თამაში მზესთან (თავი XVI) - გზაპრესი

თამაში მზესთან (თავი XVI)

მშვენივრად მიხვდა, რომ ზუზიმ გაკიცხა მისი საქციელი, საქციელი დედისა, რომელიც ტრაგედიის შემდეგ რძლის მეგობრის ხარჯზე მოდიოდა გონზე, ეს მეგობარი კი ერთობ მიმზიდველი ქალი იყო.

- თქვენგან დავალებული ვარ, თიკო, - რაც შეეძლო, თბილად მიმართა მარიმ.

ამ დროს მაროც გამოჩნდა. იგი მაშინვე წამოდგა და მოსამსახურეს მეორე ოთახში გაჰყვა.

თიკო ხმას არ იღებდა, დამუნჯებული იდგა ერთ ადგილას და იატაკს ჩასჩერებოდა. გული გამალებით უცემდა. ეშინოდა, ირგვლივ დასადგურებულ ამაზრზენ სიჩუმეში მისი გულისცემა ზუზის სმენას არ მისწვდომოდა. მამაკაცისთვის ერთხელაც არ შეუხედავს, მაგრამ მის მზერას გრძნობდა. ეს მზერა კი წვავდა და სულს უშანთავდა. ყელი გაუშრა, ტირილი მოუნდა. მიხვდა, რომ ზუზის სამუდამოდ კარგავდა...

- რატომ ხართ შინ? - მოულოდნელად ალაპარაკდა ზუზი, - ნუთუ აუცილებელია ასეთ საღამოს სახლში იჯდეთ და ნატკასა და მიროს ჩამოსვლას ელოდოთ?

დამფრთხალმა თიკომ მამაკაცს გახედა და მის მკაცრ მზერას შეეფეთა. მისდა გასაკვირად, ამან სითამამე შემატა.

- დღეს ძალიან დავიღალე, ამიტომ გარეთ გასვლა აღარ მინდოდა.

- რაღაც არ გეტყობოდათ დაღლა, ჩვენს შესახვედრად რომ გამოხვედით. უნდა აღვნიშნო, რომ მშვენივრად გამოიყურებოდით... ცოტა არ იყოს, მშურს ნატკასი, ისეთი სიხარული გეწერათ სახეზე. ყოველთვის ასეთი სიხარულით ხვდებით მეგობრებს?

- ნატკა ჩემი უახლოესი მეგობარია, - ჩაიდუდღუნა თიკომ.

- ძალიან კარგი, მომწონს. მაგრამ ვფიქრობ, რომ მეგობრები ბევრ თავისუფალ დროს გართმევენ და ამას ოდესმე ინანებთ.

- ვერ გავიგე, რას გულისხმობთ... - წარბები შეყარა.

- უბრალოდ, ყველაფერი გულთან მიგაქვთ. აი, გაკვირდებით, როგორ ეპყრობით ნიკას. ვხედავ, რომ მის დასაცავად ყოველთვის მზად ხართ. მაპატიეთ შედარებისთვის, მაგრამ კრუხივით აიფოფრებით ხოლმე, თუ რამე არ მოგეწონათ. თქვენ იმას აკეთებთ, რაზეც ნატკა ოცნებობს.

- სწორედ იმიტომ ვაკეთებ ამას, რომ მას ვასიამოვნო. ის რომ კმაყოფილი იქნება, მეც ბედნიერად ვიგრძნობ თავს.

- მერედა, რისი გულისთვის? მათ ხომ ნამდვილი ოჯახი არა აქვთ? ნატკას ბავშვები არ უყვარს, არც უნდა, რომ შვილი ჰყავდეს. ახლა კი, რაც ნიკა ჰყავთ, ურთიერთობა უფრო დაეძაბათ.

თიკო წამოენთო.

- თუ არ უნდა, არც უნდა გააჩინოს! მირომ ხომ თავიდანვე იცოდა ამის შესახებ? ნატკამ მას ყველაფერი აუხსნა, სანამ დაქორწინდებოდნენ.

- მჯერა, მაგრამ სრული თანხმობა ქალსა და მამაკაცს შორის მაშინ არის, როცა მათ საერთო შვილი ჰყავთ. თქვენ ვერც კი წარმოგიდგენიათ, რა ბედნიერებაა, როცა ოჯახში ბავშვები არიან. მათზე ზრუნვა, ფიქრი, გაზრდა, აღზრდა...

- თქვენ? თქვენ წარმოგიდგენიათ? ისე ლაპარაკობთ, თითქოს ცხრა შვილი გაგეზარდოთ! - თავს ვეღარ ერეოდა ქალი.

ზუზიმ ცინიკურად ჩაიცინა.

- რატომ იცავთ ნატკას ასე? თქვენ იმ აზრის ხართ, ალბათ, არა?

თიკო არც დაფიქრებულა, ისე მიუგო:

- ჩემთვის სულერთია, რას იფიქრებთ. თქვენ ნატკას არ იცნობთ, წარმოდგენაც არა გაქვთ, რა ცხოვრება გამოიარა. ექვს და-ძმაში უფროსი იყო და ყველა მან გაზარდა. სიცოცხლე ჰქონდა გამწარებული, გასართობად არასდროს ეცალა, მათი გადამკიდე სულ შინ იყო გამოკეტილი. საუკეთესო წლები მათ გაზრდას შეალია. ჯერ კიდევ თავად ჩამოუყალიბებელი, თავისი დედმამიშვილების ძიძა გახდა. ჰოდა, გადაიღალა. სხვისთვის ადვილია მისი განსჯა, - თვალებანთებული და გაწიწმატებული თავგამოდებით იცავდა დაქალს.

ზუზის თვალები ეშმაკურად აუციმციმდა.

- ვხედავ, ნატკამ მართლაც მოგაჯადოვათ, - თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა, მისი აფეთქებისთვის ყურადღება არც მიუქცევია, - თქვენ ისე მოგწონთ სხვებზე ზრუნვა, ალბათ მეტ სიფრთხილეს გამოიჩენდით, ვინმე რომ გყვარებოდათ, მაგრამ შეიძლება პირიქითაც მოხდეს - შეიძლება თქვენდა საზიანოდ შეცდომებიც კი დაუშვათ, თანაც ისეთი, რომელთა გამოსწორება იოლი არ იქნება.

- ჩემზე ნუ სწუხხართ, როგორმე თვითონ მივხედავ ჩემს თავს.

- ახალგაზრდა, გამოუცდელი ქალები მამაკაცებთან უამრავ სისულელეს სჩადიან. მგონი, თქვენ ერთიც ხართ და მეორეც.

ზუზის სიტყვებმა თიკოს გული ატკინა.

- ვხვდები, რომ... - აღელვებით წარმოთქვა, - ჩემში ბევრი რამ არ მოგწონთ და გაღიზიანებთ, - მერე ირონიული ღიმილი გადაიკრა სახეზე და გაწელილად გააგრძელა, - რას ვიზამთ, არ ვეკუთვნი ქალების იმ კატეგორიას, რომლებიც თქვენს ყურადღებასა და მოწონებას იმსახურებენ. იქნებ ჩემს გაკილვას სჯობდეს, თქვენთვის მოსაწონ ქალს მიხედოთ?

- ოჰო... - ცალი წარბი ასწია ზუზიმ, - საინტერესოა თქვენგან ასეთი რამეების მოსმენა... აბა, მითხარით ერთი, რა აზრი დაგებადათ მაგ ლამაზ თავში? - გახუმრება სცადა.

თიკო თავს ვეღარ იოკებდა.

- თქვენ უცოლო ხართ და ყველაფერი იოლად გეჩვენებათ. ასე არ იმსჯელებდით, ოჯახი რომ გქონდეთ. არც ისე იოლია, ყველაფერი განსაზღვრო, როცა მოულოდნელად გაუთვალისწინებელი პრობლემა წამოიჭრება... ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ეძებთ ქალს, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. იცით ეს, მაგრამ მაინც ეძებთ და ალბათ მანამ არ მოისვენებთ, სანამ არ იპოვით.

ზუზიმ ამოიხვნეშა, ფანჯრის რაფაზე დაყრდნობილი წელში გასწორდა და ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა.

- მართალი ხართ. სერვანტესს დავესესხები და გეტყვი, როგორ ქალსაც ვეძებ: `ქუჩაში ანგელოზი უნდა იყოს, საყდარში - წმინდანი, ფანჯარაში - მზეთუნახავი, შინ - სათნო, ლოგინში - ალქაჯი~. წაგიკითხავთ სერვანტესის `სამოძღვრებო ნოველები~? იქ წერია ასეთი რამ.

- არა, სამწუხაროდ, არ წამიკითხავს. - თიკომ გაოცებული მზერა მიაპყრო, - რაც შეგეხებათ თქვენ, ერთი რამ ზუსტად ვიცი. თქვენ ფლობთ ტექნოლოგიებს: ურთიერთობისას, ღიმილისას, მანერებისას, სტილი გაქვთ ჩაცმის, სიარულის, მუშაობის, ფლირტის, უნარი გაქვთ მეგობრობის, საქმის წარმართვის, მოხიბვლის, თავის წარმოჩენის, მაგრამ... სიყვარული არ შეგიძლიათ.

- თქვენ ასე გგონიათ? - ზუზი მკერდზე გადაჯვარედინებული ხელებით წინ გადმოიხარა, - საიდან დაასკვენით? ნუთუ მთლად უგულო ვჩანვარ თქვენს თვალში?

თიკომ პასუხი არ გასცა, თვალები დახარა და კვლავ იატაკს ჩააშტერდა.

- მამაკაცი გარკვეულ ასაკს რომ მიაღწევს, ის პერიოდი დგება, როცა ცოლის შერთვა აღარ უნდა, - შეფიქრიანებულმა წამოიწყო, - ან უბრალოდ, უჭირს გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ, რომ თავქარიანი აღარ არის და შერჩევითობის პრინციპით იწყებს ხელმძღვანელობას. ხელაღებით ყველა აღარ მოსწონს, წვრილმანდება და სხვა, უფრო ღირებულ თვისებებზე ამახვილებს ყურადღებას. იმედოვნებს, რომ შეხვდება თავისი ოცნების ქალს. პირადად მე, ჯერჯერობით ვერ მიპოვია ასეთი. რამდენიმე წლით ადრე რომ მეფიქრა ცოლის შერთვაზე, შეიძლება არც დავფიქრებულიყავი და ნებისმიერი ლამაზი გოგო შემერჩია საცოლედ, მაგრამ მაშინ ამისთვის არ მეცალა, ბიზნესით ვიყავი დაკავებული. ახლა კი... ახლა ყველაფერი სხვანაირადაა. თუმცა, შეიძლება უიღბლოც ვარ... ჩემს ასაკში სხვა ღირებულებებია კაცისთვის უფრო მნიშვნელოვანი. გინდათ გითხრათ, რა მინდა? როგორი მინდა?

თიკოს კინაღამ წამოსცდა, მინდაო, მაგრამ დროზე დააჭირა ენას კბილი და მხოლოდ მხრები აიჩეჩა.

- გეტყვით. მე მინდა, რომ ყოველი წუთით ვტკბებოდე და უინტერესო ქალებზე დროს არ ვხარჯავდე. ჩემი აზრით, მამაკაცი მხოლოდ მაშინ უნდა მოეკიდოს ოჯახს, როცა მიხვდება, რომ მისი ყოველმხრივ უზრუნველყოფა შეუძლია. ამის გამო ბევრმა ქორწინებამ არ გაამართლა.

- ასე თუ იფიქრა ყველა კაცმა, ცუდად ყოფილა ქართველების საქმე.

- რატომ?

- იმიტომ, რომ დღეს ქართველი მამაკაცების უმრავლესობას ოჯახის შენახვა არ შეუძლია და ეს თქვენ ჩემზე კარგად იცით. თუ ისინი ცოლის შერთვაზე არ იფიქრებენ, ქალები გაუთხოვრები დარჩებიან. ვინღა გააჩენს შვილებს? მატერიალური უზრუნველყოფა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ არა ყველაზე მნიშვნელოვანი. მთავარი მაინც, ჩემი აზრით, სიყვარულია. სიყვარული ბევრ რამეს შეაძლებინებს ადამიანს. თქვენ რა გგონიათ, რადგან შეძლებული ხართ, თქვენი ცოლი ბედნიერი იქნება? ეს დაგეხმარებათ ოჯახის შენარჩუნებაში? თუ, რადგან თქვენ არ ხართ იღბლიანი, ის იქნება? ამის იმედით გაქვთ?

ზუზიმ ჩაიცინა და ნიკაპი მოისრისა.

- დარწმუნებული ვარ, ჩემი ქორწინება იღბლიანიც იქნება და ბედნიერიც.

თიკო გაშრა. კვლავ იგრძნო გულში ჩხვლეტა, ასე რომ დასჩემდა ბოლო დროს. უნდოდა, ოთახიდან გავარდნილიყო და ამ საშინელ კაცს გასცლოდა, აღარ ენახა მისი დამცინავი თვალები, ირონიული ღიმილი... ნეტავ იცოდეს, რა უბედურია თიკო. რატომ ექცევა ასე სასტიკად? რა დაუშავა? იქნებ ხვდება, რომ უყვარს და სწორედ ეს აღიზიანებს?...

ამაზე ფიქრობდა და ვერც შეამჩნია, როგორ მიუახლოვდა მამაკაცი.

- საკმარისია ჩემზე საუბარი, - მოკლედ მოჭრა ზუზიმ და ქალს წინ დაუდგა, - მარის მოსვლამდე მინდა რაღაც გითხრათ. ეს საშას ეხება, ანდრონიკაშვილს. მინდა, ერთ რამეს შემპირდეთ, კარგი? ასე თუ ისე, ხომ გვაქვს ურთიერთობა? რაღაც დონეზე, მგონი, მეგობრებიც ვართ. ერთად რამდენიმე ტკბილი საათიც კი გაგვიტარებია.

თიკომ კუშტად შეხედა.

- რას უნდა შეგპირდეთ? იქნებ უნდა მთხოვოთ, რომ მას აღარ შევხვდე? თუ ასეა, უნდა გითხრათ, რომ ტყუილ...

- შეხვდით, რამდენიც მოგესურვებათ, - აგდებულად გააწყვეტინა მამაკაცმა და ამრეზით ახედ-დახედა, - მე მხოლოდ ერთს გთხოვთ - არასდროს დათანხმდეთ, თუკი მანქანით გასეირნებას შემოგთავაზებთ. მპირდებით?

- ცოტა არ იყოს, უცნაური თხოვნაა. რატომ?

- იმიტომ, რომ ამას მე გთხოვთ და ასე მინდა.

- მართლა? ვინ ხართ თქვენ, რომ ასეთ მითითებებს მაძლევთ? რა უფლებით? მინდა გითხრათ, რომ საშა ძალიან მომწონს და თქვენს თხოვნას, ბრძანებას თუ მითითებას, არ ვიცი, როგორ ჰქვია, ვერ შევასრულებ!

- მოგწონთ? მართლა ასეა? - ეჭვიანი მზერით ჩახედა თვალებში.

თიკომ, სიტუაცია რომ არ დაეძაბა და შეკითხვისთვის თავი აერიდებინა, ნაზად გაუღიმა და მოულოდნელად თვალი ჩაუკრა.

ზუზი გაოცდა. ვერ მიხვდა, რას ნიშნავდა ეს თვალის ჩაკვრა.

- თვალწკაპუნა გოგო!.. რას ნიშნავდა ეს, ა?

- არაფერს, უნებურად მომივიდა, - თიკომ მზერა აარიდა.

- მაშინ მითხარით, თუ იცით, კაცი თვალს რომ ჩაუკრავს ქალს, რისი ნიშანია?

- ეს... ეს ნიშნავს... მინდიხარო. არა? - კვლავ გაიღიმა თიკომ და გაწითლდა.

- აჰა... ეს იცით და ის არ იცით, ქალი თუ ჩაუკრავს კაცს თვალს, რას ნიშნავს?

- ეს, უბრალოდ, თვალის ჩაწკაპუნებაა და მეტი არაფერი, - უარესად გაწითლდა თიკო და ძირს დაიხედა, მის მზერას რომ არ შეჰფეთებოდა.

- აი... ეშმაკობაც ასეთი უნდა. მაგრამ თუ კაცი თვალმოჭუტული გახედავს ქალს, ამით რის თქმას აპირებს, თუ იცით?

- ეგ იგივეა, რაც მინდიხარ.

- და თუ ქალი მოჭუტავს თვალს? - არ მოეშვა ზუზი.

თიკომ შეხედა, მზერა გაუსწორა, ერთხანს მდუმარედ შესცქეროდა, მერე უცებ გაუქრა ღიმილი სახიდან და ცივი ხმით წარმოთქვა:

- ეს ნიშნავს: აქედან დაახვიე! - და თვალები მოჭუტა.

ზუზის ტუჩები აუცახცახდა. აშკარად ჩანდა, თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და გაბრაზდა. მამაკაცმა თავი ნელა ასწია მაღლა, თიკოს ორივე ხელი მხრებში ისე ჩაავლო, თითქოს ძლიერად უნდა შეანჯღრიოსო, მაგრამ ამ დროს კარი გაიღო და ოთახში მარი შემოვიდა.

მამაკაცმა მყისვე გაუშვა თიკოს ხელი და მარისკენ ისეთი სახით შებრუნდა, თითქოს თიკო იქ არც ყოფილიყო.

- მორჩი, მარი? - მშვიდად ჰკითხა, ხელბარგი ჩამოართვა და ოთახიდან უკანმოუხედავად გავიდა.

- შეხვედრამდე, თიკო, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, - თბილად გაუღიმა მარიმ და ზუზის მიჰყვა.

- ღმერთო, როგორ უხდებიან ერთმანეთს, - ჩაიჩურჩულა თიკომ და მწარე ღიმილმა სახე დაუმანჭა, - ნეტავ საერთოდ არ გამეცნო ეს კაცი. რა მშვიდად ვიყავი მის გაცნობამდე...

იმ საღამოს ნატკა და მირო არ ჩამოვიდნენ. შუაღამე იყო, როცა თიკო დაწვა და მაშინვე ფიქრებმა გაიტაცა. მარი და ზუზი ალბათ უკვე ფერმაში არიან... როგორ აწყენინა... რა უნდოდა, რატომ უთხრა ასეთი საშინელება? ღირსი იყო და იმიტომ. ორმაგ თამაშს თამაშობს და იმიტომ. თან თიკოსაც უნდა, რომ თავი შეაყვაროს, თან მარის არ ეშვება... მაგრამ იქნებ ცდება და სულაც არ ცდილობს მისთვის თავის შეყვარებას? ისე ცივად ექცევა ყოველთვის, რატომ უნდა, რომ ეს სისულელე დაიჯეროს? ამით გულს იმაგრებს თუ რა? უნდა, უნდა, უნდა... უნდა, რომ მეტი ყურადღება იგრძნოს მისგან, მეტი ფლირტი უნდა, მეტი სიახლოვე... ის კი ხან მოუშვებს ახლოს, ხან უცებ მოიშორებს თავიდან... არადა, აშკარაა, საშასთან შეხვედრის მოლოდინმა გააღიზიანა. ნეტავ, რატომ არ უნდა, რომ თიკო საშას შეხვდეს? არა, შეხვედრაზე პრეტენზია არ ჰქონია, მანქანით არ გაისეირნო მასთანო... რატომ? რა მოხდება, თუკი გაისეირნებს? რა, საშა იმდენად არასანდოა, რომ რამეს დაუშავებს? ამაში ეჭვი ეპარება. ანდრონიკაშვილი სულაც არ ჰგავს ისეთ მამაკაცს, თიკოსნაირ ქალს აწყენინოს და მისი სურვილის წინააღმდეგ წავიდეს. უნდა კი საშასთან შეხვედრა? ამას ხომ ზუზის ჯინაზე აკეთებს? უნდა, რომ აეჭვიანოს... იეჭვიანებს კი? მით უფრო ახლა, როცა მარი გვერდით ჰყავს? ოხ, რამდენ სისულელეს სჩადის... მართალი იყო ზუზი, როცა თქვა, ახალგაზრდა და გამოუცდელი ქალი ბევრ შეცდომას უშვებსო. არის კი ახალგაზრდა? ალბათ ჯერ კი. რაც შეეხება გამოუცდელობას, ეს კი ნამდვილად ასეა. მას არა აქვს მამაკაცებთან ურთიერთობის გამოცდილება. ერთი დემნა იყო და მასთანაც გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა. ყოველთვის გაურბოდა კაცებს, რაღაცნაირი შიში ჰქონდა. სიყვარულს უფრთხოდა. ახლა კი ისე უცებ გაება, ვერც მიხვდა. იმასაც კი ვერ იხსენებს, როდის დაიწყო ეს ყველაფერი. თავიდან თითქოს დემნას დასავიწყებლად გადაწყვიტა ყურადღების ზუზიზე გადატანა, მერე კი... მერე იგრძნო, უფრო სერიოზულ გრძნობაში რომ გადაიზარდა მისი გადაწყვეტილება. მაგრამ შედეგად რა მიიღო? გულგრილობა, გულცივობა და უპასუხოდ დარჩენილი, გაუზიარებელი სიყვარული... განა ეს არ არის შეცდომა? რა თქმა უნდა, ეს არის შეცდომა და ისეთივე საბედისწერო, როგორიც წინა იყო. მაშინაც გულმოკლული დარჩა და ახლაც... მეტი ვეღარ მოითმინა, გული აუჩუყდა, თავი ბალიშში ჩარგო და ატირდა...

დილით, თვალი გაახილა თუ არა, მობილური ჩართო, ზარები რომ გადაემოწმებინა. იმწამსვე აწკრიალდა ტელეფონი, ნატკა ურეკავდა, ორი დღით შეგვაგვიანდება და არ ინერვიულოთო. დემნას ზარი, მისდა გასაკვირად, ტელეფონში აღარ დაფიქსირებულა. ნუთუ შეეშვა? ძალიანაც კარგი. მიხვდა ალბათ, რომ თიკოსთან აღარაფერი გამოუვიდოდა.

დედამისის მესიჯიც დახვდა, ვერ გიკავშირდები, ტელეფონი გათიშული გაქვს, შაბათს თბილისში ვიქნებითო. ამ ორმა ახალმა ამბავმა ცოტათი შეუმსუბუქა ტკივილი. კარგია, რომ მალე წავა აქედან. შორს ყოფნა ზუზის დავიწყებაში დაეხმარება.

გულზე ისეთი სევდა შემოაწვა, რომ სიკვდილი მოუნდა. პირველ სიყვარულში არ გაუმართლა, არც მეორეში... თუმცა, რაც უნდა მოხდეს, ზუზის ვერასდროს დაივიწყებს.

ამ დროს კარი გაიღო და ოთახში ნიკა შემოვარდა. ქალის წინ დადგა, თავისი დიდრონი თვალებით შეაჩერდა და ელოდა, როდის მიაქცევდნენ ყურადღებას.

- რა იყო, ნიკა?

- დღეს სადმე წავალთ?

- თუ გინდა, წავალთ.

- მინდა. საბანაოდ.

თიკომ ღიმილი ვერ შეიკავა.

- კარგი, ხელ-პირი დაიბანე, ისაუზმე და წავიდეთ, მაგრამ... - ფანჯარაში გაიხედა. ცა მოქუფრულიყო და ღრუბლები საწვიმრად ემზადებოდნენ, - როგორც ჩანს, ვერსადაც ვერ წავალთ. წვიმას აპირებს. ვნახოთ, საღამომდე თუ გამოიდარა, აუცილებლად გავიდეთ, კარგი? მანამ კი აქ ვითამაშოთ.

საუზმის შემდეგ მართლაც დიდხანს ითამაშეს, თითქმის სამი საათი. კონსტრუქტორებს აწყობდნენ. შემდეგ ისადილეს და როცა ნიკა დასაძინებლად წაიყვანა, თვითონაც წამოწვა.

ის იყო, თვალი მილულა, რომ მაროს ლაპარაკი შემოესმა, ვიღაცასთან ტელეფონზე საუბრობდა. თიკომ მისდა უნებურად ყური მიუგდო, რადგან მარის სახელი მოესმა.

- თხოვდება თურმე უკვე. გუშინ გავიგე. თვითონ მითხრა... სად ვნახე და აქ იყო მოსული, თავისი ტანსაცმლის წასაღებად. აბა? კაი ფულიანი კაცია და რა უჭირს, გენაცვალე. ქმრის სიკვდილით არაფერი დაუკარგავს. ბავშვსაც წაიყვანს ალბათ, მე რა ვიცი? მაგისას რას გაიგებ... ჰო, აბა, არ მოასვენა ეს ხალხი. ისეთ დღეშია ნატკა, ვერ აგიხსნი. ძალიან ნერვიულობს... ვინა? მარი? კი, ქალო, აბა რა, დიდი ხანია, ერთმანეთს იცნობენ. მე როგორც ვიცი, ბავშვობიდან. აბა რა, აბა რა. ღმერთმა ხელი მოუმართოთ. მე რატომ უნდა მეწყინოს მათი ბედნიერება...

თიკოს კვნესა აღმოხდა. ესე იგი, ზუზი და მარი საქორწინოდ ემზადებიან... აი, თურმე როგორ მოწყობილა საქმე. ვიღას სჭირდება თიკო? დამთავრდა მისი სიყვარულის მელოდია!

საღამოს გამოიდარა და ნიკასთან ერთად სასეირნოდ წავიდა. პლაჟზე მაინც გავიდნენ, მაგრამ წყალში არ ჩასულან. ცოტა ხანს დასხდნენ სანაპიროზე, კენჭების წყალში სროლით გაერთნენ. მერე კაფეში შევიდნენ, აჭარული ხაჭაპური გასინჯეს და შინ დაბრუნდნენ. ვახშამი მზად დახვდათ, მაგრამ ნიკამ პირი არაფერს დააკარა, თავი მტკივაო, ჩაილაპარაკა და თავის საძინებელში გავიდა. თიკო უკან მიჰყვა, ბავშვს საწოლზე ჩამოუჯდა და შეხედა. მისი ფერი არ ესიამოვნა, ერთიანად წამოწითლებულიყო სახეზე. შუბლზე ხელი დაადო და იგრძნო, რომ ბიჭს ტემპერატურა ჰქონდა. შეშფოთებული წამოხტა და მაშინვე ექიმს დაურეკა.

ექიმმა ნიკა გასინჯა, წამალიც დაალევინა და თიკო დაამშვიდა, ურჩია, ერთი-ორი დღე საწოლიდან არ აეყენებინა.

მეორე დღეს ბიჭმა თავი უკეთ იგრძნო, მაგრამ თიკომ ადგომის ნება მაინც არ დართო. გვერდიდან არ მოსცილებია, უკითხავდა, საინტერესო ამბებს უყვებოდა და ართობდა. ერთი პერიოდი ლეპტოპიც მოუტანა და მულტფილმებსაც აყურებინა. თვითონაც იქვე იჯდა სავარძელში თვალდახუჭული და დარდს მისცემოდა. თავიდან აბეზარი ფიქრების მოშორებას ცდილობდა, მაგრამ ზუზის სახე გონებიდან არ შორდებოდა და ნატრობდა ნატკასა და მიროს დაბრუნებას, რათა ბათუმიდან დროზე წასულიყო და მშობლებს თბილისში დახვედროდა.

როცა ნიკას დაეძინა, თავის ოთახში გავიდა, წიგნი აიღო და ღია ფანჯარასთან დაჯდა. კარი გამოღებული დატოვა, რომ ნიკას დაძახება არ გამოჰპაროდა. უკვე გვიან იყო, მაგრამ დაწოლას არ აპირებდა.

უცებ იგრძნო, რომ ვიღაც უყურებდა. კარისკენ გაიხედა და გაოცება ვერ დამალა - კართან ზუზი იდგა და უცნაური მზერით შესცქეროდა. მოჩვენებას დამსგავსებოდა, ისეთი სახით იდგა, თითქოს ახლა რაღაც საშინელებას ჩაიდენსო. წამიც და თიკოსკენ მთვარეულივით ბარბაცით წამოვიდა...

დასასრული შემდეგ ნომერში