მომაჯადოებლად ლამაზ სახეზე იდუმალი გამომეტყველება იკითხებოდა. თიკო გაოგნებული შესცქეროდა არაამქვეყნიურ სილამაზეს და უცებ უცნაური გრძნობა დაეუფლა, თითქოს სადღაც ენახა მსგავსი თვალები, ნატიფი ნაკვთები... ღმერთო ჩემო, ნიკა! როგორ ჰგავს ნიკა ამ ქალს! მხოლოდ თმის ფერშია განსხვავება. ნუთუ ეს მარია? ამის გაფიქრებაზე ისეთი უსიამოვნო გრძნობით შეიბოჭა, რომ ამოსუნთქვა გაუჭირდა.

პორტრეტს კარგა ხანს თვალს ვერ აცილებდა და გრძნობდა ზუზის გამომცდელ მზერას. საოცარმა სურვილმა წამოუარა. სურდა, მივარდნოდა ზუზის, თვალებზე ხელი აეფარებინა და ეთხოვა, ნახატისთვის არ შეეხედა.

- იცანით? - ხმადაბლა ჰკითხა მამაკაცმა, რომელიც პორტრეტს თვალს არ აშორებდა.

- ჰო, - მშრალად უპასუხა და გულში უსიამოვნო სიმძიმე იგრძნო, - ეს ხომ ნიკას დედაა, - სახელი აღარ წარმოთქვა, - ეს ერთ-ერთი საუკეთესო პორტრეტია, რაც ოდესმე მინახავს. იგი ილიას არნახულ წარმატებას მოუტანს.

თიკო დარწმუნებული იყო, რომ აუღელვებლად და მშვიდად საუბრობდა, მაგრამ სუნთქვაშეკრულს მოულოდნელად თავბრუ დაეხვა. მოუნდა, გარეთ გავარდნილიყო და ცოტა გონს მოსულიყო, შვებით ამოესუნთქა. ამწუთას ზუზი აღარც ახსოვდა, თუმცა, მამაკაცი გვერდიდან არ მოშორებია.

მთვარეულივით შეტრიალდა, დაავიწყდა, რომ შემაღლებულ ადგილას იდგა, შებარბაცდა, ფეხი აუცდა და იატაკზე დაეცა.

მამაკაცმა მაშინვე ხელში აიტაცა, წამიერად მკერდზე მიიკრა და მერე ფრთხილად კვლავ იატაკზე დაუშვა.

- სულ ჩემი ბრალია, ასე რომ მოხდა. სინათლე უნდა ამენთო, აქ ისეთი ლაბირინთებია...

თიკო კი ამწუთას მხოლოდ პორტრეტზე ფიქრობდა. ცხოვრებაში პირველად იგრძნო შური სხვა ქალის სილამაზის მიმართ. ახლა უკვე დანამდვილებით იცოდა, როგორი საშიში იყო მისი მეტოქე. მის გვერდით აშკარად გაუჭირდებოდა ზუზისთვის თავის მოწონება. ალბათ ამიტომაც იყო, მამაკაცი ახლოს რომ არ უშვებდა...

გაგრძელება შემდეგ ნომერში