წამხდარი ქალი (თავი II) - გზაპრესი

წამხდარი ქალი (თავი II)

გარეგნობით ნამდვილ ყასაბს ჰგავდა, შავი, ბანჯგვლიანი, ყოველთვის მოღეღილი საყელოთი დადიოდა და ეს ბანჯგვლები ზედ ყელზე ამოსდიოდა, შავი, შავი, როგორც კუპრი. ერთი სიტყვით, იდეალური სომხური "როჟა" იყო. ბევრი რამ ვისწავლე მისგან და დღემდე მადლობელი ვარ, საყვედური არ მეთქმის. ისე აკეთებდა ოპერაციებს, ერთი წვეთი ოფლი არ დაედინებოდა შუბლზე. იცოდა თავისი საქმე და გულარხეინად იყო. წკაპ-წკაპ და მორჩა, ნახევარ საათში მზად იყო პაციენტი. ისე გაჭრიდა და გაკერავდა, თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებდი.

გაგანია ზაფხული იდგა. ერთ კვირაში შვებულებაში უნდა გავსულიყავი და დღეებს ვითვლიდი, როდის მოვიდოდა ნანატრი დრო, ადამიანურად რომ დამესვენა. ეს ჩემი პირველი შვებულება იყო, რაც მუშაობა დავიწყე და ზღვისკენ ვაპირებდი გავარდნას. წინ თავისუფლების ოცდაოთხი დღე მელოდა - ცხელი, მზიანი და ზღვიანი. ძილშიც კი ზღვა მესიზმრებოდა.

ორშაბათი იყო. შემოვლა რომ დამთავრდა, მთავარმა ექიმმა, როგორც ყოველთვის, თათბირი ჩაგვიტარა. სამსახურში ყველაზე მეტად ეს ორი პროცესი მეჯავრებოდა - შემოვლა და თათბირი. იმიტომ არა, რომ მოწადინებული არ ვიყავი, ჩემი პროფესია არ მიყვარდა ან ვზარმაცობდი, უბრალოდ, წმინდა ფორმალობად მიმაჩნდა ეს ყველაფერი და იმიტომ. არაფერი არსებითი ამ დროს არ კეთდება, მხოლოდ ბრტყელ-ბრტყელი სიტყვების რახარუხია და მორჩა. ფუჭი დროის ფლანგვაა, მე თუ მკითხავთ. თუ მძიმე ავადმყოფია, კონსილიუმია მოსაწვევი და სამსჯელო საქმეა, სხვა ამბავია. დანარჩენ შემთხვევაში კი ყველა ექიმს თავად შეუძლია მიხედოს თავის პაციენტს.

ერთი სიტყვით, ჩავამთავრეთ თათბირი და დავბრუნდი ჩემსა და ალიკას კაბინეტში. ალიკას ერთ საათში ოპერაცია ჰქონდა დაგეგმილი, მეც უნდა მივხმარებოდი, ამიტომ უნდა მომესწრო ყავის დალევა, რომ მხნედ ვყოფილიყავი. მე იმ ადამიანების კატეგორიას ვეკუთვნი, რომლებიც დღეს ყავით არ იწყებენ. დილით მხოლოდ კარგი საუზმე და ჩაი, ყავა კი მოგვიანებით, საუზმესა და სადილს შორის. ჯანმრთელობისთვის ასეთი რეჟიმი ბევრად სასარგებლოა.

ორიოდე წუთის შესული ვიყავი კაბინეტში, ალიკა რომ შემოვიდა თავისი ნიჩბისხელა ხელების ქნევითა და ეშმაკური ღიმილით.

- აუ, ბიჭო, რა გოგოა, იცი? - ხელისგულები გემრიელად მოისრისა და მომაჩერდა.

- ვინ გოგო? - ზანტად ავხედე და უჯრიდან ყავის პაკეტი ამოვაძვრინე.

- მიდი, გასინჯე, ზუსტად საშენოა, - სიცილით მითხრა და მაგიდას მიუჯდა, - ასეთი ლამაზი ქალები მხოლოდ ქართველებს შეიძლება გვყავდეს, სხვას არავის.

მეც გამეცინა, მაგრამ არა იმაზე, რომ იშვიათად ლამაზი ქალები მხოლოდ ქართველებს შეიძლება ჰყავდეთ, არამედ იმაზე, რომ თავისი თავიც ქართველებს მიათვალა. არადა, შუბლზე ეწერა, რომ გაქანებული სომეხი იყო.

- რას იცინი? დედას გეფიცები, მართლა უმაგრესი გოგოა. წადი და ნახე.

- ვინ გოგო, რა გოგო, ალიკ! ვერაფერი გავიგე, - ყავა მადუღარაში ჩავყარე, ერთი კოვზი შაქარიც დავამატე და საპროცედურო ოთახში დავაპირე გასვლა, რომ იქ ამედუღებინა. მხოლოდ საპროცედუროში გვქონდა ელექტროღუმლის ჩართვის უფლება, მთავარი ექიმი ამას კაბინეტებსა და საორდინატოროში გვიკრძალავდა.

- ანრი, შე ძველო, როდის იყო, ყავას შენ თვითონ იდუღებდი, ა? ვერ უთხარი ვერიჩკას, უცებ მოგიცუნცულებდა. ისედაც სულ თვალებს გიჟუჟუნებს.

- ალიკ, რამდენჯერ გითხარი, ეგეთი რამეები არ მითხრა-მეთქი. ხომ იცი, რომ ექთანი ჩემს გემოვნებაში არ ჯდება.

- კი, აბა, უცებ დაგიჯერე! ლიკა ექთანი არ იყო, თუ? შენ გამო ქალმა სამსახური მიატოვა.

გულზე უსიამოვნოდ მომხვდა მისი სიტყვები, მაგრამ ვამჯობინე, უპასუხოდ დამეტოვებინა, თორემ უნდა ავყოლოდი ლაპარაკში და აუცილებლად გავღიზიანდებოდი. ამიტომ სიტყვის უთქმელად გავედი ოთახიდან.

საპროცედუროს კარი მიხურული დამხვდა. ვიფიქრე, ეს ექთანები რამე ქალურ საქმეში არ იყვნენ გართულნი, უცებ კაბააწეულს არ წავადგე-მეთქი და ყოველი შემთხვევისთვის დავაკაკუნე.

თითქოს მე მელოდნენო, კარი იმწამსვე გაიღო და ვერა შემრჩა ხელში, ახალგაზრდა, შავგვრემანი, თვალებბრიალა პუტკუნა ექთანი.

- ანდრია ექიმო, თქვენ უნდა გასინჯოთ, არა? - მკითხა და ჯეზვე გამომართვა, - მე მოგიდუღებდით, რატომ არ მითხარით? - ამ სიტყვებით ზურგი შემაქცია და მომცრო ოთახში გავიდა, სადაც ჩვენი ექთანები, ჩვეულებრივ, ყავას ადუღებდნენ.

მე კი... მე კი შევრჩი პაციენტს, რომელიც თურმე უნდა გამესინჯა...

ვერ გეტყვით, რა დამემართა... გოგონა სკამზე იჯდა. თივისფერი თმა უკან გადაეყარა და დაძაბული მზერით მომჩერებოდა. ყველაზე გამაოგნებელი მისი თვალები იყო - ლურჯზე ლურჯი, დიდრონი, მზერა თითქოს საიდანღაც, სიღრმიდან მოდიოდა. ჯერ მარტო ამ თვალების შემონათება ღირდა ერთ სიცოცხლედ. ალბათ ამაზეა ნათქვამი, უძიროო. შევყურებდი და ვგრძნობდი, სადღაც უსასრულოდ რომ ვიძირებოდი, ვერ ვხვდებოდი, სად მთავრდებოდა ამ საოცარი თვალების სიღრმე. შავი და ხშირი წამწამები ისე შემოხვეოდა ამ თვალებს, გეგონებათ, შავი ფანქარი უსვიაო, არადა, საერთოდ არ იყო დახატული. მაკიაჟშეუხებელი სახის კანი ჰქონდა და კოცნას დახარბებული ჟოლოსფერი ტუჩები. ოღონდ არ მკითხოთ, საიდან დავასკვენი ეს. უბრალოდ, გუმანით მივხვდი, რომ მის ტუჩებს მამაკაცის კოცნა აკლდა.

ჩემს დანახვაზე ფეხზე წამოდგა.

- გამარჯობათ. მე მეექვსე პოლიკლინიკიდან გამომგზავნეს, - ნაზად ამოთქვა.

- იურამ? - ვკითხე და თავიდან ფეხებამდე ჩავათვალიერე.

პატარა მკერდი ჰქონდა, მაგრამ ისეთი დაცქვეტილი, აშკარად ხელუხლებელი უნდა ყოფილიყო. თითები - ნატიფი, ფეხები - ჩამოსხმული, სიმაღლე - საშუალოზე მაღალი. სხვა რაღა იყო საჭირო იდეალური სილამაზისთვის? რა ჯინა, რის სოფი, რომელი ბრიჟიტი... ნამდვილად ვერც ერთი მაშინდელი ეკრანული ვარსკვლავი ვერ შეედრებოდა.

რა თქმა უნდა, ალიკა მართალი იყო. ქართველების გარდა ვის შეიძლებოდა ჰყოლოდა ასეთი სრულყოფილი არსება? და უცებ სომეხი რომ აღმოჩნდეს. ამის გაფიქრებაზე კინაღამ გამეცინა.

- დიახ, იურა ექიმმა მირჩია. ალიკა თქვენ ხართ?

- არა, მე ანდრია ვარ. ალიკა ექიმს ამწუთას არ სცალია. რას ვუჩივით? დაბრძანდით, დაბრძანდით, - ხელები ჯიბეებში ჩავიწყვე, გავიარ-გამოვიარე, მერე ექიმის მედიდური მზერა ავიფარე, სკამს ხელი დავავლე და წინ დავუჯექი.

- აი... ეს იქ მომცეს, პოლიკლინიკაში, - და დიაგნოზდასმული თაბახის ქათქათა ფურცელი მომაწოდა.

ჩავხედე დასკვნას. ნანა მელიქიშვილი, 19 წლის... შემდეგ მოდიოდა ჩამონათვალი სამედიცინო ტერმინებისა და ბოლოს დიაგნოზი. მადლობა ღმერთს, ქართველი ყოფილა!

გოგონას სწორ ნაწლავზე ნახეთქები ჰქონდა გაჩენილი, თუ ამ ფურცელს დავუჯერებდით. ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, ასეთ ნაზ გოგოს საიდან უნდა გასჩენოდა სწორ ნაწლავზე ნახეთქები და შეკითხვებისთვის მოვემზადე. მეშინოდა, ენა არ დამბმოდა, იმდენად არამიწიერად ლამაზი იყო.

- ნამშობიარები ხართ? - დავსვი პირველი სამედიცინო შეკითხვა.

- არა, გათხოვილიც არ ვარ, - თავი გააქნია და ანერვიულებულმა თითები ერთმანეთს ჩააწნა, თითქოს გამომძიებელთან ყოფილიყო დაკითხვაზე.

- ნუ ნერვიულობთ, საშიში არაფერია. უბრალოდ, მიზეზს ვიკვლევ, რას შეიძლებოდა ეს გამოეწვია, - თან გავუღიმე, - ცხარე საჭმელი გიყვართ?

- არა, არც ისე... - დაბნეულმა მომიგო და თვალები დახარა.

- კუჭის მოქმედება როგორი გაქვთ? ყაბზობა ან...

- ნორმალური, - სიტყვა შუაზე გამიწყვიტა, - არც შეკრული მაქვს და არც აშლილი.

- მდა... კარგი, გაიხადეთ და სავარძელზე ადით, გაგსინჯავთ.

- სულ გავიხადო? - გაუფართოვდა ისედაც ფართო თვალები.

- არა, სულ არა, მხოლოდ წელს ქვემოთ.

- ყველაფერი?

ჩამეცინა.

- იურამ როგორ გაგსინჯათ? ჩაცმული?

- ა... რაა... მაგრამ...

- არავითარი მაგრამ. გაიხადეთ! - ცოტა არ იყოს გავღიზიანდი, მომეჩვენა, რომ სპეციალურად მიამიტობდა ასე, თორემ მშვენივრად იცოდა, რაც უნდა გაეკეთებინა.

გაიხადა და სავარძელზე ავიდა. ცხოვრებაში პირველად შევცქეროდი პაციენტს სხვა თვალით. ანუ, არა ექიმის თვალით, არამედ მამაკაცის, რომელიც ქალის სილამაზემ მონუსხა. "ქვედა სართულიც" ისეთივე მშვენიერი ჰქონდა, როგორიც სხვა ნაწილები. მართლაც უნაკლო გოგო იყო.

დავათვალიერე პრობლემური ადგილი, რაც ერთობ მტკივნეული პროცესია, მაგრამ გაუძლო, ერთი-ორჯერ დაიკვნესა მხოლოდ და ეგ იყო. დიაგნოზს გადამოწმება არ სჭირდებოდა. იურას სწორად ჰქონდა ყველაფერი შეფასებული. ჩემი პაციენტი ოპერაციას ვერ ასცდებოდა, რამაც გამახარა, რადგან ბევრჯერ მომიწევდა მისი ხილვა.

- ჩაიცვით! - მოკლე ბრძანება გავეცი და ხელთათმანები გავიძვრე, მერე ონკანს მივადექი და ხელების დაბანვას შევუდექი.

ამასობაში ჩაიცვა და კვლავ დაჯდა. მოუხერხებლად იჯდა, სკამის კიდეზე. მივხვდი, უჭირდა დაჯდომა, ტკივილი აწუხებდა.

- დაჯდომას ვერ ახერხებთ?

- დაჯდომას კი არა, სიარულსაც ვერ ვახერხებ. ძალიან მეწვის, - თვალები ცრემლით აევსო.

უჰ, თვალცრემლიანი უკეთესი სანახავი იყო. მზერას ვერ ვწყვეტდი, მინდოდა, სულ მეყურებინა.

- არა უშავს, მოვუვლით მაგ საქმეს, - დავამშვიდე, - წამობრძანდით.

- ყავაც გაიყოლეთ, ანდრია ექიმო! - მომაძახა ვერამ, რომელსაც ჯეზვე ხელში ეჭირა.

- მერე საოპერაციოში შემომიტანე, ვერიკო, ხო? - ხვეწნის გამომხატველი მზერით გავხედე.

- როგორც მეტყვით, - მხრები უკმაყოფილოდ აიჩეჩა ვერამ.

კაბინეტში გავედი და ნანაც თან გამოვიყოლე. ალიკას უზარმაზარი ღვეზელი ეჭირა ხელში და გემრიელად იღმურძლებოდა. თითები ერთიანად ცხიმში მოსვროდა და გაზეთილი ტუჩებიც უბზინავდა.

- უი, ბოდიში, მაპატიეთ... - უცებ დაფაცურდა, როგორც კი ნანა დაინახა და ღვეზელი მაგიდაზე შემოდებულ პარკში ჩადო, - ახლავე მოგხედავთ, - თქვა და ოთახიდან გავარდა ხელ-პირის დასაბანად.

ერთმანეთის პირისპირ ვისხედით და ალიკას დაბრუნებას ველოდებით. ხმას ვერ ვიღებდი, დავმუნჯდი. მორჩა, ეს გოგო ჩემთვის მინდოდა. არა მხოლოდ ის, რომ მომეწონა, არამედ სხვა რამეც ვიგრძენი. თითქოს ეს ის იყო, ჩემი სადღაც გაბნეული მეორე ნახევარი, რომელიც ჩემთან შერწყმით ერთ მთლიანს შექმნიდა. ასე მეგონა, უკვე მიყვარდა.

ალიკა ფაცხაფუცხით შემოვიდა, სველი ხელები თმაზე გადაისვა და დაჯდა.

- აბა, რა პრობლემა გვაქვს? - იკითხა და ჩემი მიწოდებული ფურცელი გადაიკითხა.

- ჰო, - გადააქნია თავი, - იურა არ შეცდებოდა, ხომ? - მზერა მომაპყრო.

- არა, არ შემცდარა.

- ნუ, რაცაა, ესაა, - ფურცელი მაგიდაზე ისროლა და პრიალა ზედაპირზე თითების რაკუნს მოჰყვა, თან ხან მე შემომხედავდა, ხანაც ნანას.

- ანუ? - ნანა წინ გადმოიხარა და მუხლებზე დადებულ ხელჩანთას დაეყრდნო.

- ქალბატონო ნანა! - დაიწყო ალიკამ, - იმას, რაც თქვენ გაწუხებთ, სწორი ნაწლავის ნახეთქი ჰქვია, რასაც უმრავლეს შემთხვევაში იწვევს ცხარე, მჟავე, ზედმეტად მარილიანი საკვები, მშობიარობის პრობლემები ან კუჭ-ნაწლავის არასწორი მოქმედება. ამას ახლა დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ჩვენ ყველა ვარიანტში ოპერაციის გაკეთება მოგვიწევს, სხვანაირად ვერ მოვრჩებით. აქ წამლები და სტაციონარული მკურნალობა ვერაფერს გვიშველის.

გოგონას ისეთი შიში დაეუფლა, რომ თვალები მოუსვენრად აუცეცდა და სახე აელეწა.

- მის გარეშე ვერა? - ტირილნარევი ხმით იკითხა.

- მის გარეშე ვერა, - მივუგე მე, - მარტო ხართ მოსული?

- დიახ.

- მშობლები გყავთ?

- დეიდა მყავს.

გული შემეკუმშა. თურმე დედაც არ ჰყოლია... არც მამა. საწყალი დეიდა. ასეთი გოგოს მწყემსვა არ გინდა?

- ახლა წაბრძანდით სახლში, მოელაპარაკეთ დეიდას და ხვალ ორივენი მოდით. საჭირო ნივთები წამოიღეთ და დაგაწვენთ. ერთ-ორ დღეში ანალიზებს გავიკეთებთ და სადღაც ხუთშაბათისთვის ოპერაციასაც დავნიშნავთ. სულ რაღაც ერთი საათი და მორჩა, თქვენი პრობლემა მოიხსნება. - აუხსნა ალიკამ.

ნანას თვალებში ცრემლი გამრავლდა, ნიკაპი აუკანკალდა. თავს ძლივს იკავებდა, რომ არ ატირებულიყო.

- აბა, აბა, ცრემლები არ დამანახვოთ. რა არის აქ სატირალი? ვერაფერს გაიგებთ, ისე გავაკეთებთ ყველაფერს. აბა, შეხედეთ, ამისთანა ბიჭი იზრუნებს თქვენზე. პირიქით, უნდა გიხაროდეთ! - და "ყასაბმა" მზერა ჩემკენ "გამოიშვირა". ჰო, დამავიწყდა მეთქვა, რომ ალიკას მეტსახელად ყასაბი შევარქვით.

- რა ღირს ოპერაცია? - ძლივს გავიგონე ჩურჩულით ნათქვამი.

- მაგაზე დეიდათქვენთან დავილაპარაკებთ. სასურველია, რაც შეიძლება მალე გავაკეთოთ, თორემ სიტუაცია უფრო გართულდება. უკვე ვატყობ, რომ წესიერად ვერ ჯდებით, ხომ ასეა?

- სიარულიც უჭირს, არათუ დაჯდომა, - შევაშველე სიტყვა.

- მით უმეტეს. სწავლობთ თუ მუშაობთ?

- ვსწავლობ... სტუდენტი ვარ.

- ოპ! კარგია! ხე-ხე-ხე! - უადგილოდ გაიცინა ალიკამ და ადგა.

- მე უნდა დაგტოვოთ, ოპერაციაზე შევდივარ. ანდრია, გელოდები. ხუთ წუთში ჩემთან! - საჩვენებელი თითი მაჯაზე დაიკაკუნა, თვალი ჩამიკრა და გავიდა.

მხრებში მოკუნტული ნანა ნელა წამოდგა, ჩანთა მხარზე გადაიკიდა და ცრემლიანი თვალები შემომანათა.

- ხომ დამაძინებთ?

გულში გავივლე, ჩემი ნება რომ იყოს, ყოველდღე ჩემ გვერდით, ჩემს საწოლში დაგაძინებდი-მეთქი, მაგრამ ხმამაღლა სხვა რამე ვთქვი:

- არა, დაძინებით არ დაგაძინებთ. ეს არ არის რთული ოპერაცია, ადგილობრივი ანესთეზიაც საკმარისი იქნება, მაგრამ თქვენ ვერაფერს გაიგებთ, საერთოდ არ გეტკინებათ, დამიჯერეთ.

- ღმერთო, არ შემიძლია! - წვრილი ხმით წამოიძახა და უეცრად ისეთი ტირილი ამოუშვა, კინაღამ გული გამიჩერდა.

მივუახლოვდი, მხარზე ხელი მოვხვიე და დამშვიდება დავუწყე.

- რა გატირებთ? საშიში არაფერია. პატარა ხომ არ ხართ? ყველაფერი კარგად იქნება.

ხუთი წუთი კი მოვუნდი მის დამშვიდებას. ჩემი ცხვირსახოცი მივეცი, რომ ცრემლები მოეწმინდა. ტირილისგან ცხვირიც კი გასწითლებოდა.

როგორც იქნა, გავაცილე და საოპერაციოში შევვარდი, დრო აღარ იცდიდა...

* * *

მთელი დღე გაბრუებული ვიყავი. ოპერაციაზეც კი სულ ნანაზე ვფიქრობდი. უკვე დავაწყვე მომავლის გეგმები. ამ გოგოს ხელიდან გაშვებას არ ვაპირებდი. თუ ოდესმე ცოლს შევირთავდი, მხოლოდ და მხოლოდ მას და სხვას არავის. ობოლი რომ იყო და დეიდა ზრდიდა, ეს კიდევ უფრო საფუძვლიანს ხდიდა ჩემს გადაწყვეტილებას. ასეთ გოგოს პატრონი სჭირდებოდა, პატრონი მამაკაცის სახით, თორემ ვინ იცის, რა ფათერაკს გადაეყრებოდა თავისი სილამაზის გადამკიდე.

ღამითაც არ მიძინია წესიერად. დილით ერთიანად დათეთქვილს გამეღვიძა. ვიბანავე და საგანგებოდ კოხტად ჩავიცვი, რომ მისთვის და დეიდამისისთვისაც თავი მომეწონებინა. გასვლის წინ, როგორც ყოველთვის, სარკეში ჩავიხედე. შევყურებდი სარკეში არეკლილ ანდრიას და კმაყოფილება მიპყრობდა. აბა, ვინ დაიწუნებდა ასეთ "სიმპატიაგას". საკუთარი გარეგნობით ნასიამოვნებს გული დამიმშვიდდა...

ნანას დეიდა, ქალბატონი კლარა (ნეტავ ვინ დაარქვა ეს სასწაული სახელი?) ერთობ მომხიბვლელი მანდილოსანი აღმოჩნდა. ოცდაცხრამეტი წლის იყო და ისეთი შენახული, თვითონ რომ არ ეთქვა, ოცდაათისაც არ გეგონებოდათ. მაღალი, თხელი ქალი იყო, მკერდსავსე და წვრილწელიანი. დეიდა-დისშვილი იერით ჰგავდნენ ერთმანეთს. რომ არ მცოდნოდა, დედა-შვილადაც კი აღვიქვამდი. ალბათ დებიც ჰგავდნენ ერთმანეთს, რადგან ნანა დეიდას გამოემგვანა. მისნაირი სხეული ჰქონდა, სახის ნაკვთებიც, მხოლოდ თვალების ფერში იყო განსხვავება და ღიმილში. ნანას თბილი ღიმილი ჰქონდა, კლარას - ცივი და ოფიციალური. აშკარად ჩანდა, თანამდებობის პირი უნდა ყოფილიყო, თითქოს ზემოდან გადმოგვყურებდა. ცხვირის კეხზე წამოსკუპებულ სათვალეს წარამარა მაღლა სწევდა, თანაც - ნეკით, თითქოს საჩვენებელი თითის ხმარება უზრდელობაში ჩაეთვლებოდა.

- ეს ბავშვი ობლადაა გაზრდილი, - გულგრილი სახით გვიყვებოდა მე და ალიკას, თან მბრძანებლური ტონით, როგორც დირექტორი თავის ხელქვეითებს, - სამი წლის იყო, რომ ჩავიბარე. დედამისი მეორე ბავშვის მშობიარობას გადაჰყვა. ჩემი სიძე კი ნარკოტიკებს მიეძალა და სამ წელიწადში უკან მიჰყვა ჩემს დას. ამის მეტი ქვეყნად არავინ მყავს. მე ვიღაც არ ვარ, საკმაოდ სერიოზული ადგილი მიჭირავს საზოგადოებაში, ამიტომ გთხოვთ, ყურადღება არ მოაკლოთ. იმედია, ზარი ზემოდან საჭირო არ იქნება, - ლამის დაგვემუქრა.

- ქალბატონო კლარა, სხვა თუ არაფერი, თქვენნაირ მშვენიერებას ვერ გავუბედავთ, რამე ვაწყენინოთ და გული ვატკინოთ. ჩვენ ჩვენი საქმის პროფესიონალები ვართ. იცით, დღეში რამდენ ასეთ ოპერაციას ვაკეთებ? აუუ, ბევრს, - ხელი აიქნია ალიკამ და თავის ქებით აშკარად გაეპრანჭა ნანას დეიდას, - ასე რომ, დამშვიდდით, დაწყნარდით და თქვენს დისშვილს ერთ კვირაში საღ-სალამათს ჩაგაბარებთ...

ნანა იმ დღესვე დაწვა ჩვენთან. ორკაციან პალატაში მოვათავსებინე, თავი ამითაც რომ მომეწონებინა. დეიდამისს, ჩანდა, რომ კარგი შთაბეჭდილება დარჩა ჩემზე. ისე მათვალიერებდა, როგორც გასაყიდ საქონელს, რომლითაც აღფრთოვანებული არიან და აუცილებლად შეიძენენ. მეც ეს მინდოდა.

იმ დღეს უკვე დაგვიანებული იყო და ანალიზების აღება მეორე დილისთვის გადაიდო. დილით უჭმელი უნდა ყოფილიყო, რომ ლაბორანტს თავისი საქმე გაეკეთებინა.

ძალიან აღტყინებული ვიყავი. მთელი დღის განმავლობაში ერთი სული მქონდა, მის პალატაში შემეხედა და კიდევ ერთხელ, ვინ იცის, მერამდენედ, თვალი შემევლო. ყოველ კარის შეღებაზე ვეკითხებოდა, აბა, როგორ ხარ, ხომ არ გეშინია, რამე ხომ არ გინდა, ხომ არ მოიწყინე და ა.შ. მეორე პაციენტი, სამი შვილის დედა, რომელიც იმავე პალატაში იწვა და ბუასილის ოპერაცია წინა კვირას გავუკეთეთ, ჩემს ყოველ დანახვაზე ეშმაკურ ღიმილს გადაიფენდა სახეზე, თითქოს მეუბნებოდა, მიგიხვდი, ასე წარამარა აქ რატომაც შემორბიხარო.

ერთი სიტყვით, თავი რომ არ შეგაწყინოთ, ნანას ანალიზები აუღეს, პასუხები საღამოს მაგიდაზე დამიდეს და საოპერაციოდაც გავამზადეთ.

გათენდა ხუთშაბათი და შევიყვანეთ საოპერაციო ბლოკში. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ალიკა თან მუშაობდა, თან ხუმრობდა. ნანა განაბული იწვა, ხანდახან თუ შეეცვლებოდა სახის ნაკვთები, მაგრამ ეს უფრო უსიამოვნო შეგრძნებისგან იყო, ვიდრე ტკივილისგან, რადგან იმდენი ნემსი ჰქონდა გაკეთებული, რომ ნამდვილად არ უნდა სტკენოდა. ფაქტობრივად, წელს ქვემოთ მოწყვეტილი იყო.

იმ ღამეს სამორიგეოდ მე დავრჩი, გიგის გავუცვალე მორიგეობა, რათა ნანასთან მე დავრჩენილიყავი. სწორედ იმ დღეს გაწერეს პალატაში მწოლიარე მეორე პაციენტი და იგი ახლა მარტო იწვა. ლამის მის საწოლთან გავატარე ღამე. როცა ძალიან შეაწუხებდა ტკივილი, გამაყუჩებელს ვუკეთებდი, რომ ზედმეტად არ გატანჯულიყო. ძირითადად, მთელი ღამე ძილში გაატარა, ოღონდ მშფოთვარე ძილში. კარგა ხანს მეჭირა მისი თლილი თითები ხელში და სიამოვნებისგან ჟრუანტელი მივლიდა. ძალიან რბილი და საყვარელი თითები ჰქონდა, რომელიც უმწეოდ, ლამის უსიცოცხლოდ ესვენა ჩემს ხელში.

მეორე დღეს ცოტათი გამოცოცხლდა. დეიდამისმაც ინახულა, ჩვენ დიდი მადლობა გადაგვიხადა, ფული ჩუმად ჩაგვიცურა ხალათის ჯიბეებში ორივე ექიმს და საიდუმლოდ გვიჩურჩულა, თუ დამატებით რამე იქნება საჭირო, უკან არ დავიხევო.

იმის აღებაც არ მინდოდა, რაც მომცა, მაგრამ უარის თქმაც არ გამოდიოდა. ისეთი კმაყოფილი და სავსე ვიყავი ნანას გაცნობით, რომ საკუთარ სხეულში ვერ ვეტეოდი, მაგრამ რას ვიფიქრებდი, ასე ხანმოკლე თუ გამოდგებოდა ჩემი სიხარული, ვინ წარმოიდგენდა, წინ საშინელი დღეები თუ მელოდა...

გაგრძელება ჟურნალ გზის 43-ე  ნომერში