თამაში მზესთან (თავი XV) - გზაპრესი

თამაში მზესთან (თავი XV)

მასთან არც საუბრის სურვილი ჰქონდა, არც შეხვედრის. უფრო მეტიც, ეშინოდა მისი. სულაც არ უნდოდა, დასვენების დღეები მასთან შეხვედრით და შერიგება-შეურიგებლობაზე საუბრით ჩაემწარებინა. იმედოვნებდა, რომ მამაკაცმა მისი ადგილსამყოფელი არ იცოდა და მხოლოდ აშინებდა, სახლში მოგადგებიო.

იმ დღეს შინიდან აღარ გასულა. ნიკა დაიყოლია, რომ მასთან ერთად აუზში ჩასულიყო და ცურვა ესწავლებინა. ბიჭს წყლის ისე აღარ ეშინოდა. ჩასვლისთანავე გათამამდა და სიამოვნებით იჭყუმპალავა. თიკო ასწავლიდა, როგორ დამდგარიყო წყალზე, როგორ ემოძრავებინა ხელ-ფეხი, რომ არ ჩაძირულიყო და გაეცურა. რამდენჯერმე ჩააყვინთვინა კიდეც, რაც ბავშვს ძალიან მოეწონა.

ასე გავიდა ორი დღე. დემნა არ გამოჩენილა. არც ზუზი. არადა, თიკო ორივე მამაკაცზე ფიქრობდა. ამშვიდებდა ის, რომ დემნა აღარ ეხმიანებოდა, მაგრამ აწუხებდა ის, რომ ზუზი არ ჩანდა.

დილა იყო, სახლის ტელეფონზე ზარი რომ გაისმა. თიკო შიშისგან შეხტა. სანამ ყურმილს აიღებდა, კარგა ხანს ყოყმანობდა, დემნა არ იყოსო. მერე მხნეობა მოიკრიბა, ხმა შეიცვალა და საპასუხოდ მოემზადა. მისდა სასიხარულოდ, სტელა აღმოჩნდა. იგი ილიას გამოფენაზე ეპატიჟებოდა, გამოფენის შემდეგ კი შინ, ვახშამზე.

მიწვევაზე უარი არ უთქვამს, ნიკას ხელი მოჰკიდა და თან წაიყვანა. მართალია, ზუზისთან შეხვედრის ეშინოდა, მაგრამ თან ერთი სული ჰქონდა, როდის ნახავდა. რატომ განუვითარდა ასეთი შიში მამაკაცების მიმართ? თუ ყოველთვის ისეთი კაცები ხვდებოდნენ ცხოვრების სარბიელზე, რომლებიც მასში სიყვარულთან ერთად შიშის ნერგავდნენ? `შიში შეიქმს სიყვარულსა~, _ გაიფიქრა და გაეღიმა. რუსთაველს ეს სიტყვები რომ არ დაეწერა, ალბათ თვითონ დაწერდა.

შევიდა თუ არა საგამოფენო დარბაზში, დამთვალიერებელთა შორის უმალ შენიშნა მიშელი, რომელიც მაღალ, ქერა, გარუჯულ ამერიკელს ესაუბრებოდა. ისინი რაღაცაზე მხიარულად იცინოდნენ. თიკომ თვალი მოავლო გარშემო, ზუზის ეძებდა, მაგრამ ვერსად დალანდა. ამ დროს ნაცნობი ხმა შემოესმა:

_ ქალბატონო თიკო, რა სასიამოვნოა თქვენი აქ ნახვა.

თიკო შემობრუნდა და საშა ახვლედიანი შერჩა ხელთ, ზუზის მეგობარი, მასთან სახლში რომ გაიცნო და მანქანით სეირნობა რომ შესთავაზა.

_ რა უცნაურია, არა? ამ დილით გამახსენდით და უნდა ვაღიარო, რომ ჩვენი პირველი შეხვედრის შემდეგ ხშირად გიხსენებთ. როგორ ბრძანდებით?

საშამ ქალს ხელზე აკოცა და აღარ გაუშვა. თიკომ ფრთხილად გაითავისუფლა ხელი და უხერხულად გაიღიმა.

_ ეს ვინ მოსულა! გამარჯობა, ვაჟკაც! როგორ ხარ? _ უხერხულობის გასაფანტავად საშამ ნიკა ჩაიხუტა.

_ მე და ნიკა გადასარევად ვართ. თავად როგორ გიკითხოთ? _ ძველი ნაცნობი თიკომაც მოიკითხა.

მამაკაცი წელში გასწორდა, გაშლილი თითები თმაში შეიცურა და მხრები აიჩეჩა.

_ ისე რა. ამ დროში როგორ იქნები ადამიანი. კიდევ კარგი, ზაფხულია და მოსაწყენად ვერ ვიცლი. რამხელა გაზრდილა ეს ბიჭი. ახლა მთლად დედამისს დამსგავსებია, _ გაიცინა და ნიკას ქოჩორი მოუჩეჩა, _ თქვენ კი გარუჯვა ძალიან მოგხდომიათ. ეს იმას ნიშნავს, რომ საერთოდ, ბათუმი გიხდებათ.

საშა ისეთი თვალებით შესცქეროდა თიკოს, რომ ქალმა საუბრის თემა უმალ შეცვალა.

_ ესე იგი, ნიკას თქვენც იცნობთ, არა? _ თქვა და მის გვერდით მდგომ პატარას შეხედა.

_ ნიკას ვინ არ იცნობს, კაცო! ჩვენი ბიჭია ეს! _ ამ სიტყვებით საშამ ლოყაზე მოუთათუნა ბავშვს ხელი.

_ საშა ძია, რატომ არ მოდიხართ ჩვენთან? _ ზრდილობიანად შეეკითხა ნიკა და მამაკაცს მოჭუტული თვალებით ახედა.

_ აბა, რა ვიცი, ამ მეპატიჟება ბიძაშენი და... _ გაიხუმრა საშამ და ბავშვს თვალი ჩაუკრა, _ შენ კიდევ რა მაგარი ბიჭი ხარ, თან ასეთი ლამაზი ქალის გვერდით. ჰა, როგორ გრძნობ თავს, თიკო სულ გვერდით რომ არის, კარგია, არა? _ მამაკაცმა ეშმაკური მზერა ესროლა თიკოს, _ არ მესმის, რით დაიმსახურა მარტო ნიკამ ასეთი პატივი?

_ იმით, რომ მე ყველაზე მაგარი ბიჭი ვარ! _ ამაყად წარმოთქვა ნიკამ და გაიცინა.

თიკომ მიიხუტა პატარა და მხარზე ხელი მოხვია.

_ თიკო, ხომ არ გამონახავდით დროს ჩემთვისაც? იქნებ შევხვედროდით ერთმანეთს? გამოფენაზე რას იტყვით? მოგეწონათ ნახატები?

თიკოს არავისთან შეხვედრა არ უნდოდა, მაგრამ უცებ, თითქოს რაღაც გადაწყვიტაო, მხიარულად მიუგო:

_ რატომაც არა? ურიგო არ იქნებოდა. რაც შეეხება ნახატებს, ჯერ ვერ მოვასწარი დათვალიერება, ახლახან მოვედით მე და ნიკა. ისე, ნანახი მაქვს ილიას ატელიეში, მაგრამ ღამით. დღის სინათლეზე ჯერ არ დამითვალიერებია.

სანდროს არც კი გაუგია, რას ამბობდა თიკო ნახატებზე, იმდენად იმოქმედა მისმა თანხმობამ და რაღაცნაირად ჩაეღიმა.

_ საღამოს მოდიხართ სტელასთან?

_ კი, რა თქმა უნდა.

_ მაშინ მე გამოგივლით. ხვალ კი გეპატიჟებით. კარგი კონცერტი იმართება და... წინასწარ გეუბნებით, რომ მერე აღარ გადაიფიქროთ. ბილეთები ჩემზეა.

_ ძალიან კარგი. _ უპასუხა თიკომ, შემდეგ ნიკას ხელი ჩაავლო და სურათების დათვალიერება დაიწყეს. ქალი თან უხსნიდა ბავშვს თითოეული სურათის მნიშვნელობას. ბიჭი საოცარი ყურადღებით უსმენდა, მაგრამ მალე მოჰბეზრდა ნახატებიც და თიკოს კომენტარებიც და ყურში უჩურჩულა, შინ წავიდეთო.

ზუზი გამოფენაზე არ გამოჩენილა. თიკოს გაუხარდა კიდეც, სახლში დაბრუნების მიზეზი რომ გაუჩნდა. მოუბოდიშა ილიას და სტელას, ბავშვი არ ჩერდებაო და წამოვიდა.

საღამოს, ნიკა დააწვინა თუ არა, გამოიპრანჭა. იმედს არ კარგავდა, რომ ვახშამზე მაინც ნახავდა ზუზის. ვერა და ვერ ამოიგდო თავიდან მასზე ფიქრი. ლამაზი, წვრილი ყვავილებით მოჩითული თეთრი კაბა ჩაიცვა, რაც მის გარუჯულ კანს ძალიან მოუხდა. თმა მაღლა აიწია და საშას მოსვლას დაელოდა.

მამაკაცმაც არ ალოდინა, დათქმულ დროს მოაკითხა.

_ არაჩვეულებრივად გამოიყურებით, ისეთი ლამაზი ხართ, თვალს ვერ გაშორებთ! _ საშა აღფრთოვანებით შესცქეროდა ქალს, შემდეგ მანქანის კარი გამოაღო და ხელით ანიშნა, შენს განკარგულებაში ვარო.

თიკომ მაშინვე იცნო ზუზის მანქანა, მაგრამ არაფერი უთქვამს, არც ზუზი უკითხავს.

გამოფენამ წარმატებით ჩაიარა და ამიტომ სტუმრებიც და მასპინძლებიც მშვენიერ გუნებაზე იყვნენ.

უზარმაზარ სასტუმრო ოთახში მოწვეული მუსიკოსები უკრავდნენ. სასიამოვნო იყო ცოცხალი შესრულების მოსმენა. საშამ თიკო საცეკვაოდ გაიწვია. ქალი კარგ ხასიათზე დადგა, მიშელთან პირისპირ შეხვედრამაც კი ვერ გაუფუჭა გუნება. ამერიკელი გოგონა მშვენიერი სანახავი იყო ზურმუხტისფერ კაბაში.

_ თიკო, რა ლამაზი კაბა გაცვიათ, _ ხმამაღლა გამოაცხადა მიშელმა, _ და საღამოც მშვენიერია, არა?

თიკომ მხოლოდ თავი დაუკრა, პასუხი არ გაუცია.

_ კარგი გამოფენა იყო, არა? ხომ იყავით?

_ რა თქმა უნდა, ვიყავი და ძალიან მომეწონა, _ ინგლისურადვე უპასუხა თიკომ, _ თქვენ როგორ მოგეწონათ იტალია? პირველად იყავით?

_ ჰო, პირველად ვიყავი. საოცარი ქვეყანაა. ბევრგან ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი ლურჯი ზღვა არსად მინახავს. ზღაპრული სანახავია, განსაკუთრებით თვითმფრინავიდან. თავი სიზმარში მეგონა.

თიკომ ჩაიღიმა. ადამიანი იტალიაში წახვიდე და ზღვაზე ილაპარაკო, ცოტა უცნაურიაო, გაიფიქრა. ჯერ მარტო რომში იმდენი ისტორიული ძეგლია სანახავი, რომელ ზღვაზეა ლაპარაკი?

_ სხვათა შორის, ისეთივე ლურჯი ზღვაა თურქეთშიც და საბერძნეთშიც. როგორც ჩანს, არც ამ ქვეყნებში ხართ ნამყოფი.

მიშელმა პასუხის გაცემა დააპირა, მაგრამ ამ დროს მოსაუბრეებს სანდრო მიუახლოვდა. მის დანახვაზე მიშელს ზღვა სულ გადაავიწყდა და მამაკაცს მოუთმენლად ჰკითხა:

_ საშა, ზუზი სად არის? რატომ არ ჩანს? მაინტერესებდა მისი აზრი გამოფენის შესახებ.

საშამ თვალები მოჭუტა, მიშელს გახედა და მშვიდად მიუგო:

_ ზუზი ქალაქში არ არის. სხვაგან გაემგზავრა, საქმეებზე. თუკი ნახატების შესახებ აზრი გაინტერესებთ, უმჯობესია, რომელიმე ტილო შეიძინოთ მხატვრის ავტოგრაფით. დამერწმუნეთ, კაპიტალს დააბანდებთ. ოდესმე ილიას სურათი დიდ შემოსავალს მოგიტანთ.

მიშელმა გაიცინა.

_ მსგავსი სიტყვები დღეს უკვე მერამდენედ მოვისმინე.

საშამ თავი გააქნია, თიკოს მიუბრუნდა და კვლავ საცეკვაოდ გაიწვია.

საღამო ისე ჩამთავრდა, რომ ზუზი არ გამოჩენილა. თიკომ არ იცოდა, საშამ სიმართლე უთხრა მიშელს, თუ, უბრალოდ, გაიხუმრა. უნებლიეთ გულში ყრუ ტკივილი იგრძნო და რატომღაც გაიფიქრა, რომ ზუზი მარის სანახავად იტალიაში გაემგზავრა. წამით თვალები დახუჭა და თავს პირობა მისცა, რომ მასზე აღარ იფიქრებდა.

შინ დაბრუნებულმა ვეღარ მოითმინა და მობილური ჩართო. ოჰ, რამდენი ზარი იყო შემოსული დემნასგან. როგორც ჩანს, მამაკაცი მთელი დღე ამაოდ ცდილობდა მასთან დაკავშირებას. `რახან აქ არ მომადგა, ესე იგი, არ იცის მისამართი~, _ შვებით ამოისუნთქა თიკომ და ტელეფონი ისევ გამორთო. რაც მთავარია, ზუზის ერთხელაც არ დაურეკავს მისთვის. ალბათ თიკო არც კი გახსენებია...

მეორე საღამოს, კონცერტზე წასასვლელად თიკომ ცისფერი კაბა შეარჩია და მიროს ნაჩუქარი ყელსაბამი გაიკეთა.

_ ოჰოო, ჩემი საყვარელი ფერის კაბა ქალზე, რომელიც ყველაზე მეტად მომწონს, _ ღიმილით შენიშნა ნაცრისფერ პერანგში გამოწყობილმა საშამ და მანქანა დაძრა.

კონცერტს უამრავი მაყურებელი ესწრებოდა. თიკომ შეამჩნია, რომ მას და საშას ყველანი თვალს აყოლებდნენ და ესიამოვნა.

ვიოლინოზე შესრულებულმა შესანიშნავმა მუსიკამ თიკო ოცნების სამყაროში გადაისროლა და კიდევ ერთხელ შეახსენა თავის თავს, რომ ზუზი ერთხელ და სამუდამოდ დაევიწყებინა.

კონცერტის შემდეგ მამაკაცმა თიკო სავახშმოდ რესტორანში დაპატიჟა.

თიკოს მოეწონა რესტორნის ინტერიერი, მომსახურება, კერძებიც და ისიც, თუ როგორი მოწიწებით ექცეოდა მას საშა. იგი საერთოდ არ ჰგავდა ცინიკოს ზუზის. დემნას _ მით უფრო. მასთან საოცრად თავისუფლად და ლაღად გრძნობდა თავს. რამდენი ისაუბრეს... თიკომ თავი უცებ ბედნიერად იგრძნო, სიხარულისგან თვალებიც კი აუციმციმდა, მაგრამ მაშინვე დაეშვა მიწაზე, როგორც კი საშამ მოხვევა დაუპირა.

ქალმა მამაკაცის მკლავებისგან თავი ნელა გაითავისუფლა, რადგან ხვდებოდა, რომ ამ კაცის ალერსი სრულიად არ სჭირდებოდა.

_ საშა, თქვენ ძალიან კარგი ადამიანი ხართ. დიდი მადლობა დღევანდელი საღამოსთვის, მაგრამ ახლა უნდა წავიდე.

_ არ იცით, როგორი ბედნიერი ვარ თქვენ გვერდით, თიკო. ამის ახსნა ასე მარტივად არ შემიძლია. კი ბატონო, წავიდეთ, მაგრამ პირობა მომეცით, რომ ხვალაც შემხვდებით.

თიკომ ზრდილობიანად გაუღიმა.

_ არა, არ შემიძლია. ხვალ ნატკა და მირო ბრუნდებიან და სახლიდან ვერ გამოვალ.

_ მაშინ ორშაბათს... ა?

_ სამწუხაროდ, მაინც უარი უნდა გითხრათ. არ მიყვარს წინასწარ შეპირება. ნატკა რომ ჩამოვა, არ ვიცი, რა როგორ იქნება. შეიძლება უცებ მომიწიოს თბილისში გამგზავრებამ. ჩემი მშობლებიც ჩამოდიან და ისინიც სანახავი მყავს.

ქალის სიტყვებმა საშა აშკარად დააღონა. თიკოსაც სევდიანი განწყობილება დაეუფლა, რაზეც მამაკაცის გარდასახვამაც იმოქმედა. იცოდა, რომ საშას გულს უკლავდა თავისი უარით, მაგრამ რა ექნა? მისი გულის სხვისკენ მიიწევდა და ამას ვერაფერს მოუხერხებდა. ყველანაირად ცდილობდა, საშას არაფერი შეემჩნია. არადა, მისი შვებულება დასასრულს უახლოვდებოდა და გული უკვდებოდა, რომ შეიძლებოდა ბათუმიდან ისე წასულიყო, ზუზი ვეღარ ენახა. სხვა დროს კიდევ სადღა ნახავდა? ილუზია იყო იმაზე ფიქრი, რომ ზუზი მის სანახავად თბილისში ჩამოვიდოდა. ამის გაფიქრებას კი სასოწარკვეთილებამდე მიჰყავდა...

როცა საშამ სახლამდე მიაცილა, თიკო ისე ჩქარა გადმოხტა მანქანიდან, მამაკაცს დამშვიდობება არ აცალა. შეეშინდა, ისევ მოხვევა არ დამიპიროსო. არადა, ვერც ის უთხრა, არ მომწონხარ და ჩემთან ურთიერთობის იმედი ნუ გექნებაო. იცოდა, რა ძნელი იქნებოდა მისთვის ამ სიტყვების მოსმენა. სამაგიეროდ, მასთან შეხვედრას მეტად არ აპირებდა. სანამ ეს მოწონება სიყვარულში გადაიზრდებოდა, დროზე უნდა გასცლოდა საშასთან სიახლოვეს. ტყუილად რად უნდა მოეკლა კაცისთვის გული? თან ეცინებოდა, აქამდე არც ერთი არ იყო და ახლა სამი მამაკაცი ერთად გამოჩნდა მისი ბედისწერის ჰორიზონტზე...

კვირა დილას ქალაქი ნისლმა დაფარა. ასეთ სანახაობას თიკო პირველად შეესწრო. აგრერიგად დანისლული ქალაქი აქამდე არასდროს ენახა. ერთ მეტრზე აღარაფერი ჩანდა, თუმცა, ცოტა ხნის შემდეგ ნისლი გაიფანტა და მზემ იქაურობა მისებურად გაანათა. თიკოს ხასიათი გამოუკეთდა, აღარ იყო წუხანდელივით სევდით გულდამძიმებული. ნიკასთან ერთად ისაუზმა, ჩანთაში საბანაო კოსტიუმი ჩააგდო, ხილი ჩაალაგა და ბავშვი ზღვაზე წაიყვანა. ჭირსაც წაუღია დემნას თავი. მერე რა, თუ სადმე შემთხვევით გადაეყრება. დღისით სულაც არ ეშინია მისი, თანაც, ნიკასთან ერთადაა, რა უნდა დაუშავოს?

ისევ იმ მყუდრო, ამოჩემებულ ადგილას გაშალა პირსახოცი, `იმნაირი~ ქალების ნავსაყუდლად რომ მიიჩნეოდა. ნაცნობი მოხუცი ცოლ-ქმარიც აქ იყო. ნიკამ სიხარულით მიირბინა მათთან, მიესალმა და გამოელაპარაკა. სანამ თიკო ზღვაში ცურავდა, ბიჭი იქვე, ხანში შესულ ძველ ნაცნობებთან ერთად მასლაათით ერთობოდა. მერე თიკომ თავისთან იხმო ბიჭი და წყალში ჩაიყვანა. ნიკას საერთოდ აღარ ეშინოდა წყლის. ის კი არა, უკვე ცურვასაც ცდილობდა.

ზღვიდან მოთენთილები დაბრუნდნენ. ისადილეს, შემდეგ ცოტა ხნით ბაღში ისეირნეს და ბოლოს შუადღის ძილის გამოცხობაც სცადეს. ნიკა ისე იყო დაღლილი, მაშინვე ჩაეძინა. თიკომ წყალი გადაივლო, ლამაზი, მოკლე აბრეშუმის ხალათი მოიცვა და საწოლზე მიწვა. ტალღების ხმას ყურს უგდებდა და ფიქრობდა, ნეტავ ამ საღამოს მართლა თუ ჩამოვლენ ნატკა და მიროო. ის იყო, ჩათვლიმა, რომ კარზე მარომ მიუკაკუნა.

_ ქალბატონო, ქვემოთ თქვენი ნახვა უნდათ. იცით, ვინ ჩამოვიდა? _ ჩურჩულით წარმოთქვა მარომ.

თიკო წამოხტა, ქალს სიტყვა არც კი დაამთავრებინა, შურდულივით გავარდა დერეფანში. ისე მირბოდა, თითქოს უკან ვიღაც მოსდევსო. კიბეზე სწრაფად დაეშვა, თვალებანთებული და თმაგაშლილი განსაკუთრებულად ლამაზი იყო.

სასტუმრო ოთახში შევარდა.

_ ნატკა! _ იყვირა, _ ჩამოხვედით? _ მაგრამ მოულოდნელობისგან ადგილზე გახევდა და ენა ჩაუვარდა, როცა დაქალის ნაცვლად ტანმაღალი, ცისფერკაბიანი და ოქროსფერთმიანი ულამაზესი ქალი დაინახა, რომელიც მის დანახვაზე სავარძლიდან წამოდგა.

თიკო ყველაფერს მიხვდა. ამწუთას არც ამ ქალის დანახვა უნდოდა და არც იმ კაცისა, რომელიც ფანჯარასთან იდგა და დაჟინებულ მზერას არ აშორებდა.

სახეგაფითრებული ქალი ფართოდ გახელილი თვალებით შესცქეროდა მოულოდნელ სტუმრებს.

სიჩუმე ზუზიმ დაარღვია.

_ გამარჯობა, თიკო, _ გაისმა მისი ხავერდოვანი, მაგრამ ამჯერად განსაკუთრებით ალერსიანი ხმა, _ მაპატიე, რომ გაუფრთხილებლად მოგადექით კარს, მაგრამ იმედია, გვაპატიებ. გაიცანი, ეს მარია, ნიკას დედა.

ზუზიმ შეამჩნია თიკოს დაბნეულობა და თვალი შეავლო მის მოკლე ხალათს, რომელიც ნახევრადაც ვერ ფარავდა ქალის აშხვართულ ფეხებს.

თიკომ თავი ხელში აიყვანა, გაიღიმა და სტუმარს ხელი გაუწოდა.

_ მაპატიეთ, მარი, ასეთი რეაქცია რომ მქონდა, მაგრამ ნუ მიწყენთ... მეგონა, ნატკა ჩამოვიდა....

მარიმ ცალყბად გაუღიმა და ყოველგვარი ემოციის გარეშე თქვა:

_ სასიამოვნოა შენი გაცნობა, გოგონი, _ მისი ხმა ცივად და გულგრილად ჟღერდა, შეიძლება ცოტა ირონიულადაც, არც თვალები გამოხატავდა არაფერს. არადა, ულამაზესი მწვანე თვალები ჰქონდა.

_ ახლავე... ახლავე მოგხედავთ... _ უფრო და უფრო იბნეოდა თიკო, არ ეგონა, ბავშვის დედა ასე მტრულად თუ შეხვდებოდა, _ ახლავე ხილს მოვატანინებ და... _ სათქმელი ვეღარ დაამთავრა, ღონემიხდილი თავადაც სავარძელში ჩაეშვა და გვერდულად ისე შებრუნდა, რომ ზუზის მზერას მორიდებოდა.

_ არა, მადლობა, ნუ შეწუხდები. მალე უნდა წავიდეთ. _ და მზერა ზუზის მიაპყრო, თითქოს დასტურს მისგან ელოდა.

სავარძლის გვერდით მაიკლ კორსის ხელჩანთა და ელეგანტური ხელთათმანები იდო. ჩანთა გასაგები იყო, მაგრამ ამ გაგანია ზაფხულში ხელთათმანი რა როლს თამაშობდა, ვერაფრით მიხვდა. თიკო შეჰყურებდა ქალის ცივ, ამპარტავან სახეს და გრძნობდა, რომ ეს ამაყი ქალი ყველას მონუსხვას ერთნაირად ახერხებდა.

_ მარი რამდენიმე დღით ჩემთან აპირებს დარჩენას. ოღონდ აქ არა, ფერმაში. _ აუწყა ზუზიმ, რომელიც ფანჯრის რაფას იდაყვით დაჰყრდნობოდა.

მამაკაცის ოფიციალურმა ტონმა თიკო გამოაფხიზლა. მისი ნათქვამი მხოლოდ ერთს ნიშნავდა _ მოახლოებულ ქორწინებას. გულში საშინელი ჩხვლეტა იგრძნო. ზუზის გახედა და დაბალი ხმით წარმოთქვა:

_ ნიკას სძინავს. დღეს ძალიან დაიღალა, ზღვაზე ვიყავით და დიდხანს ვიცურავეთ. შემიძლია გავაღვიძო, თუ...

მარიმ გაოცებისგან წარბები აზიდა.

_ მე არც ვაპირებდი მის ნახვას.

_ როგორ? _ თიკოს აღელვებისგან სუნთქვა შეეკრა და საიდანღაც, სიღრმიდან ბავშვისადმი სიბრალულისა და სითბოს ტალღამ ამოხეთქა. ერთი სული ჰქონდა ეთქვა ამ ქალი-აისბერგისთვის, რომ მისი ერთადერთი შვილი ბედნიერი იქნებოდა, თუ დედა თან წაიყვანდა. მაგრამ თავი დროზე შეიკავა, სიტყვა შუაზე გაწყვიტა და განზე გაიხედა.

_ მხოლოდ იმიტომ შემოვიარე, რომ ჩემი დარჩენილი ბარგი წავიღო. მარო ჩამილაგებს და გამომიტანს. თქვენ დიდი ხნით ხართ ჩამოსული?

_ არა, _ მოკლედ მოუჭრა თიკომ.

_ და არ გბეზრდებათ ნიკუშასთან ყოფნა? _ მან ისე გამოხედა, რომ ეტყობოდა, ეს წარმოუდგენლად მიაჩნდა, _ გაქვთ ბავშვების მოვლის გამოცდილება?

_ რა თქმა უნდა, არა მაქვს. მე სულ სხვა პროფესიის ვარ, მაგრამ ნიკასთან ყოფნა ჩემთვის ერთი სიამოვნებაა, _ თქვა და მარის გახედა, მაგრამ ქალის სახეზე ცივი ღიმილი რომ შენიშნა, გააგრძელა, _ როცა ჩამოვედი, პატარა, აფორიაქებული და დაბნეული ბიჭი დამხვდა, ახლა კი, მგონია, უკვე გაიზარდა და დაკაცდა. იგი თითქმის ბედნიერია.

_ თითქმის? _ მწვანე თვალებში სიცივემ გაიელვა.

_ ბედნიერია იმდენად, რამდენადაც შეიძლება იყოს მშობლების ზრუნვასა და ალერსს მოკლებული ბავშვი. მიროს ძალიან უყვარს და არაფერს აკლებს, თუმცა...

ამ დროს საუბარში ზუზი ჩაერთო:

_ ნიკა ძალიან შეიცვალა. უნდა გენახა, როგორ გაიხარა ფერმაში.

წარბებაწეული მარი ზუზის მიუბრუნდა:

_ ჩემთვის არ გითქვამს, რომ ნიკა შენთან იყო?

_ სამაგიეროდ, ახლა გეუბნები. ორი დღით მყავდა წაყვანილი. სხვათა შორის, მისი ასეთი გარდაქმნა დიდწილად თიკოს დამსახურებაა. მადლობელი უნდა იყო, რომ შენი შვილი უკეთესობისკენ ამ ქალბატონმა შეცვალა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში