თამაში მზესთან (თავი XIV) - გზაპრესი

თამაში მზესთან (თავი XIV)

- ერთი შენებური სუფრა გაგვიშალე, ირმა, - მიმართა მწვანეწინსაფრიან ქალს, - საპატიო სტუმარი გვყავს, ხომ ხედავ, - და როცა ქალი გავიდა, თიკოს ღიმილით მიუბრუნდა, - მარომაც იცის, რომ სადილად ჩემთან უნდა დარჩე, ასე რომ, სანერვიულო არაფერია. ნუ გეშინიათ, არ შეგჭამთ.

თიკო შემკრთალი შეჰყურებდა ზუზის.

- მარომ საიდან იცის? - ხმა შეეცვალა.

- დავურეკე და ვუთხარი. თან ვთხოვე, ნიკას ყურადღება მიაქციეთ-თქო. ცუდად მოვიქეცი?

თიკომ კოპები შეკრა.

- ჩემზე ისევ ნაწყენი ხართ? - ხმადაბლა ჰკითხა მამაკაცმა და ქალს ხელი გაუწოდა სასადილო ოთახში მისაპატიჟებლად.

- თქვენ როგორ გგონიათ? - მის გამოწვდილ ხელს თიკომ ზედაც არ შეხედა, ადგა და მეორე ოთახისკენ გაემართა.

ირმა ჯერ კიდევ სუფრას აწყობდა, როცა მაგიდას მიუსხდნენ და მოსამსახურე გავიდა, თიკომ ირონიულად იკითხა:

- თქვენ რა, სტუმრად მოსულ ქალებს ყველას ყოველთვის სადილად პატიჟებთ?

- ყოველთვის არა. - გაიღიმა ზუზიმ, - მაგრამ, როგორც წესი, ყველა ქალს, ვისაც ვიცნობ, თვითონ უნდა ჩემთან სადილობა. აი, დღევანდელი შემთხვევა კი განსაკუთრებულია. მე თქვენს დახმარებას ვცდილობ.

თიკომ ნაწყენი სახით შეხედა და ცივად უპასუხა:

- მე ნიკა არ ვარ და ნათლიის დახმარება არ მჭირდება.

ზუზიმ წარბები აზიდა.

- მე ეს არ მქონია მხედველობაში, - მოკლედ მოუჭრა მამაკაცმა და საუბარიც ამით შეწყდა.

ირმამ კვლავ შემოიტანა კერძები, ამჯერად ცხელ-ცხელი და ზუზი ისევ სტუმართმოყვარე მასპინძლად იქცა. ის, რის თქმასაც აპირებდა, როგორც ჩანს, შემდეგისთვის გადადო. თიკო კი იმედოვნებდა, რომ ზუზი იმ თემას საერთოდ მიივიწყებდა.

და მართლაც, მამაკაცმა სრულიად სხვა რამეებზე დაიწყო საუბარი. თიკოს მშობლების საქმიანობით დაინტერესდა, მათ მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმებზე, სხვა საქმიანობაზე. ქალიც გატაცებით უყვებოდა ყველაფერს, რაც ენაზე მოადგებოდა. მამაკაცი დროდადრო შეკითხვებს უსვამდა და თიკოს უკვირდა, ასე კარგად საიდან იცნობდა ზუზი კინოს ისტორიას. შემდეგ ლიტერატურაზე გადავიდნენ, მერე ნახატებზე და ბოლოს მამაკაცმა ფოტოტექნიკაც ახსენა.

- შარშან რამდენიმე დღით ავსტრიაში ჩავფრინდი და უკანასკნელი გამოშვების ციფრული ფოტოკამერა ვიყიდე. მინდა ის კამერა განახვოთ.

თიკომ რაღაც გაურკვევლად ჩაიდუდღუნა, რადგან აპარატმა მოულოდნელად ნიკა გაახსენა და დაიძაბა. ზუზიმ მაშინვე იგრძნო ეს ცვლილება და პირდაპირ მიახალა:

- როგორ ფიქრობთ, რა მოხდება, ნიკა რამდენიმე დღით ჩემს ფერმაში რომ დავტოვოთ? ჩემები მიხედავენ, ცივ ნიავს არ მიაკარებენ. ძალიან გაუხარდებათ ბავშვის სტუმრობა.

- რატომ? - ჯიქურ შეეკითხა თიკო.

- რატომ და, შესაძლებლობა გექნებათ, აქაური ცხოვრება აღიქვათ. ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენს კარგავთ ასე უქმად ყოფნით.

მისმა დაჟინებულმა მზერამ ქალს ღაწვები აუფაკლა. ზუზისგან მსგავსს არ მოელოდა. იფიქრა, ალბათ არ მოსწონს, ბიჭს როგორც ვუვლიო. მაგრამ მირომ ბავშვი მას დაუტოვა და მასთან თუნდაც ერთი დღით განშორება არასწორად მიაჩნდა.

- ძალიან უცნაური წინადადებაა, თითქოს არსებობდეს ვინმე, ვინც დამეხმარება ბათუმით ტკბობაში. - ცინიკური ტონით წარმოთქვა.

ზუზიმ შეფიქრიანებული მზერა ესროლა.

- და მე რაღას ვაკეთებ? მგონი, იმ დღეს ძალიან გაგიჭირდათ, როცა ჩემთან საშველად მოირბინეთ, - არც მამაკაცმა დააკლო ირონია.

- ეს ერთადერთხელ მოხდა და ჩემი გაგება, ვფიქრობ, ძნელი არ უნდა იყოს, - აღშფოთდა თიკო, თან ცდილობდა, შინაგანი ცახცახი როგორმე დაეოკებინა, - ახლა რაღას მთავაზობთ?

მამაკაცმა მშვიდად მიუგო:

- იმას, რომ გაერთოთ, სტუმრად იაროთ, იცეკვოთ, მთვარის შუქზე ნავით ისეირნოთ, იქნებ ვინმეს მოეფეროთ კიდეც. - იგი წინ წამოიწია, თვალები გაბრწყინებოდა, - ოღონდ არ მითხრათ, რომ ამაზე არ ოცნებობთ.

თიკოს ეგონა, საცაა, გული ამომივარდებაო.

- ნიკას გარდა ახლა სხვა საფიქრალი არ მაქვს! - დაბნეულმა ნერწყვი ძლივს გადააგორა.

- მაგრამ ხომ იცით, როგორ გაერთობა იგი ფერმაში? რა კარგად იგრძნობს თავს? თქვენც ხომ ნახეთ, რა ბედნიერი იყო იქ? თავისი საყვარელი ცხენით ისეირნებს. ნუთუ არ გსურთ, ცოტა ხნით გათავისუფლდეთ და ჩემთან დარჩეთ? მე თქვენთან მინდა.

თიკოს გააცია. ერთდროულად სიამოვნებისგანაც და გაურკვეველი ტკივილისგანაც. კვლავ დაიბნა. არ უნდოდა, მამაკაცს მისი დაბნეულობა შეემჩნია, თანაც ბრაზობდა, რომ მის საქმეში ასე უდიერად ყოფდნენ ცხვირს.

- ჩემი აზრი გაინტერესებთ? - უკანასკნელი ძალა მოიკრიბა, შეტევაზე რომ გადასულიყო, მაგრამ სიტყვა გაუწყდა და მოიბოდიშა, - მაპატიეთ... ნუთუ იმიტომ დამტოვეთ სადილად, რომ წამკინკლავებოდით?

ზუზის გაეღიმა.

- არა, რა თქმა უნდა. ისეთი რა გითხარით, რომ თქვენი აღშფოთება გამოვიწვიე? თქვენთან წაკინკლავება აზრადაც არ მომსვლია. ნიკას ფერმაში გაგზავნა კი იმიტომ შემოგთავაზეთ, რომ ბათუმში ყოფნით სიამოვნება გეგრძნოთ.

- თავს ბიჭთანაც მშვენივრად ვგრძნობ, ძალიან თავისუფლად და ლაღად.

ისე იყო აჭარხლებული, დამშვიდებას ვერ ახერხებდა. ცდილობდა, ზუზიც და თავისი თავიც დაერწმუნებინა იმაში, რასაც ამბობდა, მაგრამ ხვდებოდა, დამაჯერებლად არ გამოსდიოდა. მამაკაცს თვალებში შეხედა, რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ მისმა გამჭოლმა მზერამ შეაჩერა.

- ვერ დავიჯერებ, რომ ნიკას მოვლა და მხოლოდ მასთან ურთიერთობა დიდ სიამოვნებას განიჭებდეთ. თქვენ ხომ თითქმის არაფერი გინახავთ. ნუთუ არ გინდათ წყლის თხილამურებით სრიალი, როცა ზღვის შხეფები სახეზე გხვდებათ და თითქოს უსასრულობაში მიქრიხართ? პარაშუტით წყალში ჩახტომა? ანდა სულაც მინდვრის ყვავილების დაკრეფა? სიამოვნებით ვიქნებოდი თქვენი მეგზური.

`მომფერებლის ამპლუაშიც?~ - გაიფიქრა თიკომ და ლამის თავბრუ დაეხვა.

ზუზი გატაცებით ლაპარაკობდა, ქალმა კი უკვე წარმოიდგინა, როგორ მიქრიან ისინი წყლის თხილამურებით, როგორ მიუყვებიან ციცაბო ბილიკს და როგორ აშველებს ზუზი თავის ძლიერ ხელს, ბილიკზე რომ არ მოცურდეს...

საკმარისი იყო, თიკოს ერთი სიტყვა დასცდენოდა, რომ ეს ოცნება რეალობად ექცეოდა, მაგრამ გაახსენდა, რისთვისაც მიიპატიჟა ნატკამ ბათუმში - მას თავისი ოჯახის გადარჩენა სურდა და მეგობარი საშველად იხმო. ჰოდა, თიკო აქ ნატკას გამოა და ნიკას რამე რომ შეემთხვეს, მირო ამაში ცოლს დაადანაშაულებს. ეს კი შესაძლოა, მათი დაშორების მიზეზიც გახდეს.

არა, ამას არ დაუშვებს!

თიკო ცდუნებას ებრძოდა, თან უნდოდა, ზუზის დასთანხმებოდა, თან ნიკაზე ფიქრობდა. ბოლოს მოვალეობის გრძნობამ იმძლავრა.

- დიდი მადლობა მშვენიერი წინადადებისთვის, - მტკიცედ წარმოთქვა, - თქვენ ძალიან კეთილი ხართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იცოდით, რომ მე მაინც უარს გეტყოდით. ნატკას და მიროს სიტყვა მივეცი და არ გადავუხვევ. ნიკას წამითაც ვერ დავტოვებ უჩემოდ.

- თქვენ იმ კატეგორიის ქალებს განეკუთვნებით, ვისაც ადამიანის ჭკუიდან შეშლა შეუძლია. გხიბლავთ ტანჯულის როლი? თუ ამისკენ ჩემი ხასიათი გიბიძგებთ? რა არ მოგწონთ ჩემში?

- უკაცრავად, მაგრამ ამაზე საუბარი არ მსურს!

- კარგი, ასე იყოს. მაშინ აივანზე გავიდეთ, ყავა დავლიოთ.

ტერასაზე გავიდნენ. თიკო სავარძელში ჩაჯდა. ზუზიმ მაგნიტოფონი ჩართო და ირგვლივ სასიამოვნო მელოდია დაიღვარა. მამაკაცმა არაფრისმთქმელი საუბარი გაუბა ქალს, თან ყავას წრუპავდა.

ცოტა ხანში თიკო წასასვლელად მოემზადა. ზუზი გვერდით ამოუდგა, რათა გაეცილებინა. ის-ის იყო, გარეთ უნდა გასულიყვნენ, რომ ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. ზუზიმ მოუბოდიშა ქალს და მობილურის ასაღებად შებრუნდა. როცა უკან გამობრუნდა, სახე უბრწყინავდა. თითქოს სხვანაირადაც კი იღიმებოდა.

- ოხ, მიშელ. მიშელ! როდის ჩამოხვედი? შენი მშობლებიც დაბრუნდნენ? მარტო როგორ გამოგიშვეს? მოგეწონათ საბერძნეთი? კარგი, გასაგებია, - ზუზიმ გულიანად გაიცინა, საათს დახედა და თქვა: - ნახევარ საათში შენთან გავჩნდები.

თიკოს რაღაც ჩასწყდა გულში. შესცქეროდა მამაკაცის ახოვან ფიგურას, მის ლამაზ სახეს და ყოველი მისი სიტყვა ლახვარივით ხვდებოდა გულში. მისთვის აუტანელი იყო, რომ ზუზი მიშელს უნდა შეხვედროდა.

ზუზიმ მობილური გათიშა, კმაყოფილი ღიმილის დაფარვა არც კი უცდია.

- მაპატიეთ, რომ დაგაყოვნეთ, წავიდეთ, გაგაცილებთ.

ზუზი ჩქარობდა, თიკოს კი ყველაფრის ხალისი დაეკარგა, მაგრამ ხმა არ ამოუღია.

მიროს სახლამდე გზა მდუმარებაში გალიეს. თიკო ზუზის მიშელთან შეხვედრაზე ფიქრობდა, ზუზი - კაცმა არ იცის, რაზე.

ცივად დაემშვიდობნენ ერთმანეთს. თიკომ იმასაც მიაქცია ყურადღება, როგორი სისწრაფით გააქანა მამაკაცმა მანქანა. კვნესით ამოიოხრა და სახლში შევიდა.

მის დანახვაზე ნიკა შურდულივით გამოვარდა სახლიდან და ქალისკენ გამოექანა, ხელები წელზე მოხვია და მიეკრა.

- თიკო, ხომ არ მიბრაზდები, რომ დავიკარგე? ფოტოაპარატი დამრჩა და მის წამოსაღებად მივბრუნდი. იცი, რამდენ ხანს ვეძებდი? მერე გამოვედი და ვერსად ვერ გიპოვეთ, - ტიტინებდა ბიჭუნა.

თამთამ ჩაიმუხლა, ბავშვს შუბლი შუბლზე მიადო და თბილად უთხრა:

- არა, ჩემო საყვარელო, არ გიჯავრდები. ოღონდ სხვა დროს გამაფრთხილე, თუკი სადმე წასვლა მოგინდება, კარგი? - და თავზე აკოცა.

- კარგი, აუცილებლად გეტყვი, თანახმა ვარ, - ტაში შემოჰკრა ნიკამ და ასკინკილით კვლავ სახლში შევარდა.

ცოტა ხნის შემდეგ ივახშმეს. მერე თიკომ ბავშვი დაბანა, საძინებელში შეიყვანა, ლოგინში ჩააწვინა და ძილი ნებისა უსურვა.

თავის ოთახში შესულმა შუქიც კი არ აანთო, საწოლზე ჩამოჯდა და გაახსენდა ზუზის ღიმილი, უდარდელი სიცილი და ის სიხარული, მიშელის ზარმა რომ მოჰგვარა.

`ახია ჩემზე, - გაიფიქრა, - მე თვითონ ვარ დამნაშავე, არ მივიღე მისი წინადადება. თვითონ ვუბიძგე მიშელისკენ. ახლა მასთან გაერთობა და მე საერთოდ დავავიწყდები. ღმერთო, რატომ ვარ ასეთი ჯიუტი? რა მოხდებოდა, დავთანხმებოდი? ნეტავ რას იზამდა ასეთ დროს? მიშელს უარს ეტყოდა შეხვედრაზე? ჰმ... საინტერესოა~...

მოულოდნელად მისი მობილურიც აწკრიალდა. ეკრანს დახედა და მეხდაცემულივით გაშეშდა...

ეს დემნას ნომერი იყო, ის ურეკავდა. თავდაპირველად გადაწყვიტა, არ ეპასუხა მისი ზარისთვის, მაგრამ მაშინვე გადაიფიქრა. ზუზისგან დამძიმებულმა იფიქრა, ჯავრს ამაზე მაინც ვიყრიო და მობილურის ეკრანს თეატრალური ჟესტით გაუსვა თითი.

- გისმენთ! - ისეთი ტონით ჩასძახა, თითქოს ვინმე სამსახურის საქმეზე ურეკავდა.

- გამარჯობა! - მისალმება მოკლე გამოდგა.

- გაგიმარჯოს. - თიკომ ენა გამოუყო ხმას, რომელიც ყურმილიდან ისმოდა.

- როგორ ხარ?

- მშვენივრად.

- კარგად ისვენებ?

თიკომ შუბლი შეიკრა. ვერ მიხვდა, საიდან უნდა სცოდნოდა დემნას, ბათუმში რომ ისვენებდა.

- ცუდად რატომ უნდა ვისვენებდე? - აგდებულად მიუგო.

- იმიტომ, რომ შენ გვერდით მე არ ვარ.

თიკოს მოულოდნელად ისტერიკული სიცილი აუვარდა.

- შენ რატომ უნდა იყო გვერდით? ეგ ვინ დააწესა?

კარგა ხანს მეორე მხარეს ხმას არავინ იღებდა.

- ალო! - ჩასძახა თიკომ, იფიქრა, ხომ არ გაითიშაო.

- შენი აზრით, არ უნდა ვიყო?

- დემნა, რისთვის დამირეკე, უაზრო შეკითხვები რომ დამისვა? არა, არ უნდა მყავდე, გესმის?

- და რატომ?

- იმიტომ, რომ არც არასდროს მყოლიხარ გვერდით. შენ ჩემთან არასდროს ყოფილხარ. ყოველთვის სხვაგან იყავი, მაშინაც კი, როცა თვალებში მიყურებდი!

- რა ისტერიკები დაიმართე? ასე მოგენატრე? - ჩაიცინა დემნამ.

- თუ შენ მონატრებულები ასე გელაპარაკებიან, კარგად ყოფილა შენი საქმე.

- სად ხარ?

- სახლში, მეგობართან, სად უნდა ვიყო?

- ჰოდა, გამოდი, ბულვარზე გელოდები.

- რა-ა? - თიკოს წამით თვალთ დაუბნელდა. ვერაფრით იფიქრებდა, დემნა თუ ბათუმში იქნებოდა.

- რა, რა! ბათუმში ვარ და შენი ნახვა მინდა. რას გაიკვირვე? არ ელოდი? თუ უკვე დამივიწყე?

- ერთიც და მეორეც, - ჩამწყდარი ხმით მიუგო და გათიშა.

არა, ამისთვის მზად ნამდვილად არ იყო. მთელი სხეული აუკანკალდა. ცივმა ოფლმა დაასხა. თვითონაც ვერ ხვდებოდა, ასე რამ გაანერვიულა.

დემნამ კვლავ დარეკა. თიკომ ამჯერად აღარ უპასუხა. უეცრად მესიჯი მოუვიდა: `თუ ახლავე არ გამოხვალ, სადაც ხარ, იქ დაგადგები! მისამართი ვიცი, ასე რომ...~

ლამის გულწასული მიესვენა საწოლზე. შიშისგან მუხლები აუკანკალდა. რა ჯანდაბა უნდა? მათ შორის ხომ ყველაფერი დამთავრდა, ახლა რისთვისღა იბარებს? გული გამალებით უცემდა. ვერ გადაეწყვიტა, როგორ მოქცეულიყო. კარგა ხანს ყოყმანობდა, ბოლოს გადაწყვიტა, თვითონ დაერეკა.

- დროზე გამოდი, გელოდები! - მბრძანებლურად გაისმა მამაკაცის ხმა.

- ამაღამ ვერ გამოვალ, ასე იოლი არ არის, სტუმრად ვარ, უხერხულია, - მშვიდად სცადა მისი თავიდან მოშორება.

- გამოხვალ, იმიტომ, რომ მე ასე მინდა. გასაგებია? იცოდე, თუ არ გამოხვალ, რასაც შეგპირდი, იმას გავაკეთებ და მერე უფრო უხერხული იქნება!

თიკო დამუნჯდა. მიხვდა, წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა. სულაც არ სურდა, მაროს დემნა აქ ენახა.

- კარგი, ნახევარ საათში მანდ ვიქნები. - რაც შეიძლებოდა, თავშეკავებულად მიუგო, გულში კი დაიქადა, ქალი არ ვიყო, თუ ეს საღამო არ ჩაგამწაროო.

ნახევარ საათში ნერვიულობისგან აძაგძაგებული ადგილზე გაჩნდა. დემნა შუა ბულვარზე იდგა მანქანას მიყრდნობილი და სიგარეტს ნებივრად ეწეოდა.

- რისთვის დამიბარე? - ზიზღით შეხედა თიკომ.

- ჯერ მომესალმე, - მამაკაცი მისკენ გამოიწია, წელზე ხელის მოხვევა დაუპირა.

- არ მომეკარო! - ქალი განზე გახტა.

- ვოვ! შენ რა უკარება გამხდარხარ? რა ხდება? - დემნამ სიგარეტი წკიპურტით მოისროლა და კვლავ ახლოს დააპირა მისვლა.

- გაჩერდი, სადაც დგახარ და იქიდან მითხარი, რა გინდა! - ქალს თვალები ბოროტად უელავდა.

- შენი ნახვა, სხვა რა უნდა მინდოდეს? ჩამოგაკითხე.

- ახლა გაგახსენდი? ამდენ ხანს სად იყავი?

- ოოო, არ დაიწყო ახლა რა. არ მეცალა. ცუდად ვიყავი, დეპრესია მქონდა. საკმარისია?

- არა, არ არის საკმარისი. ჩვენ შორის ხომ ყველაფერი დამთავრდა. ამაზე უკვე ვილაპარაკეთ. მე შენთან შერიგებას არ ვაპირებ.

- მართლა? რაღაც არ მახსენდება, ამაზე გვესაუბროს. ყოველ შემთხვევაში, სერიოზულად არ გვილაპარაკია. ჩაჯექი მანქანაში, გავიდეთ სადმე და დავსხდეთ. თუ ასეთი სერიოზული სალაპარაკო გვაქვს, ქუჩაში ხომ არ ვიდგებით არასერიოზულებივით?

- დემნა, თავი დამანებე, გთხოვ! მე შენთან ურთიერთობა დავამთავრე. ხომ არ დაგავიწყდა, გული რომ მატკინე? ასეთ რამეებს კაცს არ ვპატიობ. ვინც გაპატიებს, იმასთან წადი. მე შენთვის აღარ ვარსებობ.

- თუ შენ არ არსებობ ჩემთვის? - თითქოს მუქარით გაიჟღერა მამაკაცის ხმამ.

- არც მე, - თიკოს ხმა ჩაუწყდა, ცოტა არ იყოს, შეეშინდა, ძალით არ დამიპიროს მანქანაში ჩასმაო, - აღარ მიყვარხარ. მორჩა, რაც იყო, ის არ განმეორდება.

- განა ასეთი რა დავაშავე? ცოტა ხნით რომ დავიკარგე? - დემნამ თავისი საფირმო ღიმილი აიფარა სახეზე.

- ეს არ იყო შენი პირველი დაკარგვა. მაპატიე, მაგრამ შენს დეპრესიულ ხასიათზე ვერ ავაწყობ ცხოვრებას. როცა მოგეპრიანება, გამოჩნდები, როცა მოგეპრიანება, გაქრები. მე ასე არ შემიძლია. ეს არ არის სიყვარული.

- აჰა. ესე იგი, გამოდის, მართლა არ გყვარებივარ, თუ ჩემი ატანა არ შეგიძლია.

- კარგია, რომ ბოლოს და ბოლოს, მიხვდი. - ამრეზით ახედა, - ჰო, აღარ მიყვარხარ. შენთან ურთიერთობა მღლის, მღლის და მაშინებს. ვერ ვიტან მტირალა, დეპრესიულ და მერყევ მამაკაცებს. მათ ყოველ სიტყვაში მხოლოდ სიყალბე მესმის და სხვა არაფერი.

დემნა უცებ შეტრიალდა და თავი მანქანის ფანჯარაში შეყო. თიკოს სუნთქვა გაუჩერდა, ვერ მიხვდა, რის გაკეთებას აპირებდა. მან კი სიგარეტის კოლოფი გამოიტანა და სანთებელას გაჰკრა.

- ანუ საბოლოოდ დავშორდეთ ერთმანეთს? - შეეკითხა კბილებშუა სიგარეტგარჭობილი.

- ჩვენ კარგა ხანია, საბოლოოდ დავშორდით ერთმანეთს.

- სხვა ვინმეს ხვდები? - ხმას დაუწია დემნამ და სიგარეტი მთელი ძალით მოქაჩა.

- არა, - მტკიცე ხმით წარმოთქვა თიკომ და თავისი სიმართლის დასადასტურებლად თვალი ჯიქურ გაუსწორა.

ერთხანს ასე, მზერებით ბურღავდნენ ერთმანეთს. ბოლოს დემნამ დათმო.

- კარგი, წამო, მიგიყვან სახლამდე, გვიანაა უკვე. ხვალ დაგირეკავ და დღის შუქზე გავაგრძელოთ ჩვენი პაექრობა.

- არ მინდა! - იყვირა თიკომ.

- რა არ გინდა?

- არც შენი წაყვანა მინდა და არც შენი დარეკვა. მხოლოდ ის მინდა, სამუდამოდ გაქრე ჩემი ცხოვრებიდან!

- რა მითხარი, გოგო? - დემნამ კვლავ გაისროლა სიგარეტი და აძაგრული ქალს მიუახლოვდა, - შენი ცხოვრებიდან გავქრე? შენს ბრძანებებზე ვიარო?

შეშინებული თიკოც ნელ-ნელა იხევდა უკან, თან ცდილობდა, ნაბიჯი ფრთხილად გადაედგა, რომ არაფერს წამოსდებოდა და არ წაქცეულიყო.

- იმისთანა სექსი მქონდა შენთან, ისე კარგად ვგრძნობდი თავს... ამის მერე თავი როგორ დაგანებო? თუ არ გიყვარდი, რას მომეტმასნე?

თიკო წამოენთო.

- მე მოგეტმასნე? საშველი არ მომეცი, ნაბიჯს ვერ ვდგამდი, შენ რომ არ ამსვეტებოდი წინ და მე მოგეტმასნე? ნაგავო! როგორ ბედავ! უარესი მომიხდება, შენნაირს თავი რომ გავუტოლე! - ისტერიკა დაემართა.

დემნა გაოგნდა. ასეთ თიკოს ის არ იცნობდა. ასეთი თიკო პირველად ნახა და იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ადგილზე გაშეშდა.

ამასობაში თიკო შეტრიალდა, ჩქარი ნაბიჯით გადაჭრა ბულვარი და პირველივე შემხვედრი ტაქსი გააჩერა... მამაკაცი აღარ დასდევნებია...

გაგრძელება შემდეგ ნომერში