თამაში მზესთან (თავი XIII) - გზაპრესი

თამაში მზესთან (თავი XIII)

თმაზე მისი ხელის შეხებას, მის აჩქარებულ სუნთქვასაც გრძნობდა და მამაკაცის ოდნავი სიახლოვეც კი აღელვებდა, მაგრამ რატომღაც უნდოდა, რომ ეს ზუზი კი არა, ვინმე სხვა ყოფილიყო. ვინ სხვა? დემნა?.. ჰო, ალბათ დემნა...

თავგზა სულ აებნა, შუბლი ცივმა ოფლმა დაუცვარა.

- გმადლობ, უკეთ ვარ, ცოტა ხანს ჩამოვჯდები და გამივლის.

ზუზიმ თითებით ნიკაპი აუწია და თვალებში ჩახედა. კარგა ხანს გამომცდელად და დაკვირვებით შესცქეროდა, მერე ფრთხილად აიყვანა ხელში თავისი ძლიერი მკლავებით, ოთახი გადაჭრა და დივანზე წამოაწვინა.

- მშვიდად იწექით, არ გაინძრეთ, - უბრძანა და სახელოსნოდან გავიდა.

თიკო ცდილობდა, რაც შეიძლება ღრმად ესუნთქა. თავი უკეთ იგრძნო, აღარც თავბრუ ეხვეოდა და აღარც გული ერეოდა. ზუზი მალევე დაბრუნდა ჭიქით ხელში.

- სასიამოვნო დასალევი არაა, მაგრამ დალევა მაინც მოგიწევთ.

მამაკაცი მის გვერდით დივანზე ჩამოჯდა, თიკოს თავი წამოუწია, მკერდზე მიიყრდნო და წამალი დაალევინა. თიკოს გული აუჩუყდა, ზუზის სინაზემ დააბნია, მაგრამ საკუთარ თავს არწმუნებდა, ალბათ ჩემი დაცემის გამო დანაშაულს გრძნობს და ასე ნაზად იმიტომ მექცევაო. წამალი ძალიან მწარე იყო, თუმცა, ამწუთას მზად იყო, საწამლავიც კი გადაეყლაპა, ოღონდ ეს სიტუაცია რაც შეიძლება მალე დამთავრებულიყო.

ყურთბალიშზე მიწოლილი ხედავდა, როგორ გავიდა მამაკაცი ოთახიდან, თან ცარიელი ჭიქა მიჰქონდა. როცა მობრუნდა, ხელში რაღაც თეთრი ეჭირა.

- ეს სველი ხელსახოცია, - უთხრა და სურნელოვანი ნამიანი ხელსახოცი შუბლზე დაადო, - მშვიდად იწექით, არ იმოძრაოთ. გინდათ, შუქი ავანთო?

- არა, დიდი მადლობა, - ჩაიჩურჩულა და გულში კვლავ სიმძიმე იგრძნო, - უკვე კარგად ვარ.

ზუზი თვალმოჭუტული შესცქეროდა.

- არ წამოდგეთ, სანამ თავს ძალიან კარგად არ იგრძნობთ, - თქვა და მოულოდნელად გაიღიმა, - თუ არ დაწყნარდებით, ქვევით ხელში აყვანილს ჩაგიყვანთ. მარტო ჩასვლას მაინც ვერ შეძლებთ, - ამ სიტყვებით ხელზე ხელი წაავლო, - ცივი ხელები გაქვთ... რატომ, გცივათ?

თიკომ თავი გააქნია და შეეცადა, ხელი გაეთავისუფლებინა. თანდათან იგრძნო, როგორ გადადიოდა მასში ზუზის ენერგია და სითბო. თვალები დახუჭა, არ უნდოდა დაენახა, მამაკაცი მასთან ასე ახლოს რომ იყო... კიდევ ცოტაც და... ჩაეძინა...

ალბათ სულ რამდენიმე წუთი ეძინა. თვალები რომ გაახილა, ზუზი ფანჯარასთან იდგა, სადღაც შორს იყურებოდა და თიკომ გაიფიქრა, ალბათ მარიზე ფიქრობსო. კვლავ იგრძნო ჩხვლეტა გულის არეში, ტკივილი განუახლდა, მაგრამ ეს ტკივილი აღარ იყო ეჭვიანობის. მარის მეტოქედ თავის მიჩნევა ისევე მიუწვდომელი იყო მისთვის, როგორც ზუზიზე ოცნება.

კაცი თითქოს მიხვდა, რომ თიკოს გაეღვიძა და შემობრუნდა. მერე ნელი ნაბიჯით დაიძრა მისკენ.

- კარგად ვარ და ქვევით ჩასვლასაც შევძლებ.

- კი, ბატონო, მაგრამ ჯერ უნდა შევამოწმო, მართალს ამბობთ თუ არა.

კვლავ დივანზე ჩამოუჯდა, იქვე მდგარი ტორშერი ახლოს მოსწია, აანთო, ქალისკენ დაიხარა და დაკვირვებით შეხედა.

- ფერი უკეთესი გაქვთ. მართლა აღარაფერი გაწუხებთ?

თიკოს თავი უსუსური ბავშვი ეგონა, თან შეამჩნია, რომ ზუზი რაღაცნაირად დაიძაბა.

- რა თქმა უნდა, კარგად ვარ... რა მოულოდნელად დავეცი, - ამ სიტყვებით განძრევას შეეცადა და გაუჭირდა, თუმცა, არ შეიმჩნია, - იციან დაბლა, რაც შემემთხვა?

- არა, არავისთვის მითქვამს. მხოლოდ ილომ იცის, რომ აქ ვართ, მაგრამ ალბათ ფიქრობს, რომ სპეციალურად დავიმალეთ, - ამის თქმა და თვალები აუციმციმდა, - თქვენ ლამაზი ქალი ხართ, მე კიდევ... `არაუშავსავით~ მამაკაცი, თანაც ორივე თავისუფალი.

თიკო გაწითლდა, მზერა უცებ მოარიდა და ნაღვლიანად უპასუხა:

- არა მგონია, თქვენ ჩემი ტიპის ქალები მოგწონდეთ.

ზუზის გაეღიმა:

- მართლა? აბა როგორ გგონიათ? თქვენი აზრით, როგორია ჩემი გემოვნების ქალი?

- არ ვიცი... ალბათ მარისნაირები - ამაყები და ულამაზესები.

მამაკაცს თვალები გაუფართოვდა.

- ვითომ რატომ? ასე რატომ ფიქრობთ? - შეეკითხა, თან წამით არ აცილებდა მზერას.

- იმიტომ, რომ... არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, მართლა არ ვიცი. რატომღაც, ასე მგონია. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ერთნაირი შეხედულებები გაქვთ, ავსებთ ერთმანეთს. თქვენნაირ მამაკაცს მხოლოდ მისი წრის ქალები მოსწონს.

- რას ნიშნავს მისი წრის? რა წრეა ასეთი?

ქალმა პასუხი არ გასცა, მაგრამ დაიძაბა.

- მითხარით, რა წრეა ასეთი?

თიკო საჭირო სიტყვას ეძებდა, რომ შექმნილი სიტუაციიდან თავი როგორმე დაეძვრინა. რა უხერხულად გამოუვიდა. მართლაცდა, რა შუაშია წრე? რა იგულისხმა ამ წრეში? თვითონ რა, ნაკლებ წრეში აღიზარდა?

- შინაურული, - როგორც იქნა, მოაფიქრდა საჭირო სიტყვა.

- აჰაა... - შემპარავად გაიღიმა მამაკაცმა, - შინაურული... ცოტა უცნაურია... რატომ მაინცდამაინც შინაურული? არ შეიძლება, სხვა რომ შემიყვარდეს? `არაშინაურული~ წრიდან? - ბოლო სიტყვები ხაზგასმით წარმოთქვა.

- სხვას დაუფიქრებლად მიატოვებთ. შეიძლება ვცდები, მაგრამ ასე ვფიქრობ. ჩემნაირმა ქალმა თქვენგან შორს უნდა დაიჭიროს თავი. - თქვა და წამოდგა. ოდნავ შებარბაცდა, მაგრამ თავის შეკავება მაინც მოახერხა.

- რას გაურბიხართ? საიდან მოიტანეთ, რომ ვინმეს მივატოვებ? თქვენს ცდუნებას სულაც არ ვაპირებ, თუკი ამის გეშინიათ. უფრო მეტიც, თქვენთან ურთიერთობის გაბმაზე ფიქრი აზრადაც არ მომსვლია.

მამაკაცის ყოველი სიტყვა გულში ლახვარივით ხვდებოდა. `მართალი ვყოფილვარ, - გაიფიქრა, - ჩემთან ურთიერთობა მას სასაცილოდ არ ჰყოფნის. ახია ჩემზე~.

გაბრაზებული კვლავ ჩამოჯდა, ხელჩანთა გახსნა, სავარცხელი ამოიღო და აწეწილი თმა გადაივარცხნა. შემდეგ ისევ ადგა, ახლა უკვე ენერგიამომატებულმა კაბა შეისწორა და წასვლა დააპირა.

ზუზიმ გზა გადაუღობა. თიკომ თავი გააქნია და ღრმად ამოიოხრა. ამ კაცის წინაშე თავს საოცრად უსუსურად გრძნობდა, რაც საშინლად აღიზიანებდა.

მოულოდნელად მან მაჯაში ჩაავლო ხელი, ქალი თავისკენ მოიზიდა და თვალებში ჩააცქერდა. ისე მაგრად უჭერდა თითებს, რომ თიკომ ტკივილისგან კინაღამ წამოიყვირა. ძლივძლივობით შეძლო თავის შეკავება. ზუზი ისე ცივად უყურებდა, რომ ამ მზერამ საბოლოოდ ჩაფერფლა.

წამიც და მისმა ხმამ გამოაფხიზლა:

- რა ბავშვივით იქცევით! გინდათ, მიუხედავად იმისა, რომ არ გსიამოვნებთ, ქვევით ხელში აყვანილი ჩაგიყვანოთ?

თიკომ ამ ხნის განმავლობაში პირველად შეხედა თამამად, ჯიქურ გაუსწორა თვალი. მზერით ორთაბრძოლა სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა. არც ერთი ხმას არ იღებდა. ზუზი მისგან პასუხს ელოდა, თვითონ კი მისი სიახლოვით გულაძგერებული გარინდებულიყო. თავის თავს არ უტყდებოდა, რომ სწორედ ამაზე ოცნებობდა! ამწუთას მხოლოდ ის უნდოდა, მამაკაცი უხეშად მოპყრობოდა, მკერდზე მიეკრა მისი გაცხელებული და აბობოქრობული მკერდი და კოცნით დაეხრჩო.

რა დემნა, რის დემნა! დემნას უკვე გადაეხვია იმ ბილიკიდან, თიკოს გულისკენ რომ მიემართებოდა. მასზე ფიქრს მხოლოდ იარაღად იშველიებდა, ახალი სიყვარულის გასანადგურებელ იარაღად.

რაღაც სისულელეები ემართება ამ ბოლო დროს. თავის თავს ვეღარ ცნობს. კაცი აშკარად დასცინის, ეუბნება, აზრადაც არ მომსვლია შენთან დაახლოებაო, ეს კიდევ მის კოცნას ნატრობს. აბა, ეს ნორმალურია?

როგორც იქნა, საღი აზროვნება დაუბრუნდა, კვლავ სძლია სიამაყემ და ოფიციალური ტონით გამოაცხადა:

- თავს კარგად ვგრძნობ, უღრმესი მადლობა. ჩემი ფეხითაც მშვენივრად ჩავალ.

რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, თან ცდილობდა, მამაკაცს არ შეემჩნია, როგორ უჭირდა სიარული. მისი დახმარება არ უნდოდა. მისი ოდნავი შეხებაც კი არ უნდოდა ამ წამს. ეზიზღებოდა ისიც და საკუთარი თავიც...

დარჩენილმა დრომ უღიმღამოდ ჩაიარა. თიკო თავის ადგილას რომ დაჯდა, საღამოს დასრულებამდე არც ამდგარა. როცა სტუმრები აიშალნენ და წასასვლელად გაემზადნენ, თვითონაც დაემშვიდობა გულთბილ მასპინძლებს და ზუზისთან ერთად მანქანაში ჩაჯდა.

სახლს როცა მიუახლოვდნენ, ზუზიმ სვლა შეანელა, მაგრამ წესიერად დამუხრუჭებაც ვერ მოასწრო, რომ თიკომ კარი გააღო და კი არ გადმოვიდა, ლამის გადმოხტა მანქანიდან. კარი მსუბუქად მიაჯახუნა, ნაჩქარევად დაემშვიდობა ზუზის და სადარბაზოსკენ კოჭლობით გასწია. ფეხი ძალიან აწუხებდა...

როგორც იქნა, მიაღწია საწოლამდე, ფეხსაცმელი გაიძრო და კაბის კალთები წამოიწია. ახლაღა დაინახა, რომ ორივე მუხლი ჩალურჯებოდა...

ნიკასთან შეიხედა. ბავშვს მშვიდად ეძინა. პლედი შემოუკეცა, გამოვიდა და სააბაზანოს მიაშურა.

თბილი წყლით ნახევრად გაავსო აბაზანა და ჩაწვა. წყალმა ტკივილი დაუამა, თუმცა შინაგანად ერთიანად ცახცახებდა. ფიზიკური ტკივილი არარაობად მიაჩნდა ზუზის მწარე, დამცინავ სიტყვებთან შედარებით. ის შეძლებს! ის შეძლებს, გულიდან და გონებიდან ერთხელ და სამუდმოდ ამოიგლიჯოს ამ კაცის სახება, მასზე აღარ იფიქროს და დაივიწყოს. აი, როგორც კი ნატკა და მირო დაბრუნდებიან, იმ დღესვე გაემგზავრება აქედან. გაემგზავრება და ზუზის აღარასდროს შეხვდება...

ახალი გათენებული იყო, მამაკაცმა რომ დაურეკა და მისი ჯანმრთელობის ამბავი იკითხა, თან შესთავაზა, ჩემს მეგობარ ექიმს მოვიყვან და გაგსინჯავსო. ცივი უარი უთხრა. მადლობა კი გადაუხადა ყურადღებისთვის, მაგრამ მისი დახმარება აღარ ისურვა.

- არაფერი არ მაწუხებს, ტკივილმა გამიარა, უკვე კარგად ვარ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა! - დელიკატურად, მაგრამ მედიდურად ელაპარაკებოდა.

ზუზი ერთხანს ხმას არ იღებდა. თიკო მიხვდა, რომ მისმა უარმა მამაკაცი დააბნია, ამიტომ არც აცია, არც აცხელა და მობილური გათიშა.

ახლა ერთადერთი, ვინც შვებას ჰგვრიდა, ნიკა იყო. მთელ დროს მის გვერდით ატარებდა და სხვა აღარაფერზე ფიქრობდა. ბიჭუნასთან ერთად სეირნობდა, მაღაზიებში დადიოდნენ, ორჯერ ზღვაზეც იყვნენ. საღამოობით კი წიგნებს უკითხავდა და ისე აძინებდა.

ერთ დღეს სამხატვრო გალერეას ეწვივნენ. თიკომ თავისი ფოტოაპარატიც წაიღო და უამრავი სურათი გადაიღეს. დრომ სწრაფად გაირბინა. მერე მძღოლმა მოაკითხა მანქანით და დაურეკა, შესასვლელთან გელოდებითო.

გარეთ გამოსულს ქუჩაში თავშეყრილი ხალხი დახვდა. გრიშას მანქანა გზის მეორე მხარეს იდგა. თიკო გაოცებული შედგა, მიმოიხედა, რომ გაეგო, რა ხდებოდა. იქვე, ახლოს, სასტუმროში ხანძარი გაჩენილიყო და ცეცხლის ენები და კვამლი ფანჯრებიდან გამოდიოდა. სახანძრო მანქანების სირენების გულის გამაწვრილებელი ხმა მიდამოს აყრუებდა. შეძრწუნებულმა ხელი ბავშვისკენ გაიწვდინა, არ შეშინდესო, მაგრამ მისდა გასაოცრად, ნიკა ვერ დალანდა.

შიშისგან გული გადაუქანდა. ხან აქეთ მიაწყდა, ხან იქით, ყველა ეკითხებოდა, პატარა ბიჭი ხომ არ დაგინახავთო, მაგრამ ამაოდ. ბოლოს თავზარდაცემული შედგა. არ იცოდა, რა ექნა. იფიქრა, იქნებ ცეცხლის შეეშინდა და სადმე დაიმალაო. ისევ იმ ადგილას დაბრუნდა, სადაც ბიჭს ასცდა, მაგრამ ნიკა არ ჩანდა. გულამოვარდნილმა ქუჩა გადაკვეთა, მძღოლთან მიიჭრა და როცა ბავშვი მანქანაშიც ვერ შენიშნა, ტირილი აუტყდა.

- ნუ ღელავთ, თიკო, პოლიციას შევატყობინებ და მოძებნიან, სად წავიდოდა. აქ არსად არ დაიკარგება, დამშვიდდით, - ამშვიდებდა გრიშა.

ამასობაში თავისი ფოტოაპარატიც მოისაკლისა, მშობლებმა რომ აჩუქეს.

- იქნებ ზუზისთვის დაგვერეკა? ის უფრო დაგვეხმარება, რამეს მოიფიქრებს. პოლიციას ახლა სად სცალია ჩვენთვის, ყველა სასტუმროსთანაა თავშეყრილი.

გრიშამ მანქანა დაძრა. თიკო დაძაბული იჯდა და გულში ღმერთს შესთხოვდა, ზუზი შინ დახვედროდა. პოლიციაში გამოცხადებას ეს სჯობდა. თანაც, გაგონილი ჰქონდა, პოლიცია დაკარგულის ძებნას მხოლოდ მესამე დღიდან იწყებსო, ამიტომ დროის დაკარგვა არ სურდა.

ზუზიმ ეზოში შემოსული თიკო რომ დაინახა, ღიმილით შეეგება. მის დანახვაზე ქალმა შვებით ამოისუნქთა, თითქოს ამწუთას სხვა ვერავინ უშველიდა.

ქალის არეული სახე რომ დაინახა, ზუზი წარბებაწეული შედგა. ასე აღელვებულ თიკოს პირველად ხედავდა.

- რა მოხდა? როგორი გაფითრებული ხართ, შეგემთხვათ რამე?

თიკომ კრინტი ვერ დაძრა. ყელში მობჯენილი ცრემლი ლაპარაკის საშუალებას არ აძლევდა. თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დააქნია.

მამაკაცმა მაჯა დაუჭირა, აუზთან მდგარ დაწნულ სავარძელთან მიიყვანა და ჩასვა. როგორც კი დაჯდა, თიკომ სული მოითქვა და ამოღერღა:

- ნიკა... ნიკა დავკარგე... არ ვიცი, სად გაქრა.

- მოიცა, მოიცა... - ზუზი მის წინ ჩაცუცქდა და გაშლილი ხელისგულები ერთმანეთზე შეატყუპა, - თავიდან მომიყევი, რა მოხდა, ნუ ნერვიულობ, მშვიდად.

თიკომ დაწვრილებით გადმოულაგა, იმ დღეს რაც მოხდა, სად იყვნენ, რა ნახეს. ბოლოს ხანძრისა და ბავშვის გაუჩინარების ამბით დაამთავრა.

- ყველაფერი გასაგებია, - ზუზი წამოდგა, წელში მოიხარა და ხელებით მუხლებს დაეყრდნო, - ბათუმში ბავშვი ვერ დაიკარგება, ვიპოვით. ესე იგი, გალერეაში იყავით და სურათებს იღებდით. რითი, მობილურით?

- არა, ფოტოაპარატით.

- და სად არის ფოტოაპარატი?

- არ ვიცი, ისიც დავკარგე, მაგრამ მაგას დავეძებ? ალბათ მაშინ გამივარდა ხელიდან, როცა ნიკა მოვისაკლისე. ოი, არა, არა. ფოტოაპარატი ნიკას ჰქონდა, ვასწავლიდი, როგორ გადაეღო სურათი და უხაროდა, თვითონ რომ იღებდა. კისერზე ჩამოიკიდა და ისე დადიოდა. მეც გადამიღო რამდენიმე. თუ... არა, ბოლოს მე მომაჩეჩა... მოკლედ, აღარ მახსოვს, შეიძლება იქ დამრჩა, არ ვიცი, აღარ მახსოვს.

- იქნებ ნიკას გაახსენდა, რომ ფოტოაპარატი იქ დაგრჩათ და მის წამოსაღებად მიბრუნდა?

თიკო შეკრთა.

- ანუ... ხანძრის არ შეშინებია? ამის თქმა გინდათ?

- ხანძრის რატომ უნდა შეშინებოდა?

- მე რა ვიცი. მაგას ხომ იმ ამბის შემდეგ ყველაფრის ეშინია. ვიფიქრე, ამხელა ცეცხლი რომ დაინახა... მაგას კი არა, მე შემეშინდა. თანაც, მერე ხომ მოვბრუნდი უკან, ის კი მაინც არ დამხვდა ძველ ადგილას.

ზუზი წამით ჩაფიქრდა, მერე რაღაც გადაწყვეტილება მიიღო.

- ახლავე შევეცდები, რამე გავიგო. არ გვინდა პანიკა. ბავშვებმა იციან დაკარგვა, მერე ისევ გამოჩნდებიან ხოლმე.

მამაკაცი სახლში შევიდა. თიკო მარტო დარჩა. იმავ წუთს მოსამსახურე ქალმა ცივი წვენი გამოუტანა. თიკომ აკანკალებული ხელით აიღო ჭიქა და წვენი ხარბად მოსვა.

ზუზის რომ შეაგვიანდა, გულმა არ მოუთმინა და თვითონაც სახლში შევიდა. ოთახი, სადაც თავი ამოყო, ერთდროულად მისაღებიც იყო და კაბინეტიც. კედლების გასწვრივ წიგნების თაროები ჩაემწკრივებინათ. მაგიდაზე კომპიუტერი იდგა. კედლებზე ფერწერული ტილოები ეკიდა. ამ ოთახში თიკო პირველად იყო.

ამ დროს კარი გაიღო და ზუზიც შემოვიდა. როგორც ჩანს, არ ელოდა, თიკოს აქ თუ დაინახავდა და ოდნავი შეცბუნება შეეტყო.

ქალი შეშინებული მიაჩერდა.

- მორჩა, ყველაფერი რიგზეა, დაწყნარდით, თუ შეიძლება. ნიკა არ დაკარგულა, იპოვეს უკვე.

- რა... რა?.. არ მესმის... იპოვეს? სად?

- როგორც მე ვივარაუდე, ზუსტად ისე მოხდა ყველაფერი. ფოტოაპარატი დაგვიწყებიათ და გარეთ გამოსულს გაახსენდა. ამიტომ უკან შებრუნებულა, ამასობაში კი ასცდით ერთმანეთს.

თიკომ არ დაიჯერა.

- კი მაგრამ, უკან როგორ გაბრუნდა? როდის? ან გზა როგორ გაიგნო? - დაბნეული სიტყვებს თავს ვერ უყრიდა.

- რა გზის გაგნება უნდოდა? იქვე არ იყო? დამშვიდდით, გთხოვთ. ყველაფერი რიგზეა-მეთქი, ხომ გითხარით? როცა ვერ გიპოვათ, არ დაიბნა თურმე, პოლიციელთან მისულა და უთხოვია, სახლში წამიყვანეთო. ჰოდა, მიუყვანიათ. ახლა ბავშვი შინაა თავის ფოტოაპარატიანად.

- რა დროს ფოტოაპარატია, მაგის დარდი არ მაქვს. ოღონდ ნიკა იყოს კარგად...

- რატომ, რატომ, ფოტოაპარატიც საჭირო ნივთია.

- ისე, ნაჩუქარია და კი დამწყდებოდა გული, მაგრამ მაშინ მაგის დარდი მქონდა?

ზუზიმ აწყლიანებული თვალებით შეხედა:

- ალბათ თქვენთვის ძალიან ძვირფასმა ადამიანმა გაჩუქათ.

- ჰო, დედამ და მამამ. ბოდიში, რომ მოგაცდინეთ. ისე დავიბენი, თქვენთან მოსვლის გარდა ვერაფერი მოვიფიქრე, - თიკო ადგა და წასასვლელად გაემზადა.

ზუზიმ გზა ამჯერადაც გადაუღობა.

- ჩემთან რომ მოხვედით, ძალიან გამიხარდა, მიუხედავად იმისა, რომ მიზეზი უსიამოვნო იყო. ამიტომ ახლა ვისარგებლებ შემთხვევით და გეტყვით იმას, რის თქმასაც უკვე მერამდენე დღეა, ვაპირებ. დაჯექით, უნდა დაგელაპარაკოთ!

- მაგრამ... ახლა უნდა გავიქცე, ბავშვი იქ მარტოა და...

- არ არის მარტო, თქვენც ხომ იცით, რომ ასეა?

- უკაცრავად, ვერ დავრჩები. ხომ გესმით, რაც შეიძლება მალე უნდა ვნახო ნიკა. შეიძლება ისიც ნერვიულობს... ისეთი სასწრაფო რა არის, რომ მერე ვერ მეტყვით? ან კი... უბრალოდ, არ ვიცი, რა გვაქვს სასაუბრო?

თიკომ შენიშნა, როგორ შეაკრთო ზუზი მისმა შეკითხვამ.

- თუ შეიძლება, დაბრძანდით და მომისმინეთ! - მკაცრი ტონით მიმართა, - ახლა რომ აქედან წახვიდეთ, თქვენთვისვე იქნება უარესი!

- ჩემთვის? უარესი იქნება? რაღაც ვერ გავიგე... რას ნიშნავს ჩემთვის უარესი?

- დაგავიწყდათ, როგორი აფორიაქებული იყავით წეღან, ჩემთან რომ მოხვედით? ნიკას დაკარგვამ კატასტროფულად იმოქმედა თქვენზე. ამიტომ აჯობებს, ცოტა ხანს დარჩეთ და დამშვიდდეთ. ლუკას მარო მიხედავს, აჭმევს და დააძინებს. მე კი თქვენთან რამდენიმე კითხვა მაქვს. ცოტა ხნით დარჩით და ვისაუბროთ, კარგი?

- რა კითხვები გაქვთ? რასთან დაკავშირებით? მითხარით და წავალ.

- კარგი. მითხარით, ბათუმში რისთვის ჩამოხვედით? დასასვენებლად, ხომ?

- რა თქვენი საქმეა! - მკვახედ მიუგო თიკომ და მაშინვე ინანა. მამაკაცი მას დაეხმარა, თვითონ კი უმადურად მოექცა.

- წარმოიდგინეთ, რომ ჩემი საქმეა.

- რაღაც ვერ გავიგე... - ამრეზით გახედა.

- ესე იგი, თქვენ გართობა, დასვენება არ გინდათ და მხოლოდ ნიკა გაინტერესებთ?

- ასეა. მასთან თავს კარგად ვგრძნობ, ვისვენებ და ვერთობი კიდეც. არც მაბრაზებს და არც ნერვებს მიშლის.

- იცით რა... მოდი, ვისადილოთ ერთად და თან ვისაუბროთ. სერიოზული რაღაც მაქვს სათქმელი.

- მიპატიჟებისთვის დიდი მადლობა, მაგრამ ვერ დავრჩები. ისედაც ბევრი დრო წაგართვით. უნდა წავიდე.

ზუზიმ მრავალმნიშვნელოვანი მზერა მიაპყრო, უცნაურად ჩაიღიმა, მაგრამ პასუხი არ გაუცია, მხოლოდ ზარის ღილაკს მიაჭირა თითი...

გაგრძელება იქნება