თამაში მზესთან - გზაპრესი

თამაში მზესთან

ზუზის დანახვაზე თიკო კანკალმა აიტანა. ისეთი შეგრძნება დაეუფლა, რომ მამაკაცი ახლა ხელს მოხვევდა და აკოცებდა... მაგრამ მოულოდნელი სტუმარი არ ჩქარობდა. სიხარბით სავსე მზერით მისჩერებოდა ქალს და ხმას არ იღებდა. სიჩუმე აუტანელი გახდა, უმოქმედობა - უარესად აუტანელი. თიკო ცახცახს ვერ იოკებდა, სახეგაფითრებულს თვალები ზუზის ტუჩებისთვის მიეშტერებინა. მერე თითქოს რაღაც უხმოდ თქვეს ამ ტუჩებმა ან იქნებ არც თქვეს... თიკოს არ გაუგონია.

ზუზიმ კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგა... კიდევ... კიდევ... მერე დინჯად, სრულიად აუჩქარებლად ქალი თავისკენ მიიზიდა და... თიკომ გაიგონა, რას ეუბნებოდნენ მამაკაცის ტუჩები უხმოდ. კოცნა მოულოდნელი არ ყოფილა... მოულოდნელი იყო მისი ხანგრძლივობა, რადგან იმდენ ხანს გაგრძელდა, რომ ქალს ლამის გული წაუვიდა.

ბურანიდან მამაკაცის ჩურჩულმა გამოარკვია, რომელიც მის ბაგეებს ეს წამია, მოსწყდა:

- არ მჯერა, რომ აქ ვარ და გკოცნი. იმის წარმოდგენა, რომ... - წინადადება აღარ დაამთავრა, კვლავ მოეხვია, მძლავრად მიიკრა მკერდზე და კოცნით დაბანგა. თიკო თითქოს შეეცადა მის შეჩერებას და... არც შეეცადა. მისი წინააღმდეგობა იმდენად სუსტი იყო, ვნებამორეული ზუზი კი არა, იქვე სხვა რომ მდგარიყო, ვინმე, გვერდიდან მაყურებელი, ისიც კი ვერ შეამჩნევდა. წინააღმდეგობა სუსტი იყო, რადგან ქალი ამ წუთზე დიდი ხანია, ოცნებობდა.

მხოლოდ ერთხელ დასცდა კვნესა, როცა მამაკაცის ცხელი ხელისგული მის ტალღასავით აზვირთებულ მკერდს შეეხო.

- შენს "აქილევსის ქუსლს" მივაგენი, - კვლავ უჩურჩულა ზუზიმ და ოდნავ მოუჭირა ხელი.

თიკოს შერცხვა, რომ საიდუმლო ასე ადვილად გამჟღავნდა. ზუზი მართალი იყო - მკერდი თიკოს ყველაზე "ადვილად ასაღებ ბასტიონს" წარმოადგენდა.

აალებული სახე მამაკაცის ყელში ჩამალა და თვითონაც მიეკრა. კარგა ხანს ასე იდგნენ, სხეულებით მიკრულნი, მხოლოდ ერთმანეთის გახშირებული სუნთქვა ესმოდათ.

მოულოდნელად ზუზის გაეცინა.

- გრიშამ ალბათ იფიქრა, რომ გავგიჟდი ან კიდევ მთვრალი ვარ, - მოგუდული ხმით წარმოთქვა, - ვკითხე, შინ იყავი თუ არა... თუმცა, ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ სახლში იქნებოდი და პასუხს არ დაველოდე, ისე ამოვვარდი ზემოთ.

- გრიშასგან რა გასაკვირია, როცა მეც ზუსტად ასე ვფიქრობ? - გაიღიმა თიკომ.

ზუზი კვლავ მოეხვია.

- კიდევ კარგი, დამიჯერე და საშას სასეირნოდ არ გაჰყევი. კარგი გოგო ხარ, უარი რომ თქვი.

- უარი სულაც არ მითქვამს. უბრალოდ, ნიკა ავად გახდა და ვერ მივატოვებდი, თორემ...

მამაკაცმა დაჟინებით ჩახედა თვალებში.

- თორემ წახვიდოდი?

- რა თქმა უნდა, - ჯიბრი გაისმა მის ტონში.

- ესე იგი, ნიკას მადლობელი უნდა ვიყო, არა? თანაც - ორმაგად.

- რატომ? რას ნიშნავს ეს ყველაფერი?

- ეს იმას ნიშნავს, რომ, ჯერ ერთი, ჩვენ შევხვდით ერთმანეთს და მეორეც... მან შენი სიცოცხლე იხსნა.

- რა სიცოცხლე? რა ქარაგმებით მელაპარაკები? - თიკომ ვერაფერი გაიგო და თვალებგაფართოებული მიაჩერდა მამაკაცს.

- წამო, მარო ალბათ უკვე მოადუღებდა ყავას, ჩავიდეთ, დავლიოთ.

- მაროს...

- გრიშას ვთხოვე, ორი ყავა მოადუღებინე მაროს-მეთქი, სანამ ამოვიდოდი. - გააწყვეტინა ზუზიმ, მხარზე ხელი გადახვია და კარისკენ წაიყვანა.

თიკოს თავი სიზმარში ეგონა. ისე უცაბედად მოხდა ყველაფერი, ჯერაც ვერ გარკვეულიყო, ეს ყველაფერი ესიზმრებოდა, თუ ცხადში ხდებოდა.

მაროს მართლა მოედუღებინა ყავა და მაგიდაზე ლანგრით ნამცხვარიც დაედგა.

- იქნებ ამიხსნა, რა ხდება? რას ნიშნავს ეს ყველაფერი? - თიკომ ვერ გაიაზრა, როდის გადავიდა "შენობით" მიმართვაზე და თავი გააქნია. მხოლოდ ერთი კოცნა გახდა საკმარისი და მამაკაცი უკვე თავისად დაიგულა.

მის შეკითხვაზე ზუზი ერთიანად დაიძაბა. ქალის მახვილ თვალს ეს არ გამოჰპარვია.

- ვერაფერი გამიგია. მას შემდეგ, რაც... - მან ლაპარაკი შეწყვიტა, რადგან ზუზის სახეზე ნაცნობ ირონიულ ღიმილს წააწყდა.

- მას შემდეგ, რაც გაკოცე? გიკვირს, რატომ გაკოცე?

- არა, არ მიკვირს. - ამაყად თავაწეულმა მიუგო და მზერა გაუსწორა. - ეგ არ მიგულისხმია. მას შემდეგ, რაც წავკინკლავდით, სახლში მოვარდნა და შემდეგ... - აღარ დაამატა, კოცნაო, ისედაც გასაგები იყო, რაც იგულისხმა.

- ეს ხომ მხოლოდ დასაწყისია, თიკო. წამო, აივანზე გავიდეთ და ყველაფერს აგიხსნი - აქ მოვარდნის მიზეზსაც და კოცნის მიზანსაც.

აივანზე გასვლისთანავე ზუზიმ კვლავ მოხვია ქალს ხელი და თავი თავზე მიადო. ერთხანს ღამის ზღვას გადაჰყურებდნენ. ტალღების ხმა ვნებიანი ჩურჩულივით ისმოდა.

- იცი, რატომ გთხოვე, საშას მანქანით არსად გაჰყოლოდი? იმ ავბედითი ავარიის შემდეგ, საშა რომ დაიმტვრა და, ფაქტობრივად, თავიდან ააწყვეს, ნარკოტიკებს შეეჩვია. თავიდან ტკივილის გასაყუჩებლად იღებდა, მერე და მერე კი... ისე მიეძალა, რომ ნარკომანად ჩამოყალიბდა. მისი ძმა ქირურგია, შესანიშნავი ქირურგი, თბილისში მუშაობს და მთხოვა, დავხმარებოდი, რადგან ძმის გამო სამსახურს ვერ მიატოვებდა, საშას კი თბილისში ცხოვრება არ სურდა. მე და საშა ერთ სკოლაში ვსწავლობდით, ბავშვობიდან ვმეგობრობდით და ჩემი ყოველთვის სჯეროდა. მენდობოდა და ანგარიშსაც უწევდა ჩემს თხოვნას. სხვათა შორის, დამიჯერა, იმკურნალა და სავსებით განიკურნა. მერე ჩემთან მუშაობა შევთავაზე, მეგონა, ამით კარგ საქმეს ვაკეთებდი, ამასთან, ჩემ გვერდით იქნებოდა და თვალს უფრო ადვილად მივადევნებდი. რა თქმა უნდა, სიამოვნებით მიიღო ჩემი წინადადება და მუშაობას შეუდგა. ძალიან ნიჭიერი ბიჭია და ყველაფერი კარგად გამოსდიოდა, მაგრამ მხოლოდ დასაწყისში. რამდენიმე თვის წინ აშკარად შევნიშნე, რომ ისევ შეჯდა წამალზე. ეს გარეგნობაზეც შეეტყო, ძალიან გახდა, გაყვითლდა. ამჯერად უკვე აღარაფერი გამივიდა. შემპირდებოდა, მეტჯერ აღარ გავიჩხირავო და მეორე დღეს ისევ გაბრუებული მოდიოდა სამსახურში. ის საღამო გახსოვს, ჩემთან რომ იყავი და მე სასწრაფოდ ბათუმში წავედი? მარტო რომ დაგტოვე? მაშინ დამირეკეს და მითხრეს, წამლის დოზა ზედმეტი მოუვიდა და კომაში ჩავარდაო. იმ ღამეს, ღვთის მადლით, გადარჩა. იცი, როგორ არ მინდოდა იმ საღამოს შენი მიტოვება? მაგრამ იმ მომენტში სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი. მდგომარეობიდან გამოვიდა, თუმცა... ცხოვრებაზე საბოლოოდ ჩაიქნია ხელი. ისევ გააგრძელა ნარკოტიკების მოხმარება. გარდა ამისა, ერთხელ ბორდიურს შეეჯახა მანქანით, მეორედ კინაღამ ვიღაც გაიტანა... ჰოდა, წავართვი გასაღები და მანქანით მოძრაობა ავუკრძალე. მეჩვენებოდა, რომ სიკვდილს ეძებდა. სულ გაღიზიანებული იყო. დღეს საღამოს კი პოლიციიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ ქობულეთის გზაზე ავარია მოხდა. მანქანაში საშა და ვიღაც ქალი ისხდნენ, ორივე დაიღუპა.

თიკო შეძრწუნდა. იმდენად მოულოდნელი და გამაოგნებელი იყო ეს ამბავი, რომ აღელვებისგან მეტყველების უნარი წაერთვა.

აივანზე სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. თითქოს ტალღებიც გაირინდნენ. თუმცა, მხოლოდ ეს არ იყო თიკოს შეძრწუნების მიზეზი. უეცრად გონება გაუნათდა და აღელვებისგან ყელი გაუშრა - მისი ოცნება სადღაც გაქრა.

- ესე იგი, გამოდის, რომ... - ჩამწყდარი ხმით ამოთქვა, - აქ მხოლოდ იმიტომ მოხვედი, დარწმუნებულიყავი, საშასთან ერთად მე მოვკვდი თუ სხვა ქალი, არა? და სინდისის ქენჯნა განიცადე, რომ მეტი სიმკაცრე არ გამოიჩინე ჩემი გაფრთხილებისას? რომ მაშინვე არ მომიყევი საშას ამბავს? სწორად გავიგე? ეს კოცნა მხოლოდ ჩემი ცოცხლად დარჩენის სიხარულით იყო გამოწვეული?

თიკომ თავი ზუზისკენ მიაბრუნა და თვალებში მიაჩერდა. მამაკაცს ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, რომ ქალი შეშინდა.

- იცი, როგორი სახე გაქვს ამწუთას? თითქოს მეუბნები, რა გეკოცნავება, როცა მეგობარი დაგეღუპაო... - ზუზი ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლაპარაკობდა, გეგონებოდათ, ჰაერის ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა უძნელდებაო, - გგონია, ეს იყო რეაქცია საშას დაღუპვის გამო? აქ მოვარდნის მიზეზი ეგ იყო, მაგრამ კოცნის მიზანი - არა. ვატყობ, ჩვენ სალაპარაკო არაფერი გვქონია... - ძლივს გასაგონი ხმით წარმოთქვა, თიკოს მხარიდან ხელი ჩამოიღო, გატრიალდა და თავდაღუნულმა ჩაიარა კიბის საფეხურები.

თიკო გაშრა. "გაღმა შეედავეს" ჰგავდა ზუზის საქციელი. აბა, რა ეგონა? თვითონ გამოიჩინა სისუსტე, მკლავებში ჩაუვარდა და კაცი უარს რატომ იტყოდა? რისი იმედი ჰქონდა, როცა იცოდა, რომ ზუზის მარი უყვარდა?

ამწუთას საკუთარი თავი სძულდა. ბოლო ერთ წელიწადში შეცდომას შეცდომაზე უშვებდა, იმის ნაცვლად, რომ ამ შეცდომებზე ესწავლა და გამოცდილება დაეგროვებინა.

ღაწვებზე დადენილმა ცრემლმა ფიქრი შეაწყვეტინა... ტირილის დრო დამდგარიყო...

ასე არასდროს გახარებია ნატკას ნახვა. დროებით ნაღველი გადაეყარა გულიდან. ნატკა აღტაცებული უყვებოდა მოგზაურობის შესახებ, შემდეგ აქაური ამბებით დაინტერესდა. როცა თიკომ საუბარი ზუზიზე ჩამოაგდო, ნატკამ ცივად გააწყვეტინა, მაგ კაცზე არაფერი მითხრა, არ მაინტერესებსო. ეჭვიანი მზერა მიაპყრო მეგობარს. ნუთუ მართალი იყო ზუზი, რასაც მასზე ეუბნებოდა? იქნებ ესეც მასავით შეყვარებულია ზუზიზე?

- რატომ, რამე გაწყენინა? - შემპარავი შეკითხვა დასვა.

- მაწყენინა? ავადმყოფია ეგ უბედური! იცი, რა იფიქრა? თითქოს მე მისი შებმა მინდოდა, გესმის? გემრიელად გამოვლანძღე ამას წინათ. ეს რომ მირომ გაიგოს, მოკლავს მაგ საცოდავს.

თიკოს რაღაც ჩასწყდა გულში. არ სიამოვნებდა, ნატკა ზუზის ასე რომ იხსენიებდა და მისი დაცვა გადაწყვიტა.

- სხვათა შორის, ეგ აზრი მეც გამიჩნდა... - თქვა და გამჭოლი მზერა მიაპყრო მეგობარს.

- თქვენ რა, პირი შეკარით? გაგიჟდით თუ რა მოგივიდათ? საიდან მოიტანე, ასეთი რამ, თიკო? იცოდე, კიდევ ერთხელ გითქვამს მსგავსი რამ და ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდება.

თიკო გაჩუმდა. ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა. მიხვდა, რომ დაქალი გაწბილებული იყო ზუზის უარით და თავს იცავდა. როგორც ჩანს, დროებით გაიტაცა მასზე ფიქრმა და ახლა ნანობდა. კიდევ კარგი, რომ მიროსთან დროის მარტო გატარების საშუალება მიეცა, კვლავ რომ დაახლოებოდა ქმარს და მორიგ სისულელეზე არ ეფიქრა.

- ახლა ყველაფერი სხვანაირადაა, თიკუნა, - შეარბილა ნატკამ ტონი, - ნიკას დედამისი წაიყვანს, ჩვენ ისევ ერთად დავრჩებით და დალაგდება ცხოვრება, - როცა ამას ამბობდა, ნატკას თვალები უბრწყინავდა.

თიკოს უხაროდა, მეგობრის საქმე რომ ასე აეწყო, მაგრამ გულს უკლავდა იმის გაფიქრება, რომ მარის გამო ზუზის კარგავდა...

მათი ჩამოსვლის მეორე დღესვე გავიდა ავტოსადგურში ბილეთის ასაღებად. მატარებლით გადაწყვიტა თბილისში წასვლა, იმედი ჰქონდა, უფრო კომფორტულად იმგზავრებდა, ვიდრე სამარშრუტო ტაქსით.

ბილეთების სალაროს მოშორდა თუ არა, დაბარებულივით წინ დემნა აესვეტა.

- საით შენი მგზავრობა, თბილისში? - ცინიკურად ახედ-დახედა მამაკაცმა და ხელში გასაღებების აცმა ააჩხარუნა.

- ჰო. - კუშტად მიუგო თიკომ და გვერდის აქცევა დააპირა, მაგრამ დემნა წინ გადაუდგა.

- ჩემი მანქანა შენს განკარგულებაშია. ერთად წავიდეთ.

- შენთან ერთად სიარული დიდი ხანია, დავასრულე, ამიტომ გზაზე ნუ მეღობები, გასაგებია? - მრისხანება ჩაუდგა თვალებში.

- კარგი, რა მოგივიდა? მაპატიე. ხომ მოგიხადე ბოდიში? ვიცი, რომ დავაშავე, ვაღიარებ. ახლა კი შევრიგდეთ. მე შენთან ერთად მინდა ჩემი დარჩენილი ცხოვრების გატარება.

- სამაგიეროდ, მე არ მინდა. შემეშვი, კარგი? რა გინდა ჩემგან, რატომ არ მანებებ თავს?

- მინდა, რომ გიყვარდე.

- მიყვარდე? - სარკასტულად გაიცინა თიკომ და ზიზღით სავსე მზერა მიაპყრო, - ჩემგან სიყვარულს ითხოვს ადამიანი, რომელსაც სიყვარული არ შეუძლია! - მერე უცებ დაიგუბა ხმა და მტკიცე ტონით გააგრძელა, - მომისმინე, დემნა! მე ახლა სხვა მიყვარს, სხვას ვხვდები და შენთან საუბრის არავითარი სურვილი არ გამაჩნია. დაივიწყე ჩემი არსებობა, ჩემი სახელი და საერთოდ, ყველაფერი დაივიწყე! მე შენ არასდროს არ გყვარებივარ!

- რატომ ამბობ მაგას, რატომ? როგორ დაგიმტკიცო, რომ მიყვარხარ? თავი მოვიკლა?

თიკომ ჩაიფხუკუნა.

- როგორც გაგიხარდება. მე უარს ვამბობ შენზე. ამის შემდეგ შენი გადასაწყვეტია, რას გააკეთებ. მოგინდება ცხოვრება? სხვა ამბავია. არ მოგინდება? სხვა! მიდი, იმოქმედე! - ნიშნის მოგებით წარმოთქვა, დამშვიდობების ნიშნად თითები ცხვირწინ აუცეკვა მამაკაცს და სწრაფი ნაბიჯებით გაშორდა...

ბარგი ჩაალაგა და გაემზადა. საშინელ ხასიათზე იყო, მაგრამ მაინც ერთი სული ჰქონდა, როგორმე ბათუმიდან გაეღწია. აქ უკვე სული ეხუთებოდა. ნიკა გვერდიდან არ შორდებოდა. ისე მიეჩვია მასთან ყოფნას, განშორება უჭირდა. ნატკამაც სთხოვა, რამდენიმე დღით კიდევ დარჩიო, მაგრამ გაჯიუტდა, შაბათს ჩემები ჩამოდიან და თბილისში უნდა დავხვდეო.

ახლა მიროს მოსვლას ელოდებოდა, ვაგზალზე მას უნდა გაეყვანა. ნატკაც ჩაცმული იჯდა, მეც უნდა გაგაცილოო. უხმოდ ისხდნენ სასტუმრო ოთახში. ნიკაც იქვე მიყუჟულიყო, სავარძელში და ხმას არ იღებდა. ამ დროს მირომ დაასიგნალა. თიკო ფეხზე წამოხტა.

- მოიცა, ჯერ ორი საათია მატარებლის გასვლამდე, სად მიგეჩქარება? - ნატკაც წამოდგა და ნიკაც.

- რა ვიცი, ინსტინქტურად მომივიდა, - ნაძალადევად გაიღიმა თიკომ და კვლავ დაჯდა.

კარი გაიღო და ქალებს გაოცებისგან თვალები გაუფართოვდათ. ზღურბლთან ზუზი იდგა, რომელიც თიკოს უცნაურად მისჩერებოდა. მას ფეხდაფეხ მოჰყვა მიროც.

- ნატკა, ნიკა, აბა, ერთი გამომყევით! - თითქოს უბრძანა ოჯახის წევრებს და საჩვენებელი თითით სამზარეულოსკენ ანიშნა.

თიკო ზუზის პირისპირ მარტო აღმოჩნდა.

- მიემგზავრები?

უსიტყვოდ დაუქნია თავი მამაკაცს და მზერა აარიდა.

- რატომ?

- იმიტომ, რომ ჩემი წასვლის დრო მოვიდა. აქ ყოფნის ვადა ამოვწურე, ჩემი მისია დამთავრებულია.

- ნიკასთან მიმართებაში შეიძლება დამთავრებულია, მაგრამ არა ჩემთან.

თიკომ გაოცებული მზერა მიაპყრო.

- გგონია, მთვრალი ვარ? მართალი ხარ, მთვრალი ვარ. შენმა თვალებმა, შენმა სიამაყემ და შენმა სიყვარულმა დამათრო, თუმცა ისეთი სასიამოვნო მდგომარეობაა, რომ მინდა, მთელი ცხოვრება ასე მთვრალმა ვიარო.

თიკო ამჯერად არ დაბნეულა, თითქოს მისგან სწორედ სიყვარულის ახსნას ელოდაო.

- მერედა, მარი? - იკითხა და სრულიად მოდუნებულმა გაშლილი ხელისგულებით მუხლისთავებს დაუწყო სრესა.

- მარი? რა შუაშია მარი?

- როგორც ვიცი, ცოლად მოგყავს. ასე არ არის?

ზუზის გაეცინა. სავარძელი თიკოსკენ მიაჩოჩა, წინ დაუჯდა, მის ხელებს თავისი ხელისგულები დაადო და თითქოს ზღაპარს ჰყვებაო, გამოთქმით დაიწყო:

- რიკო რაელი ალბათ დუელში გამომიწვევდა, ასეთი ნაბიჯი რომ გადამედგა. რიკო ქართველია, მაგრამ დიდი ხანია, იტალიაში ცხოვრობს. იგი ოპერის მომღერალია, ანუ როინ რამიშვილი. მე, როინი და მარი ერთად გავიზარდეთ. მათ ერთმანეთი ბავშვობიდან უყვარდათ. მერე როინი იტალიაში გაემგზავრა სასწავლებლად და მათი გზები გაიყო. შემდეგ მარი მამუკას დაუახლოვდა და შეუღლდნენ. ახლა, როცა მამუკა აღარ არის, ისევ გაღვივდა ძველი სიყვარული და გადაწყვიტეს, ერთად იცხოვრონ. კარგი ბიჭია რიკო, მაგარი ბიჭი. ისე უყვარდა მარი, რომ დღემდე უცოლოა და უშვილო. ასე რომ, ნიკას კარგ მამობას გაუწევს. ჩვენ მხოლოდ მჭიდრო მეგობრობა გვაკავშირებს ერთმანეთთან.

თიკო თვალებდახრილი იჯდა და ხმას ვერ იღებდა.

- ეს დღეები ძალიან გამიჭირდა. ვერა და ვერ გადავხარშე, ცილი რომ დამწამე. როგორ იფიქრე, რომ მხოლოდ იმიტომ გკოცნიდი, რადგან ცოცხალი გნახე? მეტი არაფერი გითხრა ჩემმა კოცნამ?

- არ ვიცი.... - ჩაიჩურჩულა გაფითრებულმა. ნუთუ მის თავს ხდებოდა ეს ყველაფერი? ძნელი იყო დასაჯერებლად.

- რა არ იცი? უკვე გითხარი სათქმელი და მეუბნები, არ ვიციო?

- ზუზი, სიმართლე თქვი, როდის დაიწყო ეს...

- რა ეს?

- ანუ... როდის მოგეწონე?

- მომეწონე კი არა, შემიყვარდი. დაგინახე თუ არა, მივხვდი, რომ სწორედ შენ გეძებდი მთელი ცხოვრება, შენ გამო ვიცდიდი ამდენ ხანს. ოოო, თან როგორი მრისხანე მზერა მესროლე პირველივე შეხვედრაზე, - გაიცინა და თიკოს ხელები თავისაში ჩაბღუჯა, - ცხოვრებაში არც ერთ ქალზე არ მიოცნებია, მაგრამ შემოგხედე თუ არა, მაშინვე მივხვდი, რომ უშენოდ სიცოცხლე აზრს დაკარგავდა.

- მე კი მეგონა, რომ მარი უნდა შეგერთო და მიროც ამას ელოდებოდა.

- არა, ცდები, მირომ თავიდანვე იცოდა, რომ შენ შემიყვარდი და მგულშემატკივრობდა. სიმართლე ესაა.

- ასე მგონია, მძინავს და რომ გავიღვიძებ, გაქრები.

- ნუ სულელობ. მე შენ არსად არ გაგიშვებ. არც მე გავქრები. შენ ვერაფერს ვერ მიხვდი, არადა, ჯერ კიდევ როდის აგიხსენი სიყვარული.

- სიყვარული ამიხსენი? როდის? - გაოცდა თიკო.

- გახსოვს, რომ გითხარი, მიყვარს მზე და მზესთან თამაში-მეთქი? სად გაგიგია, ქალი არ უყვარდეთ და მზეს ადარებდნენ?

- მეც მიყვარხარ... არადა, როგორ ვიტანჯებოდი. - თვალები აუცრემლდა.

- ვიცი. ჯერ მიშელზე ეჭვიანობდი, მერე მარიზე.... ხედავ, რა ფუჭად ჩაიარა შენმა ეჭვიანობამ? - ლოყაზე ჩამოუსვა ხელისგული და უპეებდან გადმოვარდნილი რამდენიმე კურცხალი მოსწმინდა, - შენები როდის ჩამოდიან?

- შაბათს.

- ჰოდა, მომეცი ტელეფონის ნომერი, უნდა დავურეკო და ვუთხრა, თქვენს ქალიშვილს ცოლად ვირთავ-მეთქი.

- რას ამბობ! ასე მალე?

- რას ეძახი შენ "ასე მალეს"? იცი, რამდენი დროა საჭირო განცხადების შესატანად? მთელი ერთი დღე! მერე კიდევ მთელი თვე უნდა ველოდო, როდის დადგება ჩვენი რიგი, თუმცა მე მთელი თვე ლოდინს არ ვაპირებ, მაგრამ ჩემთვის ერთი დღეც კი უსასრულოდ გრძელია, მოთმინება მხოლოდ თვის ბოლომდე თუ მეყოფა, ისიც იმიტომ, რომ ჩვენს ქორწილში შენი მშობლებიც უნდა იყვნენ. მაგრამ მხოლოდ ამიტომაც არა. სხვა მიზეზიც მაქვს.

- სხვა მიზეზი? რა?

- მე ხომ პატარა ბიჭი არ ვარ. ვბერდები უკვე, ამიტომ ახლა გაორმაგებული დოზით მჭირდება მზის სითბო. სითბო მიყვარს და ამიტომ რაც შეიძლება დიდხანს უნდა ვუცქირო მზეს.

ბედნიერებისგან გონდაკარგული თიკო მიეკრო მამაკაცს და გრძნობდა, როგორ იმეორებდა მისი გული ამ უჩვეულო სიტყვებს...

დასასრული